ძებნის რეზულტატი:

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა

12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა. ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში, „ქნესეთში“ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნაფტალი ბენეტის და იაირ ლაპიდის ე.წ. ცვლილებების მთავრობას 120 დეპუტატიდან 60-მა დაუჭირა მხარი, 59 კი წინააღმდეგი იყო. არაბული უმცირესობის პარტია „რაამის“ წევრმა, საიდ ალ-ჰარუმიმ თავი შეიკავა, რამაც ახალი მთავრობის არჩევას შეუწყო ხელი. ახალი მთავრობის სპეციფიკის მიხედვით, ნაფტალი ბენეტის კოალიციური პარტნიორი, იაირ ლაპიდი ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი გახდა და ვიდრე ნაფტალი ბენეტისგან მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობას ჩაიბარებს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.

ეუთოს გენერალური მდივანი თბილისშია

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი თბილისშია. ინფორმაციას თავად შმიდი ავრცელებს. მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას. ეუთოს გენერალური მდივანი ასევე ამბობს, რომ სურს, ნახოს კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. „ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას და საკუთარი თვალით მსურს, ვნახო კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. ეუთო განაგრძობს მსგავსი ძალისხმევის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“, – წერს ჰელგა მარია შმიდი Tweeter-ზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან. საქართველოში ყოფნისას ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში წყალმომარაგების პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში.

გერმანიის საელჩო: საქართველოს მიერ მედიატორის როლის წარმატებით შესრულება რეგიონითვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

გერმანიის საელჩო საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის წარმატებით შესრულებას ულოცავს. ამის შესახებ საელჩო ტექსტს Facebook-ზე ავრცელებს. „საქართველოს ვულოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის წარმატებით შესრულებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონისთვის“, - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ტექსტში. მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა

ბაიდენის ადმინისტრაცია: NATO-ს ლიდერები სამიტზე ამბიციურ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, NATO-ს ლიდერები დღეს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ამბიციურ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს. ”მოკავშირეთა ლიდერები იწყებენ სამიტზე ამბიციური ინიციატივებს წარდგენას, რომლებიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს ”, - აღნიშნულია განცხადებაში. როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, სამიტზე ალიანსის ლიდერები „სტრატეგიულ კონცეფციას” გადახედავენ, რომელიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ჩინეთის მიერ შექმნილ გამოწვევებს გაითვალისწინებს. კერძოდ, ახალი „სტრატეგიული კონცეფცია“ 2022 წლის NATO-ს სამიტზე დასამტკიცებლად მომზადდება. კონცეფციაში პირველად იქნება გათვალისწინებული ჩინეთის სამხედრო აღზევება, როგორც გამოწვევა. NATO-ს ლიდერები დაამტკიცებენ კიბერთავდაცვის ახალ პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს კოორდინაციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ალიანსის გამძლეობა გახშირებული საფრთხეების მიმართ. საკითხებს შორის იქნება ავღანეთისა და კლიმატის ცვლილების საკითხებიც. ასევე, ალიანსის ლიდერები შეთანხმდებიან რეფორმებზე, რომელიც „NATO 2030“-ის სახელით არის ცნობილი. გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოყოფს 9 მიმართულებას, სადაც NATO-ს შეუძლია, მოახდინოს მოდერნიზაცია საშუალოვადიან პერიოდში. ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში NATO-სა სამიტი იმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველო იქნება. ,,დიდი შვიდეულის სამიტის" შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელში გუშინ ჩაფრინდა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 311 ადამიანს დაუდასტურდა, 936 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 442 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 216 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 226 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 311 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 354 276-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.30%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 936 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 340 328-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 060 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 6, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 862 საიდანაც: 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 798, აჭარაში - 278, იმერეთში - 398. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 692 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 73, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 194 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 13. 596 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 331 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 853 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 890 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 104, პირი, აჭარაში - 1 490, იმერეთში - 1 022.

