ძებნის რეზულტატი:
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელევიზიის უძრავი ქონება დააყადაღა. ამის შესახებ დამფუძნებლების ადვოკატი, კახა კოჟორიძე facebook-ზე წერს. ადვიკატის თქმით, ყადაღა დაედო მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. "სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად. ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქ.ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქ.ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს", - წერს კოჟორიძე.
არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელის დაქირავებას გეგმავს, რომლებიც შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან
მოვითხოვეთ, 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ გადათვლის პროცესს, როცა შევათანხმებთ, რომელი უბნების გადათვლა მოხდება და რა პრინციპით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, კომისიის მუშაობის საკითხზე დასკვნას აპარატი მოამზადებს, რაც დამტკიცების შემთხვევაში ბიუროზე და პლენარულ სხდომაზე გავა. „სამოქმედო გეგმა, რომელსაც დღეს ჩვენ იმედია, დავამტკიცებთ, ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს გარკვეული უბნების გადათვლას, რაც საგამოძიებო პროცესისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია. გადათვლის პროცესი არ არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების ქონასთან. ეს პროცესი პროფესიონალურად რომ წარიმართოს, ბიუჯეტით მოვითხოვეთ 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ ამ გადათვლის პროცესს, როცა შევათანხმებთ, რომელი უბნების გადათვლა მოხდება და რა პრინციპით. ეს ადამიანები განახორციელებენ გადათვლას, მაგრამ ჩვენ ვიქნებით დამსწრე, ზედამხედველი და იმის მაკონტროლებელი, რომ ეს პროცესი სწორად მიმდინარეობს. საჯაროობა და ღიაობა უზრუნველყოფილი რომ იყოს, მნიშვნელოვანი იქნება, პროცესი ლაივსტრიმით, პირდაპირ ეთერში გადაიცეს“, – განაცხადა მიქანაძემ.
ივანე ჩხაიძე: რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო წამახალისებელი კომპონენტების დანერგვა ვაქცინაციისთვის
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ორჯერადად ვაქცინირებულები პირველ რიგში დახურულ სივრცეში უნდა იყვნენ შეუზღუდავი, სერვისის მიღებისთვის, რაც ევროპული პრაქტიკაა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, კინოში, თეატრში, რესტორანში, ბარში და ასე შემდეგ. ის ვაქცინაციისთვის წამახალისებელი კომპონენტების რაც შეიძლება სწრაფად დანერგვის აუცილებლობაზე Europetime-თან საუბრობს. რა წამახალისებელ ზომას განიხილავდა იმუნიზაციის საბჭო, რა წერია იმ წინადადებათა პაკეტში, რომელიც მთავრობას წარედგინება, რა შეღავათები უნდა არსებობდეს ვაქცინირებულებისთვის და როგორ უნდა მივაღწიოთ 60%-ის აცრას. ამ საკითხებზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-ს ესაუბრა. ის პრაქტიკა, რომელიც საქართველოში უნდა დაინერგოს, ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში უკვე დიდი ხანია, მიღებულია. ეს ეხებათ სრულად ვაქცინირებულებს. კერძოდ, ორი ვაქცინის გაკეთების შემდეგ დანია და ავსტრია წავიდნენ იმ გზით, რომ „მწვანე ელექტრონული სერთიფიკატის“ (რომელზეც დაფიქსირებულია ვაქცინირებულის სტატუსი) წარდგენის შემთხვევაში მიიღოს მანამდე აკრძალული მომსახურება. მაგალითად, შევიდეს თეატრში, კინოში, ისარგებლოს რესტორნით, ბარებით და ასე შემდეგ. ანუ, დახურულ სივრცეში შესვლის შეუზღუდავი უფლება აქვს. ასევე, ამ ადამიანებს შეუზღუდავი უფლება აქვთ ევროკავშირის და იმ ქვეყნების ფარგლებში მოგზაურობის, რომლებსაც დაშვებული აქვთ ამ „მწვანე ელექტრონული სერთიფიკატის“ გამოყენების პირობები. ის, რაც ასევე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა დავაინტერესოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ. ის, რაზეც ვისაუბრეთ, წახალისების ერთო ფორმაა, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა ფორმებიც: მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა ნახეს, რომ მოსახლეობის აქტიურობა შედარებით ნაკლებია, გადაწყვიტეს გარკვეული წახალისება. მაგალითად, აშშ-ის ბევრ შტატში მიღებულია მატერიალური წახალისება, ყველა ადამიანს მეორე ვაქცინის გაკეთების შემდეგ 50 დოლარს აძლევენ, ზოგს 100 დოლარს და ასე შემდეგ. სერბეთი 30 ევროს აძლევს, ზოგიერთი ქვეყანა სასურსათო კალათას აძლევს და ასე შემდეგ. ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი ნაწილი იყოს ვაქცინირებული. რას გეგმავს საქართველო ვაქცინაციის წახალისების მიმართულებით საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო დაახლოებით ერთი თვის წინ, მაშინ, როდესაც პირველი სრულად ვაქცინირებულები გამოჩნდნენ. ეს საკითხი ასევე განხილული იყო იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე, წახალისების მექანიზმები შეიძლება, სრულიად განსხვავებული იყოს, დაწყებული ევროპული პრაქტიკიდან, დამთავრებული ქართული ნიუანსით და ინოვაციით. მაგალითად, ერთ-ერთ სხდომაზე განვიხილეთ ერთ-ერთი კომპანიის ინიციატივა, რომ იმ თანამშრომელს, რომელმაც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინაცია, დამატებით ანაზღაურებადი შვებულება მიეცეს. ასევე არსებობს წინადადება, ხომ არ იყოს განხილული საბანკო პროცენტის შემცირების საკითხი, ასევე, კომენდანტის საათის განმავლობაში შეუზღუდავი გადაადგილების საკითხი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კომპონენტია, ეს ყველაფერი დეტალურად არის ჩამოყალიბებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის წინადადებაში, რომელიც მთავრობის სხდომაზე უნდა იყოს განხილული უახლოეს პერიოდში. ანუ, ეს განსხვავებული პაკეტი არსებობს. საქართველოში ჩვენ ვერ წავედით და ვერ წავალთ მატერიალური წახალისების კუთხით, რა თქმა უნდა, თანხას ვერ მისცემ ვაქცინაციისთვის, მაგრამ ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები შეიძლება იყოს შემოღებული იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს. ასევე განიხილებოდა სალონებსა და ფიტნეს კლუბებში შეუზღუდავი შესვლა. დღეს ფიტნეს კლუბში ვერ წახვალ, მაგრამ თუ მე ორი ვაქცინა მაქვს ჩატარებული და ფიტნეს კლუბში მხვდება ასევე ვაქცინირებული ტრენერი, ფიტნეს კლუბი აუცილებლად უნდა გავხსნათ. მაგალითად, თუ რესტორანში არ დამხვდება ორჯერადად ვაქცინირებული, გარკვეული რისკის ქვეშ მაინც ვარ. ამიტომ, სამასპინძლო ბიზნესი უნდა იყოს მზად, რომ ორჯერ ვაქცინირებულებს შესთავაზოს პერსონალი, რომელიც იქნება ასევე სრულად ვაქცინირებული. ყველაზე მობილური მოსახლეობისთვის, 18-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის (რომელთაც ვერ ვთავაზობთ ჯერჯერობით ყველა სახის ვაქცინას. Astrazeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს, თუ ჩანაცვლდება Sinopharm-ით, ასევე, იმედია, Sinovac-ით, რაც ნიშნავს, რომ ასაკის მიუხედავად, ორი ვაქცინის შეთავაზების შესაძლებლობა გვექნება, ასეთ შემთხვევაში, სერვისებით მოსარგებლე ასაკობრივი ჯგუფი მეტი არჩევანით ისარგებლებს, ამ ადამიანების წახალისება აბსოლუტურად დროული და საჭირო იქნება) რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო წამახალისებელი კომპონენტების დანერგვა, რომ მათ ვაქცინა გაიკეთონ. კატეგორიულად ვაქცინის გაკეთებაზე ალბათ 20-25 პროცენტი ამბობს უარს, თუმცა შანსი იმისა, რომ 10-15%-მა პროცენტმა გადაწყვეტილება შეცვალოს, ნამდვილად არის. ამის გამოცდილება გვქონდა ჩვენს კლინიკაში, როდესაც საინფორმაციო საქმიანობამ შედეგი მოგვცა, ახალციხე-ახალქალაქში Unicef-თან ერთად გასვლითი შეხვედრების დროს, ასევე ბევრი ადამიანი დავარწმუნეთ. ასე რომ, არიან ადამიანები, რომლებიც მერყეობენ და საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად აცხადებს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს, მაგრამ ასეთი ადამიანები მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, 20-25%-ს შეადგენს. ამიტომ, ჩვენი სამიზნე დანარჩენი 20%-ია, რომელიც მეთვალყურის და დაკვირვების პროცესშია. ამ ადამიანებისთვის ერთ-ერთი სტიმული შეიძლება იყოს სწორედ ეს წახალისება, რაც შეიძლება, რიგ შემთხვევაში გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. უნდა ატარონ თუ არა ნიღაბი ვაქცინირებულებმა, რა წერია დაავადებათა კონტროლის ცენტრის წინადადებაში რაც შეეხება ნიღბის ტარებას, ორგვარად არის გაყოფილი - შეიძლება, ორმაგად ვაქცინირებულებისთვის დახურულ სივრცეში იყოს ეს დაშვებული, ქუჩაში კი ნიღბის გარეშე გადაადგილდება. მეორე - თუ ეს ადამიანი მოხვდება იმ სივრცეში, რომელიც არის კორონავირუსისგან თავისუფალი, მაგალითად, ჩვენ შეიძლება