ძებნის რეზულტატი:

ისრაელის პრემიერი: ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიუს განცხადებით, ღაზის სექტორში ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, შემდეგ კი სარაკეტო თავდასხმებზე მკაცრი რეაგირება იქნება. ინფორმაციას Time of Israel-ი ავრცელებს. როგორც იუწყებიან, ნეთანიაჰუ დღეს ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარე დასახლებების ლიდერებს შეხვდა. შეგახსენებთ, ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივი სარაკეტო იერიშები უკვე მეორე კვირაა, გრძელდება. სარაკეტო დარტყმებს ისრაელში 12 ადამიანი ემსხვერპლა, 312 დაშავდა, ხოლო ღაზას სექტორში გარდაცვლილია 212 ადამიანი.

კახა კალაძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. მერმა ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა. როგორც კახა კალაძე აცხადებს, უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. „უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დღეს ,,სინოფარმით“ ავიცერი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.

სომხეთმა თურქეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთმა თურქეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა. როგორც გამოცემა წერს, ერევანი ანკარას სირიიდან მთიან ყარაბაღში დაქირავებული მეომრების გადაყვანაში ადანაშაულებს. სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ 44-დღიანი ომის დროს თურქეთმა დაარღვია სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა და არაადამიანური მოპყრობა, თავისუფლების უფლება, საკუთრების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ისევე როგორც რიგი სხვა კონვენციური უფლებები არცახისა და სომხეთის მოსახლეობის წინააღმდეგ. მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო. ოფიციალური სომხეთი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის მხარეს ომობდნენ სირიელი დაქირავებული მებრძოლები, რომელთა ტრანსპორტირებასაც თურქეთი უზრუნველყოფდა.

პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

ორბელიანების სასახლეში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროს მოღვაწეებს გადასცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა: ,,ძალიან დიდი პატივია ჩემთვის მუზეუმების საერთაშორისო დღის აქ, ამ სასახლეში აღნიშვნა, რომელიც თავისთავად შექმნილია როგორც მუზეუმი. ერთი მხრივ, ეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლე - ის ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის და ამავე დროს, ის არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთგვარი მუზეუმი, სადაც იმედი მაქვს, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ხელახლა დავიწყებთ ახალგაზრდებისა და სკოლის მოწაფეების მიღებას, რათა გაეცნონ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილს, არამედ ზოგადად, ჩვენს სიმდიდრეს მუზეუმების კუთხით. ქვეყანაში დღეს არაერთი მუზეუმია და ყველა თავისი მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ისტორიას წარმოადგენს. ამ მუზეუმების შენახვა, გაცოცხლება და ჩვენი ახალგაზრდობისთვის მათზე წვდომა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი მუზეუმები ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რაც თავისთავად ასეცაა, მაგრამ მათი არსებობა არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების აღზრდის პროცესში, რადგან სწორედ ამ მუზეუმებშია ჩვენი წარსული და მნიშვნელოვანია წარსულის ბევრი ღირსშესანიშნავი ფურცლის გაცნობა. სხვადასხვა ზომის პატარა მუზეუმებთან ერთად, ჩვენ უდიდესი ეროვნული მუზეუმი და ასევე, ხელოვნების მუზეუმი. აუცილებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც ჩვენ შეგვიძლია წარვდგეთ მუზეუმში დაცული სიმდიდრეებიდან გამომდინარე. ასე, რომ მისი ბედი ჩვენთვის, ყველასათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას უნდა დავაკვირდეთ, რომ ვანახოთ როგორ გადაწყდება ეს საკითხი. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მუზეუმი სწორედ 1918 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ცნება და ხელოვნების ისტორიული მუზეუმი განუყოფელია და მთლიანად ამ სახელმწიფოს ისტორიასა და კულტურას ასახავს. ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ მომავალში, როცა ისე აღარ ვიქნებით შეზღუდულები, როგორც დღეს ვართ, შევძლებთ ცოტა უფრო მასშტაბურად აღვნიშნოთ ის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიის კვლევისა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრეზიდენტმა მარინე ჩიხლაძეს ღირსების მედალი გადასცა. ,,მინდა მოგილოცოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე. ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებობს მრავალი დიდი და პატარა მუზეუმი არსებობს. ზოგიერთი ძალიან ცნობილი, ზოგიც უცნობი და ამ უცნობი მუზეუმების რიგში კონსერვატორიის მუზეუმიც დგას, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ მუზეუმში ძალიან ბევრი ისტორიული მუსიკალური ინსტრუმენტი და ძალიან მნიშვნელოვანი, გამოჩენილი მუსიკოსების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა -არქინევი ინახება, რაც საქართველოსა და თბილისის ძალიან მდიდარი მუსიკალური ცხოვრებაა. თქვენ კი, ამ მუზეუმის დამაარსებელი ხართ და ეს მუზეუმი დღემდე თქვენ მოიყვანეთ, რაც ძალიან დასაფასებელი საქმეა და მინდა თქვენს მიმართ, ჩემი და საზოგადოების მადლიერება გამოვხატო“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ ასევე, ბესიკ მზექალაშვილი, ზურაბ მზექალაშვილი, გიორგი შიოშვილი და სიმონ ჭიჭოშვილი. ,,ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამინების აღმოჩენა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის, რომ მათ აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები მუზეუმს გადასცეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ამ ქვეყანაში გავრცელებულია შავი არქეოლოგია, ანუ მოქალაქეებისაგან არალეგალურად მოპოვებული არქეოლოგიური არტეფაქტები, რომლებიც მერე ქვეყნიდან გადის, ან თუნდაც ქვეყანაშიც იყიდება - ჩვენ ჯერ ვერ ვხვდებით რამდენად დამაზიანებელია ეს. ამ ადამიანებმა კი, ყვარლის ერთ-ერთ სოფელში აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები და ისინი მუზეუმს გადასცეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტია. ამ სახელმწიფო ჯილდოთი მე მათი საქციელის დაფასება მინდა. მინდა, რომ ეს სხვებისთვის მაგალითი იყოს იმისა, თუ რას ნიშნავს მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ქვეყნის ეროვნულ საგანძურზე ზრუნვა. ამისთვის მინდა საზოგადოების და სახელმწიფოს სახელით ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ასევე, ღირსების მედლით დაჯილდოვდა არჩილ გელოვანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართული კულტურის მხარდაჭერისთვის. ,,ძალიან მიხარია, რომ დღეს საშუალება მეძლევა, თქვენი საქმიანობა და ღვაწლი, (იმ საქმეში, რომელიც დღევანდელ საქართველოში იშვიათობაა), ანუ მეცენატობა სახელმწიფო ჯილდოთი აღვნიშნო. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი მეცენატები გვყავდა, რომლებმაც უამრავი ისტორიული მემკვიდრეობა შემოგვინახეს და რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ ცოცხლობენ. ეს ტრადიცია, შეიძლება ითქვას, დღეს საკმაოდ დაკარგულია და იშვიათობაა. რამდენიმე მეცენატი ვიცით, ზოგიერთი ძალიან ცნობილი, ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ეს არ არის ისეთი გავრცელებული ფენომენი, როგორიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს და ალბათ ეს ჩვენი ხელისუფლების ბრალია ასევე, რადგან ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ამას ხელს შეუწყობდა და ყველასთვის ბევრად უფრო შესაძლებელს გახდიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ჩვენს მუზეუმებს დღევანდელ დღეს არ აქვთ ის საშუალება, რომ თვითონ შეიძინონ ყველაფერი, რაც საჭიროა და ზოგჯერ ძალიან ელემენტარულიც კი. ამდენად, ისეთი ადამიანების არსებობა, როგორიც თქვენ ბრძანდებით, რომლებმაც შეძლეს და ძალიან ბევრი რამ - რარიტეტული წიგნები და ფერწერული ნამუშევრები შეიძინეს ხელოვნების სასახლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, როგორც ვიცი, მონაწილეობა გაქვთ მიღებული ამ სასახლის რესტავრაციაში. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მინდა, რომ დღეს თქვენთვის გადაცემული ეს ჯილდო სხვებისთვის - ახალგაზრდებისა და ბიზნესმენებისთვის იმის მაგალითი იყოს, რომ ეს არის ნამდვილი პატრიოტული საქმე და თუ ვინმეს უნდა სადღეგრძელოების გარეშე პატრიოტიზმის გამოვლენა, ალბათ, ეს დღევანდელ დღეს ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, გიორგი კალანდია, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის .

კახა კუჭავა: ევროპარლამენტარებს იმედი აქვთ, პოლიტიკოსები შევძლებთ პრობლემების საპარლამენტო ფორმატში გადაჭრას

ევროპარლამენტარებს იმედი აქვთ, რომ პოლიტიკოსები შევძლებთ ვისაუბროთ და გადავჭრათ პრობლემები საპარლამენტო ფორმატში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელთან, მარინა კალიურანდთან და ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელთან, სვენ მიკსერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ევროპარლამენტარებთან ერთად დეტალურად ვისაუბრეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ შეთანხმების პირობები შესრულდეს და რაც ყველაზე მთავარია, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლოთ და კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. მათი დიდი სურვილია, იყვნენ აქტიურად ჩართულები იმ პროცესში, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ქვია და არა პრობლემების მოგვარება. ევროპარლამენტარებს იმედი აქვთ, რომ ეს ბოლო ჩარევა იყო და ქართველი პოლიტიკოსები, შევძლებთ ვისაუბროთ და გადავჭრათ პრობლემები საპარლამენტო განზომილებაში - ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ აღნიშნეს და ყოველთვის ამ პოზიციაზე არიან, რომ არ ემხრობიან ქუჩის აქციებს. ისინი მოუწოდებენ ყველას, რომ საპარლამენტო ფორმატი გამოიყენონ მაქსიმალურად და ამ ფორმატით შეძლონ ყველა საკითხზე თავიანთი პოზიციის დაფიქსირება. ამიტომ მოლოდინი მაღალია, იმედები აქვთ დიდი და მთავარია, ჩვენ არ გავუცრუოთ ეს იმედები“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავა: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველოს ეწვევა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველოს ეწვევა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დავიდ მარია სასოლი კარგად ხედავს საქართველოს როლს დიდ ევროპულ ოჯახში და აქვს სურვილი, გვიხილოს კიდევ უფრო წარმატებულები და რაც ყველაზე მთავარია, ამ გზაზე, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ 2024 წლამდე, მზად არის, დახმარება პირადად გაგვიწიოს. „პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მთავარი მიზანზე, რომელთან დაკავშირებითაც მოლოდინი აქვთ და ეს არის 2024 წლის განაცხადი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. შევეხეთ 2021 წლის არჩევნებსაც და ევროპარლამენტის პრეზიდენტს ვთხოვეთ, უზრუნველყონ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა. ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტარებს ამის სურვილი აქვთ. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი და მიიღო მოწვევა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა. იგი კარგად ხედავს ჩვენი ქვეყნის როლს დიდ ევროპულ ოჯახში, აქვს სურვილი, რომ ჩვენ გვიხილოს კიდევ უფრო წარმატებულები და რაც ყველაზე მთავარია, ამ გზაზე, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ 2024 წლამდე, მზად არის, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა და დახმარება გაგვიწიოს და პირადად იყოს ჩართული“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ

სასიამოვნოა შეხვედრა კახა კუჭავასთან, გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ Tweeter-ზე დაწერა. „სასიამოვნოა პარლამენტის სპიკერ კახა კუჭავასთან შეხვედრა. მივესალმები ყველა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას, საქართველოში შექმნან ძლიერი პარლამენტი და შეარბილონ პოლიტიკური დაძაბულობა. გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ“, – წერს დავიდ სასოლი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირების განმუხტვას უჭერს მხარს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ბენი განცთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. „ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი დაიცვას საკუთარი თავი და მშვიდობიანი მოსახლეობა. მან მწუხარება გამოთქვა ისრაელისა და პალესტინის უდანაშაულო მოქალაქეების დაღუპვის გამო. ლოიდ ოსტინმა მხარდაჭერა გამოუცხადა კონფლიქტის დეესკალაციისა და სიმშვიდის აღდგენას“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

