ძებნის რეზულტატი:
იენს სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, ორ პარტნიორს, რომელიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების გამო დაზარალდა
მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, ორ პარტნიორს, რომელიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების გამო დაზარალდა, რუსეთმა მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შელახა, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პორტუგალიაში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის პორტუგალიის თავდაცვის მინისტრთან ერთად NATO-ს სამხედრო წვრთნებს დაესწრო.. სტოლტენბერგმა ისაუბრა ბელარუსის შესახებ და განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთნაირად იქცევიან, როდესაც ახშობენ დემოკრატიულ პროტესტს და დემოკრატიული ოპოზიციის ესხმიან თავს. „რუსეთი და ბელარუსი ორი ქვეყანაა, თუმცა ისინი ერთნაირად იქცევიან. ამ ქცევას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ეს არღვევს დემოკრატიულ უფლებებს. ეს არღვევს იმ ღირებულებებს, რომლისაც ნატო-ს სჯერა. ესენია კანონის უზენაესობა, ინდივიდუალური თავისუფლება. ის ასევე ქმნის დესტაბილიზაცია და არაპროგნოზირებად გარემოს ჩვენს სამეზობლოში. სწორედ ამიტომ ნატო გააგრძელებს ადაპტაციას და პასუხს გასცემს რუსეთს თავდაცვითი გზით. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინასა და საქართველოს, ორ პარტნიორს, რომელიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების გამო დაზარალდა და რუსეთმა მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შელახა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა ცხრა კანონმდებელი. ორ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ეკუთვნის, პლენარულ სხდომაზე დღეს მსჯელობა ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაიმართა პოლიტიკური დებატებიც. ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის შინაარსი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით, უარს არ აცხადებენ მათ მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
პოლიციამ გუმათში აქციის 8 მონაწილე დააკავა
გუმათში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას რვა ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, რვავე ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონმდებლობით დააკავეს. ამასთან, შსს-მ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა გუმათში შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. შსს-ს ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დღეს საღამოს მოხდა. აქტივისტები ბარიკადებს მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა. ამ ფაქტს მათ შორის დაპირისპირება მოყვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ოფიციალურ მისალოც წერილში, მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას. „თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე და თქვენ და მოძმე აზერბაიჯანელ ერს გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება.საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ამასთან, მოწოდებული ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურყევი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული კავშირები, რაც წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების შემდგომი პროგრესისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში.თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია ოფიციალურ მისალოც წერილში.
აშშ „ღია ცის შეთანხმებას“ აღარ შეუერთდება
აშშ „ღია ცის შეთანხმებას“ აღარ შეუერთდება. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკულმა მხარემ რუსეთს განუცხადა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ღია ცის შეთანხმებას“ რუსეთის მხრიდან დარღვევებმა ძირი გამოუთხარა. „აშშ სინანულს გამოთქვამს, რომ ღია ცის შეთანხმებას ძირი გამოუთხარა რუსეთის მხრიდან დარღვევებმა“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. უწყების განცხადებით, ხელშეკრულების განხილვის შედეგად, აშშ არ აპირებს მას დაუბრუნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა არ მიიღო ზომები, რათა მის შესრულებას დაბრუნებოდა. აშშ-მა ღია ცის შეთანხმება ოფიციალურად გასული წლის ნოემბერში დატოვა. „ღია ცის შეთანხმება“ მონაწილე ქვეყნების ავიაციას ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების უფლებას ანიჭებს. „ღია ცის შეთანხმება“ 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა. შეთანხმების დატოვების მიზეზად აშშ-მა რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში საპასუხო ბრალდებებს აშშ-სა და მის პარტნიორებს უყენებს.
ICAO Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტს გამოიძიებს
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ბელარუსის ხელისუფლების მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტს გამოიძიებს. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია ავრცელებს. გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება 27 მაისს, საგანგებო სხდომაზე მიიღო ICAO-ს საბჭომ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა ორგანიზაციის რომელიმე წევრმა ქვეყანამ საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია (ჩიკაგოს კონვენცია). ICAO-ს საბჭომ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ICAO- ს საბჭომ Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი გადაადგილების გამო ღრმა შეშფოთება გამოხატა. ICAO-ს მმართველმა საბჭომ საგანგებო შეხვედრაზე ხაზი გაუსვა მომხდარი ფაქტის დადგენის მნიშვნელობას და იმას, ხომ არ დაირღვა შეთანხმება და კანონი ICAO-ს რომელიმე წევრის მიერ, მათ შორის კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ (ჩიკაგოს კონვენცია) და მისი დანართები. ჩიკაგოს კონვენციის 55-ე მუხლის გათვალისწინებით საბჭომ გადაწყვიტა, ჩაატაროს გამოძიება ფაქტის დადგენის მიზნით და ამასთან დაკავშირებით სთხოვა ICAO- ს სამდივნოს, მოამზადოს შუალედური ანგარიში შემდგომი სხდომისთვის და წარმოადგინოს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები. საბჭომ ასევე მოუწოდა ICAO-ს ყველა წევრ ქვეყანას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, ითანამშრომლონ ამ ფაქტის შემსწავლელ გამოძიებასთან, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და შესთავაზა დახმარება ამ მიზნის მისაღწევად. „საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყველა შესაბამისი ფაქტი ოფიციალურად უნდა დადგინდეს ICAO- ს გამოძიების შედეგად, რომელსაც ატარებს ორგანიზაციის სამდივნო”, - აღნიშნა ICAO- ს საბჭოს პრეზიდენტმა სალვატორე სშიაჩიტანომ. ICAO-ს გენერალუი მდივანი ფანგ ლიუ შეხვედრის დროს გამოეხმაურა საბჭოს გადაწყვეტილებას და სამდივნოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ექსკლუზივი: რა შემთხვევაში უჭერს მხარს ICAO საჰაერო სივრცის დაბლოკვას და გამოძიების დაწყებას - ბელარუსის მაგალითი
ამირან გამყრელიძე Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძემ აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე Sinopharm-ის ვაქცინით საჯაროდ 4 მაისს აიცრა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 056 ადამიანს დაუდასტურდა, 1 071 გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 921 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 713 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 208 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 056 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 341 894-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.22%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 071 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 324 426-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 727 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 569 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 103, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 40, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 715, საიდანაც: 3 937 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 110, აჭარაში - 399, იმერეთში - 536. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 913 პირი, მათ შორის, თბილისში - 415, აჭარაში - 102, იმერეთში -173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 16, იმერეთში - 17. 675 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 353 - თბილისში, 282- აჭარაში. 8 103 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 11. სულ 6 ოქტომბრიდან - 27 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 775 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 733 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 553 პირი, აჭარაში - 2 197, იმერეთში - 1 527.
ბოგდან აურესკუ კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის სპეციალური ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკუ ე.წ. გაყინული კონფლიქტების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ლისაბონში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. ბოგდან აურესკუს განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში გაჭიანურებული კონფლიქტები მთელი რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას ემუქრება და შესაბამისად, ეს საფრთხეს წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კონფლიქტების დარეგულირებაზე საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის დიალოგი უნდა გაღრმავდეს და ამ მიზნით სპეციალური ფორმატი შეიძლება, შეიქმნას. ბოგდან აურესკუმ აღნიშნა, რომ რუსეთი „დგას ამ კონფლიქტების უკან“, რომელსაც იყენებს, როგორც „ინსტრუმენტს საკუთარი გავლენის სფეროს შესაქმნელად“. აქედან გამომდინარე, მინისტრი რეგიონში ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ევროკომისარი: ინვესტიციებს განვახორციელებთ განსაკუთრებით შავ ზღვაში, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების განმტკიცებას
„ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით განაგრძობს“, - განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე: „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“. მისი თქმით, ეს გეგმა განხორციელდება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით. „ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ თითოეული ქვეყნისთვის პროექტებს, რათა ხელშესახები შედეგი იგრძნონ საქართველოს მოქალაქეებმა. ჩვენ ინვესტიციებს ჩავდებთ კავშირების განმტკიცებაში, განსაკუთრებით შავ ზღვაში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების მხარდასაჭერად. ასევე, ინვესტიციებს განვახორციელებთ ეკონომიკაში, რომ დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. მან ასევე გაამახვილა ყურადღება კანონის უზენაესობის, უსაფრთხოების, სასამართლოს რეფორის, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. „მხარს დავუჭერთ ახალგაზრდებს, განათლებას და სამეცნიერო კვლევებს, რათა უფრო ინოვაციური და კრეატიული ეკონომიკა შევქმნათ. ჩვენ ფოკუსირებული ვიქნებით მმართველობაზე, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოებაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე და კორუფციასთან ბრძოლაზე. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას, ერთად იმუშაონ პროგრესის მისაღწევად. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება ამბიციურ ასოცირების ხელშეკრულებას. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მოქალაქეებმა ამ სიკეთეებით ისარგებლონ“, - აღნიშნა ევროკომისარმა. ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური გეგმით, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილი ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთობლივი ინტერესია, რომ ევროკავშირი შავ ზღვაში, რეგიონში, ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად შემოვიდეს, რომ გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს
სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაშარ ალ ასადმა 95.1% მიიღო
Le Figaro-ს ინფორმაციით, სირიის რეჟიმის მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ბაშარ ასადი გამოცხადდა. როგორც ცნობილია, ამომრჩევლების აქტივობამ 78% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა 14-მა მილიონმა მოქალაქემ მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სირიის პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა. მისი თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა ამომრჩეველთა ხმების 95.1% მიიღო, ხოლო ასადის ორმა კონკურენტმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 3.3% და 1.5% მიიღო. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სირიაში 26 მაისს ჩატარებული არჩევნები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ კრიტერიუმებს და ხელს არ უწყობს კონფლიქტის მოგვარებას. ცნობისთვის, სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი ქვეყანას 2000 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ მართავს. მაშინ მინიმალური საპრეზიდენტო ასაკი 40 წელი იყო, თუმცა კანონი ბაშარ ასადის ასაკის მიხედვით შეცვალეს და ის 34 წლამდე დასწიეს.
ანდრიუს კუბილიუსი: ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი, მნიშვნელოვანია რუსეთთან ჩვენი სტრატეგიისთვის
„ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) მნიშვნელოვანია რუსეთთან ჩვენი სტრატეგიისთვის, რადგან ასეთი წარმატება შთააგონებს რუს ხალხს იგივე დემოკრატიული ცვლილებებისკენ რუსეთში“, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი განცხადებაში საუბრობს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებში ევროკავშირის ახალი სტრატეგიის მნიშვნელობას ასახავს. „როგორც ცოტა ხნის წინ განაცხადეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენებზე, კრემლს ძალიან ეშინია ევროკავშირის პოლიტიკის, რომელიც რუს ხალხს შთააგონებს ევროპული გზისკენ. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ეს ინსპირაცია. ამისათვის საჭიროა ყოვლისმომცველი სტრატეგია და მე მჯერა, რომ ევროპარლამენტი დადებით როლს შეასრულებს ამ სტრატეგიის შემდგომ შემუშავებაში. გასული წლის განმავლობაში, რუსეთის დემოკრატიული საზოგადოების მთავარ წარმომადგენლებთან, ევროპელი მეგობრების ფორუმის არაფორმალურ შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ მრავალი ასეთი წინადადება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გუშინდელი კომიტეტის სხდომაზე კოლეგებმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოხატეს მხარდაჭერა“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი. აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ურთიერთობებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომის მნიშვნელობაზე ანდრიუს კუბილიუსმა რამდენიმე კვირის წინ Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია. როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ. მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა. ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობისთვის ახალ სტრატეგიას სთავაზობს
საქართველოს მოქალაქეობის დროებით აღდგენისა და მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით სარგებლობის ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა ვადა, მოქალაქეობის დროებით აღდგენისა და ასევე, მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით სარგებლობისა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აღნიშნული კანონის მიღებასა და ამოქმედებას. აღსანიშნავია, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო. აღნიშნულ ეტაპზე კი, საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.
