ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი: უკრაინამ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება დამოკიდებულია იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა ის კრიტერიუმებს. მისივე თქმით, აშშ გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინამ შეძლოს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ფიზიკურ აგრესიას. „ ფაქტია, რომ სხვა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად. ამავდროულად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინა იმ მდგომარეობაში იყოს, რომ რუსეთის ფიზიკური აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოს. მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი. ეს ალიანსის წევრებზეა დამოკიდებული. უკრაინამ უნდა დაარწმუნოს ალიანსი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ სამიტზე მოკავშირეებმა დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან სურს მოისმინოს მკაფიო „დიახ“ ან „არა“. 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართა, სადაც სამიტის ერთ-ერთი განსახილველი თემა უკრაინა და საქართველო იყო. საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე
შსს: ბოლნისში კაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1971 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. მას ბრალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმედაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. "დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ რ.მ. ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა - 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ამირან გამყრელიძე: გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქების შემთხვევაში, ეს ნაბიჯი პირველ რიგში, სრულად ვაქცინირებულებს შეეხებათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება თუ მოხდება, პირველ რიგში ის ორჯერადად აცრილებს შეეხებათ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სრულადვაქცინირებული მოსახლეობისთვის წამახალისებელ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. „დღეს ვიმსჯელეთ წამახალისებელ ღონისძიებებზეც, რომ ორჯერადად აცრილებს სავალდებულო ტესტირება აღარ ჰქონდეთ. ასევე კომენდანტის საათთან დაკავშირებით შემსუბუქების ნაბიჯი თუ გადაიდგა, პირველ რიგში, ალბათ ორჯერადად აცრილებისთვის იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძემ განაცხადა, რომ მსგავსი მიდგომა ყველასთვის სტიმული იქნება, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ. „რატომ უნდა იყოს დისკრიმინაცია, პირიქით, ჩვენ ყველა უნდა ავიცრათ. პირიქით, სტიმულია ადამიანებისთვის, რომ ყველა ავიცრათ. ჩვენ აუცილებლად შემოდგომას უნდა შევიდეთ უსაფრთხო სკოლებში, ანუ ყველა მასწავლებელი უნდა იყოს სკოლებში ორჯერ აცრილი, ასევე უნივერსიტეტები, სტუდენტები და ყველა ლექტორი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ ინფექცია. იქნება შესაძლებლობა, ყველა აიცრას, ამას გიდასტურებთ, ივლისის პირველი კვირიდან საქართველოს ექნება იმდენი ვაქცინა, რომ ის ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების იმპლიმენტაციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
NATO გაფართოებას აპირებს - კომუნიკეს ანალიზი
საქართველო გახდება NATO-ს წევრი და MAP-ი ამ პროცესის ნაწილია; მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს საქართველოს მოქალაქეების შევიწროება და თვითნებური დაკავებები; უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს ოპერაციებში; მზად ვართ, გავზარდოთ მხარდაჭერა, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობისთვის; მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის მზარდი, დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების საპასუხოდ; მივესალმებით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს უხსნის გზას. ამ შინაარსით კომუნიკე ბრიუსელში, 14 ივნისს, NATO-ს სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა. ალიანსმა ასევე მოუწოდა რუსეთს, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და შეწყვიტოს ამ რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან განცალკევების მცდელობები, მათ შორის ბორდერიზაციის მსგავსი დაბრკოლებების შექმნა. „სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, უკრაინასა და საქართველოს. და გავაგრძელებთ მათი რეფორმების მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო დააახლოებს მათ NATO-სთან“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელის NATO-ს სამიტის დასასრულს. ოფიციალური თბილისი კომუნიკეში „ძალიან მნიშვნელოვან ახალი პასაჟზე“ მიუთითებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამიტისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში. „წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით. მოხარული ვართ, რომ სათანადოდ დაფასდა ავღანეთში NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქართველო ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე. მინისტრის თქმით, კომუნიკეში მოკავშირეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით. „მოკავშირეები ღიად მიუთითებენ, რომ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, სრულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა და მომავალში იყოს ალიანსის ღირსეული წევრი“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. „საქართველოსთან მიმართებით, კომუნიკე საკმაოდ დადებით და პოზიტიურ განცხადებებს მოიცავს, მათ შორის მნიშვნელოვანია დაპირება, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ყველა, მანამდე არსებული მოლოდინი ასახულია კომუნიკეში. კერძოდ, საქართველოს მედეგობის განვითარებას, განსაკუთრებით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყონ, ასევე ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე მედეგობის თვალსაზრისით დაგვეხმარებიან, ასევე მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ასევე შეუწყობს ხელს ალიანსი. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის ხსენება, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა“, - მიიჩნევს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, აშკარად ჩანს და დადასტურებულია NATO-ს სურვილი, გააწევრიანოს საქართველო. პირველ რიგში ამას, წინ ეღობება რუსეთის პოზიცია, რომელიც რისკის შემცველია პირველ რიგში საქართველოსთვის და ასევე NATO-ს წევრებისთვისაც. Europetime-თან საუბრისას კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, შავი ზღვის მნიშვნელობა NATO-სთვის, ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ამასთან, არგუმენტებია მოყვანილი, რომ NATO-ს სჭირდება საქართველო და ალიანსი მის გვერდით იქნება. „კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური კონსენსუსი და პოლიტიკური სტაბილურობა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად, ურთიერთდაპირისპირებული მხარეები, NATO-ში გაწევრიანების მომხრე ძალები არიან“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი Europetime-თან. NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს Europetime-თან ინტერვიუში ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე სამ ძირითად გზავნილზე მიუთითებს. „კომუნიკესთან ერთად უნდა განვიხილოთ დოკუმენტი, რომელიც NATO-ს სტრატეგიას განსაზღვრავს უახლოესი 10 წლის განმავლობაში. აქ არის სამი ძირითადი გზავნილი, ისევე როგორც კომუნიკეში. კერძოდ, ინტერესი შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რაც ბუნებრივია, ეხება საქართველოს, ეს არის ასევე ღია კარის პოლიტიკა და დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკასთან NATO-სა და NATO-ს პარტნიორების, მათ შორის საქართველო მიმართ. კომუნიკეში საქართველოს ნაწილი უფრო დეტალურად არის გაშლილი, თუმცა სტრატეგიულ ხედვას განსაზღვრავს ათწლიანი დოკუმენტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. NATO აპირებს გაფართოებას, NATO განიხილავს შავი ზღვის რეგიონს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილს. ალიანსი ზრუნავს იმაზე, როგორ აამაღლოს პარტნიორების, მათ შორის საქართველოს დაცულობა, უსაფრთხოება. ასევე, იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ამისკენ და მზად არის, დაეხმაროს საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც აუცილებელია MAP-ისა და საბოლოო წევრობისთვის; იმისათვის, რომ ერთად ვიმუშაოთ ე.წ. შესაძლებლობების ფანჯრის შექმნაზე, რომელიც ამ ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდის. რუსეთის ფაქტორზე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი იყო. ალიანსის ერთიანი პოზიციაა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ტიპის პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს NATO-ს პარტნიორი ქვეყნების მიმართ, სრულიად მიუღებელია; რომ ამ ტიპის პოლიტიკას ალიანსი არ შეეგუება და ამ ყველაფერს ექნება თავისი პოლიტიკური ფასი“, - განუცხადა თენგიზ ფხალაძემ Europetime-ს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მთავარ კითხვას სვამს ე.წ. სკეპტიკოსი ქვეყნების შესახებ, კერძოდ, შეწყვიტეს თუ არა მათ პოლიტიკური წინააღმდეგობა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე. Europetime-თან საუბრისას მეთიუ ბრაიაზა აცხადებს, რომ ვიდრე რუსეთი თვლის, რომ მისი აგრესიული მიდგომა საქართველოს მიმართ, მათ შორის ტერიტორიების ოკუპაცია დააფრთხობს სკეპტიკოსებს, მხარი არ დაუჭირონ საქართველოს გაწევრიანებას, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს. „საქართველომ გრძელი გზა გაიარა თავდაცვის რეფორმის თვალსაზრისით, კონკრეტულად ეს ფაქტი, ჩემი აზრით, აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, საქართველო პოლიტიკური კრიზისის მიღმაა და ახლა ქუჩიდან პარლამენტში ინაცვლებს პოლიტიკური დაპირისპირება. შესაბამისად, NATO-ს გარკვეული წევრები ვეღარ გამოიყენებენ საბაბად იმას, რომ საქართველომ არ განახორციელა თავისი დემოკრატიული რეფორმები, რომ გახდეს NATO-ს წევრი“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი. საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია ექსკლუზივი: NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს საფრანგეთის ელჩი: NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციურ მიზნებზე დაფუძნებული პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა გერმანიის ელჩი: ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მკაფიოდ დადასტურდა
