ძებნის რეზულტატი:

BBC - ბრიტანეთმა ერთდოზიანი ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის წამლების მარეგულირებელმა Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინის - Janssen-ის გამოყენების ნებართვა გასცა. აღნიშნული ვაქცინა დაამზადა ბელგიურმა კომპანია Janssen. თავის მხრივ, მისი მფლობელია ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ია. როგორც გამოცემა წერს, ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების განვითარებისგან 85%-ით იცავს და უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს. ქვეყანამ უკვე შეუკვეთა აღნიშნული ვაქცინის 20 მილიონი დოზა, რომელსაც ბრიტანეთში წელს, მოგვიანებით შეიტანენ. ამერიკულ-ბელგიური წარმოების ვაქცინას უკვე აქვს ევროპის წამლის სააგენტოს, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციები. აშშ-მ, სამხრეთ აფრიკამ და ევროკავშირმა აპრილში ვაქცინის გამოყენება მცირე ხნით შეაჩერეს, რადგან მისი გაკეთების შემდეგ სისხლში იშვიათი თრომბის წარმოქმნის შემთხვევები დაფიქსირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის 2022 წლის თავმჯდომარე გახდა

27-28 მაისის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe - BSCEE) ყოველწლიურ კონფერენციაზე 2022 წლის თავმჯდომარე ქვეყანად საქართველო აირჩიეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციას 2021 წლის 16 დეკემბრიდან დაიკავებს. 2022 წელს BSCEE ჯგუფის კონფერენცია თბილისში გაიმართება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა წლევანდელ კონფერენციაზე მომხსენებლად იყო მიწვეული. მონაწილეებს პაპუნა ლეჟავამ პანდემიის პირობებში საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. ვიცე-პრეზიდენტის საპრეზენტაციო თემა - პოსტპანდემიურ პერიოდში საზედამხედველო პრიორიტეტები იყო. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ზომები გაატარა ეროვნულმა ბანკმა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ და რა უნდა იყოს პოსტპანდემიური პერიოდის საზედამხედველო პრიორიტეტები. „კოვიდპანდემია უპრეცედენტო გამოწვევა იყო და მისი ზეგავლენა ჯერ არ დასრულებულა. ამ გამოწვევებმა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალება მოგვცა: კრიზისადმი მუდმივი მზადყოფნა ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა; პანდემიამ ფინტექის როლის ზრდასა და განვითარებას ხელი შეუწყო - თუ აქამდე ფინტექის განვითარების უპირატესობას ფინანსური მომსახურების განვითარებაში, ინოვაციებისა და კონკურენციის ზრდაში ვხედავდით, პანდემიამ მისი ფინანსურ სტაბილურობის ხელშეწყობის შესაძლებლობაც დაგვანახა", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. BSCEE 25 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ჯგუფში შემავალი ქვეყნების საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

28 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 130 037 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 21 058 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. გისურვებთ ჯანმრთელობას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 4 436-მა ადამიანმა გაიკეთა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 10 ადამიანი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 10 პირი ამხილა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელმა, მასთან დასაქმებულ თანამშრომლებთან წინასწარი შეთანხმებით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, რომლის თანახმად, პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საწარმოში დასაქმებული პირები თითქოსდა არ ახორციელებდნენ საქმიანობას და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოითხოვეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი კომპენსაციები. "დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული საწარმოში დასაქმებული პირები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ საქმიანობას და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპენსაციის სახით, ისინი მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით", - ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

Microsoft-ის ინფორმაციით, რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ 150 ორგანიზაციას, მათ შორის USAID-ს

Microsoft-ში აცხადებენ, რომ ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ,,ნობელიუმის" სახელით არის ცნობილი, მიზნად დაისახა 150-ზე მეტი ორგანიზაციის, მათ შორის სამთავრობო უწყებების, კვლევითი ცენტრების და მათ შორის, USAID-ის წინააღმდეგ კიბერშეტევა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. „ამ კვირაში ჩვენ ვნახეთ, რომ „ნობელიუმმა“ [Nobelium] კიბერშეტევები განახორციელა სახელმწიფო სააგენტოებზე, ანალიტიკურ ინსტიტუტებზე, კონსულტანტებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. შეტევების ტალღის მიზანი 3000-ზე მეტი ელექტრონული ფოსტის ანგარიში და 150-ზე მეტი ორგანიზაცია იყო. ძირითადად, შეტევები აშშ-ში მდებარე ორგანიზაციებზე განხორციელდა, თუმცა შეტევის მსხვერპლი კიდევ 24 ქვეყანა გახდა. მსხვერპლი ორგანიზაციების, როგორც მინიმუმ, მეოთხედი მუშაობდა საერთაშორისო განვითარების, ჰუმანიტარული [დახმარების] და ადამიანის უფლებების მიმართულებით. „ნობელიუმი“, რომელიც რუსეთთანაა დაკავშირებული, ასევე იდგა 2020 წელს „სოლარ უაინდზის“ [SolarWinds] მომხარებლებზე შეტევის უკან. როგორც ჩანს, ახლანდელი შეტევები არის „ნობელიუმის“ მცდელობის გაგრძელება, საგარეო პოლიტიკაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმით, შეაგროვოს სადაზვერვო ცნობები”, - წერია Microsoft-ის გავრცელებულ ინფორმაციაში. კომპანიის ცნობით, „ნობელიუმმა“ ამ კვირას შეტევები USAID-ის Constant Contact-ის (პლატფორმა, რომელიც ელექტრონული ფოსტით მარკეტინგისთვის გამოიყენება) სერვერზე წვდომის მიღებით დაიწყო. შემდეგ, „ნობელიუმმა“ მოიპვა საშუალება, გაეგზავნა წერილები, რომელიც ავთენტურად გამოიყურებოდა. წერილი შეიცავდა ბმულს, რომელზეც გადასვლის შემდეგ [მოწყობილობაზე] იტვირთებოდა ფაილი, რომელიც თავის მხრივ ავრცელებდა ვირუსს, რომელსაც მაიკროსოფტი „NativeZone-ს“ უწოდებს. ამ ვირუსს შეეძლო ბევრი ფუნქციის შესრულება: მოწყობილობიდან მონაცემების მოპარვა ან ქსელის სხვა კომპიუტერების ინფიცირება

იაპონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოშიდე სუგას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 20 ივნისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების რაოდენობა ოსაკასა და ტოკიოში დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებს, ქვეყნის მასშტაბით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მაინც მაღალია. "ბოლო დღეებში ინფიცირების რიცხვი მცირდება, თუმცა სიტუაცია კვლავ არაპროგნოზირებადია ... ამ სიტუაციების გათვალისწინებით, გადავწყვიტე საგანგებო სიტუაცია გავახანგრძლივო,” - თქვა სუგამ.

ევროპის წამლის სააგენტომ 12-15 წლის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ვაქცინა "კარგად მოქმედებს" ბავშვებში და გვერდითი მოვლენების მხრივ "სერიოზული შეშფოთება" არ არსებობს, განაცხადა ამსტერდამში დაფუძნებულმა ევროპის მედიკამენტების სააგენტომ. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივე იქნება, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს. ეს პირველი ვაქცინაა, რომელსაც ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ევროპაში "მწვანე შუქი" აუნთეს. ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ უკვე დაუშვეს Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის ბავშვებში. აგრეთვე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც გასცა Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ნებართვა.

