ძებნის რეზულტატი:

დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი "მინისტრის საათის" ფორმატში ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკაზე ისაუბრებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. "მინისტრის საათის" პროცედურა პარლამენტის რეგლამენტით რეგულირდება. მინისტრს ანგარიშის წარსადგენად 45 წუთი აქვს, რის შემდეგ პროცედურა დეპუტატების შეკითხვებს ითვალისწინებს. მინისტრი, დეპუტატების შეკითხვებს ერთ საათიანი შესვენების შემდეგ უპასუხებს. დამაზუსტებელი კითხვა-პასუხის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა 10 წუთიანი რეგლამენტით თანამომხსენებელს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დაეთმობა, ხოლო სხვა კომიტეტებისთვის 5-წუთიანი გამოსვლებია განსაზღვრული. რეგლამენტით, პოზიციების დასაფიქსირებლად უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის 3-წუთიანი გამოსვლებია გათვალისწინებული. თუ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრები, თითოეული მათგანის გამოსვლისთვის გამოყოფილ დროს ერთმანეთს დაუთმობენ, მათი გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებისა და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლებია გათვალისწინებული. თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, პარლამენტის რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა. მინისტრის დასკვნითი სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. პარლამენტის პლენარული სხდომა "მინისტრის საათის" დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.

სასტუმროში, სადაც G7-ის სამიტის მონაწილეები იმყოფებოდნენ, თანამშრომლებს COVID19 დაუდასტურდათ

Reuters-ის ინფორმაციით, COVID19-ის გავრცელების გამო, ბრიტანეთში, კორნუოლის ერთ-ერთი სასტუმრო, სადაც დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილეები განათავსეს დახურეს. როგორ გამოცემა წერს, სასტუმროში გერმანიის დელეგაციის წევრები და უცხოელი ჟურნალისტები რჩებოდნენ. კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც სასტუმროს მეპატრონემ განაცხადა, სასტუმრო მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და თანამშრომლები თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოვლენ. ბრიტანეთში COVID19-ის გავრცელების გამო, დახურეს სასტუმრო , სადაც G7-ის სამიტის მონაწილეები იმყოფებოდნენ

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას ხვდება

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას ხვდება. დღის წესრიგის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი და გიტანას ნაუსედა ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. აღსანიშნავია, რომ აუდიენციამდე დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა ლიეტუვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი დღეს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალურ შეხვედრებამდე, გიტანას ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 695 ადამიანს დაუდასტურდა, 797 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოწვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 842 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 931 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 911 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 695 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 352 649-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.67%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.44%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 337 820-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 012 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 389 შემთხვევა, აჭარა - 47, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 64, შიდა ქართლი - 26, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 791 საიდანაც: 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 801, აჭარაში - 302, იმერეთში - 392. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 688 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 79, იმერეთში -142. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 188 პირი, მათგან თბილისში - 116, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 - თბილისში, 224- აჭარაში. 6 021 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 841 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 144 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 088, პირი, აჭარაში - 1 729, იმერეთში - 1 053.

,,დიდი შვიდეული" ღარიბ ქვეყნებს 1 მილიარდ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის ვაქცინების მილიარდი დოზის გაზიარებას გამოაცხადებენ. „მოსალოდნელია, რომ სამიტზე ლიდერები გამოაცხადებენ, რომ მსოფლიოს ვაქცინის მილიარდ დოზას გაუზიარებენ განაწილებისა და დაფინანსების მეშვეობით. გარდა ამისა, ისინი ასევე შეიმუშავებენ გეგმას ვაქცინების წარმოების გაზრდის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის 500 მილიონ დოზას აშშ, ხოლო 100 მილიონ დოზას კი დიდი ბრიტანეთი გაიღებს. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში დღეს დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება. მასთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების სხვა ლიდერები და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა პანდემია იქნება. ლიდერები პირობას დადებენ, რომ ღარიბ ქვეყნებს ერთ მილიარდ ვაქცინას გადასცემენ. ამასთან ერთად, დიდი შვიდეულის სამიტზე განიხილავენ რუსეთისა და ჩინეთის საკითხსაც. სამიტის დაწყებამდე ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ახალ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დიდი შვიდეულის სამიტი კორნუოლში იმართება და ორი დღეს გაგრძელდება.

