ძებნის რეზულტატი:
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1984 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც ცნობილია, დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ჩ.-მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. იგი 1976 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა. ბრალდებული ნ. ა.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა.ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 ივლისის მონაცემებით სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 266 161 აცრა ჩატარდა. როგორც ცნობილია, სრულად ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი. აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 964ადამიანს დაუდასტურდა, 607 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 ინფიცირებული გარდაიცვალა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სიკვდილით დასჯაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტმა სიკვდილით დასჯაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც ცნობილია, მორატორიუმი ძალაში იქნება, ვიდრე უწყება სასჯელის უმაღლესი ზომის მიმართ პოლიტიკის კვლევას არ დაასრულებს. „იუსტიციის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სასჯელაღსრულების ფედერალურ სისტემაში მყოფი ყველა პირის უფლებების დაცვა, ასევე დაიცვას კონსტიტუცია და აშშ-ის კანონი, თუმცა, ამავე დროს, მათ უნდა მოეპყრონ ჰუმანურად. ეს ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვნია, როდესაც საქმე ეხება მძიმე დანაშაულს, რაც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში.
ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, პორტუგალიაში "კომენდანტის საათი" დაწესდა
პორტუგალიაში COVID-19-ის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, 2 ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. შეზღუდვა შეეხება ქვეყნის 45 მუნიციპალიტეტს, მათ შორის ლისაბონს. პორტუგალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ გასულ კვირას ქვეყანაში ვითარება ისევ გაუარესდა და არსებული მდგომარეობა პანდემიის კონტროლის პირობებს არ შეესაბამება. პორტუგალიაში ე.წ. კომენდანტის საათი 23:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. ქვეყანაში სამუშაო დღეებში კაფეები და რესტორნები 22:30 საათზე დაიხურება, უქმეებზე კი – 15:30 საათზე. 30 ივნისს, პორტუგალიაში COVID-19-ის 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის შემდეგ, პირველად მოხდა. პორტუგალიაში მოსახლეობის 50%-ზე მეტი ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, 32% კი, სრულად არის აცრილი. პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაშიCOVID-19-ის 880 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 17 101 კი დაიღუპა.
ჯეიმს აპატურაი ზალკანიანთან შეხვედრის შემდეგ: აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი გაუსვეს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს. ჯეიმს აპატურაიმ გამოხატა მადლიერება საქართველოს იმ მნიშვნელოვანი, აქტიური როლისთვის, რომელსაც ქვეყანა თამაშობს რეგიონში. მისი განცხადებით, აღსანიშნავია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრის მიმართულებით გაწეული დახმარება და ძალისხმევა უკეთესი რეგიონული თანამშრომლობისთვის. ამ მიმართულებით საქართველო წარმატებით თამაშობს უნიკალურ და გადამწყვეტ როლს, რომელსაც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ ითამაშებს. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმა, განიხილეს და დასახეს უფრო სიღრმისეული თანამშრომლობის დღის წესრიგი და ამ მიმართულებით NATO-ს მეტი ჩართულობითა და მხარდაჭერით საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ, წინსვლის გზები. „ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა. ეს გახლდათ პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში. 10 წლის განმავლობაში ვისწავლე იმდენი ქართული, რომ გავიგო, რომ თქვენ ჩამოთვალეთ მთლიანი დღის წესრიგი, თუმცა ნება მომეცით ვთქვა რამდენიმე სიტყვა. პირველ რიგში მინდა აღინიშნოს, რომ NATO-ს სამიტზე ნამდვილად აღიარეს ის, თუ რამდენად შორს წავიდა საქართველო რეფორმების გატარებისა და NATO-სთან დაახლოების კუთხით. თუ შევადარებთ წინა სამიტის დეკლარაციას და ახლანდელს, აშკარად ჩანს რომ დოკუმენტი გახდა უფრო მკაფიო, დეტალებზე ორიენტირებული და ხდება გამოწვევების, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სირთულეების, მეტად აღიარება. ჩვენ დავსახეთ უფრო სიღრმისეული თანამშრომლობის დღის წესრიგი და ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ ამ მიმართულებით და NATO-ს მეტი ჩართულობითა და მხარდაჭერით საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ, წინსვლის გზები. ამასთან, ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე, მათ შორის კიბერუსაფრთხოებაზე. მინდა ასევე გამოვხატო NATO-ს მხრიდან დაფასება და მადლიერება საქართველოს იმ მნიშვნელოვანი, აქტიური როლისთვის, რომელსაც ქვეყანა თამაშობს რეგიონში. აღსანიშნავია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრის მიმართულებით გაწეული დახმარება და ძალისხმევა უკეთესი რეგიონული თანამშრომლობისთვის. ამ მიმართულებით საქართველო წარმატებით თამაშობს უნიკალურ და გადამწყვეტ როლს. ამ როლს ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ ითამაშებს და ჩვენ მადლიერნი ვართ ამისთვის. ამას გარდა, ჩვენთვის აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ვიცით, რომ ეს სიტუაცია რუსეთის გამო უარესდება. ის გავლენას ახდენს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და ინფორმაციის გაცვლას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. და ბოლოს, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას რეფორმების განხორციელებისა და NATO-სთან დაახლოების მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ამ რანგში მუშაობის 10 წლის განმავლობაში, თუ შევადარებთ, იმ მდგომარეობას, რაც იყო მაშინ, როდესაც მე დავიწყე მუშაობა ამ პოზიციაზე და ახლა, აშკარაა, რომ საქართველომ საგრძნობლად წაიწია წინ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე და ამის ბევრი მაგალითი შემიძლია დავასახელო. ჩემს ახალ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგაც გავაგრძელებ საქართველოსა და ჩვენი თანამშრომლობის მხარდაჭერას და ბედნიერი შევხდები საქართველოს, როდესაც ის გაივლის „ღია კარის“ გზას“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
საქსტატი: წლიური ინფლაციის დონე 9.9 %-მდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 % შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 5.8%-ით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7%-იანი მატება, რაც 0.36 % პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ასევე, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (4.7 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (2.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.7 პროცენტი); დასვენება, გართობა და კულტურა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: აუდიო ვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობები (3.3 პროცენტი), წიგნები, გაზეთები და საკანცელარიო ნივთები (2.0 პროცენტი); „სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში შეადგინა 0.06 პროცენტული პუნქტი. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ღამის გასათევით მომსახურების (4.6 პროცენტი), ისე საზოგადოებრივი კვების (0.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.4 პროცენტით, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.2 პროცენტი). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.7 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.4 პროცენტი), თევზეული (2.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილისა და ყურძნის (-4.4 პროცენტი), ასევე რძის, ყველისა და კვერცხის (-3.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (47.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), თევზეული (11.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-19.5 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც 2.54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.4 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-6.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
ჯეიმს აპატურაიმ და ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში NATO-ს აქტიური ჩართულობაზე იმსჯელეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯეიმს აპატურაის ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ჯეიმს აპატურაის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა, NATO-სთან დაახლოებისა და თავსებადობის გაზრდაში, მისი უდიდესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების წარმატებით განხორციელება, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში NATO-ს აქტიური ჩართულობა, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და ალიანსის სახელით ჩვენს ქვეყანას NATO-ს ეგიდით მიმდინარე მისიის ფარგლებში, გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2010 წლის დეკემბრიდან იკავებს. უახლოეს მომავალში ის აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას დაასრულებს და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, NATO-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ცნობისთვის, ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმ აპატურაი საქართველოში ვიზიტით რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.
დააკავეს მოქალაქე, რომელმაც მდინარეში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული რ.შ. წყლის დაბინძურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ბრალდებულის სახით ბოლნისში დააკავეს. წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვირეულს
საზოგადოებრივი მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორია, “თბილისი პრაიდს” “სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად” აფასებს და ემიჯნება. ,,საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი ჩვენს მთავარ მონაპოვრად მივიჩნევთ იმ დიდ სამოქალაქო ერთობას, რისი მიღწევაც მოხერხდა ნამოხვანის თემის გარშემო. ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ, არ გავაფართოვოთ ჩვენი განცხადებების არეალი, რათა ყველაფერს არ მივედ-მოვედოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ისედაც ძალიან დანაწევრებული საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო მეტად დანაწევრება და ვერ შევძლოთ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. პირველად, თითქმის 250 დღიანი პრეტესტის მანძილზე, აუცილებლად ჩავთვალეთ, მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე. შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის სახელით, ერთის მხრივ, „პრაიდის“ ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და მთელი სპექტრი ოპოზიციური ძალებისა, წარმოჩინდებიან, როგორც პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს. ასევე, უგულებელყოფენ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია. ასეთი „პრაიდი“ და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე. სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულ ინდეფერენტულობას იჩენს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, მიდრეკილია, პერსონებისგან შექმნას კერპები და ასე აარიდოს თავი პასუხისმგებლობას. ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები, კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით და გვრჩება გადაუჭრელი საკითხების მთელი წყება, მორიგი იმედგაცრუება და გვემატება საბაბი ეროვნული ნიჰილიზმის გასაღრმავებლად.ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინაამდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ. ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაამდეგ მიმართულ ქმედებას, - ნათქვამია განცხადებაში. "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი გამოეხმაურა ამ განცხადებას. მისი თქმით, "რიონის ხეობის მცველების" ღირებულებებზე მათი მოლოდინი არ გამართლდა. "მერჩივნა მათი მხარდამჭერი განცხადება მენახა და პირიქით გვქონოდა სათქმელი. თუმცა არ გამართლდა მოლოდინები ამ მოძრაობის ლიდერების ღირებულებებზე. პრობლემურ ნაციონალისტურ და შოვინისტურ ნარატივებს, ტიპებმა ღიად ჰომოფობიაც და ძალადობის წახალისებაც დაუმატეს. კვერი დაუკრეს ფალავანდიშვილებს და საპატრიარქოს... ეს მაშინ, როცა ქვიარები მათი ბრძოლის ნაწილი იყვნენ პირველი დღიდან", - წერს თაბაგარი Facebook-ზე. ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ კვირეული გუშინ დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
კახა კუჭავამ და ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. ჯეიმს აპატურაის შეფასებით, ამ პროცესში, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი აგრძელებს მხარდაჭერას საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს NATO-ს მისიებში შეაქვს. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მოახლოებულ არჩევნებს და საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებს. კახა კუჭავამ ჯეიმს აპატურაის საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ცნობისთვის, ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმ აპატურაი საქართველოში ვიზიტით რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს. NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს თავდაცვის მინისტრმაც უმასპინძლა. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.
პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე, გ.ჩ-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ჩ-მ ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა ერთი პირი, რომელსაც 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას. მათი ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულს დამცირებით, აბუჩად აგდებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ასევე, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდა თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად ემათხოვრა. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, შეგროვებულ თანხებს გ.ჩ. თავად ისაკუთრებდა და პირადი შეხედულებისამებრ განკარგავდა. „გ.ჩ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) - მუქარით, ძალადობითა და იძულების სხვა ფორმით ადამიანის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), რაც სასჯელის სახით 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავა იუსტიციის სამინისტრო: ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ საფეხურზეა
ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც სექტემბერში იგეგმება, ასევე - NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნების როლს საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის გაძლიერებაში. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გლობალური პანდემიის მიუხედავად, საჭიროა NATO-საქართველოს თანამშრომლობასა და ინტეგრაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება. საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ფასილიტაციისა და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ჯეიმს აპატურაიმ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა წარმატებული მედიაციისთვის, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები გადაეცა. საუბარი ასევე შეეხო NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მოკავშირეების ცალსახა გზავნილებს, რომელიც სამიტის კომუნიკეში აისახა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებები საფუძველს ჩაუყრის საქართველოს წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე. აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებებს აჩენს NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, რომლის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისთვის პრემიერმა ჯეიმს აპატურაის მადლობა გადაუხადა. საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობა ზაზა გახელაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლად გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. ასევე, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მნიშვნელოვან საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. აღინიშნა NATO-საქართველოს აქტიური თანამშრომლობის როლი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ავღანეთიდან გასვლის შესახებ NATO-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველომ, სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან და NATO-სთან მჭიდრო კოორდინაციით, ავღანეთიდან ქართული დანაყოფების გაყვანა დაასრულა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და NATO-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. ჯეიმს აპატურაი საქართველოშია ჯეიმს აპატურაი: ჩემს თავს ვხედავდი არამხოლოდ როგორც NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, არამედ საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს NATO-ში ჯეიმს აპატურაი ზალკანიანთან შეხვედრის შემდეგ: აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით ჯეიმს აპატურაიმ და ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში NATO-ს აქტიური ჩართულობაზე იმსჯელეს კახა კუჭავამ და ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და ეროვნულმა გვარდიამ ერთობლივი ფართომასშტაბიანი სწავლება “სამოქალაქო უსაფრთხოება 2021” ჩაატარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიის ერთობლივი ორგანიზებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანას ტყეში ფართომასშტაბიანი სახანძრო-სამაშველო სწავლება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი და ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. სწავლებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე სხვა მაღალი რანგის პირები დაესწრნენ. "საველე წვრთნის მიზანს საგანგებო სიტუაციების დროს მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობისას არსებული ძლიერი მხარეების და გამოწვევების დეტალური ანალიზი წარმოადგენდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ეროვნული გვარდიის თანამშრომლებს, წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით, ტყის ხანძართან დაკავშირებულ ყველა პრობლემასთან მოუწიათ გამკლავება. ლეგენდის მიხედვით, მასშტაბური ტყის ხანძრები საქართველოს რამდენიმე რეგიონში ერთდროულად იყო გავრცელებული, რის გამოც, გვიან ღამით, სოფელ გორანას სიახლოვეს გაჩენილი კიდევ ერთი ხანძრის ჩასაქრობად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ეროვნული გვარდიის დახმარება ითხოვა. სცენარის მიხედვით ძლიერი ქარის გათვალისწინებით, არსებობდა ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეც და საჭირო იყო ოპერატიული რეაგირება. წვრთნაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც დაშავებულთა ევაკუაციისა და ტყის ხანძრის ქრობის ამოცანები შეასრულა. სწავლებაში სულ 180-მდე მეხანძრე-მაშველი და 150-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. პირადი შემადგენლობის გარდა პროცესში ჩართული იყო ორივე სამსახურის სპეციალური ტექნიკა. სწავლების დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობა რამდენიმე კერაზე ხანძრის ქრობა, ხოლო ეროვნული გვარდიის ფუნქცია ხანძრის შესაკავებლად სპეციალური ზოლის გაჭრა, საევაკუაციო ღონისძიებები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და სხვა დამხმარე ღონისძიებების ჩატარება იყო. ხანძრის ქრობის სამუშაოების მონიტორინგი სპეციალური საველე შტაბიდან ხორციელდებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების მიერ, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მოხდება ეროვნული გვარდიის თანამშრომელთა და რეზერვისტთა მომზადება, რათა საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს საგანგებო სიტუაციების დროს ერთობლივი ძალების მობილიზება. სწავლება ორ უწყებას შორის ხელმოწერილი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული მემორანდუმი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კუთხით ერთობლივ ღონისძიებებს გულისხმობს, რაც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით არის გათვალიწინებული.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ეროვნულ გვარდიას შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა მომავალშიც იგეგმება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი დააჯილდოვა
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ,,ოქროს საწმისის ორდენით" დააჯილდოვა. ჯეიმს აპატურაი საქართველო-NATO-ს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა. ცნობისთვის, ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმ აპატურაი საქართველოში ვიზიტით რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს. NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც უმასპინძლა.
პოლონეთში, ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება
ადგილობრივი მედიის ცნობით, 12 ივლისიდან, პოლონეთში, ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. როგორც ცნობილია, პროგრამა გავრცელდება ე.წ. ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ელექტრომობილებსა და წყალბადზე მომუშავე მანქანებზე. კლიმატის საკითხებში პოლონეთის მინისტრის მოადგილის, ირენეუშ ზისკას განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეებისთვის ელექტრომობილების შესაძენად სუბსიდია 18 750 (4000-მდე ევრო) ზლოტს, ხოლო მრავალსულიანი ოჯახებისთვის – 27 000 ზლოტს (6000-მდე ევრო) შეადგენს. ამასთანავე, სუბსიდირების მიღებას შეძლებენ არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ კომპანიები, ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 110 მილიონი ევროა გამოყოფილი. „მწვანე ავტომობილების“ შეძენის სუბსიდირების პროგრამა 2025 წლამდე იმოქმედებს.
ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს სახლია, თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, ჩვენ - თქვენი
„ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც ოდესმე მიმიღია და ასეთად დარჩება მომავალშიც“, - განაცხადა პრეზიდენტის მიერ „ოქროს საწმისის ორდენით“ დაჯილდოების შემდეგ, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ. ჯეიმს აპატურაიმ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა დაჯილდოებისთვის და NATO-ს სახელით განაცხადა, რომ ალიანსი განაგრძობს საქართველოსთვის დიდი სამუშაოს გაწევას. მან ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი, პირველი ვიზიტი გაიხსენა და შეადარა დღევანდელს, როცა ის უკვე ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენლის რანგში ბოლოჯერ სტუმრობს საქართველოს. „ამ ჯილდოს ვიღებ არამხოლოდ ჩემი სახელით, არამედ NATO-სა და ყველა იმ ჩემი კოლეგის სახელითაც, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს საქართველოსათვის და კვლავ ასე განაგრძობენ მუშაობას. მინდა სამ საკითხს გავუსვა ხაზი: პირველი ძალიან დიდი მადლობა. მეორე, მსურს გამოვეხმაურო იმ პროგრესს, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია და რა თქმა უნდა, რადგან ჩემი ვადა იწურება, ვიხსენებ, როგორი იყო საქართველო, როდესაც პირველად ჩამოვედი აქ. პირველ რიგში, ეს შესანიშნავი ვიზიტი იყო, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური ვიზიტი იქნებოდა, თუმცა შემდეგ დასრულდა მთებში დალევით. მე გავიაზრე, რამდენად სასიამოვნოა აქ ყოფნა, თუმცა შემდეგ ისიც გავიაზრე, რომ ამ ქვეყნის ხალხმა ცივილური არჩევანი გააკეთა - დასავლეთის ნაწილად ყოფნა. ეს პირველივე დღიდან დავინახე და დღესაც ვხედავ. თუმცა ასევე, ნათლად ვხედავ, რომ საქართველომ არსებითად წინ წაიწია NATO-ს წევრობისაკენ და როგორც იცით, ზოგჯერ არის ნარატივი - ეს არ მუშაობს, ჩვენ ვერ შევდივართ, არაფერი ხდება, თუმცა, როდესაც დღეს საქართველოს ვუყურებ, ვხედავ მაღალპროფესიონალურ, გაწვრთნილ, გამოცდილ, პროფესიონალ, თავსებად შეიარაღებულ ძალებს ასევე, კარგად ფუნქციონირებად თავდაცვის სამინისტროს, კარგად ფუნქციონირებად დაზვერვის სამსახურს. ვხედავ NATO-ს ობიექტებს საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველდღიურ წვრთნებს, ინსტიტუციების შენებას. ამერიკის ძალები ტრანზიტს ახორციელებენ და ვარჯიშებს გადიან აქ, NATO გადის წვრთნებს, NATO-ს გემები პორტში დგანან, ეს ყოველდღიურად ხდება. და ყოველი დღე როდესაც საქართველოს ძალები ჩვენ ძალებთან ერთად მუშაობენ, მათ მეტად შესწევთ უნარი, დაიცვან ამ ქვეყნის ტერიტორია, ის რეფორმები კი, რომლებსაც თავად ქართველი ხალხი ატარებს ალიანსის დემოკრატიული სტანდარტებისაკენ სვლისათვის, ეხმარება საქართველოს NATO-საკენ სვლაში. ეს ხდება და მე ნამდვილად გაცნობიერებული მაქვს, რომ ცვლილება განხორციელდა, ახლაც ხდება და განაგრძობს განხორციელებას“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ და აქვე დაამატა პრეზიდენტის მიმართვის დასტურად, რომ ახალი პოზიციიდან განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. ჯეიმს აპატურაიმ ასევე აღნიშნა, რომ აღტაცებულია საქართველოთი და ქართველი ხალხით. „მესამე და ბოლო საკითხი, რაც მსურს აღვნიშნო, არის ის თუ რამდენად ვცემ პატივს და აღფრთოვანებული ვარ ამ ქვეყნითა და მისი ხალხით. ძალიან მარტივი იქნებოდა სხვა გზის არჩევა, უფრო მარტივი გზის, რათა ამ რეგიონის უსაფრთხოების სირთულეები მოეგვარებინა და სხვა მიმართულებით შებრუნებულიყო, მაგრამ ქართველები ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ, სურთ ევროკავშირსა და NATO-სკენ სვლა. და თუ რამე ვისწავლე ქართველების შესახებ არის, ის რომ ისინი ჯიუტები არიან. ქართველები არ ნებდებიან, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, ვიდრე არ მიიღებენ იმას, რაც სურთ, რაც ამ შემთხვევაში დასავლური ოჯახის წევრობაა, არამხოლოდ გაზიარებული ღირებულებების, არამედ ინსტიტუციების კონტექსტშიც. როგორც თქვენ მთხოვეთ, მე გავაგრძელებ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას. მე ამის მჯერა. მჯერა, რომ საქართველოს სახლი ჩვენთან ერთადაა, თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ და ჩვენ თქვენი. ასე რომ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მე დავბრუნდები, თუმცა ასევე შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ NATO განაგრძობს ყველა იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რასაც თქვენ ეწევით - რათა იყოთ დაცული, გქონდეთ ტერიტორიული მთლიანობა და NATO-სკენ სვლისა და კარში შესასვლელად“, - აღნიშნა აპატურაიმ. პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი დააჯილდოვა
ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა
ევროკომისიის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს. როგორც სტანომ ბრიფინგზე განაცხადა, ყოვლისმოცმველი გეგმის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა, კავშირის სფეროში ინვესტირება, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციების მხარდაჭერა, სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა. „დღეს ევროკომისიამ და უმაღლესმა წარმომადგენელმა წარადგინეს ინიციატივა, უახლოეს წლებში როგორ წავწიოთ წინ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის პრიორიტეტულ საკითხებზე თანამშრომლობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. დღევანდელი ინიციატივა ეფუძნება ხუთ გრძელვადიან მიზანს და ფოკუსირებულია ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, რომელთა მიზანია ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მოტანა. ეს ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, სამართლიანი, გენდერული თანასწორობით, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას. მიღებული ინიციატივა მოიცავს რეგიონულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომლის ღირებულებაა 2,3 მილიარდი ევრო და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კორონავირუსის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და გრძელვადიანი მდგრადობისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები განვიხილეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება. “მივესალმები ჯეიმს აპატურაის ვიზიტს თბილისში. განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ასევე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ევროატლანტიკურ გზაზე და ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ განზომილებაში მეტი წინსვლის აუცილებლობა”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. ჯეიმს აპატურაი საქართველოშია ჯეიმს აპატურაი: ჩემს თავს ვხედავდი არამხოლოდ როგორც NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, არამედ საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს NATO-ში ჯეიმს აპატურაი ზალკანიანთან შეხვედრის შემდეგ: აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
6-9 ივლისს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ევროკომისარმა Twitter-ზე დაწერა. „მოუთმენლად ველი მომდევნო კვირას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა და მისი მთავარი ინიციატივები წარვადგინო. ასევე განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. როგორც ცნობილია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა
საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ჩინური ვაქცინები შემოვიდა და ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. „დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს. მილიონი დოზა არის უკვე ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, ორშაბათიდან უკვე დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. მინდა, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოსვლის თაობაზე. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან. ისე, როგორც მოხდა ჩინური ვაქცინების შემთხვევაში, აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და წარმატებით დავასრულეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.