გერმანიის ელჩი: ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მკაფიოდ დადასტურდა
ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მკაფიოდ დადასტურდა. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს ექსკლუზიურად განუცხადა. ელჩის განცხადებით, NATO აფასებს საქართველოს, როგორც ახლო პარტნიორს და როგორც ქვეყანას, რომელიც იმსახურებს მუდმივ მხარდაჭერას მის მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებში. „ბრიუსელის სამიტმა დაადასტურა NATO-ს ერთიანობა და გადაწყვეტილება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განმტკიცების შესახებ. ღია კარის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დადასტურდა, მკაფიოდ საქართველოსთან დაკავშირებით. NATO აფასებს საქართველოს, როგორც ახლო პარტნიორს და როგორც ქვეყანას, რომელიც იმსახურებს მუდმივ მხარდაჭერას მის მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებში“, - აღნიშნავს ჰუბერტ ქნირში Europetime-თან. ექსკლუზივი: ჰუბერტ ქნირში: NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობაში გერმანიას მოწინავე როლი აქვს საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე
ევროკავშირმა კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინის 300 მილიონი დოზა უკვე გამოიყენა
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირში ვაქცინის 300 მილიონი დოზა გამოიყენეს. როგორც ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი Twitter-ზე წერს, შემდეგ თვეში საკმარისი დოზები ექნებათ ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% -ის ვაქცინაციისთვის „ევროკავშირში ვაქცინის 300 მილიონი დოზა გამოვიყენეთ. უფრო ვუახლოვდებით ჩვენს მიზანს: შემდეგ თვეში საკმარისი დოზები მივიღოთ ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% -ის ვაქცინაციისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ეუთოს მნიშვნელოვან ჩართულობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. "ხაზი გაესვა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. პრემიერმა ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისა და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების საკითხის დაყენებას ყველა დონეზე, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული რჩება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ODIHR-ის ჩართულობას არჩევნებზე დაკვირვების პროცესში. გამოითქვა მზადყოფნა, რომ მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყანამ ODIHR-ის დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა მიიღოს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს აქტიურ როლსა და ჩართულობაზე ეუთოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ადამიანის უფლებებისა და გენდერის მიმართულებით. ეუთოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცა კავკასიის საკითხებში საქართველოს მედიაციას და ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეუთოს გენერალურმა მდივანმა და სახელმწიფო მინისტრმა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელებაზე იმსჯელეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ჰელგა მარია შმიდთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა მისი პირადი ჩართულობისთვის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მან ასევე ხაზი გაუსვა ეუთოს უმნიშვნელოვანეს როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარეობის გზით. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. თეა ახვლედიანის მხრიდან ხაზი გაესვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესს და ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ოკუპირებული ახალგორის რაიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე და კიდევ ერთხელ მიმართა ეუთოს გენერალურ მდივანს, რათა გამოყენებული იყოს ორგანიზაციის ხელთ არსებული ბერკეტები და მექანიზმები, რათა მოხდეს ზაზა გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება. მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე. ამასთან, გამოითქვა გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებელი ფუნქციონირების იმედი, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელებას. სახელმწიფო მინისტრმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო პროცესში შემუშავებული ახალი ინიციატივების თაობაზე. ამასთან, აღინიშნა სამშვიდობო პროცესში ქალთა აქტიური ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობა და ამ მიმართულებით აპარატის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები. თავის მხრივ, ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2021-2030წწ. ახალ სახელმწიფო სტრატეგიაზე და აღნიშნულ კონტექსტში მადლიერებით აღნიშნა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის ჩართულობა მისი შემუშავების პროცესში. მხარეები ამ და სხვა საკითხებზე შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. „ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა და მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერგნეთის მექანიზმში. სწორედ ამ კონტექსტში ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს მთავრობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, როგორც განხორციელებული ასევე დაგეგმილი ნაბიჯები, მათ შორის ახალი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ჰელგა შმიდი მოგეხსენებათ დღეს ესწრებოდა IPRM-ის მეასე შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც განიხილება უმნიშვნელოვანეს საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასთან და ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით ახალგორის რაიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებული თემატიკა. შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ყველა ამ მიმართულებით შესაძლო სამომავლო ერთობლივ ნაბიჯებზე, რაც რა თქმა უნდა ორიენტირებულია ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცობილია, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრა.
ჯო ბაიდენი შარლ მიშელს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოს შარლ მიშელი Facebook-ზე აქვეყნებს. „ევროკავშირი და აშშ ხანგრძლივ ისტორიას იზიარებენ. ჩვენ გასული საუკუნის დიდი ნაწილი ჩამოვაყალიბეთ. ახლა დროა, ჩამოვაყალიბოთ ეს საუკუნე ჩვენს საერთო დემოკრატიულ ფასეულობებზე დაყრდნობით. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი უცხოური ვიზიტი ევროპაში განხორციელდა. ეს ჩვენი ტრანსატლანტიკური კავშირის ძლიერი სიმბოლოა“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ქალაქ შუშაში თურქეთის გენერალურ საკონსულოს გავხსნით
ქალაქ შუშაში აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შუშაში თურქეთის გენერალურ საკონსულოს გახსნის. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს. ერდოღანის თქმით დეკლარაციის ხელმოწერით, ბაქომ და ანკარამ განსაზღვრეს მომავალი პერიოდის ორმხრივი ურთიერთობების საგზაო რუკა. ქვეყნის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს თვეებში თურქეთში გაიმართება აზერბაიჯან-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა. ”ჩვენ გვინდა, რომ რეგიონი გახდეს მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი ექვსმხრივი პლატფორმის [რუსეთის, თურქეთის, ირანის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის] წყალობით ”, - თქვა ერდოღანმა. ცნობისთვის, თურქეთის ლიდერი აზერბაიჯანში NATO-ს სამიტის შემდეგ გაემგზავრა.
რომელი რეგულაციების დაცვით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები
2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან სოფო გორგოძესთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან პაატა იმნაძესთან ერთად სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ 1 ივლისს ტრადიციულად იწყება საგამოცდო პროცესი, რისთვისაც საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდა. "არსებული რეკომენდაციები გადაიხედა კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და შარშანდელი კარგი გამოცდილების შედეგად შემუშავდა ახალი მიდგომები",- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა. მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული გამოსაცდელის, ასევე გამოცდების ორგანიზებაში ჩართული პირების უსაფრთხოება. "გამოცდაზე მოსულ თითოეულ აპლიკანტს დახვდება უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც ისინი ცოდნის სრულფასოვნად გამოვლენას შეძლებენ",- აცხადებს მიცკევიში. მისი განცხადებით, გამოცდები 2021-ის მთავარი სიახლე იქნება ის, რომ საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდება. "პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ COVID-19 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს ორი კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა", – აღნიშნა მიცკევიჩმა. თავის მხრივ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით. "მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია; მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები. რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე", – აღნიშნა გორგოძემ. სოფო გორგოძის თქმით, ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული COVID-19. ამასთან, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ. მან განმარტა, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. "თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება სულ მცირე ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი, ერთი მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში", – აღნიშნა პაატა იმნაძემ. გარდა ამისა, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში დაწესებული ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.
ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პაქტის მიღებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პაქტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების თქმით, ევროკავშირი და აშშ ერთობლივად იმუშავებენ, რათა 2022 წლის ბოლომდე მსოფლიო მოსახლეობის 2/3 Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ და ევროკავშირი შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ვაქცინების წარმოებისა და დისტრიბუციის საკითხებზე იმუშავებს. ვაშინგტონი და ბრიუსელი ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და საერთო ღირებულებების წინ წასაწევად.
ლატვიის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე: კიდევ ერთხელ ვადასტურებ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი
ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდ კოლსი აცხადებს, რომ ადასტურებს ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. „საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას. ჩემი მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობ ამ პროცესის სრულ მხარდაჭერას!“,-აღნიშნულია ლატვიის სეიმის წარმომადგენლის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.
მომავალი წლიდან, დიაბეტიანი ბავშვების დაავადების მართვაში უწყვეტი მონიტორინგის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი
მომავალი წლიდან, დიაბეტიანი ბავშვების დაავადების მართვაში უწყვეტი მონიტორინგის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ინფორმციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართული შეხვედრის მონაწილეები, სადაც გაიმართა მსჯელობა დიაბეტით დაავადებული ბავშვების გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით უზრუნველყოფის საკითხზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, კომიტეტის წევრები, დიაბეტის ასოციაციების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიაბეტის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია, დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლები. როგორც შეხვედრაზე ითქვა, დღეს ქვეყანაში დიაბეტით დაავადებული 1200-მდე ბავშვია. დიაბეტიან ბავშვთა სახელმწიფო პროგრამა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშაობს საქართველოში და 25 წელზე მეტია დიაბეტით ბავშვთა ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულთა. სპეციალისტების განმარტებით დაავადების ადვილად მართვისთვის მნიშვნელოვანია დაინერგოს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტა - გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები, რაც სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ გადაწყდება. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ საკითხის გადაწყვეტაზე სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და მომავალი წლის ბიუჯეტში ამისათვის თანხებიც გამოინახება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საკითხს კონტროლზე აიყვანს და ზედამხედველობას გაუწევს მის აღსრულებას „მხარდასაჭერი პროექტია დიაბეტით დაავადებული ბავშვებისათვის, 0-18 წლის ჩათვლით, უწყვეტი მონიტორინგის სისტემები, რომელიც არის ახალი ნაბიჯი მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანა, რომელიც დიაბეტის მართვაში ერთ-ერთი მოწინავე იყო, არ უნდა ჩამორჩეს ამ ტემპს და ბავშვებისათვის მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მონიტორინგი, დაკვირვება და დროული ჩარევა. ამისათვის საჭირო იყო შეგვეჯერებინა პოზიციები პროფესიონალებს დაავადებული ბავშვების მშობლებთან ერთად, ამასთანავე საჭირო იყო კანონმდებლისა და აღმასრულებლის მიერ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. ეს საკითხი სესიაზე დავისვი მინისტრს და მაშინ მან გამოთქვა თანხმობა პრობლემის განხილვის თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მინისტრის მოადგილემ ჩვენთან ერთად მიიღო გადაწყვეტილებაც და დავალებაც, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში ამ პრობლემის მატერიალური ნაწილის ასახვას ითვალისწინებს“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.
