ძებნის რეზულტატი:
დღეს საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ
დღეს, საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა. როგორც საპატრიაქროში აღნიშნავენ, 10 ივლისს, 14:00 საათზე, დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს საქართველოში ჩამოაბრძანებს და ქართველ ხალხს გადასცემს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი.
ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი შეირჩა
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. 11-კაციანმა საკონკურსო კომისიამ, ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატი შეირჩა. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მათგან კომისიამ გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია შეირჩა. კერძოოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შეირჩნენ გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი. გიორგი კალანდარიშვილს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს, 2019 წელს კი ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. რაც შეეხება გიორგი სანტურიანს, ცესკოში 2018 წლიდან მუშაობს და 2020 წლიდან ცესკოს იურიუდიული დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებს. საკონკურსო კომისიის თავმჯომარე არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, შერჩეული კანდიდატები დამოუკიდებლობისა და პრინციპულობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა და ფაქტი, რომელიც მისი მიკერძოების და დამოუკიდებლობის ხარისხს, თუნდაც მინიმუმ 0.1%-ით მაინც, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. „ჩვენ ყველამ დავასაბუთეთ ჩვენი პოზიცია. მე რატომ არ დავუჭირე მხარი, ეს იყო ჩემი ძირეული კრიტერიუმები – კანდიდატი უნდა ყოფილიყო პრინციპული და დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, ასევე მიუკერძოებელი. მე იმ ორ კანდიდატში ეს ნამდვილად ვერ დავინახე და შესაბამისად, ჩემი მაღალი სტანდარტით მივეცი ხმა, მაგრამ დანარჩენმა წევრებმა, ჩემი აზრით, შეაფასეს შედარებით დაბალი სტანდარტით“, - განუცხადა გიორგი კლდიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. მეორე კანდიდატის, გიორგი სატურიანისთვის კი მთავარ გამოწვევად დეზინფორმაციას მიიჩნევს. „ეს ძალიან კარგად მუშაობს. ე.წ. იარლიყებიდან გამომდინარე შესაძლებელია ძალიან მარტივად თქვა, რომ რაღაც პროცესი გაყალბდა. მაშინ, როცა რეალურად ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყოს. მე გავეცანი არაერთ ანგარიშს, არსად არ წერია მსგავსი სიტყვები, რომ პროცესი გაყალბდა. თუმცა, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ჩვენ მსგავს გამონათქვამებს ვხვდებით”, - განაცხადა გიორგი სანტურიანმა. მისი თქმით, ცესკომ 2020 წლის არჩევნების დროს არსებულ გამოწვევას „ღირსეულად უპასუხა და საპარლამენტო არჩეევნებზე ძირითადი გამოწვევები პროცედურულ ნაწილს უკავშირდებოდა. ცნობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს ის პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად, მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს. ამავე თემაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია ცნობისთვის, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ცესკოს ახალ თავმჯდომარეს პარლამენტი ორი დღის წინ მიღებული ახალი წესით აირჩევს თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ ცესკოში განცხადება გაკეთდა შესარჩევი კომისიის წევრები გიორგი კლდიაშვილი – ა(ა)იპ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე; ნიკოლოზ სიმონიშვილი – ა(ა)იპ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; თათია ქინქლაძე – ა(ა)იპ – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგა-დოების პროექტის კოორდინატორი; ლევან ნატროშვილი – ა(ა)იპ – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროგრამის მენეჯერი; არნოლდ სტეფანიანი – ა(ა)იპ – კავშირი საერთო – სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე; ზვიად გაბისონია – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;მარინე ჩიტაშვილი – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი; სოფიო მიდელაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი; გიორგი იაშვილი – სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;რევაზ კლდიაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი; შალვა ქურდაძე – ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
კანადა არავაქცინირებულ უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში არ შეუშვებს
უცხოელ ტურისტებს, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულები COVID19 -ზე, კანადაში შესვლის უფლება არ ექნებათ. მთავრობას არ სურს, საფრთხე შეუქმნას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ პროგრესს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ხუთშაბათს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის შეუშვებენ არავაქცინირებულ ტურისტებს კანადაში, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: "ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ მოხდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში". ტრუდომ დასძინა, რომ "უახლოეს კვირებში" განიხილავენ, თუ როდის შეიძლება გაიხსნას კანადის საზღვრები სრულად ვაქცინირებული ტურისტებისთვის.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ანგარიშში საქართველოზეც არის საუბარი
