ძებნის რეზულტატი:
მედიის ინფორმაციით, ჰაიტიში ქვეყნის პრეზიდენტი მოკლეს
Reuters-ის ინფორმაციით, ჰაიტიში ქვეყნის პრეზიდენტი ჯოვენელ მოისი მოკლეს. როგორც ცნობილია, ჰაიტის პრეზიდენტს უცნობი პირები დაესხნენ თავს საკუთარ რეზიდენციაში. ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია.
ოლივერ ვარჰეი: ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას და ერთად იმუშაონ მისი შესრულებისთვის
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ მოხარულია დეპუტატების პარლამენტში შესვლით, ვინაიდან პარლამენტი არის ადგილი, სადაც პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს. ამის სესახებ ის Twitter-ზე წერს. როგორც ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას და ერთად იმუშაონ მისი შესრულებისთვის. „მოხარული ვარ, რომ დეპუტატები დაბრუნდნენ პარლამენტში. სწორედ ეს არის ადგილი, სადაც დებატები უნდა გაიმართოს. ახლა ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას და იმუშაოს ერთად მისი შესრულებისთვის”, – წერს ოლივერ ვარჰეი. ცნობისთვის, ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. ეს ევროკომისრის პირველი ვიზიტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ასევე, დღეს, ოლივერ ვარჰეი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღესვე, ოლვერ ვარჰეიმ ბიზნესის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრისას ევროკავშირის მიერ დაანონსებული ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმა განიხილა. კახა კუჭავამ და ოლივერ ვარჰეიმ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე იმსჯელეს
საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია. ინფორმაციას ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, მსოფლიო ჩემპიონები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გახდნენ. ,,საქართველის ფარიკაობის ფედერაცია ულოცავს საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრებს, რომლებმაც პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით პარაფარიკაობაში პირველი ადგილი დაიკავეს.მსოფლიო ჩემპიონები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გახდნენ.მწვრთნელები: მალხაზ მესხი და მერაბ ბაზაძე.დღესვე რაპირაში დიანა ჯიშიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ჰერალდიკის საბჭო: შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა
შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჰერალდიკის საბჭო ავრცელებს. ჰერალდიკის საბჭოს განმარტებით, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას ევროპის დროშა მუდმივად იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით. "გასული დღეების მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ სიმბოლოებს. დროშა არის განსახიერება, გამოსახულება ღირებულებების, რომლისკენაც ისრწაფვის და რომლისთვისაც ხშირად იბრძვის საზოგადოება. ჰერალდიკის საბჭო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშების, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის დროშის, საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვის და გამოფენის წესის, დაცვისა და ღირსი პატივით მოპყრობის სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობას. ასევე განვმარტავთ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა არ არის ერთი რომელიმე ორგანიზაციის ევროკავშირის ან ევროსაბჭოს წარმომდგენი სიმბოლო. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობასა და მთლიანობას. ლაჟვარდის ველზე გამოსახული 12 ოქროს ვარსკვლავი ევროპული ერთიანობის, სოლიდარობისა და ჰარმონიის სიმბოლოა. საქართველოს ისტორიული გზა, ქართველი ერის თვითმყოფადობა, კულტურული იდენტობა, თანამედროვე პოლიტიკური და ფასეულობითი არჩევანი გაცხადებული არაერთხელ, მათ შორის საზოგადოების საყოველთაო გამოკითხვის შედეგად, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები გახდეს ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას მუდმივად აღვმართოთ ევროპული დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით", - ნათქვამია ჰერალდიკის საბჭოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. დღეს, კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა
შს მინისტრის მოადგილე: 5 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა რთული იქნებოდა
5 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ცალსახად და თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა რთული იქნებოდა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 5 ივლისის ღონისძიებაზე არსებობდა სერიოზული რისკები და ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს ღია და დახურული წყაროებიდან ჰქონდა. როგორც ინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გაფრთხილების მიუხედავად, ღონისძიების ორგანიზატორები არ განიხილავდნენ ღონისძიების არც ფორმატის და არც მასშტაბის შეცვლას. „რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას ჩვენი მხრიდან ცალსახად და თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ღონისძიების მასშტაბების, მონაწილე პირთა რაოდენობის და იმ ფორმატის გათვალისწინებითაც რა ფორმატითაც იყო შემოთავაზებული ეს ღონისძიება, რთული იქნებოდა უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა. ამავე დროს, გასათვალისწინებელი იყო წარსული გამოცდილება მსგავსი ღონისძიების ჩატარების. ასევე შეხვედრა შედგა შს მინისტრსა და დიპლომატიური წარმომადგენლობის პირებთან, სადაც შს მინისტრის მიერ გაცხადებული იქნა, რომ 1-3 ივლისის ღონისძიებასთან მიმართებაში სრულად იქნებოდა დაცული მონაწილეთა შეკრება მანიფესტაციის უფლება. ხოლო რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას არსებობდა სერიოზული რისკები, რაც ღია და დახურული წყაროებიდან შს სამინისტროს ჰქონდა. მიუხედავად ჩვენი არა ერთი გაფრთხილებისა ღონისძიების ორგანიზატორები არ განიხილავდნენ ღონისძიების არც ფორმატის, არც მასშტაბის შეცვლას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთავაზობდით ალტერნატიულ ლოკაციებს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მსგავსი ღონისძიების ჩატარება“, - განაცხადა დარახველიძემ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
თბილისის დროით 15:08 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.
სულთა თანა
ლექსო ლეკიაშვილის ბლოგი ყველაზე მეტად პროგნოზირებადი, რაც მსგავს დღეებში ხდება ხოლმე, ესაა ფეისბუქზე აღშფოთებული საზოგადოების პოსტების წერა - რომ ქრისტიანობას ძალადობასთან კავშირი არ აქვს, რომ უნდა რცხვენოდეთ მღვდლებსაც და მოძალადეებსაც, რომ ბრბოს ძალადობა ფერადთმიან ახალგაზრდებზე არაა ნორმალური და ა. შ. მეც ანბანური ჭეშმარიტებით დავიწყებ, ოღონდ ცოტა შორიდან: ადამიანს, ცხოველებისგან განსხვავებით, აქვს ფსიქიკის ნაწილი, რომელსაც შეუძლია, პასუხი გასცეს კითხვას „რატომ?“. ამ ნაწილს ზოგი ცნობიერს ეძახის, ზოგი - „მე“-ს, ზოგი - ადამიანობას, ზოგიც - პასუხისმგებლობას. რელიგიური თვალსაზრისით, ამას ჰქვია სული. სული - ესაა სწორედ ის ნაწილი, რომელიც უკვდავია (ასევე რელიგიური თვალსაზრისით) და რომელიც, რომელიღაც სამყაროში, რჩება ადამიანის ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც. ტყუილად როდი ჰქვია ქრისტიანობის უზენაესი სამების ერთ-ერთ იპოსტასს - „სული წმიდა“. ქრისტიანული სწავლებების მიხედვით, სწორედ ადამიანთა სულების - ანუ ცნობიერი ნაწილისთვის იბრძვის ლუციფერიც. და რა მოხდება, თუ ადამიანს სულს წაართმევ სიცოცხლეშივე? ანუ, თუ ადამიანი დაკარგავს იმ ნაწილს, რომელსაც შეუძლია, უპასუხოს კითხვას „რატომ?“ მოხდება ის, რასაც ძველი ქართული ანდაზა ამბობს - უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან. ასეთი ადამიანი ხდება უბრალო ფუტლიარი - ჭურჭელი, რომელშიც ნებისმიერი, ვინც მოინდომებს, ჩაასხამს ყველაფერს, რასაც უნდა. ადამიანი სიკეთის განსახიერება თავისთავად რომ არ არის, ამას ზიმბარდოს ექსპერიმენტმაც გასცა პასუხი წლების წინ. და როგორ უნდა მივხვდეთ ადამიანის მიერ სულის დაკარგვის შესახებ? თვითონ კარგავს სულს ადამიანი თუ სხვა ართმევს? ერთი რეგიონის წიგნის მაღაზიის თანამშრომელმა ახალგაზრდებმა რომ თქვეს, ასე 10 წლის წინ - თვეში ერთხელ, ჩვენი ხელფასით, სიბილწის (ანუ ეროტიკული მომენტების) შემცველ წიგნებს ვყიდულობთ ხოლმე და ვწვავთო, გახსოვთ ვინმეს? მაშინვე დაგავიწყდათ, ხო? სადაც წიგნებს წვავენ, იქ ევროკავშირის დროშასაც დაწვავენ და ადამიანებსაც მიაყოლებენ ზედ. მარა სად გვცალია ხოლმე მაგისთვის. რა თემაც „აიწევა“ ფეისბუქზე, იმაზე გადავერთვებით მომენტალურად და ამ დროს ვიღაც სულგამოცლილები სხვებს აცლიან სულებს. ამპუტირებულ სულს პროთეზით ვერ შეცვლი - როგორც ალ პაჩინოს პერსონაჟი, ბრმა პოლკოვნიკი ამბობს „ქალის სურნელში“. ეს ორი დღე, რასაც ვუყურებთ, სულის ამპუტაციის შედეგად დარჩენილი სხეულებია, სხვა კი არაფერი. არცერთ მათგანს არ შეუძლია, გასცეს პასუხი კითხვაზე „რატომ“ - რატომ ურტყამდნენ თავში სიფრიფანა გოგოებს, რატომ სცემდა ერთ კაცს 25 ჯანიანი ტიპი გამეტებით, რატომ არის საშიში უცხოელი ტურისტი საყურით, რატომ... ბრბოს რომ სული არ აქვს, ეგ ვიცით - პასუხისმგებლობა აბსოლუტურად ნიველირებულია ბრბოში და ამ პასუხისმგებლობის გადანაწილება-გაქრობის გამო ადამიანი იქცევა უსულო არსებად, ზომბად. სხვა კი არაფერია ზომბი-აპოკალიფსი - მრავალრიცხოვანი, უცნაურად განათებული თვალებით მოსიარულეები, რომელთა ნაკვალევზეც ნანგრევები და უდაბნო რჩება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს ეუბნება - მოდი, შენს მაგივრად მე ვიფიქრებო - სულს აცლის ამ ადამიანს და ზომბად აქცევს. ყველა ადამიანი უფლის სახლია და როცა იქიდან მისი სული, ანუ აზროვნების უნარი, ცნობიერება გაგყავს, უნდა იცოდე, რომ ეშმაკების საპატრონოდ იმეტებ. ეს ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს გამართლებული - როცა თავად ხარ ლუციფერის წარმომადგენელი და ზუსტად ეს გაწყობს, რომ ადამიანებს სული წაართვა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სულებს - სხეულზე მძიმეაო, გამიგონია.
რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქციის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე, გუშინ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის მალხაზ მაჩალიკაშვილიცაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი თქმით, გუშინ ღამე, ჩიტაძის ქუჩის კუთხის მიმდებარედ ძალადობრივი ჯგუფები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ამავდროულად, მალხაზ მაჩალიკაშვილს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, ადვოკატის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, ადვოკატის ცნობით, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და მოლოდინი აქვს, რომ სანქციის გარეშე გაათავისუფლებენ. "სოლიდარობის აქციის მხარეს იდგა და ჯებირებს მიღმა ადამიანები მისი მისამართით იჩენდნენ დევნას ასე ვთქვათ. როდესაც მისი იდენტიფიცირება მოხდა, დაუწყეს როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკურადაც იწევდნენ მისკენ. ფაქტი არის, რომ თუ მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა პოლიცია, მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა განეხორციელებინა," - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ ,,რუსთავი 2"-თან საუბრისას. ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსდა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. შსს-ის ინფორმაციით, გუშინდელ აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხალხი და ჩვენ ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც იყო და არის მოთხოვნლი ევროკავშირის მხრიდან
ჩვენ და ჩვენი ხალხი ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც იყო და არის მოთხოვნილი ევროკავშირის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრამ ირალი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოლივერ ვარჰეისთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. "მივესალმები ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში. მე მინდა, პირველ რიგში, გამოვხატო მადლიერება ჩემი და ჩემი მთავრობის სახელით, კომისარს მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება. ბატონი ოლივერი არის ჩვენი ქვეყნის გულწრფელი, ძლიერი მხარდამჭერი და გულშემატკივარი. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო ყველა იმ ძალისხმევისათვის, რასაც ის იჩენს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის გზაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მიმოვიხილეთ ფართო სპექტრი საკითხებსა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არსებობს. მოგეხსენებათ, რომ მთავარი დოკუმენტი, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის, არის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ 7 წლის წინ. ეს არის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, რამაც უკვე დაიწყო კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ხალხისთვის. მე აქვე მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო ერთი კონკრეტული ხელშესახები ფაქტი, რომელიც არის უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2016-2017 წლამდე ჩვენი მოქალაქეები ევროპაში გადაადგილდებოდნენ ვიზის მეშვეობით და უკვე რამდენიმე წელია, ისინი უვიზოდ გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიშნავს ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა ევროკავშირმა ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში, ჩვენს ხალხს. იმიტომ, რომ ჩვენ და ჩვენი ხალხი ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც იყო და არის მოთხოვნილი ევროკავშირის მხრიდან. გარდა ამისა, ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ამ დიდებულ შედეგს მივაღწიეთ. მეორე საკითხი, რაც მე მინდა გამოვყო, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ჩვენს მეწარმეებს, ჩვენს ბიზნესმენებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ქართული ნაწარმი პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის უზარმაზარ ბაზარზე, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ევროკავშირი უკვე წლებია გახდა ერთ-ერთი ტოპ სავაჭრო პარტნიორი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენი მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს, რომ ჩვენ, სრულად გამოვიყენოთ და ვისარგებლოთ ყველა იმ სიკეთეებით, რომელიც ჩვენ მოგვეცა ასოცირების ხელშეკრულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროკომისარის ჩართულობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები და კომისარი დღეს გაგვაცნობს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას და ვითარებას, როგორიც არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი შემდგომი დარეგულირების საკითხები. ევროკომისარს მე გავაცანი ჩემი ბოლო მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ჩართულობით, 15 სამხედრო იქნა გათავისუფლებული, ასევე სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს რუკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იყო, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით, რომ საქართველომ იტვირთა მედიატორის როლი, კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციის საკითხებზეც, რომელიც არის ძალიან დიდი ტვირთი და ძალიან მძიმე გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ჩვენი ტერიტორიებიდან. მე კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 80%, მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ბატონო კომისარო, ჩვენი მთავრობის და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებები განვახორციელეთ, მაშინ ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური კურსი, რომელიც არის შეუქცევადი, რომელიც არ გადაიხედება და არ შეიცვლება. ამ პროცესში ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელიც არის ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია, არა ერთი მუდმივი, პერმანენტული გამოწვევების წინაშე დგება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგან კარგად გვესმის, მტკიცედ გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენ ამ გზაზე გავივლით წარმატებულად და გვჯერა, რომ ერთ დღეს გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოლივერ ვარჰეი: ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა
ჩვენ მზად ვართ, მობილიზაცია გავუკეთოთ 17 მლრდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური აღდგენისთვის, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციზე განაცხადა. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველომ გადალახა კრიზისი და ახლა უკვე შესაძლებელია დაიწყოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა. მისივე თქმით, მათი მიზანია, საქართველოს დაეხმარნონ უფრო მედეგი, ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის დასამყარებლად კოვიდკრიზისის შემდეგ. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ვარ თბილისში, საქართველოში. ჩემი პირველი ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და რეგიონშიც. უნდა ვაღიარო, რომ პრივილეგიად ვიგრძენი ეს პარტნიორობა, რაც საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წელი ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული იყო. ჩვენ ყველანი ვებრძოდით და დღემდე ვებრძვით კოვიდ პანდემიას, თუმცაღა საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაციის ეტაპიც გაიარა და პოლიტიკური კრიზისიც იწვნია და ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას ამ სირთულეების გადაჭრაში და იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემები წარსულს ჩაბარდა, არის გუშინდელი დღე და იმედი მაქვს, რომ ახლა შეგვიძლია აქცენტის გაკეთება კოვიდ-კრიზისიდან გამოსვლაზე. როგორც ნახეთ, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ დაგეხმარეთ გასულ წელს. ჩვენ დავეხმარეთ ქვყანას 400 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ 78 000 ოჯახს საქართველოში და ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებების გაძლიერებაში დავეხმარეთ ქვეყანას, თუმცა იმედი მაქვს, რომ ესეც გუშინდელი დღეა და ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა და გადავლახოთ და დავძლიოთ ამ კრიზისის შედეგები. რამდენიმე დღის წინ, გასულ პარასკევს, ჩვენ ევროკავშირში, მთელი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის, ძალიან ამბიციური და საინვესტიციო გეგმა წარვადგინეთ. ჩვენ მზად ვართ, მობილიზაცია გავუკეთოთ 17 მლრდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური აღდგენისთვის. 2,3 მლრდ ევრო გრანტის სახით იქნება, დანარჩენი კი პროექტებისა და ინვესტიციების სახით, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდავთ: „ევროპის საინვესტიციო ბანკიდან“, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან“. ჩვენი მიზანია, სამეზობლო ქვეყნებს დავეხმაროთ ეკონომიურად და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და საქართველოს დავეხმაროთ უფრო მედეგი, ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის დასამყარებლად კოვიდკრიზისის შემდეგ. ამაზე ჩვენ ვმუშაობდით საქართველოს წინა მთავრობასთან, ამ მთავრობასთან, რათა მთავარი პრიორიტეტები გამოგვეკვეთა. მთავარი გამოწვევები გამოგვევლინა, რაც ქვეყანაში არსებობს და ის 5 მთავარი ინიციატივა, რომელიც საქართველოსთვის შეიქმნა, ამ თანამშრომლების შედეგია. ჩვენ არ გვინდა, ისეთი რამ შემოგთავაზოთ, რაც არ გჭირდებათ. ჩვენ მხოლოდ იმას გთავაზობთ, რაც გჭირდებათ", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ოლივერ ვარჰეი: ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს დილით პარლამენტში ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო
ძალიან გამიხარდა საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრა, მიხარია, რომ შევსებულია პარლამენტი და პარლამენტის წევრები დაბრუნდნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ თავიდანვე - პარლამენტში, სადაც უნდა წარმოებდეს პოლიტიკური დებატები. ახლა ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება იმისთვის, რომ განხორციელდეს შეთანხმება, ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი იმ შეთანხმებას, ყველას ჩართულობა გვჭირდება, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული საარჩევნო რეფორმის კუთხით. ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. „ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული საარჩევნო რეფორმის კუთხით და ასევე მინდა, ვიხილო წინსვლა სასამართლო რეფორმის მიმართულებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით. ბოლოს უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც გუშინ და გუშინ წინ ქვეყანაში მოხდა. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ბატონ პრემიერთან და მიმაჩნია, რომ მისი სახელითაც ვსაუბრობ ახლა, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობის სივრცე, ძალადობიდან არაფერი იშვება. არასოდეს არ წარმოიშვება, არც მომავალში და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით, ან რაიმე სახის დისკრიმინაციით, აი, ეს უნდა არსებობდეს ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლება. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გაერთიანდეს, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრება. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას, ამიტომ გვინდა ვიხილოთ, როგორ განხორციელდება მოვლენები და პროცესები. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ პარლამენტში მივედი დღეს დილით და ვნახე, რომ ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო. დიდი მადლობა,“- აღნიშნა ვარჰეიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. დღეს, კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა
ოლივერ ვარჰეი: ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი - ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას
არანაირი ფაქტი ვანდალიზმის და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს, - ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსთაველზე, ბოლო 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, მან პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში, სამართლის წინაშე წარსდგება. მისი თქმით, ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით. "არანაირი ვანდალიზმის და ძალადობის ფაქტი არაფრის საწყისი არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, ძალადობა არ შობს არაფერს. პრემიერისგან გავიგე, რომ სამართალდამცველი ორგანოები ჩართული არიან სრული ძალით და ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ძალადობაში, წარსდგება სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება ევროკავშირის დროშას რაც შეხება, ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ხელით აღმართა ეს დროშა და დააბრუნა თავის ადგილზე", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ოლივერ ვარჰეი: ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს დილით პარლამენტში ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო
ჯეიმს აპატურაი: თბილისში მომხდარი ძალადობრივი ქმედებები ძალიან დასანანია და უკან დახევაა საქართველოსთვის
Europetime-მა თბილისში, ბოლო დღეებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ექსკლუზიურად ჩაწერა. ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში, ძალადობას გმობს და აღნიშნავს, რომ ეს NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. „მკაცრად ვგმობ ძალადობას, რომელიც ამ კვირაში მოხდა და რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის შეკრების უფლებას, უმცირესობების უფლებებს და მედიის პატივისცემას. მე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობ საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის პროგრესისთვის. ეს მოვლენები ძალიან დასანანია, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და უკუსვლაა საქართველოსთვის“, - აღნიშნავს აპატურაი. Europetime-მა უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ჩაწერა, რომლებიც თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ
ისრაელის ელჩი რან გიდორი რუხში, ენგურის ხიდთან იმყოფებოდა
ისრაელის ელჩი რან გიდორი რუხში, ენგურის ხიდთან იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ, ისრაელის ელჩს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნეს. "ისრაელის ელჩი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ კონსტანტინე კაკავასა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, ასევე „შალომ კლუბში“ იმყოფებოდა. როგორც ისრაელის ელჩმა აღნიშნა, „შალომ კლუბის“ დაარსება სამეგრელოში არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაცია Shalom Club ისრაელის MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) პროგრამის კურსდამთავრებულთა გაერთიანებაა, რომლის მიზანი ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნის გაზიარებაა. ისრაელის ელჩი მე-2 საბავშვო ბაღსაც ესტუმრა და სადეზინფექციო საშუალებები გადასცა. პროექტი ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია AFAD-ის ბაზაზე მოქმედმა შალომ კლუბმა განახორციელა, რომელმაც დაფინანსება აღნიშნული ინვენტარის შესაძენად, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო ,,მაშავისგან" მიიღო", - ნათქვამია ზუგდიდის მერიის განცხადებაში.
გიორგი გახარია: ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ზუგდიდში პარტიის ოფისის გახსნისას, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეაფასა. მისი თქმით, "ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ". "იყო პოლიტიკური მოვლენა - უმძიმესი საყურებელი - როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები… ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ - ეს იყო გამოხატულება უუნარობის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან. „ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როდესაც შემდგომ სახელმწიფომ, მმართველმა ძალამ და მართველი ძალის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო. ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით წინასწარ ასე იქნებოდა, გაგაფრთხილეთო და ამის იქით უკვე თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო - არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი. ამ ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო... მმართველი ძალა, მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები, ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას, აბსოლუტურად ყველას - მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ - მემარჯვენეებს, როცა აწყობთ - მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე. ეს კიდევ უპასუხისმგებლობაა!... გახარიას თქმით, მედიაზე თავდასხმები მიუღებელი და დასაგმობია. „რაც შეეხება მედიას - მედიაზე სისტემური თავდასხმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, რასაც ჰქონდა ადგილი და ამას ჩვენ უბრალოდ პირდაპირ ეთერში ვხედავდით, თქმა რომ ეს „მიუღებელია“ - არის არაფრის თქმა, დასაგმობია, ამას თავისი შედეგები მოჰყვება! დღეს, საქართველოში ჩვენ თუ გვინდა ევროპული ფასეულობები და ევროპული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, მედიის, თავისუფალი მედიის გარეშე არაფერი არ იქნება! მოგვწონს მედია ჩვენ თუ არ მოგვწონს, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია! ჩვენ გვყავს ისეთი მედია, როგორიც გვყავს და ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ ეს მედია დავიცვათ", - აცხადებს გიორგი გახარია. მისი თქმით, ხელისუფლების, მმართველი ძალის პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ მან უნდა უზრუნველყოს წესრიგი, მშვიდობა და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ მოქალაქის მრწამს. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან. გახარიამ პოლიციელებს მმართველი პარტიის ნაცვლად ბოდიში მოუხადა. „თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა ბოდიში ვუთხრა მარტივი მიზეზის გამო - მე მაინც კარგად ვიცი - როდესაც მმართველი ძალა ამბობს ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით წინასწარო, მე ხომ ვიცი, ამ პოლიციელებთან ერთად ამის პრევენცია როგორ უნდა მომხდარიყო. ამას სჭირდებოდა წინასწარ სპეციალური მუშაობა, სპეციალური ღონისძიებების ჩატარება და ეს ყველაფერი არიდებადი იყო. იმის გათვალისწინებით ჩვენ რა შედეგებიც გვაქვს, ერთადერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ - ის რომ, არასწორად იყო ორგანიზებული და არ იყო საკმარისი საპოლიციო ძალა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დავით ზალკალიანმა და ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმა განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარეის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე. ორივე მხარის მიერ აღინიშნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ინტერესი და მზაობა. "შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მიზნებს განსაზღვრავს და რომლის შესახებაც ვიზიტის ფარგლებში განაცხადა ვარჰეიმ. მხარეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების მობილიზებას ითვალისწინებს კოვიდ-პანდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისა და სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს პირადი წვლილისთვის, რის შედეგადაც დოკუმენტში აისახა საქართველოსთვის პრიორიტეტული ინიციატივები. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს დიფერენციაციასა და პარტნიორ ქვეყნებთან ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული თანამშრომლობის განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის იდენტიფიცირებულ საფლაგმანო ინიციატივებზე, რომლებიც სრულად ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის საფლაგმანო ინიციატივებს, რომელთა განხორციელება სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის. საუბარი ასევე შეეხო მოლოდინებს 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელზეც დამტკიცდება პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი მიზნები და მიღებულ იქნება ერთობლივი დეკლარაცია. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროებაზე და ამ კონტექსტში საქართველსს მნიშვნელოვან როლზე. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირის ჩართულობაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ნათია თურნავა: მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი პოლონეთის მოქალაქე მოინახულა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხეთაგუროვის ქუჩაზე დაესხნენ თავს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ნათია თურნავას თქმით, მოხდა სამწუხარო ფაქტი და ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს ჩვენს იმიჯს, როგორც ტურისტული ქვეყნის. მისივე განცხადებით, პოლონელ ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტი არის ერთეული სამწუხარო შემთხვევა და არ ასახავს ტურისტებთან დამოკიდებულებაში ქვეყანაში არსებულ სურათს. მინისტრის თქმით, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა ფაქტზე და შემთხვევა, რომელსაც უშუალო კავშირი არ აქვს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან, ბოლომდე გამოძიებულია. „მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული იმიჯის დაზიანებას. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ნებისმიერი ტურისტი დაცულია და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანა ტურისტებისთვის. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა პანდემიის შემდეგ დროულად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია, გაუმჯობესდეს ტურისტული გარემო და ინფრასტრუქტურა. პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა და ნებისმიერი ტურისტი უსაფრთხოდ გრძნობს და იგრძნობს თავს საქართველოში, სადაც მათი უსაფრთხოება დაცულია. თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დამაზიანებელია ჩვენი იმიჯისთვის, ვინაიდან ტურიზმი არის სენსიტიური ინდუსტრია და სწრაფად რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე. მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის და კვლავაც ველოდებით უამრავ ტურისტს ჩვენთან, რომელთაც უსაფრთხო გარემოში, ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით ვუმასპინძლებთ საქართველოს ნებისმიერ რეიონში", - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკასს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკიევიჩმა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და პოლონეთს შორის აქამდე მოქმედ, 2006 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას. ახალ დოკუმენტში შევიდა რამდენიმე ცვლილება, მათ შორის, დივიდენდის, პროცენტის და როიალტის წყაროსთან დაბეგვრის განაკვეთები შემცირდა და ნაცვლად ძველი შეთანხმებით გათვალისწინებული 10%-ისა, განისაზღვრა 5%-ის ოდენობით. "ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მალხაზ მაჩალიკაშვილი გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო
პარლამენტის შენობის წინ გუშინ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღევანდელ პროცესზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და მაჩალიკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლის ჩაინიშნა. მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან, აცხადებს, რომ დანას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებს. "მე ვარ ქუჩაში და ვცხოვრობ კარავში. იარაღი, თუ მას ცივ იარაღს ვეძახით, საჭიროა, რადგან პურის დასაჭრელადაა საჭირო", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. მისი ადვოკატი მარიამ პატარიძე აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არის უკანონო და აბსურდული. რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქციის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს
გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონული დირექტორი საქართველოს ეწვევა
8-9 ივლისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, ალანა არმიტაჯი, საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებას და პარტნიორ ორგანიზაციებს შეხვდება. „რეგიონული დირექტორის რანგში, ალანა არმიტაჯის მეორე ვიზიტი საქართველოში, მიზნად ისახავს ადვოკატირების გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ქალების და მოზარდი გოგოების გაძლიერების, ჯანსაღი და აქტიური დაბერების მიმართულებით, შესაბამისი პოლიტიკის დანერგვისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი პარტნიორების ჩართულობის გზით. გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA) ალანა არმიტაჯის საქმიანობა სამ ათწლეულს ითვლის და აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ქალთა უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათ განვითარებას უკავშირდება. გარდა გაეროს მოსახლეობის ფონდისა, ალანა არმიტაჯი სხვადასხვა დროს მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (CIDA). ალანა არმიტაჯი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.