ჟოზეფ ბორელი გადაუჭრელ კონფლიქტებზე: ევროკავშირი რეგიონში სტაბილურობის დასაცავად უფრო ეფექტური უნდა გახდეს
„ევროკავშირი უფრო ეფექტური უნდა გახდეს, რათა დავიცვათ რეგიონის სტაბილურობა“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ლისაბონში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ გადაუჭრელი კონფლიქტების საკითხი ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში. ევროკავშირი უფრო ეფექტური უნდა გახდეს, რათა დავიცვათ სტაბილურობა რეგიონში, რადგან ამ კონფლიქტებს პირდაპირი გავლენა აქვს ევროპელებზე. დამიჯერეთ, ეს ძალიან გრძელი დისკუსია იყო, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ძალიან ბევრი მოუგვარებელი კონფლიქტი არსებობს. ჩვენ თითოეული კონფლიქტი განვიხილეთ და გავაანალიზეთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს იმისთვის, რათა ეს კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდეს, რათა ორმხრივი კონტაქტების გაღრმავდეს და ჩვენი მონაწილება ეუთოში განმტკიცდეს“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელიმ. ბოგდან აურესკუ კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის სპეციალური ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის
ევროკავშირმა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ევროკავშირის საბჭოს განცხადების მიხედვით, ევროკავშირმა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ევროკავშირის სასანქციო სიაში 283 ფიზიკური პირი და 70 ორგანიზაცია არის შეყვანილი. სანქციები აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას მოიცავს. სირიის რეჟიმის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები 2011 წელს დაწესდა ასადის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობრივი რეპრესიების საპასუხოდ. შემზღუდავი ზომები ასევე მოიცავს ნავთობის იმპორტის აკრძალვას, გარკვეული ინვესტიციების შეზღუდვას, ევროკავშირში სირიის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვასა და საექსპორტო შეზღუდვებს.
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კავკასიის სამ ქვეყენას ეწვევიან
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კავკასიის სამ ქვეყენაში ეწვევიან“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ლისაბონში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა. „ჩემი სახელით, ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი ეწვევა კავკასიის სამ ქვეყენას, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი მზადყოფნა რეგიონში ჩართულობის შესახებ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ჟოზეფ ბორელი გადაუჭრელ კონფლიქტებზე: ევროკავშირი რეგიონში სტაბილურობის დასაცავად უფრო ეფექტური უნდა გახდეს ბოგდან აურესკუ კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის სპეციალური ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრეზიდენტი: საზოგადოებას მოვუწოდებ გაერთიანდეს ამ იდეის ირგვლივ, რომ ჩვენმა დიასპორამ პარლამენტში მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმის „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფოს განვითარების საქმეში ქართული დიასპორის ჩაბმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მოგესალმებით! წელს 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის ოკუპაციამ პირველ პოლიტიკურ ემიგრაციას ქვეყანა დაატოვებინა. მეც, ისე როგორც ბევრი თანამემამულე, რომელიც დღეს ჩვენ გვისმენს, ემიგრაციაში დავიბადე. პოლიტიკური ემიგრაციისთვის, ემიგრაცია დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების ფორმა იყო. ეს ბრძოლა დასრულდა 30 წლის წინ, დამოუკიდებლობის აღდგენით და დღეს, სიმბოლურად, გენერალ კვინიტაძის სამშობლოში დაბრუნებით. დამოუკიდებლობის დღიდან წარმოიშვა მძლავრი ემიგრაცია და ჩვენდა უნებურად საქართველო ემიგრაციის ქვეყნად იქცა. დღემდე ჩვენ ბოლომდე გააზრებული არა გვაქვს, თუ რას ნიშნავს, რა პასუხისმგებლობას და რა პოტენციალს, რომ ჩვენი მოსახლეობის ერთი მეოთხედი, მილიონ–ნახევარი ადამიანი, საზღვრების მიღმა სწავლობს, ცხოვრობს, მოღვაწეობს. აქამდე ვიცოდით, რომ ქართველი, თუ არა იძულებით, დევნით და გადასახლებით, არ ტოვებდა სამშობლოს, დღეს კი მთელ მსოფლიოში გაიშალა ჩვენი ემიგრაცია. ეს იწვევს დიდ ცვლილებებს, თუნდაც ქართული ოჯახის სტრუქტურასა და ტრადიციებში, როცა თითქმის ყოველი ოჯახის რამდენიმე წევრი უცხოეთში ცხოვრობს. როცა ბევრი ახალგაზრდა დედის გარეშე იზრდება, რამეთუ იგი იძულებული გახდა სამსახური უცხოეთში დაეწყო. ჩვენი მსოფლმხედველობის ცვლილებასაც იწვევს - გარესამყარო, რომელიც უმეტეს წილად უცნობი და მიუწვდომელი გვეჩვენებოდა, დღეს დაგვიახლოვდა და გაგვიშინაურდა. მსოფლიოში გაბნეული ქართველები საზოგადოების ყველა სექტორში მოღვაწეობენ. ისინი – აკადემიკოსები და სტუდენტები, მომღერლები და კომპოზიტორები, მწერლები და მხატვრები, პოლიციის ოფიცრები, პოლიტიკოსები, ფერმერები და ბიზნესმენები – ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან. მათ ასევე აქვთ ქვეყნის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, თუ კი შევძლებთ და ჩავაბამთ მათ ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, როგორც აქტიურ ნაწილს. ჩვენი დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, რაშიც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენს დიასპორას პოლიტიკური წარმომადგენლობა სჭირდება. დიასპორის დღეს მთელ ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ გაერთიანდეს ამ იდეის ირგვლივ, რომ ჩვენმა დიასპორამ პარლამენტში მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება ანუ რაღაც ფორმით წარმომადგენლობა. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის ჩაბმა სახელმწიფოს მშენებლობაში პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს კი აუცილებელია, რამეთუ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებაზე - დაწყებული საკუთრების უფლებიდან და „მოქალაქეობის შესახებ“ კანონით დასრულებული. პარლამენტში დიასპორის სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ასევე დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობა. მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა ახლახან მიიღო „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რითაც საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის უფლება ორი წლით გახანგრძლივდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და კიდევ უფრო გავამარტივოთ პროცედურები და ამითი შევუწყოთ ხელი უცხოეთში დაბადებულ ჩვენს ახალგაზრდებს, რათა ქართულ პასპორტთან ერთად შეინარჩუნონ სამშობლოსთან მჭიდრო კავშირი. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესშია. მინდა მივესალმო იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც დიასპორის წარმომადგენლებისათვის ბიომეტრიული პასპორტების საფასურის შემცირებას და პირადობის მოწმობების უფასოდ მიღებას ითვალისწინებს. ამ წლის დასაწყისში, ორბელიანების სასახლის პატრონაჟით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ პირველად ჩაატარა ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი. ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს დიასპორის თაოსნობით უამრავი პროექტი ხორციელდება, რომლებიც აღნიშვნას იმსახურებს. ასეთია, მაგალითად, საფრანგეთში ქართველების პროექტი „ბიზნესი საქართველოში“, რომლის პრეზენტაციაც აქ შედგება და რომელიც პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისეთი ინსტრუმენტის შექმნაზე, რომელიც ჩვენს დიასპორას შესაძლებლობას მისცემს პირდაპირი კავშირი დაამყაროს საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო სფეროებთან, იქნება ეს სტარტაპები, თუ დიდი რეგიონული პროექტები, რომლებიც ჩვენი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. გვჭირდება სახელმწიფო რესურსებისა და კერძო სექტორის გაერთიანება, პარტნიორობის ახალი ფორმატების მოფიქრება. ეს მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაა, რომლებიც მოითხოვს გამყარებას და ჩაღრმავებას. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება არა ცალკეული პროექტი თუ ინიციატივა დიასპორის მიმართულებით, არამედ კონცეფცია, სტრატეგია, თუ როგორ გადავაქციოთ დიასპორული „საფრთხე“ - ანუ ქვეყნის დემოგრაფიული დაცლა საკუთარი აქტიური მოსახლეობისგან - ქვეყნის დიდ ძალად. ამ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, როგორც ზოგადად ქვეყნის მშენებლობის საქმეში, გვჭირდება ერთიანობა, ახალი ხედვები, ინიციატივები და შორსმჭვრეტელი გეგმები. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ და დიასპორას ან დავაბრუნებთ, ან ჩვენი განვითარების იარაღად ვაქცევთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისადმი სტრატეგია
„ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი სტრატეგია“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე. „ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისადმი სტრატეგია, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა, ხალხი მიისწრაფვის ევროპული გზისკენ. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ აირჩიეს ევროკავშირი სტრატეგიულ პარტნიორად. ბელარუსში ხალხი დემოკრატიისთვის იბრძვის, სომხეთში - მშვიდობისთვის, ყველას ერთად სურს ევროპის მეტი ჩართულობა. ამიტომ ჯერ უნდა მოვუსმინოთ მათ, რას ამბობენ და ვიყოთ აქტიურები რეგიონში“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კავკასიის სამ ქვეყენას ეწვევიან ჟოზეფ ბორელი გადაუჭრელ კონფლიქტებზე: ევროკავშირი რეგიონში სტაბილურობის დასაცავად უფრო ეფექტური უნდა გახდეს ბოგდან აურესკუ კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის სპეციალური ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის
მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ პრემიერის გადაწყვეტილებით დავინიშნე
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ქვრივიშვილი მადლობას უხდის მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის და განმარტავს თუ რა ფუნქცია-მოვალეობები ეკისრება მას. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, 24 მაისს დავინიშნე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის, - მან ჩემი კანდიდატურა წარადგინა ასეთ მნიშვნელოვან დროს და დამავალა სტრატეგიული მნიშვნელობის სტრუქტურების: ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციის, გაერთიანებული აეროპორტების, ტურიზმის ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის კურატორობა. ამ პროცესში განსაკუთრებულია ეკონომიკის მინისტრის როლი - მან სწორად შეაფასა ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების ერთი საკურატორო ქოლგის ქვეშ მოქცევის აუცილებლობა, რადგან ეს გადაწყვეტილება დარგების სწრაფ და კოორდინირებულ განვითარებას შეუწყობს ხელს. COVID-19-ის პირობებში; უწყებების ქმედითუნარიანობის გაძლიერება; შეზღუდვებით დაზარალებული მეწარმეების ხელშეწყობა და რაც მთავარია, წლების განმავლობაში შექმნილი და პანდემიის შედეგად დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა. მოხარული ვარ, რომ პრემიერ- მინისტრთან აქტიური კონსულტაციის შედეგად და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები. ეს მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ტურისტული ნაკადებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო, გასული პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით. ამ ნდობისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ პარტიის თავმჯდომარეს, მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარესა და მთელ ჩვენს გუნდს. ეს ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იყო. მოხარული ვარ, რომ პარლამენტში ყოფნისას გუნდის წევრებთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წარვადგინეთ, მათ შორის დავიწყეთ ტურიზმის კანონპროექტზე მუშაობა კერძო სექტორთან ერთად. როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი აქტიურად გავაგრძელებ მჭიდრო თანამშრომლობას ჩემს მეგობრებთან საკანონმდებლო ორგანოში და, როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი - ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში; იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებს ევროპულ სტანდარტებთან, გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას; გაზრდის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს და, რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადს გავაკეთებთ"-წერს ქვრივიშვილი Facebook-ში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: საქართველოსთან მრავალფეროვანი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას მხარს ვუჭერ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ოფიციალურ მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის მთავრობა კვლავაც ემხრობა უნგრეთ-საქართველოს უკვე მრავალფეროვანი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ნება მიბოძეთ, კეთილი სურვილები გამოვხატო საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების განვითარება, რომლებიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, ჩვენი ერების ინტერესებს ემსახურება. გარწმუნებთ, რომ ჩემი მთავრობა კვლავაც ემხრობა უნგრეთ-საქართველოს უკვე მრავალფეროვანი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის“, - აღნიშნულია წერილში.