ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი: წლის ბოლომდე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს აცრილი

წლის ბოლომდე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს აცრილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. "დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ Pfizer-თან მივაღწიეთ მოლაპარაკებას მილიონი ვაქცინის მიღებაზე, ასევე ერთი მილიონი Sinopharm-ი, მილიონი Sinovac-ი, Novavax-ი 700 000 დოზა. ჯამში წლის ბოლომდე, 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს აცრილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება

პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. „უწყვეტად ხორციელდება სოციალური პროგრამები და სერვისები სიღარიბისა და სოციალური რისკების შესამცირებლად. პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გავაორმაგეთ და თითოეულ ბავშვზე 100 ლარი დავაწესეთ. ასევე იზრდება მოცვა - 100000 ქულის ნაცვლად 120000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ახალი, ინდექსაციის წესით პენსიონერები პირველი იანვრიდან გაზრდილ პენსიას იღებენ. დღეს სახელმწიფო პენსია 240 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, უნდა გაიზარდოს და გავზრდით ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერები იღებენ 20%იან დანამატს. შესაბამისად, სახელმწიფო პენსია მთაში 288, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის - 330 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ყველას გვესმის, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ძალიან კარგი და აუცილებელი- ინდექსაცია, რომელიც პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს ზოგადად, შრომის უსაფრთხოებას და ჩვენი დასაქმებული მოქალაქეების უფლებების დაცვას. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით ან/და სათანადო ფულადი დახმარებით 42 976 ოჯახი (119 043 პირი) უზრუნველვყავით. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 3 000 ეკომიგრანტი ოჯახი. 2021 წლის ბოლომდე კიდევ 3 000-მდე დევნილი და 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით. გაიზარდა შშმ პირების დახმარება და ივლისიდან სოციალური პაკეტი 250 ლარამდე იზრდება”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

პრემიერ-მინისტრი: ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა 13 მილიონამდე გავზარდოთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ამოცანა უნდა იყოს უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა 13 მილიონამდე გაიზარდოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმიდან შემოსავალი, მომდევნო წლების განმავლობაში, მათი გათვლებით, 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. "რაც შეეხება ტურიზმს. აქ, მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ მეტად მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე წარმოჩინდეს, როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური შთაბეჭდილებების ქვეყანა. უკვე არსებულს დაემატება ახალი ტურისტულ ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უახლოეს წლებში 13 მილიონამდე გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. ტურიზმიდან შემოსავალი, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი გათვლებით, 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სოფლის მეურნეობის განვითარება. ამისთვის ვგეგმავთ მიწის ფონდის სრულ რეგისტრაციას და მოსახლეობის მიწით, ტექნიკით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომსახურებით, ფინანსებზე წვდომით უზრუნველყოფას, გადამამუშავებელი და სარეალიზაციო პირობების შექმნას, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციის აღქმის ინდექსით ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და ვუსწრებთ ევროკავშირის 9 ქვეყანას

"კორუფციის აღქმის ინდექსით ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და ვუსწრებთ ევროკავშირის 9 ქვეყანას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა სახელმწიფო მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის ამოცანაა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების სისტემის დამკვიდრება. „რაც შეეხება სახელმწიფო მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების სისტემის დამკვიდრება. კორუფციის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობას ცხადყოფს საერთაშორისო გამჭვირვალობის ბოლო კვლევა. კორუფციის აღქმის ინდექსით ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველია რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 9 ქვეყანას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის საქართველო სწორედ მე-5 ადგილს ვიკავებთ. ასეთი გახლავთ ძალზე მოკლედ, ზოგად შტრიხებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმე და შედეგები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების განუხრელი ერთგულებით, ქვეყანა ახალ ეტაპზე გადავიდა. „ვფიქრობ, საკმაოდ რთული პროცესების შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების განუხრელი ერთგულებით, ყველა მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავედით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში, დელტას ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოება დაიწყება

თავდაცვის მიმართულებით კიდევ ერთხელ მინდა, ჩამოვაყალიბო ჩვენი გეგმები. ჩვენი გრძელვადიანი პრიორიტეტია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, დაზვერვისა და თვალთვალის, საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, პრიორიტეტი უნდა იყოს სამხედრო მრეწველობის განვითარება. „უახლოეს მომავალში, დელტას ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, დავიწყებთ ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოებას. მომავალი წლიდან, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ადგილზე, დელტას ბაზაზე. 2030 წელს ჩვენ გვექნება ეფექტიანი, თანამდეროვედ აღჭურვილი საბრძოლო ძალა, რომელიც შეძლებს ადეკვატურად მოახდინოს საფრთხეებზე დროული რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი: მრავალშვილიან ოჯახებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იწყება ახალი პროგრამა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. ამის შესახებ მან პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. „აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დამატებით, მხოლოდ მცირე და საშუალო საწარმოებში,100 000 მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ და 50 პროცენტით გაიზრდება პროდუქტიულობა. დღეს წიაღის სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 37 000 ადამიანი. წიაღის რეფორმის ეფექტური განხორციელების შედეგად, 2030 წლისთვის დამატებით შეიქმნება 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს საგარეო ვაჭრობის განვითარება. დღეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ვსარგებლობთ 45 ქვეყანასა და ერთ საბაჟო ადმინისტრაციულ ერთეულთან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამას მომდევნო წლების განმავლობაში დაემატოს 11 ქვეყანა. ასევე მინდა დამატებით გითხრათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში’’ 2000-ზე მეტ კომპანიას დაეხმარება ექსპორტის განხორციელებაში. 2012 წელს საქონლის ექსპორტი შეადგენდა 2.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ეს მაჩვენებელი 2020 წელს იყო 3.3 მილიარდი დოლარი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, უახლოეს წლებში, ექსპორტი გახდეს 5 მილიარდი დოლარი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 14 დეპუტატით განისაზღვრა

პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 8 წევრიდან 14-მდე იზრდება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საბჭოს წევრთა გაზრდის აუცილებლობა პარლამენტში ახლად შექმნილმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ფრაქციებმა განაპირობა. „დღეს საპარლამენტო ოპოზიციაში უკვე 7 პოლიტიკური სუბიექტი გვყავს. გამომდინარე აქედან, წინადადება არის წარმოდგენილი ეთიკის საბჭოს შემადგენლობა გაიზარდოს 14-მდე, რათა უმრავლესობას და ოპოზიციას საბჭოში თანაბარი წარმომადგენლობა ჰყავდეს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენლებს მოუწოდა, დროულად წარმოადგინონ ეთიკის საბჭოს წევრთა კანდიდატურები. „ეთიკის საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შექმნის შემდეგ მას ფუნქციონირება არ დაუწყია. ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის და ფრაქციისთვის ჩემი თხოვნა იქნება დროულად მოგვაწოდოთ კანდიდატურები, რომ ზაფხულშივე, მაქსიმუმ სექტემბრისთვის, ეთიკის საბჭომ შეძლოს საქმიანობის განხორციელება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ალეკო ელისაშვილი პრემიერს: როდის შემოიჭერთ ქამრებს, როდის გადმოჯდებით შავი ჯიპებიდან?

როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, რომ როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის შემოიჭერს ქამრებს, როდის გადმოჯდებით ამ შავი ჯიპებიდან, - ამ კითხვით მიმართა ალექსანდრე ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე. "ბატონო ირაკლი, თქვენც თქვით, რომ ძალიან ღატაკ ქვეყანაში ვცხოვრობთ, 50 000 ადამიანი სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, ერთი ამდენი ოცნებობს, რომ ეს დახმარება მიიღოს, მინდა გკითხოთ, როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, რომ როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის შემოიჭერს ქამრებს, როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯებს, ელემენტარული, როდის გადმოჯდებით ამ შავი ჯიპებიდან, აღრიცხული მაინც თუ გაქვთ, რამდენი იხარჯება ან ამ მანქანების ყიდვაზე, შენახვაზე, ბენზინის ჩასხმაზე. ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ჩემი პრემიერ-მინისტრი და ყველა მაღალი თანამდებობის პირი ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით", - მიმართა ალექსანდე ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრს. გარდა ამისა, ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა ვეტერანებისთვის პენსიის გაზრდას, რომელიც ამჟამად 22 ლარს შეადგენს და "სამარცხვინოა". ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ვეტერანებისთვის პენსიის გაზრდა. "ვეტერანების პენსია არის პრობლემა, წლების განმავლობაში და მანამდე უნდა მოგვარებულიყო. გიდასტურებთ, 2022 წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ვეტერანებისთვის პენსიის გაზრდა. ე.წ ჯიპებიც პრობლემაა. გადმონაშთი, რომელიც სამწუხაროდ, არ შეესაბამებოდა ჩვენ ეკონომიკას, რამდენიმე წლის წინ მოგვარდა, მინისტრები და პარლამენტარები სხვა, მსუბუქი ავტომობილებით დადიან", - განაცხადა რარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: მასწავლებლების ანაზღაურება 2030 წლისთვის 2200 ლარს გადააჭარბებს

ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კვლავ დიდი ყურადღება დაეთმობა განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას. „ამის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ზოგადადი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს. მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი - 270 მლნ. ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი - 243 მლნ. ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მლნ. ლარს მიაღწევს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როსარია პუგლისი: ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან

„ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, წესებზე დამყარებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. თავისთავად ცხადია, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. NATO კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ და კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან განცალკევების მცდელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება“ - Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში როსარია პუგლისი საუბრობს NATO-ს 14 ივნისის სამიტის მნიშვნელოვან პუნქტებზე საქართველოსთვის; რუსეთის ფაქტორზე; NATO-საქართველოს მტკიცე პარტნიორობასა და დეზინფორმაციის დაძლევის გზებზე. _როგორ აფასებთ 14 ივნისის სამიტის კომუნიკეს, რას ნიშნავს და რა გზავნილია NATO-სგან ქვეყნისთვის, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, გარედან მომდინარე საფრთხეების ფონზე? საგულისხმოა, რომ რუსეთის საკითხი კომუნიკეში ასახულია. ამ სამიტით NATO-მ ახალი თავი გახსნა. მაგიდის გარშემო შეკრებილმა ყველა ლიდერმა ხმამაღლა და ნათლად განაცხადა, რომ ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა ერთად, მტკიცედ უნდა იდგნენ NATO-ში. ეს არის ძლიერი გზავნილი რთული პერიოდის შემდეგ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ალიანსი კვლავ რჩება ტრანსატლანტიკური პოლიტიკური დიალოგისთვის მთავარ ადგილად. ჩვენი ერთიანობა და საერთო ვალდებულებებისადმი ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიც არიან, რუსეთი და ჩინეთი, წესებზე დამყარებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. თავისთავად ცხადია, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სამიტის კომუნიკე ძალიან მტკიცედ საუბრობს რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, წესებზე დამყარებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. თავისთავად ცხადია, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. სამიტის კომუნიკე ძალიან მტკიცედ საუბრობს რუსეთთან დაკავშირებით. ეს ხაზს უსვამს ალიანსისა და მის პარტნიორების წინაშე არსებულ რისკებს, შედეგს მუდმივი დარღვევისა ღირებულებების და ვალდებულებების, რასაც NATO-რუსეთის ურთიერთობა ემყარება. ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ვალდებულებებს, NATO-რუსეთის ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმს ვერ დაუბრუნდება - აღნიშნეს NATO-ს ლიდერებმა. ამ მისწრაფებასთან ერთად, NATO კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ და კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან განცალკევების მცდელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. სამიტზე გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და მას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. 16 მიმდინარე ინიციატივით და ყველა მოკავშირისა და პარტნიორების (ფინეთი და შვედეთი) ჩართულობით, ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტი (SNGP). SNGP არის უნიკალური პროგრამა, NATO-ს პარტნიორების მხარდასაჭერად. მისი საშუალებით, NATO და საქართველო ყოველდღიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რათა გააძლიერონ საქართველოს შესაძლებლობები და მოამზადონ ქვეყანა ალიანსის წევრობის მიზნის მისაღწევად. _თქვენ აღნიშნეთ, რომ NATO-სთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მიწოდება წამყვანი საკითხია ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუ გავითვალისწინებთ, გამოწვევებისა და საფრთხეების სათავეს, რას მიიჩნევთ მათზე მტკიცე პასუხად? რადგან როგორც თავადაც აღნიშნავდით, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერა NATO-ში გაწევრიანებისადმი მუდმივად იყოს ასეთივე მდგრადი და ძლიერი. ჩემი აზრით, NATO-ს მიმართ ძლიერი მხარდაჭერის შენარჩუნება და NATO-სა, და საქართველოს წევრობის პერსპექტივებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამკლავება ორი სხვადასხვა რამ არის. NATO-ს მიმართ მხარდაჭერა საქართველოში ძალიან მაღალია. ოთხი წლის განმავლობაში, რაც ამ ქვეყანაში ვარ, არასოდეს მინახავს NATO-ში გაწევრიანებისადმი 68% -იან მხარდაჭერაზე დაბალი მაჩვენებელი. რეალურად, საინტერესოა, რა იცის ხალხმა ალიანსის შესახებ და ყველა იმ სამუშაოს შესახებ, რასაც NATO და საქართველო ერთად ატარებენ, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მომზადებისთვის. კოვიდპანდემიის დაწყებამდე, თბილისსა და რეგიონებში ვხვდებოდი უამრავ ადამიანს, სტუდენტს, მასწავლებელს, ბიზნესმენს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს. ყოველთვის გასაკვირი იყო, რამდენად ცოტა ხალხია ინფორმირებული NATO-სთან დაკავშირებით. რაც ნაკლები იცის ხალხმა, მით უფრო დიდია ალბათობა, შეიძინონ დეზინფორმაციული არგუმენტები, რომ არაფერი ხდება, რომ ალიანსი უგულვებელყოფს საქართველოს და რომ საქართველო არასოდეს გახდება NATO-ს წევრი. თქვენ, როგორც ჟურნალისტს, და მე და ჩემს ქართველ კოლეგებს, როგორც საგარეო პოლიტიკის სპეციალისტებს, საერთო პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ინფორმაცია სწორედ ამ გადამწყვეტ პროცესებთან დაკავშირებით ვრცელდება. დეზინფორმაციის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ინფორმაციით. მე ვგულისხმობ არა პროპაგანდას, არამედ ინფორმაციას. საქართველო და NATO ერთად ბევრ საქმეს აკეთებენ: საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის გაცვლა, უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე საერთო ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა ინსტიტუტში, საქართველოს თავდაცვის ძალების მომზადება NATO-ს სრული სტანდარტების შესაბამისად. ყველა ამ ერთობლივ ძალისხმევით საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს. რაც მთავარია, ეს შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, უკეთესად დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი ტერიტორია და ხალხი. ერთი სიტყვით, ეს ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს უფრო მდგრადს ხდის. _ვიცით, რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური კრიტერიუმი არის ალიანსის წევრობისთვის დემოკრატიული ინსტიტუციების სიძლიერე. თქვენი აზრით, როგორ აფასებს NATO ამ ინსტიტუციების ხარისხს და როგორ გამოიყურება ქვეყანა? დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება მართლაც მდგრადობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ფუნქციონალური და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების მქონე ქვეყანას უკეთ შეუძლია, გაუძლოს ჰიბრიდულ შეტევებს და დაიცვას თავისი ხალხი და ტერიტორია მშვიდობის, კრიზისის ან კონფლიქტის დროს. ეს წესი ვრცელდება არამხოლოდ საქართველოზე, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანაში. გასაკვირი არ არის, რომ სამიტზე ალიანსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. კერძოდ, ის მიესალმა ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს წინსვლის გზის შესახებ და მოუწოდა ყველა მხარეს, ყურადღება გაამახვილოს მის შესრულებაზე. NATO-ს ლიდერების აზრით, ეს მნიშვნელოვანი რეფორმები დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, წევრობისთვის მომზადებაში. ექსკლუზივი: NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს

გურიაში, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, 13 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე -173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაბა ურეკში 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან დაკავებულის ნაცნობები შეიკრიბნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი წყლით ნამდვილად არ გადაგედებათ, არც გარუჯვით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სანაპიროზე პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება, თუმცა დისტანცია უნდა იყოს დაცული. ამის შესახებ მან მედიავებინარზე განაცხადა. „კორონავირუსის გადადება წყალს არ უკავშირდება, წყლით ნამდვილად არ გადაგედებათ. არც გარუჯვით მზისგან არ მოვა. ჩვენი რეკომენდაციები ვებგვერდზეა და გთხოვთ, ნახოთ. კორონავირუსი მაღალი სიცხით არ გადავა, მაგრამ მაღალი სიცხე კიდევ სხვაგვარად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ ამ მხრივაც პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ. პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ თუ სამი-ოთხი ადამიანი ძალიან ახლოს სხდებით, სასურველია პრევენციული საშუალებები გქონდეთ. დისტანცია იყოს დაცული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რას ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, ორდღიანი განხილვის შემდეგ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსმეორე მოსმენით, 95 ხმით დაუჭირა მხარი. მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში ასახულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში წინა განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნების და მოსაზრებების ნაწილი უკვე აისახა. რეფორმის შედეგად: გაიზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი დაწესდება. საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება 8+9 პარიტეტის პრინციპით. შემოღებული იქნება თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის პოზიცია, შემოღებულია საარჩევნო უბნებზე 100-მეტრიანი რადიუსი და სანქციები 100 მეტრიანი რადიუსის წესების დარღვევისთვის; გაფართოვდება საჯარო მოსამსახურეთა წრე; მოხდება ელექტრონული ტექნოლოგიების ასევე, უბნების 10%-ით შემთხვევითი გამოვლენის და მათი გადათვლის პრინციპის გამოყენება. აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ უბნის მიერ შესწორების ოქმის შედგენა და ოლქის მიერ შესწორების ოქმის მხოლოდ გადათვლის შედეგად შეცვლა. განისაზღვრება უბნების სავალდებულო გადათვლის მკაფიო კრიტერიუმები: განისაზღვრება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის წესების დაცვის პასუხისმგებლობის პირი; გაიზრდება საჩივრების მიღების ვადები. შეიქმნება მინდობილობების რეესტრი. მოხდება საჩივრების ელექტრონული შეტანა, გასაჩივრდება სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმა. შეიქმნება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი დავებზე დაკვირვების და გადათვლებზე დაკვირვებისთვის. შალვა პაპუაშვილმა შემაჯამებელ გამოსვლაში მოკლედ ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესზე, რომელიც ძირეულად და ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო სისტემას და პროცესს. მან ასევე შეაფასა სიტუცია, რომელიც კანონპროექტზე მუშაობის დროს პარლამენტში გამოიკვეთა. „ჩვენ ვიმუშავეთ ცვლილებებზე რაც ქვეყანას უფრო უკეთეს საარჩევნო სისტემას მისცემს. ჩვენ, „ქართული ოცნება“ და სხვა ოპოზიცია, ვინც ამ ცვლილებებზე ვიმუშავეთ, ვართ დეპოლარიზაციის, გაერთიანების, სოლიდარობის მხარეს და მათ შორის, ამ სისტემის გაუმჯობესების მხარეს. მეორე მხარეს ხართ თქვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხართ პოლარიზაციის, გაყოფის, შუღლის და ღვარძლის მხარეს. ამ დღეებში განხილვისას ცხადად ჩანდა რა ხდებოდა აქამდე ოპოზიციაში, როგორ ცდილობდა ნაცმოძრაობა გადაებირებინა ოპოზიციის წარმომადგენლები და საბედნიეროდ, დღეს ეს აღარ მოხდება. თქვენ დარჩებით მარტო. აქამდე რაც იყო, დღეს, კენჭისყრის შემდეგ დაფიქსირდება ტაბლოზე“ - განაცხადა მომხსენებელმა. საკითხის ამოწურვის შემდეგ დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პირველი მუხლის 30-ე და 43-ე პუნქტების გარეშე უყარეს კენჭი და 95 ხმით დაუჭირეს მხარი. რაც შეეხება აღნიშნულ პუნქტებს, მათი დაზუსტება მესამე მოსმენამდე მოხდება. საკითხის ამოწურვის შემდეგ, კანონპროექტზე მუშაობის პროცესი პარლამენტის თავმჯდომარემ შეაჯამა. „დიდი შრომა ჩატარდა. საინტერესო იყო იმ კრიტიკის, დისკუსიის კონსტრუქციულობის ნახვა, რომელიც ნამდვილად გვესაჭიროება, თუ გვინდა რომ კონსენსუსით მივიღოთ კანონპროექტები და გახდეს კანონები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რამდენიმე თვის დაუღალავი შრომის შემდეგ, დღეს, მეორე მოსმენით ვასრულებთ ამ კანონის მიღებას. მომავალ კვირას მესამე მოსმენით მივიღებთ ამ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც შეცვლის ერთხელ და საბოლოოდ მიდგომას და მოგვცემს საშუალებას სპეკულაციები აღარ იყოს საფუძველი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნები და არჩევნების შედეგები“, -განაცხადა კახა კუჭავამ. სხდომაზე დღესვე განიხილეს და კენჭი უყარეს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობის 12 წევრით განსაზღვრას.

პროკურატურამ 8 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამეგრელოში მომხდარი არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბ.გ-ს და ზ.გ-ს ბრალდება წარუდგინა. ასევე, ზ.გ.-ს ბრალდება წარედგინა, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დანაშაულის შესახებ შეტყობინება 2021 წლის 23 ივნისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. "სამართალდამცველებმა ბ.გ და ზ.გ 23 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაშია. ცნობისთვის, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დღეს დააკავეს. თანასოფლელებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვეს

„აჭარა ტექსტილიდან“ 20-მდე ადამიანი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს

ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილიდან“ 20-მდე ადამიანი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკა „ლაზიკამედში“ შეიყვანეს. მათ ღებინება, საერთო სისუსტე და ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ. „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების მოწამვლის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. კლინიკაში მოთავსებულ პირებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ. „აჭარა ტექსტილი“ მომხდარ ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

ისლანდია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც პანდემიის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას ხსნის

Guardian-ის ინფორმაციით, ისლანდია პირველი ქვეყანა იქნება ევროპაში, რომელიც Covid19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის. ხვალიდან მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება აღარ მოუწევთ. ისლანდიის მთავრობის ინფორმაციით, მოსახლეობის 87% ვირუსის ერთი დოზით მაინც არის აცრილი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ისლანდიაში Covid19-ის 360 000 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 6 637 ადამიანი. ისლანდია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც პანდემიის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას ხსნის

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაციის კუთხით ნახტომისებური ჩამოსვლა არ გვაქვს, პლატოზე ვართ გასული

ეპიდსიტუაციის კუთხით ნახტომისებური ჩამოსვლა არ გვაქვს, პლატოზე ვართ გასული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხდა. მისი თქმით, ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 500-800-ს შორის მერყეობს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მაღალია. "ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ანუ ნახტომისებური ქვემოთ ჩამოსვლა არ გვაქვს, პლატოზე ვართ გასული და ჯერჯერობით ქვემოთ არ მოდის. ყოველდღიური შემთხვევები მერყეობს 500-800-ს შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს საკმაოდ მაღალია. გასაგებია, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო პირბადის ტარების მანდატორიზმი მოიხსნა ღია სივრცეებში, მაგრამ მაინც ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას თვითშეგნებიდან გამომდინარე პირბადე, სადაც ძალიან არ გვიჭირს - ვატაროთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა. "ევროკავშირი რუსეთის მიმართ ერთიან და სტრატეგიულ მიდგომას 5 სახელმძღვანელო პრინციპის საფუძველზე განახორციელებს. ჩვენ გავახანგრძლივეთ ჩვენი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: მოსკოვმა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი მინსკის შეთანხმებების უზრუნველყოფაში. ჩვენ დიალოგის ფორმატებსა და პირობებს შევისწავლით", - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე. ცნობისთვის, ევროკავშირის შეზღუდვები რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკული და თავდაცვითი სექტორების წინააღმდეგაა მიმართული. თავდაპირველად ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაუწესა. 2015 წლიდან სანქციები მინსკის შეთანხმებების შესრულებაზეა მიბმული.

ნათია თურნავა ანაკლიის პორტზე: ერთ თვეში გვეცოდინება, რა ფორმით შეიძლება შევთავაზოთ ინვესტორებს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დაახლოებით, ერთ თვეში ეცოდინებათ, რა ფორმით შეიძლება შესავაზონ ანაკლიის პორტი ინვესტორებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანაკლია სტრატეგიული პროექტია. "მოგეხსენებათ, ანაკლია ჩვენთვის სტრატეგიული პროექტია. ჩვენ მართლაც ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, მიუხედავად პოსტპანდემიური პერიოდისა, როგორ გავხადოთ ანაკლიის პროექტი კვლავ საინტერესო ინვესტორებისთვის. ჩვენ ავიყვანეთ საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც 2015 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციას აახლებს და ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, იგივე ბაზრის კვლევას. დაახლოებით, ერთ თვეში გვექნება შედეგები და ჩვენ დავინახავთ რა ფორმით შეიძლება შევთავაზოთ უკვე ინვესტორებს", — განაცხადა თურნავამ. ირაკლი ღარიბაშვილი: პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა EXCLUSIVE: ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება - ნათია თურნავა

შესაძლოა, საქართველოში Pfizer-ით 16-17 წლის მოქალაქეებიც აიცრნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში 16-17 წლის მოქალაქეებიც ჩართონ. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, Pfizer-ის ასაკობრივი ჯგუფი შესაძლოა, სექტემბრიდან გაფართოვდეს. "ვაპირებთ სამეცნიერო საბჭოზე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ Pfizer-ით ვაქცინაციაში 16-17 წლის მოზარდები ჩავრთოთ, 2 ასაკობრივი ჯგუფი დაემატოს, ზოგადად ველოდებით შემოდგომისკენ. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ Pfizer-ით აცრები დაიწყო 12-15 წლის ასაკშიც - აშშ-მა, კანადამ, ისრაელმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და რამდენიმე ქვეყანამ. იმედი მაქვს, რომ Pfizer-ის საკმარისი დოზები გვექნება", - განაცხადა გამყრელიძემ.