ევროკავშირსა და აშშ-ის შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შარლ მიშელმა საქართველო დაასახელა
ევროკავშირსა და აშშ-ის შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მაგალითი დაასახელა. „ევროკავშირი და აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობის მიღწევის საქმეში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად. საქართველოში პოლიტიკური პარტიების პარლამენტში დაბრუნება და სომხეთსა და აზერბაიჯანში ნდობის აღდგენის მიზნით გატარებული ღონისძიებები მხოლოდ ორი მაგალითია, სადაც ჩვენ ერთად წამყვანი როლი გვაქვს“, - წერს შარლ მიშელიTwitter-ზე. ცნობისთვის, ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პაქტის მიღებაზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დეკლარაცია: მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას
ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რეფორმების გზას. ,,ჩვენ მტკიცედ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელებთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას. ჩვენ მტკიცედ განწყობილნი ვართ, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობის მიღწევისთვის ვიმუშაოთ“, - ნათქვამია დეკლარაციაში. ევროკავშირი და აშშ ასევე გმობენ რუსეთის ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვის მიზნით. ,,ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვის მიზნით. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ უზრუნველყონ, რომ რუსეთში უცხოური დიპლომატიური მისიები მუშაობდნენ უსაფრთხოდ. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის უწყვეტი დარბევა და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.ამავდროულად, ჩვენ ღია გვაქვს კომუნიკაციის არხები და საერთო ინტერესის სფეროებში შერჩევითი თანამშრომლობის შესაძლებლობები", - აღნიშნულია დოკუმენტში. ცნობისთვის, ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პაქტის მიღებაზე შეთანხმდნენ.
ერგნეთში IPRM-ის რიგით მე-100 შეხვედრასთან დაკავშირებით სუსი განცხადებას ავრცელებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა IPRM-ის შეხვედრაზე მკაცრად დააყენეს უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი. საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო ჩართულობას ადასტურებს შეხვედრაში ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის მონაწილეობა. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენდა. საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობები უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და მუდმივ საფრთხეს შეიცავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, – აცხადებენ სუს-ში. უწყების ცნობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო აქტივობების დაუყოვნებელი შეწყვეტა.
რეგიონში საქართველოს როლი და მნიშვნელობა იზრდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის (რომელიც ამ პერიოდში რეგიონულ ტურნეში იმყოფებოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ამასთან ირკვევა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. „საქართველო თავიდანვე აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკელ პარტნიორებთან, ისევე, როგორც სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეეტანა საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებში, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება. ამ ფაქტის მსგავსი ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოების მიზნებს, ხელი შეუწყოს რეგიონში პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. მისასალმებელია, რომ საქართველო ამ პროცესის ნაწილია. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მაგალითი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მეზობლებს შორის არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად. საქართველო მომავალშიც მზად არის, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობების ფარგლებში, დაეხმაროს პარტნიორებს და აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისას“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუებში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ანალიტიკოსები და დიპლომატები საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე მიუთითებენ. ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მიერ ჩატარებული ასეთი სამუშაო ნამდვილად ამაღლებს საქართველოს როლსა და მნიშვნელობას. „ქართული დიპლომატია უნდა იყოს აქტიური და ჩვენ ამ კონფლიქტში ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეგვიძლია. ამ ფაქტმა დაამტკიცა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს როლის წარმოჩენისთვის არამხოლოდ ამ კონფლიქტში, არამედ იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სერიოზული წვლილი შეაქვს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის. ასე რომ, ეს არის ის, რაც გვჭირდება. მხოლოდ მივესალმები მეტ ასეთ აქტიურობას, შედეგს და იმას, რომ ამ ქვეყნის როლი, ფუნქცია კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონში, ასეთი ტიპის ქმედებები კი ნამდვილად ამაღლებს საქართველოს როლს და მნიშვნელობას“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე. ის მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დრო, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა: „იყო ისეთი მნიშვნელოვანი შეკრება, როგორიც არის „დიდი შვიდეული“, ამ პერიოდში საქართველოს წარმოჩენა არამხოლოდ გასახარია, არამედ მისასალმებელია. ეს აუცილებელი იყო და თავისთავად ცხადია, როდესაც ეს ყველაფერი ხდება ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო, როგორც პარტნიორის და კავკასიაში სტაბილურობაში წვლილის შემტანი სახელმწიფოს როლს უსვამს ხაზს და ეს როლი უნდა დავიმკვიდროთ. ეს ფაქტი კარგია, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო მართლაც გადაიქცეს ამ ტიპის საერთაშორისო დიალოგის პლატფორმად, ეს არის აუცილებელი, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან ინტერვიუში. „ხაზი გაესვა იმას, რომ ამერიკას და დასავლეთს რეგიონში საქართველოს სახით მოკავშირე ჰყავს, საქართველოს უყურებენ, როგორც პარტნიორს და ეს პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი რეგიონში ატარებს, მშვიდობიანია“, - აცხადებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელი კახა გოგოლაშვილი Europetime-თან ინტერვიუში. „ძალიან პოზიტიური აქტი განხორციელდა, რომ ტყვეების გაცვლასა და დანაღმული წერტილების რუკების გადაცემაზე. საქართველო გამოჩნდა, როგორც ამერიკასთან ერთად ტანდემში მოქმედი ქვეყანა და ეს არის ძალიან დადებითი, პოზიტიური მოვლენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში არის რესურსი და შანსი, რომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ეს როლი, რომელიც ბუნებრივად უნდა იტვირთოს საქართველომ, როგორც დასავლეთის პარტნიორმა ქვეყანამ რეგიონში. რუსეთი აქ ძალიან ცუდად გამოჩნდა, რადგან ამერიკამ და საქართველომ დაასწრეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკება ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როდესაც „სამშვიდობო მისია“ რუსეთს აქვს დაკისრებული და ამის მანდატი აქვს ორივე ქვეყნისგან. მაგრამ როგორც გამოჩნდა, ამ როლს რუსეთი ვერ ასრულებს. პირიქით, მას ინტერესი აქვს, რომ დაპირისპირება შენარჩუნდეს და „რუსეთი სულ სჭირდებოდეთ მუდმივად ომის ზღვარზე მყოფთ“. და როდესაც განმუხტვის მიმართულების მიცემა იყო აუცილებელი, აქ რუსეთი გაჩერდა და საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა ასეთი შუამდგომლობა გამოიჩინეს. ეს იყო რუსეთზე პოლიტიკური გამარჯვება რეგიონში“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. Europetime-თან ინტერვიუში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის (სამხრეთ კავკასიის რეგიონის) ხელმძღვანელი, შტეფან მაისტერი რეგიონში საქართველოს მიერ შესრულებულ როლს დადებითად აფასებს. „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ცდილობს მოლაპარაკებას როგორც შეთანხმების გულწრფელი მონაწილე და რომ ის იყენებს მის კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში ასეთ რთულ ვითარებაში, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის განახლება. ეს აჩვენებს, რომ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ წვლილის შეტანა სამხედრო ტყვეების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის რეალობას შეცვლის. რუსეთი და თურქეთი ამ კონფლიქტში მთავარი აქტორები არიან და მოსკოვს სურს, აღიაროს მისი ეს როლი რეგიონში. მაგრამ ჩანს, რომ აქ არის ადგილი დასავლეთის მეტი ჩართულობისთვის და რომ საქართველოსაც შეუძლია დახმარება ზოგიერთ საკითხში“, - აცხადებს შტეფან მაისტერი Europetime-თან. Europetime-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო შექებას იმსახურებს. „ვეთანხმები სახელმწიფო მდივან ბლინკენს, როდესაც ამბობს, რომ მადლიერია საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი როლის, რომელიც მხარეებს შორის დისკუსიების დროს შეასრულა. ამგვარი ნაბიჯები კი რეგიონის მოსახლეობას უფრო მეტ მშვიდობას მოუტანს მომავალში, რასაც ისინი იმსახურებენ. იდეალური შეფასებაა. როგორც ჩანს, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შემდგომი სერიოზული კრიზისის განმუხტვაში. საქართველომ უდიდესი სამუშაო გასწია და შექებას იმსახურებს. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტაა, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. ცნობისათვის, საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. ეს ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას. ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო ან ლინდე: მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ გერმანიის საელჩო: საქართველოს მიერ მედიატორის როლის წარმატებით შესრულება რეგიონითვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას, საქართველომ რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ენტონი ბლინკენი: მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის იმ როლისთვის, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფასილიტაციის დროს შეასრულა ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება