ძებნის რეზულტატი:
იტალიური მკურნალობის პროტოკოლი ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებულებისთვის
ევროპის ქვეყნები კორონავირუსის მეორე ტალღას ლოკდაუნით ებრძვიან. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთმა პიკი სწორედ ამ შეზღუდვით გადალახა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინფექცია შეჩერდა. პარალელურად ვრცელდება ცნობები კიდევ ერთი ვაქცინის შესახებ, ამჯერად მსოფლიოს ყურადღება ამერიკული კომპანიის Moderna-ს მიერ დატესტილი ინექციისკენ არის მიპყრობილი, რომლის დამტკიცებასაც რამდენიმე კვირაში ვარაუდობენ. მისი ეფექტურობის მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს. ნოებრის ბოლოსთვის გეგმავენ კიდევ ერთი ვაქცინის დამტკიცებას, რომლის წარმატებით გამოცდის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. საუბარია გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე, რომლის წინასწარი ანალიზებიც აჩვენებს, რომ კოვიდინფექციისგან 90%-ით დაცვა შეუძლია. ვიდრე ვაქცინის გამოყენება დაიწყება, Europetime იტალიის მაგალითზე კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის ზოგად პროტოკოლს გაგაცნობთ, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური და ნებისმიერი მკურნალობის კურსი ოჯახის ექიმთან შეთანხმებით ინიშნება. მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში პაციენტი სახლში მკურნალობს. როგორც ჩანს, ეს მეთოდები ამართლებს, რადგან ინფიცირების შემთხვევათა ზრდის მიუხედავად, ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა და მძიმე პაციენტების რაოდენობაც პროცენტულად, საგრძნობლად შემცირებულია: 1. თუ დაგიდასტურდათ კორონავირუსი, მაგრამ არ გაქვთ გამოხატული მძიმე სიმპტომები, როგორ უნდა მოიქცეთ, რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, - არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ინიციატივა საკუთარ თავზე. აუცილებელად მიმართეთ ოჯახის ექიმს და გაითვალისწინეთ მისი მითითებები. ნებისმიერი მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემდეგ. 2. უნდა მიიღოთ თუ არა პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება? პარაცეტამოლი უნდა მიიღოთ, თუ სხეულის ტემპერატურა 38.5 გრადუსს გადააჭარბებს და გაქვთ თავის ან კუნთების ტკივილი. პარაცეტამოლის მიღება შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუ ამ სამი სიმპტომიდან ერთი მაინც გაქვთ გამოხატული. თუ სიცხე დაბალი და ასატანია, სიცხის დამწევი საშუალების მიღება აზრს მოკლებულია. პარაცეტამოლი სიცხის დამწევია და ანთებით პროცესზე გავლენა ნაკლებად აქვს. 3. უნდა გქონდეთ თუ არა სახლში პულსოქსიმეტრი? პულსოქსიმეტრი ამ შემთხვევაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თერმომეტრი. მისი საშუალებით სუნთქვითი ფუნქციის მონიტორინგს შეძლებთ, ანუ შეძლებთ ჟანგბადის სატურაციის გაზომვას. სატურაციის ნორმაა 96-98%. აპარატის გამოყენების მეთოდი შემდეგია: ჯერ გაიზომეთ დასვენებულ მდგომარეობაში, შემდეგ იმოძრავეთ 6 წუთის განმავლობაში, იარეთ სახლში, ნორმალური ტემპით. თუ ამ აქტივობის შემდეგ მონაცემები არ შეიცვალა, იმას ნიშნავს, რომ ფილტვები კარგად ფუნქციონირებენ. თუ მონაცემები 93-94%-მდე ჩამოვიდა, ექიმი შესაბამის ზომებს მიიღებს და დიდი ალბათობით სახლის პირობებში ფილტვების რენტგენს დანიშნავს. ეს არის იდეალური გზა ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, რა თქმა უნდა, თუ მდგომარეობა განგაშის საბაბს არ იძლევა. 4. კორტიზონი? სხვადასხვა კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ კორტიზონის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სუნთქვის მწვავე უკმარისობისას, როდესაც მაჩვენებელი 90%-ს ქვემოთ ჩამოდის და პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა ხდება აუცილებელი. ხშირ შემთხვევაში ამ პრეპარატით თვითმკურნალობას მიმართავენ და ძირითადად სიცხის დასაწევად იყენებენ, რაც არასწორია. ამ პრეპარტმა, თუ ის დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება, შეიძლება ზიანი მიაყენოს ავადმოფს და ვირუსის განმეორებას შეუწყოს ხელი. მაგრამ კორტიზონი ამ ეტაპზე ფუნდამენტური საშუალებაა საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის შემთხვევაში, ავადმყოფობის ნაადრევ ეტაპზე. მსუბუქად გამოხატული სიმპტომებისას როგორც ახალგაზრდებში, ასევე ასაკოვან პაციენტებთან, ლაციოს რეგიონის პროტოკოლი სრულიად გამორიცხავს სპრეის, აეროზოლის (ორივე ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას) და კორტიზონის გამოყენებას. 5. უნდა მიიღოთ თუ არა ჰეპარინი? შესაძლებელია სახლის პირობებში მოხმარება, მაგრამ მცირე დოზით, თრომბოემბოლიის პრევენციისათვის, იმ შემთხვევაში თუ დაინფიცირებული მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფება, რათა არ მოხდეს სისხლის კოაგულაცია ფილტვებში. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ შეიძლება ჰქონდეს ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, საუბარია ინექციაზე პატარა ნემსით, რა თქმა უნდა, გამოყენებული უნდა იყოს აუცილებლად ექიმის დანიშნულებისამებრ. 6. აქვთ თუ არა ანტიბიოტიკებს გავლენა COVID19-ზე? მათი გამოყენება იშვიათად ხდება საჭირო. მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა, ბოლო პერიოდში ასეთი სახის პრეპარატებს გადაჭარბებით იყენებენ. ხველა და სიცხე სულაც არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობას მიმართოთ. ამ მედიკამენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავენ, თუ ხველა და მაღალი სიცხე დღეების განმავლობაში გრძელდება და ოჯახის ექიმი პირადი ვიზიტის შემდეგ, საჭიროდ ჩათვლის მათ დანიშვნას. 7. რამდენად სასარგებლოა C და D ვიტამინების მიღება კორონავირუსის შემთხვევაში? მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ამ ვიტამინების დადებითი გავლენა ვირუსის შემთხვევაში ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, დღეში ერთი გრამი C ვიტამინის, გარკვეული რაოდენობის D ვიტამინისა და თუთიის მიღება, თუ ორგანიზმი მის ნაკლებობას განიცდის, შეიძლება გამართლებული იყოს. ამან შესაძლოა ვირუსის მიმართ ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობა გაზარდოს და არ ახასიათებს უკუჩვენებები. მოამზადა ნინა მამუკაძემ Corriere della sera-ს მიხედვით სპეციალურად „ევროპათაიმისთვის“
კახა კალაძე შტაბის დაწვაზე ნიკა მელიას განცხადებას პასუხობს
„სამარცხვინოა პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრის განცხადება“, - თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, „კანონიერი ქურდის“ ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს. „საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას, რომ არა არჩევნების მეორე ტური. ასევე, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა და ჩემი პატივისცემა გამოვხატო გლდანისა და გლდანელების მიმართ. რაც შეეხება განცხადებას, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო. რასაც ისინი აკეთებდნენ, წარმოუდგენიათ და თავად შეუძლიათ გააკეთონ, ჰგონიათ, რომ იგივეს გაკეთება შეუძლია სხვასაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ნიკა მელიას ოფისის დაწვაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია შტაბში არსებული ინვენტარი.
ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში იმუნიზაციის პროგრამას იწყებს
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში იმუნიზაციის საპილოტე პროგრამას იწყებს. მედიის ინფორმაციით, ოთხი შტატი - როდ აილენდი, ტეხასი, ნიუ-მექსიკო და ტენესი - პროგრამისთვის ზომის, მოსახლეობის მრავალფეროვნებისა და იმუნიზაციის ინფრასტრუქტურის განსხვავების გამო შეირჩა. კომპანიაში განმარტავენ, რომ საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული შტატების მოსახლეობა ვაქცინას სხვა შტატებზე ადრე მიიღებს. შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურმა ვაქცინამ 90% -იანი ეფექტურობა აჩვენა. Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.
„საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი შეაჩერა
„საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი შეაჩერა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საქნახშირში“ დასაქმებულ 144 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. „საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, „საქნახშირი“ პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. 13 ნოემბერს, PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (დასაქმებულია 1170 ადამიანი). ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს. „საქნახშირის“ შახტებში და მიწისზედა კომპლექსში Covid 19-ის სადეზინფექციო სამუშაოები არ შეჩერებულა. აღნიშნულ ღონისძიებებს ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს. „საქნახშირის“ თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ შეკავების ძლიერი გზავნილის გაჟღერების თვალსაზრისით - ეველინ ფარკასი
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსან ეველინ ფარკასის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ შეკავების ძლიერი გზავნილის გაჟღერების თვალსაზრისით, რუსეთმა ნატოს წითელი ხაზები რომ არ გადაკვეთოს და ეცდება ამ ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიც მოაქციოს, როგორიც უკრაინა და საქართველოა. ამის შესახებ ფარსკასმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იქნება იგივე დონეზე, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციის დროს იყო. საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია - ისევე როგორც ეს ამერიკაშია ახლა. მიმდინარეობს ძალიან რთული პოლიტიკური ბრძოლა. ვფიქრობ, ამერიკა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას იმაში, რომ ის მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილია. ასევე ვფიქრობ, გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. თუმცა, ნატოში გაწევრიანებას, ამასთან ერთად, ქართველების მხრიდან ერთგვარი შემოქმედებითი მიდგომა და მძიმე შრომაც დასჭირდება. ვფიქრობ, ნატოსთან დაკავშირებით, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს არსებული კრიტერიუმები. ამავდროულად კი, ნატომ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა რუსეთის მთავრობას ვეტოს [უფლებას] ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე, თუ რომელ ალიანსს დაუკავშიროს საკუთარი ქვეყანა. ამასთან, თუ იმას გულისხმობთ, მოველი თუ არა რუსეთის მიმართ ხელშეწყობის ან ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულების ქონას, პასუხია - არა. თუმცა, მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს პრეზიდენტი მოვა და რუსეთთან ძალიან მტკიცე იქნება. ცხადია, ის რუსეთს თანამშრომლობას შესთავაზებს, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ მას ძალიან მტკიცე მიდგომა ექნება“, - განაცხადა ეველინ ფარკასმა ინტერვიუში.
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. "ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს", - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.
3117 ახალი შემთხვევა და 45 გარდაცვლილი - 17 ნოემბრის სტატისტიკა
17 ნოემბრის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 85 952-ს. რაც შეეხება გამოჯანმრთელების კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას, როგორც ბოლო რამდენიმე დღის მონაცემებით, ასევე დღესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების ციფრს. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 68 929-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის, თბილისში - 18, აჭარაში - 9, იმერეთში - 9, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 5, კახეთში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 778 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში - 469, იმერეთში - 302, ქვემო ქართლში - 259, შიდა ქართლში - 173, გურიაში - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 355, კახეთში - 117, მცხეთა-მთიანეთში - 86, სამცხე-ჯავახეთში - 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219. 5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 630, აჭარაში - 911, იმერეთში - 1 142. მძიმე პაციენტი გვყავს 740, მათ შორის, თბილისში - 378, აჭარაში - 137, იმერეთში - 115. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 332 პირი, მათ შორის, თბილისში - 132, აჭარაში - 117, იმერეთში - 24. 3 351 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 607 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 222 - იმერეთში. 7 206 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 797 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 424, აჭარაში -1 610, ხოლო იმერეთში - 32. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 15 831 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 103 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 14 881 პირი, აჭარაში - 16 724, იმერეთში - 5 387“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
გერმანიაში კორონავირუსის 14 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 267 ადამიანი გარდაიცვალა
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 815 746-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს კიდევ 267 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 12 814-ს მიაღწია. შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებმა კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამკაცრებაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებს ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ სურთ, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, შობამდე თავი შეიკავონ კერძო წვეულებების გამართვისგან, შეზღუდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და გრიპის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე სახლში დარჩნენ. ანგელა მერკელი და რეგიონების ხელმძღვანელები ვიდეო ფორმატში შეხვედრას მომავალი კვირის ოთხშაბათსაც გამართავენ.
ბელგიის მოსახლეობისთვის კორონავირუსის ვაქცინა უფასო იქნება
ბელგიის მთავრობა გეგმავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი და ვაქცინაცია უფასო იყოს,- ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრენკ ვანდენბრუკმა განაცხადა, რომ მათი მიზანი მოსახლეობის სულ მცირე 70 პროცენტის ვაქცინაციაა. „პრიორიტეტული ჯგუფები განისაზღვრება სამეცნიერო მოსაზრებებისა და სოციალური დებატების საფუძველზე”, - განაცხადა ვანდენბრუკემ. მისივე თქმით, ვაქცინაცია ქვეყანაში სავალდებულო არ იქნება, თუმცა ყველა მსურველი უფასოდ აიცრება. ბელგიაში 11. 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში კორონავირუსის თითქმის 540 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 14 000-ს აჭარბებს.
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას დებატებში იწვევს
"არჩევნებთან დაკავშირებით გვესმის უამრავი ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და რომელიც მანიპულაციას შეიცავს თავის თავში. ეს ეხება სარჩელებსაც", - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები მანიპულაციური და სპეკულაციურია. „როდესაც საბოლოოდ საოლქო კომისიებმა შეაჯამეს შედეგები და შემდეგ ცესკო-ში წავიდა ეს ყველაფერი, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გასაჩივრდა ერთადერთი უბანი. რაც შეეხება, ზოგადად, პოლიტიკური პარტიების საჩივრებს, მათი დიდი უმრავლესობა – 90%-ზე მეტი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ. მიზანი იყო მარტივი, კერძოდ, დაეგროვებინათ სტატისტიკა, რითაც მანიპულაციებს განახორციელებდნენ. როცა არაუფლებამოსილ პირს შეაქვს სარჩელი, მარტივია საარჩევნო ადმინისტრაციის და შემდეგ უკვე სასამართლოს რეაქცია. ჩვენ მანამდე გვქონდა ბრიფინგი იმასთან დაკავშირებით, რას აპირებდნენ ოპოზიციური პარტიები. ისინი აპირებდნენ დიდი რაოდენობით საჩივრების შექმნას ხელოვნურად, რომ მერე ამ ციფრებით მანიპულირება განეხორციელებინათ. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას და სასამართლოს, მოხდა უპრეცედენტო რამ - გადაითვალა 39 უბანი და ერთი უბანი, თვლის გარეშე, საერთოდ გაუქმდა. შესაბამისად, გაუქმების საფუძველზე ტარდება მეორე ტური აღნიშნულ მაჟორიტარულ უბანზე. ასეთი რამ ჩვენს საარჩევნო ისტორიაში არასდროს მომხდარა. ამ ნაბიჯს ოპოზიციამ უპასუხა დესტრუქციით საარჩევნო კომისიების გარშემო. რეალურად ყველაფერი - ციფრები, სტატისტიკა, კონკრეტული მონაცემები – მეტყველებს იმაზე, რომ რაიმე სისტემური მანიპულაცია ამ საარჩევნო პროცესში არ მომხდარა. თუმცა ოპოზიცია გაურბის ფაქტებს. ვთავაზობ ოპოზიციას, დავსხდეთ დებატების ფორმატში და ვისაუბროთ. გარწმუნებთ, რომ ყველა მათი სპეკულაცია და მანიპულაცია იქნება მხილებული. გარწმუნებთ, რომ ყველაფერი, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, არის სპეკულაციები და მანიპულაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 442 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 971 013-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 442 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 33 931-ს მიაღწია. რუსეთში კოვიდ 19-სგან დღემდე 1 475 904 ადამიანი განიკურნა.
ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება
ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება. ყოფილი იურისტი, 37 წლის ჯან ზანი, 2020 წლის მაისში დააკავეს. მას ბრალად „კონფლიქტის პროვოცირება და არეულობის გამოწვევა“ წაუყენეს. როგორც ჩინელი უფლებადამცველები აცხადებენ, ზანი ქალაქ უხანში თებერვალში ჩავიდა დ იქ არსებულ სიტუაციას აქტიურად აშუქებდა. მათ შორის მან გაავრცელა ცნობები, ქალაქში მომუშავე სხვა ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავების შესახებ. მის რეპორტაჟებში საუბარი იყო ვირუსით დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრების შევიწროების ფაქტებზეც. რეპორტიორი 14 მაისს უხანში გაუჩინარდა. ერთი დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯან ზანი შანხაიში დააკავეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რეპორტიორი შიმშილობს და ამგვარად აპროტესტებს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას.ახალი ბრალდების მიხედვით, ჩინელს ჟურნალისტს „ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებენ. ჯან ზანი არ არის პირველი ჟურნალისტი, რომელსაც უხანში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მომზადებული რეპორტაჟების გამო ჩინეთში პრობლემები შეექმნა. ქალაქში მომუშავე სამი რეპორტიორი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით გამოჩნდა და განაცხადა, რომ ის „კარანტინში“ იმყოფებოდა.
„აზიის განვითარების ბანკმა“ წევრებისთვის კოვიდ19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის 20.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო
„აზიის განვითარების ბანკმა" 20.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ტექნიკური დახმარების სახით, განვითარებადი წევრებისთვის კორონავირუსის დაავადების (კოვიდ-19) ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისა და ვაქცინის სამართლიანი და ეფექტური განაწილებისთვის სისტემების დანერგვის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ADB-ში აცხადებენ, ფულადი რესურსი ხელმისაწვდომი იქნება ADB-ის განვითარებადი წევრებისთვის ვაქცინასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სისტემების შეფასებისა და ქვეყნის მზაობის გეგმის განსავითარებლად, რათა მოხდეს შესაძლებლობების გაძლიერება ვაქცინაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობის, მისი შესწავლის, გავრცელების, მიწოდებისა და მონიტორინგისთვის. ფულადი რესურსი წევრებს დაეხმარება შეაფასონ და გააძლიერონ ვაქცინის ცივი ჯაჭვი და ლოგისტიკა, ინფექციის კონტროლი, ჯანდაცვის სფეროს მუშაკების მომარაგება და უნარები, რისკების კომუნიკაცია და რეალურ დროში მონაცემთა აღრიცხვა და ზედამხედველობა. ტექნიკური დახმარება ასევე დაეხმარება ინოვაციური ცივი ჯაჭვის იდენტიფიკაციასა და ხელშეწყობას და ვაქცინის მიწოდების მონიტორინგის ტექნოლოგიებს. „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად საერთო ჯამში კარგად იმუშავა. უსაფრთხო, ეფექტურ და საჭირო რაოდენობის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი საფეხურია. აღნიშნული გრანტით, ADB-ის შეუძლია დაეხმაროს განვითარებად წევრებს მიიღონ სასწრაფო ზომები, მათ შორის ვაქცინის სისტემის შეფასებისა და ვაქცინის განაწილების სტრატეგიების განსასაზღვრად, რათა უზრუნვეყოფილ იქნას ვაქცინის ეფექტურად და სამართლიანად მიწოდება", - განაცხადა ADB-ის მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვოჩონგ უმმა. ინფორმაციის თანახმად, ADB ტექნიკური დახმარების განხორციელებას პარტნიორებთან - UNICEF-თან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად გეგმავს, COVAX-თან, Gavi-სთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა მრავალმხრივ სააგენტოებთან კოორდინაციის გზით. აღნიშნული ტექნიკური დახმარების 20 მილიონ აშშ დოლარს ADB-ის ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდი (TASF) გამოყოფს, ხოლო 300,000 აშშ დოლარი იაპონიის მთავრობის მაღალი დონის ტექნოლოგიების ფონდის მიერაა დაფინანსებული.
შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს - ალიევი
ქალაქ შუშას ოკუპაციისგან გათავისუფლებამ მტერს ჩვენი ძალა, ჩვენი არმიის გამბედაობა და ჩვენი ჯარისკაცების გმირობა აჩვენა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად ფიზული-შუშას გზის მშენებლობის პროექტის განხორციელებას გაეცნო. მისი თქმით, შუშას გათავისუფლების ოპერაცია დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვდა. „დარწმუნებული ვარ, ეს ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს. შუშას გათავისუფლება ბრწყინვალე გამარჯვებაა, რომელმაც მტერს უკანასკნელი დარტყმა მიაყენა, შემთხვევითი არ არის, რომ მტერმა 10 ნოემბერს ფაქტობრივად კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი,“- განაცხადა ალიევმა. მან აზერბაიჯანელ ხალხს ფიზული-შუშას გზის მშენებლობის დაწყება მიულოცა. „დღეს საძირკველი ეყრება ფიზული-შუშას საავტომობილო გზის მშენებლობას. ამ გზას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მას ყარაბაღის გვირგვინთან, ქალაქ შუშასთან მივყავართ. ამასთან, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც გათავისუფლებულ მიწებზე ხორციელდება,“- აღნიშნა ალიევმა.
სომხეთის პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების გამართვის მოწოდებით გამოდის
სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის, რათა ქვეყანაში, კრიზისი, რომელიც "სეპარატისტული მთიანი ყარაბაღისთვის აზერბაიჯანთან ომის შედეგად წარმოიშვა", მოგვარდეს. "არჩევნები ქვეყანას, ექვსკვირიანი ომის შემდეგ რყევისგან იხსნის, რომელომაც ქვეყანა ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანა", - აღნიშნა სარქისიანმა. მან სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და ალიანსს მოუწოდა, შეიმუშაონ „საგზაო რუკა“ და მოამზადონ ვადამდელი არჩევნები. "ის უნდა მოაწყოს ახალმა, „ეროვნული თანხმობის მთავრობამ“, - აღნიშნა მან. სარქისიანის, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება ცერემონიული ხასიათისაა, მაგრამ ის აცხადებს, რომ მისი წინადადება პოლიტიკური პარტიებსა და საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს ასახავს. ზოგიერთი პარტია მოითხოვს ფაშინიანის გადადგომას და საპროტესტო გამოსვლებს მართავს ქუჩაში. ფაშინიანი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და 16 ნოემბერს გადააყენა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის გადადგომას ოპოზიცია აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადების გამო მოითხოვდა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში თავი მშვიდად იგრძნონ - კულუმბეგოვი
თითოეული ჩვენგანის, ყველა ექიმის ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში მშვიდად იგრძნონ თავი“,- ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ზოგადად ეპიდემიის მიმდინარეობის ტრაექტორია აღმავალია, შესაბამისად, შეხვედრისას ასევე საუბარი იყო ეპიდემიოლოგიურ მოდელირებებზე. „ვთანხმდებით, რომ ქვეყანა პიკთან ახლოს არის. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის, თითოეული ექიმისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ერთმანეთთან პაციენტების გაზრდილი რაოდენობა და სახელმწიფოს შესაძლებლობები. ვისაუბრეთ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვაზე, რაც რეალური პრობლემაა, თუმცა ეს პრობლემაა სამედიცინო და არა სახელმწიფოს ნაწილში. თითოეული ჩვენგანის, ყველა ექიმის ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რასაც ახლაც ვაკეთებთ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში მშვიდად იგრძნონ თავი. ამისთვის საჭიროა რესურსებზე ხელმისაწვდომობა და აქ პირველ რიგში იგულისხმება პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი გაუმჯობესება. ასევე რა თქმა უნდა, საუბარი იყო მობილობის შემცირებაზე, რათა ჩვენ ვირუსის გავრცელების ბუნებრივ მაჩვენებლებს დავარტყათ. ეს თავისთავად აისახება ავადობის შემცირებაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს ჰოსპიტალიზაციის შემცირებას და მასზე შეწონილ სიკვდილობის ციფრს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით განმეორებითი შეხვედრები გაიმართება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
New York Times: ტრამპი ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად ირანზე თავდასხმას განიხილავდა
New York Times-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას, მთავარ თანაშემწეებს ჰკითხა უახლოესი კვირების განმავლობაში ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობის შესახებ. ამერიკული მედია წერს, რომ ტრამპის ჩანაფიქრს წინ უსწრებდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს განცხადება (IAEA) ირანის მიერ ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით. მისივე თანახმად, დიდი ალბათობით ტრამპის იერიშის სამიზნე გახდებოდა ქალაქი ნატანზი, რომელზეც თქვა ატომური ენერგიის სააგენტომ, რომ ურანიუმის მარაგები იქ ახლა ძველზე თორმეტჯერ მეტი იყო. ეს ყველაფერი კი მოხდა მას შემდეგ, რაც ირანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 2018 წელს, რომლის თანახმად ირანი არ გაზრდიდა საკუთარ მარაგებს. ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ გაზრდის სადამსჯელო ზომებს, რასაც ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს „სანქციების კედლის“ აგების მცდელობად, რომლის გადალახვაც ბაიდენს გაუჭირდება. თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის და ირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემდეგ გამწვავდა. შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ადრინდელი სანქციების გაუქმებას გულისხმობდა. 2015 წლის შეთანხმებით, თეირანი, ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან ერთად, შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო სააგენტოს ექსპეტებს, ეკონომიკური სანქციების გაუქმების სანაცვლოდ შეამოწმონ მისი ბირთვული ობიექტები.
მზად ვართ ნებისმიერ სახის დებატისთვის, ოღონდ „ქართული ოცნების" წამყვან სახეებთან - სერგო ჩიხლაძე
ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სახის დებატში შევიდეთ, ოღონდ „ქართული ოცნების" წამყვან სახეებთან, რანგით, მესამე-მეოთხე კლასის მოთამაშეებთან არა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა. „რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს", ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები ვიყავით წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ვითხოვდით პრემიერ-მინისტრთან და სხვა წევრებთან დებატებს, თუმცა, მაშინ არ შედგა პრემიერ-მინისტრთან დებატები. დებატებს არ გავურბივართ, პირიქით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სახის დებატში შევიდეთ, ოღონდ „ქართული ოცნების" წამყვან სახეებთან, რანგით, მესამე-მეოთხე კლასის მოთამაშეებთან არა. უპრიანი იქნება ან თავმჯდომარესთან ან იგივე გახარიასთან", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით დებატებში იწვევს.
მაიკ პომპეო საქართველოშია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასასმელად იქნება გამოყენებული და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე; მთავარი დასაყრდენი რეგიონში. 10-დღიანი ტურნე 7 ქვეყანას მოიცავს. ის თურქეთიდან ჩამოვიდა, სადაც მსოფლიო პატრიარქს შეხვდა, ქვეყნის ლიდერებთან კი მოლაპარაკებები არ გაუმართვს. თბილისი ევროპაში მაიკ პომპეოს ბოლო გაჩერებაა. საქართველოს დედაქალაქის დატოვების შემდეგ კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში, ყატარში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში გაემგზავრება. სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდება. გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რელიგიის თავისუფლების საკითხს უკავშირდება. ოფიციალური პირების გარდა სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო სექტორთანაც გეგმავს შეხვედრას. ამით დასრულდება ამერიკელი დიპლომატების შეხვედრები თბილისში, რის შემდეგაც ის საქართველოს დატოვებს. რაიმე სახის განცხადება, ან პრესკონფერენცია პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის. მაიკ პომპეოს ოფიციალური შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან არ არის დაგეგმილი, თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნისთვის საკუთარი მოთხოვნების გაცნობას ოპოზიციამ მდუმარე აქციით და ტრანსფარანტებით გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს, „ქართული ოცნება“ კი ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს და მეორე ტურისთვის ემზადება. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გამართული ორი რაუნდი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მესამე შეხვედრა ჯერ არ ჩანიშნულა. მანამდე კი, დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას ორივე მხარე ხაზს უსვამდა. მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ პომპეოს ვიზიტს აშშ-შიც არჩევნები უძღოდა წინ. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
იქამდე ლოდინი, ვიდრე რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილები არ შეივსება, დაუშვებელია - მერკელი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ ზომებს გაგებით მოეკიდონ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მერკელმა აღნიშნა, რომ სოციალური ცხოვრების შეზღუდვა დემოკრატიული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა, მიღებული გადაწყვეტილებები კი მისი მმართველობის პერიოდში ყველაზე რთული იყო. „თუმცა, იქამდე ლოდინი, ვიდრე რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილები არ შეივსება, დაუშვებელია“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა მიუნხენში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე. შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებმა კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამკაცრებაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებს ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ სურთ, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, შობამდე თავი შეიკავონ კერძო წვეულებების გამართვისგან, შეზღუდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და გრიპის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე სახლში დარჩნენ. ანგელა მერკელი და რეგიონების ხელმძღვანელები ვიდეო ფორმატში შეხვედრას მომავალი კვირის ოთხშაბათსაც გამართავენ.