ძებნის რეზულტატი:

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ „ნამახვანჰესი“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს. როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალიდან იწყება მედიაციის პროცესი, სადაც ჩართულები იქნებიან როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და „რიონის ხეობის მცველები“. მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ინვესტორთან და მათი ამოცანაცაა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი მშვიდ ვითარებაში აშენდეს. „როგორც კი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ დაიწყო სერიოზული პროტესტი და ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების გათვალისწინება გვმართებს, დაიწყო „ნამახვანჰესის“ პროექტის სხვადასხვა მიმართულებით სრულყოფის პროცესი. ეჭვგარეშეა, რომ „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს. შექმნილია პლატფორმა ექსპერტებისთვის, რომ ყველა ეკოლოგიური საკითხი უფრო მეტად გახსნილი და შესწავლილი იყოს და თუ ექსპერტები აღმოაჩენენ, რომ რაიმე გამოსასწორებელია, ესეც უნდა იყოს ნათელი. 15-მდე ექსპერტებმა და კვლევითმა ორგანიზაციებმა გაიწვია ეს საბუთები. მუშაობენ და ველოდებით მათ მოსაზრებებს. მეორე მიმართულება არის საერთაშორისო მედიაცია. რამდენადაც ვიცი, ხვალიდან იწყება მოლაპარაკების მაგიდასთან სხვადასხვა მხარის შეხვედრის პროცესი, სამინისტრო და ექსპერტებიც იქნებიან ჩართულები, ველოდებით, რომ რიონის მცველებიც იქნებიან ჩართულები. ეს არის ნორმალური პროცესი. პროექტის გაუმჯობესების მიღწევა და კითხვებზე პასუხის გაცემა, გაცილებით უპრიანია, ხდებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მესამე საკითხი ეს არის ის, რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი არის პრობლემატური და იწვევს კითხვებს მოსახლეობაში. პირველ რიგში, ეს ეხება კალაპოტის ნაწილის ხანგრძლივი ვადით იჯარაში გადაცემის თემას. კანონმდებლობით ეს ვადა, მაქსიმალური 99 წელი, დაშვებულია. მაგრამ რეალურად ეს იწვევს პრობლემებს. აქამდე ჩვენ არ გვქონია ასეთი მსხვილი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების გამოცდილება. რამდენი ათწლეულია ასეთი დიდი ობიექტი არ აშენებულა. აქედან გამომდინარე ჩვენც ვსწავლობთ, როგორ შეიძლება დაიხვეწოს კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვახორციელებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან. კარგია, რომ ინვესტორიც ამას გაგებით ეკიდება იმიტომ, რომ მათი ამოცანაცაა, პროტესტი არ იყოს და მშვიდ ვითარებაში აშენდეს პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის თვალსაჩინო პროექტი იქნება. ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას“,- განაცხადა თურნავამ.

პარლამენტმა პარტიების დაფინანსების შეზღუდვაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მოქალაქეთა "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხს კენჭისყრაზე 80 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე ჰყავდა. ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს, ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. "იმ შემთხვევაში, თუ ნახევარი მაინც კონკრეტული პარტიის შეიწყვეტს უფლებამოსილებას, ამოქმედება ეს მექანიზმი, რომელიც უკავშირდება დაფინანსების შეწყვეტას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ნახევარი მაინც პლენარული სხდომების ნახევარს არასაპატიო მიზეზით გააცდენს, აქ ხდება 6 თვის ფარგლებში დაფინანსების არა შეწყვეტა, არამედ შეჩერება. თუ შემდგომ პარტია იმოქმედებს პარლამენტის რეგლამენტის და კონსტიტუციის შესაბამისად, ეს დაფინანსება აღუდგება", -კანონპროექტის მომხსენებელმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა .

პარლამენტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარდგენილ ამნისტიის პროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარდგენილ ამნისტიის პროექტს მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციის კანონპროექტს მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. შესაბამისად, მუშაობა “ქართული ოცნების“ კანონპროექტზე გაგრძელდება, რომელიც ორი მოსმენით განხილული და მიღებულია. ოპოზიციის პროექტი მხოლოდ მიმდინარე საქმეებს ეხებოდა. მისი მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებოდნენ 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც უკვე არიან ბრალდებული ან მსჯავრდებული. 9 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ანგელა მერკელი ოფიცილური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერს თეთრ სახლში უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ანგელა მერკელი აშშ-ში 15 ივლისს ჩავა. „კანცლერ მერკელის ვიზიტი აშშ-სა და გერმანიას შორის ღრმა ორმხრივი კავშირების არსებობის დადასტურება იქნება. ლიდერები განიხილავენ თანამშრომლობის საკითხს მთელ რიგ საერთო გამოწვევებზე, მათ შორის კოვიდ-19 პანდემიის დასრულებაზე, კლიმატის ცვლილების საფრთხის დაძლევაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე,"- აცხადებენ თეთრ სახლში. ცნობისთვის, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ანგელა მერკელისთვის პირველი ვიზიტი იქნება ვაშინგტონში.

ლაშა ხუციშვილი: ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს კორონავირუსის პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე, გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები. მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, გაგვეყვანა პოსტპანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდამდე, რათა მათ იოლად შესძლებოდათ აღედგინათ სრული სიმძლავრეები“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო სწორი და ეფექტური სოციალური დაცვის სისტემის ამოქმედება, რაც მოხერხდა სოციალური პროგრამების შემუშავებით. „გადასახადების დანაკლისმა 1.9 მილიარდი შეადგინა; ჯანდაცვის ხარჯებმა 0.9 მილიარდი; ბიზნესის მხარდაჭერამ - 3,0 მილიარდი ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1.3 მილიარდი; ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზაფხულის სეზონზე სამოგზაურო შეზღუდვების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ზაფხულის სეზონზე სამოგზაურო შეზღუდვების გამარტივებაზე შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ელჩებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, სრულად ვაქცინირებული ადამიანები ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას თავისუფლად შეძლებენ. ასევე, პირველი ივლისიდან ევროკავშირში „კოვიდ-19“-ის სერტიფიკატებიც ამოქმედდება. მოგზაურებზე შეზღუდვები იმის მიხედვით გავრცელდება, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება მათ ქვეყანაში. მაგალითად, „მწვანე ზონის“ ქვეყნებიდან ჩასული ტურისტებისთვის შეზღუდვები არ იმოქმედებს, „ნარინჯისფერი ზონის“ ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებს ტესტის ჩატარება მოუწევთ, „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებს კი შესაძლოა, კარანტინის გავლა დასჭირდეთ.

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ნინოწმინდის პანსიონზე: ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე

"ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე", - გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაეროს სააგენტოთა ჯგუფი გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას. ამასთანავე, გმობენ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას. “მზრუნველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, უფლებების განხორციელება და განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ. საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამგვარად, ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას [გაეროს წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის შესაბამისად]. აღსანიშნავია სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის სკოლა-პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე, ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად. დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაო ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მონაწილე მხარეს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივი სცენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად. ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა 2019 წლის 18 დეკემბერს გაეროს ყველა 193 წევრი ქვეყნის, და მათ შორის საქართველოს მიერ, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას დეინსტიტუციონალიზაციაზე და ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის ალტერნატიული ზრუნვის უზრუნველყოფაზე, რომელიც ოჯახსა და თემზე იქნება დაფუძნებული. სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მყისიერი და მკაცრი ზომების გატარება დეინსტიტუციონალიზაციის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა მოვლის სერვისების გაუმჯობესებას და ოჯახისა და თემის მხარდამჭერი ალტერნატიული მომსახურებების გაძლიერებას. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შეიქმნას სათანადო მექანიზმი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობას გაუწევს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები. გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სასურველია, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისგან (ფსიქოლოგებისა და თერაპევტების ჩათვლით), იმისათვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვანი დახმარება მიიღონ. ასევე აუცილებელია სპეციალური ძალისხმევა ოჯახის მხარდაჭერი მექანიზმებისა და მათ შორის, ბავშვთა დაცვის სისტემის და სოციალური უზრუნველყოფის პროცედურების გაუმჯობესებისთვის. დაბოლოს, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების კონსტიტუციური მანდატის განხორციელებაში შესაძლო ჩარევის აღმოსაფხვრელად და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ბოლოდროინდელი მოთხოვნის შესასრულებლად. ბავშვზე ზრუნვის ყველა დაწესებულებაში სისტემური გამოწვევების დაძლევის მიზნით, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განაგრძობს მუშაობას სამთავრობო ინსტიტუტებთან, სახალხო დამცველთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველა დაინტერესებულ რელიგიურ კონფესიასთან. - ნათქვამია განცხადებაში. სასამართლოს დროებითი განჩინებით, ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაევალათ

,,დიდი შვიდეულის" სამიტი იწყება

,,დიდი შვიდეულის" სამიტი იწყება. G7-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა სამიტის წინ, ტრადიციულად ერთობლივი ფოტო გადაიღეს. სამიტი კორნუოლში იმართება და ორი დღე გაგრძელდება. ლიდერების შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხები პანდემია, ვაქცინების გადანაწილების თემა და კლიმატური ცვლილებების საკითხები იქნება, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა რუსეთს და მისგან მომავალ საფრთხეებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის ვაქცინების მილიარდი დოზის გაზიარებას გამოაცხადებენ. „მოსალოდნელია, რომ სამიტზე ლიდერები გამოაცხადებენ, რომ მსოფლიოს ვაქცინის მილიარდ დოზას გაუზიარებენ განაწილებისა და დაფინანსების მეშვეობით. გარდა ამისა, ისინი ასევე შეიმუშავებენ გეგმას ვაქცინების წარმოების გაზრდის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში. სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება, რომელმაც მისი პირველი ევროპული ტური დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო. თეთრი სახლის ლიდერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უკვე შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ახალ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს ფილიპ რიკერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშია. “განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა საკუთარი პარტიის და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ. გიორგი გახარია და ფილიპ რიკერი შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კვლავაც აქტიურად გაგრძელდება”, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდნენ.

ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ, დაღმავალ ფერდზე ვართ

"ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველა პარამეტრის მიხედვით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება. "მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბევრ ტურისტს ვხედავთ ქუჩაში, თანდათან ქვეყნის ეკონომიკა იხსნება და ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაშიც. ეპიდსიტუცია მშვიდდება მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაში და მისი ყველა პარამეტრი, როგორიც არის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე. დადებითობის პროცენტი აჭარაში გვაქვს 2%-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში და გუშინდელი მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია, ახალი შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, მერყეობს 40-70-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს", - განაცხადა გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი აცრა სწორედ აჭარაშია ჩატარებული და ამ დროისთვის 19 000 აცრაა გაკეთებული. თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეყნის მიზანია, რომ ჯამში 1700 000 ადამიანის აცრა მოხდეს, აქედან აჭარაში 350 ათასი ადამიანი უნდა აიცრას. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 695 ადამიანს დაუდასტურდა, 797 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 ინფიცირებული გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: წარმატებებს გისურვებ პუტინთან ურთიერთობისას - არ ჩაგეძინოს შეხვედრის დროს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას TheHill-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპა ჯო ბაიდენს პუტუნთან "გულითადი მოკითხვა" დააბარა. "წარმატებებს ვუსურვებ ბაიდენს პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობისას. არ ჩაგეძინოს შეხვედრის დროს და გთხოვ, პუტინს ჩემგან გულითადი მოკითხვა გადაეცი!" - განაცხადა ტრამპმა. ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა ჯო ბაიდენი: ევროპული ტურნეს მიზანი მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის გაძლიერებაა ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება შვეიცარიის საგარეო უწყებამ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი დაასახელა

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

11 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინა ჯამში 197 114-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 61 315 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 6 113-მა ადამიანმა გაიკეთა.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პარმენ ჯალაღონია აირჩიეს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას დანიშვნას აჭარის უმაღლესი საბჭოს 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფარული კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. სხდომაზე, ასევე ფარული კენჭისყრით, 13 ხმით, 5 წლის ვადით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის თანამდებობაზე პარმენ ჯალაღონია აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. "კანონმდებლებმა არჩევანი გააკეთეს მთავრობის თავმჯდომარის მიერ, უსკო-ს წევრის თანამდებობაზე წარმოდგენილი - ირაკლი გვარამიასა და რამაზ ფირცხალაიშვილის კანდიდატურებს შორის. ფარული კენჭისყრის შედეგად, 15 ხმით, 5 წლის ვადით, უსკო-ს წევრად ირაკლი გვარამია აირჩიეს. კანონმდებლებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ - გიგა ჩხარტიშვილმა მაუწყებლის კონცეფციაზე, მიმდინარე და სამომავლო პროგრამულ პრიორიტეტებზე, სამაუწყებლო პროგრამების განრიგზე, გაფართოებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებზე, აუდიტის დასკვნასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შავ ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი შემოვიდა

ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი USS Laboon (DDG-58) შავ ზღვაში შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტი Twitter-ზე ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაღმოსანი შავ ზღვაში საზვღაო უსაფრთხოების ოპერაციების შესასრულებლად შემოვიდა. "ამერიკის საზღვაო ძალები NATO-ს წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად მოქმედებს შავ ზღვაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 და 20 მაისს არასრულწლოვანმა ა.ს.-მ 8 წლის ბავშვი გააუპატიურა. "ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივარი დააკმაყოფილა და ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მაიკლ მაკფოლი: პუტინთან ბოლო შეხვედრისას, ბაიდენმა გააკრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია,  ვიმედოვნებ, ახლაც იმავეს გააკეთებს

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის საკითხს Twitter-ზე ეხმიანება. "2011 წელს, პუტინთან ბოლო შეხვედრისას,ბაიდენმა გააკრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ვიმედოვნებ, იმავეს გააკეთებს შემდეგ კვირასაც. როგორც ჩანს, მსოფლიომ დაივიწყა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოშიც (და მათ არც მოლდოვაში მიესალმებიან)",- წერს მაკფოლი. ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება შვეიცარიის საგარეო უწყებამ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი დაასახელა

ისრაელი ვაქცინირებულ ინდივიდუალურ ტურისტებს მიიღებს

1-ელი ივლისიდან ისრაელი ვაქცინირებული ინდივიდუალური ტურისტების მიღებას გეგმავს. ამის შესახებ ისრაელის ტურიზმის მინისტრმა განაცხადა. "დრო მოვიდა, ისრაელი გაიხსნას ტურიზმისთვის და გამოიყენოს მისი, როგორც ვაქცინირებული ქვეყნის სტატუსის უპირატესობა მისი ეკონომიკის სასარგებლოდ", - განაცხადა ტურიზმის მინისტრმა. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ვაქცინირებულ და არა ვირუსგადატანილ ადამიანებს ექნებათ ქვეყანაში შესვლის უფლება. ამასთანავე, მათ უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა და PCR ტესტის პასუხი. ევროკავშირის საბჭომ ისრაელი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გამო შვეიცარიის საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გამო, რომელიც ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება, შვეიცარიის საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება. გადაწყვეტილება ფედერალური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენ-პუტინის სამიტისთვის შვეიცარია უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ადგილობრივი საჰაერო სივრცე შეიზღუდება სამი დღის განმავლობაში და საზოგადოებას ეკრძალება ქალაქის ცენტრში და ტბასთან გადაადგილება. შეზღუდვები 15-17 მაისს იმოქმედებს. შვეიცარიის საჰაერო ძალები უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას. პოლიციის გარდა, ქალაქში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 1000 ჯარისკაციც. როგორც მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, ჟენევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კომერციულ ფრენებზე შეზღუდვა არ იმოქმედებს. ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება შვეიცარიის საგარეო უწყებამ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი დაასახელა

იაპონიის მთავრობამ ბელარუსის თვითმფრინავებს იაპონიის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა

იაპონიის მთავრობამ ბელარუსის თვითმფრინავებს იაპონიის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. გარდა ამისა, იაპონია თავის საჰაერო გადამზიდავებს რეკომენდაციას აძლევს, არ იფრინონ ​​ბელორუსის საჰაერო სივრცეში. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ტოკიო გმობს Ryanair– ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას მინსკში და ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რომან პროტასევიჩი. როგორც Deutsche Welle წერს, ტოკიოს გადაწყვეტილება სიმბოლურია. პირდაპირი საჰაერო კავშირი ბელარუსსა და იაპონიას შორის არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ხვალ მედიაციის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ეკონომიკის სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესი ამომწურავად გასცემს პასუხს „ნამახვანიჰესის“ პროექტის შესახებ ყველა შეკითხვას. „12 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მისი მსვლელობისას მოხდება პროექტში ჩართული მხარეების პოზიციათა დაფიქსირება და გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი ადამიანების მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასხდომის კარგი მაგალითი გახდება, ხოლო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაცია – ეფექტიანი ფორმატი მხარეების პოზიციების დაახლოებისა და საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად. იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამში, ამომწურავად გასცემს პასუხს „ნამახვანიჰესის“ პროექტის შესახებ საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ჰიდროელექტროსადგურის ისეთ პროექტს, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.