ფილიპ რიკერი: ძალიან ვამაყობთ, რომ აშშ მხარს უჭერს ჯვრის მონასტრის აღდგენას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა ჯვრის მონასტერი დაათვალიერა. რიკერის თქმით, ამაყია, რომ აშშ და საქართველოში აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ამ ისტორიული ძეგლის აღდგენას. ,, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვეწვიე ჯვრის მონასტერს, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი რამ მსმენია. ეს არის მართლაც შთამბეჭდავი ძეგლი, როგორც ისტორიულად, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ტრადიციების კონტექსტში. ძალიან ვამაყობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საელჩო მხარს ვუჭერთ ამ შესანიშნავი ძეგლის აღდგენას. საელჩოს დაახლოებით 600 000 დოლარის გრანტი აქვს გამოყოფილი ამ ძეგლის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის. ეს ადასტურებს ჩვენს დიდ პატივისცემას და ინტერესს, რაც ჩვენ გაგვაჩნია მართლმადიდებლური ეკლესიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ საქართველოში. დღეს დილას მე შევხვდი მის უწმინდესობას ილია მეორეს და ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რას ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ სხვადასხვა ღირშესანიშნაობისა და მონუმენტის რესტავრაციას. ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ამერიკა ამაყია ამით. მის უწმინდესობას ასევე გადავეცი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს. ამ ძეგლის რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან თვალშისაცემია, რომ ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“, - განაცხადა რიკერმა. ცნობისთვის, გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროექტი, რომელიც ხორციელდება აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ითვალისწინებს მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო წყობის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას. პროექტის განსახორციელებლად 2019 და 2020 წლებში ორჯერ გამოიყო აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დიდი გრანტი. 2019 წელს აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა გამოყო დაფინანსება $ 100 000 პროექტის პირველი ეტაპისათვის, რომელიც ითვალისწინებდა მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის ყოველმხრივ მულტიდისციპლინარულ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე საკონსერვაციო პროექტის მომზადებას. 2020 წელს აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და გამოყო $ 506 000 მისი მეორე ეტაპისათვის, რომელიც გულისხმობს ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად. ეს ეტაპი მოიცავს 30 თვეს (30 სექტემბერი, 2020 – 31 მარტი, 2023). საკონსერვაციო პროექტის განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მცხეთის ჯვრის ტაძრის დასაცავად. ამ სამუშაოებმა უნდა აღმოფხვრას არსებული პროგრესირებადი საფრთხეები და უზრუნველყოს შენობის ქვის წყობის ხანგრძლივი მდგრადობა და მთლიანობა. მოსალოდნელია, რომ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მომავალ 20 წელიწადში კონსერვაციის აუცილებლობა აღარ იქნება. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს 7 ივნისს ეწვია.

ფილიპ რიკერი: ეკლესია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის განცხადებით, საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრისას მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს. როგორც რიკერმა განაცხადა, პატრიარქთან ვიზიტისას აღნიშნეს, რომ ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ,, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვეწვიე ჯვრის მონასტერს, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი რამ მსმენია. ეს არის მართლაც შთამბეჭდავი ძეგლი, როგორც ისტორიულად, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ტრადიციების კონტექსტში. ძალიან ვამაყობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საელჩო მხარს ვუჭერთ ამ შესანიშნავი ძეგლის აღდგენას. საელჩოს დაახლოებით 600 000 დოლარის გრანტი აქვს გამოყოფილი ამ ძეგლის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის. ეს ადასტურებს ჩვენს დიდ პატივისცემას და ინტერესს, რაც ჩვენ გაგვაჩნია მართლმადიდებლური ეკლესიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ საქართველოში. დღეს დილას მე შევხვდი მის უწმინდესობას ილია მეორეს და ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რას ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ სხვადასხვა ღირშესანიშნაობისა და მონუმენტის რესტავრაციას. ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ამერიკა ამაყია ამით. მის უწმინდესობას ასევე გადავეცი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს. ამ ძეგლის რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან თვალშისაცემია, რომ ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“, - განაცხადა რიკერმა. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს 7 ივნისს ეწვია. დღეს ის კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა და ასევე მოინახულა ჯვრის მონასტერი.

