ძებნის რეზულტატი:

სასულიერო პირები ხვალ ქუჩებს აკურთხებენ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ხვალ, 17 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2018 წელს დაწყებული ტრადიციისამებრ, დედაქალაქის დალოცვა მოხდება. მათივე ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, წელს საყოველთაო მსვლელობა და ფართომასშტაბიანი ღონისძიება არ გაიმართება. ამასთან, განცხადების თანახმად, დედაქალაქის ქუჩების კურთხევას უზრუნველყოფს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი". "ამ მიზნით მოძღვრები ორშაბათს, 11:00 საათზე, შეიკრიბებიან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში და იკურთხება წყალი (მცირე აიაზმა); შემდეგ კი ისინი ხუთი მიმართულებით გაემართებიან, რათა აკურთხონ მოსახლეობა და ქუჩები. ღონისძიების მარშრუტი ასეთია: I მიმართულება – საბურთალო: ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, საკაძის მოედანი, შარტავა, პეკინი, დოლიძე, ბახტრიონი, ძველი იპოდრომი, მაღლივი კორპუსი, ქავთარაძე, ყაზბეგის გამზირი-პავლოვი (ინფექციური სავადმყოფო), ვაჟა-ფშაველას გამზირი, ნუცუბიძის ქუჩა, ჯიქია, ნუცუბიძის პლატოს ყველა მიკრორაიონი, ბუდაპეშტი, ლისი, ვაშლიჯვარი, ავლაბარი. II მიმართულება – დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი, მუხიანი, თემქა: ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, ლაგუნა ვერე, სანაპირო, დიღმის მასივი, ლუბლიანა (კლინიკები), ბელიაშვილი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა, არჩილ მეფის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა, იოანე პეტრიწის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, გლდანის ხიდები, გლდანის ყველა მიკრორაიონი, გლდანის ციხე, მუხიანი, თემქის დასახლება, დევნილების საცხოვრებელი უბანი ზღვაზე, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, დადიანი, საბჭოს მოედანი, ავლაბარი. III მიმართულება – ორთაჭალა, ისანი, სამგორი: ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, მარჯვენა სანაპირო-ორთაჭალა, გაბრიელ სალოსის ქუჩა, მოსკოვის გამზირი, ლილო, ვარკეთილი, ჰუალინგის დასახლება, ვაზისუბანი, ქვედა სამგორი, ისანი, ქეთევან წამებულს გამზირი, ავლაბარი. IV მიმართულება – მთაწმინდა, სოლოლაკი, ვაკე, ვერა, დიდუბე: ქუჩების მარშრუტი: სანაპირო, გმირთა მოედანი, ვარაზის ხევი-ჭავჭავაძე, დელისი, თამარ მეფის ქუჩა. ბაგები, ვაკის პარკი, აბაშიძის ქუჩა, მრგვალი ბაღი, ფალიაშვილი, მოსაშვილი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილი, ბელინსკი, ჭონქაძე, მაყაშვილი, ლესელიძე, კოლმეურნეობის მოედანი, მარცხენა სანაპირო, დინამო, წერეთელი, მეტრო დიდუბე, წერეთელი, აგლაძის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, რკინიგზის სადგური, დავით აღმაშენებლის გამზირი, ვორონცოვი, ავლაბარი. V მიმართულება – ჩუღურეთი: ქუჩების მარშრუტი: სვანეთის უბანი, ლოტკინი, კუკია, ივერთ უბანი (ე.წ. ლეჩკომბინატი)" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხვალ ისრაელიდან საქართველოში რამდენიმე ფრენა შესრულდება

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, ისრაელიდან საქართველოში 17 მაისს 4 ფრენა შესრულდება. საელჩოს ინფორმაციით, ფრენებს შემდეგი ავიაკომპანიები განახორციელებენ: "ARKIA ISRAEL"- 11:30 "ISRAIR AIRLINES"- 20:30 "GEORGIAN AIRWAYS"-21:35 "EL AL ISRAEL"- 22:00

თბილისში ისრაელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„სოლიდარობა ისრაელს“ ამ სახელწოდებით რიყის პარკში საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მსოფლიო მშვიდობის დამყარებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ბრძოლებში უამრავი უდანაშაულო ადამიანი ზარალდება, რაც უნდა დასრულდეს. „თქვენ იცით შუა გულ აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ისრაელი ტერორისტული თავდასხმის ქვეშაა, ისრაელის მიმართულებით, შეიძლება ითქვას, ათასობით ჭურვია გაშვებული. ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელის სამართლიანი ბრძოლის მხარდაჭერა, ესაა ისრაელის თავდაცვითი ბრძოლა. ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა ისრაელის მიმართ, საქართველოც სწორედ ასეთი ქვეყანაა. საქართველომ ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია გამოხატა და ჩვენ, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება ამ აქციის ინიციატორი გახდა, რომელიც, ვფიქრობ, ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს გამოძახილია. ჩვენ სოლიდარულები ვართ ისრაელის სახელმწიფოსი ასეთ მძიმე ჟამს“, – განაცხადა ისრაელის სახლის დირექტორმა, გიორგი ბერშტეინმა.

საქართველოში ლგბტქი+ პირებთან დაკავშირებით საელჩოები და ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

დროა, მხარი დავუჭიროთ ლგბტქი+ პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში, – ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ. „დღეს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ვუცხადებთ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში და ვერთიანდებით, რათა ყველამ იცხოვროს თავისუფალ და თანასწორ გარემოში უსაფრთხოდ და ღირსეულად. ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, შემცირებულ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი. „კოვიდ-19“ პანდემიამ უფრო დაუცველნი გახადა ლგბტქი+ პირები, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ წინაშე ადრე არსებულ უსამართლობასა და დაბრკოლებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ღირსეული სამუშაოს მიღების გზაზე. ვაღიარებთ, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას საქართველოში მიიღოს მტკიცე ზომები, რათა დასრულდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმა. საქართველომ მიაღწია პროგრესს ლგბტქი+ პირების მიმართ დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2014 წლის მაისში საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც ემყარება კონსტიტუციაში მოცემულ თანასწორობის პრინციპს და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე. ამ კონტექსტში, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ტრანსგენდერი პირის სამართლებრივ აღიარებას, პირველად – 2021 წელს. სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი, არ იშურებს ძალისხმევას რათა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კერძო და საზოგადოებრივ სივრცეებში ლგბტქი+ თემის მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საჭიროებას, ხელი შეეწყოს ლგბტქი+ საზოგადოებასთან დიალოგს, პრიორიტეტული პრობლემების განსაზღვრის და დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევების გამოძიების მონიტორინგის მიზნით. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით, მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიებს ლგბტქი+ ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების საკითხებზე და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის და ლიდერის მიერ ამ საკითხის მხარდაჭერის შესახებ განცხადებებს. ბევრ მონაწილეს ეკისრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი, იმისათვის რომ კანონით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების ყოვლისმომცველი დაცვა ეფექტურად აისახოს ცრურწმენებსა და ძალადობაზე, რომლებსაც ლგბტქი+ პირები, ორგანიზაციები და მათი მოკავშირეები ყოველდღიურად აწყდებიან საქართველოში. მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, მათი პასუხისმგებლობის სფეროებში განათლებისა და ხელმძღვანელობის გზით, მაღალი პრიორიტეტი მიანიჭონ დისკრიმინაციასა და სტიგმასთან ბრძოლას, მათ შორის ძალადობის თავიდან აცილების გზით, პატივისცემითა და თანაგრძნობით განწყობილი საჯარო დისკურსის მიღებით, დანაშაულის გამოძიებითა და სამართალდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემით, და ლგბტქი+ ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობის ხელშემშლელ ძალადობრივ ქმედებებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირებით. საქართველო განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების დაცვას „კოვიდ-19“-ის პანდემიის ყველაზე უარყოფითი შედეგებისგან და იწყებს პოსტკრიზისულ აღდგენას. პანდემიაზე რეაგირების პროცესში, საქართველომ პირველად დაინახა სოციალური სოლიდარობის და ყველას, მათ შორის დაუცველი ლგბტქი+ პირების მხარდაჭერის სარგებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგივე სულისკვეთება დაეხმარება საქართველოს აღმოფხვრას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაცია და მიიღოს ყველა ადამიანის მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და ძალა როგორც ქვეყნის სიძლიერის წყარო. ყველა ადამიანის თანაბარი უფლებების მიმართ პასუხისმგებლობის ხაზგასმით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას“, – ნათქვამია საელჩოების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა ავრცელებს.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე ცხვირი ტრადიციულად, მაისი ვნებების თვეა საქართველოში: პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფების მიერ დაანონსებული აქციები და სანახაობები; „სიმართლისთვის მებრძოლთა“ ალტრუისტული თუ დაფინანსებული ჯგუფები; ფანატიზმი მუშტების ქნევით თუ ტროლ-ბოტების კომენტარებით; ნიჰილიზმი ხელის ჩაქნევით თუ ეკლესიასტეული რიტორიკით... მუშტის ქნევის უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი ცხვირი - ასე დაგვიბარეს იმ მოაზროვნეებმა, ვის იდეებზეც აშენდა თანამედროვე სახელმწიფოები. ამასვე ამბობს ეროვნული კონსტიტუცია. რა კარგია მარტივი და სხარტი დეფინიციები, მაგრამ მოდი და გამოიცანი, სად იწყება სხვისი ცხვირი და სადამდე წვდება სხვისი მუშტი; სად მთავრდება თავდაცვის ინსტინქტი და სად იწყება კანონის დამრღვევი ძალადობა. პოლიტიკურ ფილოსოფიაში „ბუნებით მდგომარეობას“ უწოდებენ ადამიანთა ცხოვრებას სახელმწიფოებისა და რელიგიების, ანუ საზოგადოებრივი წეს-წყობილების წარმოშობამდე. როგორი იყო ადამიანი „ბუნებით“ მდგომარეობაში? მემარცხენეების აზრით, კეთილი და გულუბრყვილო, საერთო საკუთრების იდეის მიმდევარი; მემარჯვენეების აზრით, კერძო საკუთრების დაცვის ინსტინქტით დაბადებული; რეალისტების აზრით, თვითგადარჩენის მძაფრი სურვილით და „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“დაუსრულებელ პროცესში ჩაბმული... ყველა ეს იდეა და ფილოსოფიური წიაღსვლა ემსახურება სახელმწიფოსა და ინდივიდის ურთიერთმიმართების ანალიზს. ყველა ეს იდეა ინტელექტუალურ გართობად და ტვინის ბურღვად ეჩვენება იმ ადამიანებს, ვისაც მარტივი და პრაგმატული კითხვები აქვს დღეს და ამ წუთში - როგორ დაიცვას საკუთარი ცხვირი? სახელმწიფოების წარმოშობამ დაასრულა ბუნებითი მდგომარეობის ჯუნგლების კანონები და შექმნა ლეგიტიმური ადათ-წესები. თანამედროვე სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე - დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მოქალაქის უფლებები; ყველა სამოქალაქო ჯგუფს მისცეს ინტერესების გამოხატვის შესაძლებლობა და შეძლებისდაგვარად, ყველა ინტერესი გაითვალისწინოს კანონების შექმნის პროცესში; არ დაუშვას ჯგუფებს შორის ძალადობა და სამოქალაქო შუღლი... მოქალაქესაც აქვს პასუხისმგებლობა - პატივი სცეს სახელმწიფოს და სახელმწიფოს ინტერესს; აღიაროს, რომ სახელმწიფო ერთადერთი სუბიქტია, რომელსაც აქვს „კანონიერი ძალადობის უფლება“, ძალადობის სხვა ყველა მცდელობა კი უკანონოა და შესაბამისად, ამორალური. რა კარგია და მარტივი პოლიტიკურ-სამართლებრივი დიდაქტიკა, მაგრამ მოდი და გამოიცანი: სად იწყება და მთავრდება სახელმწიფო ინტერესი? სად რჩება სივრცე ინდივიდისთვის? რომელი ჯგუფის აქტივიზმია კანონიერი ანუ მორალური? კანონიერება არის კი ყოველთვის მორალური? სად გადის ზღვარი ადამიანს, რელიგიასა და სახელმწიფოს შორის? ჩვენი ყოველდღიური, ყოფითი ინსტინქტი დროს არ გვიტოვებს ამ შეკითხვებზე დასაფიქრებლად და სრულად ამარტივებს ამ ჩახლართულობას - მაცდურად გვიწვევს ვიღაცის გრძელი ცხვირი სახესთან ახლოს და გვინდა, ძალიან გვინდა ჩავცხოთ მუშტი ერთხელ ან მრავალგზის... *** სამოქალაქო თუ პოლიტიკური პროტესტი მხოლოდ მაშინ იქნება სასარგებლო და შედეგიანი, თუ ის აპროტესტებს მოვლენების სახელმწიფო ინტერესთან შეუსაბამობას; ითხოვს სოციალური პრობლემების ეტაპობრივ გადაწყვეტას; გვთავაზობს ეროვნული ერთიანობის შექმნის მოდელს; თუ ის თანმიმდევრული და ალტრუისტულია; თუ კანონიერი მექანიზმებით იბრძვის კანონიერი მექანიზმების სრულყოფისათვის... თუ ჯერ კიდევ არ შევთანხმებულვართ, რა არის ჩვენი ინტერესი, საითკენ გვინდა წავიდეთ აწმყოსა თუ მომავალში, როგორი სახელმწიფო გვეოცნებება საკუთარი შვილებისთვის, მაშინ ყველა აქტივიზმი ცხვირების და მუშტების დილემაა, ინტელექტუალური თუ ფსევდოინტელექტუალური გულისა და ენის ფხანით... თუ ყველას საკუთარი სიმართლე, მორალი, კანონი და პატრიოტიზმი გვაქვს, ვერასდროს გავხდებით მართლები, მორალურები და პატრიოტები... ჩემი საბჭოთა ბავშვობიდან, ლიტერატურული ჟურნალების გაყვითლებულ გვერდებზე რომ ვეძებდით ინტელექტუალურ საკენკს, რამოდენიმე მოთხრობა ჩამრჩა მეხსიერებაში. მათ შორის, ჯონ სტეინბეკის „ამბავი კაცთა და თაგვთა“ - ცხოვრებისეული დილემების შემაძრწუნებელი აპოგეა. სტეინბეკის სიმაღლეებს ვერც მე შევწვდები და ვერც თქვენ, და ამიტომაც გადავწყვიტე დავკმაყოფილდე ბაბლური სხარტულით - „ქართული ამბავი ცხვირთა და მუშტთა“... *** კარგი ტრადიცია აქვთ იაპონიაში - გასაბერი თოჯინები აგრესიისგან დასაცლელად, ურტყი რამდენიც გინდა, და შემდეგ ღიმილით გააგრძელე შრომა და ჯაფა... მშვენიერი ბიზნეს იდეაა პანდემიაში - შექმენით ვინმე მადლიანმა გასაბერი, ქართულად კეხიანი ნესტოებდაბერილი გრძელი ცხვირები და არ მოგაკლდებათ მყიდველი თუ გულშემატკივარი... ზოგი საკუთარი უფროსის სახელს დაარქმევს, ყოველ დღე რომ დასცინის მის შრომით უფლებებს; ზოგი მეზობლის, ხმაურით და გინებით რომ ურღვევს მუშაობის და ძილის რიტმს; ზოგს ოჯახის წევრი გაახსენდება პირველ რიგში; ზოგს მოკეთე და მყვარებელი; ზოგს ის პრივილეგირებული ავტორიტეტები, ჩვენი ცხოვრების „ჩვენდა სასიკეთოდ“ განკარგვას რომ იჩემებენ; ზოგს თვითმმართველობის კლერკები, ონლაინ მუშაობის დროს მშვიდი სინდისით შუქს რომ გიქრობენ; ზოგს პოლიტიკური პარტიის ლიდერები თუ სამოქალაქო აქტივისტები... მე უკვე ვიცი, ვის სახელს დავარქმევ... არა, უფრო სწორად, ვის სახელებს... არა, არ მყოფნის ეს ერთი ცხვირი... და თქვენ რამდენი დაგჭირდებათ? გვანცას ბლოგი - აბლი-ბაბლი

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ მარია სასოლისთან. კახა კუჭავა ასევე ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებს და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ ოლივერ ვარჰეისთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჯოანა მირჩეასთან. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირში დიდი ინტერესია. მისივე თქმით, მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ევროკავშირთან ურთიერთობის აქტუალური საკითხები. „იწყება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ბრიუსელში. დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოადგილეებთან, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. ბოლო პერიოდში, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში ევროკავშირში არის ძალიან დიდი ინტერესი. ბუნებრივია, შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესები, ჩვენი პრიორიტეტები, ევროკავშირთან ურთიერთობის აქტუალური საკითხები“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ვიზიტი ბრიუსელში 20 მაისამდე გაგრძელდება.

დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ NATO-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები უკრაინას და საქართველოს ხელშესახებ შედეგს მოუტანს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი უკრაინაში არის დროული და საჭირო, რადგან ბევრი თემა არის განსახილველი, რომელიც ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებობს. „ორი მთავარი მიმართულება გახლავთ ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულება. აუცილებელია ამ ორი მთავარი მიმართულებით კოორდინირებული საქმიანობა და ერთობლივი ნაბიჯების დაგეგმვა. მოგეხსენებათ, რომ უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება, ნატო-ს სამიტი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ამ ვიზიტის ფარგლებში იქნება განხილული ის ერთობლივი ნაბიჯები, რომელიც ამ სამიტამდე დარჩენილ პერიოდში არის გადასადგმელი. თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს ეს ერთობლივი საქმიანობა. ვმოქმედებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, როგორც ნატო-ს ფარგლებში, ისე ევროკავშირის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს, რომ ამ შეხვედრების შედეგად ჩვენი ინტერესები კიდევ უფრო მკაფიოდ იქნება წამოწეული როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის კონტექსტში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში სამიტებზე ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს იგივე ღია კარის პოლიტიკასთან მიმართებაში, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“,- განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და კონფლიქტების მოგვარება. „ჩვენ ვართ სოლიდარული ჩვენი უკრაინელი პარტნიორების, ისევე როგორც ისინი არიან სოლიდარული ჩვენი მხარდამჭერი ყველა საერთაშორისო ფორმატში. სულ ცოტა ხნის წინ მქონდა შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან ბუქარესტში, სხვა ფორმატში და იქ დაწყებულ საუბრებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ასევე ბოლო განვითარების შესახებ გვექნება ინფორმაციის გაცვლა. ასევე ის, თუ რა უნდა გაკეთდეს ერთობლივად, რომ საქართველოს საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია იყოს მუდმივად დღის წესრიგში და გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებითაც“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა. ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის – მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. „უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის მიღმა მექნება სამმხრივი შეხვედრა მოლდოველ და უკრაინელ კოლეგასთან. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სამეულის ფორმატში ერთობლივი ღონისძიებები, ერთობლივი საქმიანობა. გარკვეულწილად ვცდილობთ, რომ ეს სამეული იყოს ფორმალიზებული და ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ამის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან. რამდენიმე ერთობლივი წერილიც იყო. იყო ასევე ერთობლივი ღონისძიებები. მსგავსი რამ კიდევ იგეგმება და ვფიქრობ, ამ ვიზიტის, ამ სეულის შეხვედრის შედეგად, ჩვენ უკვე გვექნება გარკვეული წინსვლა ამ ტრიოს ფორმალიზაციის კუთხით“,- განაცხადა ზალკალიანმა.

თურქეთში სრული ლოკდაუნი დასრულდა

Anadolu Agency-ს ინფორმაციით, თურქეთში COVID19-ის გამო დაწესებული 17-დღიანი სრული ჩაკეტვის რეჟიმი დასრულდა. როგორც სააგენტო წერს, 17 მაისიდანვე შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის 15-დღიანი პერიოდი დაიწყო, რომელიც პირველ ივნისს დასრულდება. ახალი რეგულაციის ფარგლებში, სამუშაო დღეებში ე.წ. კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს, შაბათ-კვირას კი ქვეყანა სრულად ჩაიკეტება. სავაჭრო ცენტრებს სამუშაო დღეებში საქმიანობა დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შეეძლებათ, შაბათ-კვირას კი დაიკეტება. საქორწილო დარბაზები, სპორტული ცენტრები და სათამაშო დარბაზები დაკეტილი დარჩება.

ელჩი რან გიდორი: ისრაელის მთავრობა ეფექტური შეკავების აუცილებელი მექანიზმის შექმნაზე ზრუნავს

ისრაელის მთავრობა ეფექტური შეკავების აუცილებელი მექანიზმის შექმნაზე ზრუნავს, - განაცხადა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რან გიდორმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. მისი თქმით, „ჰამასმა“ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში „ნულოვანი ტოლერანტობა“ არსებობს ტერორიზმის, მშვიდობიანი მოსახლეობის ხელაღებით დაბომბვისა და ძალადობის მიმართ. „ბუნებრივია, ისრაელი საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისკენ ისწრაფვის. ორივე მხარეს, მშვიდობიან მოსახლეობას მშვიდობა სურს. ამასთან, ისრაელის მთავრობა ეფექტური შეკავების აუცილებელი მექანიზმის შექმნაზე ზრუნავს. ეს კონფლიქტი ისრაელს არ დაუწყია. პირიქით, გაკვირვებულია მის ტერიტორიაზე რაკეტების მოულოდნელი და არაპროვოცირებული გაშვებით. ამიტომ, უნდა ვეცადოთ და დავრწმუნდეთ, რომ „ჰამასს“ აღარასდროს ექნება ასეთი კატასტროფული თავდასხმების ცდუნება. სხვაგვარად, ძალადობის დაუსრულებელი ციკლის შემთხვევაში, განწირულები ვართ“, - აცხადებს რან გიდორი.

ისრაელის ელჩი: ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ისრაელის გამოცდილების გაზიარება, რათა ხელი შევუწყოთ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ინვესტიციებს

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რან გიდორმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად, საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა (42 მილიონი აშშ დოლარი 2019 წელს) შემცირებულია და ინვესტიციების დონე საკმაოდ დაბალია. ამასთან, მნიშვნელოვანია, გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო. „ისრაელსა და საქართველოს ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდათ და ამას ამტკიცებს ის აშკარა უზარმაზარი მხარდაჭერაც, რომელსაც დღევანდელი კონფლიქტის დაწყებიდან ვგრძნობთ ქართული საზოგადოებისგან. ამასთან, ჩემი აზრით, ძირითადი ყურადღება ეთმობა ჩვენს ბრწყინვალე 26 საუკუნოვან წარსულ, თანაარსებობის ისტორიას და კარგი იქნება, უფრო მეტი ძალისხმევა იქნას მიმართული, რომ ახალი ბიძგი მიეცეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. დიალოგები, მეგობრობის ჯგუფები და ორმხრივი ვიზიტები თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ პრაქტიკულ შედეგებამდე მიყვანა სჭირდებათ. ამჟამად, საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა (42 მილიონი აშშ დოლარი 2019 წელს) შემცირებულია და ინვესტიციების დონე საკმაოდ დაბალია. ამიტომ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ისრაელის გამოცდილების გამოყენება, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მაღალტექნოლოგიურ ეკოსისტემას, ჩამოვაყალიბოთ შეთანხმებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ინვესტიციებს, სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო და სამრეწველო ერთობლივი საწარმოების შექმნას. გასულ თვეში (2021 წლის აპრილი) ისრაელიდან საქართველოში (თურქეთის შემდეგ) ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელს ამ ქვეყანას 200,000-ზე მეტი ჩემი თანამემამულე ეწვია - ეს შემოსავლისა და სამუშაო ადგილების უზარმაზარი წყაროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შენგელია ავრცელებს. როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. „ძვირფასო ზუგდიდელებო! ორი წელია, თქვენთან ერთად ვშრომობთ და ვზრუნავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წარმატებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, დევნილთა განსახლების, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ამ გამოწვევებთან გამკლავება კიდევ უფრო გართულდა იმ პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც 2020 წლის დასაწყისში დაატყდა მსოფლიოს, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით და ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით: – ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიგო 100 კმ-ზე მეტი გზა. – სრულად განახლდა და ტექნოლოგიურად აღიჭურვა მუნიციპალური ტრანსპორტი. – აშენდა და რეაბილიტირდა სკოლები, ბაღები და სამედიცინო ამბულატორიები. – დასრულდა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათის – ბოტანიკური ბაღის მშენებლობა. – დასრულდა წყალარინების, გამწმენდი ნაგებობისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა. – ზუგდიდს პირველად აქვს 24 სთ-იანი წყალმომარაგება. – მოქალაქეებს უწყვეტად მიეწოდებოდათ ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები. „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, 10 000-ზე მეტმა ზუგდიდელმა ოჯახმა მიიღო მუნიციპალიტეტისგან სხვადასხვა სახის დახმარება. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სიკეთეებისა, რომელიც ერთობლივი შრომით შევძინეთ ზუგდიდს. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი თქვენი მსახური, რაც ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობდა. ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში. შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. ჩემო ზუგდიდელებო! ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას. ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეები. მადლობა მათ ღირსეული მსახურებისთვის. ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას. მე, როგორც რიგითი ზუგდიდელი ყოველთვის ვიქნები ჩემი ქალაქის სამსახურში ამ თუ სხვა პოზიციაზე“, – წერს გიორგი შენგელია Facebook-ზე.

ისრაელის ელჩი: ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში“, - განაცხადა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რან გიდორმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ისრაელი ვაქცინაციის კუთხით წამყვანი ქვეყანაა, გამოცდილების გაზიარების კუთხით ხომ არ იგეგმება დამატებით რაიმე პროგრამის/პროექტის განხორციელება. ვიცით, რომ ისრაელის საელჩომ და საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (MASHAV) დიდი ძალისხმევა გასწიეს, რათა დაეხმარონ საქართველოს COVID19-თან ბრძოლის პროცესში - ელჩმა Europetime-ის ამ შეკითხვას უპასუხა. „პანდემიის დასაწყისიდან ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა დიდი დახმარება გაუწიეს ყველა შესაბამის ორგანოს, რომელიც საქართველოში COVID19-ის გავრცელებას ებრძვის. ჩვენ მხარი დავუჭირეთ NCDC (დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს), საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და WHO (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) საქართველოს ოფისს. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ საზოგადოების ჯანდაცვის წამყვანი ქართველი ექსპერტები, რათ მონაწილეობა მიეღოთ MASHAV– ის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმში, რაც ყოველკვირეულად, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. დამატებით, MASHAV– მა (რომელიც საქართველოში 1992 წლიდან საქმიანობს) ამ დროისთვის, 1500 - ზე მეტი ქართველის პროფესიულად გადამზადება უზრუნველყო, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ინოვაციების, მეწარმეობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროების მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში“, - განაცხადა რან გიდორმა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 504 ადამიანს დაუდასტურდა, 2 038 გამოჯანმრთელდა, ხოლო 27 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 665 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 137 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 528 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 879-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.90%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.84%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 038 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 310 859-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525, საიდანაც: 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 419, აჭარაში - 499, იმერეთში - 571. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 920 პირი, მათ შორის, თბილისში - 443, აჭარაში - 96, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 6, იმერეთში - 16. 657 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 261- აჭარაში. 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 664 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 074 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 332 პირი, აჭარაში - 1 482, იმერეთში - 1 855.

ირაკლი ღარიბაშვილი: ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ

„ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით. მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ტურისტების შემოდინებას. ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

დღეს საკოორდინაციო საბჭო გადაადგილების შეზღუდვის შესაძლო შემსუბუქებაზე იმსჯელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის შესაძლო შემსუბუქებაზე საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს. „მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა ეფექტურად მართავს ვითარებას. მოგეხსენებათ, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას საქართველოში. ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ გადაადგილების შეზღუდვა არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი: ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ იქნება

საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც COVAX-თან, რომლის საშუალებითაც ქვეყანამ უკვე მიიღო ვაქცინები, არამედ თავად მწარმოებლებთან და ქარხნებთან, რომ კოვიდვაქცინის დამატებითი დოზები მიიღოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ივნისი-ივლისისთვის ელის Pfizer-ის დამატებით დოზებზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს მილიონ დოზაზე. პრემიერის თქმით, მას პირადად ჰქონდა საუბარი Pfizer-ის პრეზიდენტთან. ასევე მოლაპარაკება მიმდინარეობს Sinopharm-ის და Sinovac-ის ქარხნებთან უშუალოდ, ასევე Moderna-სთან, Novavax-ის ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. „ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს მოწერილი ხელშეკრულებები და უახლოეს თვეებში მივიღებთ დამატებით. დოზებს. ასე რომ, ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

დღეს მოეწერება ხელი მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებში საქართველო €85 მილიონიან დახმარებას მიიღებს

დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან კარგი, ეფექტური საშუალება. „მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა, ეს შეთანხმება მიღწეულ იქნა ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით. წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს. ასევე ეკონომიკის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ პროცესში ჩვენი დონორებისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად. მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, უშუალოდ რეგიონულ დირექტორს, აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის. ამასთან, აღნიშნული პროექტის ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“. მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით, სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინგლისში სოციალური დისტანციის დაცვის წესები იცვლება და სხვა ოჯახებთან კონტაქტი, მათ შორის ჩახუტება, ადამიანის პირად არჩევანზეა დამოკიდებული

დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ხალხმა უნდა განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა კორონავირუსის შეჩერებაში, რადგან ინგლისში, უელსსა და შოტლანდიის უმეტეს ნაწილში ლოკდაუნის წესები გამარტივდება. ამის შესახებ სტატია BBC-მ მოამზადა. მისი მიხედვით, მილიონობით ადამიანს ახლა შეუძლია გადაეხვიოს ახლობლებს და კვლავ ეწვიოს ბარებსა და რესტორნებს. ასევე გაუქმდა უცხოეთში მოგზაურობის აკრძალვა და შეიცვალა ახალი წესებით. თუმცა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ყველას მაინც სიფრთხილე სჭირდება. ამასთან, საჭიროა კვირაში ორჯერ ტესტირება. ინგლისში: სოციალური დისტანციის დაცვის წესები იცვლება და სხვა ოჯახებთან კონტაქტი, მათ შორის ჩახუტება, ადამიანის პირად არჩევანზეა დამოკიდებული; შეუძლიათ ჩაიტარონ ტესტები, რომელიც შედეგს 30 წუთში იძლევა, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ აქვთ. უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ისინი ხელმისაწვდომია გარკვეული ადამიანებისთვის, მაგალითად, მათთვის, ვისაც სახლიდან მუშაობა არ შეუძლია. ბარებსა და რესტორნებში მომხმარებლები მომსახურებას შიდა სივრცეშიც მიიღებს. მუზეუმების, კინოთეატრების, ბავშვთა გასართობი მოედნების, თეატრების, საკონცერტო დარბაზებისა და სპორტული სტადიონების გახსნა შეიძლება, ისევე როგორც სასტუმროების. დიდი ბრიტანეთში გასულ 24 საათში, კორონავირუსის 1,926 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 4 გარდაიცვალა. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია 7 აპრილიდან ამერიკული Moderna-თი დაიწყო, მანამდე კი, ასევე იყენებდნენ Pfizer-ს და Astrazeneca-ს.

შსს დმანისში დაპირისპირებულ მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე

შინაგან საქმეთა სამინისტროში დმანისში დაპირისპირებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაიცვან კანონის მოთხოვნები. ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას", - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ დმანისში, სადაც გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტი მოხდა, ახლაც დაძაბული ვითარებაა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავდა. ისინი გუშინ მომხდარს აპროტესტებდნენ, რა დროსაც ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დღესაც დაუპირისპირდა. როგორც ცნობილია, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები დილიდან განახლდა. გამოძიებამ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, რომელიც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას ასახავს. ცნობისთვის, ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ზუგდიდის ყოფილი მერი ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს

ზუგდიდის ყოფილი მერის გიორგი შენგელია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს. მისივე თქმით, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და არავისგან ზეწოლა არ მომხდარა. „ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანური ურთიერთობები, ეს იქნებოდა პოლიტიკაში, პირად ცხოვრებაში, სამეგობროში. ასე რომ, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან. ამ ეტაპზე არ განვიხილავ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. არანაირი ზეწოლა ჩემზე არ მომხდარა. ესა ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობით მივიღე. როცა მე მოვედი პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო გიორგი გახარია, შემდგომში პრემიერ-მინისტრი, რომლის პერიოდშიც მომიწია მუშაობა. მისი და მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „ქართული ოცნების“ გუნდში დარჩენა, ან გიორგი გახარიას მოსალოდნელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა ამ ეტაპისთვის ჩემთვის ადამიანურად მიუღებელია. აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი პოლიტიკიდან და სხვა მიმართულებით გამეგრძელებინა აქტიურობა“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ. ზუგდიდის ყოფილი მერი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ მომავალში არავისთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. „გამორიცხული არასოდეს არაფერია. ვიქნები იქ, სადაც დასჭირდება ჩემი ყოფნა ზუგდიდს და ქართველ ხალხს. არ გამოვრიცხავ არავისთან თანამშრომლობას, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი გადაწყვეტილება არის პოლიტიკიდან წასვლა. სამი წლის წინ საჭიროება როგორც იყო, შევერთებოდი „ქართული ოცნების“ გუნდს, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ჩავდგე ქართველი ხალხის სამსახურში“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ. ზუგდიდის მერმა თანამდებობა დღეს დატოვა.