ძებნის რეზულტატი:

დმიტრო კულება: „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ევროინტეგრაციის გზაზე უფრო ეფექტურ წინსვლას შეუწყობს ხელს

უკრაინის საგარე საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმის გააფორმება არის ძალიან დროული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის გზაზე უფრო ეფექტურად წავიდეს სამივე ქვეყანა. "ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ, ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ასოცირებული ტრიოს შექმნის შესახებ. დოკუმენტი ხელს შეუწყობს ჩვენს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ევროინტეგრაციის საკითხებში. ეს არის ახალი ინიციატივა და ძალიან დროული გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს, რომ ჩვენი ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე ერთად უფრო ეფექტურად წავიდნენ", - განაცხადა კულებამ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ. როგორც აღინიშნა, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას აქვთ ასოცირებული პარტნიორის სპეციალური სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობებში და გააკეთეს არჩევანი ევროკავშირის წევრობის სასარგებლოდ. ”დღეს ჩვენ შევთანხმდით ამ სტატუსის ოფიციალურ ფორმატზე და ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ევროინტეგრაციის მიმართულებით. მემორანდუმი მოიცავს სამ ძირითად ელემენტს: სამ საგარეო მინისტრებს შორის სტრუქტურულ კონსულტაციებს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ერთობლივ ჩართულობას ევროპულ ინსტიტუტებთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პოზიციების კოორდინაციას ", - განმარტა კულებამ. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის აურელიუ ჩაოკოიმ განაცხადა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან ურთიერთიერთობაში კონკრეტული დღის წესრიგი აქვთ. მისივე თქმით, ქვეყნები სამმხრივად ითანამშრომლებენ ევროკაშირთან იმ საკითხებზე, სადაც ჩვენი საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას ხედავენ. ,,რა თქმა უნდა, სამივე ქვეყანას აქვს თავისი კონკრეტული ინტერესები და კონკრეტული საკითხები ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგში. ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობას განვიხილავთ, მაგრამ ასევე ვითანამშრომლებთ სამმხრივად, სადაც ჩვენი საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას ვხედავთ", - განაცხადა ჩაოკოიმ. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი

მომდევნო დღეებში, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე რეისი შესრულდება

მომდევნო დღეებში, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე რეისი შესრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. "მომდევნო დღეებში, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი რეისები: 18.05.21: "EL AL ISRAEL"- 17:20 19.05.21: "GEORGIAN AIRWAYS"-21:35 20.05.21: "EL AL ISRAEL"- 17:20 "ISRAIR AIRLINES"- 19:40 "ARKIA ISRAEL"- 21:15 "GEORGIAN AIRWAYS"- 21:15", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შს მინისტრი დმანისის მოვლენებზე: ქვეყნის მტერია ის, ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა

ქვეყნის მტერია ის, ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დმანისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა. მინისტრი დმანისში ჩავიდა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გარკვეული ჯგუფები ეთნიკური შუღლის გაღვივებას ცდილობენ, რასაც, მისი თქმით, უწყება არ დაუშვებს. "ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ეთნიკურად აზერბაიჯანელები და ქართველები ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველა და ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა. გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვა მიმდინარეობს და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ. ცუდი სიტუაცია იყო, გეთანხმებით და ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად. გუშინდელის მერე გაძლიერებული იყო პოლიცია, შემოყვანილი იყო მეტი ძალები, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. გაათმაგებული იყო ძალები, მაგრამ ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში და სიტუაცია ამის შემდეგ განიმუხტა. დღევანდელზე დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ, გუშინდელ ინციდენტზე კი გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი. ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, პირველ რიგში, აზერბაიჯანი არის ჩვენი მოკავშირე და მეგობარი და ქვეყნის მტერია ის, ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა. ამის გაღვივებას და გამწვავებას არ დავუშვებთ. შეიძლება შევხვდეთ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს,"- განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, დმანისში მოსახლეობის ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდებოდა, რა დროსაც დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო. ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა.

სუს-ის უფროსი დმანისში დაპირისპირებაზე: დაკავებულია რამდენიმე პირი, უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა

დაკავებულია რამდენიმე პირი. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიმა გრიგოლ ლილუაშვილმა დმანისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა. გრიგოლ ლილუაშვილი შინაგან საქმეთა მინიტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად დმანისში ჩავიდა. ლილუაშვილის თმით, დმანისში კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. "ეს არ უნდა მოინათლოს ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებად. ვინც ამას ცდილობს, ის არის ამ ქვეყნის მტერი და ისინი უფრო მკაცრად იქნებიან დასჯილები, ვიდრე კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე ადამიანები. კონფლიქტი დაიწყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე და ეთნიკურ ჯგუფებზე არ უნდა მოხდეს წახალისება. სერიოზულად დაშავებულ პირებზე ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია,"- აღნიშნა ლილუაშვილმა. როგორც ლილუაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" განუცხადა, დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა. "მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი. რაც შეძლო პოლიციამ, ყველაფერი გააკეთა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ყველა ზომა გატარდა, მათ შორის დაკავება. ჯგუფებთან მუშაობდა, როგორც შსს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გუბერნია. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა", - განაცხადა ლილუაშვილმა.

„ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი 17 მაისს, კიევში გააფორმეს. ეს ინიციატივა და ტრიოს მხრიდან ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე მოსაზრება დაახლოებით ერთი კვირის წინ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა გააჟღერა. რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამისათვის კი, კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს. ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან „ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ და ამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან“, - აღნიშნა კუბილიუსმა. „ასოცირების ტრიო“ - ეს არის გზავნილი, რომ სამი ევროპელი სახელმწიფო ევროპული კავშირის განუყოფელი ნაწილია“, - ასე შეაფასეს დოკუმენტზე ხელმომწერებმა დღეს მემორანდუმის გაფორმება. ამასთან მიიჩნევენ, რომ ეს არის ძალიან დროული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის გზაზე უფრო ეფექტურად წავიდეს წინ სამივე ქვეყანა. დმიტრო კულება: „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ევროინტეგრაციის გზაზე უფრო ეფექტურ წინსვლას შეუწყობს ხელს „ეს იდეა პირველად გაჩნდა, როდესაც უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, იქედან მოყოლებული ლაპარაკია, რომ სამი სახელმწიფო, რომლებიც დაწინაურდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობაში, პრინციპში ერთად მიუყვებიან ამ გზას. რატომ იყო ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი? ამით მათ ნათლად დააფიქსირეს საკუთარი გზა და საკუთარი მომავალი, რომ ამ ქვეყნებს შორის პარტნიორობის ახალი პლატფორმა შექმნილიყო, რათა მათი პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური დღის წესრიგი, განსახორციელებელი რეფორმები და ასე შემდეგ, ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. და, სამწუხარო ფაქტორი, სამივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული, სამივე ქვეყანაში ამ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის არქიტექტორი არის რუსეთის ფედერაცია და ფაქტობრივად, რუსეთი ცდილობს ამ სამივე ქვეყანაზე ზეგავლენის შენარჩუნებას და პრევენციას იმისა, რომ ეს ქვეყნები ინტეგრირებულები იყვნენ დასავლურ და ევროპულ ოჯახში , - აცხადებს Europetime-თან ინტერვიუში საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე. ბატონი კუბილიუსის განცხადება კიდევ ერთი შემოძახება იყო, რომ ასეთი რამის განხორციელება არის აუცილებელი და რომ ეს კიდევ ერთხელ წაადგებათ ამ ქვეყნებს ორი მიზეზის გამო. ერთი - ამით ისინი შეძლებენ, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დაეხმარონ ერთმანეთს, მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები ერთიანი პოზიციით, ერთიანად გამოდიოდნენ საერთაშორისო არენაზე, რითაც ისინი აძლიერებენ ერთმანეთს და ევროკავშირისთვისაც ამას ექნება მნიშვნელობა, რადგან როდესაც ქვეყნების ჯგუფი აკეთებს ხოლმე განაცხადს, პარტნიორები ამას ყოველთვის მიესალმებიან და პირიქით, დარწმუნებული ვარ, ისინი ხელს შეუწყობენ და ევროკავშირიდან უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება, რომ ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განვითარდეს. ევროკავშირი ორიენტირებულია ასეთი ტიპის თანამშრომლობებზე. კუბილიუსის განცხადება აბსოლუტურად თანხვედრაშია იმასთან, რაზეც მიმდინარეობს საუბარი საექსპერტო, ანალიტიკურ წრეებსა და პოლიტიკოსებში. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ ამას მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები ამ ქვეყნების ხელისუფლებებიდან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მართლაც ძალინ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერეს ხელი, ეს არის ძალიან კარგი ჩვენთვისაც, უკრაინისთვისაც, მოლდოვისთვისაც. მთავარია, რომ აქტიურად შევუდგეთ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე, რომ ეს პოლიტიკური ნება გადაიზარდოს პრაქტიკულ საქმიანობაში, ინიციატივებში, რომლებიც ყველას დაგვეხმარება და საერთო სიკეთეს მოგვიტანს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. გზავნილი ევროკავშირისთვის ეს ქვეყნები ითვალისწინებენ ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციას; მეორე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის - ამ გზავნილით ჩვენ ვამბობთ მთავარს, რომ ჩვენ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ასეთი ტიპის თანამშრომლობა არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა. როდესაც ქვეყნები ერთმანეთს ეხმარებიან, როდესაც განიხილავენ ერთმანეთს იმ პარტნიორებად, რომლებსაც უნდა გაუზიარონ გამოცდილება; რომლებსაც უნდა დაეხმარონ - ეს არის ევროპული პოლიტიკის, ევროპული ურთიერთობების აშენება და ამით ჩვენს პარტნიორებთან კარგ გზავნილს ვუშვებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ტიპის პოლიტიკის წარმოება; შეგვიძლია ამ ტიპის ურთიერთობები ერთმანეთთან; ვეხმარებით ერთმანეთს და ერთის წარმატებაა ყველას წარმატება. ანუ, ერთმანეთში კონკურენტებს კი არ ვხედავთ, არამედ ვხედავთ იმას, რომ ერთად მეტის მიღწევა შეგვიძლია. შეუწყობს თუ არა ხელს მემორანდუმის გაფორმება ევროინტეგრაციის გზაზე უფრო მეტად ეფექტურ წინსვლას „ეფექტიანობის ამაღლებას ხელს შეუწყობს, თუმცა ერთი რამეც უნდა გვახსოვდეს, რომ ერთად ქმედება კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოვიყენებთ ამ მექანიზმს კონკრეტული ქმედებების საჩვენებლად, ამიტომ, ეს არის დამხმარე მექანიზმი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაშიც ჩვენ უფრო მოკლედ პერიოდში უფრო კარგ შედეგს მივაღწევთ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით კი, აუცილებელია, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საბოლოო ჯამში შექმნან მჭიდრო ურთიერთობის ფორმატი იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე უფრო დეტალურად ისაუბრონ ერთმანეთთან, ევროკავშირთანაც საკითხები ერთად, ერთიანი ხმით გაიტანონ და შეეცადონ, მოამზადონ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მომავალი წევრობის განაცხადისთვის, რომელიც ალბათ ერთობლივად გაკეთდება. დავით ზალკალიანი: "ასოცირებული ტრიოს" ფორმატი ამოქმედდა! - ერთად ევროპული მომავლისკენ „შესაძლოა, ასევე შექმნან რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც არამარტო ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე იმუშავებს, არამედ ასევე ერთმანეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, სამ ქვეყანას შორის უფრო გაღრმავებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ადამიანურ კავშირებზე, ხელშეწყობაზე, განათლებაზე და ასე შემდეგ; რეგიონული ბლოკი იქნება პროევროპული და იფიქრებს იმაზე, რომ ერთმანეთს შეუწყონ ხელი ევროპაში ინტეგრაციისთვის. ამავე დროს, გააღრმავონ ერთმანეთთან ურთიერთობები ყველა მიმართულებით. ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად დაეხმარება სამივე ქვეყანას, რადგან ევროკავშირის მხრიდანაც იქნება შეგრძნება, რომ სერიოზული განწყობაა ევროპაში ინტეგრაციისთვის და ერთობლივად მუშაობა მიმდინარეობს. ეს ბევრ რამეს შესძენს ამ ქვეყნებს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ევროკავშირმა თავის დროზე შეუწყო ხელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობას. მაგალითად, ვიშეგრადის თანამშრომლობას, რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით ჩამოაყალიბეს. შემდეგ, ევროკავშირის ხელშეწყობით ბალკანეთში რამდენიმე რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი და ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ პარტნიორობაში ზუსტად იმაზეა აქცენტი ხშირად, რომ ქვეყნებმა რეგიონული თანამშრომლობა გააღრმავონ. მით უმეტეს, ასოცირებულებმა, რომლებიც პირველ რიგში მიზნად ისახავენ სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას და ამაში ურთიერთდახმარებას და თანამშრომლობას. ასე რომ, ევროკავშირი ამას მიესალმება და აუცილებლად შეუწყობს ხელს. რაც შეეხება სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მე ნამდვილად მქონდა იდეა, მათ შორის მთავრობასთანაც დამიყენებია ეს საკითხი. ორი წლის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორუმის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის დონეზე, უკრაინის და მოლდოვის დელეგაციასთან ერთად, ექვსთა პლატფორმამ თანამშრომლობასა და ერთობლივ კოორდინაციაზე მოაწერა ხელი. მასში ჩაწერილია, რომ ხელი უნდა შეუწყონ და მაქსიმალურად შეუქმნან მოტივაცია საკუთარ მთავრობებს, რომ მათ დაამყარონ ეს სამმხრივი ურთიერთობები. ჯერ სამმხრივი ურთიერთობები არ ჰქონდათ დამყარებული, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი სამი ქვეყნის, ამისკენ უბიძგებდა მთავრობებს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი. მისივე თქმით, ანდრიუს კუბილიუსმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო ამ საკითხის ლობირება. „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ასევე საუბრობდა, რომ თვითონ აღმოსავლეთ პარტნიორობაში შეიქმნას ამ სამი ქვეყნისთვის ცალკე ფორმატი. ამის აქტიური მხარდამჭერი და აქტიური ხელშემწყობია, ტრიო მისი ტერმინია“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი მემორანდუმის გაფორმებას მიესალმება და ვიშეგრადის ოთხეულის ევროკავშირთან დაახლოების პროცესთან ავლებს პარალელს. „ეს არის ცასლახად ძალიან კარგი მემორანდუმი. მე ეს ცოტათი მაგონებს ვიშეგრადის ოთხეულის ევროკავშირთან დაახლოების პროცესს, მაშინ, ვიშეგრადის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი ერთდროულად უახლოვდებოდნენ ევროკავშირს და ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რამაც განაპირობა ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანება ამ 4 ქვეყნის, იყო ის, რომ ეს ოთხივე ქვეყანა არამხოლოდ დეკლარირებდა, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობებს აფუძნებდა ევროკავშირის თანამშრომლობით პრინციპებზე, ტრადიციებზე და კრიტერიუმებზე. ეს ევროკავშირის გადასახედიდან ძალიან მიმზიდველი ფაქტორი იყო და ამტკიცებდა იმას, რომ ეს ოთხი ქვეყანა მზად იყო საიმისოდ, რომ გაწევრიანებულიყო ევროკავშირის სივრცეში. თუ ეს მემორანდუმი განხორციელდება ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში; თუ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთმანეთთან ურთიერთობებში იხელმძღვანელებენ ნამდვილად ევროპული ფასეულობების და თანამშრომლობის ტრადიციებით, ეს იქნება ხელშემწყობი ფაქტორი ამ სამივე ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების და ამ თვალსაზრისით მხოლოდ შემიძლია მივესალმო ამ მემორანდუმის გაფორმებას. როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებას როგორც მე მესმის, ეს არის იმის ვალდებულება, რომ ძალიან მჭიდროდ მოახდინონ კოორდინირება საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტების და მინიმუმ, საკუთარი პოლიტიკის ევროკავშირთან მიმართებით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას უფრო ფართო საფუძველი უნდა ჰქონდეს, საგარეო პოლიტიკის კოორდინირებაზე უნდა იყოს საუბარი, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნები ძალიან მჭიდროდ უთანხმებენ ერთმანეთს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, როგორც ცნობილია, საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელიც კი ჰყავთ, ჟოზეპ ბორელი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გაცილებით უფრო ძლიერ სვლად იქნება ევროპელების მხრიდან აღქმული ის ფაქტი, თუ სამივე ქვეყანა სინქრონულად გააკეთებს ამ განაცხადს. იმედი მაქვს, ასეც მოხდება, რადგან ცალ-ცალკე ამის გაკეთება, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, ჩემ მიერ ზემოთ აღნიშნული პრინციპების დანერგვის დადასტურება არ იქნება. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს მემორანდუმი არ დარჩება მხოლოდ ლამაზ და გაფორმებულ დოკუმენტად, არამედ იქნება გზამკვლევი ამ სამივე ქვეყნის ერთმანეთთან ურთიერთობებსა და ევროპასთან დაახლოებაში. ასევე - კონკრეტულად ისეთ სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდება კანდიდატობის სტატუსს, იქნება ძალიან მჭიდრო და ერთობლივი გადაწყვეტილებები“, - განუცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა Europetime-ს. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი რას მოუტანს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

დავით ზალკალიანი უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ქ.კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა და კმაყოფილება გამოთქვეს ორი ქვეყნის საპარლამენტო განზომილებაში აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობის გამო, რომელიც შეესაბამება ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობის სულისკვეთებას. "განსაკუთრებით ხაზი გაესვა პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინის საერთო მიზნების - ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მისაღწევად, ასევე საერთო გამოწვევების დაძლევის გზაზე. შეხვედრაზე მიესალმნენ კიევში ასოცირებული ტრიოს მიერ გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც ლოგიკური გაგრძელებაა ევროინტეგრაციის საკითხებზე სამი ქვეყნის აქტიური თანამშრომლობისა საპარლამენტო განზომილებაში. ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნებას, რომლის პირველ სხდომასაც საქართველომ უმასპინძლა 2018 წელს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო საპარალამენტო ფორმატებში არსებულ აქტიურ თანამშრომლობას. რადას თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის უკრაინის საზღვრებთან და ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო დროს განვითარებული პროცესებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ ისრაელს 735 მილიონი დოლარის იარაღს მიჰყიდის

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, აშშ-სა და ისრაელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აშშ ისრაელს 735 მილიონი დოლარის იარაღს მიჰყიდის. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იარაღის მიყიდვის შეთანხმება უკვე დაამტკიცა. შეთანხმების ფარგლებში ისრაელი აშშ-სგან მაღალი სიზუსტის რაკეტებსა და სპეციალურ შეიარაღებას შეიძენს.

დავით ზალკალიანი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ქ.კიევში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. "მოხარული ვარ, რომ შევხვდი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უახლოეს მომავალში ახალ დონეს უნდა მივაღწიოთ. ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზნები და გამოწვევები!", - წერს Twitter-ში დავით ზალკალიანი. საგარო უწყების ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობის და იმ საერთო მისწრაფებების გამო, რაც უკავშირდება ორი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ამ მხრივ კმაყოფილება გამოითქვა სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, მიერ კიევში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის გამო, რომელიც მხარეთა მოსაზრებით ხელს შეუწყობს სამი ასოცირებული ქვეყნის მეტ ეკონომიკურ და სექტორალურ დაახლოებას ევროკავშირთან და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას. მხარეები ასევე მიესალმნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ორი ქვეყნის კოორდინირებულ თანამშრომლობას, მათ შორის ალიანსის მოახლოებული სამიტის კონტექსტში. "მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო გამოწვევას, რაც უკავშირდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და გამოხატეს ურთიერთმხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყნის ოკუპაციის და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის აქტიურ თანამშრომლობაზე, შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობაზე, ისევე როგორც მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოხატა მზაობა ეწვიოს საქართველოს და კიევში უმასპინძლოს საქართველოს პრეზიდენტს.", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და უკრაინის პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ნიშნულზე ადის

მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გააქტიურებულია. საქართველოსა და უკრაინის პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ნიშნულზე ადის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა. ზალკალიანის თქმით, უკრაინას და საქართველოს საერთო გამოწვევები და საერთო მიზნები აქვს. "მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია კიევში და მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეგობრის, დმიტროსი, რომ დამპატიჟეთ. დღეს კარგი დღეა, რადგან ჩვენ მოვაწერეთ ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ეს კი სამომავლოდ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით კარგი საწყისი წერტილია. ჩვენ საერთო გამოწვევები და საერთო მიზნები გაგვაჩნია. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ერთად ამ დინამიკურად ცვალებად გარემოში, რომელშიც ჩვენთვის ცალ-ცალკე რთული იქნება გამოწვევებთან გამკლავება, სოლიდარული მიდგომისა და ჩვენი საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის გარეშე. თქვენი მადლობელი ვარ ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც ასევე ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიხატება. ნება მომეცით, გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გააქტიურებულია და ხორციელდება არაერთი ვიზიტი კიევიდან თბილისში და პირიქით. ამრიგად ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ნიშნულზე ადის. პრეზიდენტმა ასევე დამაბარა, რომ ის მზად არის, უახლოეს მომავალში ჩამოვიდეს თქვენთან კიევში ოფიციალური ვიზიტით, რასაც აქამდე ხელს კოვიდ პანდემია უშლიდა და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ გელით საქართველოში. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმ იდეის კუთხით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ევროინტეგრაციის საკითხებს ეთმობა. ის ასევე ასოცირებული ტრიოს ლიდერებს უმასპინძლებს. ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განსამტკიცებლად მშვენიერი შესაძლებლობა იქნება, რათა შევძლოთ ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევა - ევროკავშირში გაწევრიანება",- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზელენსკი: უკრაინა და საქართველო ახლო მეგობრები არიან. გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი

უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერდა მხარს უკრაინას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. "ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს, ვართ ახლო მეგობრები, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩაბარდება წარსულს. გვქონდა საუბარი აპრილის თვეში საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, გარკვეული მიზეზებით ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში გვესტუმრება ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში", -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დავით ზალკალიანი: "ასოცირებული ტრიოს" ფორმატი ამოქმედდა! - ერთად ევროპული მომავლისკენ

"ასოცირებული ტრიოს" ფორმატი ამოქმედდა! გილოცავთ კოლეგებო. ერთად ევროპული მომავლისკენ" - ამის შესახებ საქაღტველოს საგარეო სამქეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი Twitter-ში წერს. დღეს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე "ასოცირებული ტრიოს" ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი არის სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება.

როდის შემოვა Pfizer-ის მილიონი დოზა ვაქცინა

საქართველოში „Pfizer-ის“ მილიონი დოზა ვაქცინა მესამე კვარტალში შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა. მისი თქმით, მილიონ დოზაზე კონტრაქტი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი, რომელიც ქვეყანაში მესამე კვარტალში, რამდენიმე ეტაპად უნდა შემოვიდეს. საქართველოში Asrtazeneca-თი ვაქცინაცია 15 მარტიდან, Pfizeri-ით 30 მარტიდან, Sinopharm-ით კი, 4 მაისიდან დაიწყო.

აზერბაიჯანის საელჩო დმანისში დაპირისპირებაზე: ამ მოვლენის  აღწერა, როგორც ეთნიკური დაპირისპირება, არ შეესაბამება აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების სულისკვეთებას

"ამ მოვლენის აღწერა, როგორც ეთნიკური დაპირისპირება, არ შეესაბამება აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების სულისკვეთებას", - დმანისში 16 მაისს მომხდარ ინციდენტზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს. „საელჩომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება 16 მაისს დმანისში და მის გარშემო მომხდარ შეტაკებაზე. საელჩოს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ, გაეცნენ სიტუაციას და დაუკავშირდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. მომხდართან დაკავშირებით ხორციელდება აუცილებელი ზომები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თემასთან დაკავშირებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ უსიამოვნო მოვლენის პოლიტიკური დაპირისპირების იერსახის მიცემა და მისი აღწერა, როგორც ეთნიკური დაპირისპირება, არ შეესაბამება აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების სულისკვეთებას სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. საელჩო მოუწოდებს თავის თანამემამულეებს აჩვენონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა. ინციდენტი უნდა შეფასდეს იურიდიულ დონეზე. ამ უსიამოვნო მოვლენის უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საელჩო განაგრძობს რეგულარულ კონტაქტებს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან. ძვირფასო თანამემამულეებო, თქვენ ყოველთვის იყავით აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ვიზუალური გამოვლინება. საელჩო ყოველთვის მზადაა, დაგეხმაროთ ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში და გამოხატავს ნდობას თქვენი სიბრძნისადმი“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს საელჩო საბერძნეთში: 20 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით, ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქე დაკავებული არ არის

20 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით, ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქე დაკავებული არ არის, - ამის შესახებ განცხადებას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო ათენში გაცნობებთ, რომ ატიკის პოლიციის გენერალური დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით, ამ დროისთვის, საქართველოს არცერთი მოქალაქე დაკავებული არ არის", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. საბერძნეთის პოლიცია ღლიკა ნერაში ახალგაზრდა გოგოს გახმაურებული მკვლელობის საქმის გამოძიებას აგრძელებს. საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია არაერთი კვალი, მათ შორის, დნმ-ის. რაც ნიშნავს, რომ დამნაშავეებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს და კვალი ვერ დამალეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო აღნიშნულ დანაშაულში და რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს ევროსის საზღვარზე ყალბი პასპორტით ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს, უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა, რომ მას მომხდარ ფაქტთან კავშირი არ ჰქონია, -აღნიშნულ ინფორმაციას საბერძნეთის მედიაზე დაყრდნობით, საელჩო ავრცელებს. ცნობისთვის , 20 წლის ბრიტანელი, ქეროლაინ ქრაუჩი რამდენიმე დღის წინ, გლიკა ნერაში, ყაჩაღობისას გაგუდეს. მომხდარის მოწმე ქალის ქმარია. მისი თქმით, მკვლელობისას დედის გვერდით 11 თვის ბავშვიც იყო. გამოძიების ვარაუდით, ძარცვაში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი მონაწილეობდა. სახლში შეპარვამდე მათ შენობასთან დაყენებული სათვალთვალო კამერები დააზიანეს და ძაღლი მოკლეს, რომელიც პატრონის დაცვას ცდილობდა.

დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს

დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს. სანამ შერიგება მოხდებოდა, საშიშროება იყო და აქედან გამომდინარე, მაინც გადავწყვიტეთ, რომ დამატებით გამოგვეყვანა წყლის ჭავლის მანქანა , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დმანისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგების შემდეგ განაცხადა. მან ასევე ინციდენტის თაობაზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაც შეაფასა, რომელიც მოითხოვს, დამნაშავე ცნონ ინდივიდუალურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. „გამოძიება მიმდინარეობს, ამას არ წყვეტს არც აზერბაიჯანის საელჩო, არც ვახტანგ გომელაური, ამას წყვეტს კანონი და გამოძიება. აქედან გამომდინარე, ვინც გამოიკვეთება, დაისჯებიან“, - განაცხადა გომელაურმა. მან ასევე განმარტა, რომ ადგილზე საკმაოდ რთული ვითარება იყო. „ძალიან რთული სიტუაცია იყო. ეს არ არის ქალაქი, სოფელია, სადაც ელემენტარულად რომ ჩაიკეტა გზა, ღობეებზე გადახტნენ, ნაკვეთებში, შემოაუარეს სხვა სახლებს და იქედან გამოვიდნენ, რთული სიტუაცია იყო, მაშინ ძალიან დიდი მასა უნდა ყოფილიყო მობილიზებული (პოლიციის). გუშინ განიმუხტა სიტუაცია და ხალხი დაკითხვაზე გადაიყვანეს. ეს ადამიანები დილით შეიკრიბნენ, თავიდან ცოტა რაოდენობა იყო, 200 კაცამდე იყო პოლიცია მობილიზებული. გაშლილი იყო სხვადასხვა ლოკაციებზე, აქედან გამომდინარე, გზა გადაიკეტა“, - განაცხადა გომელაურმა.

შს მინისტრი: დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ

დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ, - ამის შესახებ შსს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. „დაკავებული არცერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან. გამოკითხავენ და გამოვუშვებთ, თუმცა, გამოძიება დაწყებულია და მიდის გამოძიება, რამდენი ადამიანი იქნება მომავალში დაკავებული, არ ვიცით ჯერ. ამ წამს, დღეს, დაკავებული არავინ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული, გამოვიძიებთ. რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც ქვემოთ მოხდა, 5-6 ლოკაციაზე იყო პოლიციელები განაწილებული, სამწუხაროდ, არა დმანისიდან ჩასულები, არამედ, ზოგი თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა სიტუაცია და იქ შეხლა-შემოხლა მოხდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრის თქმით, დმანისში საპოლიციო ძალები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ამასთან შს მინისტრმა განმარტა, რომ კონფლიქტი ამოწურულია და მხარეები შერიგდნენ. „რაც შეეხება თვითონ თემას, ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე, შერიგდნენ, იმედია, აღარ გაგრძელდება. ჩვენ პოლიციურ ძალებს ვტოვებთ რაღაც მასშტაბით, დამატებითი ძალები დარჩებიან რა თქმა უნდა და იქნება კონტროლი. ასპროცენტიანი ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება, შეიძლება დმანისში არ მოხდეს და სამეგრელოში მოხდეს, ვერ გაიგებ თემას ნამდვილად. მაქსიმალურად ვცდილობთ კონფლიქტი ამოიწუროს, ყველა ჩართული იყო, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს, ჩამობრძანებული იყო მამა ანდრია ჯაღმაიძე, მამა კირიონი, ასევე მეუფეები იყვნენ ჩართულები, დიდი მადლობა მათ“, - განაცხადა გომელაურმა. მინისტრის განცხადებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირებისას მძიმედ არავინ დაშავებულა. „როგორც ვიცი, არიან დაშავებულები. მადლობა ღმერთს, რომ არც მოქალაქეების მხრიდან და არც პოლიციელების მხრიდან, მძიმე დაშავებული ჯერჯერობით, როგორც ინფორმაცია გვაქვს, არავინ არის, პატარ-პატარა დაზიანებები აქვთ და მადლობა ღმერთს, რომ მართლა ამით გადავრჩით“, - განაცხადა გომელაურმა. შს მინისტრის განცხადებით, არ შეიძლება კონფლიქტის ისე მიწოდება, თითქოს ქვეყანა ინგრევა, ამ დროს იმის 10 % არ იყო. „როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს არ არის მარტო მმართველი გუნდის, სახელმწიფოს, პოლიციის, ან ადგილობრივი დეპუტატების გადასაწყვეტი და სანერვიულო. სამწუხაროდ, ადამიანები, ტელევიზიები პირიქით აშუქებდნენ, თითქოს, აი, უბედურება ხდება ხალხო, დროზე ეთნიკურად აზერბაიჯანელებს კლავენ, ან პირიქით ეთნიკური აზერბაიჯანელები კლავენ ქართველებს. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხდებოდა ზოგ ტელევიზიაში. ეს არ უნდა ხდებოდეს, ყველა ქართველები ვართ, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები, ძმები არიან. არ შეიძლება კონფლიქტის ისე მიწოდება, თითქოს ქვეყანა ინგრევა, ამ დროს იმის 10 % არ იყო“,- აღნიშნა გომელაურმა.

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მმართველი პარტიისა და პარლამენტში შესული ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეჯერება, მისასალმებელია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება. "მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა! მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება. საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი: დმანისში მხარეებმა ერთმანეთს მიუტევეს და შერიგებაზე შეთანხმდნენ

დმანისში მხარეებმა ერთმანეთს მიუტევეს, მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ და კონფლიქტს გაგრძელება არ ექნება, - ამის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა დმანისში, ხელისუფლებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით მიღწეულია შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსსს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, ხელი ჩავკიდოთ და ერთად ვიზრუნოთ გაძლიერებაზე“, -აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა.

კახა კუჭავა: 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ

2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ვდგავართ და ვიცით, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ შედეგს ელოდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კახა კუჭავას თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის ამბიციურ გეგმას ერთობლივი მუშაობა სჭირდება და ეს მიზანი მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ ვერ იქნება მიღწეული. „ ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ის ფაქტი, რომ ეს არის ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი, ამ საკითხებზე იმუშავებს საქართველოს პარლამენტი, სადაც 150 წევრია. უცილებელია ერთმანეთის გვერდში დგომა. მთავარი მიზანი, რომლის გარშემოც შეგვიძლია ყველა გავერთიანდეთ, არის ევროკავშირის წევრობა. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან, რომ ერთობლივად შეგვიძლია ამ საკითხებზე მუშაობა. განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ სხვა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. "დღეს ჩვენ ვდგამთ დამატებით ნაბიჯს მსოფლიოს დასახმარებლად. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, სანამ პანდემია, რომელიც გლობალური მასშტაბით იზრდება არ კონტროლდება. არცერთი ოკეანე არ არის საკმარისად განიერი და არც კედლებია საკმარისად მაღალი, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაიცვას", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზა მოიცავს 20 მილიონ დოზა - Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს, ასევე AstraZeneca-ს. შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოაცხადა, რომ 4 ივლისისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონ დოზას გაუზიარებს სხვა ქვეყნებს.