ძებნის რეზულტატი:
როდის მიიღებს საქართველო Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებით დოზებს
ივლისის თვიდან ჩვენ ვაქცინების საკმარისი რაოდენობა გვექნება იმისთვის, რომ გაფართოებული კამპანია დავიწყოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ივნისის ბოლომდე Astrazeneca-ს დარჩენილი 43 000 დოზა, ქვეყანაში ჩამოვა. "Astrazeneca-ს მეორე დოზაზე რეგისტრაცია ვისაც უწევს, 22 ივნისის შემდეგ დაემატება ადგილები და ყველას ვისაც, პირველი დოზა აქვს გაკეთებული, აუცილებლად ექნება მეორე დოზის მიღების შესაძლებლობა", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია
მასობრივი ვაქცინაციის კამპანია დაიწყება ზაფხულში. ივლისი იქნება პირველი თვე, რომელიც აქტიურად იქნება დატვირთული ვაქცინაციით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება იგეგმება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. "საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების ოპერაციული გეგმა. ივლისის თვიდან უკვე ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში იმ დოზების ხაჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში და ასე შემდეგ. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ვაქცინაციის ადგილების შექმნა და ბრიგადების, სამედიცინო დაწესებულებების დამატება და ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა. ჯამურად დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 200-მდე ბრიგადა, დამატებით კიდევ საჭიროა თითქმის ამდენივეს მობილიზება, ყველაზე ნაკლები დამატებითი საჭიროება არის თბილისში, თუმცა, თბილისში დღეს მათი მოთხოვნის გამო, როგორც იცით ადგილები მუდმივად შევსებულია, მაგრამ რეგიონებში იმისთვის, რომ მოსახლეობის მოცვა შესაბამისად მოხდეს",-განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, უკვე დაწყებულია კონსულტაციები მოლებთან, ასევე გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე და იქ ჩაატარებენ ვაქცინაციას იმ პირებისთვის, ვინც დაწესებულებას მიმართავს. გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს კლინიკებთან. "დამატებით 16 ჰოსპიტალი და 15 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება თბილისში მზადაა იმისთვის, რომ ჩაერთოს ეტაპობრივად პროგრამაში", - განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, კოვიდით ინფიცირების დატვირთვა მცირდება და კლინიკებმა გამოხატეს მზაობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. "ეს დაეხმარება თბილისს, რომ დამატებითი ადგილები გაჩნდეს და გარდა ამისა, მიდის მუშაობა თავშეყრის ადგილებში ვაქცინაციის დიდი წარმადობის ცენტრების მოწყობაზე, რომელსაც მეთვალყურეობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო და იქ უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტები იქნება დაცული", - განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, ვაქცინაციის დამატებითი ხარჯები გათვალისწინებულია და ამ კვირაში წარედგინება ფინანსთა სამინისტროს.
სრულად ვაქცინირებულებიდან რამდენი დაინფიცირდა კორონავირუსით
დღეს არსებული მონაცემებით, ორი დოზით ვაქცინირებულია 70 000-მდე ადამიანი. გიდასტურებთ, რომ ორი დოზით აცრილებში ინფიცირების შემთხვევები 0,2%-ია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ერთი დოზით აცრილებში ინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 0,8%-ია. "უმრავლესი შემთხვევები მსუბუქია, რომელიც ბინაზე მკურნალობით და დაკვირვებით მოიხსნა. არის ზუსტი სტატისტიკაც თუ რამდენი ინფიცირებული მოხვდა საავადმყოფოში", - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: ზაფხულის შემდეგ, ყველა მასწავლებელი და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტსა და სკოლაში, უნდა იყოს ორჯერადად აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის პერიდოში ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტები უნდა აიცრას, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს. ამის შესახებ მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. "ზაფხულში, აცრების მაქსიმალური რაოდენობა უნდა ჩავატაროთ, რათა უსაფრთხოდ შევხვდეთ სწავლის დაწყებას. ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში მივა, ორჯერადად უნდა იყოს აცრილი. ასევე, სკოლის ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რათა სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის. ამასთან, საჯარო დაწესებულებები, ტელევიზიები - შვებულების შემდეგ. გიდასტურებთ, რომ ივლისსა და აგვისტოში გვექნება ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, ასარჩევადაც კი შეიძლება გვქონდეს საქმე. ასე რომ, აიცერით ყველა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს ერგნეთში რიგით მე-100 შეხვედრას ეუთოს გენერალური მდივანი ესწრება
დღეს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრება ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და 99-ე შეხვედრიდან დღემდე, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება.