მარინა კალიურანდი: წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია NATO-დან დადებითი სიგნალების მისაღებად

ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ესტონელი პოლიტიკოსი NATO-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ შემდგომი ნაბიჯების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „მე ძალიან მჯერა ღია კარის პოლიტიკის. მტკიცედ მჯერა, რომ თითოეულ ერს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და ის თუ რომელ ორგანიზაციებში სურთ ყოფნა. და ისევ, ესტონეთის მაგალითს დავუბრუნდები, მერწმუნეთ, ჩვენ ეს 90 - იანი წლების დასაწყისში გამოვიარეთ, როდესაც ევროკავშირსა და NATO-ში არავინ გველოდა. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ვატარებდით ჩვენს რეფორმებს, ვცდილობდით მაქსიმალურად დაახლოებას, ამიტომ ველოდებოდით შესაძლებლობის ფანჯარას და როდესაც კარი გაიღო, ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ამ უპირატესობით საუკეთესოდ ვისარგებლეთ. წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია ალიანსიდან დადებითი სიგნალების, დადებითი პასუხების მისაღებად. ასე რომ, ეს არის მომავალი, რომელიც თქვენმა ხალხმა აირჩია. თქვენ, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაოთ თქვენი ხალხისთვის და იმ ოცნებების ასრულებისთვის, რომლებიც თქვენმა ხალხმა გამოხატა. ასე რომ, თქვენ გაქვთ ბევრი მეგობრის მხარდაჭერა ევროკავშირსა და NATO-ში“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.

ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია

NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, NATO-ს მოკავშირეებმა შემდეგ სამიტებზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. „NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ინდივიდუალური თავისუფლება. მოქალაქეთა მიერ თავისუფალ და სამართლიან პირობებში გამართულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, ის საკითხია, რომელსაც ნებისმიერ დემოკრატიაში ცენტრალური ადგილი უკავია. მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, თუმცა, ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც. ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც ახლახან განახლდა. აღნიშნული პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოოდ, საქართველოს NATO-ში წევრობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი. NATO, ეს არ არის სამხედრო ალიანსი ვინმეს წინააღმდეგ, ესაა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დამოკიდებული და შექმნილი ერთიანობა. თუმცა ისიც ვიცით, რომ ლოზუნგი - „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ არ არის ვალიდური და ამგვარ კომპრომისებს იმედგაცრუება მოაქვს. თქვენი აზრით, საერთო ფასეულობითი ერთიანობა, კონსოლიდირება და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება იქნებოდა თუ არა სწორედაც მშვიდობიანი, მაგრამ ხისტი პასუხი რუსეთისთვის? - Europetime-ის ამ შეკითხვას ჯეიმს აპატურაიმ ასე უპასუხა: „ეჭვგარეშეა, რომ 14 ივნისს დაგეგმილი სამიტის წინ განხილვების დროს, უმთავრესი საკითხი იქნება, როგორ შეუძლიათ NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც იზიარებენ პრინციპებსა და ღირებულებებს, საუკეთესოდ იმუშაონ საფრთხეებისა და გამოწვევების ფართო სპექტრის პირისპირ. ნება მომეცით დავამატო, რომ ამ გამოწვევათა ნაწილის სათავე პრეზიდენტ პუტინის აგრესიული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაა, როგორიც არის მაგალითად უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენები, მაგრამ სხვა გამოწვევები სათავეს სხვაგან იღებს. პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ვეძიოთ მაღალი დონის სოლიდარობის და საერთო გადაჭრის დამყარებაში ჩვენს შორის - ანუ მოკავშირეებში, და ასევე პარტნიორებთან, როგორიც არიან საქართველო და სხვა თანამოაზრე ქვეყნები“, - განაცხადა აპატურაიმ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.

Sinovac-ით აცრისთვის რეგისტრაცია დღეიდან განახლდება

Sinovac-ის ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე, დღეიდან, 14 ივნისიდან განახლდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. Sinovac-ის მეორე დოზა პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში კეთდება. „ეს ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. პირველ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოვაკის" ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა. საქართველოში Sinovac-ის 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია განცხადებაში.

კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, 50 წლამდე კაცის მდგომარეობა შეყვანის მომენტიდან მძიმე იყო და ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მათ შორის არიან დედა-შვილი. ,,კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს 3 პაციენტი, 2 მოზრდილი და ერთი ბავშვი. მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. ისინი იმყოფებიან ინტენსიური მკურნაობის ქვეშ. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გუშინ ღამით გარდაიცვალა ერთი პაციენტი მძიმე დაზიანებებით, რომელიც იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა სამწუხაროდ, რეანიმაციული ღონისძიებები ეფექტური არ აღმოჩნდა. მას არ სჭირდებოდა ოპერაცია. შემოყვანის წუთიდან მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული", - განაცხადა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა, ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე 12 ივნისს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, რვა პირი კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

იენს სტოლტენბერგი: დღეს NATO-ს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ახალ ეტაპს ვიწყებთ

„ალიანსისთვის მნიშვნელოვან მომენტში ვხვდებით. დღეს ჩვენ გავხსნით ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ახალ თავს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს მიიღება, ერთიანობისა და სიმტკიცის ძლიერი მესიჯი იქნება. „ლიდერები განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის არის რუსეთი. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის დასრულების შემდეგ. ეს გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ქმედებებით. დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს ლიდერები დაადასტურებენ ჩვენს მიდგომას რუსეთისადმი: ძლიერი დაცვა დიალოგთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ლიდერები ასევე მიესალმებიან პრეზიდენტ ბაიდენთან კონსულტაციის შესაძლებლობას პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის წინ. ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩინეთის თემას. რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობები და ჩვენ გვჭირდება ჩინეთთან ურთიერთობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, იარაღის კონტროლი. მაგრამ ჩინეთის სამხედრო ზრდა, მზარდი გავლენა გარკვეულ გამოწვევებს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. ამ ფონზე, დღეს NATO-ს ლიდერები შეთანხმდებიან ამბიციურ დღის წესრიგზე, NATO 2030-ის შესახებ. ეს ეხება იმას, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა, გამძლეობა და პირველად NATO-ს ისტორიაში, კლიმატი და უსაფრთხოება მნიშვნელოვანი ამოცანა გავხადოთ ჩვენი ალიანსისთვის. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს ლიდერები თანახმა არიან, უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ, რომ უფრო მაღალი დონის ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ეს არის ძალების გაზრდა, რაც აჩვენებს ალიანსის ერთიანობას.ასე რომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მივიღებთ, იქნება ძლიერი გზავნილი ერთიანობის და რომ ჩვენ ვაძლიერებთ NATO-ს, გლობალური კონკურენციის პერიოდში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.

იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კონკრეტულ თარიღს დღეს არ დავასახელებთ

„მე ველოდები, რომ დღეს NATO-ს მოკავშირეები დააფიქსირებენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას, როდესაც ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა ჩვენ არ დაგვისახელებია კონკრეტული თარიღი. თარიღს არც დღეს დავასახელებთ“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, NATO-ს სამიტის გახსნამდე განაცხადა. „ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ რეფორმებზე და ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებაზე, საქართველომ მოახდინოს უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია. ჩვენი გზავნილია, რომ NATO-ს კარი ღიაა. რუსეთს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის უფლებაა შეუერთდეს NATO-ს. ჩვენ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებსა და ჰიბრიდულ თავდასხმებს ვხედავთ - ამან რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.

საგარეო: NATO-ს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად წამყვან სპიკერად არის დასახელებული

NATO-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება ბრიუსელის ფორუმი. საგარეო უწყების ცნობით, ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ღონისძიების დღის წესრიგი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერბთან ერთად, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ და კრუსთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან. ღონისძიებაში, რომელიც თემატური პანელებისგან შედგება, საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა პანელზე, სახელწოდებით “Investing in Resilience”, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება NATO-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე. გამომსვლელებს შორის ასევე იქნებიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ანნა ვიესლანდერი. დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.

დავით ზალკალიანი: მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ NATO-ს სამიტის დეკლარაციის ტექსტი არის ძალიან კარგი და ასახულია საქართველოს პროგრესი

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი ბრიუსელის ამ სამიტზე. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ,,ბრიუსელის ფორუმზე" საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიპატიჟებული და მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს აქვს NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანის კანცლერი, NATO-ს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი. მაღალი დონის წარმომადგენლობა იქნება - სახელმწიფოს მეთაურები, პრემიერ-მინისტრები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიპატიჟებული. მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით, ქვეყნის მდგრადობაზე იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც არის აქტუალური და რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი არის NATO-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ ფორმატისა, საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი ბრიუსელის ამ სამიტზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი დებულებები ყოფილიყო ასახული საბოლოო დოკუმენტებში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ დეკლარაციის ტექსტი არის ძალიან კარგი და მასში ასახულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას NATO-ში ინტეგრაციის კუთხით აქვს. „ჩვენს ყველა პარტნიორთან ჩატარებული ინტენსიური სამუშაოს შედეგად, ბოლო პერიოდის მაღალი დონის ვიზიტები მაქსიმალურად გამოვიყენეთ, რომ საქართველოს თემატიკა და მისი პროგრესი NATO-ს სამიტის დღევანდელ დეკლარაციაში შესაბამისად ასახულიყო. მაქვს მოლოდინი, რომ განმეორდება ბუქარესტის სამიტის ტექსტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს NATO-ს წევრი. რამდენიმე საათში, ალბათ, ტექსტს თქვენც იცილავთ“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარი იქნება ოკუპაციასთან და იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. „რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, ძალიან მკაფიო გზავნილები იქნება. ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ში გაწევრიანებისთვის. ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ანუ, ჩვენი ყველა პრიორიტეტი აისახება სამიტის დეკლარაციაში. გარდა ამისა, მიღებული იქნება ცალკე დოკუმენტი. ეს გახლავთ 2020-2030 წლის სტრატეგია. დიდი ალბათობით, ეს დოკუმენტი საჯაროდ არ გამოქვეყნდება, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული დეფინიციები, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ასევე, იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში NATO-სა სამიტი იმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველო იქნება. NATO-ს სამიტის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი „ბრიუსელის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

იენს სტოლტენბერგი: საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ვმუშაობთ

საქართველო და უკრაინა შავ ზღვაში NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა. „ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან. უკრაინას ვეხმარებით საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეები დღეს დააფიქსირებენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კონკრეტულ თარიღს დღეს არ დავასახელებთ

საქართველოს მთავრობამ ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება-ინვენტარიზაციასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქვეყანაში არსებული ქარსაფარი ზოლის ტერიტორიების იდენტიფიცირება და მათი ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, ასევე აღნიშნულ ტერიტორიებზე შემორჩენილ ქარსაფარ ზოლებში არსებული მერქნიანი მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა, რათა შემდგომში განხორციელდეს ქარსაფარი ზოლების რეგისტრაცია, რეაბილიტაცია და აღდგენა/გაშენება. პროგრამის ფარგლებში ინვენტარიზაციას დაექვემდებარება, როგორც მწვანე ნარგაობებით დაკავებული ქარსაფარი ზოლები, ასევე ქარსაფარი ზოლების ის ტერიტორიები, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ არის განადგურებული მწვანე ნარგაობები ან/და სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს.ქარსაფარი ზოლების ფუნქცია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისთვის ნაყოფიერების შენარჩუნებაა. დეგრადირებული ნიადაგი ხანგრძლივი დროით გამოდის სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში კვლავ გამოყენებისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს ს.ს.ი.პ. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით. პროექტის შესაბამისად, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია დაიწყება 2021 წელს და მისი დასრულება დაგეგმილია 2025 წლისთვის. 2021 წელს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია განხორციელდება კახეთის რეგიონის შერჩეულ მუნიციპალიტეტში.

დავით ზალკალიანი: ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა

აბსოლუტურად მართალია მსჯელობა იმაზე, რომ დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. იგივეა წევრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა ასახულია ყოველწლიურ, ეროვნულ პროგრაში და ამ პროგრამის ძირითადი დეფინიცია არაფრით განსხვავდება სამოქმედო გეგმისგან. „საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება ყოველწლიური, ეროვნული გეგმის შესრულებასთან მიმართებაში. ასევე ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ს საბოლოო წევრობისთვის. იგივე მაპის საკითხი - დარჩენილია მხოლოდ, როგორც პოლიტიკური ბარიერი. ჩვენ ვართ პირნათელი NATO-ელ პარტნიორებთან მიმართებაში იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რა ვალდებულებებიც გვაკისრია. ყველაფერი მაქსიმალურად, 100%-ით შესრულებულია საქართველოს მხრიდან, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რთული, კომპლექსური საკითხია, გადაწყვეტილება NATO-ს წევრებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში NATO-სა სამიტი იმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველო იქნება. NATO-ს სამიტის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი „ბრიუსელის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

NATO-ს სამიტზე ჯო ბაიდენისგან ძალიან ძლიერ და მტკიცე გზავნილს უნდა ველოდოთ - მეთიუ ბრაიზა

„ჩვენ ყველა უნდა ველოდოთ პრეზიდენტ ბაიდენისგან ძალინ ძლიერ, მტკიცე დადასტურებას NATO-ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველას თავდასხმას ნიშნავს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. „რუსეთის არაპროგნოზირებადი და აგრესიული ქმედებები, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, თურქეთის საკითხი“, - ეს ის თემებია, რომლებზეც ყურადღების გამახვილებას მეთიუ ბრაიზა NATO-ს დღევანელი სამიტის დროს ელის. „სავარაუდოდ, სამიტზე განხილვები შეეხება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოც არის. მთავარი საკითხი იქნება შეშფოთების გამოხატვა რუსეთის არაპროგნოზირებად და ძალიან აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის შიგნით“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ასევე, საინტერესო განხილვებს ველოდები თურქეთთან დაკავშირებით, რომელიც შეიარაღებული ძალების სიდიდით მეორე ადგილზეა და რომელიც ალიანსის ბევრი წევრის მიერ განიხილება პრობლემატურად, ბოლო წლებში მისი კურსის გამო. საერთო ჯამში, NATO აცნობიერებს, სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა, თუმცა ალბათ სამიტზე არასასიამოვნო საუბრებიც იქნება თურქეთთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან. NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება. მეთიუ ბრაიზა: საქართველო NATO-ს წევრი უნდა იყოს

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მიესალმება NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და ეს პირველ რიგში ჩვენს მეგობრებს საქართველოს და უკრაინას ეხებათ

ლიეტუვა მიესალმება NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და ეს პირველ რიგში ესებათ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს საქართველოსა და უკრაინაში, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ NATO-ს სამიტის გახსნამდე განაცხადა. მისივე თქმით, NATO-ს რუსეთის ქმედებებზე მკაფიო, ერთიანი და მტკიცე პასუხი უნდა ჰქონდეს. „დაპირებები უნდა შესრულდეს და მინდა შეგახსენოთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტი, სადაც მიღებული იყო გადაწყვეტილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით,“- განაცხადა გიტანას ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტი ორი დღის წინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს NATO-ს ოჯახის გარდაუვალ წევრად ლიეტუვა NATO-ში საქართველოს გაწევრიანების არამხოლოდ აქტიური მხარდამჭერია, არამედ ხშირად ადვოკატირებას უწევს საქართველოს ინტერესებს - თენგიზ ფხალაძე

Novavax-ის ვაქცინა 90%-ით ეფექტურია - კვლევა

ვაქცინების მწარმოებელმა Novavax-მა განაცხადა, რომ მისი პრეპარატი 90-ით ეფექტურია COVID19- ის წინააღმდეგ და ასევე იცავს ვირუსის სხვა ვარიანტებისგანაც. ამაზე აშშ-სა და მექსიკაში ჩატარებული ფართო კვლევა ადასტურებს. ”ჩვენი პირველი დოზები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში გაიგზავნება და ჩვენი მიზანიც ეს იყო თავიდანვე,” - განუცხადა ნოვავაქსის აღმასრულებელმა დირექტორმა სტენლი ერკმა Associated Press- ს. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ შემდეგი წლის განმავლობაში 110 მილიონი დოზა მიაწოდოს აშშ-ს, ხოლო განვითარებად ქვეყნებს ჯამში 1.1 მილიარდი დოზა. Novavax-მა COVAX-თან ხელშეკრულება მაისში გააფორმა და ვაქცინების განაწილებას მესამე კვარტალში დაიწყებს. Covax-მა დაადასტურა, რომ მესამე კვარტალში 700 ათას დოზა Novavax-ის ვაქცინას მიაწვდის საქართველოს.

სახელმწიფო ელექტროსისტემა განმარტავს, რატომ შეეზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დღეს ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. როგორც ცნობილია ამ დროისათვის, დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. მიმდინარეობის რეგიონებში მომხმარებლისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოები. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.