ძებნის რეზულტატი:

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

12 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 303 407-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 119 379 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 1 019-მა ადამიანმა გაიკეთა.

იან კელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს უმცირესობების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე, ეს დაუშვებელია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უარს ამობობს უმცირესობების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე, რაც დაუშვებელია. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს უმცირესობების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე. ეს დაუშვებელია ნებისმიერ გარემოებებში, მაგრამ განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც ისწრაფის დასავლეთის საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ, - წერს იან კელი.

შსს: ვახტანგ გომელაურმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა 1, 3, 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა ელჩებთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა 1, 3, 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში სამინისტროს მიერ მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მათი უსაფრთხოების დაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები. „ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის დროს, მასმედიის სხვადასხვა წარმომადგენლის, ოპერატორისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და მათ მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები და ამ ეტაპზე არსებული ვითარება. მან აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც გამოიკვეთება გამოძიების ფარგლებში. შინაგან საქმეთა მინისტრმა აგრეთვე ვრცლად ისაუბრა 11 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელების მიერ განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გარდაცვალების უშუალო მიზეზი დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიც.შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამინისტრო განაგრძობს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს და უწყება პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს განახლებულ ინფორმაციას", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე იწყებს მუშაობას

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, ფრაქციის წევრები პარლამენტის საქმიანობას აღარ გააგრძელებს. დეკანოიძის განმარტებით, პარტია მხოლოდ ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას. ამას გარდა ერთადერთი შემთხვევა, როცა ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს, ეს საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა იქნება. "ჩვენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ფრაქცია ძალა ერთობაშია", რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ჰქვია ამ ფარისევლურ ყალბ პარლამენტში, მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს, ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურისა და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. "ლელოს" ლიდერების განცხადებით, აქტიურად უნდა დაიწყონ მსჯელობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე. "ჩვენ გავმართავთ თათბირს სხვა ოპოზიციურ ფრაქციებთნ, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რანაირად უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო პროცედურა იმისთვის, რომ დავაინიციროთ ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე. დღეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, სხდომათა დარბაზში უმრავლესობა მარტო უნდა დარჩეს. სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ტრიბუნა და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს და ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება იყო. თუმცა, პარლამენტის მანდატურებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სპიკერატი დაატოვებინეს. "ჩვენი მხრიდან ტრიბუნის ბლოკირების ერთადერთი მიზანი იყო მოთხოვნა, გადადგეს მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მაიკლ კარპენტერი ლაშქარავას გარდაცვალებაზე: დამნაშავეთა დასჯა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის „პენ ბაიდენის ცენტრის” მმართველი დირექტორი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას Twitter-ში ეხმიანება. მისი თქმით, დამნაშავეთა დასჯა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. "საქართველოში ჟურნალისტი გარდაიცვალა, რომელსაც ბრბო დაესხა თავს. დამნაშავეების დასჯა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ", - წერს კარპენტერი. ცნობისთვის, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ გარდაიცვალა.

აშშ მოლდოვას ნახევარ მილიონ დოზა ვაქცინას უგზავნის

მოლდოვა ამერიკის შეერთებული შტატებისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Johnson & Johnson-ის 500 000 დოზას მიიღებს, რომ მცირე ერს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმაროს. მოლდოვაში ამერიკის საელჩოს განცხადებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინის პირველ პარტიას, 150 000 დოზას, მოლდოვაში დღეს ჩაიტანენ. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს გაწეული დახმარებისთვის და თქვა, რომ ეს მათ "ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება, დაიცავს მოქალაქეთა ჯანმრთელობას და პანდემიის სიმძლავრეს შეზღუდავს". ცნობისთვის, მოლდოვაში ჯერჯერობით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 305 000 ადამიანია აცრილი, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 11%-ია. მოლდოვაში ინფიცირების მაჩვენებელი 257 000-ს აჭარბებს, კოვიდ-19-ის გართულებებით კი გარდაიცვალა 6 207 ადამიანი.

სახალხო დამცველი: პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან

პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით - პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო ორგანიზებული სათანადო რაოდენობით პოლიცია და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. . სახალხო დამცველის თქმით, პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. ამასთანავე, მან უმრავლესობის დიქტატურა გამოაცხადა. „ვფიქრობ, პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის. ეს დაადასტურა მან. ასევე, გვითხრა, რომ არამარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. შესაბამისად, უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, არაფერი საერთო ამას არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ყველა ადამიანის უფლება, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელებისაც. უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შსს: წინასწარი მოკვლევის და ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება შესაძლოა, ზედოზირებას გამოეწვია

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედარზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. ამის შესახებ მან შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ტვ პირველის" ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, გამოკითხულია 110 პირი, დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "პენტინი" და "მონოაცეტილმორფინი". ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება. ეს დასკვნა არის შუალედური“, - განაცხადა ჭელიძემ. ცნობისთვის, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ გარდაიცვალა.

რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრნენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან. მსვლელობის შესახებ მოწოდებით შეკრებილების „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიმართა. ნიკა გვარამიამ საზოგადოებას მოუწოდა, მივიდნენ ალექსანდრე ლაშქარავას პანაშვიდზე და მის გარდაცვლილს პატივი მიაგონ. "ხვალ, 3 საათზე არის გამოსვენება და მერე გავაგრძელებთ მსვლელობას ჯიქიას ქუჩის მიმართულებით. დაკრძალვა არის ჯიქიას ქუჩის ბოლოს, ე.წ. ჯიქიას სასაფლაოზე. ძალიან გთხოვთ, სამზე იოსელიანის 37, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ მსვლელობას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ან ლინდე: შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება. მისი თქმით, ჟურნალისტებისა და LGBTIQ თემის წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელი და სამწუხაროა და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. „შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს. ჟურნალისტებისა და LGBTIQ თემის წინააღმდეგ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელი და სამწუხაროა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე Twitter-ზე. ცნობისთვის, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ გარდაიცვალა.

კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა

თბილისის მერი კახა კალაძე 13-14 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილსის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მემორანდუმს. "დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ილია ელოშვილი", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვაშინგტონში გაემგზავრნენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვაშინგტონში გაემგზავრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 12-16 ივლისს ღია საზოგადოების ფონდის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, სამართლიანი არჩევნების, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ატლანტიკური საბჭოს, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის, ფრიდომ ჰაუსის, ჰელსინკის კომიტეტის, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის და სხვა ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეხვედრებს დაესწრება ნინო ჟიჟილაშვილი. "შეხვედრები 12 ივლისს დაიწყება და შეეხება საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, დემოკრატიის ხარისხსა და განვითარების პერსპექტივას, სადაც უმთავრესი როლი აქვს მედიის თავისუფლების ხარისხს და სასამართლოს დამოუკიდებლობას. შეხვედრების შინაარსი დაეყრდნობა ორგანიზაციების მიერ რამდენიმე კვირით ადრე მომზადებულ საკითხებს: კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები და ანტიკორუფციული პოლიტიკა, რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, საქართველოში რეგისტრირებული ოფშორული კომპანიები- მფლობელებისა და საქმიანობის გაუმჭვირვალობა, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესი, მედიაგარემო და სახელმწიფო უსაფრთხოება. შეხვედრების მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოთქვამენ იმედს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის ხედვა აშშ-სთვის წარმოადგენს სანდო ალტერნატიულ საინფორმაციო წყაროს, რაც მათ საქართველოსთან მიმართებით დღის წესრიგის განსაზღვრაში და პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთაში კიდევ უფრო დაეხმარება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რიჩარდ ბრენსონი პირველი მილიარდელია, რომელმაც კოსმოსში საკუთარი წარმოების რაკეტით იმოგზაურა

რიჩარდ ბრენსონი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც კოსმოსში საკუთარი წარმოების რაკეტით იმოგზაურა. მისი კომპანიის, Virgin Galactic- ის მიერ დამზადებულმა ზებგერითმა კოსმოსურმა ხომალდმა, კვირის დასაწყისში, სტარტი მექსიკიდან აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც ცნობილია, ხომალდში ბრენსონი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდნენ. 71 წლის ბრენსონმა საკუთრი გამოცდილების შესახებ კოსმოსიდან გზავნილი გაავრცელა: "ყველა ბავშვს, მანდ, ქვემოთ, მინდა ვუთხრა: მეც ოდესღაც ბავშვი ვიყავი და ვარსკვლავებს ოცნებით შევყურებდი. ახლა ზრდასრული ვარ, კოსმოსურ ხომალდზე სხვა არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვიმყოფები და შევყურებ ჩვენს ლამაზ, ლამაზ დედამიწას. მეოცნებეთა მომდევნო თაობას მსურს ვუთხრა: თუკი ჩვენ ეს შევძელით, უბრალოდ წარმოიდგინეთ, თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ". კომპანია Virgin Galactic-ის განცხადებით, რაკეტამ კოსმოსში წარმატებით იფრინა. კვირის რეისი კომპანიისთვის რიგით 22-ე საცდელი და პირველი სრულეკიპაჟიანი გაფრენა იყო. ცნობისთვის, კოსმოსში გაფრენას, თავისივე კომპანიის ხომალდით, Amazon-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსიც გეგმავს.

ანდრიუს კუბილიუსი: მოლდოვა ევროპის იმედია

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, "მოლდოვა ევროპის იმედია". ამის შესახებ მის წერილშია საუბარი. როგორც კუბილიუსი აღნიშნავს, მოლდოვაში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. მისი თქმით, მოლდოვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კრემლი მარცხდება. ამასთანავე, მოლდოვამ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციისკენ. "განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება მოლდოვაში. საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლური ლიდერის, პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტია ლიდერობს. მან 53%-ზე მეტი მოაგროვა. ყოფილმა პრეზიდენტმა პრო-რუსმა იგორ დონდონმა 27%-ზე ნაკლები. მოლდოველი ხალხის არჩევანი არამხოლოდ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის არის გზავნილი, არამედ კრემლისთვის: დღევანდელი მოლდოვა კიდევ ერთი დასტურია, რომ კრემლი მარცხდება. მარცხდება ახალ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ხალხი ირჩევს ევროპულ მიმართულებას. ბელარუსებიც ანალოგიურ გზას ეძებენ. ეს არის სიგნალი მთლიანად ევროკავშირისთვის - მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა ევროპული ინტეგრაციისკენ. ევროკავშირმაც ამ სულისკვეთებით უნდა უპასუხოს და გახსნას კარი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა. უკრაინას მაიდანი სჭირდებოდა დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად და დაემშვიდობა კრემლის გავლენას. გუშინ, მოლდოვამ მოიგო "მაიდანის" არჩევნები. მოსკოვმა აქაც წააგო. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო რთულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდიდა და მხოლოდ კრემლს შეუძლია, ამით ისარგებლოს. მაგრამ საქართველოს დემოკრატია ჩააბარებს ამ გამოცდასაც. ბელარუსები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან თავიანთი დემოკრატიული მომავლისთვის. ერთ დღეს რუსი ხალხიც ამ გზას დაადგება. ეს გარდაუვალი ისტორიული ტენდენციაა. მოლდოვამ დაამტკიცა, რომ ევროპული ცხოვრების ისტორიული ტენდენციები და ევროინტეგრაცია ნამდვილად გარდაუვალია. მათ ვერ შეაჩერებენ ვერც დიქტატორები, ვერც ოლიგარქები და ძალაუფლების ქურდები, იმიტომ, რომ ოლიგარქებისგან განსხვავებით, ხალხი და მათი სურვილი, იცხოვრონ უკეთესად ნორმალური ევროპული ცხოვრებით, მარადიულია და უძლეველი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადოთ და მივულოცოთ მოლდოვის მოქალაქეებს და პრეზიდენტს, მაია სანდუს, რომ იმედი არამხოლოდ საკუთარი თავს, არამედ ევროპას დაუბრუნეს", - ნათქვამია ევროპარლამენტარის წერილში. ცნობისთვის, მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტია ლიდერობს.

"ქართული ოცნების" ოფიქსთან აქციაზე პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა

"ქართული ოცნების" ოფიქსთან აქციაზე პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ირაკლი აბსანძეც. დაკავების კადრები ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად შენობას კვერცხები და წითელი საღებავი ესროლეს. რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრნენ

ჯიმ რიში: კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს

,,რესპუბლიკელი" სენატორი ჯიმ რიში ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია. „თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია. ვლოცულობ ბატონ ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის. ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს. საქართველომ უკეთესს უნდა მიაღწიოს“, – წერს რიში Twitter-ზე. ცნობისთვის, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს. 13 ივლისს ასევე კეთილმორწმუნე დინარა დედოფლის ხსენება აღინიშნება, რომელიც ჰერეთის დედოფალი იყო და მოსახლეობას სპარსთა მონოფიზიტური სარწმუნოებისგან იცავდა. დღესასწაულის გამო მარხვა თევზით ხსნილია.

„ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ

,,ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ. ლაშქარავას იოსელიანის ქუჩა #37-დან, 15:00 საათზე გამოასვენებენ. შეგახსენებთ, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა,11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

დიეგო კოლასი: შს სამინისტროში შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებით

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი შსს-ში დიპლომატებსა და მინისტრ გომელაურს შორის შეხვედრაზე წერს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ელჩი მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის უმცირესობების. „დიპლომატებს გუშინ გვქონდა შეხვდერა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ კვლავ დავაფიქსირეთ ჩვენი იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასა და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით თბილისში. დაპირისპირების რიტორიკის ნაცვლად, ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, დაიცვას ყველას უფლება, მათ შორის უმცირსობებისა და პრესის თავისუფლების უფლება“, - წერს საფრანგეთის ელჩი. შსს: ვახტანგ გომელაურმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა 1, 3, 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საფრანგეთის ელჩი: გულგატეხილი ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო

ჯანმოს წარმომადგენელი კოვიდვაქცინების შერევას ,,საშიშ ტენდენციად" მიიჩნევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სხვადასხვა მწარმოებლის კოვიდვაქცინების შერევას „საშიშ ტენდენციას“ უწოდებს. როგორც სუმია სვამინათანიმ განაცხადა, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების კომბინაცია არის „საშიში ტენდენცია“, რადგან ვაქცინების კომბინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ არსებობს. „ეს ცოტა საშიში ტენდენციაა. როდესაც საუბარია შერევაზე, ჩვენ ვიმყოფებით ზონაში, სადაც არ არსებობს მონაცემები ან მტკიცებულებები“, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა. მისივე განმარტებით, სხვადასხვა ვაქცინების გაკეთების პრაქტიკა ქვეყნებში ქაოტურ სიტუაციას გამოიწვევს. ,,ქვეყნებში ქაოტური სიტუაცია იქნება, თუ მოქალაქეები დაიწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, როდის და ვინ მიიღებს მეორე, მესამე და მეოთხე დოზას,”- აღნიშნა მეცნიერმა.