ძებნის რეზულტატი:
დააჯარიმებენ მოქალაქეს, რომელმაც მდინარეში დიდი რაოდენობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა
მოქალაქე, რომელმაც მდინარეში დიდი რაოდენობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა, იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ცნობილია, დეპარტამენტი, მომხდარზე, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს და მოქალაქეს დააჯარიმებენ. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც მოქალაქე დიდი ოდენობით პლასტიკის ბოთლებს ყრის მდინარეში, საქმის წარმოება დაიწყო. სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და მე-40 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტზე. ამ ეტაპზე უკვე დადგენილია, რომ სამართალდარღვევა მოხდა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა. დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილს ათვალიერებენ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მომხდარზე, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე; ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6 000 ლარია; ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია განცხადებაში. დღეს, სოფიალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ყრიან უცნობი ადამიანები მდინარეში ასობით პოლიეთილენის ბოთლებს. ვიდეომასალაში შესაძლებელი იყო მოქალაქისა და ავტომობილის იდენტიფიცირება.
ვაჟა სირაძე: მოვუწოდებთ ყველას, არ დაარღვიონ კანონი და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში
ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, მოვუწოდებთ ყველას, არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ სამართალდამცველებსა და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების შემდეგ განაცხადა. როგორც ვაჟა სირაძემ განაცხადა, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ასევე ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი. მკაცრად მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "თბილისი პრაიდის" კვირეულის გახსნაზე ხმაური იყო. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლონდონში პრინცესა დიანას ქანდაკება პრინცმა უილიამმა და ჰარიმ გახსნეს
კემბრიჯის და სასექსის ჰერცოგებმა, უილიამმა და ჰარიმ ლონდონში უელსის პრინცესა დიანას ქანდაკება გახსნეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. უილიამი და ჰარი ქანდაკების გახსნის ცერემონიაზე, რომელიც კენსინგტონის სასახლის ბაღში გაიმართა, ერთად მივიდნენ. ეს არის მათი პირველი გამოჩენა აპრილის შემდეგ, როდესაც ედინბურგის პრინცი ფილიპე გარდაიცვალა. "ჩვენ გვახსოვს მისი სიყვარული, ძალა და ხასიათი. თვისებები, რამაც იგი სიკეთის ენერგიად აქცია მთელ მსოფლიოში და უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ", - განაცხადეს ქანდაკების გახსნისას უილიამმა და ჰარიმ. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ქანდაკება სამუდამოდ დარჩება დიანად ცხოვრებისა და მემკვიდრეობის სიმბოლოდ და მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც მათი დედის ხსოვნას ინარჩუნებს. ცნობისთვის, დღეს უელსის პრინცესას 60 წელი შეუსრულდებოდა.
საფრანგეთში ტურისტებისთვის PCR ტესტისა და ანტიგენის ტესტის გაკეთება ფასიანი ხდება
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 7 ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის PCR ტესტისა და ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება ფასიანი იქნება. ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. როგორც ცნობილია, PCR ტესტის ღირებულება იქნება 49 ევრო, ხოლო ანტიგენის სწრაფი ტესტის - 29 ევრო. ცნობისთვის, საფრანგეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო შემდეგი ვაქცინებია აღიარებული: Pfizer-ის, Moderna-ს, AstraZeneca-სა და johnson&johnson-ის. საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ინფორმაციას ავრცელებს
ირაკლი ღარიბაშვილი: 2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის პრიორიტეტებს ასახელებს და აცხადებს, რომ 2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი იქნება. ამის შესახებ მთავრობის მეთაური Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. „მთავრობის ათწლიანი სტრატეგიის ფარგლებში, თემატური განხილვები დავიწყეთ. დღეს მოვისმინეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმები. ჩვენი ხედვით, 2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი იქნება. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა იზრდება. უკვე წელს, დავიწყებთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის პროგრამას, რომელსაც 50 მილიონი ლარით დავაფინანსებთ. 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები 1 მილიარდ დოლარს შეადგენს“, - წერს პრემიერ მინისტრი. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 500 ათას ჰექტრამდე გაიზრდება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებით დაფარული მიწის ფართობი. უზრუნველყოფილი იქნება 3,7 მლნ ტონამდე წარმოება, მათ შორის, 600 000 ტონა ყურძენი. „500 ჰექტარზე შეიქმნება სასათბურე მეურნეობა. თანადაფინანსების სახით, 124 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. 50 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე ხეხილის ბაღები და 15 ათას ჰექტარზე მეტი ვენახი გაშენდება. თანადაფინანსების სახით, 340 მლნ ლარამდე გაიცემა. 400-მდე თანამედროვე ტიპის მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმის შესაქმნელად, 560 მლნ ლარის ოდენობით ჯამური ინვესტიცია განხორციელდება. 2030 წელს, წყალუზრუნველყოფილი იქნება 227 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, თითქმის მთლიანად აღდგება სამელიორაციო სისტემა, რაშიც 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება. დაინერგება საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიები ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად. დაცული ტერიტორიების ფართობი 1 მლნ ჰა-მდე გაიზრდება და ქვეყნის მთელი ტერიტორიის 17%-ს მიაღწევს. საქართველო უფრო მეტად თვითუზრუნველყოფილი უნდა გახდეს. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია: მეტი ადგილობრივი წარმოება, სიღარიბის დაძლევა, განვითარებული რეგიონები, ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ, მათ შორის ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონიცაა. როგორც ცნობილია, ადგილზე სამართალდამცველებს გაკეთებული აქვთ სპეციალური კორიდორი, რათა ღონისძიების მონაწილეებს შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნათ. ამასთან, ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, პერიოდულად ვითარება იძაბება. ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიან, კვერცხებსა და ბოთლებს ისვრიან. ასევე, როგორც ცნობილია პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე რამდენიმე ადამიანი დააკავა. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვაჟა სირაძის ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს
საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების მოწინააღმდეგეთა აქციაზე, ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 12 ადამიანი. მათი დაკავება 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, პოლიციელის შეურაცხყოფას და წვრილმან ხულიგნობას. „ამ დროისთვის დაკავებულია 12 პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ასევე პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენებას. ამ დროისთვის ადგილზე არის მშვიდი ვითარება, პოლიცია აკონტროლებს სრულად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მხარეებს, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. სიტყვისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ არ უნდა გასცდნენ კანონის მოთხოვნებს. პოლიცია მუშაობს გეგმის შესაბამისად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ნუ ჩაერევიან პოლიციის საქმიანობაში, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. პოლიცია დაიცავს კანონს და სრულად შეასრულებს თავის მოვალეობას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ. „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ "თბილისი პრაიდის" კვირეულის გახსნაზე ხმაური იყო ვაჟა სირაძე: მოვუწოდებთ ყველას, არ დაარღვიონ კანონი და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები რუსეთს ასობით ორგანიზაციის წინააღმდეგ კიბერთავდასხმებში ადანაშაულებენ
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო მსოფლიოს მასშტაბით სამთავრობო და კერძო სტრუქტურებზე კიბერთავდასხმების განხორციელებაში დაადანაშაულეს. ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურების ინფორმაციით, კამპანიის სამიზნე ასობით ამერიკული და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, მათ შორის აშშ-ის სამთავრობო და სამხედრო სტრუქტურები. „2019 წლიდან 2021 წლის დასაწყისამდე რუსეთის გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ Kubernetes-ის კლასტერი გამოიყენა მასშტაბური კიბერთავდასხმებისთვის, რომლის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით სამთავრობო და კერძო სტრუქტურებზე წვდომის მიღება იყო“, - ნათქვამია განცხადებაში. 22 ივნისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს საპასუხო კიბერთავდასხმების შესახებ არ გააფრთხილებს. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ჟენევაში გამართულ სამიტზე ჯო ბაიდენმა რუსეთიდან ჰაკერული თავდასხმების თემა წამოწია. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ თუ ამერიკულ ობიექტებზე ჰაკერული თავდასხმები გაგრძელდება, მოსკოვი ამისთვის პასუხს აგებს. „პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ის სფეროა, რომელსაც ვაკვირდებით და უფლებას ვიტოვებთ, ისეთი ქმედებები განვახორციელოთ, რომელიც შედეგებს გამოიწვევს. ჩვენ გაფრთხილების გარეშე ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.