ფილიპ რიკერი: სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში მხარს ვუჭერთ განვითარებას, ეკონომიკას, ამ ქვეყნების ხალხთა მისწრაფებას, ჰქონდეთ სტაბილური, მშვიდი და მეტად პერსპექტიული მომავალი

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია იმუშაოს რეგიონში მის პარტნიორებთან, რომლებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სამივე ქვეყანასთან, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა. „სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში მხარს ვუჭერთ განვითარებას, ეკონომიკას, ამ ქვეყნების ხალხთა მისწრაფებას, ჰქონდეთ სტაბილური, მშვიდი და უფრო მეტად პერსპექტიული მომავალი. მოხარული ვარ და პატივია, რომ როგორც ბაიდენ-ჰარისის და ბლინკენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დავბრუნდი აქ, სადაც მანამდეც ვყოფილვარ და მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა ჩვენი როლი, ჩვენი პარტნიორობა და ის ნაბიჯები, რომლითაც ვეხმარებით ქვეყნებს სამომავლოდ მეტ სტაბილურობაში, კონფლიქტების გადაჭრაში და ვეძებთ შესაძლებლობას უფრო მეტი განვითარებისთვის“, – განაცხადა რიკერმა. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს 7 ივნისს ეწვია. დღეს ის კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა და ასევე მოინახულა ჯვრის მონასტერი.

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს NATO-ს ოჯახის გარდაუვალ წევრად

ლიეტუვა კვლავ უცხადებს საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას. „გუშინ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან და შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას. იქ ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები. ეს გამოწვევა არის ჩვენი და თქვენი. თავისუფლების საკითხი ისევ აქტუალურია. ლიეტუვა კვლავ უცხადებს საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც NATO-ს გარდაუვალ ოჯახის წევრად. პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაზე, პრიორიტეტებზე და ლიეტუვის დახმარებაზე ასოცირებული ქვეყნების მიმართ, რომლებიც იღწვიან ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ეს არის ჩემი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ტრიო ასოცირებული ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მცდელობა უფრო ნაყოფიერი, ეფექტური დიალოგის მიზნით, ამიტომ ნამდვილად ჩავერთვებით ამ ტრიოს ინტეგრაციაში, რომ იყოს ეს ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტულ სიაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იყოს მიზნებით სავსე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ქმედების გეგმა, პირველ რიგში კი ვაჩვენოთ ქართველ ხალხსა და პოლიტიკურ ძალებთან ერთად მივაღწიოთ იმას, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ვარ აქ, ჩემი ვიზიტი ჯერ არ მთავრდება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ. ​მისივე თქმით, დღეს გამართავს შეხვედრებს ქვეყნის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. „ეს ვიზიტი ნამდვილად ყოველმხრივ მაწვდის ინფორმაციას თქვენი მიზნების შესახებ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და ვთანხმდებით ალბათ, რომ ყოველთვის ცოცხალი შეხვედრა ათასჯერ უკეთესია, ვიდრე დისტანციური შეხვედრები და კონფერენციები. ამიტომ მიხარია, რომ პანდემია ცოტა იხევს უკან და შეგვიძლია, ერთმანეთს თვალებში შევხედოთ, გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ნაუსედა შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. ამასთანავე, გუშინ, ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილმა და გიტანას ნაუსედამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს. „მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყანაში თქვენი პირველივე ვიზიტისას მოვაწერეთ ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით კი , დეკლარაცია არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც. მისი თქმით, ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა ძლიერი კავშირები აქვთ. „ნამდვილად მიხარია, რომ შემიძლია, პირველად ვიყო თქვენს ქვეყანაში პრეზიდენტის რანგში. აქამდე გაგებული მქონდა, როგორი მეგობრული და ლამაზი ქვეყანაა საქართველო. ახლა შემიძლია, დავადასტურო, ეს ნამდვილად ასეა. მადლობას ვუხდი სალომე ზურაბიშვილს მეგობრული და თბილი მიღებისთვის. მახსოვს, ჩვენი შეხვედრა 2019 წელს, ვილნიუსში. ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა აკავშირებთ ძლიერი კავშირები. პირველ რიგში, ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს ვართ, ასევე ჩვენ წინაშეა, სამწუხაროდ, საერთო გარე საფრთხეები. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა დიდი მცდელობა, გაერთიანებულიყო ქვეყანა და განხორციელებული რეფორმები და სვლა ყოფილიყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით. ვუყურებ რა საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ასევე, თავის დროზე ენერგიულად იღვწოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ. ჩვენი გზა არ იყო მარტივი და ცოტა ხანი გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი ტაქტიკური მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში. ასევე, ვხედავთ ასეთ მონდომებას ქართველ ხალხში. ამიტომ, პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედა. ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ნაუსედა შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. ამასთანავე, გუშინ, ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილი: მივიღეთ დაპირება, რომ ლიეტუვა ვაქცინების კუთხით დაგვეხმარება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიიღო დაპირება და ლიეტუვა საქართველოს ვაქცინებით დაეხმარება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რაოდენობას ჯერ კიდევ დაზუსტებული არის ვაქცინების, მაგრამ ლიეტუვის მხრიდან ვაქცინების გადმოცემა, არის სოლიდარობის ნიშანი. „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ უნდა გაფართოვდეს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები, ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღნიშნა, რომ ჩვენი საზღვრები ღია არის ვაქცინირებული ადამიანებისთვის და იმათთვის, ვისაც პისიარ ტესტები ექნებათ. ძალიან საჭიროა საქართველოსთვის, რომ ეს ტურისტული ურთიერთობები აღდგეს, რაც შეიძლება სწრაფად, რამეთუ ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ეკონომიკური აღდგენის ამ ძალიან რთული პერიოდის შემდეგ და ვიცით, რა ინტერესი არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების მოსახლეობისგან საქართველოს მიმართ. იმედი მაქვს, მივიღებთ ამ ზაფხულშივე ძალიან ბევრ ტურისტს. ასევე ვისაუბრეთ კულტურულ ურთიერთობებზე და ამ მხრივაც მეგობრობა, რაც არსებობს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეების შორის საჭიროა, რომ მეტი კულტურული ურთიერთობა იყოს. ვისაუბრეთ იმის შესაძლებლობაზე, რომ ჩვენ ხელახლა, როგორც ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, დავგეგმოთ ლიეტუვას დღეები საქართველოში და საქართველოს დღეები ლიეტუვაში და ამით ურთიერთგაგება გავაღრმავოთ, გავაძლიეროთ და ესეც არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ფორმა. მივესალმები, რომ დღევანდელი დღე ამ განცხადებით და ერთობლივი განცხადების ხელმოწერით დაიწყო. იმედი მაქვს, ეს გაგრძელდება, თქვენი სხვა შეხვედრების დროს კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთგაგებას და მხარდაჭერის კონკრეტული ფორმების მოძიებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს და ჩვენი ორივე ქვეყნის მომავლისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა, ორმხრივი ურთიერთობების უაღრესად მაღალ დინამიკას. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. საუბარი შეეხო ლიეტუვის დელეგაციებთან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მთავრობის მეთაურმა ლიეტუვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მუდმივი მხარდაჭერისა და საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებისთვის. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ლიეტუვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას. COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოსთვის 15 ათასი დოზა ვაქცინის საჩუქრად გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა ლიეტუვის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და განხილულ იქნა შემდგომი ერთობლივი საქმიანობისა და კოორდინაციის ძირითადი მიმართულებები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომლის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოს საკითხი და გამოითქვა იმედი, რომ სამიტის დეკლარაციაში აისახება ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს, რომელსაც ლიეტუვის პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთში პირადად გაეცნო. გიტანას ნაუსედამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრას ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, პრეზიდენტის კაბინეტის მთავარი მრჩეველი იევა ულჩიცკაიტე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში სკირმანტე სტრაიგიენე, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კომუნიკაციის საკითხებში რამინტა სტანაიტიტე-ჩესნულიენე, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანი ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. გუშინვე პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ნაუსედა უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვის, ამასთანავე ის შეხვედრებს გამართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

სალომე ზურაბიშვილი: მოვიდა დრო, დავინახოთ ძალიან კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან დაახლოება

მნიშვნელოვანი წელია იმ კუთხით, რომ წელს ევროკავშირთან მიმართებაში, ისევე როგორც როგორც NATO-სთან მიმართებაში ძალიან სერიოზული თარიღები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ორბაელიანების სასახლეში ლიეტევულ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომდევნო კვირაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს და ამ სამიტის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინისთვის. „NATO-ს სამიტი იმართება 14 ივნისს, მომავალ კვირას და აქაც ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოსა და უკრაინის და ღია კარის პოლიტიკის საკითხი იყოს ამ სამიტის ფარგლებში ნახსენები და ასევე მივიღოთ იმის ნიშნები, თუ რა გზით და რა ფორმით ვაგრძელებთ ჩვენს საინტეგრაციო გზას. საკითხები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს ყველაზე მეტად და რომელზედაც ვისაუბრეთ და მნიშვნელოვანია ურთიერთობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში, ეს არის კიბერუსაფრთხოება და ამ კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას და ასევე შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ასევე განვიხილეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს პრზიდენტის თქმით, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობას და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საკითხს. ზურაბიშვილის თქმით, მოვიდა დრო, დავინახოთ ძალიან კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან დაახლოება. „ევროკავშირთან მიმართებაში აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო შარლ მიშელი ჩართულობა ჩვენი შიდაპოლიტიკური კრიზისის დაძლევაში, მაგრამ არამხოლოდ ამ წელს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელსაც ველოდებით. ამ ფარგლებში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სამი ქვეყანა, ასოცირებული ტრიოს ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ბათუმის კონფერენციის ფარგლებში შედგება ასეთი სამიტი და ჩვენ წარვადგენთ ჩვენს ერთობლივ ხედვას. ამ ხედვის განხორციელებაში ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი უახლოესი პარტნიორების, ევროკავშირის წევრების მხარდაჭერა და ამ მიზნების განხორციელებაში კონკრეტული მხარდაჭერა, რამეთუ ევროკავშირთან მიმართებაში დღეს დრო მოვიდა, რომ ჩვენ დავინახოთ ძალიან კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება დაახლოება, ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების საშუალებით, შავ ზღვაზე დაკავშირებისა და ტრანსპორტის პროგრამებით, თუ სხვა სექტორალური ინტეგრაციის მეშვეობით. ეს არის ის, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ ვუახლოვდებით ევროკავშირს. ამაში ვიცით, რომ სხვადასხვა კუთხით, იქნება ეს ტრენინგები თუ სხვა ფორმის რეგიონალური თანამშრომლობა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები მზად არიან, განაგრძონ და გააღრმავონ თანამშრომლობა ჩვენთან და იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები და ელჩები თვით ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კონდოლიზა რაისი: NATO-მ უკრაინა და საქართველო თავის რიგებში უნდა მიიღოს, ამისათვის მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყნებისთვის MAP - ის მინიჭებას

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის განცხადებით, საქართველო და უკრაინა უნდაგახდნენ NATO-ს წევრი ქვეყნები და მიიღონ წევრობის სამოქმედო გეგმა. ამის შესახებ მან კიევის უსაფრთხოების ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა. „მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებდა ბუქარესტის სამიტში, ყველაფერი ძალაში რჩება. NATO-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების მთავარმა ორგანიზაციამ, საქართველო და უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღოს და ამისთვის მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ კი საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ NATO-ს კარი ორივე ქვეყნისთვის ღია რჩება. „NATO-ს კარი ღია რჩება. მოკავშირეები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები რჩებიან, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან NATO-ს წევრები. ველოდები, რომ ალიანსის ლიდერები მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე მკაფიოდ განაცხადებენ ამის შესახებ”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტის დღის წესრიგი უკვე გამოქვეყნდა. ამასთანავე, NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა,

მარკ კლეიტონი: „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება არის ბაზა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის, მარკ კლეიტონი განცხადებით, პარლამენტის მიერ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის მიღება არის ბაზა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ​„მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა მიიღო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი. ეს სოლიდური ბაზაა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის კიბერსივრცეში თავდაცვისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გაძლიერდეს ზედამხედველობა“, – წერს კლეიტონი Tweeter-ზე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკონსტიტუციურად აფასებენ. ცვლილებების თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3 კატეგორიად დაიყოფიან. კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამასთან, ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.

კახა კუჭავამ და ლიეტუვის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ მომავალ NATO- ს სამიტის დეკლარაციაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აისახება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ამ გზაზე მიღწეული პროგრესი და გამოწვევები იყო. ყურადღება გამახვილდა ჩვენს ქვეყანასა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის არსებულ თანამშრომლობასა და საქართველოს NATO-სთან თავსებადობაზე. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ NATO- ს სამიტის დეკლარაციაში აისახება პროგრესი, რომელსაც საქართველომ ინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მძიმე პრობლემები განიხილეს. გიტანას ნაუსედამ ლიეტუვას მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა. კახა კუჭავამ და ლიეტუვის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ მომავალ NATO- ს სამიტის დეკლარაციაში აისახება პროგრესი, რომელსაც საქართველომ ინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია. საქართველო NATO-ს შორის არსებულს თანამშრომლობასა, NATO-სთან თავსებადობაზე იმსჯელეს კახა კუჭავამ და ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის საკითხი განიხილეს

ფილიპ რიკერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან ფილიპ რიკერთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეეხო. მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის კუთხით საქართველოს როლზე იმსჯელეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს. აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს თავის როლს, როგორც ქმედითი, საიმედო პარტნიორი და აშშ-ს ერთგული მოკავშირე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ. ფილიპ რიკერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს

NATO მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ბრიუსელში მომავალ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ერთობლივ განცხადებას, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. ამის შესახებ Europetime-ს ექსკლუზიურად NATO-ში განუცხადეს. ,,ჩვენ მივესალმებით NATO-სთან დაკავშირებულ დეკლარაციაზე სხვადასხვა პარტიის ხელმოწერას. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულ პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს",- აღნიშნავენ Europetime-თან საუბრისას . ცნობისთვის, NATO-ს სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიები ერთიანი არიან საქართველოს NATO-ში გაწევრების მხარდაჭერაში. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატონ პოლიტიკური ნება და დააფიქსირონ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს. "აქ გახლავთ საკითხების ჩამონათვალი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის NATO-ს წევრობა და რომ იგი ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ასევე, ამ ფორმატის მნიშვნელობა მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი ევროპისთვის , განსაკუთრებით კი საქართველოსთვის. NATO-ს და მის წევრებს მადლობას ვუხდით საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისთვის, ხაზს ვუსვამთ პარტნიორობის გაძლიერებას დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად, აგრეთვე, მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნულია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავება და ვაცხადებთ, რომ NATO-ში საქართველოს წევრობით შესაძლებელი იქნება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება. ხელმოწერით ჩვენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ვეუბნებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტური განსხვავებებისა, არის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით და ერთიანი ძალით მივდივართ წინ. სესიის მსვლელობის დროს დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება რუსთაველის დარბაზში და ნებისმიერ დეპუტატს როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად საშუალება ექნება, ხელი მოაწეროს. ამ ხელმოწერით ვაჩვენოთ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და რის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ. ყველას მოგიწოდებთ დავაფიქსიროთ პოლიტიკური ნება ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა კახა კუჭავამ.

12-20 ივნისს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ახალ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც დიდი ქართველი მუსიკოსის - მომღერლის, საგუნდო დირიჟორის, ხალხური სიმღერების შემკრებისა და პედაგოგის, ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის სახელის უკვდავსაყოფად და იმ საქმისადმი მადლიერების გამოსახატად დაარსდა, რომელიც მან ქართული ფოლკლორის გადარჩენისა და განვითარებისთვის გასწია. "ღონისძიების სტატუსი საერთაშორისოა, თუმცა წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, ფოლკლორული ანსამბლების სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც, მსმენელის წინაშე საკონცერტო პროგრამებით მხოლოდ ქართული ანსამბლები წარსდგებიან. ფესტივალზე წელს ოთხი კონცერტი გაიმართება: 12 ივნისი - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“; 13 ივნისი - ქართული სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“; 19 ივნისი - საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“; 20 ივნისი - აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“; ქვეყანაში არსებული კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე www.biletebi.ge ფესტივალის პირველი მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია", - ნათქვამია მერიის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ნაუსედასთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მიღწეული წინსვლა

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას ნაუსედასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს იმ ძირითად საკითხებზე, რაც შეხვედრის განმავლობაში განიხილეს. „ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას ნაუსედასთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მიღწეული წინსვლა და სხვადასხვა სექტორში ლიეტუვა-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოშია ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა ლიეტუვის პრეზიდენტი: ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებულია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის შესაცვლელად, ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის