ძებნის რეზულტატი:
ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს დღეს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ისლანდიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება. ეს ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის პირველი ორმხრივი შეხვედრა იქნება. შეხვედრა არქტიკული საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება. არქტიკულ საბჭოში რვა ქვეყანა - კანადა, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი და აშშ შედიან. ცნობისათვის, 13 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 160 ადამიანს დაუდასტურდა, 1 302 გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 209 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 023 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 186 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 333 601-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.81%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 302 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 313 651-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 519 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 588 შემთხვევა, აჭარა - 86, იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 53, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 110, კახეთი -51, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 405, საიდანაც: 4 243 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 344, აჭარაში - 479, იმერეთში - 539. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 918 პირი, მათ შორის, თბილისში - 449, აჭარაში - 93, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 367 - თბილისში, 270- აჭარაში. 10 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 62, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 18 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 678 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 491 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 872 პირი, აჭარაში - 1 436, იმერეთში - 1 613.
აშშ-მა ერდოღანი ისრაელთან დაკავშირებული კომენტარის გამო გააკრიტიკა
აშშ-მა თურქეთის პრეზიდენტი ისრაელთან დაკავშირებული კომენტარის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ უცხოური მედია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. „შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პრეზიდენტ ერდოღანის ბოლოდროინდელ ანტისემიტურ კომენტარს ებრაელ ხალხთან დაკავშირებით და გმობს მას“, - აღნიშნა განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. ”ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ ერდოღანს და თურქეთის სხვა ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა”, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ერდოღანმა ისრაელი პალესტინელების მიმართ ტერორიზმში დაადანაშაულა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს
„ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით, Facebook-ზე წერს. „დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა.
სახელმწიფო მინისტრი: გიგა ოთხოზორია არის ოკუპაციის სისასტიკის და უსამართლობის მსხვერპლი, რამაც არაერთი ჩვენი სხვა გმირი შეიწირა
„გიგა ოთხოზორია არის ოკუპაციის სისასტიკის და უსამართლობის მსხვერპლი, რამაც არაერთი ჩვენი სხვა გმირი შეიწირა“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. მისი თქმით, ყოვლად მიუღებელია მსგავსი განუკითხაობა და გიგას, ისევე როგორც ტატუნაშვილის, ბაშარულის და კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილეების ამ დრომდე დაუსჯელობა. „დღეს ხუთი წელი შესრულდა გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობიდან, რაც თითოეული ჩვენგანის და სრულიად საქართველოს ტრაგედიაა. გიგა არის ოკუპაციის სისასტიკის და უსამართლობის მსხვერპლი, რამაც არაერთი ჩვენი სხვა გმირი შეიწირა. ყოვლად მიუღებელია მსგავსი განუკითხაობა და გიგას, ისევე როგორც ტატუნაშვილის, ბაშარულის და კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირების ამ დრომდე დაუსჯელობა. საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას, რომლის დასრულებისთვის, ისევე როგორც ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფისთვის, ნამდვილად სრული შემართებით და ძალისხმევით ვაგრძელებთ მუშაობას. საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობასა და ბერკეტს, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. თქვენ იცით, მკვლელს დაუსწრებლად სასამართლოს მიერ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გიგა ოთხოზორიას დედას, მეუღლეს, შვილებს და ვუთხრა, რომ ნამდვილად სახელმწიფო არასდროს დაივიწყებს საკუთარ გმირებს“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა. გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა.
ირაკლი შოთაძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. გენერალურ პროკურორთან ერთად, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გენერალური პროკურორის მოადგილეები და პროკურატურის სხვა თანამშრომლები აიცრნენ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება და პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ეტაპობრივად აიცრებიან.
დონალდ ტრამპის ერთ-ერთი კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურატურამ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „Trump Organization-ს შევატყობინეთ, რომ ჩვენი გამოძიება უკვე აღარ ატარებს მხოლოდ ადმინისტრატიულ ხასიათს. ამჟამად ნიუ-იორკის ოლქის პროკურორთან ერთად გამოძიებას სისხლის სამართლის ჭრილში ვატარებთ“, - ნათქვამია განცხადებაში. 2020 წლის მარტში ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა კომპანია Trump Organization-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიება ეჭვობს, რომ კრედიტების მიღების მიზნით, კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა თავისი აქტივების ღირებულება. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტიზს ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ Trump Organization-ში, სადაც ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, აღნიშნულ პრაქტიკას იყენებდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-საქართველოს ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის ძალების მეთაური სიტყვით გამოვიდა და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო გააცნო და არსებული გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს სამხედრო კომიტეტს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, მიმდინარე რეფორმებსა და თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან, 10-წლიან ხედვაზე. ასევე, აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ურთიერთთავსებად ძალად ჩამოყალიბების კუთხით. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) როლსა და შესაძლებლობებზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობასა და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზე. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ასევე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობაზე ნატო-ს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, რაზეც ხაზგასმით აღინიშნა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება უსაფრთხოების საერთო მიზნებისთვის. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შეხვედრები გამართა ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალთან (SACEUR)/აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან (EUCOM) გენერალ ტოდ ვოლტერსთან და უცხოელ კოლეგებთან.
საფრანგეთში ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, კვების ობიექტები გაიხსნა
საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესეული შეზღუდვები შემსუბუქდა. BBC-ის ინფორმაციით, გაიხსნა ბარები, რესტორნები და კულტურული სივრცეები. როგორც ცნობილია, რესტორნის გარე სივრცეებში, ტერასებზე 6-მდე ადამიანს შეეძლება სადილობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საფრანგეთში ვაქცინაციის კამპანია დაჩქარდა, 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მინიმუმ ვაქცინის ერთი დოზა და თითქმის 9 მილიონმა მიიღო ორივე. ცნობისთვის, საფრანგეთში კაფეებმა და რესტორნებმა მომხმარებლების მომსახურება ექვსთვიანი დახურვის შემდეგ განაახლეს.
M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების შესახებ თავდაცვის სამინისტროსა და ებრაულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა
M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების მიზნით, ახალი ქართულ-ებრაული საწარმო სსსტც „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოს ამოქმედდება. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ებრაული კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას თავდაცვის სამიისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „დელტას“ პატრონაჟით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საწარმოში M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი წარიმართება. M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. სამომავლოდ განიხილება საწარმოს ფუნქციური დატვირთვის გაზრდა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოება. ასევე, საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობა. პროექტის მიხედვით, საწარმოში დამზადებული იარაღი თავდაცვის ძალებს გადაეცემა. ასევე, დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება.
თბილისის მეტროპოლიტენის პირველი მემანქანე გარდაიცვალა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გარდაიცვალა მემანქანე ანდრო ხიხაძე, კაცი, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა 1966 წელს, თბილისის მეტროს გახსნის დღეს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია ღრმა მწუხარებით აცხადებს, რომ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის მეტროს ღვაწლმოსილი ვეტერენი თანამშრომელი ბ-ნ ამბროსი (ანდრო) ხიხაძე. ბატონი ანდრო იყო ერთერთი ის მემანქანე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა თბილისის მეტროს გახსნის დღეს 1966 წლის 11 იანვარს. ანდრო ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა დაიწყო 1965 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორად, შემდგომ იყო დეპოს უფროსი და მოძრავი შემადგენლობის სამსახურის უფროსი….“ - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში წლების წინ ბატონი ანდრო ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ ელმავლის მემანქანეობაზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოცნებობდა.
CEPS-ის მკვლევარი თინათინ ახვლედიანი: ასოცირებულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სისტემურ ხასიათს მიიღებს
ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS), რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროინტეგრაციის გზასთან დაკავშირებულ კვლევებს პერიოდულად ატარებს, ამჟამად, ევროკავშირი-საქართველოს DCFTA - ს შემდგომ შეფასებაზე მუშაობს. ეს იქნება DCFTA – ს პირველი ფაქტობრივი ანალიზი/შეფასება, ევროკომისიის და DG Trade - ის დაკვეთით. კვლევის შედეგები გაგვაცნობს, თუ რა გავლენა აქვს DCFTA – ს საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და მდგრად განვითარებაზე, აგრეთვე ევროკავშირის სავაჭრო და სამეზობლო პოლიტიკაზე. საბოლოო ანგარიში ერთ წელიწადში გამოქვეყნდება. მანამდე კი, Europetime-ის შეკითხვებს ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS) მკვლევარმა, თინათინ ახვლედიანმა უპასუხა იმის თაობაზე, თუ რა პოზიციაზეა საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების და ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით და არსებული კრიზის გადაჭრა ხომ არ უხსნის ახალ შესაძლებლობებს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. მასთან საუბარი „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ შეკითხვით დავიწყეთ. _რას ნიშნავს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნება როგორც ამ სამი ქვეყნისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. რა განაცხადია ეს ქვეყნებისგან, რომელთა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. მემორანდუმი, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყნებმა ორი დღის წინ მოაწერეს ხელი, ხაზს უსვამს საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მზაობას ევროკავშირთან ურთიერთობის გასაღრმავებლად. აღსანიშნავია, რომ ეს ამ ქვეყნების უკვე მეორე მცდელობაა, საფუძველი ჩაუყარონ ევროკავშირთან დაახლოების ე.წ. „ტრიოს“ ფორმატს. პირველად, „ტრიოს“ ფორმატში ევროკავშირთან ოფიციალური დიალოგის შესახებ განაცხადი ამ სამმა ქვეყანამ 2019 წლის დეკემბერში გააკეთა. თუმცაღა, ამ განაცხადს ევროკავშირისგან ფორმალური გამოხმაურება არ მოჰყოლია, რადგან ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დიფერენციაციას თავს არიდებს. როგორც იცით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკით ევროკავშირი გამოხატავს თავის სტრატეგიულ პარტნიორობას ექვს ქვეყანასთან, ეს ასოცირებული ქვეყნების გარდა მოიცავს ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც საკმაოდ განსხვავდებიან თავიანთი ევროინტეგრაციის ხარისხითა და ევროკავშირთან დაახლოების ამბიციით. მიუხედავად იმისა, რომ ასოცირებული ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, ევროინტეგრაციის ყველაზე სწრაფი ტემპით გამოირჩევიან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი კვლავ რჩება თანამშრომლობის საერთო ფორმატად. ამ მხრივ, ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანია და იმედისმომცემია, რომ ასოცირებულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სისტემურ ხასიათს მიიღებს. ევროკავშირის გამოხმაურება და ჩართულობა ტრიოს ფორმატში კი იმის ორიენტირი იქნება, რამდენად მზადაა ევროკავშირი, ხელი შეუწყოს მასთან ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციის დაჩქარებას. _CEPS-ის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, როგორ შეაფასებთ საქართველოს პოზიციებს ევროკავშირთან ურთიერთობების და ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით? ნება მომეცით, დავიწყო ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშზე საუბრით, რომელიც მე და მაიკლ ემერსონმა გასულ წელს მოვამზადეთ ევროპარლამენტისთვის. როგორც ამ კვლევაშია აღნიშნული, საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. ამასთან, არის სფეროები, რომლებშიც ქვეყანამ თავის ვალდებულებები გადაჭარბებით შეასრულა და თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის უახლეს კანონებთან შესაბამისობაში მოიყვანა (მაგალითად, ციფრულ და კიბერ სფეროებში). ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შედარების შესახებ ჩვენი ბოლოდროინდელი კვლევა ასევე აჩვენებს, რომ სამი ასოცირებული ქვეყნიდან, საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციებს იკავებს DCFTA– ს განხორციელების მხრივ. რაც შეეხება პოლიტიკურ და სასამართლო ხელისუფლებას, ქვეყნის მაჩვენებლები დაახლოებით იგივეა, რაც უკრაინისა და მოლდოვის, რაც ძირითადად გამოწვეულია ანტიკორუფციული რეფორმების აქტიური განხორციელებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. დღემდე, საქართველო კვლავ რჩება შედარებით არაკორუმპირებულ სახელმწიფოდ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მიუთითებს ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე და ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანამ კორუფციის აღმოსაფხვრელად ძალისხმევა უნდა გააძლიეროს. უფრო მეტიც, გაჩნდა პოლიტიკური რეპუტაციის გაუარესების ნიშნები 2018 და 2020 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების, დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ნაკლებობის და არაფორმალური მმართველობის გამო. _რა გავლენა იქონია არსებულმა კრიზისმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ახლა ხომ არ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა რეფორმების განხორციელებას, რაც საბოლოოდ წევრობის პერსპექტივაზე აისახებოდა? დღევანდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა, უდავოდ გავლენა მოახდინა საქართველოს პოლიტიკურ რეპუტაციაზე და უფრო ნათელი გახადა, რომ ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება დამოკიდებულია ქვეყნის ძალისხმევაზე კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირმა თავის ყველა განცხადებაში აღნიშნა, რომ სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმები ქვეყნისთვის აბსოლუტური პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს ასევე ხაზგასმით აღინიშნა შარლ მიშელის დეტალურ წინადადებაში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს საჭირო რეფორმები და ყურადღება გაამახვილოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, საარჩევნო და სასამართლო სისტემებში ნაკლოვანებებზე. ამ სფეროებში მიღწეულ პროგრესს უდავოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის. _ევროკავშირის და პირადად შარლ მიშელის ჩართულობით მიღწეული შეთანხმება და კრიზისის შეძლებისდაგვარად გადაჭრა ხომ არ უხსნის ქვეყანას ახალ გზას ახალი შესაძლებლობებისკენ? მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ცოტა სუსტი გეოპოლიტიკური მოთამაშეა, მისმა აქტიურმა ჩართულობამ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროს ევროკავშირის რეპუტაცია განამტკიცა. ევროკავშირმა თავისი ეფექტური შუამავლობით მოახერხა შეთანხმების მიღწევა ძალზედ პოლარიზებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელიც თითქმის შეუსრულებელ მისიად წარმოგვედგინა. საბოლოო ჯამში, შეთანხმებამ ხაზი გაუსვა, რომ ორივე მხარისთვის, ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერა. _როგორც ცნობილია, საქართველო 2024 წელს გეგმავს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას? ზოგადად, გაფართოების საკითხის განხილვისას, ევროკავშირი გაწევრიანების, ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმებს მიჰყვება, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების სამ ძირითად პირობას მოიცავს. ეს არის პოლიტიკური კრიტერიუმები, რომლებიც მოიცავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის გარანტიას, ინსტიტუტების სტაბილურობას; ეკონომიკურ კრიტერიუმებს - რაც გულისხმობს საბაზრო ეკონომიკის არსებობას; ასევე - ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, რათა ეფექტურად შესრულდეს ვალდებულებები ევროკავშირის წევრობისთვის. ამჟამინდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს აშკარად აქვს პრობლემები პირველ პირობებთან დაკავშირებით და 2024 წლისთვის პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეიძლება გამოწვევაც კი იყოს. რაც შეეხება ეკონომიკურ კრიტერიუმებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საკმაოდ წინ მიიწევს DCFTA– ს განხორციელების მიმართულებით, საქართველოს ეკონომიკა მაინც საკმაოდ სუსტი და მყიფე რჩება, რაც ეჭქვეშ აყენებს ევროკავშირის ერთიან ბაზართან უფრო ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას, უარყოფითი გვერდითი ეფექტების გამო. საქართველოს ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს „კარგი მმართველობისთვის ბრძოლაში” ცალკე პრობლემები აქვს. ამიტომ, 2024 წელს ევროკავშირში წევრობის მოთხოვნა საქართველოსთვის საკმაოდ გამოწვევებით გეგმა უნდა იყოს. გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების გარდა, საქართველოს წევრობის პერსპექტივები ძალიან არის დამოკიდებული ევროკავშირის პოლიტიკურ ნებასა და ევროკავშირის პოლიტიკაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ევროკავშირის ახალი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა, რომელიც 2020 წლის მარტში გამოქვეყნდა, არ ითვალისწინებს არც წევრობის პერსპექტივას და არც ბევრ კონკრეტულ განახლებას ევროკავშირთან ასოცირებულ ტრიოსთან ურთიერთობებში, საქართველოს ჩათვლით. თუმცა ახალი პოლიტიკის ჩარჩოში მოცემულია ის სფეროები, სადაც თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს, მაგალითად, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია. ამ მიმართულებით, „მეტი მეტისთვის“ წინადადების შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება შეუძლია.
AFP - ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ
AFP News Agency-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ. ამ მომენტისათვის ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, რომ ტურისტული სფეროს მუშაობის აღსადგენად, ევროკავშირში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ე.წ. „კოვიდპასპორტების“ შემოღებასთან დაკავშირებით.
ირაკლი ღარიბაშვილმა, ესპანეთის მეფესა და დედოფალთან ერთად, მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2021 გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დაიწყო. მთავრობის მეთაურმა, ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა და დაათვალიერა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. "ირაკლი ღარიბაშვილი, ფელიპე VI და დედოფალი ლეტიცია ესპანეთში ქართული დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული ცეკვის აკადემია "Georgia"-ის მიერ გამართულ წარმოდგენას დაესწრნენ. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR 2021-ის გახსნის ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს FITUR-ის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა და საგამოფენო ცენტრის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ესპანეთის მეფესთან ერთად დაესწრო. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან. საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით არის წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ. საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს", - ნათქვამი ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი მსოფლიო არის იმ მოტივაციით, რომ დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა არის რეალურად გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ მათ შორის, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ აქტიურად ტურისტების მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ესპანეთში, FITUR-ის გამოფენაზე განაცხადა. მთავრობის მეთაური მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურისტულ სტენდს გაეცნო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, გადამწყვეტია ვაქცინაცია, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მოქალაქეებს მხრიდან. „ჩვენთვის დიდი პატივია, ის, რომ წარმოდგენილები ვართ ესპანეთში, FITUR-ის გამოფენაზე. მოგეხსენებათ, რომ აქ დაახლოებით 100 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის, ჩვენ გვაქვს ღირსეული ადგილი დაკავებული ამ გამოფენაზე. დღეს დილით ჩვენ, ესპანეთის მეფესთან ერთად გვქონდა შესაძლებლობა, რომ დაგვეთვალიერებინა აღნიშნული გამოფენა, რომელიც დღეს გაიხსნა. ეს არის განაცხადი და ეს არის რეალურად გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ მათ შორის, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ აქტიურად ტურისტების მიღება. რა თქმა უნდა, ამაში ძალიან გადამწყვეტია ვაქცინაცია, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა და კონტროლი და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეებს მხრიდან. ასე, რომ ჩვენ ვართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები, მთელი მსოფლიო არის იმ მოტივაციით, რომ მსოფლიო დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ ყველანი ერთად, ვიქნებით მზად, რომ მივიღოთ ტურისტები საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. FITUR 2021-ში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. საქართველოს საპრეზენტაციო სტენდი საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ ვიდეორგოლებს საქართველოს შესახებ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით არის შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და დასასვენებელი სივრცეები. საინფორმაციო ბანერები განთავსებულია ყველა საფეხმავლო ბილიკზე. საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს.
ქრთამის აღების ფაქტზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, როგორც გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი, მოქალაქეს გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3500 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
დასაქმების სააგენტო: გერმანიაში დამსაქმებელი კონტრაქტს არაჯეროვნად ასრულებდა, დაწყებულია პირობების გამოსწორება
ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვართ საქართველოს მოქალაქეებთან, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე დამსაქმებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აუცილებლად მოხდება პროცესებში ჩართვა და ამ პროცესების მართვა, - ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნინო ველთაურმა აღნიშნა, გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სეზონურ დასაქმებას გულისხმობს, გერმანიის ფედერაციაში, გაფორმებულია ორ უწყებას შორის და მასში გათვალისწინებული არის შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვა. „ამ დროისთვის გერმანიის ფედერაციაში 4 ჯგუფია გაგზავნილი. ჩვენ თითოეულ მათგანთან ვართ ხაზზე. როდესაც შემოვიდა პირველივე შეტყობინება ამ ჯგუფიდან, რომ ისინი წუხდნენ სამუშაო პირობებზე, რომელიც იქ დახვდათ და ადგილი აქვს დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვნად შესრულებას, ჩვენ იმ დღიდანვე ვართ კომუნიკაციაში გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოსთან, რომელმაც თავის მხრივ, პროცესში ჩართო შესაბამისი გერმანული სახელმწიფო უწყებები, რათა დამსაქმებელს დაეწყო იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მას აქვს აღებული ხელშეკრულებით. ამ სამუშაო პირობების გამოსწორება უკვე დაწყებულია. საუბარია, რომ დამსაქმებელმა ჯეროვნად არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც იდო შრომით ხელშეკრულებაში. ყველგან შეიძლება აღმოჩნდეს არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი. თუმცა კარგი არის ის, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს მექანიზმებს ასეთი ვითარების მართვისთვის. ეს მექანიზმები ამოქმედებულია და ხარვეზები, რაც ჩვენს მოქალაქეებს ადგილზე დახვდათ, მათი გამოსწორება არის დაწყებული“, – განაცხადა ველთაურმა. მისივე თქმით, გერმანიის ფედერალურ შრომის სააგენტოში არის შესაბამისი უწყება, რომელიც შრომის პირობების მონიტორინგს აკეთებს. უკვე დაიწყო პირობების გაუმჯობესება. "ჩვენ ამ დინამიკას დავაკვირდებით. თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ჩვენ მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაცვლებთ სხვა დამსაქმებელთან. აუცილებლად მოხდება ნამუშევარი საათების ანაზღაურებაც, იმ შემთხვევაში თუ ისინი გადავლენ სხვა დამსაქმებლებთან. ჩვენ მხოლოდ ეს ბოლოს გამგზავრებული ჯგუფი დაგვიკავშირდა. წინა სამ ჯგუფს მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ. ჩვენ მათთანაც მუდმივ კომუნიკაციაში ვართ“, – განაცხადა ველთაურმა. გერმანიაში დასასაქმეებლად წასული საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, მათ შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს.
Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, Sinopharm-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 20 მაისს, 12:00 საათიდან დაიწყება. "20 მაისს, 12:00 საათიდან, იწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად. სამედიცინო დაწესებულებას ირჩევთ სურვილისამებრ. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტს მარიჩელ ბატეტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის ძირითადი თემა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საპარლამენტო მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები იყო. "აღინიშნა, რომ საქართველოს ესპანეთის სამეფოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და აუცილებელია მისი გაღრმავება პარლამენტების დონეზე. შეხვედრისას განიხილეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმის პერსპექტივა საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით. ამ მიმართულებით, ინიცირებულ იქნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ეკონომიკური კომიტეტების ერთობლივი ფორუმის ორგანიზების საკითხი, რაც აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის სასარგებლო ფორმატი იქნება. ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ესპანეთის სამეფო საქართველოს მხარს უჭერს ყველა საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება, მათ შორის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. შეხვედრისას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე რეგიონში და სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყენას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ხალხთაშორისი და კულტურული კავშირების განვითარებას. ესპანეთის სამეფოს კონგრესში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე დაესწრნენ. მთავრობის მეთაურმა ესპანეთის სამეფოს კონგრესის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
19 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 97 153-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 15 513 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. ბოლო 24 საათში ვაქცინა 3 848 ადამიანმა გაიკეთა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სამი ვაქცინა გამოიყენება. ესენია: Pfizer-ი, Astrazeneca, Sinopharm-ი.