ძებნის რეზულტატი:

დღეს გურჯაანის შემოვლითი გზა გაიხსნა

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს ასეთი ინტენსიური, აქტიური მუშაობისთვის; მინისტრმა წარმოგვიდგინა გეგმები, რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ; მთავარი სიახლეა სრულყოფილი ოთხზოლიანი ავტობანის მშენებლობის დაწყება, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კახეთში მთლიანად ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება. „გარდა ამისა, დაემატება შიდა გზების მოვლა, რაც ამ ბიუჯეტში არ შედის. რეალურად, მთელი კახეთის ლანდშაფტი, გზების სურათი აბსოლუტურად შეიცვლება. კახეთი არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარე. თუ ყოველი არა, ყოველი მეორე ტურისტი დადის კახეთში, ამიტომ ჩვენი მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის და მთლიანობაში, ჩვენი ათწლიანი გეგმის ფარგლებში გაწერილი პროექტებით, ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხარჯება თითქმის 32 მილიარდი ლარი გზების ინფრასტრუქტურაში, ახალი ავტობანების მშენებლობაში, რაც მთლიანად შეცვლის ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის გამარტივდება გადაადგილება და ეს რეალურად სხვა ქვეყანა იქნება, ევროპული სტანდარტი შემოვა ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძალიან აქტიური მუშაობისთვის ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 283 631-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე თქმით, სრულად ვაქცინირებულია 111 589 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 5 759 ადამიანმა გაიკეთა. შეგახსენებთ, რომ 5 ივლის საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს მასობრივი ვაქცინაციის ტექნიკურად გამართულ გარემოში ჩასატარებლად ინვენტარი გადასცა

ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლებმაც დღეს გადმოგვცეს დამატებითი ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობდეს ტექნიკურად გამართულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ეს ნივთები არის ნოუთბუქები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებისთვის, 70-ზე მეტი ნოუთბუქია, ასევე ვაქცინების გადასატანი 200 ცივი ყუთი, ყინულის სამედიცინო მაცივრები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოეწოდება ქვეყანას და იქნება გამოყენების შესაძლებლობა. ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავტომობილი. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ცენტრალურ ოფისს, რომლებიც ტექნიკურ დახმარებას გვიწევენ და გვეხმარებიან როგორც ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის, ისე განხორციელების პროცესში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე ეწვივნენ და მოწყობილობების ნაწილი გადასცეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ცნობით, აღნიშნული დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და განაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია, საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს.

ამირან გამყრელიძე: აგვისტოს შუა რიცხვებიდან, კორონავირუსის ინდური შტამი ბრიტანულ შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამჟამად ე.წ ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული და კიდევ გრძელდება მსგავს შემთხვევებზე კვლევა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს "ინდური შტამი" სხვა შტამებს ჩაანაცვლებს. „დელტას“ შტამი იმატებს. წინა კვირაში გვქონდა 25 ახალი შემთხვევა. ახლა სულ სადღაც 52 შემთხვევაა, კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ „დელტას“ შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს „ალფას“ შტამს. პროგნოზი გახლავთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და მისგან დაცული არ ვართ. პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, ვატაროთ პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

Sanofi France: Sanofi-ის ვაქცინა უფრო ეფექტიანია, ვიდრე - RNA ვაქცინები

ფრანგულმა ფარმაცევტულმა კომპანია Sanofi-მა დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევების მე-3 ეტაპი და სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყებს მის გამოყენებას. ამის შესახებ ინფორმაციას, Sanofi France-ის პრეზიდენტის ოლივიერ ბოგილოტის განცხადებაზე დაყრდნობით, Euractiv-ი ავრცელებს. Sanofi-ის ვაქცინის მე-2 ფაზაზე ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების შედეგებით დადასტურდა რომ პრეპარატი "შესანიშნავია ორგანიზმის დაცვის თვალსაზრისით", - განაცხადა მრეწველობის მინისტრმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სიახლეები მნიშვნელოვანია ქვეყანაში კორონავირუსის "დელტა შტამის" გავრცელების ფონზე. ხოლო ხელისუფლებამ უკვე მიუთითა, რომ მეოთხე ტალღა შეიძლება დაიწყოს მოსალოდნელზე ადრე და თუნდაც "ივლისის ბოლოს". ამავდროულად, საფრანგეთში რამდენადაც ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი მზარდია, ქვეყნის ხელისუფლება ფიქრობს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მედიცინის მუშაკების აცრა სავალდებულო უნდა გახდეს; ვარაუდობენ იმასაც, რომ სულ მალე ქვეყანაში ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო იქნება. ამასთან, Sanofi-ის ვაქცინა Pfizer-ისა და Moderna-სგან განსხვავებით, RNA ტექნოლოგიას არ ეყრდნობა და სრულად „რეკომბინანტულ ცილას შეიცავს“, რომელიც, სპეციალისტების თქმით, ადამიანის იმუნურ სისტემას ასტიმულირებს და მას ვირუსული ცილა ექვემდებარება. „ეს არის ის, რასაც გრიპის ვაქცინისთვის წლების განმავლობაში ვიყენებთ, როგორც გამოცდილ და უსაფრთხო სანდო ტექნოლოგიას“, - განაცხადა Sanofi France-ის პრეზიდენტმა ოლივიერ ბოგილოტიმ. კომპანიის ინფორმაციით, Sanofi-ის ლაბორატორია უკვე მუშაობს ისეთ სტიმულატორებზე, რომლებსაც „შესანიშნავი, უფრო პერსპექტიული შედეგები აქვს, ვიდრე - RNA ვაქცინებს“.

შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, ,,თბილისი პრაიდის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი  დააკავა

შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, „თბილისი პრაიდი''-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 5 მოქალაქე: 1993 წელს დაბადებული ო.გ. 1991 წელს დაბადებული ც.ჩ. 1987 წელს დაბადებული ბ.მ., 1990 წელს დაბადებული მ.დ. და 1997 წელს დაბადებული თ.გ. პოლიციამ ,,თბილისი პრაიდი''-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა 3 ადამიანი. 1992 წელს დაბადებულ გ.ე.-ს, 1998 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ა.-სა და 1992 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ბრალად ედებათ, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევა. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა ო.გ.-მ და ც.ჩ.-მ ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რაც შეეხება კიდევ სამ ბრალდებულს: ბ.მ.-მ, მ.დ.-მ და თ.გ.-მ იმავე დღეს თაბუკაშვილის და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე ტელეკომპანია პირველის ოპერატორს და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამივე მათგანი დაკავებულია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა: გ.ე.-მ, ა.ა.-მ და გ.ო.-მ 5 ივლისს, ,,თბილისი პრაიდი''-ს ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება. მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ადამიანების, კერძოდ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დევნით იყო გამოწვეული. დაკავებული პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა მოძალადე პირთა დადგენის და დაკავების მიზნით. ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები", - ნათქვამია შს საინისტროს განცხადებაში.

პარტიის "საქართველოსთვის" დეპუტატებმა პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი დააინიცირეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატებმა პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი დააინიცირეს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. ინიციატივის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი დაემყარება ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპს. კერძოდ, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება საბჭოს როგორც მოსამართლე წევრების 2/3-ის, ისე - არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობის ერთდროულად არსებობა. "ეს ცვლილება შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა: საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატის ასარჩევად წარდგენა, მოსამართლეების თანამდებობაზე უვადოდ გამწესება, სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლება, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა. პარტია „საქართველოსთვის“ მოსაზრებით, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირებით უნდა დაიწყოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აუცილებელია, შეიქმნას ძალის ალტერნატიული ცენტრი, რამაც პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს სასამართლოში „გავლენის ჯგუფების“ აღმოფხვრა და სისტემის შიგნით ძალთა ბალანსის შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პარტიის მიერ დაინიცირებული კანონის პროექტი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. მათი მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბავშვებში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელება მეტია, ვიდრე სხვა ვარიანტების. „კორონავირუსის ინდური ვარიანტი მეტად აინფიცირებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ბავშვებში ეს ვარიანტი უფრო მეტია, ვიდრე ალფა და ჩინური ვარიანტი. ამის უკან უფრო მეტი რისკი დგას, რისკი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის, მათი მდგომარეობის დამძიმების. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, რომელიც მართავს კორონავირუსით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებს, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე სამი, წლამდე ასაკის პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაავადების მიმდინარეობის ასეთი სიმძიმე არ ყოფილა კორონავირუსის მეორე ტალღის დროს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. ჩხაიძის თქმით, ვირუსის დელტა ვარიანტის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანმდევ დაავადებებს. „არა, თანმდევ დაავადებებზე საუბარი დიდი ხანია, დამთავრდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, როცა გარდაცვალების შემთხვევა ერთეული იყო და ამის უკან ყოველთვის იდგა ასაკი ან თანმდევი დაავადებები. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ დელტა ვარიანტი არის გაახალგაზრდავებული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანმდევ დაავადებებს. ეს არის ვარიანტის აგრესიულობიდან, ინფიცირებულობიდან, ლეტალურობიდან გამომდინარე. ასე რომ, ეს საკითხი პრაქტიკულად მოხსნილია და აღარ განიხილება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვირუსის ნიმუშების სექვენირების პროცესი, რათა დადგინდეს, რა შტამით არიან ბავშვები ინფიცირებული. შეგხსენებთ, რომ 27 მაისს, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დაფიქსირდა.