სენატორი რობ პორტმანი: მივესალმები საქართველოსა და უკრაინის მიმართ NATO-ს მხარდაჭერას
მივესალმები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ NATO-ს მხარდაჭერას, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი Twitter-ში წერს. სენატორი NATO-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეს ეხმიანება. "მივესალმები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ NATO-ს მხარდაჭერას და ალიანსის ერთგულებას მათ საბოლოო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ისინი ძლიერი მოკავშირეები არიან და NATO-ს ნაწილი უნდა იყვნენ", - წერს სენატორი. საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე საგარეო უწყება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს იენს სტოლტენბერგი: NATO სოლიდარულია ჩვენი ღირებული პარტნიორების საქართველოს და უკრაინის მიმართ სლოვენიის პრემიერი: NATO უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება დავით ზალკალიანი: კომუნიკეში არის გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე
დღეს ბრიუსელში აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს მონაწილეობას მიიღებს აშშ-ევროკავშირის სამიტში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც თეთრი სახლი აცხადებს, შეხვედრა ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას ტრანსატლანტიკური კავშირებისადმი. ვაშინგტონის თანახმად, ლიდერები განიხილავენ "საერთო დღის წესრიგს", რათა უზრუნველყონ: გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოება, გლობალური ეკონომიკური აღდგენა, კლიმატის კრიზისის მოგვარება, ციფრული და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავება, დემოკრატიის გაძლიერება და ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხები. ჯო ბაიდენი ასევე შეხვდება ბელგიის მეფე ფილიპეს და ბელგიის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე დე კროუს.
საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცა
ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა მოიცავს, როგორც ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდის ნაწილს, ისე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის, მათ შორის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზება საქართველოს მასშტაბით, დიდ ქალაქებში იგეგმება და ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის, რეგულარული ტესტირება სავალდებულო აღარ იქნება. საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადები. აღინიშნა, რომ სხვადასხვა დასახელების ვაქცინის შემოსვლა ქვეყანაში ივლისიდან, ეტაპობრივად დაიწყება და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა. იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 355 368 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 341 103 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 083 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 34 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 595 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3059 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
იაპონიის ელჩი: იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობს
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იმამურა აკირამ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ინფორმაციას საქართევლოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მე თვითონ ვმდგარვარ საქართველოში გავლებულ საოკუპაციო ხაზის პირისპირ. ჩვენ ვცდილობთ, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებშიც ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ქვეყნებთან, რათა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იქნას დაცული“, - განაცხადა იმამურა აკირამ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას უსმენენ.
სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები NATO-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი NATO-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეს Twitter-ზე ეხმიანება. "მივესალმები NATO-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი გზა ნათელია და ძლიერდება ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით!", წერს სალომე ზურაბიშცილი. საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე საგარეო უწყება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს იენს სტოლტენბერგი: NATO სოლიდარულია ჩვენი ღირებული პარტნიორების საქართველოს და უკრაინის მიმართ სლოვენიის პრემიერი: NATO უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება დავით ზალკალიანი: კომუნიკეში არის გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე
ისრაელში დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ჩეზი ლევიმ ორშაბათს, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებების შეტანას ხელი მოაწერა, რის თანახმადაც 15 ივნისიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. როგორც ცნობილია, მოცემული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების დაბალი ინტენსივობის გამო მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანების ხელმოწერისთანავე, ქვეყნის მასშტაბით მდებარე ბიზნესებსა და დაწესებულებებს შეეძლებათ განაახლონ ფუნქციონირება, როგორც ეს პანდემიის დაწყებამდე ხდებოდა. ნიღბების ტარება აღარ იქნება საჭირო სავაჭრო ცენტრებში, სამუშაო ადგილებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში. ამასთან, ამ წესს აქვს სამი გამონაკლისი. დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ნარჩუნდება: არავაქცინირებული სტუმრებისთვის, თანამშრომლებისთვის, აგრეთვე ჯანდაცვის დაწესებულებების იმ მომსახურებისთვის, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან აქვთ შეხება. პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება ადამიანებისთვის, რომლებიც საკარანტინო სივრცეში შედიან და აგრეთვე თვითმფრინავის მგზავრებისთვის.