ქვეყანაში გვქონდეს რესტორანი, რომლის ყველა თანამშრომელი არის ვაქცინირებული, ამ რესტორანში ყველას შეუძლია შესვლა და მაგიდასთან ყველა, ვინც წარადგენს კოვიდპასპორტს, შეიძლება დაჯდეს ნიღბის გარეშე. ანუ, დახურულ სივრცეშიც შეიძლება განიხილებოდეს ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაცია ორჯერადად აქვთ ჩატარებული. ასევე განიხილება კორონავირუსისგან თავისუფალი „მწვანე საავადმყოფოების“ იდეა, სადაც სამედიცინო პერსონალის 80% იქნება ვაქცინირებული. ბევრი ნიუანსია, რომელიც შეიძლება, გასართობმა-სარესტორნო დაწესებულებამ და საავადმყოფომ გაითვალისწინოს. ასე რომ, ეს საკითხები ნამდვილად განიხილება და ვფიქრობ, უახლოესი კვირების განმავლობაში ეს მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, რადგან ჩვენ უკვე ათასობით ადამიანი გვყავს ორჯერადად ვაქცინირებული და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამერიკამ ადრე გადადგა ეს ნაბიჯი და ნიღაბთან დაკავშირებული შეზღუდვები ადრე მოხსნა, იქ ორჯერ ვაქცინირებულების რაოდენობა ძალიან დიდია, ჩვენთან - ცოტა, 2% (90 000 ადამიანი) ნამდვილად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველასთან მოვხსნათ ნიღბის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეში. ჯერჯერობით სკეპტიკურად ვარ განწყობილი დახურულ სივრცეში ნიღბის მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან სამწუხაროდ, ჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა 2 პროცენტს არ აღემატება. ღია სივრცეში შეიძლება გადაადგილდეს და თუ ვინმე გააჩერებს, შეუძლია წარადგინოს თავისი პასპორტი. თვითონ რესტორნის, კინოს, ბარის ინტერესებში უნდა იყოს, რომ მისი თანამშრომლები ორჯერადად ვაქცინირებულები იყვნენ, რადგან მათ უკვე შეეძლებათ დეკლარირება, რომ ის არის კორონასგან თავისუფალი. კომენდანტის საათი შარშან ნოემბერში მკვეთრი მატება მივიღეთ შემთხვევების, ეს მწარე გამოცდილება გვაქვს და მისი გამორიცხვა არაფრით შეიძლება. კომენდანტის საათი აუცილებლად უნდა დარჩეს. მისი ორი საათით გადაწევა პირველი ნაბიჯია, თუმცა სრულად გაუქმებაზე ჯერ საუბარი არ უნდა იყოს, ვინაიდან ინფექცია სწორედ შეხვედრებზე ვრცელდება, მათ შორის, საყოფაცხოვრებო კონტაქტის და კვების დროს. კოვიდსტატისტიკა მიმდინარე კვირა იქნება გადამწყვეტი, თუ ჩვენ 1500-დან ჩამოვედით 1200-1000-ზე და ასე შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გვქონდა. პიკი იყო 5 მაისს, როდესაც 2100 ინფიცირებული გვყავდა. სწორედ ამ რიცხვიდან ორი კვირას არის მნიშვნელოვანი. თუ სტაბილურად შემცირებისკენ წავალთ ამ კვირიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ წარმატებით დასძლია მესამე ტალღა. ახლა 15000 აქტიური შემთხვევა გვაქვს, მეორე ტალღის დროს - 31 000 გვქონდა. გარდაცვალების მაჩვენებელი ორი კვირის დაგვიანებით პასუხობს ინფიცირების მაჩვენებელს. მაისის დასაწყისში გვქონდა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და ორი კვირის შემდეგ ვიღებთ გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი მძიმედ დაინფიცირდა, ლეტალობა ინფიცირებიდან ორი კვირის შემდეგ დგება. ამიტომ ვამბობ, ინფიცირების პიკი და გარდაცვალების მაჩვენებელი ამ კვირაში გვექნება სავარაუდოდ მაღალი. ზაფხულის გავლენა ინფექციაზე შარშან გვქონდა მოლოდინი, რომ კორონავირუსის გავრცელება, ისევე როგორც,სხვა რესპირატორული ინფექციების, შემცირდებოდა. ეს არ აღმოჩნდა მართალი და შემთხვევების მატება სწორედ აგვისტო-სექტემბერში დაგვეწყო მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ ყველაფერი დამთავრებულია. ასე რომ, ზაფხული ისეთივე საშიშროების მომტანია ჩვენთვის, როგორც ზამთარი. ერთადერთი პლუსია, რომ ზაფხულში უფრო მეტი ადამიანია ღია სივრცეში, რაც ვირუსის გავრცელების ალბათობას ამცირებს. მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხული უკეთ ჩაივლის, თუმცა იმის თქმა, რომ ზაფხულში კორონავირუსი აღარ იქნება, არასწორია. ბევრმა ქვეყანამ პიკი სწორედ ამ პერიოდში გადაიარა. ვაქცინების ეფექტურობა შტამების მიმართ პოსტავტორიზაციის შემდგომი კვლევით, ყველა ვაქცინის ეფექტურობა, რომელიც დღეს მსოფლიოშია, მხოლოდ ჩინური შტამის მიმართ იყო გამოცდილი. რამდენიმე ვაქცინაზე ვიცით, რომ კარგად მოქმედებენ როგორც ჩინურ, ასევე მუტაციის შემდეგ მიღებულ შტამზე, როგორიცაა, ბრაზილიური და ბრიტანული. Sinopharm-ის შესახებ კვლევები არსებობს და ისინი კარგად მოქმედებენ ზოგიერთ მუტაციაზე, მაგრამ ყველაზე ჯერჯერობით ეს მონაცემი არ გვაქვს. ჯანმოს განმარტებით, ეს ვაქცინები ყველაზე მეტად ეფექტურია ორიგინალი, ჩინური შტამის მიმართ, მაგრამ სხვა მუტაციის შემთხვევაში ეფექტურობა არის, თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე ჩინური შტამის მიმართ. ბრიტანულ შტამს აქვს 74%-ით, ბრაზილიურს 152%-ით მეტი გადამდებობა, ვიდრე ჩინურს. ასე რომ, ყველა მუტაცია ცალ-ცალკე უნდა იყოს განხილული. ინდური შტამის დეტალური შესწავლა მარტში დაიწყო. Sinopharm-ი გვერდითი მოვლენების გამოხატვის ინტენსიურობის მიხედვით, ბევრად უფრო უსაფრთხოა, ეს ეფუძნება არამარტო მესამე ფაზის კვლევებს, არამედ ამ ვაქცინის გამოყენებას ასეულ-ათასობით ადამიანში. ანაფილაქსიური შოკი და გარდაცვალების შემთხვევა მისი გამოყენების შემდეგ დაფიქსირებული არ არის. რაც შეეხება ეფექტურობის მაჩვენებელს, 70%-ზე მაღალია, რაც ჯანმოს მიერ განიხილება, როგორც კარგი ეფექტურობა. აქედან გამომდინარე, როგორც Sinopharm-ს, ასევე Sinovac-ს, ჩვენ ეფექტურ და კარგ ვაქცინებად განვიხილავთ. კოლექტიური, პოპულაციური იმუნიტეტი კოლექტიური, პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად ქვეყანას უნდა შეეძლოს დიდი ვაქცინების შეთავაზება. მილიონობით ვაქცინა გვჭირდება მასობრივი იმუნიზაციისთვის. დღეს შეზღუდვა გვაქვს როგორც ასაკობრივი, ასევე რაოდენობრივი. ამიტომ, დღეს ამაზე ლაპარაკი ადრეა. მაგრამ თუ ჩვენ გვექნება ზაფხულში ეს რაოდენობა, ყოველდღიურად 15 000 ადამიანამდე უნდა აიცრას. ეს ნიშნავს, რომ ორ თვეში ავცრით ერთ მილიონ მოსახლეობას. დღევანდელი სტატისტიკით, 60%-ის აცრას ვერ მივაღწევთ, მართლაც ორი წელი დაგვჭირდება, მაგრამ თუ მასიური იმუნიზაციის დროს 15 000 ვაქცინირებული მივიღეთ, ამას სჭირდება ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინება, როდესაც ღია/დახურულ სივრცეებში ატარებენ ვაქცინაციას. უნდა გაორმაგდეს იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება. ეს საკითხი განხილულია, ძალიან დიდი მარაგი გვაქვს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების სახით, რადგან ბავშვების ვაქცინაცია ამ რგოლში ტარდება და ეს ექიმები სრულიად მზად არიან. მათი გამოყენება მასიური ვაქცინაციის დროს გადამწყვეტი იქნება, რომ 60%-იან ზღვარს მივაღწიოთ.
საბანკო პროცენტის შემცირება, დამატებით ანაზღაურებადი შვებულება - რა წამახალისებელი მექანიზმები განიხილება ვაქცინაციისთვის
რას გეგმავს საქართველო ვაქცინაციის წახალისების მიმართულებით, საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო დაახლოებით ერთი თვის წინ, მაშინ, როდესაც პირველი სრულად ვაქცინირებულები გამოჩნდნენ. ეს საკითხი ასევე განიხილეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე, ამასთან დაკავშირებით, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე Europetime-ს ესაუბრა. მისი განცხადებით, ვაქცინაციის წახალისების საკითხი განხილული იყო იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე და ეს მექანიზმები შეიძლება, სრულიად განსხვავებული იყოს, დაწყებული ევროპული პრაქტიკიდან, დამთავრებული ქართული ნიუანსით და ინოვაციით. „მაგალითად, ერთ-ერთ სხდომაზე განვიხილეთ ერთ-ერთი კომპანიის ინიციატივა, რომ იმ თანამშრომელს, რომელმაც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინა, დამატებით ანაზღაურებადი შვებულება მიეცეს. ასევე არსებობს წინადადება, ხომ არ იყოს განხილული საბანკო პროცენტის შემცირების საკითხი, ასევე, კომენდანტის საათის განმავლობაში შეუზღუდავი გადაადგილების საკითხი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კომპონენტია, ეს ყველაფერი დეტალურად არის ჩამოყალიბებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის წინადადებაში, რომელიც მთავრობის სხდომაზე უნდა იყოს განხილული უახლოეს პერიოდში. ეს განსხვავებული პაკეტი არსებობს. საქართველოში ჩვენ ვერ წავედით და ვერ წავალთ მატერიალური წახალისების კუთხით, რა თქმა უნდა, თანხას ვერ მისცემ ვაქცინაციისთვის, მაგრამ ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები შეიძლება იყოს შემოღებული იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს. ასევე განიხილებოდა სალონებსა და ფიტნეს კლუბებში შეუზღუდავი შესვლა. დღეს ფიტნეს კლუბში ვერ წახვალ, მაგრამ თუ მე ორი ვაქცინა მაქვს ჩატარებული და ფიტნეს კლუბში მხვდება ასევე ვაქცინირებული ტრენერი, ფიტნეს კლუბი აუცილებლად უნდა გავხსნათ. მაგალითად, თუ რესტორანში არ დამხვდება ორჯერადად ვაქცინირებული, გარკვეული რისკის ქვეშ მაინც ვარ. ამიტომ, სამასპინძლო ბიზნესი უნდა იყოს მზად, რომ ორჯერ ვაქცინირებულებს შესთავაზოს პერსონალი, რომელიც იქნება ასევე სრულად ვაქცინირებული. რაც შეეხება ნიღბის ტარებას, ორგვარად არის გაყოფილი - შეიძლება, ორმაგად ვაქცინირებულებისთვის დახურულ სივრცეში იყოს ეს დაშვებული, ქუჩაში კი ნიღბის გარეშე გადაადგილდება. მეორე - თუ ეს ადამიანი მოხვდება იმ სივრცეში, რომელიც არის კორონავირუსისგან თავისუფალი, მაგალითად, ჩვენ შეიძლება ქვეყანაში გვქონდეს რესტორანი, რომლის ყველა თანამშრომელი არის ვაქცინირებული, ამ რესტორანში ყველას შეუძლია შესვლა და მაგიდასთან ყველა, ვინც წარადგენს კოვიდპასპორტს, შეიძლება დაჯდეს ნიღბის გარეშე. ანუ, დახურულ სივრცეშიც შეიძლება განიხილებოდეს ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაცია ორჯერადად აქვთ ჩატარებული. ასევე განიხილება კორონავირუსისგან თავისუფალი „მწვანე საავადმყოფოების“ იდეა, სადაც სამედიცინო პერსონალის 80% იქნება ვაქცინირებული. ბევრი ნიუანსია, რომელიც შეიძლება, გასართობმა-სარესტორნო დაწესებულებამ და საავადმყოფომ გაითვალისწინოს. ასე რომ, ეს საკითხები ნამდვილად განიხილება და ვფიქრობ, უახლოესი კვირების განმავლობაში ეს მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, რადგან ჩვენ უკვე ათასობით ადამიანი გვყავს ორჯერადად ვაქცინირებული და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ჯანმო აშშ-ის მიერ სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების გაზიარებას მიესალმება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი მიესალმება შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ-მ სხვა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 80 მილიონი დოზა გაუზიაროს. „მისასალმებელია პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და შეერთებული შტატების მიერ აღებული ვალდებულება, ღარიბი ქვეყნებისთვის 80 მილიონი დოზა „კოვიდ-19“-ის ვაქცინის გაცემაზე. ჩვენ ღრმად ვაფასებთ თქვენს ერთგულებას გლობალური ჯანდაცვის მიმართ“, – წერს გებრეიესუსი Tweeter-ზე. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ სხვა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვეყნეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა ერთობლივი საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნეს. საგადასახო დეკლარაცია გამოაქვეყნა ვიცე-პრეზიდენტმა კამილა ჰარისმაც. საგადასახადო დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს ჯო ბაიდენმა შემოსავლების სახით 607 336 დოლარი მიიღო და 157 414 დოლარის ფედერალური საშემოსავლო გადასახადი გადაიხადა. ნიშანდობლივია, რომ ბაიდენების შემოსავლები გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა – 2019 წელს ოჯახის ჯამური შემოსავალი $985 223 დოლარს შეადგენდა. პრეზიდენტის ოჯახის ძირითად შემოსავალს გასულ წელს შეადგენდა საპენსიო ფონდიდან მიღებული დანაზოგი, ასევე წიგნებიდან და გამოსვლებიდან მიღებული ჰონორარები. თავიანთი შემოსავლის დაახლოებით 26 % ბაიდენებმა გადასახადის სახით ფედერალურ ბიუჯეტში ჩარიცხეს, ხოლო 5% - დელავერის შტატისაში, სადაც წყვილი თეთრ სახლში გადასვლამდე ცხოვრობდა. გარდა ამისა, 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ შემოსავლების 5% (30 000 დოლარი) ქველმოქმედებაზე დახარჯეს. ბაიდენის ამჟამინდელი ხელფასი 400,000 დოლარია. ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და მისმა მეუღლემ, დაგ ემჰოფმა 2020 წელს, დაახლოებით 1,695,225 დოლარი მიიღეს. ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ოჯახის შემოსავლის უდიდეს ნაწილს შეადგენდა მისი მეუღლის, მასმედიისა და გასართობი ინდუსტრიის სფეროში მოღვაწე იურისტის, დაგ ემჰოფის, მიერ მიღებული ჰონორარი. ფედერალური გადასახადების სახით კი მათ 621,893 დოლარი გადაიხადეს. 27 006 დოლარი ჰარისმა ქველმოქმედებაში დახარჯა. ჰარისმა 359 000 დოლარი ავანსის სახით მიიღო თავისი წიგნისთვის, „ჩვენ ჭეშმარიტება, რომელსაც ჩვენ ფლობთ“.
რუსეთში აშშ-ს კონსულმა ქვეყანა დატოვა - ვაშინგტონი საელჩოში შტატებს ამცირებს
The Moscow Time-ის ინფორმაციით, აშშ-ის გენერალურმა კონსულმა ეკატერინბურგში თანამდებობა და ქვეყანა დატოვა, მას შემდეგ, რაც ოფიციალური ვაშინგტონი ამცირებს საელჩოში საკონსულო მომსახურეობებსა და ოპერაციებს. აპრილში აშშ-მ შეაჩერა სავიზო მომსახურება, ისევე როგორც აშშ-ს მოქალაქეთა მომსახურება ეკატერინბურგსა და ვლადივასტოკში, რის გამოც აშშ-ს საელჩო მოსკოვში დარჩა, როგორც ქვეყნის ერთადერთი დიპლომატიური მისია რუსეთში. გენერალურმა კონსულმა იმედი გამოთქვა, რომ ეკატერინბურგში დიპლომატიური მისიის მუშაობა სწრაფად განახლდება. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში, აშშ-ს საელჩომ 14 მაისს განაცხადა, რომ ის დროებით, 16 ივლისამდე განაახლებს აშშ-ის მოქალაქეების მომსახურებას - პასპორტებთან, დაბადების მოწმობებსა და სანოტარო საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშულს საფუძვლად რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უდევს, რომლის მიხედვითაც, უნდა გადაიდოს უცხო ქვეყნების მოქალაქეთა სამსახურში აყვანის აკრძალვა. ცნობისთვის, 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს. რამდენიმე კვირის წინ, მოსკოვში აშშ-ს საელჩო იტყობინებოდა, რომ 12 მაისიდან, საელჩო მომსახურებების რაოდენობასა და საკონსულო განყოფილების პერსონალს 75%-ით შეამცირებდა.
თამარ გაბუნიამ ჩინური Sinovac-ით ვაქცინაციის დაწყების დრო დაასახელა
Sinovac-ით ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "ზუსტ თარიღს დამატებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი გააჟღერებს. Sinovac-ი ელოდება ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს Sinovac-ის შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნეს მოცული და მოსახლეობას ჰქონდეს ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა, ამიტომ Sinovac-ით ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შესაძლოა, საქართველომ მალე Novavax-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინები მიიღოს
მოსალოდნელია, Covax-ის პლატფორმიდან საქართველომ მოკლე ხანში Novavax-ისა და Johnson & Johnson-ის დოზები მიიღოს, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „ასევე Pfizer-ის დოზების შესახებ არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას. მიდის მუშაობა Sinopharm-ის დამატებითი დოზების მიბილიზებაზე. ეს ყველაფერი საბჭოსთან შეთანხმდა. ასევე გასული კვირის განმავლობაში Novavax-ის და Moderna-ს ვაქცინების მობილიზებაზე. ყველა ეს საჭიროება განხილულია ხარჯთაღრიცხვის კუთხითაც და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია“, - განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოში აცრა სულ სამი ვაქცინით მიმდინარეობს, ესენია: Pfizer-ი, Sinopharm-ი და AstraZeneca.
"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის
ევროპული საქართველო პარლამენტში არ შედის - განცხადება პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდგ გააკეთა. გიგა ბოკერიას თქმით, პარტიაში ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა. თუმცა, პარტიას ასათვისებელი აქვს 2 მანდატი - სავარაუდოდ ერთს გამოიყენებს ტარიელ ნაკაიძე და ამ შემთხვევაში ის "ევროპულ საქართველოს" დატოვებს, ხოლო მეორე მანდატი ელენე ხოშტარიას ეკუთვნის, რომელმაც "ევროპული საქართველო" უკვე დატოვა და პარლამენტში შესვლაზეც უარს ამბობს. "ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვნად, პარტიის პოზიცია არის, რომ ევროპულმა საქართველომ, ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ამიტომ ევროპული საქართველო იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არ გამოიყენებს. სამწუხაროდ, ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში განსხვავებული აზრი გვქონდა.... ჩვენ რადგან პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის ამ პარლამენტში ევროპულ საქართველოს არ წარმოადგენს",-თქვა გიგა ბოკერიამ. ვროპულ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში სულ 5 მანდატი ჰქონდა. აქედან 3 მანდატი გამოიყენა პარტიიდან წასულმა დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ. არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე პარტია "ლელოს" საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანდნენ პარლამენტში შესვლის შემდეგ. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ორი მთავარი საკითხის განხილვა მოხდა. ბოკერიას თქმით, პარტიის წევრებმა და წარმომადგენლებმა განიხილეს მომავალი პოლიტიკური კამპანიისა და სტრატეგიის საკითხი. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საწვავზე აქციზის ფასის დაწევასთან ერთად, მოხდება მიწასა და ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმების მოთხოვნა, რაც პოლიტიკური კამპანიის სახეს შეიძენს. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, პოლიტსაბჭოზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკანონმდებლო ორგანოში პარტიის ჩართვა-არ ჩართვაც იყო. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვანი პოზიცია დაფიქსირდა, რომ პარტია გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში. „ორი მთავარი საკითხი იყო დღევანდელ პოლიტსაბჭოზე: პირველი ეს არის ჩვენი შემდგომი სტრატეგიისა და პოლიტიკური კამპანიის საკითხი, რომელიც დავიწყეთ დღეს თბილისში გადასახადებისა და საწვავის აქციზის დაწევასთან დაკავშირებით და ჩვენ ახლა გავიარეთ მთელ საქართველოში ამ კამპანიის გაგრძელების საკითხი, ეს არის გადასახადების დაწევა, პირველ რიგში საწავავზე, რაც გაუადვილებს ყველა მოქალაქეს სიცოცხლეს და მეორე ეს არის კერძო საკუთრების საკითხი მიწაზე და ტყეზე, სადაც უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ადამიანებს, რომლებიც ვერ ინახავენ საკუთარ ოჯახებს ამ შეზღუდვებისა და რეგულაციების გამო და სახელმწიფოს ხელში ამ რესურსების მონოპოლიზაციის გამო. ასევე განსახილველი საკითხი იყო ბოიკოტის თემა, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი იმ ახალ რეალობაში, რომელიც შედგა სამწუხაროდ, შეთანხმებაზე ჩვენი პარტნიორი პარტიების ნაწილის მხრიდან ხელმოწერის შემდეგ. ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვნად პარტიის პოზიცია არის, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან პოლიტიკურად „ევროპული საქართველო“ იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს. სამწუხაროდ, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი, ტარიელ ნაკაიძეს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მას ჰქონდა სურვილი, ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი, უფრო მეტიც, ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ პარტიის შიგნით გვქონდა, რომ თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში და აღდგებოდა სიები, ის კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა თავის ადგილს, მაგრამ ჩვენ რახან პარტიულად, პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის არ წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს“ ამ პარლამენტში, ხოლო იმ ერთ მანდატს, რომელიც ჩვენ ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიციის გამო გვაქვს, არ გამოვიყენებთ. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია რჩება მყარი, ჩვენ არ არ ვწყვეტთ ბოიკოტს და არ ვცვლით ჩვენ პოზიციას ამ პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ“, - განაცხადა ბოკერიამ.
ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო" დატოვა
ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო" დატოვა და პარლამენტში, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესვლას აპირებს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. "გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, მე ვემხრობი ამ გადაწყვეტილებას და ვუჭერ მხარს ამ მიმართულებით. თუმცა ჩემი სპეციფიკური ბექგრაუნდიდან გამომდინარე და იმ წარმომადგენლობით ფორმიდან გამომდინარე, რომელიც მე ამ შემთხვევაში მაქვს უმცირესობებთან დაკავშირებით და ყველა ის გამოკითხვა,რომელიც მე ვაწარმოე ამ დროის განმავლობაში, მაძლევს საფუძველს, რომ მე დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი. რა თქმა უნდა, ვერ წარმოვადგინო "ევროპული საქართველო",- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველო პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჰაკერების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ახანგრძლივებენ
Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსი, ჩინელი და ჩრდილოეთ კორეის ჰაკერების წინააღდმდეგ სანქციებს ახაგრძლივებენ. როგორც გამოცემა წერს, ორშაბათს, ბლოკმა ჰაკერების წინააღმდეგ გააფართოვა ინსტრუმენტი, რომელიც მათ აქტივების გაყინვისა და უცხოეთში მოგზაურობის აკრძალვის საშუალებას აძლევს. ბლოკის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კიბერშეტევების შემზღუდველი ზომების ჩარჩო 2022 წლის 18 მაისამდე გახანგრძლივდეს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა პირველი სანქციები კიბერთავდასხმების საპასუხოდ 2020 წლის ივლისში დააწესა. სანქციები მიზნად ისახავდა რუს, ჩინელ და ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერების წინააღმდეგ შემზღუდველ მექანიზმებს. 2020 წლის ოქტომბერში ბლოკმა დააწესა სანქციები რუსეთის დაზვერვის ორ ოფიცერსა და 2015 წელს გერმანიის პარლამენტის ჰაკერულ თავდასხმაში მონაწილეობის გამო GRU-ს სამხედრო სადაზვერვო სამსახურების ერთეულზე.
ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
Euronews-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გამოცემა წერს, რომ დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, რადგან მისი ”მოქმედება ეწინააღმდეგება მასპინძელ ქვეყანაში უცხოელი დიპლომატის ქცევას”. გავრცელებული ინფორმაციით, მაკედონიამ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ უკვე განაცხადა. ჩრდილოეთ მაკედონიაში რუსეთის ელჩს 14 მაისს გადასცეს ნოტა, რომლის მიხედვითაც მას შვიდი დღე მისცეს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად. სკოპიეში მდებარე რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომების გატარებას განიხილავენ.
ზურაბ ჯაფარიძე: ვაპირებ, თბილისი მერობის კანდიდატი ვიყო
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისის მერობა სურს, თუმცა, თუ ოპოზიცია მას საერთო კანდიდატად შეარჩევს, მისთვის უკეთესი იქნება, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. "თუ შემოთავაზება იქნება, თანახმა ვარ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი ვიყო. ისედაც ვაპირებ, კანდიდატად რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი ვიქნები, ცხადია, უკეთესია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) მეთაურს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტად ბელგიაში იმყოფება, სადაც NATO-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს. თავდაცვის ძალების მეთაურმა ვიზიტი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) მეთაურთან-მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალთან ევროპაში (SACEUR) გენერალ ტოდ ვოლტერსთან შეხვედრით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და NATO-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. "გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ ტოდ ვოლტერსს აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ საქართველოსთვის გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ახალ ინიციატივებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებასა და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს NATO-სთან თავსებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს. საუბარი შეეხო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივას - NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC), რომელიც წარმატებით ახორციელებს როგორც ეროვნულ, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან გეგმებსა და რეფორმების მთავარ მიმართულებებზე. გენერლებმა შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP). განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუცია წარმოადგენდა. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის ძალების მეთაური უცხოელ კოლეგებს შეხვდება და NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა. ის საქართველოში, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მოიწვია. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, სასოლმა მიწვევა მიიღო. ეს საქართველოში ევროპარლამენტის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება. კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია. პარლამენტის დელეგაციაში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.
ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება
Kuwait Airways თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება. 4 ივნისიდან ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Airways ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს. ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. Kuwait Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2018 წელს დაიწყო
გოგი წულაიამ ისევ დაიწყო შიმშილობა, ის უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც
პოლიტიკოსი გოგი წულაია საპატიმრო დაწესებულებაში ერთი კვირაა შიმშილობს, მოსამართლისა და პროკურორის აცილების მოთხოვნით. ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში წულაია წერს, რომ მისი წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული. „10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამარათლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგრძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინდე და დედა მოვუკითხე, ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია. მივიღე გადაწყვეტილება უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს, მოთხოვნა ერთია გამიკეთონ აცილება მოსამართლეზე და ასევე პროკურორზე, რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში“, - წერს გოგი წულაია. გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, გოგი წულაიას თავი კვლავ, პოლიტიკურ დევნილად მიაჩნია. „გუშინ დაიწყო შიმშილობა, უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუგრძელა, პატიმრობაზე ვადის გაგრძელების საფუძველი არ არსებობდა. მითითებული იყო, თითქოს დაზარალებულზე მოახდენს ზეწოლასო, მას მიაჩნია, რომ არ იყო სამართლებრივი საფუძველი, კვლავ პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს თავი, აქედან გამომდინარე აცხადებს პროტესტს“, - აღნიშნავს გელბახიანი. მისივე თქმით, გოგი წულაია საქმის პროკურორის და მოსამართლის აცილებას ითხოვდა, რაზეც უარი უთხრეს.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იცვლება
გადაადგილებაზე შეზღუდვის 23:00 საათამდე გადაწევასთან დაკავშირებით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება. როგორც კომპანია „ინტერტრანსის“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 19 მაისიდან განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ კომპანია დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები. კონკრეტულად: თოდრიის ქუჩიდან დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 20:00 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:00 საათზე გამოვა; მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 20:30 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:30 საათზე გამოვა; ძველი ბაზრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 20:30 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:30 საათზე გამოვა; მეგობრობის გამზირიდან კონკრეტულად კი გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან ვარკეთილის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 20:30 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:30 საათზე გამოვა; რუსთავის რკინიგზის სადგურიდან (ე.წ 96-ე სამარშრუტო ხაზი) დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 17:30 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:00 საათზე გამოვა; ფიროსმანის ქუჩიდან (ე.წ ალდაგის სამარშრუტო ხაზი) სპორტის სასახლის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 20:45 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:50 გამოვა; მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:00 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:00 საათზე გამოვა; ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ისთ ფოინთის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 18:00 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:20 საათზე გამოვა; მე-19 მიკრორაიონიდან, მაღლივი კორპუსის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:00 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:00 საათზე გამოვა; „უცვლელი რჩება რუსთავიდან ლილოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკი. (თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით დამატებითი ცვლილებები განხორციელდა, ამის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება). კომპანია „ინტერტრანსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიფრთხილე გამოიჩინეთ საკუთარი თანხების განკარგვისას - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შესაძლო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს, უცხოური ბანკები და ორგანიზაციები სესხის მიღებას გარკვეული თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ სთავაზობენ. გასათვალისწინებელია, რომ შეტყობინებებში მითითებული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. შესაბამისად, არსებობს ამ სქემით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა სახის თაღლითობის განხორციელების რისკი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი თანხების განკარგვისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის შეთავაზება საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებიდან მოდის. ნებისმიერი შეთავაზების შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ეს შეთავაზება ლეგიტიმურია და თაღლითობის ნიშნებს არ შეიცავს. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს - 2 406 406" , - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.