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020 ანგარიშში ზედიზედ მეხუთედ აისახა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული მდგომარეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ საელჩო გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისსა და ქვეყნის პარლამენტს რეგულარულად აწვდიდა სამინისტროდან მიღებულ განახლებულ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. ზემოხსენებულ ანგარიშში, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში რუსეთის გავლენა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებსა და ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე ცალკეა აღნიშნული. ამით ბრიტანული მხარე ადგილზე ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილებისა და პანდემიის დროს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ამასთან, დოკუმენტში საუბარია წამებასა და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციაზე და აგრეთვე ხაზგასმულია გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა გაეროს გენერალურ ასამბლეასა და ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მიმართ. კერძოდ, ანგარიშის თანახმად: „საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის ჩარევამ ადგილზე ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული ვითარების შემდგომი გაუარესება გამოიწვია, ადგილობრივი მედიის მხრიდან წამებისა და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შესახებ ცნობების ჩათვლით. პანდემიის დროს გადასასვლელი პუნქტების დახურვის გზით გადაადგილების თავისუფლების გაფართოებულმა შეზღუდვებმა მაცხოვრებლებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა. გაერთიანებულმა სამეფომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა თაობაზე, ხოლო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენლის დაშვების შესახებ წარდგენილ რეზოლუციებს.“ - ნათქვამია ანგარიშში. გარდა გაეროს ფარგლებში მიღებული რეზოლუციებისა, ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია საქართველოს მიმართ ბრიტანული მხარის მხარდაჭერა ევროპის საბჭოსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შესაბამის ფორმატებში. კერძოდ, გასული წლის ნოემბერში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ჯეიმს ქლევერლიმ რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში ბრიტანულმა მხარემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების საკითხი წამოჭრა.
დღეს, ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
9-10 ივლისს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, რომელიც ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანებს და ქართველ ხალხს გადასცემს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებისა და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში. „საყურადღებოა, რომ არსებული რეგულაციების შესაბამისად, ინდოეთი არ განიხილავს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის, მათ შორის სიწმინდის, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას, რადგანაც ის წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს. მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეგობრული ურთერთობებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქართული მხარე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოეთის მხარესთან, კერძოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ინდოეთის კულტურის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე. ჩვენს შორის არსებული კეთილგანწყობის, ურთიერთ მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსათვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ. როგორც ცნობილია, 2017-18 წლებში დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილებმა ერთი წლით უკვე იმოგზაურა საქართველოში, რის შემდეგაც ისევ ინდოეთში დაბრუნდა. ამჟამად კი, გოას არქეოლოგიურ მუზეუმში დასვენებული წმინდა ნაწილი საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადმოეცემა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, ძეგლი ქართულ მხარეს ინდურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა. დღეს საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ
საქართველოსა და უკრაინის აბორდაჟის ჯგუფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა, უკრაინელ კოლეგებთან ერთად, მრავალეროვნული საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021-ის ფარგლებში, ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა უკრაინის საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად, ბერძენი ინსტრუქტორების ჩართულობით, დაგეგმეს და განახორციელეს მაღალი რისკის შემცველი აბორდაჟის ოპერაცია, რომელიც მოიცავდა დამრღვევი გემის შეჩერებას, ტაქტიკური კიბით ასვლას, გადაადგილებას, ხომალდზე მყოფი პირების შემოწმების პროცედურებს და გემზე კონტროლის დამყარებას. "აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით იმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწა და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა. სწავლების ისტორიაში, SEA BREEZE 2021 ყველაზე მასშტაბურია. მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლიციამ კახეთში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა, ხოლო მისი არასრულწლოვანი ძმა, ამავე დანაშაულის ჩადენაში ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. ამავე დანაშაულის ჩადენაში მხილებულია დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა - 2004 წელს დაბადებული ლ.გ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა - მ.გ.-მ და ლ.გ.-მ, მიმდინარე წლის 7 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - ნათქვამია ინფორომაციაში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდეც 1 108 ადამიანს დაუდასტურდა, 714 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 374 836 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 357 804, გარდაიცვალა 5 421 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 895 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 758 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 137 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.47 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.89%. ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევიდან 673 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 74, იმერეთი - 75, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 31, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 11 585, 3 285 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 942, აჭარაში - 152, იმერეთში - 413. მძიმე პაციენტი: 691, მათ შორის, თბილისში - 358, აჭარაში - 40, იმერეთში -156. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 171, მათგან თბილისში - 120, აჭარაში - 4, იმერეთში - 12. 936 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 727 - თბილისში, 204- აჭარაში. 7 364 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 932 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 993 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 784, პირი, აჭარაში - 676, იმერეთში - 1 045.
პარლამენტთან 5 ივლისს აღმართული ჯვრის მოხსნის მოთხოვნით დაგეგმილი აქცია გაუქმდა
9 ივლისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აღმართული ჯვრის მოხსნის მოთხოვნით, მოქალაქეების თვითორგანიზებით დაგეგმილი აქცია სახელწოდებით "სახელმწიფოს პანაშვიდი" გაუქმდა. აქციის ორგანიზატორებმა აქცია მას შემდეგ გააუქმეს, რაც მათი თქმით, პუტინისტური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ. როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორები აპირებდნენ მოეთხოვათ საკანონმდებლო ორგანოს წინ ნებართვის გარეშე აღმართული რკინის კონტრუქციის აღება და დაეფიქსირებინათ პოზიცია "რელიგიური გრძნობების" შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რასაც დაუშვებლად მიიჩნევენ. "ჩვენ ვგეგმავდით, რომ ეს აქცია ყოფილიყო სიმბოლური და ამ ჯვართან, როემლიც ჩვენი აზრით არის სახელმწიფოს, სეკულაური სახელმწიფოს პანაშვიდი, გვინდოდა მიგვეტანა თაიგულები. ჯვირს მოხსნა და ვანდალობა არ იგეგმებოდა, თუმცა მოგვივიდა "ალტ ინფოს" ლინკები და ა.შ, რომ ბოლო სისხლის წვეთამდე აპირებენ ბრძოლას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავწირავთ ადამიანებს", - თქვა აქტივისტმა, ნატა ფერაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ რკინის მასიური ჯვარი 5 ივლისს აღმართეს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამოსულმა ჯგუფებმა, რომლებმაც თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" გაუქმების მიუხედავად, მედიასა და მოქალაქეებზე იძალადეს რამდენიმე სხვდასხვა ადგილას.
კელი დეგნანი ქართველ სამხედროებს: თქვენ გაქვთ უკვე იმის პოტენციალი, რომ დაიცვათ თავი მტრულად განწყობილი ძალებისგან
"მინდა ბატონი ბლინკენის სახელით გითხრათ, რომ შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მონაწილეობას და გაწეულ წვლილს, საერთაშორისო პარტნიორის სტატუსით, გლობალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მონაწილე ქვედანაყოფების სამშვიდობო მისიის დასრულების ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სენაკის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. აშშ-ის ელჩმა სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. "მივესალმები ყველას, ვინც მონაწილეობდა და ასრულებდა საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის პროგრამას. ძალიან ვამაყობ, რომ მაქვს 32-ე ბატალიონისთვის მისალმებისა და მილოცვის შესაძლებლობა. ვულოცავ ყველას სახლში უსაფრთხოდ და წარმატებით დაბრუნებას. ვიცი, რომ ძალიან დიდი გზა განვლეთ მეგობრებო. თქვენ წელიწადზე მეტია გადიხართ წვრთნებს. თქვენ შეინარჩუნეთ დისციპლინა და ერთგულება მიუხედავად გამოწვევებით აღსავსე დროისა და დაბრკოლებების სიმრავლისა. ამისთვის გიხდით მადლობას და გილოცავთ. გლობალური პანდემიის გამო შეიცვალა და ბევრი კორექტირება მოუწია თქვენს მონაწილეობას საერთაშორისო მისიაში, თუმცა თქვენ არ დათმეთ და წარმატებით შეასრულეთ თქვენი მისია, როცა თქვენი ჯერი დადგა. მე ვულოცავ ყველა ჯარისკაცს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ საერთაშორისო მისიაში. შეერთებული შტატების სახელით უდიდეს და ყველაზე გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს, იმისათვის რომ დათმეთ თქვენი ოჯახი, მეგობრები, სამშობლო და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდით. ახლა კი დაბრუნდით ჯანმრთელები, წარმატებულები და ამაყად თავაწეულები. მე მინდა ბატონი ბლინკენის სახელით გითხრათ, რომ შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მონაწილეობას და გაწეულ წვლილს, საერთაშორისო პარტნიორის სტატუსით, გლობალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მე მინდა ვთქვა, რომ მთელი საერთაშორისო მისიის ფარგლებში საქართველო ასრულებდა თავის ღირსეულ წვლილს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრი იყო სამაგალითო და ამერიკელი ჯარისკაცები და ინსტრუქტორები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ წვრთნებში, იყვნენ ასევე იმის ნათელი მაგალითები, რომ თქვენ ყველანი შეძლებდით საერთაშორისო მისიის წარმატებით დასრულებას და სამშობლოში დაბრუნებას. მე ვიცი, რომ კარანტინშიც მოგიწიათ ყოფნა, ხანგრძლივი პერიოდით, იმისათვის, რომ თქვენი კოლეგა ჯარისკაცების ჯანმრთელობა დაგეცვათ. ძალიან დიდი ღვაწლი გაქვთ, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველომ თავისი სახელი სამუდამოდ დაიმკვიდროს. ნებისმიერ თქვენგანს ან ნებისმიერ ბატალიონს, რომელსაც მონაწილეობა მიუღია საერთაშორისო მისიებში, აქვს თავისი სიტყვა ნათქვამი საერთაშორისო მისიებში საქართველოს ძალების თავგანწირვის დადასტურების მიზნით. მე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ გაქვთ უკვე იმის პოტენციალი, რომ დაიცვათ თავი მტრულად განწყობილი ძალებისგან და სწორი გზავნილები გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი სამაგალითო სამსახურისთვის, გილოცავთ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ"- განაცხადა კელი დეგნანმა სიტყვით გამოსვლისას.
გორის საკრებულოს წევრი დააკავეს ავტომობილის დაწვის ბრალდებით
გორის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ კახა ბურჯანაძე ავტომობილის დაწვის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულმა თავისი ნებით დაწვა ავტომობილი, რომელიც მისი შეძენილი იყო. დაცვის მხარე არ ეთანხმება გამოძიების დაწყებას 187-ე მუხლით, რომელიც მათ შორის, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, ავტომობილი დაკავებულის მფლობელობაში იყო. შსს-ს ინფორმაციით კი, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ – სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სალომე ზურაბიშვილი: დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს
ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენი ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკის ბაზაზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მონაწილე ქვედანაყოფების სამშვიდობო მისიის დასრულების ღონისძიებაზე განაცხადა. პრეზიდენტმა ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის საიმედო და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად. "დღეს ქართული ჯარისთვის და არა მხოლოდ ქართული ჯარისთვის, სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში NATO-ს ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია“ დაასრულა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში, მონაწილეობა ოცი ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საქართველოს თავდაცვის ძალების 32-მა სამხედრო მოსამსახურემ შესწირა თავი. ქედს ვიხრით დაღუპულთა ხსოვნის წინაშე . ჩვენ, ასევე ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მათ მიმართ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლას. მოხარული ვარ, რომ დღეს მედლით მხედრული მამაცობისთვის დავაჯილდოვებ 8 სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის არიან ის ჯარისკაცები, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად პირნათლად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებაში. დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს. დღევანდელი ქართული ჯარი გმირების მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა. იბრძოლა და იმსახურა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის საკუთარ ქვეყანაში, იბრძოლა და იმსახურა საერთაშორისო მისიებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენი ძალა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია გავხდეთ მაგალითი სხვებისთვის. საქართველო NATO-ს პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს მის ღირებულებებსა და უსაფრთხოების პრინციპებს. ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის საიმედო და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგი იყო საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყნის მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. გრძელდება ბრძოლა, ბრძოლა დასავლური არჩევანისთვის და ღირსეული მომავლისთვის, ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისათვის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ვეტერანებმა კვლავ განაგრძონ საქართველოს სამსახურში ყოფნა, მონაწილეობა მიიღონ მომავალი თაობების აღზრდაში. სამშობლოს დაცვის ვალდებულება უწყვეტი თავდადებისა და ერთგულების ვალდებულებაა. საქართველო არასდროს შეწყვეტს სწრაფვას NATO-სკენ, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი. დასასრულს სიამაყით აღვნიშნავ, რომ სწორედ თანამედროვე, NATO-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან და არ შემიძლია არ აღვნიშნო აქ ჩვენი პარტნიორების წვლილი, რომლის ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდით თქვენ. დასრულდა ჩვენი მონაწილეობა ამ სამშვიდობო მისიაში, დასრულდება 31 აგვისტოს თვით მისია. არ დასრულდება ჩვენი ერთობა, ჩვენი სოლიდარობა და ჩვენი ერთიანი ბრძოლა. მე მინდა თქვენ ყველას ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ. გაუმარჯოს ქართულ ჯარს! გაუმარჯოს საქართველოს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა მზადაა, იყოს უსაფრთხოების მიმწოდებელი და პარტნიორებთან ერთად იბრძოლოს გლობალური მშვიდობის დაცვისთვის
ჩვენი ქვეყანა მზადაა, იყოს უსაფრთხოების მიმწოდებელი და პარტნიორებთან ერთად იბრძოლოს გლობალური მშვიდობის დაცვისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სენაკში, ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ყველა არსებულ ფორმატში გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას . "ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულებას და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენ გმირ სამხედროებს. 17 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და გმირმა სამხედროებმა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ეს იყო ჩვენი მებრძოლების თავდადებული ბრძოლა, მათი ღირსეული ბრძოლა, რომელთაც ჩვენს ქვეყანას განუმტკიცეს ღირსეული პარტნიორის, ხოლო ჩვენს ჯარს მამაცი და პროფესიონალი ჯარის სახელი. NATO-ს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ჩვენი ქვეყნისა და ჯარის მონაწილეობა და მსხვილი კონტრიბუცია არის მკაფიო დემონსტრირება, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, იყოს უსაფრთხოების მიმწოდებელი და პარტნიორებთან ერთად იბრძოლოს გლობალური მშვიდობის დაცვისთვის. 2004 წლიდან ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისია ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ჩვენ ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა ვიყავით და საქმით დავამტკიცეთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. მე მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს 20 000-ზე მეტ სამხედროს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. თქვენ მსოფლიოში უსაფრთხოების დაცვით იცავდით ჩვენს სამშობლოს. თქვენმა პროფესიონალიზმმა, თავდადებამ და გმირობამ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დააახლოვა დასავლეთს. ჩვენ მადლიერები ვართ თითოეული თქვენგანის წვლილითა და ღირსეული სამსახურით. მინდა ქედი მოვიხარო, ჩვენი დაღუპული 32 გმირი სამხედროს წინაშე. მათი ხსოვნა და თავდადება ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩვენი ქვეყნის და ჯარის ისტორიაში. ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და ჩვენი სამშობლოს სამსახურს. ისინი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავდნენ მსოფლიოს უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას მინდა გითხრათ, რომ საქართველო მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ყველა არსებულ ფორმატში გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას და ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობას და საკუთარი წვლილის შეტანას. ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის პარტნიორობისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობა. ამ და სხვა ვალდებულებების წარმატებით შესრულების მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, მათი მზადყოფნის დონის ამაღლებას, ჩვენი ჯარის მომზადების ხარისხს და სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი სამხედროების ღირსეულად დაფასებას. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ მისიის დასრულება, გისურვოთ წარმატებები. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ვახტანგ გომელაური: საპატრიარქოსთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, პარლამეტის წინ ჯვარს დატოვებენ თუ გადაიტანენ
ვახტანგ გომელაურის თქმით, ხელისუფლებასა და საპატიარქოს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარლამენტის წინ აღმართული რკინის ჯვრის გადატანასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. "ამაზე მსჯელობენ, რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთან ერთად და მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჯვარს დატოვებენ თუ გადაიტანენ", - განაცხადა შსს მინისტრმა შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ რკინის მასიური ჯვარი 5 ივლისს აღმართეს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამოსულმა ჯგუფებმა. პარლამენტთან 5 ივლისს აღმართული ჯვრის მოხსნის მოთხოვნით დაგეგმილი აქცია გაუქმდა
მოსამართლე ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულს: ქმედებები, რასაც გედავებიან, დანაშაულია, არღვევს სახელმიწფოს სტაბილურობას, სრული სიბნელე და სირცხვილია
„ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმიწფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა“, - ამ სიტყვებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ „ტვპირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულებს მიმართა. როგორც მოსამართლემ დაკავებულებს განუცხადა, ის დღეს სახელმწიფოს წარმოადგენს და სწორედ სახელმწიფოს სახელით აფასებს მათ ქმედებებს. „მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს“, - განაცხადა ხორავამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ბრალდებულ კიდევ 4 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საუბარია "მთავარი არხისა" და "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელების საქმეზე. ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულ 3 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, ,,თბილისი პრაიდის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი დააკავა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
„ქურდული სამყაროს წევრობის“, მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტზე 31 ადამიანს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 31 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან 18 ადამიანი - გ.ვ., ა.ა., ა.შ., ს.ტ.,. თ..ტ.., თ..ჭ., მ.ჭ., ა.მ., გ.ჯ., ა.ჯ., ზ..ა., ბ.ა., გ.ჭ., ი.გ., თ..ნ., შ.ლ.., გ.ვ. და ა.ა. აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში, კავშირი აქვთ ქურდული სამყაროს წევრებთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. „2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით აღნიშნული პირები რუსთავში, თბილისში, გორში, ბათუმში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში და ქურდულ შეკრებებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სხვადასხვა პირებისთვის კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებული სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას და გადაწყვეტას. ბრალდებულები დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ ძალაუფლება და გავლენა. თვრამეტივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან 12 მოქალაქე: გ.ხ., ა.შ., ლ.ვ., მ.ფ., ბ.ხ., ს.მ., ლ.ტ., გ.ბ., ნ.ი., გ.რ., ლ.გ. და ზ.გ. ინფორმირებულები არიან ქურდული სამყაროს საქმიანობის შესახებ, კავშირი აქვთ ქურდული სამყაროს წევრებთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით ბრალდებულები რუსთავში, თბილისში, გორში, ბათუმში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, ახორციელებდნენ აქტიურ ქმედებებს, რითაც ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, მათ შორის, მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში, გამოხატავდნენ მზადყოფნას ორგანიზება გაეწიათ „ქურდული შეკრებების“ და „ქურდული გარჩევების“ მოწყობისთვის, განიხილავდნენ ქურდული საერთოს, იგივე „ობშიაკის“ შესავსები თანხების მოსაპოვებელ საკითხებს. აღნიშნულ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, ქურდული სამყაროს წევრებისთვის მიმართვის ფაქტზე ორ მოქალაქეს- მსჯავრდებულს ზ.კ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.კ. „ქურდული სამყაროს“ წევრებს და მხარდამჭერებს უკავშირდებოდა და ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიმართ ქურდული გარჩევის მოწყობას ითხოვდა. ასევე გ.ბ.-მ, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ჩამდენებისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს ქურდული გარჩევის მოწყობა სთხოვა. ზ.კ-ს და გ.მ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში. ამავე თემაზე: საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარებული ექვსთვიანი სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი გორში, „ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს
ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს
ვენაში, ეუთოს მუდმივ საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, ქეთევან ციხელაშვილმა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის შესახებ, რომელიც 30 ივნისს გაიმართა. მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, წინსვლა არ დაფიქსირებულა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, ასევე, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. "მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსებით არის შესაძლებელი. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ რაუნდის დროს, რუსეთის ფედერაციამ და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ისევ სცადეს დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის პოლიტიზირება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავ დატოვეს მოლაპარაკებები. ელჩმა განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებისა და სოფელ აიბღას ნაწილის უკანონოდ მიერთების, საკითხს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ადამიანის უფლებების დარღვევებს, ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას, ასევე ზაზა გახელიძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების, ირაკლი ბებუასა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების თემებს; სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, უკრაინის, აშშ-ს, თურქეთის, კანადისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციებმა. გამომსვლელებმა ცალსახად დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდეს რუსეთს, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ. აშშ-ს დელეგაციამ მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. დელეგაციებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი და უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ევროკავშირის დელეგაციამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა რუსი სამხედროების განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე, უკანონო ქმედებებს, რაც მიმართულია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების რუსულ სივრცეში ინტეგრაციისკენ. მათ შორის, განსაკუთრებით აღინიშნა სოფელ აიბღას ტერიტორიის დე ფაქტო ანექსია რუსეთის მიერ. ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის და უნდა გაუქმდეს (reverse). სოფელ აიბღას ნაწილის უკანონო მიტაცება დაგმო უკრაინის დელეგაციამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის სანქციების პოლიტიკის მეშვეობით. გამომსვლელთა მიერ ასევე ხაზი გაესვა ე.წ. ბორდერიზაციისა და თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივ მოსახლეობაზე. დელეგაციების მიერ აღინიშნა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის რეგიონებში დაშვების აუცილებლობა. ამ კონტექსტში ითქვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უნდა მიეცეს წვდომა ამ რეგიონებზე, რისი მანდატიც მას გააჩნია. ევროკავშირის დელეგაციამ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, შეიმუშაოს ინკლუზიური მიდგომა, მათ შორის სამშვიდობო სტრატეგიის - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ - განხორციელებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებთან ჩართულობის გზით. გამომსვლელები ასევე მიესალმნენ ქალების, მშვიდობა და უსაფრთხოების საკითხის განხილვას დისკუსიების ფარგლებში და ხაზი გაუსვეს ქალების სრულფასოვანი ჩართულობის მნიშვნელობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. დელეგაციებმა ასევე შეახსენეს რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს საქმეზე და მოუწოდეს მისი შესრულებისკენ", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 53-ე რაუნდს ეხმაურებიან. საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს: ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს თქვენი დამსახურებაა
„ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს ღონისძიებაზე, რომელიც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის დასრულებას მიეძღვნა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველმა სამხედროებმა მისიაში პროფესიონალიზმით, თავდადებითა და მებრძოლი სულით საუკეთესოდ წარმოაჩინეს ქართული სახელმწიფო და ჯარი. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2004 წლიდან, ავღანეთში მიმდინარე მისია ნათლად მოწმობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მან მშვიდობისმყოფელებს მისიიდან დაბრუნება მიულოცა და ათასობით სამხედროს, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა როტაციის დროს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მსახურობდა, ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიის მანძილზე ქართველმა სამხედროებმა მიიღეს საბრძოლო გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა თავდაცვის ძალების დონე. მან პატივი მიაგო ქართველი გმირების ხსოვნას, რომლებმაც მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფასა და ტერორიზმთან ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს; ასევე, მადლობა გადაუხადა მისიის შესრულებისას დაჭრილ-დაშავებულ ასობით ქართველ სამხედროს. მისივე განმარტებით, ქართველი სამხედროების მაღალი რეპუტაცია, მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. „საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად იქნება მზად, შეასრულოს ყველა დაკისრებული ამოცანა მისთვის დამახასიათებელი უმაღლესი პროფესიონალიზმით“, - აღნიშნა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს მხარდაჭერა აღუთქვა. „გპირდებით, რომ არ დავზოგავთ თავს და განვაგრძობთ თქვენზე და თქვენს ოჯახებზე ზრუნვას. გპირდებით, რომ საკანონმდებლო დონეზე შეგიქმნათ საცხოვრებელი და სხვა სოციალური გარანტიები. გპირდებით, რომ საქართველოს ჯარისკაცი იქნება კიდევ უფრო დაფასებული და ამაყი“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
აშშ-ის საელჩო: ჩვენი სამხედროებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებში სიცოცხლეს რისკავენ
აშშ-ის სამხედროებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას განასახიერებენ , - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. საელჩო 32-ე ბატალიონს სამშობლოში დაბრუნებას ულოცავს. "ვულოცავთ საქართველოს 32-ე ქვეით ბატალიონს სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებს. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც აღნიშნავს NATO-ს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულებას. გასული შვიდი წლის განმავლობაში სულ 7,078 ქართველმა ჯარისკაცმა გაიარა წვრთნები და იმსახურა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდამხარ. აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებში სიცოცხლეს რისკავენ და რომლებიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას განასახიერებენ", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. კელი დეგნანი ქართველ სამხედროებს: თქვენ გაქვთ უკვე იმის პოტენციალი, რომ დაიცვათ თავი მტრულად განწყობილი ძალებისგან სალომე ზურაბიშვილი: დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა მზადაა, იყოს უსაფრთხოების მიმწოდებელი და პარტნიორებთან ერთად იბრძოლოს გლობალური მშვიდობის დაცვისთვის თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს: ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს თქვენი დამსახურებაა
34 წლის შემდეგ, „მონანიება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს
34 წლის შემდეგ, „მონანიება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ფილმის აღდგენილი ვერსია კინოფესტივალის წარმომადგენელმა ჟოელ შაპრონმა ნანა ჯანელიძესა და ავთანდილ მახარაძესთან ერთად წარადგინა. ცნობისთვის, პირველად, ფილმ „მონანიების“ მსოფლიო პრემიერა კანში 1987 წელს გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალის სამი ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ ნომინირებული იყი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ.