ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას
ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე -„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმნისტრაცია ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძლიერი დიასპორული ცენტრების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრემიერმა ხაზი გაუსვა უცხო ქვეყნებში საპატრიარქოს წარმომადგენლობების როლს და აღნიშნა, რომ ეს წარმომადგენლობები უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელია. „ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - როგორც ფორუმის სახელწოდებიდან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, მკაფიოდ ჩანს - ძლიერი დიასპორული ცენტრების შექმნა მთელ მსოფლიოში. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთელს მსოფლიოში, 50-ზე მეტ ქვეყანაში, ძლიერი ცენტრების, ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას. მე აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის როლი, საპატრიარქოს წარმომადგენლობების როლი უცხო ქვეყნებში, რომლებიც არის უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელი. ჩვენ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ ამ პერიოდში. პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, ჩვენს კონსტიტუციაში გავაჩინეთ სპეციალური ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე იღებს პასუხისმგებლობას. კონსტიტუციიდან ასევე ამოვიღეთ ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვა, რაც იყო შემაფერხებელი ბარიერი ჩვენი დიასპორისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის კერები. „დღეს კიდევ ერთხელ მინდა, განსაკუთრებული პატივით და დიდი მოწიწებით მივესალმო ჩვენს იმ თანამემამულეებს, რომლებიც სამშობლოდან შორს შრომობენ, მოღვაწეობენ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს ღირსეული დაბრუნების საშუალება მივცეთ, რაც შეიძლება, მოკლე დროში. რა თქმა უნდა, მათ, ვისაც ამის სურვილი აქვს. ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის კერები. მინდა ასევე სიამაყით მინდა აღვნიშნო ლევილის მამულის დაბრუნებისა და რეაბილიტაციისათვის გაწეული ძალისხმევა ჩვენი მთავრობის მიერ. მოგეხსენებათ, რომ ლევილის მამული საქართველოს მთავრობას 2016 წელს გადმოეცა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც მოკლე დროში დასრულდება. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვუსურვო ჩვენს დიასპორას მხნეობა, ჯანმრთელობა, გაძლიერება, რომელიც საბოლოო ჯამში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და გაძლიერებას დიდი მადლობა დ გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება
აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძემ შესაბამის უწყებებს დაავალა, დროულად დასრულდეს ტურისტული სეზონისთვის მზადება, როგორც უშუალოდ ტურისტულ ობიექტებზე, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მისი თქმით, მიმდინარე სეზონისთვის ტურისტული ნაკადი რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზრდება და მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება ტურისტული სეზონისთვის. „საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უკვე პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები, რაც მოგვცემს საშუალებას, რეგიონში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოვახდინოთ. რაც შეეხება გასული თვის მონაცემებს, მხოლოდ აეროპორტის ნაკადების ნაწილში, 60 პროცენტით არის აღდგენილი ნაკადები და 60-ზე მეტი რეისი სრულდება ყოველკვირეულად. ეს არის ძალიან პოზიტიური დინამიკა. თუმცა, ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო აქტიურად რომ მოვემზადოთ, მინდა, ყველა შესაბამის უწყებას ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოხდეს ტურისტული სეზონისთვის მომზადება, იქნება ეს ტურისტული ატრაქციები, თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება ტურისტული სეზონისთვის, იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც აუცილებლად გვექნება მიმდინარე სეზონზე. ამასთან, 15 ივნისისთვის, მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს და ყველა სხვა უწყებას, რომ უკვე ოფიციალურად მოვახდინოთ სეზონის გახსნა და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რათა ეკონომიკასთან ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითრება“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ილია მეორე: განსაცდელმა მსოფლიოს ცხოვრების ახალი წესები შესთავაზა და სერიოზული გამოწვევებიც შექმნა, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ
„განსაცდელმა მსოფლიოს ცხოვრების ახალი წესები შესთავაზა და სერიოზული გამოწვევებიც შექმნა, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა. „გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დიასპორის დღეს. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აღინიშნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის თქვენს მნიშვნელობაზე მეტყველებს. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თითოეული თქვენგანი სამშობლოსათვის მეტად ძვირფასია. თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც ხართ, რადგან მრავალი ოჯახი თქვენით ირჩენს თავს და, ამასთან, ჩვენი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას უცხოეთში იღებს. მოგეხსენებათ, ნებისმიერი დიასპორა სამშობლოს სახეს წარმოადგენს და ამიტომაც დიასპორის თითოეულ წევრს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ იმყოფებით, თქვენზე არის დამოკიდებული საქართველოსა და, ზოგადად, ქართველებზე განწყობის შექმნა და შეხედულების ჩამოყალიბება. ამ დატვირთვას ბევრი თქვენგანი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს, მაგრამ ეს რეალობაა და იგი არასდროს არ უნდა დაივიწყოთ. ეცადეთ, ასახელოთ სამშობლო, ჩვენი წინაპრები, თქვენი ახლობლები და ოჯახი; ეცადეთ, საქართველოს სიყვარული ჩაუნერგოთ თქვენს შვილებს. სამშობლო მარტო გეოგრაფიული ადგილი არ არის; სამშობლო შენი ენაა, შენი კულტურაა, შენი ისტორიაა, შენი წინაპრების განცდებითა და ლოცვით გაჯერებული ჰაერია, მათი სისხლითა და ოფლით მორწყული მიწა-წყალია, მათი საფლავებია. სამშობლო, ღმერთისგან ბოძებული ერთადერთი სახლია, რომლის გარეშეც ამქვეყნად ყოველთვის ვიქნებით მიუსაფარნი, როგორი უზრუნველი ცხოვრებაც არ უნდა გვქონდეს სხვაგან. ამ გრძნობებისა და განწყობების განმტკიცების სურვილმა განაპირობა, რომ წლების წინ საზღვარგარეთ გაიხსნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობები, - ეპარქიები. იქ მყოფ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ უცხოეთში დაბადებულ ჩვენს მომავალ თაობას მშობლიური გარემო შეუქმნან: ასწავლონ ქართული ენა და მწერლობა, ისტორია, ქართული ცეკვა და სიმღერა, ტრადიციები... ხოლო მრევლი ღვთის სადიდებლად გააერთიანონ და ერთმანეთს დააკავშირონ. მინდა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით იღვწის, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საელჩოებს პანდემიის პირობებში გაწეული მუშაობისთვის; მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ, სირთულეების მიუხედავად, დღეს შედგა თქვენთან შეხვედრა. გვჯერა, პრეზიდენტიც და ხელისუფლებაც დიასპორაზე ზრუნვას მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებენ, რაც დიდი შედეგის მომტანი იქნება ყველასთვის. დავსძენ იმასაც, რომ, მართალია, ამ განსაცდელმა მსოფლიოს ცხოვრების ახალი წესები შესთავაზა და სერიოზული პრობლემებიც შექმნა, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ. ყველაფერი მაინც ღვთის ხელშია და მას მიენდეთ. ამასთან გთხოვთ, იცხოვროთ ოჯახისა და ერთმანეთის გასახარად, იცხოვრეთ ღვთის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ და თქვენ იქნებით ბედნიერნი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ემიგრაციაში, დაბრუნდა საქართველოში და რა სიმბოლურია, რომ ახლა არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ემიგრაციაში, დაბრუნდა საქართველოში და რა სიმბოლურია, რომ იგი ახლა არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ისტორიულად, ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს მთელს მსოფლიოში, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს ძლიერ საქართველოს. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ მოგმართოთ დღეს. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ დამოუკიდებლობის დღეს და დიასპორის დღეს. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ დიასპორის როლზე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისტორიულად, ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს სახელწოდება, რომელიც დღევანდელი ფორუმისთვის არის შერჩეული, ძალიან სიმბოლურია, ვინაიდან, ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო იმედი და ოცნება უნდა იყოს ის, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს ყველგან, მთელს მსოფლიოში, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რა თქმა უნდა, ძლიერ საქართველოს. ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლების, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არამედ იმ ქვეყნების წინსვლასა და განვითარებაში, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ დიდი პატივით გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელიც ასევე იყო თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი ემიგრაციაში მყოფი ქართველების. იგი არა მხოლოდ საქართველოში მოღვაწეობისას ემსახურებოდა თავის სამშობლოს, არამედ ემიგრაციის რთულ, დრამატულ წლებშიც ინახავდა თავისუფლების, ჩვენი ევროპული მომავლის იდეას. ასევე, მინდა, აღვნიშნო ჩვენი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ემიგრაციაში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და რა სიმბოლურია, რომ იგი ახლა არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ლიეტუვის პრემიერი: დამოუკიდებლობის აქტი დემოკრატიის და თავისუფლების პრინციპებს განსაზღვრავდა, რის საფუძველზეც ქართველები დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ ისწრაფვიან
„1918 წელს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პრინციპებს განსაზღვრავდა, რის საფუძველზეც ქართველი ერი ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ ისწრაფვის, დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ ფასეულობებს განამტკიცებს“, - ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ინგრიდა შიმონიტეს მისალოც წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღო. მილოცვაში ნათქვამია, რომ ლიეტუვა მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროპული და ევროატლანტიკური გეზის მხარდაჭერას. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ნება მიბოძეთ ლიეტუვის მთავრობის სახელით თქვენ და ქართველ ერს გულთბილად მოგილოცოთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 103 წლის იუბილე. უწყვეტ წარმატებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თქვენს ქვეყანას. 1918 წელს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი განსაზღვრავდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პრინციპებს, რის საფუძველზეც ქართველი ერი დღეს უკვე ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ ისწრაფვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ ფასეულობებს განამტკიცებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების საშუალებით დაწინაურების პროცესში. ლიეტუვა მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც მისი ევროპული და ევროატლანტიკური გეზის მხარდაჭერას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ საქართველოსა და ლიეტუვის ორმხრივი თანამშრომლობისა და ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისთვის. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება”, - ნათქვამია ინგრიდა შიმონიტეს მილოცვაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: საგარეო შოკები განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ისეთი მცირე ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბლოგპოსტი („შეუძლებელი სამეულის“ თემაზე) გამოქვეყნდა. სტატიაში საუბარია დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის სარგებელზე, რომელსაც ქვეყნები მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად ინფლაციის თარგეთირების პირობებში იღებენ. სტატიაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს, ვრცლად არის განხილული ყველა ის უპირატესობა და გამოწვევა, რაც დამოუკიდებელ მონეტარულ პოლიტიკას მცურავი გაცვლითი კურსისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის პირობებში შეიძლება გააჩნდეს. „საგარეო შოკები განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ისეთი მცირე ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა. ეს გარემოება COVID-19-ის პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ დადასტურდა - საგარეო მოთხოვნის შემცირება, განსაკუთრებით ტურისტულ ინდუსტრიაში, და განვითარებადი ქვეყნების მიმართ რისკის აღქმის ზრდა ფინანსური ნაკადების შემოდინებაზე უარყოფითად აისახა. ამან, თავის მხრივ, გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზეც იქონია. სტატიის თანახმად, გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის გამო გააქტიურებული დისკუსიის პირობებში, აუცილებელია დავფიქრდეთ, თუ რამდენად დასაბუთებულია მსგავს შემთხვევებში გარკვეულწილად პოპულარული მოსაზრება, რომ ფასების სტაბილურობის მიღწევა უფრო ადვილი იქნებოდა ეროვნული ბანკის მიერ გაცვლითი კურსის დაფიქსირების ან ლარის რომელიმე სხვა ვალუტით ჩანაცვლების პირობებში. გამოჩენილ კანადელ ეკონომისტ რობერტ მანდელს, ბრიტანელ კოლეგა მარკუს ფლემინგთან ერთად, ფუნდამენტური წვლილი მიუძღვის ამ დებატებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხის კონცეპტუალიზაციაში. პროფესორი მანდელი, რომელმაც აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული კვლევებისთვის ნობელის პრემიაც კი მიიღო, ახლახან გარდაიცვალა და მისი მნიშვნელოვანი წვლილის კიდევ ერთხელ განხილვა დღეს უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მარკუს ფლემინგთან ერთად, მის მიერ პოპულარიზებული საკითხი „შეუძლებელი სამეულის“ სახელითაა ცნობილი, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთდროულად შეუძლებელია დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის, ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის შენარჩუნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კურსის ფიქსირება დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუკი კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა არ შეიზღუდება“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.
NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება
NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს შეურთდება. ამის შესახებ თავად დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გუნდის დაფუძნებით ქვეყანაში ჩნდება შანსი, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას. „მინდა, ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო ჩემი გადაწყვეტილება, მინდა, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით ამ ქვეყანაში პირველად ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო, როგორც ზოგადად, პოლიტიკური სპექტრისთვის და პოლიტიკური გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ესაა ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ის, თუ როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა ამ პროცესში, ბუნებრივია, ამას დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაირკვევა“, – განაცხადა ლევან დოლიძემ. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკური გუნდის წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს.
ივანე ჩხაიძე: ინდური შტამით ინფიცირებული ჯანმრთელ ადამიანებს უფრო მარტივად ასნებოვნებს
„ადამიანი, რომელიც ინფიცირებულია ინდური შტამით, უფრო მარტივად ასნებოვნებს ჯანმრთელ ადამიანებს,ეს განიხილება, როგორც ამ შტამისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისება“, - ამის შესახებ Europetime-ს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა. „ასევე არის გარკვეული მონაცემები ლოკალური, რომ ეს შეიძლება უფრო მეტად ახალგაზრდა ასაკში იყოს გავრცელებული, თუმცა ეს ერთ-ერთი კვლევაა, ფართომასშტაბიანი კვლევით არ დასტურდება, რომ უფრო მეტად ახალგაზრდები ავადდებიან. ის რომ, უფრო მეტად გადამდებია, არის სწორედ ის, რასაც ჯანმო განიხილავს ,,შეშფოთების საფუძველს", ვინაიდან უფრო მეტად გადამდებობა ნიშნავს, უფრო მეტ ინფიცირებულს, აქედან გამომდინარე შეფასება - ,,შეშფოთების საფუძველი" სავსებით რეალურია ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი ოთხივე ტიპის ვაქცინა მოქმედებს კორონავირუსის ინდურ შტამზე. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ის ვაქცინები, რომლებიც დღეს საქართველოშია, მოქმედებენ ინდურ შტამზეც, განსაკუთრებით ეს ეხება Pfizer-ის, AstraZeneca-ს ვაქცინებს, რომელთა მოქმედება დადასტურებულია. ასევე არსებობს ანალოგიური ინფორმაცია Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებთან დაკავშირებითაც, შესაბამისად, ინდური შტამი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას და ამ მხრივაც მისი გამოჩენა საქართველოში ნიშნავს, რომ დგება დრო ვაქცინის უფრო მეტი მოწოდების და უფრო მეტი ადამიანის ვაქცინირება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ინფექციის მკვეთრი გავრცელების თვალსაზრისით. ასევე, ამ შტამის გავრცელება და მისი თავისებურება ნიშნავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ნიღბის ტარების აუცილებლობა“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე. ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება
ექსპრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აბაშიშვილი ავრცელებს. „ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“ – წერს აბაშიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში. აღსანიშნავია, რომ გახარიას პოლიტიკურ გუნდს NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძეც უერთდება. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკური გუნდის წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების წვრთნები ღამის პირობებში ჩაატარა
GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების წვრთნები ღამის პირობებში ჩატარდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების წვრთნები ღამის პირობებში ჩაატარა. წვრთნების მიმდინარეობისას შემოწმდა ასეულის ეფექტურობა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონე თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში. GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების ფაზის წვრთნების მთავარი ამოცანა მხარდამჭერ ქვედანაყოფთან ერთად სინქრონული მოქმედებებისა და თავდაცვითი ოპერაციების წარმოება იყო. ქვეითთა ბატალიონს მხარს სატანკო ოცეული, სნაიპერების ორი გათვლა, საცეცხლე და საინჟინრო ათეული უჭერდა. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ოფიციალურად ხვალ დაფუძნდება
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ოფიციალურად ხვალ დაფუძნდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „29 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება
იენს სტოლტენბერგი: ძნელი დასაჯერებელია, რომ ბელარუსის რეჟიმს მსგავსი რამის გაკეთება რუსეთთან კოორდინაციის გარეშე შეეძლო
"ძნელი დასაჯერებელია, რომ ბელარუსის რეჟიმს მსგავსი რამის გაკეთება რუსეთთან კოორდინაციის გარეშე შეეძლო", - ასე ეხმაინება NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბელარუსის მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვების საკითხს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენ ვიცით, რომ რუსეთსა და ბელარუსს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ მინსკის რეჟიმს მსგავსი რამის გაკეთება რუსეთთან რაიმე სახის კოორდინაციის გარეშე შეეძლო", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
ხათუნა ზახაშვილი: დაირაზმეთ ყველანი, ჩაიტარეთ ვაქცინაცია. თქვენი მეზობლები, მეგობრები და ახლობლები მიიყვანეთ ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის დაფიქსირებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისივ თქმით, არსებული ვაქცინები ყველა მუტირებულ შტამს „ფარავენ“, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციამ უფრო მეტი ადამიანი მოიცვას. „უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არასდროს არ ვართ დაცული კიდევ ახალი შემთხვევების შემოტანისგან. ამ 5 შემთხვევას კონტაქტი არ ჰყოლია, თუმცა ამ ხუთის გარდა შესაძლოა სხვა შემოვიდეს, მათი კონტაქტები რომ არ გავრცელებულა, ეს არ უნდა იყოს იმედი იმისა, რომ შემდგომში არ გავრცელდება. ეს მუტირებული შტამი როგორც ახლა აფასებენ, გადამდებობის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე აქამდე ცნობილი სხვა მუტირებული შტამები იყო, შესაბამისად შესაძლოა, დაავადება სწრაფად გავრცელდეს. ბრიტანეთში დომინანტურად მაინც რჩება „ბრიტანული შტამი“ და ამ ახალმა შტამმა ვერ შეძლო დომინანტური გამხდარიყო „ბრიტანული შტამის“ გავრცელების ფონზე. ეს შეიძლება ჩვენთვისაც იყოს რელევანტური, რადგან ჩვენთანაც ძირითადად არის „ბრიტანული შტამი“ გავრცელებული. დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. თქვენი მეზობლები, მეგობრები და ახლობლები მიიყვანეთ ვაქცინაციაზე, როგორმე ვაქცინის მოცვა უნდა გავზარდოთ ქვეყანაში, ჯერჯერობით ამის დრო კიდევ გვაქვს. ჩამოყალიბებული იმუნიტეტი იცავს ადამიანს ახალი შტამებისაგან. ინდოეთში იმიტომ გავრცელდა, რომ ინდოეთს ვაქცინაციით მოცვა აქვს უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დადასტურდა. ივანე ჩხაიძე: ინდური შტამით ინფიცირებული ჯანმრთელ ადამიანებს უფრო მარტივად ასნებოვნებს ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია
დავით ზალკალიანი ბელარუსის მიმართულებით ფრენებზე: კერძო კომპანიების გადასაწყვეტია
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოდან ბელარუსის მიმართულებით ფრენების საკითხი კერძო კომპანიების გადასაწყვეტია. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბელარუსის საჰაერო სივრცეში გადაადგილებასთან დაკავშირებით "ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გავითვალსიწინოთ". "საქართველოს არ აქვს პირდაპირი ფრენები ბელარუსიის მიმართულებით. ეს საკითხი რა თქმა უნდა, კერძო კომპანიების გადასაწყვეტია. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გავითვალსიწინოთ. პირველ რიგში, ის, რომ პანდემიის პირობებში თუკი ფრენები არსებობს, ამით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემები. ჩვენ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ძალიან პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს, იმისთვის რომ ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეექმნათ თუნდაც სამშობლოში დაბრუნების პრობლემა. ამასთან, ძალიან ბევრი ბელარუსული კომპანია საქართველოში უკვე მოღვაწეობს, რომელთაც ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, თანამშრომლები, ჩვეულებრივი ბელარუსელი მოქალაქეები, რომლებმაც გვინდა, რომ იხილონ რა არის დემოკრატია, რა არის განვითარება. ისინი უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს ყველაფერი უნდა ნახონ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანასთან ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ინტენსიური საქმიანობა განვახორიცელეთ ბევრი მიმართულებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, 26 მაისს, ევროპის ავიაციის მარეგულირებელმა ყველა ავიაკომპანიას მოუწოდა, "უსაფრთხოებიდან გამომდინარე" ბელარუსის საჰაერო სივრცეს მოერიდნონ, თუკი ამას საგანგებო გარემოებები არ მოითხოვს. პროტესტის ნიშნად ევროპის რამდენიმე ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები უკვე შეწყვიტა. მათ შორის არის კომპანიები: AirBaltic-ი, Lufthansa, Air France, Wizz Air-ი, Austrian Airlines-ი, Belavia. ამასთანავე, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ იმ თვითმფრინავების მიღება აკრძალა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთენ. მათ შორის არის ლიეტუვა. გარდა შემოსვლისა, ლიეტუვის აეროპორტებიდან იმ თვითმფრინავებსაც აეკრძალა გაფრენა, რომლებსაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აქვთ დაგეგმილი. ამასთანავე, დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის ავიაკომპანიებს დიდ ბრიტანეთში ფრენების განხორციელების ნებართვა შეუჩერა. 26 მაისიდან, ბელარუსთან ავიამიმოსვლა აკრძალა უკრაინამაც. ამასთანავე, პოლონეთის მთავრობამ ბელარუსის თვითმფრინავებს პოლონეთის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
ლიეტუვამ ორი ბელარუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნიდან აძევებს
ლიეტუვამ ორი ბელარუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნიდან აძევებს. ამსი შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, ბელორუსის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადასცეს დიპლომატიური ნოტა, რომლითაც საელჩოს ორი წევრი პერსონა ნონ გრანტად გამოცხადდა და მათ 7 დღის ვადაში უნდა დატოვონ ქვეყანა. "ეს გადაწყვეტილება ლატვიისადმი სოლიდარობის გამოხატვაა ”, - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ბელორუსმა ლატვიის საელჩოს თანამშრომლები დაუსაბუთებლად გააძევა ქვეყნიდან. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გააპროტესტა ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიების გატარება და რომან პროტასევიჩის, სოფია საპეგასა და სხვა პოლიტპატიმრებისა და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვა.
კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვევა
კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვიზიტის მიზანია დელეგაციამ გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. საქართველოს საგარე საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კონგრესის დელეგაცია საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევა.
პარლამენტმა "აღსრულების კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, “აღსრულების კოდექსის“ პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 86-ხმით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 1999 წელს მიღებული "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონი მოძველებულია და თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. მისივე თქმით, აღსრულების სფეროში არ არსებობს ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე; შესაბამისად, "აღსრულების კოდექსის" პროექტის შექმნის მთავარი მიზეზი გახდა აღსრულების სფეროში ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტის - კოდექსის არარსებობა და ე.წ. შერეული სისტემის გამთლიანების აუცილებლობა. "აღსრულების კოდექსის" პროექტის მიხედვით, უქმდება "აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა" და "კერძო აღმასრულებლის" ინსტიტუტები და აღსრულების სრულიად ახალი სისტემა ყალიბდება. პროექტის გათვალისწინებით, ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სსიპ-ი - აღმასრულებელთა პალატა იქნება, რომლის შემადგენლობაში ყველა აღმასრულებელი შევა. რაც შეეხება ცალკეულ აღმასრულებლებს, მათ თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად, სამოქმედო ტერიტორია განესაზღვრებათ. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებელთა შორის აღსასრულებელი საქმეები საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება. ახალი კოდექსის ამოქმედებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღმასრულებელი უფლებამოსილი იქნება, საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული საქმეების გარდა, კრედიტორის მომართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქმედო ტერიტორიის პრინციპის გათვალისწინების გარეშეც განახორციელოს სააღსრულებო საქმიანობა. აღსრულების ეროვნული ბიურო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს შეინარჩინებს. მისი ძირითადი უფლებამოსილება იქნება - აღმასრულებელთა საქმიანობაზე განახორციელოს მუდმივი დისციპლინური, ეკონომიკური და სამართლებრივი ზედამხედველობა, აღმასრულებელთა პალატისთვის/აღმასრულებლისთვის შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ, მიაწოდოს ყველა ის სერვისი, რომელიც აუცილებელია სააღსრულებო საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად. პროექტით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს, რომელიც განსაზღვრული კატეგორიის საქმეთა აღსრულებას უზრუნველყოფს, ინსპექტორი ეწოდება. აღსრულების ეროვნული ბიურო, ინსპექტორის მეშვეობით, განახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ წარმოებული საქმეების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფის მქონე საქმეების აღსრულებას, ასევე განკარგავს “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ განსაზღვრული გირაოს და განრიდების ფარგლებში არსებულ თანხას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული კატეგორიის საქმეების აღსრულებისას ინსპექტორი სარგებლობს აღმასრულებლის ყველა უფლებამოსილებით და მასვე ეკისრება აღმასრულებლის ყველა მოვალეობა, გარდა მის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიკისა. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი აღსრულების ეროვნული ბიუროს სტუქტურული ერთეული იქნება. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აღსრულების პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. ამავე პროექტით, ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა 5-დან 2 წლამდე მცირდება. სისხლის სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესები იცვლება და ხანდაზმულობის ვადა სასჯელის ამ სახისთვის 5 წლით განისაზღვრება.
ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსისგან განიკურნენ, იმუნიტეტი შესაძლოა სამუდამოდ შეუნარჩუნდეთ - კვლევა
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა სენტ ლუისის იმუნოლოგიის უნივერსიტეტისა და ნიუ იორკის როკფელერის მოლეკულური ბიოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსისგან განიკურნენ, იმუნიტეტი შესაძლოა სამუდამოდ შეუნარჩუნდეთ. როგორც სტატიაშია აღნიშნული, უჯრედები, რომლებიც ვირუსზე მეხსიერებას ინარჩუნებენ, ძვლის ტვინში რჩებიან და საჭიროების შემთხვევაში ანტისხეულებს გამოიმუშავებენ. დღემდე ითვლებოდა, რომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი დიდხანს არ გრძელდებოდა და კოვიდგადატანილი პაციენტების ორგანიზმში ანტისხეულები გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვეში იწყებდა შემცირებას. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ იმუნიტეტის შენარჩუნებაში კოვიდგადატანილ პაციენტებს ვაქცინაცია ეხმარება და მომავალში მათ აცრა აღარ დასჭირდებათ. ვაქცინირებულ ადამიანებს, კი ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია, ან გადაიტანეს, მაგრამ მყარი იმუნიტეტი არ გამოუმუშავდათ, შესაძლოა ვაქცინაცია კიდევ დასჭირდეთ.
პარლამენტის 4 დეპუტატს ფრაქციასთან გათანაბრებული უფლებების მქონე პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლება
პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომელიც ოპოზიციას საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილისა და მისი პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილი ავტორობით მომზადებული პროექტი მესამე მოსმენით მიიღეს. პროექტს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. პროექტის თანახმად, პარლამენტის 4-დეპუტატს ფრაქციასთან გათანაბრებული უფლებების მქონე პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლება. ამასთანავე, ერთი და იმავე საარჩევნო სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებს, თუ ისინი იქნებიან უპარტიოები ან დატოვებენ პარტიას, ექნებათ შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შექმნან ფრაქცია, ან შეუერთდნენ სხვა ფრაქციას.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიას წევრობა შეუჩერა
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) აღმასრულებელმა კომიტეტმა, ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. განცხადებას ამის შესახებ EBU ავრცელებს. "დღევანდელ შეხვედრაზე EBU–ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო, გადაწყვეტილება შეუჩეროს ბელარუსის ტელე-რადიოკომპანის წევრობა", - აღნიშნულია განცხადებაში. ბელარუსის მაუწყებელს პასუხისთვის ორკვირიანი ვადა ეძლევა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ძალაში შევა. "ევროპის მაუწყებელთა კავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ბელარუსში მედიის თავისუფლების შეზღუდვას და მუდმივად მოუწოდებდა ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიას, როგორც "ევროპის მაუწყებელთა კავშირის" წევრს, დაიცვას სიტყვის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების ჩვენი ძირითადი ღირებულებები", - ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ EBU- ს გადაწყვეტილების მიზეზი, იყო "ინტერვიუების ტრანსლაცია, რომელიც აშკარად იძულებით იყო მიღებული". ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებით, ამ საკითხზე ორგანიზაცია ასევე თვალს ადევნებდა ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის სხვა გადაცემებსაც, რამაც გამოიწვია სხვა სერიოზული და განსაკუთრებული შეშფოთებები. "ამ განსაკუთრებული მოვლენების გათვალისწინებით, აღმასრულებელ საბჭოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა ევროპის მაუწყებელთა კავშირში ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის წევრობის შეჩერების ინიციატივის დაყენებისა", -ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.