ძებნის რეზულტატი:
მეხანძრე-მაშველებმა თბილისში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
მეხანძრე-მაშველებმა თბილისში, პეკინის გამზირზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. მისამართზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც სადარბაზოდან, ასევე, სახანძო კიბის საშუალებით. პარალელურად, მიმდინარეობდა ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და საშიშროება აღკვეთა. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი, ამ დროისთვის, უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკა,"- აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან 300 მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, პეკინის 41 ნომერში ხანძრის შედეგად 300 კვადრატული მეტრი დაიწვა. მისივე განმარტებით, ხანძრის შედეგად დაშვებულები არ არიან. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამაზე შესაბამისი უწყება მუშაობს. ადგილზე მობილიზებული არიან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები და რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს. "პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი გაჩნდა მე-5 სართულზე. იწვოდა დაახლოებით 300 კვადრატი, მე-5, მე-6 და მე-7 სართულზე. ადგილზე ოპერატიულად იყვნენ მობილიზებული 14 სახანძრო ავტოსისტემა. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც აგვარიდა თავიდან ხანძრის გავრცელება. მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა დაახლოებით 300 მოსახლემდე შენობიდან ევაკუაცია, როგორც სადარბაზოდან, ასევე სეპცსაშუალება კიბის მიერ. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და დანარჩენ დამატებით ინფორმაციას. ხანძრის შედეგად დაშავებული არავინ არ არის.ადგილზე იმყოფება შესაბამისი სამსახური და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება," - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
თბილისში, ხანძრის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა
თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძრის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალი მეექვსე სართულზე ცხოვრობდა. როგორც მედიასთან საუბარში თვითმხილველებმა განაცხადეს, სავარაუდოდ, ის აივნიდან გადავარდა, ან პანიკის გამო გადმოხტა. ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც დაშავებული გადაიყვანეს, აცხადებენ, რომ მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. პეკინის 41 ნომერში ერთ-ერთი 14 სართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილი ხანძარი, ამ დროისთვის სრულად ლოკალიზებულია. ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან 300 მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულთა ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, 18 მაისს გეგუთის #14; გლდანის #8 და რუსთავის ქალთა #5 ციხეებში მყოფი მსჯავრდებულები აიცრებიან . "ვაქცინაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებს აქვთ, რომლებმაც აცრის სურვილი გამოთქვეს. დღეისათვის, გეგუთში ასეთი 90 მსჯავრდებულია, გლდანში - 120, ხოლო რუსთავში - 30. ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყოველგვარ შესაძლო გართულებასა და გვერდით მოვლენებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებთან მობილიზებული არიან რეანომობილები და რეანიმატოლოგები. მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს. პროცესი, ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კუჭავა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ილიან ტილიოსს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ილიან ტილიოსს შეხვდა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. "შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას საპარლამენტო დონეზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე და დღემდე მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა საქართველოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი, მათ შორის ყურადღება გამახვილდა უცხოურ ინვესტიციებზე. კახა კუჭავა, ბელგიის ფედერალურ პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსაც შეხვდა და მასთან მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეთანხმდნენ, რომ მეგობრობის ჯგუფები ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
იოსებიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხაძრის გამო, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია
თინა იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა ჩაკეტილია ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების კვეთაზე არსებულ არქივის შენობასთან. "ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, პეკინის გამზირის მიმართულებით, ხოლო გაგარინის ქუჩიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელია კანდელაკის ქუჩის დახმარებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრავი მარშრუტები გადაადგილდებიან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით და იონა ვაკელის ქუჩის გავლით, სვლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე განაგრძობენ. პეკინის გამზირისკენ მოძრავი მარშრუტები იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დახმარებით, პეკინის გამზირზე გადაადგილდებიან. მარშალ გელოვანის გამზირისკენ მიმავალი მარშრუტები ამჟამად, შარტავას ქუჩის გავლით, გაგარინის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ",- ნათქვამია მერიის განცხადებაში. მეხანძრე-მაშველებმა თბილისში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს თბილისში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან 300 მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა თბილისში, ხანძრის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთის სამეფოს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 19-20 მაისს ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური, მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2021-ის გახსნას დაესწრება, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ღონისძიებას -ესპანეთის მეფე ფელიპე VI გახსნის. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სპეციალური სივრცე ექნება, რომელიც საერთაშორისო ტუროპერატორებს, კომპანიებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. "ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის მთავრობის პრეზიდენტ პედრო სანჩესთან და ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტ მარიჩელ ბატეტთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი იმყოფებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 562 ადამიანს დაუდასტურდა, 1 490 გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 242 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 332 441 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 312 349, გარდაიცვალა 4 499 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 17 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%. ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან 893 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 102, იმერეთი - 136, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 52, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 15 567, საიდანაც: 4 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 432, აჭარაში - 473, იმერეთში - 549. მძიმე პაციენტი: 917, მათ შორის, თბილისში - 445, აჭარაში - 98, იმერეთში -160. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 212, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 7, იმერეთში - 16. 662 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 359 - თბილისში, 267- აჭარაში. 10 562 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 673 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 637 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 025 პირი, აჭარაში - 1 462, იმერეთში - 1 790.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე საგზაო მოძრაობა აღდგენილია
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე, ასევე, თინა იოსებიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამ დროისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მგზავრებს დადგენილი მარშრუტით ემსახურება. ჟვანიას მოედნიდან არქივის შენობამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა პეკინის N41-ში მდებარე 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო იყო შეზღუდული.
თენგიზ ფხალაძე: „ასოცირებული ტრიოს“ გზავნილია, რომ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ეს არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნებას Europetime-თან ინტერვიუში საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე აფასებს. ის ერთ ფაქტორს უსვამს ხაზს. კერძოდ, სამივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, სამივე ქვეყანაში ამ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის არქიტექტორი არის რუსეთის ფედერაცია და ფაქტობრივად, რუსეთი ცდილობს ამ სამივე ქვეყანაზე ზეგავლენის შენარჩუნებას და პრევენციას იმისა, რომ ეს ქვეყნები ინტეგრირებულები იყვნენ დასავლურ და ევროპულ ოჯახში. თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, რომ პარტნიორები ასოცირებული ქვეყნების ამ გზავნილს მიესალმებიან, ხელს შეუწყობენ და ევროკავშირიდან უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება, რომ ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განვითარდეს. „ეს იდეა პირველად გაჩნდა, როდესაც უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, იქედან მოყოლებული ლაპარაკია, რომ სამი სახელმწიფო, რომლებიც დაწინაურდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობაში, პრინციპში ერთად მიუყვებიან ამ გზას. რატომ იყო ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი? ამით მათ ნათლად დააფიქსირეს საკუთარი გზა და საკუთარი მომავალი, რომ ამ ქვეყნებს შორის პარტნიორობის ახალი პლატფორმა შექმნილიყო, რათა მათი პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური დღის წესრიგი, განსახორციელებელი რეფორმები და ასე შემდეგ, ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. და, სამწუხარო ფაქტორი, სამივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული, სამივე ქვეყანაში ამ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის არქიტექტორი არის რუსეთის ფედერაცია და ფაქტობრივად, რუსეთი ცდილობს ამ სამივე ქვეყანაზე ზეგავლენის შენარჩუნებას და პრევენციას იმისა, რომ ეს ქვეყნები ინტეგრირებულები იყვნენ დასავლურ და ევროპულ ოჯახში , - აცხადებს Europetime-თან ინტერვიუში საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე. მისივე თქმით, მთავარია, რომ აქტიურად შევუდგეთ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას. „ბატონი კუბილიუსის განცხადება კიდევ ერთი შემოძახება იყო, რომ ასეთი რამის განხორციელება არის აუცილებელი და რომ ეს კიდევ ერთხელ წაადგებათ ამ ქვეყნებს ორი მიზეზის გამო. ერთი - ამით ისინი შეძლებენ, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დაეხმარონ ერთმანეთს, მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები ერთიანი პოზიციით, ერთიანად გამოდიოდნენ საერთაშორისო არენაზე, რითაც ისინი აძლიერებენ ერთმანეთს და ევროკავშირისთვისაც ამას ექნება მნიშვნელობა, რადგან როდესაც ქვეყნების ჯგუფი აკეთებს ხოლმე განაცხადს, პარტნიორები ამას ყოველთვის მიესალმებიან და პირიქით, დარწმუნებული ვარ, ისინი ხელს შეუწყობენ და ევროკავშირიდან უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება, რომ ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განვითარდეს. ევროკავშირი ორიენტირებულია ასეთი ტიპის თანამშრომლობებზე. კუბილიუსის განცხადება აბსოლუტურად თანხვედრაშია იმასთან, რაზეც მიმდინარეობს საუბარი საექსპერტო, ანალიტიკურ წრეებსა და პოლიტიკოსებში. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ ამას მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები ამ ქვეყნების ხელისუფლებებიდან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მართლაც ძალინ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერეს ხელი, ეს არის ძალიან კარგი ჩვენთვისაც, უკრაინისთვისაც, მოლდოვისთვისაც. მთავარია, რომ აქტიურად შევუდგეთ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე, რომ ეს პოლიტიკური ნება გადაიზარდოს პრაქტიკულ საქმიანობაში, ინიციატივებში, რომლებიც ყველას დაგვეხმარება და საერთო სიკეთეს მოგვიტანს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. გზავნილი ევროკავშირისთვის ეს ქვეყნები ითვალისწინებენ ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციას; მეორე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის - ამ გზავნილით ჩვენ ვამბობთ მთავარს, რომ ჩვენ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ასეთი ტიპის თანამშრომლობა არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა. როდესაც ქვეყნები ერთმანეთს ეხმარებიან, როდესაც განიხილავენ ერთმანეთს იმ პარტნიორებად, რომლებსაც უნდა გაუზიარონ გამოცდილება; რომლებსაც უნდა დაეხმარონ - ეს არის ევროპული პოლიტიკის, ევროპული ურთიერთობების აშენება და ამით ჩვენს პარტნიორებთან კარგ გზავნილს ვუშვებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ტიპის პოლიტიკის წარმოება; შეგვიძლია ამ ტიპის ურთიერთობები ერთმანეთთან; ვეხმარებით ერთმანეთს და ერთის წარმატებაა ყველას წარმატება. ანუ, ერთმანეთში კონკურენტებს კი არ ვხედავთ, არამედ ვხედავთ იმას, რომ ერთად მეტის მიღწევა შეგვიძლია. შეუწყობს თუ არა ხელს მემორანდუმის გაფორმება ევროინტეგრაციის გზაზე უფრო მეტად ეფექტურ წინსვლას „ეფექტიანობის ამაღლებას ხელს შეუწყობს, თუმცა ერთი რამეც უნდა გვახსოვდეს, რომ ერთად ქმედება კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოვიყენებთ ამ მექანიზმს კონკრეტული ქმედებების საჩვენებლად, ამიტომ, ეს არის დამხმარე მექანიზმი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაშიც ჩვენ უფრო მოკლედ პერიოდში უფრო კარგ შედეგს მივაღწევთ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. „ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
წელს სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართება
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე. თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.
ვალერი ჩეჩელაშვილი: „ასოცირების ტრიოს“ მემორანდუმის ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში განხორციელება ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს
უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ასოცირებული ტრიოს დაფუძნებას და ვიშეგრადის ოთხეულის ევროკავშირთან დაახლოების პროცესთან ავლებს პარალელს. ვალერი ჩეჩელაშვილმა Europetime-თან განაცხადა, რომ „ეს არის ცასლახად ძალიან კარგი მემორანდუმი“. მისი შეფასებით, თუ ეს მემორანდუმი განხორციელდება ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში; თუ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთმანეთთან ურთიერთობებში იხელმძღვანელებენ ნამდვილად ევროპული ფასეულობების და თანამშრომლობის ტრადიციებით, ეს იქნება ხელშემწყობი ფაქტორი ამ სამივე ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების. „ცოტა მაგონებს ვიშეგრადის ოთხეულის ევროკავშირთან დაახლოების პროცესს, მაშინ, ვიშეგრადის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი ერთდროულად უახლოვდებოდნენ ევროკავშირს და ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რამაც განაპირობა ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანება ამ 4 ქვეყნის, იყო ის, რომ ეს ოთხივე ქვეყანა არამხოლოდ დეკლარირებდა, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობებს აფუძნებდა ევროკავშირის თანამშრომლობით პრინციპებზე, ტრადიციებზე და კრიტერიუმებზე. ეს ევროკავშირის გადასახედიდან ძალიან მიმზიდველი ფაქტორი იყო და ამტკიცებდა იმას, რომ ეს ოთხი ქვეყანა მზად იყო საიმისოდ, რომ გაწევრიანებულიყო ევროკავშირის სივრცეში. თუ ეს მემორანდუმი განხორციელდება ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში; თუ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთმანეთთან ურთიერთობებში იხელმძღვანელებენ ნამდვილად ევროპული ფასეულობების და თანამშრომლობის ტრადიციებით, ეს იქნება ხელშემწყობი ფაქტორი ამ სამივე ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების და ამ თვალსაზრისით მხოლოდ შემიძლია მივესალმო ამ მემორანდუმის გაფორმებას. როგორც მე მესმის, ეს არის იმის ვალდებულება, რომ ძალიან მჭიდროდ მოახდინონ კოორდინირება საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტების და მინიმუმ, საკუთარი პოლიტიკის ევროკავშირთან მიმართებით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას უფრო ფართო საფუძველი უნდა ჰქონდეს, საგარეო პოლიტიკის კოორდინირებაზე უნდა იყოს საუბარი, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნები ძალიან მჭიდროდ უთანხმებენ ერთმანეთს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, როგორც ცნობილია, საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელიც კი ჰყავთ, ჟოზეპ ბორელი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გაცილებით უფრო ძლიერ სვლად იქნება ევროპელების მხრიდან აღქმული ის ფაქტი, თუ სამივე ქვეყანა სინქრონულად გააკეთებს ამ განაცხადს. იმედი მაქვს, ასეც მოხდება, რადგან ცალ-ცალკე ამის გაკეთება, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, ჩემ მიერ ზემოთ აღნიშნული პრინციპების დანერგვის დადასტურება არ იქნება. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს მემორანდუმი არ დარჩება მხოლოდ ლამაზ და გაფორმებულ დოკუმენტად, არამედ იქნება გზამკვლევი ამ სამივე ქვეყნის ერთმანეთთან ურთიერთობებსა და ევროპასთან დაახლოებაში. ასევე - კონკრეტულად ისეთ სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდება კანდიდატობის სტატუსს, იქნება ძალიან მჭიდრო და ერთობლივი გადაწყვეტილებები“, - განუცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა Europetime-ს. „ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს თენგიზ ფხალაძე: „ასოცირებული ტრიოს“ გზავნილია, რომ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ეს არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
კახა გოგოლაშვილი: აუცილებელია, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საკითხები ევროკავშირთან ერთად გაიტანონ და ევროკავშირი წევრობის განაცხადისთვის მოამზადონ
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით აუცილებელია, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საბოლოო ჯამში შექმნან მჭიდრო ურთიერთობის ფორმატი იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე უფრო დეტალურად ისაუბრონ ერთმანეთთან, ევროკავშირთანაც საკითხები ერთად, ერთიანი ხმით გაიტანონ და შეეცადონ, მოამზადონ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მომავალი წევრობის განაცხადისთვის, რომელიც ალბათ ერთობლივად გაკეთდება. ამით Europetime-თან საუბარში, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ამ სამი ქვეყნის მიერ „ასოცირებული ტრიოს“ თანამშრომლობის ფორმატის დაფუძნებას და შესაბამისი მემორანდუმის გაფორმებას აფასებს. „შესაძლოა, ასევე შექმნან რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც არამარტო ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე იმუშავებს, არამედ ასევე ერთმანეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, სამ ქვეყანას შორის უფრო გაღრმავებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ადამიანურ კავშირებზე, ხელშეწყობაზე, განათლებაზე და ასე შემდეგ; რეგიონული ბლოკი იქნება პროევროპული და იფიქრებს იმაზე, რომ ერთმანეთს შეუწყონ ხელი ევროპაში ინტეგრაციისთვის. ამავე დროს, გააღრმავონ ერთმანეთთან ურთიერთობები ყველა მიმართულებით. ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად დაეხმარება სამივე ქვეყანას, რადგან ევროკავშირის მხრიდანაც იქნება შეგრძნება, რომ სერიოზული განწყობაა ევროპაში ინტეგრაციისთვის და ერთობლივად მუშაობა მიმდინარეობს. ეს ბევრ რამეს შესძენს ამ ქვეყნებს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ევროკავშირმა თავის დროზე შეუწყო ხელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობას. მაგალითად, ვიშეგრადის თანამშრომლობას, რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით ჩამოაყალიბეს. შემდეგ, ევროკავშირის ხელშეწყობით ბალკანეთში რამდენიმე რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი და ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ პარტნიორობაში ზუსტად იმაზეა აქცენტი ხშირად, რომ ქვეყნებმა რეგიონული თანამშრომლობა გააღრმავონ. მით უმეტეს, ასოცირებულებმა, რომლებიც პირველ რიგში მიზნად ისახავენ სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას და ამაში ურთიერთდახმარებას და თანამშრომლობას. ასე რომ, ევროკავშირი ამას მიესალმება და აუცილებლად შეუწყობს ხელს. რაც შეეხება სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მე ნამდვილად მქონდა იდეა, მათ შორის მთავრობასთანაც დამიყენებია ეს საკითხი. ორი წლის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორუმის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის დონეზე, უკრაინის და მოლდოვის დელეგაციასთან ერთად, ექვსთა პლატფორმამ თანამშრომლობასა და ერთობლივ კოორდინაციაზე მოაწერა ხელი. მასში ჩაწერილია, რომ ხელი უნდა შეუწყონ და მაქსიმალურად შეუქმნან მოტივაცია საკუთარ მთავრობებს, რომ მათ დაამყარონ ეს სამმხრივი ურთიერთობები. ჯერ სამმხრივი ურთიერთობები არ ჰქონდათ დამყარებული, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი სამი ქვეყნის, ამისკენ უბიძგებდა მთავრობებს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი. მისივე თქმით, ანდრიუს კუბილიუსმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო ამ საკითხის ლობირება. „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ასევე საუბრობდა, რომ თვითონ აღმოსავლეთ პარტნიორობაში შეიქმნას ამ სამი ქვეყნისთვის ცალკე ფორმატი. ამის აქტიური მხარდამჭერი და აქტიური ხელშემწყობია, ტრიო მისი ტერმინია“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. „ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ვალერი ჩეჩელაშვილი: „ასოცირების ტრიოს“ მემორანდუმის ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში განხორციელება ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს თენგიზ ფხალაძე: „ასოცირებული ტრიოს“ გზავნილია, რომ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ეს არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
რეიჩელ რიზო: რუსეთი ვერ წყვეტს და ვერც ვერასდროს გადაწყვეტს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხს
"რუსეთი ვერ წყვეტს და ვერც ვერასდროს გადაწყვეტს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხს", - ამის შესახებ "ახალი ამერიკული უსაფრთხოების" მკვლევარმა, რეიჩელ რიზომ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. "ვფიქრობ საქართველოსა და უკრაინისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარება და იმ საკითხებზე მუშაობის გაგრძელება, რომელიც ხელს უშლის ამ რეფორმებს, არის გზა NATO-სკენ. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, NATO-ს კარი ღიად რჩება. ქვეყნები, რომლებიც წყვეტენ იმას, თუ ვინ შეუერთდება ალიანსს, თავად არიან თავად NATO-ს წევრები. რუსეთს არ აქვს იმის გადაწყვეტის უფლება, თუ ვინ შეუერთდება NATO-ს და ამის უფლება არც არასდროს ექნება", - განაცხადა რიზომ. როგორც რიზომ აღნიშნა, ფიქრობს, რომ 2021 წლის 14 ივნისს, NATO-ს სამიტზე ალიანსის წევრები უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმას არ მისცემენ. "არ ვფიქრობ, რომ ამ სამიტზე, ალიანსის წევრები უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმას მისცემენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, არა მარტო 2014 წელს, არამედ მას შემდეგაც, განსაკუთრებით გასულ თვეში, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ალიანსის წევრები ძალიან სერიოზულად განიხილავენ როგორ გააღრმავონ თანამშრომლობა უკრაინასთან, როგორ წარმოუდგენიათ მომავალი ნაბიჯები. ასევე მოველი, რომ გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ NATO-ს კარი ღიაა. ვფიქრობ, საქართველოც ძალიან ახლოს უნდა დააკვირდეს მიმდინარე მოვლენებს", -აღნიშნა რიზომ. რიზოს თქმით, 2008 და 2014 წლების შემდეგ, რუსეთი განსაკუთრებით აგრესიული გახდა. მისი თქმით, NATO-ს წევრობისთვის საქართველო და უკრაინა აკეთებს ზუსტად იმას, რაც მათ სთხოვეს. "ბუქარესტის სამიტზე დაიწყო საქართველოსა და უკრაინის ალიანში მიღების თემაზე საუბარი. ვფიქრობ, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა იტყვის, რომ საქართველოს და უკრაინას კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი დემოკრატიული რეფორმების კუთხით, მაგრამ ისინი ამ გზას ადგანან, სწორ ნაბიჯებს დგამენ, რეფორმებზე მუშაობენ და NATO-სთან, ამერიკასთან და ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. მე ვიტყოდი, რომ ეს ორი ქვეყანა აკეთებს ზუსტად იმას, რაც მათ სთოხვეს რომ გაეკეთებინათ, ისინი სწორად მოქმედებენ და ამ გზით უნდა განაგრძონ სიარული", - აღნიშნა რეიჩელ რიზომ. როგორც რეიჩელ რიზომ ინტერვიუში აღნიშნა, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანება კრემლისთვის სასიამოვნო არ იყო, ასე იქნება საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შემთხვევაშიც. "ჩვენ ვნახეთ, რომ ორი ქვეყანა, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო NATO-ს წევრი გახდა. ასე რომ, NATO დგამს ნაბიჯებს, რომლითაც გვაჩვენებს, რომ რუსეთს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება იმასთან დაკავშირებით ვინ შეუერთდება ალიანსს. ვეჭვობ, ამ ორი ქვეყნის მიღება, არ იყო ამბავი, რომელიც კარგად მიიღეს კრემლში. დიდი ალბათობით, საქართველოსა და უკრაინის ამბავსაც ასე მიიღებენ. თუმცა, იმავდროულად, ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მოკავშირეებმა და NATO-მ უნდა მიიღონ. და მხოლოდ საქართველოს და უკრაინაზეა დამოკიდებული გაწვერიანებისთვის საჭირო დემოკრატიული რეფორმების გატარება. როგორც ადრეც ვთქვი, ეს ქვეყნები მუშაობენ ამ ცვლილებებზე. მესიჯი, რომელსაც ეს ყველაფერი აგზავნის ისაა, რომ NATO-ს კარი ღიად რჩება", - განაცხადა რიზომ. მისი თქმით, საქართველომ წარმოუდგენელი დახმარება გაუწია ავღანეთის მისიას. "საქართველომ წარმოუდგენელი დახმარება გაუწია ავღანეთის მისიას. ვფიქრობ, უფრო დიდი შეკითხვა, რომელიც ახლა ჩნდება ისაა, თუ რა იქნება NATO-ს არეალს მიღმა ოპერაციების როლი მას შემდეგ, რაც ავღანეთის მისია დასასრულს მიუახლოვდება. ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირებში, მისის დასრულებასთან ერთად, ალიანსი სწორედ ამ თემებს განიხილავს. აფრიკის, ახლო ამოსავლეთის, ერაყის შემთხვევაში, რა მოხდება, როგორ გაგრძელდება NATO-ს ჩართულობა ამ რეგიონების მისიებში, ეს შეკითხვები ისმის და ამაზე მუშაობენ. საქართველო კი, ვფიქრობ, ამ განხილვის ნაწილი იქნება და დარწმუნებული ვარ მისთვისაც მოინახება როლი მას შემდეგ, რაც ავღანეთის მისია დასრულდება", - აღნიშნა რიზომ. ჟურნალისტის კითხვას, თუ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით საფრანგეთი, იტალია, გერმანია და სხვები დათანახმდნენ ნატოს გაფართოებას, რიზომ უპასუხა: "ეს რომ ვიცოდე, ალბათ ნატოს გენერალური მდივანი ვიქნებოდი. ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. ვფიქრობ, საჭიროა ალიანსის ისეთ წევრებთან საუბრის და განხილვის გაგრძელება, როგორიც საფრანგეთი და გერმანიაა. ნატო კონსესუსის ორგანიზაციაა. ყველა წევრს თანაბრად აქვს იმის გადაწყვეტილების უფლება, თუ რა უნდა მოხდეს ალიანსისთვის სამომავლოდ. ეს გვაჩვენებს იმის აუცილებლობას, რომ საუბარი და მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საფრანგეთი და გერმანიაა და ისეთ ქვეყნებთანაც, როგორიც თურქეთი,საბერძნეთი, უნგრეთი არიან. ყველას ხმა, ვინც გადაწყვეტილების მაგიდასთან ზის თანაბრად ისმის და ნებისმიერი გადაწყეტილება ერთობლივად მიიღება. საქართველოსა და უკრაინაზე საუბრის გაგრძელება გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან ნატოს წევრებთან ერთად, არის გასაღები საფრანგეთისა და გერმანიის მხარეს ყოფნისთვის და იმის გასარკვევად, ერთ დღეს, ეს ერთობა როგორი შეიძლება იყოს. თუმცა, ეს ნამდვილად ძალიან რთული კითხვა და თემაა, რომელზეც ძალიან ბევრს ვფიქრობთ". როგორც რიზომ აღნიშნა, საქართველოს მომავალი დასავლეთშია. "დასავლეთის მიერ აღებული პასუხისმგებლობები საქართველოს უსაფრთხოებისთვის ნათელია. ვფიქრობ, რომ ქვეყნის მომავალი ევროკავშირთანაა. [დიალოგი რუსეთთან] ძალიან მძიმე განსახილველი იქნება, განსაკუთრებით დასავლეთისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ პასუხისმგებლობები ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველო და უკრაინაა, ძალიან ნათელია", - განაცხადა რიზომ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა
თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. თბილისის მერმა ანგარიშის წარდგენისას გარემოსდაცვით გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში მწვანე სივრცეების შენარჩუნება და განვითარება მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისა და გარკვეული გადაწყვეტილებების შედეგად, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა. „გვახსოვს ის მავნე პრაქტიკა, როდესაც რეკრეაციული ზონების, სპორტული მოედნების, მწვანე სივრცეების ხარჯზე, სხვადასხვა რაიონსა და უბანში, მშენებლობები ხდებოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მნიშვნელოვანი მიდგომაა ასევე ისიც, რომ შევინარჩუნოთ მწვანე სივრცეები და მოვუაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მწვანე სივრცეების აუცილებლობასა და ახალი გენერალური გეგმის თანახმად განხორციელებულ აქტივობებზე დეტალურად დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, გენერალური გეგმის მიხედვით, დედაქალაქში ხუთი მასშტაბური საპარკე არეალი შეიქმნა, ხოლო ერთ მილიონ კვ. მეტრ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების ბალანსი. ძველი გენერალური გეგმისგან განსხვავებით, ახალი გენერალური გეგმით, 1 000 000 კვ. მეტრ ტერიტორიას მიენიჭა რეკრეაციული ზონის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფართობით ნაკლები ტერიტორია განაშენიანდება და ქალაქს მეტი მწვანე სივრცე ექნება. ეს არის სრულიად ახალი არეალები, რომელიც გენერალური გეგმითაა განსაზღვრული: საქალაქო პარკი მტკვრის ჭალებში - 135 ჰა ფართობი, დირსი ჭალის პარკი - 11 ჰა, ვაზისუბნის პარკი - 25 ჰა, დიღმის ჭალების პარკი -15 ჰა, ზღვისუბნის პარკი - 24 ჰა. ამ პროექტების განხორციელებას მნიშვნელოვანი თანხები სჭირდება. შესაბამისად, ისინი მუნიციპალიტეტმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს. აღნიშნული პროექტების ნაწილი დავიწყეთ, ნაწილს ვაგრძელებთ და დეტალურად გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრეზენტაციაზე მოგახსენებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ვიცე-მერის თქმით, 1 400 ჰა ტერიტორიას მიენიჭა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ხოლო 140 მილიონ კვ.მ ტერიტორიას სატყეო ზონა დაედო. „ამასთან, 1 400 ჰა ტერიტორიას მივანიჭეთ ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. ეს არის მწვანე სივრცე, რომელიც დაჰყურებს თბილისს და რომელიც მომავალში განაშენიანებისგან დავიცავით. ახალი გენერალური გეგმით, 140 მილიონ კვ.მ ტერიტორიას დაედო სატყეო ზონა. ეს არის ტყით დაფარული ტერიტორიები, რომელიც მკაცრი რეგულირების ფუნქციურ ზონას წარმოადგენს, სადაც ყოველგვარი ტიპის მშენებლობა დაუშვებელია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის სავარაუდო ადგილი დასახელდა
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ შვეიცარიაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ევროპაში ივნისში დაგეგმილი ვიზიტისას შეხვდება. როგორც Reuters-ი წერს, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული უთანხმოებები ამგვარი შეხვედრის დაწყებამდე უნდა მოგვარდეს. კრემლმა განაცხადა, რომ სამიტის ჩატარების შესაძლებლობას სწავლობს. ცნობისთვის, 20 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ერთმანეთს ისლანდიაში, არქტიკული საბჭოს ფარგლებში, შეხვდებიან.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
18 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინი, ჯამში 93 305 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი განცხადებით, სრულად ვაქცინირებულია 15 077 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 4 045-მა ადამიანმა გაიკეთა.
ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილეს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან საუბრისას ისრაელსა და პალესტინაში ძალადობის დასრულების გზები განიხილა. ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა Twitter-ში დაწერა. "სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ვისაუბრეთ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირსა და აშშ-ს, ერთობლივად შეიტანონ წვლილი ისრაელსა და პალესტინაში ძალადობის დასრულებასა და დაძაბულობის განმუხტვაში. გარდა ამისა, გარდა ამისა, ჩვენ ასევე გვჭირდება გრძელვადიანი ინიციატივები კონფლიქტის დინამიკის შესაცვლელად და მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივის აღსადგენად“, – წერს ბორელი.
საქსტატი: 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით გაიზარდა
2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. საქსტატის ცნობით, 2020 წელს სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წელთან შედარებით შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.6 პროცენტული პუნქტით. ასევე, დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.8 პროცენტული პუნქტით. როგორც საქსტატის ანგარიშშია ნათქვამი, 2020 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 2.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით, 2020 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისის, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში, შესაბამისად 3.8, 2.8 და 1.1 პროცენტული პუნქტით, აღნიშნული მაჩვენებელი უცვლელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში უმუშევრობის დონის კლება ფიქსირდება. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში ქალებთან შედარებით. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.3 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 2.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0,3 პროცენტული პუნქტით. უწყების ინფორმაცოით, 2020 წელს დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წელთან შედარებით, შესაბამისად 2.3 და 0.6 პროცენტული პუნქტით.2020 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (43.9 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (7.3 პროცენტი), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის დაბალი მაჩვენებელი.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველაფერ აკეთებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძული დაიბრუნოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ყირიმი დაიბრუნოს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „77 წლის წინ, ყირიმიდა ყირიმელი თათრების მთელი მოსახლეობა გადაასახლეს. ამის გამო, მათ მოსახლეობის 50% დაკარგეს. 7 წლის წინ, ყირიმი იყო ოკუპირებული. უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა ყირიმში დაჩაგრულთა უფლებები დაიცვას და ნახევარკუნძული დაიბრუნოს. ამიტომაც შევქმენით ყირიმის პლატფორმა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.