ჰანს კლუგე: კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ევროპაში კოვიდინფიცირების შემთხვევები იზრდება. "10–კვირიანი კლების შემდეგ ევროპაში კოვიდინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება. წინა კვირასთან შედარებით შემთხვევების 10%–იანი ზრდა დაფიქსირდა", – განაცხადა კლუგემ მისივე თქმით, შესაძლოა ევროპაში კორონავირუსის ახალი ტალღა წარმოიქმნას, თუკი მოსახლეობა არ დაიცავს წესებს. "თუ დისციპლინა არ შენარჩუნდება, ევროპაში ახალი ტალღა იქნება", – ამბობს კლუგე
პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად. ინფორმაციას პრზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს როგორც ცნობილია, პრეზიდენტის განკარგულებით ასევე შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: გიორგი კლდიაშვილი - ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე; ნიკოლოზ სიმონიშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; თათია ქინქლაძე - ა(ა)იპ - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგა-დოების პროექტის კოორდინატორი; ლევან ნატროშვილი - ა(ა)იპ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი; არნოლდ სტეფანიანი - ა(ა)იპ - კავშირი საერთო - სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე; ზვიად გაბისონია - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი; მარინე ჩიტაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი; სოფიო მიდელაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი; გიორგი იაშვილი - სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი; რევაზ კლდიაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი; შალვა ქურდაძე - ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. კომისიამ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა. ცნობისთვის, გუშინ, თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს.
დიპლომატიური კორპუსი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ პირველ ღონისძიებას ეხმაურება
საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კონკრეტულად, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის ელჩები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ პირველ ღონისძიებასა და დახურულ კინოჩვენებას ეხმაურებიან, რომელმაც საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი აცხადებს, რომ LGBT+ თემი იბრძვის თავისუფლებისა და თანასწორობის იმავე ხარისხისთვის რაც სხვებს აქვთ. ,,დავესწარი ბრიტანული ფილმის ჩვენებას. საქართველოში LGBT+ თემი იბრძვის თავისუფლებისა და თანასწორობის იმავე ხარისხისთვის რაც სხვებს აქვთ. ღირსეული, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან თავისუფალი ცხოვრების უფლება უნივერსალურია. მივესალმები სამართალდამცავთა ძალისხმევას, რომ ჩვენებას მშვიდობიანად ჩაევლო", - წერს ელჩი Twitter-ზე საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასიც აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა პროფესიონალურად შეძლეს სიტუაციის მართვა. ,,მშვენიერი საღამო, ინსპირაციული ფილმი LGBT+ თემის უფლებების შესახებ და უფრო ფართოდ ადამიანის უფლებებზე, მრავალფეროვნებაზე, თანამედროვეობაზე საქართველოში. სამართალდამცავი ორგანოების მიერ საღამოს ძალიან პროფესიონალურად ჩატარება მოხდა. ყველას გილოცავთ", - წელს კოლასი Twitter-ზე. ისრაელის ელჩის რან გიდორის თქმით, ამაყობს, რომ ესწრებოდა დღევანდელ გახსნით ღონისძიებას. ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს ანგარიშს 2021 წელს საქართველოში ტრეფიკინგის შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ნაწილში, ნათქვამია, რომ მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოვლენის, ტრეფიკიორთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისა და მსხვერპლთა დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობის ძალისხმევის გაძლიერება. „ეს ძალისხმევა მოიცავდა პანდემიის შედეგების შემსუბუქებას მთავრობის მიერ ორგანიზებულ თავშესაფრებში. მთავრობამ შეიმუშავა სახელმძღვანელო მითითებები ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის მობილური დანაყოფებისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიკაციას ახდენენ და 2021-2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო. მთავრობამ შრომის ინსპექციის სამსახური შექმნა, რომელიც იძულებითი შრომის სპეციალურ განყოფილებას მოიცავს და მუდმივმოქმედი ჯგუფის (არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ხუთკაციანი საბჭო) მეშვეობით ოფიციალური მსხვერპლის სტატუსის მიღების პროცესი 2019 წელთან შედარებით გაუმჯობესდა“, - აღნიშნულია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, მან პასუხისგებაში ნაკლები ეჭვმიტანილი მისცა და ნაკლები მსხვერპლი გამოავლინა. გარდა ამისა, შრომის ინსპექტორებს კვლავ აკლიათ პერსონალი, რესურსები და ტრენინგი შრომითი ზედამხედველობის პასუხისმგებლობის შესასრულებლად. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) არსებობის შესახებ არ იყო ხელმისაწვდომი. ამასთან, მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ტრეფიკინგის კუთხით განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მონიტორინგისა და პრევენციის ოფისის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აფასებს 190-მდე სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის კუთხით პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
ტურისტული მიზნით ნიდერლანდებში მოგზაურობასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ტურისტული მიზნით ნიდერლანდებში შესვლასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოში აცხადებენ, რომ პირველი ივლისიდან ადამიანებს ნიდერლანდებში შესვლის უფლება სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე ექნებათ. „გაცნობებთ, რომ პირველი ივლისიდან ნიდერლანდების მთავრობამ გააუქმა ქვეყანაში (ტურისტული მიზნით) შესვლის აკრძალვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარადგენენ სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიერ გაცემულ სერტიფიკატსაც/ცნობასაც. ასეთი სერტიფიკატის/ცნობის მქონე პირი ნიდერლანდებში ვერ შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მიემგზავრება ძალიან მაღალი რისკის (წითელი კოდი) ქვეყნიდან. რადგან საქართველო ამ ეტაპზე არის მაღალი (და არა ძალიან მაღალი) რისკის (ნარინჯისფერი კოდი) ქვეყანა, ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლა შეეძლება საქართველოდან მიმავალ პირს, რომელიც წარადგენს სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას, და რომელიც უნდა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: პირის სრული სახელი; ვირუსი: SARS-CoV-2 ან მისი ნებისმიერი ვარიაცია; ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია მედიკამენტის ევროპული სააგენტოს (EMA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.(ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, ასეთ ვაქცინებში იგულისხმება შემდეგი ვაქცინები: Pfizer/BioNTech (Comirnaty), Astra Zeneca EU (Vaxzevria), Johnson & Johnson ((COVID-19 Vaccine) Janssen), Moderna (Spikevax), Astra Zeneca-SK Bio (Vaxzevria), Serum Institute of India (Covishield), Sinopharm BIBP, Sinovac); ვაქცინის მწარმოებელი; თითოეული დოზის გაკეთების თარიღი; ქვეყანა (მათ შორის ევროკავშირის არაწევრიც), სადაც გაკეთდა ვაქცინა; ცნობის/სერტიფიკატის გამცემი; ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პორტუგალიური, იტალიური ან ესპანური; ცნობის/სერტიფიკატის გამცემის ხელმოწერა ან ბეჭედი; ამასთან, სრულად ვაქცინირებულად ითვლება პირი, რომელმაც გაიკეთა იმ ვაქცინის ორი დოზა, რომელიც მოითხოვს ორ დოზას; გაიკეთა იმ ვაქცინის ერთი დოზა, რომელიც მოითხოვს ერთ დოზას ან მას შემდეგ, რაც დაინფიცირდა SARS-CoV-2-ით, გაიკეთა იმ ვაქცინის ერთი დოზა, რომელიც მოითხოვს ორ დოზას; ასევე, სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის/ცნობის წარდგენის შემთხვევაში, საჭირო აღარ არის „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლის რეგულაციები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შავ ზღვაში იტალიური ფრეგატი შევიდა
შავ ზღვაში იტალიური ფრეგატი შევიდა. როგორც NATO-ს მუდმივმოქმედი საზღვაო ჯგუფი იუწყება, იტალიურმა ფრეგატმა Virginio Fasan F591- მა ბოსფორის სრუტე დღეს გაიარა. ბოსფორის სრუტის გავლის პერიოდში მას თან ახლდა თურქული ხომალდი. სავარაუდოდ იტალიური ფრეგატი მონაწილეობას მიიღებს შავ ზღვაში მიმდინარე მასშტაბურ წვრთნებში „სი ბრიზი 2021“, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. შეგახსენებთ, რომ მანამდე ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში მიმდინარე საერთაშორისო მანევრების პარალელურად, რუსულმა სადესანტო ხომალდებმა შავ ზღვაში საბრძოლო სროლები განახორციელა. სამხედრო სწავლება „სი ბრიზი“ შავ ზღვაში 28 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება. შავ ზღვაში დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელშიც NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოც მონაწილეობს NATO-ს წვრთნების პარალელურად, შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ფლოტის სწავლება გაიმართა
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი სატვირთო გადაზიდვებს იწყებს
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ავიაპარკს აფართოებს და სამგზავრო ავიარეისებთან ერთად სატვირთო გადაზიდვებისთვის ემზადება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბოინგ 737-700 ტიპის სატვირთო ხომალდი უკვე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, ავიაკომპანია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სატვირთო ბაზრების დაფარვას გეგმავს. Myway Airlines-ის სატვირთო ხომალდს 20.5 ტონის და 138 კუბური მეტრის მოცულობის ტვირთის 5 000 კმ მანძილზე ტრანსპორტირება შეუძლია. „მაივეი ეარლაინსი“ საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა. კომპანია სრულად არის დაკომპლექტებული ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით.
Johnson & Johnson-ი: ჩვენი ვაქცინა ინდური შტამისგან სულ მცირე 8 თვით დაგიცავთ
Johnson & Johnson-ის მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინდურ შტამთან ბრძოლაში მაღალი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. კომპანიაში აცხადებენ, რომ იმუნური პასუხის ხანგრძლივობა სულ მცირე 8 თვეს შეადგენს. გარდა ამისა, Johnson & Johnson-ის მტკიცებით, მათი ვაქცინა ეფექტურია „სხვა, ფართოდ გავრცელებული შტამების წინააღმდეგაც“.
ნედ პრაისი: აშშ ჩინეთის ბირთვული შეიარაღების სწრაფი ზრდის გამო შეშფოთებულია
აშშ ჩინეთის ბირთვული შეიარაღების სწრაფი ზრდის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა, ნედ პრაისმა გააკეთა. მან ჩინეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა შემცირდეს „შეიარაღების რბოლის რისკი, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს“ პრაისი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების 100-ზე მეტი გამშვები დანადგარის მშენებლობის დაწყებას გამოეხმაურა. „ეს შემაშფოთებელია. ეს აჩენს კითხვებს ჩინეთის ზრახვებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს აძლიერებს ბირთვული საფრთხეების შესამცირებლად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას“, – განაცხადა ნედ პრაისმა. პრაისმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ცნობად მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაფუძნებიდან 100 წლის იუბილეზე გააკეთა. კერძოდ, სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი თავს მეტად აღარ დაუხრის სხვებს.
იუსტიციის სამინისტრო: ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ საფეხურზეა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით კვლავ პირველ საფეხურზეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 190 შეფასებულ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია, რომლიც სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველო, მიუხედავად „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიისა და სირთულეებისა, აგრძელებს მტკიცე და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის დადებით შეფასებას – 4-შკალიანი რეიტინგული სისტემით საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს. ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის ქვეყნების – ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ლიტვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ესპანეთის, შვედეთის, სლოვენიისა და დიდი ბრიტანეთის გვერდითაა. საქართველო წელსაც ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (EAP), რომელიც პირველ საფეხურზე იკავებს ადგილს. აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში დადებითად შეფასდა: იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ 2020 წლის 2 დეკემბერს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის მიღება; ტრეფიკინგის პრევენციის ღონისძიებები, რომლებიც უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელობით შექმნილი ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებულად ხორციელდება; ტრეფიკინგის პრევენციის მიმართულებით, აგრეთვე, დანაშაულის გამოვლენის, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისა და მსხვერპლთა გამოვლენისა და დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა; ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფის საქმიანობის გააქტიურება. აშშ მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებს ტრეფიკინგის თემაზე, რაც განკუთვნილია მიუსაფარ ბავშვთა იდენტიფიცირებაზე მომუშავე მობილური ჯგუფებისთვის და მიზნად ისახავს არასრულწლოვნებში ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენის გაძლიერებას. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ისიც, რომ სახელმწიფო მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გასცემს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს – პირადობისა და დაბადების მოწმობებს. აშშ დადებითად აფასებს, ასევე, შრომის ინსპექტირების სამსახურის შექმნასა და შრომითი უფლებების, მათ შორის, ტრეფიკინგის გამოვლენის მიმართულებით სამსახურის უფლებამოსილებას გაზრდას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უმაღლესი ქულით შეფასებული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოში აშშ-ის საელჩო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში 2021 წელს ტრეფიკინგის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ნაწილში, ნათქვამია, რომ მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს.
აშშ-ისა და NATO-ს ძალებმა ბაგრამის ავიაბაზა დატოვეს
20 წლის შემდეგ, აშშ-ისა და NATO-ს ძალებმა ბაგრამის ავიაბაზა დატოვეს. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, ბაზაზე კონტროლს ავღანეთის შეიარაღებული ძალების განახორციელებენ. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულებით, მაისში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო. გეგმის მიხედვით, მათ ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დატოვონ.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 964ადამიანს დაუდასტურდა, 607 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 190 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 696 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 494 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 964 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 368 022-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, პირველი ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.42 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.09%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 353 231-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 335 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 77, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 40, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 430 საიდანაც: 2 771 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 557, აჭარაში - 159, იმერეთში - 361. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 607 პირი, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში - 34, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში - 110, აჭარაში - 6, იმერეთში - 10. 620 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 425 - თბილისში, 182- აჭარაში. 6 039 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 118 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 114, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - პირველი ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 907 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 454, აჭარაში - 631, იმერეთში - 779.