მეთიუ ბრაიზა: საქართველო NATO-ს წევრი უნდა იყოს

„რუსეთის არაპროგნოზირებადი და აგრესიული ქმედებები, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, თურქეთის საკითხი“, - ეს ის თემებია, რომლებზეც ყურადღების გამახვილებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა NATO-ს დღევანელი სამიტის დროს ელის. სამიტის მოლოდინებს, რუსეთის ფაქტორსა და საქართველოს შიდა პოლიტიკის გავლენებს ამერიკელი დიპლომატი Europetime-თან ინტერვიუში შეეხო. მეთიუ ბრაიზა NATO-ს ამ სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას არ ელის, თუმცა ამავე დროს ფიქრობს, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი უკვე უნდა იყოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის დემოკრატიაზე. „მეორე საკითხია, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს და რთული იქნება გერმანიის და NATO-ს სხვა მოკავშირეების დარწმუნება, რომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა შესთავაზონ. გერმანიის პოლიტიკა ახლა გარდამავალ ეტაპზეა, ანგელა მერკელი ემზადება პოსტი დასატოვებლად წლის ბოლოსთვის. სავარაუდოდ, სამიტზე განხილვები შეეხება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოც არის. მთავარი საკითხი იქნება შეშფოთების გამოხატვა რუსეთის არაპროგნოზირებად და ძალიან აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის შიგნით“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ამასთან, ჩვენ ყველა უნდა ველოდოთ პრეზიდენტ ბაიდენისგან ძალინ ძლიერ, მტკიცე დადასტურებას NATO-ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველას თავდასხმას ნიშნავს. ასევე, საინტერესო განხილვებს ველოდები თურქეთთან დაკავშირებით, რომელიც შეიარაღებული ძალების სიდიდით მეორე ადგილზეა და რომელიც ალიანსის ბევრი წევრის მიერ განიხილება პრობლემატურად, ბოლო წლებში მისი კურსის გამო. საერთო ჯამში, NATO აცნობიერებს, სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა, თუმცა ალბათ სამიტზე არასასიამოვნო საუბრებიც იქნება თურქეთთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან. NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, თუმცა, ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც. ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც ახლახან განახლდა. აღნიშნული პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოოდ, საქართველოს NATO-ში წევრობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი. NATO, ეს არ არის სამხედრო ალიანსი ვინმეს წინააღმდეგ, ესაა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დამოკიდებული და შექმნილი ერთიანობა. თუმცა ისიც ვიცით, რომ ლოზუნგი - „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ არ არის ვალიდური და ამგვარ კომპრომისებს იმედგაცრუება მოაქვს. თქვენი აზრით, საერთო ფასეულობითი ერთიანობა, კონსოლიდირება და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება იქნებოდა თუ არა სწორედაც მშვიდობიანი, მაგრამ ხისტი პასუხი რუსეთისთვის? - Europetime-ის ამ შეკითხვას ჯეიმს აპატურაიმ ასე უპასუხა: „ეჭვგარეშეა, რომ 14 ივნისს დაგეგმილი სამიტის წინ განხილვების დროს, უმთავრესი საკითხი იქნება, როგორ შეუძლიათ NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც იზიარებენ პრინციპებსა და ღირებულებებს, საუკეთესოდ იმუშაონ საფრთხეებისა და გამოწვევების ფართო სპექტრის პირისპირ. ნება მომეცით დავამატო, რომ ამ გამოწვევათა ნაწილის სათავე პრეზიდენტ პუტინის აგრესიული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაა, როგორიც არის მაგალითად უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენები, მაგრამ სხვა გამოწვევები სათავეს სხვაგან იღებს. პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ვეძიოთ მაღალი დონის სოლიდარობის და საერთო გადაჭრის დამყარებაში ჩვენს შორის - ანუ მოკავშირეებში, და ასევე პარტნიორებთან, როგორიც არიან საქართველო და სხვა თანამოაზრე ქვეყნები“, - განაცხადა აპატურაიმ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება. დავითა ზალკალიანი: მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ NATO-ს სამიტის დეკლარაციის ტექსტი არის ძალიან კარგი და ასახულია საქართველოს პროგრესი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ხელშესახებ შედეგს მიიღებს, მისი უკრაინელი კოლეგა კი, აცხადებს, რომ ახლა ყველაზე კარგი დროა, ამ ორი ქვეყნისთვის MAP-ის მისანიჭებლად. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ NATO-ს სამიტმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა და გზავნილით მკაფიოდ გვაჩვენოს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის და „ღია კარი“. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კონკრეტულ თარიღს დღეს არ დავასახელებთ ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ესტონელი პოლიტიკოსი NATO-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ შემდგომი ნაბიჯების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „მე ძალიან მჯერა ღია კარის პოლიტიკის. მტკიცედ მჯერა, რომ თითოეულ ერს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და ის თუ რომელ ორგანიზაციებში სურთ ყოფნა. და ისევ, ესტონეთის მაგალითს დავუბრუნდები, მერწმუნეთ, ჩვენ ეს 90 - იანი წლების დასაწყისში გამოვიარეთ, როდესაც ევროკავშირსა და NATO-ში არავინ გველოდა. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ვატარებდით ჩვენს რეფორმებს, ვცდილობდით მაქსიმალურად დაახლოებას, ამიტომ ველოდებოდით შესაძლებლობის ფანჯარას და როდესაც კარი გაიღო, ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ამ უპირატესობით საუკეთესოდ ვისარგებლეთ. წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია ალიანსიდან დადებითი სიგნალების, დადებითი პასუხების მისაღებად. ასე რომ, ეს არის მომავალი, რომელიც თქვენმა ხალხმა აირჩია. თქვენ, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაოთ თქვენი ხალხისთვის და იმ ოცნებების ასრულებისთვის, რომლებიც თქვენმა ხალხმა გამოხატა. ასე რომ, თქვენ გაქვთ ბევრი მეგობრის მხარდაჭერა ევროკავშირსა და NATO-ში“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. NATO-ს სამიტის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველო იქნება. საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება. ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი, კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად აისახება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება NATO-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ დაფასდება.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ერთმანეთს სოჭში ხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს სოჭში ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსაუხურზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. როგორც მანამდე რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ორი ლიდერის შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებების გაკეთება არ იგეგმება. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინი და ლუკაშენკო ორმხრივი კავშირების განვითარების აქტუალურ საკითხებს და ორ სახელმწიფოს შორის ერთობლივ პროექტებს განიხილავენ. პესკოვის თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მოლაპარაკებები ჯერ კიდევ „რეინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტამდე ჩაინიშნა, თუმცა სავარაუდოდ პრეზიდენტები შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხს გვერდს არ აუვლიან.

დავით ზალკალიანი: სენატორების ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში სენატორების ჯინ შაჰინის და რობ პორტმანის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით. როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, სენატორები საქართველოს 2 ივნისს ეწვევიან. მანამდე კი ისინი უკრაინაში ჩავლენ. "2-4 ივნისს, საქართველოს ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია, სენატორები ჯიმ შაჰინი და რობ პორტმანი იქნებიან ამ დელეგაციის შემადგენლობაში. ისინი საქართველოში ვიზიტამდე ეწვევიან უკრაინას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დღის წესრიგში. საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო ბოლოს, როდესაც სენატორები სტუმრობდნენ საქართველოს, მოხარული ვარ რომ უკვე ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ჩვენი ერთგული მეგობარი სენატორები ეწვევიან საქართველოს. ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება დროის თვალსაზრისით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების კუთხით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით, ვფიქრობ ძალიან კარგი და სასარგებლო ვიზიტი იქნება",-აღნიშნავს ზალკალიანი. საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია დელეგაციამ გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომის მონაწილეებმა 2021 წლის 16 მარტს ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგები შეაჯამეს, რომელიც პანდემიის უპრეცენდენტო გამოწვევების ფონზე წარმატებულად შეფასდა. "კომისიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც წლის განმავლობაში ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებს მოიცავს. აღნიშნული აქტივობები ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ, ევრო-დირექტივებითა და რეგულაციებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ვადებს პასუხობენ. სამოქმედო გეგმა მოიცავს არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებს, არამედ მასში ასევე გაწერილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით, ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. კომისიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინა. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს. ამ კუთხით ხაზი გაესვა, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, დასაქმება და შრომითი უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება და მეცნიერება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, რეგიონული განვითარება, საჯარო შესყიდვები და სხვა. კომისიის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად გასატარებელი ღონისძიებების კონცეფცია იყო. აღნიშნული კონცეფცია მიზნად ისახავს როგორც გასატარებელი კომპლექსური ღონისძიებების ნათლად წარმოჩენას, ისე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების იდენტიფიცირებას, რაც ქვეყანას დაეხმარება მაქსიმალურად მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაში. კონცეფციის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ევროინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების კონსოლიდაცია, ევროკავშირთან ინტეგრაციის საგარეო განზომილება და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელება. კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს 17 მაისს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლითაც ოფიციალურად დაფუძნდა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი, რაც ლოგიკური გაგრძელებაა იმ ერთობლივი ინტენსიური ძალისხმევისა, რომელსაც სამი ქვეყანა ახორციელებს წლების მანძილზე და მიზნად ისახავს ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან საერთო პოზიციებით გამოსვლას მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე. კომისიის წევრებმა სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს და განიხილეს 2021 წლის დეკემბერში ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საკითხები", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატმა სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა. საქმე ეხება ადვოკატების - მიხეილ რამიშვილის და ეკა ქობესაშვილის დაცვის უფლების შეზღუდვას. მხარე ასაჩივრებს ფაქტს, რა დროსაც საქმის ერთ-ერთ ეტაპზე პროკურატურამ ადვოკატები დაკითხა, როგორც მოწმეები, რაც ლია მუხაშავრიას განმარტებით, კანონით დაუშვებელია. "თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთ ეტაპზე, ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი, სასამართლომ მოწმეებად დაკითხა. კანონი და საერთაშორისო პრაქტიკა კატეგორიულად კრძალავს ადვოკატის დაკითხვას იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც ის საადვოკატო საქმიანობას ასრულებს,"- აღნიშნა უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ. შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 22 ივლისს, გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს საელჩო ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებს რომში ჩამოსვლას მიმდინარე წლის 31 მაისს საკონსულოს წარმომადგენლები გეგმავენ, ერთი დღით ეწვიონ ქ. მილანს, სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს, ასევე ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას საკონსულო და სხვა სამართლებრივ საკითხებზე., - ამის შესახებ იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საელჩოს ცნობით, კონსულის ვიზიტი ამჯერად უკავშირდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მ/წლის 24 მაისი - 7 ივნისის პერიოდში დაგეგმილ აქციას. "აქციის პირობები შემდეგია: საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი − უფასოდ საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, სპეციალური აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად. ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე: რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი; რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა; რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს. პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე: რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; რომელიც ფლობს პირადობის ძველ, ლამინირებულ დოკუმენტს; რომლის ელექტრონული პირადობის მოწმობა ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა. მოქალაქეთა საკონსულო მიღება იწარმოებს: ქ. მილანი, მისამართი: Via Adolfo Consolini 3, 20151, Milano, Italy; ორშაბათს, 31 მაისს 15:00 – 18:00 საათი საკონსულო მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელეფონი: +39 350 1483114 ელ-ფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ბევრს არ ჰქონდეს წვდომა facebook-თან და საელჩოს ვებ-გვერდთან, ამიტომ გთხოვთ, ეს ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს ახლობლებს, მეგობრებსა და ნაცნობებს შორის", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საკონსულო მოქმედებებისა და ტარიფების შესახებ ინფორმაციას შეიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე: აქციის ფარგლებში 50% შეღავათით პასპორტის გაცემისთვის საფასურის ქვითარი იხ. http://italy.mfa.gov.ge/.../%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1... არასრულწლოვანის პასპორტის გაცემა: გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2394&lang=1 სრულწლოვანის პასპორტის გაცემა: http://italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2395&lang=1 საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა : http://italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2598&lang=1 NULLA OSTA-ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ: http://italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2396&lang=1 სხვადასხვა ცნობები: http://italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2397&lang=1 დოკუმენტის თარგმნა და დამოწმება: http://italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2398&lang=1

რას მოიცავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დოკუმენტი

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც არის გადასადგმელი 2024 წლამდე ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. "მოწონებულია ის კონცეფცია, რომელიც წარვადგინეთ 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად, გასატარებელ ღონისძიებათა კონცეფცია, რომელიც მოიცავს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც არის გადასადგმელი 2024 წლამდე ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან, ასევე პარლაემენტის ჩართულობით და სამოქალაქო საზოგადობის აქტიური მონაწილეობით. ეს კონცეფცია წარმოვადგინეთ, ვიმუშავეთ ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად. დოკუმენტი შედგება როგორც ნარატივული ნაწილისგან, ასევე მოიცავს მატრიცის სახით კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალს, სადაც არის დეტალურად გაწერილი, როგორც ქვეყნის რეფორმირების კუთხით გასატარებელი ღონისძიებები, ასევე საგარეო მიმართულებით და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები. მნიშვნელოვანია, რომ კონცეფციის დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები და აქტივობები ძირითადი მიმართულებით და მთავარი აქცენტი არის გაკეთებული ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებაზე. ასევე, რეფორმების განხორციელების დინამიკის შენარჩუნებაზე და ამ კუთხით კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებაზე, მათ შორის, არსებული მექანიზმის გაძლიერებაზე და ანგარიშვალდებულებების გაზრდაზე", – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ზალკალიანის თქმით, ასოცირების შეთანხმება და მისი იმპლემენტაცია არის მთავარი ხერხემალი, რასაც დაეფუძნება მათი ყოველდღიური საქმიანობა. მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფებში, რომელშიც შევა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი და ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდებიან და გაანალიზებენ იმისა, თუ რა მიმართულებით იქნება ჩამორჩენა. ამასთანავე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია სამ თვეში ერთხელ შეიკრიბება. "იქნება ჩამოყალიბებული შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, სამუშაო ჯგუფებში შევა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოახდენს მონიტორინგს და ასევე ანალიზს იმისა, რა მიმართულებით გვაქვს ჩამორჩენა, სად არის მეტი აქცენტის გაკეთება საჭირო და რა მიმართულებით კიდევ უფრო დასახვეწი საქმიანობა და შევთანხმდით ასევე, რომ პრემიერ-მინისტრი უშუალოდ, პირადად გაუწევს მონიტორინგს ამ პროცესს. კომისია უფრო მეტი სიხშირით შეიკრიბება, ეს იქნება სამ თვეში ერთხელ. ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში უკვე სამუშაო ჯგუფების ფორმატში მოხდება სამუშაოს წარმართვა. ასევე, ამ კონკრეტული გეგმის მიხედვით, მოიაზრება ის რომ ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების დინამიური ბაზის ფორმირება მოხდეს, რაც შესაძლებელს გახდის, დავინახოთ ერთიანი სურათი, თუ როგორ ხორციელდება ვალდებულების, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი შესრულება. ყურადღება ექცევა ასევე პარლამენტსა და მთავრობას შორის ერთობლივი კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებას და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას", – აცხადებს დავით ზალკალიანი. ცნობისთვის, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

საქართველოში ვიზიტამდე სენატორები ქვეყნის მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ

ამერიკის საელჩოს განცხადებით, სენატორები საქართველოს ეწვევიან ორპარტიული გზავნილით - შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია. "რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი და ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდოთ პოლიტიკურ ლიდერებს, გააგრძელონ საჭირო რეფორმები, რაც გააძლიერებს დემოკრატიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს სურვილს, მიაღწიონ ევროატლანტიკურ მიზნებს. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, მხარდამჭერი როლი შეასრულოს იმისთვის, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა რეალობად იქცეს", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. მისივე თქმით, ამ ორპარტიული ვიზიტის მკაფიო გზავნილია, რომ შეერთებული შტატები კვლავ მზად არის,აღადგინოს "ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და დაადასტუროს აშშ-ის გლობალური ლიდერობა დემოკრატიული ღირებულებების ხელშესაწყობად". "მოუთმენლად ველი შეხვედრებს უკრაინისა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს ერთგულებას სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ორივე ეს ქვეყანა რუსეთის მხრიდან მწვავე გამოწვევების წინაშეა და ცდილობს, განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შიდა რეფორმები, რაც ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერის გასაღებია" - აცხადებს რობ პორტმანი. ვიზიტის დროს, სენატორები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს პარლამენტში. როგორც ცნობილია, სენატორები უკრაინის და საქართველოს გარდა ეწვევიან ლიეტუვასაც, სადაც შეხვდებიან ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანდსბერგისს. კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, სენატორების ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით. მისივე თქმით, სენატორები საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მილიონის დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული. "აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და კრემლის მავნე გავლენის შეკავებას. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობას. უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, საიმედო და დაბალანსებული მედიის ხელმისაწვდომობას, ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს, შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთში. ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას და განახლებადი ენერგიის განვითარებას, რეფორმების გატარებას, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაფართოებას. ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. აგრეთვე, გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას და რუსეთიდან მომდინარე მავნე გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ინტეგრაციას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

აშშ-ის "საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის" პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმღებად საქართველო სახელდება

აშშ-ის "საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის" პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმღებად საქართველო სახელდება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის პროექტით "საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნისთვის" პროგრამებისთვის ევროპას 26,9 მილიონი აშშ დოლარი უნდა გამოეყოს. rროგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დახმარების პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. "საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის“ პროგრამები აძლიერებს რეგიონალურ უსაფრთხოებას, ასევე აშშ-ის, NATO-სა და ევროპულ შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთობას და ეხმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ხელს უწყობს იმ ერებს, რომლებიც შეერთებული შტატების გვერდით მოქმედებენ და მათ ჰყავთ ოფიცრები, რომლებსაც ესმით აშშ-ის სამხედრო დოქტრინა და ოპერატიული ტაქტიკა. ამ დახმარების პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი", – აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის პროექტით, საქართველომ "საგარეო სამხედრო დაფინანსებაც" უნდა მიიღოს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ფისკალური წლის პროექტში "საგარეო სამხედრო დაფინანსება" ევროპისა და ევრაზიისთვის $299 მილიონით არის განსაზღვრული. პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია. "ეს გულისხმობს რუსული გავლენებისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერების გზით. გამოყოფილი თანხები ხელს შეუწყობს შესაბამისი სწავლებების ჩატარებასა და აღჭურვილობების მიღებას, მათ შორის დაზვერვის, გარემეთვალყურეობისა და რეკოგნოსცირების კუთხით. ამ ტიპის მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია, რომლებსაც რუსეთთან უშუალო სახმელეთო საზღვარი გააჩნიათ", – მითითებულია პროექტში. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ჯანმო Sinovac-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 1-ელ ივნისს მიიღებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის Sinovac-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 1-ელ ივნისს მიიღებს. ამის შესახებ ჯანმოს დირექტორის ასისტენტმა მარიანჯელა სიმაომ განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასრულებს ჩინური Sinovac-ის შეფასებას მას შემდეგ, რაც მან მოითხოვა მოწოდებული მონაცემების შესახებ დამატებითი განმარტებები. ცნობისთვის, საქართველოში 100 000 დოზა საქართველოში 29 აპრილს ჩამოვიდა. ამ ვაქცინაც WHO-სგან ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოვაკის ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ 50.7%-ით განისაზღვრა

სენატორი შაჰინი: აშშ მოწადინებულია, მხარდამჭერი როლი შეასრულოს იმისთვის, რომ NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება რეალობად იქცეს

„აშშ მოწადინებულია, მხარდამჭერი როლი შეასრულოს იმისთვის, რომ NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება რეალობად იქცეს“, - ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ვიზიტამდე გაკეთებულ განცხადებაში საუბრობს. მისივე თქმით, ამ ორპარტიული ვიზიტის მკაფიო გზავნილია, რომ შეერთებული შტატები კვლავ მზად არის,აღადგინოს "ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და დაადასტუროს აშშ-ის გლობალური ლიდერობა დემოკრატიული ღირებულებების ხელშესაწყობად". „რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი და ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდოთ პოლიტიკურ ლიდერებს, გააგრძელონ საჭირო რეფორმები, რაც გააძლიერებს დემოკრატიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს სურვილს, მიაღწიონ ევროატლანტიკურ მიზნებს. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, მხარდამჭერი როლი შეასრულოს იმისთვის, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა რეალობად იქცეს", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. სენატორები საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევიან. ამერიკის საელჩოს განცხადებით, სენატორები საქართველოს ეწვევიან ორპარტიული გზავნილით - შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 986 ადამიანს დაუდასტურდა, 590 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 342 880 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 325 016, გარდაიცვალა 4 739 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 286 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 285 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 28 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.28 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.53%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.97%. ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან 535 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 82, იმერეთი - 76, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 26, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, კახეთი - 51, მცხეთა-მთიანეთი - 38, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 13 099, საიდანაც: 3 826 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 073, აჭარაში - 389, იმერეთში - 492. მძიმე პაციენტი: 887, მათ შორის, თბილისში - 413, აჭარაში - 96, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 222, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 16, იმერეთში - 16. 693 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 287- აჭარაში. 8 580 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 11. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 786 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 011 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 872 პირი, აჭარაში - 2 241, იმერეთში - 1 524.