იაპონიის ელჩი: ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ
"ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ", - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ჩვენთვის მთავარია მოვახდინოთ დამაკავშირებელი არხების გაძლიერება აზიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის. ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ქუთაისისა და დარიალის პროექტები რომელიც იაპონიისა და საქართველოს თანამშრომლობით განხორციელდა. ამგვარი ინვესტიციები მომავალშიც განხორციელდება. ჩვენ გვაქვს დადებული ხელშეკრულება საგანგებო საგადასახადო რეჟიმის შესახებ, რათა მაღალი ინვესტიციების განხორციელებისას თავიდან იქნას აცილებული ორმაგი დაბეგვრა“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას უსმენენ. იაპონიის ელჩი: იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობს
PHR: სასამართლომ სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება უკანონოდ ცნო
ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი და 2 წლის წინ სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება უკანონოდ ცნო. "სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა. ბავშვები, 2 წლის წინ, სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა. ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი. საქმე განიხილა მოსამართლე დავით წერეთელმა. სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით". - ვკითხულობთ PHR-ის განცხადებაში.
დავით ზალკალიანი: მადლიერი ვარ ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის, პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას საქართველოს საკითხის განხილვისთვის
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს მადლობას უხდის აშშ-ს პრეზიდენტთან, ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს საკითხის განხილვისთვის და ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. "მადლიერი ვარ ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას საქართველოს საკითხის განხილვისთვის. ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გვერდში დგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია! ლიეტუვას მხარდაჭერა საქართველოსადმი კიდევ ერთხელ დადასტურდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს,"- ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.
ეუთოს გენერალური მდივანი: ეუთო მუშაობს ხალხის კეთილდღეობისთვის - იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს
ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით მე-100 შეხვედრის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სრულად ფლობს ინფორმაციას ზაზა გახელაძის საკითხზე. მისი თქმით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი მიზანი სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შემსუბუქებაა. "ბედნიერი ვიყავი, ეუთო-ს სახელით მივსალმებოდი ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მე-100 შეხვედრის მონაწილეებს. ძალიან კარგად მახსოვს პირველი შეხვედრა, რომელიც 12 წლის წინ გაიმართა. ეს იყო ევროკავშირის მხრიდან და ვამაყობ, რომ ვმონაწილეობდი ამ მნიშვნელოვანი ფორმატის შექმნაში. მე აღარ ვმუშაობ ევროკავშირში, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემი კოლეგაა წარმოდგენილი ევროკავშირიდან. მას შემდგომ ევროკავშირი და ეუთო ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფმა ძალიან კონკრეტული წვლილი შეიტანა უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა ჰელგა მარია შმიდმა. მისივე თქმით, ეუთო მსოფლიოში არის უსაფრთხოების ყველაზე დიდი რეგიონული ორგანიზაცია. "ჩვენ ვმუშაობთ ხალხის კეთილდღეობისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომელიც აქვთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ეს არის კონკრეტული, ყოველდღიური და უსაფრთხოების საკითხები. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი ჟენევის დისკუსიებისთვის. აღვნიშნავ იმასაც, რომ მე კარგად ვიცი აღნიშნული საკითხების შესახებ. მაგალითისთვის ვიტყვი გახელაძის საკითხს, რომელზე საუბარიც იყო დღევანდელ შეხვედრაზე", – განაცხადა ჰელგა მარია შმიდმა. ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრას ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ერთად დაესწრო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორი იოანეკე ბალფურტი. „ევროკავშირი ისევე, როგორც ეუთო, მონდომებულია უსაფრთხოებისთვის და მედიაციისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვესწრებოდი მე-100 შეხვედრას. მინდა, მადლობა გადავუხადო ფორმატის ყველა მონაწილეს მათი მონდომებისთვის, რომ გამონახოს პრაქტიკული გადაწყვეტილებები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ევროკავშირი ასევე წარმოდგენილია ძალიან მნიშვნელოვანი, სადამკვირვებლო მისიით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იქნება აქ, რათა წარმოაჩინოს ჩვენი მონდომება და მხარდაჭერა",- განაცხადა ბალფურტმა.
პაატა იმნაძე: საქართველოში ინდური შტამი იწყებს გავრცელებას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც იმნაძე განმარტავს, ბრიტანულ შტამთან ერთად, საქართველოში გავრცელებას იწყებს ინდური შტამიც. „სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა, ინდური შტამის ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, დელტა შტამი წამყვანი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს უკავშირდება ძირითადად ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. 18 შემთხვევაა დღეისთვის დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან შტამთან ერთად (ე.წ. ბრიტანული), უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ. ინდური შტამიც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.
დავით ზალკალიანი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის, სოფელ ციცაგიაანთკარში წყლის პროექტის განხორციელებაში ეუთო-ს მიერ შეტანილი წვლილისა და პროექტის ინაუგურაციაში მისი პერსონალური მონაწილეობისთვის. "მინისტრმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთო-ს აქტიური ჩართულობისა და ჰელგა შმიდის მიერ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გააქტიურების გამო. დავით ზალკალიანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, მათ შორის, ე.წ. საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის მიზნით მიღებული პროგრამის, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესების გააქტიურების, საოკუპაციო ხაზის დაკეტვის და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, სიცოცხლის უფლების ხელყოფისა და ეთნიკური დისკრიმინაციის თაობაზე, რაც ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობას და მძიმე ტვირთად აწვება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, განსაკუთრებით COVID19-ის პანდემიის პირობებში. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა უკანონო დაკავებებისა და გატაცებების გახშირებულ შემთხვევებზე და ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისა და საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას. აღინიშნა ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობა. შეხვედრისას დავით ზალკალიანმა, ასევე, ხაზი გაუსვა უპრეცედენტო საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვების ფაქტს, რომელიც საქართველომ მოიპოვა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. აღინიშნა სასამართლოს გადაწყვეტილების უდიდესი მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო რეაგირებისათვის სამართლებრივ ინსტრუმენტს, რათა მოხდეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევების შეჩერება. შეხვედრისას დავით ზალკალიანმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების თაობაზე. ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა: ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება. აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის — „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელებაზე. ეუთოს გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ ეუთო განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრების მიზნით. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში და საქართველოს მზაობას აქტიური მონაწილეობა მიიღოს მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას რეგიონში. ხაზი გაესვა, რომ ზემოხსენებულის ნათელი მაგალითია, ამ მხრივ განხორციელებული ბოლოდროინდელი პოზიტიური განვითარებები. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალურ მდივანი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან.ვიზიტის ფარგლებში, ჰელგა შმიდი ეწვია საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობა მიიღო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„რთველი 2021“-ის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს
„რთველი 2021“-ის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო. „გაითვალისწინეთ: ვენახების რეგისტრაცია მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ სარეგისტრაციო უბნებზე ხდება. საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა და არ საჭიროებს იუსტიციის სახლში მისვლას. ვენახების კადასტრს კავშირი არ აქვს მიწის კადასტრთან. მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა. ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო. ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით იქმნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული გამოვლინდა
განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება და ფულადი პრიზის სახით, 10 000 ლარი გადაეცემა. 2021 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან: სოფიო ბაჩილავა - თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი; ლამარა ბოლქვაძე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; გიტა თვალაბეიშვილი - თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი; ზეინაბ კაკალაშვილი - თელავის N5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; ხათუნა რაზმაძე - თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; ქეთევან სეფიაშვილი - თბილისის N10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; გიორგი ტერუნაშვილი - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი; აზა ხანგოშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი; მარინა ხარიტონაშვილი - თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი; მაკა ხელაძე - თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი; მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
15 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 212 163 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 69 197 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში ვაქცინა 4693-მა ადამიანმა გაიკეთა.