გოგოს გადარჩენისას დაღუპულის ოჯახს პატრიარქმა მიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შოთა ქარსელაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. "დიდია განსაცდელი, რომლის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ შოთას მიერ გადადგმული ნაბიჯი, მთელი მისი ცხოვრების მწვერვალია. უფალი ბრძანებს: ,,არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის (ინ.15:13). ბუნებით ისედაც გამორჩეულმა, სამშობლოს გულშემატკივარმა შოთამ ამის მაგალითი უჩვენა საზოგადოებას. თქვენ გლოვა არ გმართებთ, რადგან ასეთნი უფლის სავანის მკვიდრნი ხდებიან; ,,პატიოსან არს წინაშე ღვთისა სიკვდილი წმიდათა მისთა". ღმერთმა დაგლოცოთ! ",- ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს , 36 წლის შოთა ქარსელაძე მტკვარში უცნობი გოგოს გადასარჩენად გადახტა. ქალი სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

დღეს საქართველოში მიწისძვრა მეორედ მოხდა

დღეს, თბილისის დროით 14:03 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.5 (ML) მაგნიტუდა იყო. ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. პირველი მიწისძვრა 10:26 საათზე დაფიქსირა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ და ჩეხეთის ელჩმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ მიკისკას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ჩეხ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. მინისტრმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის საქმეში ჩეხეთის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა. მან, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ჩეხი დამკვირვებლების მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტრანსფორმაცია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ჩეხეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მხარეებმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით ჩეხეთთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნული მიმართულებით, სამომავლოდ, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. საუბარი, ასევე, შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ გომელაური: სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკობებში ჩაცმულებმა უნდა იარონ?!

„3200 კაცი მუშაობდა იმ დღეს, თავიდან იყო სამი ლოკაცია, მერე გახდა 8 და ბოლოს - 20, საიდანაც თითო ლოკაციაზე 150 ადამიანი გამოდის“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც 5 ივლისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს შეკითხვა. რატომ არ მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება, მინისტრმა განმარტა, რომ „ფიზიკურად ამის საშუალება არ არის“. მისი თქმით, რისი საშუალებაც იყო, მთელი თბილისის მასშტაბით იყო „გაშლილი“ 3200 ადამიანი. „ჩნდება კითხვები, თუ რატომ არ იყო გამოყვანილი სპეცდანიშნულების რაზმი, ამ ინფორმაციას ვინ ავრცელებს, არ ვიცი. გეტყვით, რომ სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკოპებით ჩაცმულებმა უნდა იარონ? ესენი ჩვეულებრივი პოლიციელები არიან. როცა სჭირდებათ ჩაცმა, უნდა აღიჭურვონ პლასტმასებით, ხელკეტებით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მას ასევე ჰკითხეს, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას და ხომ არ დატოვებს პოსტს, მინისტრმა უპასუხა, რომ „ამაზე ოცნებობენ“. „ჩვენ ვართ ხელისუფლება და რაც ხდება, რა თქმა უნდა, იმაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ მოთხოვნის შესაბამისად, მზადაა, პარლამენტში, კომიტეტზეც მივიდეს. „უკაცრავად, იდიოტიზმია, რომ თითქოს, გომელაურმა ჟურნალისტების ცემის ბრძანება გასცა. ასეთი მასიური დევნა ჟურნალისტებზე, სხვადასხვა ლოკაციაზე, აქამდე არ ყოფილა. ეს მიუღებელია, საშინელებაა, სამწუხაროა, რაც მოხდა. ვგმობ. პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ბიჭები საავადმყოფოშიც მოხვდნენ, თავები აქვთ გატეხილი, ოპერაცია გაუკეთეს. მოძალადეებს, ფიზიკურად რისი საშუალებაც იყო, ვაკავებდით“... შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, ,,თბილისი პრაიდი''-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი დააკავა

სასამართლომ „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა დამნაშავედ ცნო. მათ დაუსწრებლად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა რომ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ზურაბ ადეიშვილმა შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით. „თბილისის საქალაქო სასამართლომ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზ.ა. და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დ.ჭ. დამნაშავედ ცნო „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე, კერძოდ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე 2012 წლის 17 სექტემბერს, ზ.ა.-მ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დ.ჩ. და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დ.ჭ. დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების თანამშრომლებს, ვ.ბ.-სთან დაკავშირებულ პირებს, ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს უნდა განეხორციელებინა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების დამცირება, ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც უნდა გადაეღოთ ვიდეოზე. ხსენებულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფალსიფიკაციის გზით მტკიცებულებები უნდა შეკრებილიყო იმგვარად, რომ პატიმართა მიმართ ძალადობა „დაბრალებოდა“ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნებას“. ზ.ა-სთან შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს, დ.ჭ.-მ №8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი – ლ.ფ. დაიყოლია ფარული ვიდეოკამერით პატიმართა მიმართ ძალადობის გადაღებაზე. პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამავე დაწესებულების თანამშრომლებს – ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს. ამავდროულად, ლ.ფ.-ს საჯაროდ უნდა გაევრცელებინა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ვ.ბ.-ს მეშვეობით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუკვეთეს ციხეში პატიმრების წამება. 2012 წლის 17 სექტემბერს, დ.ჭ.-მ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, იძულებით, შანტაჟისა და მუქარის გზით დაიყოლია ყოფილი პატიმარი და ვ.ბ.-სთან დაახლოებული პირი – ნ.მ. ცრუ ჩვენების მიცემაზე, თითქოსდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებისგან“ გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ ვ.ბ. საპყრობილეებში პატიმართა ცემისა და წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გეგმავდა.2012 წლის 18 სექტემბერს, დავალებისამებრ, ლ.ფ.-მ, ბ.ფ.-სთან და ლ.ფ.-სთან ერთად №8 დაწესებულების №37-ე საკანში გააშიშვლეს პატიმრები რ.გ. და ე.წ., დააჩოქეს მუხლებზე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. იმავე დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეშვეობით ლ.ფ.-მ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა პატიმართა ცემა და შეურაცხყოფა მოხდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეკვეთით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით ლ.ფ.-ს სამუშაო ოთახში შეიტანეს და წინასწარ საგანგებოდ მომზადებულ სეიფში მოათავსეს 14 100 აშშ დოლარი, მაისური მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერით და ლაზერული დისკი, სადაც ასახული იყო №37 საკანში განხორციელებული ძალადობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით, ზ.ა. დაუსწრებლად დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 25-3691 მუხლის მესამე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;ამავე განაჩენით, დ.ჭ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 3691 მუხლის მესამე ნაწილით, 372-ე მუხლის მეორე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

სოფელ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი მიმდინარე საირიგაციო სეზონზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა იყო. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლდათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისათვის კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა. „განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების საირიგაციო სეზონზე წყალმომარაგების უზრუნველყოფის საკითხი. მოგეხსენებათ არის ირიგაციის სეზონი, არის სიცხე, შესაბამისად წარმოიქმნა გარკვეული პრობლემები სარწყავი წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხების განხილვა. დაისახა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ირაკლი ანთაძემ ასევე აღნიშნა, რომ საირიგაციო წყლით სოფლების მომარაგების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია ორი წლის წინ. „ეს შეთანხმება მოქმედებს და რა თქმა უნდა ძალაშია, თუმცა პერიოდულად, განსაკუთრებით როდესაც არის ცხელი დღეები, მდინარეში წყლის დონეს ახასიათებს გარკვეული ფლუქტუაცია, რა დროსაც სოფლებს წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება. სწორედ ამისთვის შევიკრიბეთ დღეს, რომ გაგვეხილა საკითხები ამ პრობლემის გადასაჭრელად და მინიმუმამდე დასაყვანად“,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქეების ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხს. „მოგეხსენებათ , მომავალ სამშაბათს არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც უკანონო ე.წ ბორდერიზაციის საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა. ასევე, მთავარი განსახილველი თემა იქნება კვლავ ჩვენი თანამოქალაქეების ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის საკითხი. საუბარი გარკვეულწილად შეეხო ამ თემასაც, მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ შეხვედრიდან შეხვედრამდე, არამედ კონსულტაციები წარმოებს პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში“,- აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

რა სფეროებს მოხმარდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 3,9 მილიარდი ევრო

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 3,9 მილიარდი ევრო სტრატეგიულ დარგებს მოხმარდება. როგორც მინისტრმა განმარტა, ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. „ეს არის ძალიან დიდი ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება სწორედ ყველაზე მეტად სტრატეგიულ დარგებს, რაც გაერთიანებულია დაკავშირებადობის მიმართულებით, რაც ნიშნავს საქართველოს და ევროპას შორის ფიზიკური კავშირ-ურთიერთობების გამყარებას, ეს ეხება ციფრულ სერვისებს და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რომელიც გაივლის შავ ზღავზე, ეს ეხება ელექტროგადამცემ ქსელებს და ელექტროგადამცემ მაღალი ძაბვის კაბელს, რომელიც შავ ზღვაზე გაივლის და სადაც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზე ვართ გადასულები, ეს ეხება საბორნე-საფიდერო მიმოსვლის გააქტიურებას ჩვენს პორტებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პორტებს შორის, რაც უფრო მეტად გაზრდის ჩვენს ლოგისტიკურ პოტენციალს და განამტკიცებს ჩვენს როლს დერეფანში. რაც მთავარია, ეს არის მცირე ბიზნესის მიმართ დახმარება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, ევროკომისია გეგმავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის სოლიდური ფინანსური ინვესტიცია განახორციელოს, საიდანაც 3,9 მილიარდი გათვალისწინებულია საქართველოსთვის. დავით ზალკალიანი: ევროკომისია გეგმავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ფინანსური ინვესტიციის განხორციელებას, საიდანაც 3,9 მილიარდი საქართველოსთვისაა გათვალისწინებული

დავით ზალკალიანი: უპრეცედენტოა თანამშრომლობა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს აქვს როგორც ევროკავშირთან, ისე ჯანმოსთან

უპრეცედენტო და უაღრესად ეფექტურია ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ევროკავშირთან, ისე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ნაბიჯები და ქმედებები უაღრესად მაღალ, პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს და სწორედ მათ მიერ გამოყოფილი დახმარებები არის გაგრძელება თანამშრომლობის. „პანდემიის პირველივე დღიდან ვგრძნობდით მხარდაჭერას, როგორც ევროკავშირის, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, რასაც ჩვენი მოქალაქეები უკვე გრძნობენ. მადლიერი ვარ ამ ორგანიზაციების. ასევე მინდა, ჩემი მადლიერება გამოხატო ინდივიდუალურად იმ ქვეყნების მიმართ, ვინც გაიღეს დონაცია და დახმარება. ამაში ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად ვიყავით ჩართული და ვართ კიდეც, იგივე ჩინეთიდან წამოღებული ვაქცინების კუთხით, იგივე Astrazeneca-ს ბოლო ვაქცინაციაზე, როდესაც დეფიციტი შეიქმნა. მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია ჩემ ავსტრიელ კოლეგასთან და მან ეს დახმარება მყისიერად აღმოგვიჩინა. გუშინ მქონდა საუბარი ჩემ ლატვიელ კოლეგასთან, რომელიც ასევე 50 000 დამატებით ვაქცინას მოგვაწვდის დახმარების სახით. ეს მხარდაჭერა ასევე არა მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება, არამედ არის და იქნება ინდივიდუალურად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს მასობრივი ვაქცინაციის ტექნიკურად გამართულ გარემოში ჩასატარებლად ინვენტარი გადასცა

ამერიკული სადესანტო ხომალდი შავ ზღვაში NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად წვრთნების ჩასატარებლად დაიძრა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ინფორმაციით, სამხედრო-საზღვაო ძალების სწრაფმავალი სატრანსპორტო-სადესანტო ხომალდი Yuma შავ ზღვაში დაიძრა. როგორც ცნობილია, ხომალდი ოპერაციას NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჩაატარებს. ცნობისთვის, 28 ივნისიდან 10 ივლისამდე შავ ზღვაში სამხედრო სწავლება „სი ბრიზი 2021“ (Sea Breeze 2021) იმართება, რომლის ძირითადი მონაწილეები უკრაინა, აშშ, კანადა, ბრიტანეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ლატვია არიან. სამხედრო წვრთნებში 4 000-მდე ჯარისკაცი და 40 საბრძოლო ხომალდი მონაწილეობს. შავ ზღვაში დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელშიც NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოც მონაწილეობს

ვახტანგ გომელაური: პრეზიდენტს აინტერესებდა, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები

შევხვდით სალომე ზურაბიშვილს, მას აინტერესებდა როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან განმარტა, რაზე ისაუბრა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. „პრეზიდენტს შევხვდი. მას აინტერესებდა და მოვახსენეთ, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამწუხაროდ, ჟურნალისტები, რამდენი გამოძახება იყო, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით და ასევე ადმინისტრაციული წესით. ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენეთ პრეზიდენტს. დაგვისვა კითხვები, კითხვებზე გავეცით პასუხი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე, პრეზიდენტთან იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის მეუფე შიო. შეხვედრის თემა უცნობია. ვახტანგ გომელაური: სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკობებში ჩაცმულებმა უნდა იარონ?! შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, ,,თბილისი პრაიდის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი დააკავა

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული: მოძალადე არ ვარ - დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა ვარ, დამეჩაგრება შვილები

მოძალადე არ ვარ, რაც ჩავიდინე იმასაც ვნანობ, - ამის შესახებ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულმა ზაზა მჭედლიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ის აქციაზე ჟურნალისტების ნათქვამმა ფრაზებმა გაღიზიანა. „რაც ჩავიდინე, გულწრფელად ვინანიებ. პუტინის მონას რომ გიწოდებენ, გაღიზიანდები, დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა ვარ, ტაძარში ვმსახურობ. ალბათ, ჩემი საახლობლოც იტყვის, რომ მოძალადე არ ვარ, რაც ჩავიდინე იმასაც ვნანობ, მიმალვას არ ვაპირებ. ოჯახი მყავს პატივცემულო მოსამართლე, დამეჩაგრება შვილები“, - განაცხადა მჭედლიძემ. როგორც ცნობილია, მას ადვოკატი არ ჰყავს და როგორც აღნიშნა, ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.

ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულ 3 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის და დევნის ბრალდებით დაკავებულების სხდომა დასრულდა. ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის, „მთავარი არხის", გამოცემა - ,,ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან როგორც მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე ამახვილებდა ყურადღებას. პროკურატურა მიუთითებდა, რომ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ბრალდებულების სრული იზოლაცია იყო საჭირო. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ზაზა ჭაავას ადვოკატი 2000-ლარიანი, მურად დევლარიშვილის ადვოკატი კი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მესამე ბრალდებულს - ზურა მჭედლიძეს ადვოკატი არ ჰყავდა და ითხოვდა, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო. ცნობისთვის, პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა მიერ მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 3 პირს, ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს ბრალდება 6 ივლისს წარუდგინა.