სოხუმში ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი მოკლეს

სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი ქემალ არძინბა მოკლეს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ვერსიით, ქემალ არძინბას მკვლელობა, სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდება. ქემალ არძინბას სახელს უკავშირდება აფხაზეთში მომხდარი რამდენიმე კრიმინალური ინციდენტი. დე ფაქტო შს მინისტრის დიმიტრი დბარის ბრძანებით, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები სულ მზადყოფნაშია მოყვანილი. ჩაკეტილია ქალაქიდან გასასვლელი გზები. იღებენ ოპერატიულ ზომებს მომხდართან დაკავშირებული პირების გამოსავლენად და დასაკავებლად. ”17:40 საათზე, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილებამ მიიღო შეტყობინება სოხუმში სროლის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გამგზავრებით დადგინდა, რომ იმამ შამილის ქუჩაზე No6 სახლში, გასროლის შედეგად, არძინბა დაჭრილი იქნა მოქალაქე ქემალ ნოდარიევიჩი, დაბადებული 1975 წელს. იგი გარდაიცვალა რესპუბლიკელში დანაშაულის ადგილზე, საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ექსპერტიზის ცენტრის სპეციალისტები მუშაობენ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. არძინბა უმცროსი ცნობილი იყო, როგორც კრიმინალურ სამყაროში გარკვეული ავტორიტეტის მქონე პირი.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ტანზე მომდგარ ჯინსებს და ექსტრავაგანტულ ვარცხნილობას კრძალავს

გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შიშობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდებს შორის "კაპიტალისტურმა გავლენამ" შეიძლება მისი რეჟიმის დამხობა გამოიწვიოს და ამიტომაც მან გარკვეული ზომები მიიღო. ის შიშობს, რომ „დასავლური ღირებულებები უარყოფითად აისახება ახალგაზრდობაზე, რაც მის რეჟიმს ნესტიანი კედელივით დაანგრევს“ სწორედ ამიტომ, მან მომდგარი ჯინსებისა და ექსტრავაგანტული ვარცხნილობის ტარება აკრძალა. გამოცემა წერს, რომ ის მომდგარ ჯინსებსა და ექსტრავაგანტულ ვარცხნილობას ,,კაპიტალისტური წყობის" ცხოვრების წესად განიხილავს. Mirror-ი ადგილობრივ გაზეთზე დაყრდნობით წერს, რომ კიმმა, რომელიც სულ უფრო მეტად ღელავს მისი რეჟიმის დამხობის გამო, მანამდე გამოაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც უცხოურ მოდას მისდევენ ბანაკებში უნდა გაგზავნონ.

აშშ-ში 600 000 ბავშვი COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

Reuters-ის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე 600 ათასი ბავშვი აიცრა. როგორც გამოცემა წერს, ბავშვები Pfizer-ით აიცრნენ. ეს ერთადერთი ვაქცინაა, რომელსაც ქვეყანაში ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების ავტორიზაცია აქვს. ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება მაისში დაუშვა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, კოვიდ-ვაქცინის დეფიციტის გამო გადააყენეს

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის რადამ ჯანდაცვის მინისტრის მაქსიმ სტეფანოვის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა. სტეფანოვს ედავებიან, რომ მან პანდემიის დროს ვაქცინების საჭირო რაოდენობის .მომარაგება ვერ შეძლო. მინისტრის გადადგომას 292-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ ქეყანაში ვაქცინაციის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. "მთავარი ამოცანა, რომლის პირისპირაც მინისტრი 2021 წელს იდგა, აცრა და ამ წლის პირველ ნახევარში უკრაინის საკმარისი რაოდენობით ვაქცინებით უზრუნველყოფაა. ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი ძალიან ნელა მიდის". – თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა პარლამენტში. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის 41 მილიონიანი მოსახლეობიდან ვაქცინის პირველი დოზა 948 330 მოქალაქეს აქვს გაკეთებული.

ანდრიუს კუბილიუსი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიო - იდეიდან რეალობამდე

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი, რომელმაც Europetime-თან ინტერვიუში თავად გააჟღერა მოსაზრება და ინიციატივა ასოცირების ტრიოს მიერ, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ერთიანი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მიერ ასოცირების ტრიოს დაფუძნებას მიესალმება. შესაბამისი ტექსტი ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა Facebook-ზე გაავრცელა. ევროპარლამენტარის თქმით, გუშინდელი შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორ იბადება ახალი დოქტრინები მთლიანად აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკოსებში. ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიო - იდეიდან რეალობამდე. გუშინ, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მნიშვნელოვანი ინიციატივის იმპლემენტაციის შესახებ განაცხადეს. ამ ქვეყნებმა გადაწყვიტეს, დააფუძნონ ასოცირების ტრიო და გააერთიანონ ძალისხმევა ევროკავშირში უფრო სწრაფად ინტეგრაციისთვის. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელმა საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას განაცხადა, რომ მას შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს სამიტის ინიციატივა წამოაყენოს. მე მხოლოდ მივესალმები ასეთ მნიშვნელოვან და დროულ ინიციატივას, ასოცირების ტრიოს - მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი ვერ აკმაყოფილებს ამბიციების მქონე ქვეყნებს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. ვულოცავ ამ ინიციატივის განხორციელებას უფრო მეტად იმის გამო, რომ თავადაც ვგრძნობდი ჩართულობას და ეს ჩემთვის პრაქტიკული დადასტურებაა იმისა, რომ საგარეო პოლიტიკაში, ჩვენ, ლიეტუველებს სერიოზული წვლილის შეტანა შეგვიძლია საგარეო პოლიტიკის ახალი დოქტრინების ფორმირებაში, "შეშფოთების" ან "ღრმა შეშფოთებაზე განცხადების" შეზღუდვის გარეშე. 2019 წლის შემოდგომაზე, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესმა დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელიც მოვამზადეთ და პირველად ვთქვით, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს "ტრიოს სტრატეგია 2030", რომელიც პირველ რიგში დაეხმარებოდა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაში. ამავე წელს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ასევე დაამტკიცა სპეციალური რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს ფორმატის შექმნის შესახებ. ტრიოს კონცეფცია გახდა პოპულარული უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და ექსპერტებში. გუშინდელი შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორ იბადება ახალი დოქტრინები მთლიანად აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკოსებში. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა - ლიეტუვას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გრძელვადიან პოლიტიკაზე, თუ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი იდეები და გვაქვს შესაძლებლობა, ასეთი იდეების ირგვლივ თანამოაზრეების რიცხვი გავზარდოთ როგორც ევროკავშირში, ისე საზოგადოებაში, ჩვენს პარტნიორებში. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ევროკავშირს ვუყურებთ რაღაც ისეთს, რაც ჯერ კიდევ უცხოა, ჩვენგან შორსაა, ჩვენი გავლენის მიღმა. დროა, გამოვიდეთ ამ ბავშვური "ურწმუნოობიდან". ჩვენ მართლაც მეტის მიღწევა შეგვიძლია, უბრალოდ ვისწავლოთ, როგორ ვიმუშაოთ თანმიმდევრულად. ამას მოითხოვს შედეგი, მუშაობა არის გზა ამის მისაღწევად, როგორც ეს ტრიოს სტრატეგიის შედეგმა აჩვენა", - წერს კუბილიუსი. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან „ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს

BBC - დღეს ღამით ისრაელი „ჰამასის“ ობიექტებზე ინტენსიური იერიშისთვის ემზადება

BBC წერს, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები დღეს ღამით მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტებზე ინტენსიური იერიშისთვის ემზადებიან. როგორც თავის მხრივ ებრაულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ამბობს რომ ინტესიური შეტევები იქნება ახალ ლოკაციებზე. „წინ ინტენსიური ღამე გვაქვს ახალ ლოკაციებზე“, – აცხადებს მაღალჩინოსანი. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 10 მაისიდან, მათ ათობით ტერორისტული სამიზნე და 15 კმ -ის სიგრძის მიწისქვეშა გვირაბების ქსელი გაანადგურეს, რომელსაც „ჰამასის“ მებრძოლები იყენებდნენ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 01:43 საათზე, დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბოქჩვილოსთან 4.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია სეისმური მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა.

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ჭარალის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განას რესპუბლიკის 1 და კონგოს რესპუბლიკის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს

ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფესთან ერთად საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას გახსნის

ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფესთან ერთად გახსნის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენას, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და კონგრესის თავმჯდომარესთან, – ამის შესახებ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია გიორგაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ესპანეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე საქართველო მიწვეული ქვეყანაა და გამოფენას დაესწრება 30-მდე ქვეყნის ტურიზმის მინისტრი. „დღეიდან იწყება ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში. მოგეხსენებათ, საქართველო არის მოწვეული ქვეყანა ყველაზე დიდ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე. ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფესთან ერთად გახსნის ამ გამოფენას. აგრეთვე იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან 30-მდე ტურიზმის მინისტრი. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოფენაა ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარესთან, სადაც განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობა ესპანეთსა და საქართველოს შორის. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში და რაც მთავარია, ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს უკვე არსებულ მეგობრულ და კარგ ურთიერთობებს ესპანეთის სამეფოსთან“, – განაცხადა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია გიორგაძემ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. კახა კუჭავა დღეს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, საუბარი შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების თემებს და NATO-ს დაგეგმილ სამიტს. „ნატოში შეხვედრაც მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში უფრო და უფრო რთულდება. შესაბამისად, ჩვენი ინტეგრაცია ნატოში, ისევე როგორც ევროკავშირში, ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. გვექნება საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოების თემებსა და NATO-ს დაგეგმილ სამიტზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება და იმ მოლოდინებზე, რაც ჩვენს ქვეყანას ნატოს სამიტისგან გვაქვს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა. ცნობისთვის, კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია. პარლამენტის დელეგაციაში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს შტაბბინაში შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტად ბელგიაშია, სადაც NATO-ს შტაბბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურმა ვიზიტი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) მეთაურთან, მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალთან ევროპაში (SACEUR) გენერალ ტოდ ვოლტერსთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და NATO-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ ტოდ ვოლტერსს აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ საქართველოსთვის გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ახალ ინიციატივებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს NATO-სთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებასა და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის გაწევრიანების პროცესს. საუბარი შეეხო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივას - NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC), რომელიც წარმატებით ახორციელებს როგორც ეროვნულ, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან გეგმებზე და რეფორმების მთავარ მიმართულებებზე. გენერლებმა შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP). განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას NATO-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუცია წარმოადგენდა. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს.ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის ძალების მეთაური უცხოელ კოლეგებს შეხვდება და NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 5 წელი გავიდა. აფხაზეთიდან დევნილი ზუგდიდში მცხოვრები ოთხოზორია აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ, ხურჩაში, გამყოფ ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს მოკლა და მიიმალა. ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ სცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ის არავის დაუსჯია. ვრცელდებოდა ცნობები, რომ კანჯი ოღლიმ თავი რუსეთს შეაფარა. პასუხი არც მისი თანმხლები სხვა "მესაზღვრეებისთვის" მოუთხოვიათ. გიგა ოთხოზორიას მკვლელს აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 2017 წელს, სასჯელის ზომად მხოლოდ შინაპატიმრობა განუსაზღვრა. თუმცა, იმავე წელს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის საბაბით შეწყვიტა საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა. საქართველოს მთავრობამ ჟენევის მოლაპარაკებებზე და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე არაერთხელ, თუმცა უშედეგოდ მოითხოვა კანჯი ოღლის გადაცემა. გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა.