ძებნის რეზულტატი:
ბელარუსში სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს
ბელარუსში კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს. ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი „ვიესნა“ ავრცელებს. ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია დაკავებული პირების სია და აღნიშნულია, რომ დემონსტრანტები მინსკის გარდა ნოვოგრუდოკში, ბობრუისკში, ვიტებსკიში, გომელსა და სვეტლოგორსკშიც დააკავეს. ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.
IRI არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზსა და რეკომენდაციებს 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურებისთვის. „საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა", - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე. დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო. 2020 წლის 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურებისა და 9 საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, მისიის ანგარიში სთავაზობს საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას მომავალი არჩევნების სანდობიის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ რეკომენდაციებს. ანგარიში იხილეთ მბულზე: ანგარიში
ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალური პროგრამისგან მიიღო შეტყობინება, რომ კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. BBC-ი წერს, რომ აღნიშნული პირი პარლამენტის წევრი ლი ანდერსონია. ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ვირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა, დადგენილი წესების თანახმად, თვითიზოლაციაში გადადის და მუშაობას დაუნინგ სთრითზე მდებარე რეზიდენციიდან განაგრძობს. შეგახსენებთ, ბორის ჯონსონს კორონავირუსი აპრილში დაუდასტურდა. მან 3 დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა, რომლის დატოვების შემდეგაც ექიმებს გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.
გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს
გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს. შტაბის წევრების ინფორმაციით, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა. „ერთ-ერთ შტაბში, რომელიც მდებარეობს გლდანის მესამე მიკროში, დილით ისროლეს ორი დიდი ქვა, ჩამტვრეულია მინები. ასევე, ისროლეს ნაჭრით და ბენზინით სავსე ბოთლები, რომლითაც ცეცხლი გააჩინეს. შენობა დამწვარია, ამ დროს შტაბში არავინ არ იმყოფებოდა. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია“, - აცხადებს თამარ ზერეკიძე. არსებული ინფორმაციით, უკვე ამოღებულია იქვე მდებარე აფთიაქის კამერის ჩანაწერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
არჩევნების მეორე ტურისთვის 8 612 110 ლარი დაიხარჯება
საქართველოში, 21 ნოემბერს ჩანიშნული არჩევნების მეორე ტურისთვის, 8 612 110 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზეა განთავსებული. თანხის ნახევარზე მეტი - 4 566 700 ლარი შრომის ანაზღაურებაა, დანარჩენი ნაწილი კი სხვა ხარჯებსა და სხვადასხვა ტიპის მომსახურების შესყიდვას მოხმარდება. 31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის ცესკოს 42,7 მლნ ლარზე მეტი ჰქონდა გამოყოფილი. არჩევნების შედეგებს ზღვარგადალახული პარტიები გაყალბებულს უწოდებენ, არ აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლა.
ნიკა მელიას შტაბზე თავდამსხმელი, მკაცრად დაისჯება - ქართული ოცნება
„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წარმომადგენლის ბექა დავითულიანის განცხადებით მკაცრად პასუხს მიიღებს ვინც გლდანის ოპოზიციონერი მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ცეცხი გააჩინა. ბექა დავითულიანმა ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს, ხაზგასმით ვამბობ ამას, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გამოძიება გაარკვევს“, - განაცხადა დავითულიანმა. გლდანის ოპოზიციონერი მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის მინა ჩაამსხვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.
ოჯახის ექიმის გასაგებად კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს 112-ზე დარეკვა აღარ მოუწევთ
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პორტალი, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, გაარკვიონ, საჭიროების შემთხვევაში, რომელ საავადმყოფოს ან ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ. ამასთან, როგორც მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, პორტალი 112-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზების შესამსუბუქებლად შეიქმნა. "პორტალი იქნება, სადაც მოქალაქეები თავიანთი პირადი ნომრებით გადაამოწმებენ, რომელ კლინიკაში არიან რეგისტრირებულნი და რომელი ოჯახის ექიმი ემსახურებათ, სახელი და გვარი მითითებული იქნება. ადამიანებს ექნებათ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, რომელ კლინიკას ან ექიმს უნდა მიმართონ. ჯერჯერობით, არ ჩანს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც გამოჩნდება, დამოუკიდებლადაც შეეძლებათ აღნიშნული ვებგვერდის გახსნა - ambulatoria@moh.gov.ge ერქმევა", - აცხადებენ სამინისტროში.
რა ჩივილების შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე - სამინისტრო
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გადის, როდესაც პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8 ან მეტი და ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი – ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა. ასევე, პაციენტი რომელიღაც რისკჯგუფს თუ განეკუთვნება, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციისა და მტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების შესაბამის დანართშია აღნიშნული. დანართის თანახმად, რისკჯგუფებში შედიან პაციენტები შემდეგი მონაცემებით: 65 წელი და ზემოთ; ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ორი კვირა; თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის წინ დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი. ასევე, თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი: მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი); დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია); ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე); კრუნჩხვა. თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში; თუ პაციენტი არის უცხოენოვანი; თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი. გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8-ზე ნაკლები, მიუხედავად შემდეგი სიმპტომებიდან ერთ-ერთის არსებობისა: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა, ასევე მიუხედავად რისკ-ფაქტორებისა. დანართში აღნიშნულია, რომ ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.
რუმინელი ექიმი, რომელმაც ხანძრის დროს, კოვიდინფიცირებული გადაარჩინა, სამკურნალოდ ბელგიაში გადაიყვანეს
რუმინელი ექიმი, რომელმაც ხანძრის დროს, კოვიდინფიცირებული გადაარჩინა, სამკურნალოდ ბელგიაში გადაიყვანეს. მას სხეულის 40%-იანი დამწვრობა აქვს. ამის შესახებ BBC წერს. პრემიერ-მინისტრმა, ლუდოვიკ ორბანმა კატალინ დენსიუს განსაკუთრებული სიმამაცე შეაქცო და მის ქმედებას გმირული უწოდა. რუმინეთში, კოვიდკლინიკაში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 7 კაცი და სამი ქალია. გარდაცვლილთა ასაკი 67-დან 86-მდეა. გამოძიება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, როგორ გაჩნდა ხანძარი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ცეცხლი ასევე მოედო მომიჯნავე ოთახს. ზოგიერთი ცნობით, ცეცლი სამედიცინო აპარატს გაუჩნდა, როდესაც ახლომდებარე ჟანგბადის ბალონმა აალება გამოიწვია. რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს, რა მოხდა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს. რუმინეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 360 000 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცლილია 9000-მდე ადამიანი.
საქართველოს პრეზიდენტი მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს. სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი იქნება. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ერთობლივ მოშაობას და ევროპისკენ საერთო გზაზე სვლას. მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 15 ნოემბერს ჩატარდა, ხმების 57%-ით გაიმარჯვა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატმა მაია სანდუმ. მან პრორუსულად განწყობილი იგორ დოდონი დაამარცხა. Congratulations with a deserved victory @sandumaiamd, President- elect of Moldova. Another woman President in our region is extremely important. I look forward to working together and forging our common path to Europe.#WomenLeadtheChange 🇬🇪 🇲🇩 🇪🇺 — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 16, 2020
ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაიწყო. სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და სკოლის გენერალურ დირექტორთან ნინო ჩიკვაშვილთან ერთად ჩააგდო. ქართულ-ამერიკული აკადემია, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, კაფეტერიებითა და ლაბორატორიებით, 2021 წელს გაიხსნება. განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს. აღნიშნულ პროექტს სკოლა „პროგრესი“ შპს „ანაგი განათლებასთან“ ერთად განახორციელებს. ეს იქნება პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია დასავლეთ საქართველოში სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებით. აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. პროგრამა აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს "AdvancED"-ის და "უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს" მიერ.
ერდოღანი ყარაბაღში თურქ სამხედროებს გზავნის
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის შესახებ ბრძანებულება მოამზადა. პროექტი პარლამენტში უკვე გადაზავნილია დასამტკიცებლად, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო “Anadolu”. «ცენტრის დისლოკაციის ადგილს აზერბაიჯანი განსაზღვრავს. მასში იმოქმედებენ სამხედრო მოსამსახურეები, საჭიროების შემთხვევაში კი – სამოქალაქო სპეციალისტებიც. ცენტრის მუშაობა მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის ჭრილში, რაც ასახულია გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ეუთო-ს რეზოლუციებშიც” - ნათქვამია ბრძანებულების პროექტი. მასში ასევე აღნიშნულია, რომ “აზერბაიჯანში სამხედროების გაგზავნა თურქეთის ეროვნულ ინტერესებსაც შეესაბამება”. ცნობისთვის: რუსეთი და თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გასაკონტროლებლად ერთობლივი ცენტრის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. თუმცა შემდგომში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ "არანაირი თურქი სამხედროები ყარაბაღში არ შევიდოდნენ" და რომ დიახ, სადამკვირვებლო მისიაში თურქული მხარის მონაწილეობა მართლაც იყო შეთანხმებული, მაგრამ "დაკვირვების განხორციელება დისტანციურადაცაა შესაძლებელი, მაგალითად, დრონების გამოყენებით".
საქმე გვაქვს კლინიკების დონეზე არაეფექტურ მართვასთან - ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 1 040 სასუნთქი აპარატი, 3 400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი და ამ კუთხით ქვეყანაში კოლაფსი არ არის. ჟურნალისტის კითხვაზე, რა მდგომარეობაა სასუნთქ აპარატებთან დაკავშირებით, რადგან იყო შემთხვევები, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადარჩენა სწორედ სასუნთქი აპარატის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა, მინისტრმა განაცხადა, რომ საქმე გვაქვს კლინიკების დონეზე არაეფექტურ მართვასთან. “დღეს პრემიერთან ერთად კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდით, სადაც კლინიკებში მეტად უფრო ეფექტურ მენეჯმენტზე ვისაუბრეთ. ეს გულისხმობს შემდეგს - დღეს-დღეობით ქვეყნაში სასუნთქ აპარატზე დამოკიდებულია დაახლოებით 257 პაციენტი. ჟანგბადდამოკიდებულია 937 პაციენტი. დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია. რეალურად კლინიკებს შეუძლიათ დანარჩენი პაციენტები კოვიდსასტუმროებში გადაანაწილონ, სადაც ისინი მკურნალობას გააგრძელებენ. აქ ჩვენ საქმე გვაქვს მეტად უფრო არაეფექტურ მართვასთან, რასთან დაკავშირებითაც მათთან კონსულტაციები გავიარეთ, ამ საკითხებზე შევჯერდით. კლინიკები თავიანთ დონეზე მენეჯმენტს გააუჯობესებენ - სასუნთქი აპარატები და ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლები იმ პაციენტებისთვის იქნება მობილიზებული, ვისაც ეს ესაჭიროება“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ და დასძინა, რომ დაგეგმილია დამეტებითი შესყიდვები და სასუნთქი აპარატები საჭიროების მიხედვით ყველა კლინიკაში გადანაწილდება. მისივე თქმით, დღეს, დღის ბოლოსთვის გაწერებთან ერთად, დაახლოებით, 800-დან 1000 საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად. „საყურადღებოა ის, რომ დღევანდელი საწოლფონდი არის 5868, აქედან დღეს წევს 5313 პაციენტი, ტრიაჟში ამ დროისთვის იმყოფება 253 პაციენტი, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდენობა არის 227. დღეს, დღის ბოლომდე ჩვენ კიდევ ვამატებთ საწოლფონდს და იქნება 5952. ყოველდღიურ რეჟიმში 100-დან 200-მდე საწოლფონდის დამატება და მობილიზაცია ხდება კოვიდის მიზენებისთვის და დღეს დღის ბოლოსთვის ველოდებით, რომ გაწერებთან ერთად დაახლოებით 800-დან 1000 საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად. ყოველდღიური გაწერების რაოდენობა არის 800 პაციენტამდე და ასევე მიღების კოეფიციანტი და პროცენტი ჰოსპიტალიზაციის ამ ეტაპამდე ჯერ კიდევ რჩება საკმაოდ მაღალი, რაც გამოწვეულია იქედან გამომდინარე, რომ გვიანი დაკავშირება ოჯახის ექიმთან და სიმპტომის მიზეზის დადგენა. ვთვლით, რომ ჩვენი მოქალაქეების პროაქტიული ჩართულობა და ასევე პრობლემის დროული იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათ ჰქონდეთ ყველა ის ბერკეტი, რითაც დროულად დაუკავშირდებიან ოჯახის ექიმს და ასევე ტესტირების ჩატარების კუთხითად დროულად დაესვათ დიაგნოზი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
BBC: კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინა 95%-ით ეფექტურია
ამერიკულმა კომპანია, Moderna-მ განაცხადა, რომ წინასწარი კლინიკური ანალიზებით, მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 94.5% პროცენტით ეფექტურია Covid-19-ის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს მეცნიერების ძალისხმევა შედეგს აღწევს, უკიდურესად მძიმე სტადიაში მყოფი პანდემიის პირობებში. Pfizer-მა და BioNTech-მა სულ რაღაც ერთი კვირის წინ ამცნეს საზოგადოებას მათ მიერ შექმნილი ვაქცინის შესახებ, რომელმა 90%-ანი მაჩვენებელი გადალახა. ორივე კომპანია იყენებს ტექნოლოგიას სახელწოდებით „messenger RNA“, რომელიც ამ დრომდე არასდროს გამოყენებულა აღიარებული ვაქცინის შესაქმნელად. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ სულ მალე, ეს აღმოჩენა შეძლებს, იხსნას მილიონობით ადამიანი დაავადებისგან. წინასწარი მაჩვენებლებით, 30 000 მოხალისეში სრულიად გაქრა Covid -19-თან დაკავშირებული ყველა სიმპტომი. ამასობაში კი, „Moderna-ს“ აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 9%-ით გაიზარდა აშშ-ში, ხოლო ევროპული- „the Stoxx 600“-ის ინდექსმა 1.5%-თ მოიმატა.
სრული ჩაკეტვა არა, თუმცა სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები განიხილება - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის ე.წ ლოკდაუნი, იგივე სრული ჩაკეტვა არ განიხილება, თუმცა განიხილება სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა ნაწილი უკვე დაწესებულია. როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ვირუსის პრევენციისთვის საჭირო შეზღუდვებთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზეც იმსჯელეს. „მოგეხსენებათ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამაზე მსჯელობა დღესაც იყო. საღამოს კიდევ გაიმართება დამატებითო კონსულტაციები და ასევე, ხვალაც. ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. თუ რაზეა საუბარი ამაზე წინასწარ ვერ გეტყვით. მე ჩემს რეკომენდაციებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაჟღერებ, იმიტომ, რომ საბჭო გადაწყვეტილებას შეთანხმებით იღებს. ის, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში სამი თვის განმავლობაში, ასეთი სრული ჩაკეტვა არ განიხილება. განიხილება სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება. თუმცა, მარტო გამკაცრება მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია ამ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ერთ-ერთი მთავარი შემზღუდავი ღონისძიება არის პირბადის ყველგან ტარება. დღევანდელი ახალი ე.წ. შეფასებითი მაჩვენებლით, რომელსაც მთელ მსოფლიოზე, მათ შორის, საქართველოზე აკეთებს ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 55%-დან 60-მდე. თუ ჩვენ ამას 95%-მდე ავიყვანთ, მაშინ ინფიცირების ზრდა აღარ იქნება, პირიქით, ყოველდღიური ინფიცირება ქვემოთ წამოვა. ამიტომ, გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა მის აღასრულების კონტროლს აქვს, სწორად ვაკეთებთ თუ არა მისი აღსრულების კონტროლს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა, კოვიდინფიცირებულებისთვის შესაძლოა, საგამოფენო ან სამხედრო სივრცეების მოწყობა განიხილონ. „ამჟამად სტაციონარებში წევს დაახლოებით 5000-მდე ადამიანი, აქტიური ინფიცირების დაახლოებით 30%. მობილიზაციისკენ გადადმული ნაბიჯები არის, რომ ჯერჯერობით საავადმყოფოებში დაგეგმილია 8 ათასიდან 8500-მდე საწოლის მობილიზება, ანუ ჯერ კიდევ შესაძლებელია 3 ათასამდე საწოლის მობილიზაცია. ასევე მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცეების მობილიზებაზე. თუ ამის საჭიროება დადგა, ეს საკითხები განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის. ჯერჯერობით კიდევ 3000 საწოლის მობილიზება შესაძლებელია ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. ტრიაჟი, ანუ რამდენად სწორად გავაკეთებთ ტრიაჟს. დღეს არსებული 5 ათასი ადამიანი, ვინც საავადმყოფოებში წევს, გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს საავადმყოფოებში მკურნალობას, საჭიროებენ კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე მკურნალობას. საერთაშორისო პროცენტი აქტიური კოვიდინფიცირებულებიდან სხვადასხვა ქვეყანაში მერყეობს 5-7-10%-ის ფარგლებში, ვისაც საავადმოფოში მკურნალობა სჭირდება. ჩვენთვის უპრიანი იქნება თუ ეს მაჩვენებელი 15-20%-ის ფარგლებში გვექნება, რადგან არ დავიკავოთ საავადმყოფოში ადგილი იმის, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა და ინტენსიური თერაპია. ამის განაწილებას, რომელიც ჩვენზე, ექიმებზეა დამოკიდებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, მზარდი ინფიცირების ფონზე. გარდა სპორტის სასახლისა ბევრი რამ შეიძლება იქნეს განხილული. რატომ მაინცდამაინც სპორტის სასახლე? ვსაუბრობ ადაპტირებულ სივრცეებზე, თუ ეს საჭირო გახდა. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჩვენი საგამოფენო სივრცეები? ან ჩვენი სამხედრო სივრცეები? ყველაფერი განიხილება. მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანას, დაახლოებით, 3 სათასამდე საწოლის მობილიზება შეუძლია კოვიდისთვის. მაგრამ თუ ჩვენ დავიჭერთ 25-20%-ს საავადმყოფოებში ახალი ინფიცირებულების მოთავსებისას, მაშინ დიდი იმედი მაქვს არ დაგვჭირდება ახალი სივრცეების მობილიზება ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ვაისი წავიდა, ნაკრებს ესტონეთთან რამაზ სვანაძე გაიყვანს
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. “აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო – სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. 2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა. ვლადიმირ ვაისთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი – ოფის ფინალში ითამაშა. ვლადიმირ ვაისის მატჩების სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში – 16/15/16. გვსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების სახელით მადლობა გადავუხადოთ სლოვაკ მწვრთნელთა ჯგუფს ბორის კიტკას, ჯოზეფ კონტირის და რომან შვანტნერის შემადგენლობით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობდნენ. ასევე მადლობას ვუხდით ვლადიმირ ვაისს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში. რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს. 39 წლის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.
ნიკა მელიას განცხადებით, მისი შტაბი „კობიაშვილ-კალაძესთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის“ დავალებით გადაწვეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული უბანი მმართველმა გუნდმა პირწმინდად წააგო და ახლა მოძალადეობრივი აქტი განახორციელეს. „ახლა ვარ, „გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის ერთ-ერთი შტაბის წინ, ეს გახლდათ გლდანის რაიონის მესამე მიკრორაიონში არსებული შტაბი. ესაა ის რაიონი, სადაც დამაჯერებლად მოვიგეთ ჩვენ ოპოზიციამ და კობიაშვილ-კალაძე დავამარცხეთ. შედეგად მოჰყვა ის, რომ რევანშისტულმა, მოძალადე ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი. ახლა, დავასახელებ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ამაში მონაწილეობა მიიღეს ესაა - კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი კანონიერი ქურდი ნოდარ შუკაკიძე, რომელიც საბერძნეთის საპატიმროში იმყოფება და გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი აქვს და ასევე მისივე ძმის ლევან შუკაკიძის საშუალებით აკონტროლებს საარჩევნო პროცესებს. ესენი არიან ნოდარ შუკაკიძე კანონიერი ქურდი და კობიაშვილ-კალაძე და ლევან შუკაკიძე, რომელიც აქ ძალიან ახლოს ცხოვრობენ. ეს უბანი პირწმინდად წააგეს და ახლა მოძალადეობრივი აქტი განახორციელეს. ვუცხადებ ბრძოლას კანონიერ ქურდებს!“, - განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.
ქართველი ექსპერტები მაიკ პომპეოს: განთავსდეს ამერიკული შეიარაღებული ძალების მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში
უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ღია წერილით მიმართავენ და გამოდიან ინიციატივით, საქართველოში ამერიკის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა განთავსდეს. მათი შეფასებით, ეს კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს NATO-ს წევრობასთან. „ჩვენ,უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები საქართველოდან, გულწრფელად მივესალმებით თქვენს ვიზიტს საქართველოში ამ ცხელ პერიოდში. ჩვენ გვაერთიანებს სურვილი, გაგიზიაროთ ხედვები საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის გაღრმავებაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატები მთავარი მოკავშირეა. ასევე, გვჯერა საქართველოს წვლილის დასავლური ინტერესების განმტკიცებაში ევროპასა და მსოფლიოში. საქართველო არის ქვაკუთხედი ჩვენი მოკავშირეების წარმომადგენლობის აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორში, რაშიც აშშ-ის არაერთმა ადმინისტრაციამ ჩადო ინვესტიცია. ჩვენი ხედვით, ევროატლანტიკური სისტემა აშშ-ის ლიდერობით არის ერთადერთი გარანტია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ბოლო წლებში სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ადგილი გახდა. უსაფრთხოების რისკების უმეტესობა მომდინარეობს რუსეთის ამბიციისგან რომ აღადგინოს საბჭოთა პერიოდის "გავლენის სფეროები", რომელსაც მოსკოვი განიხილავს, როგორც „ახლო საზღვარგარეთს“. ახლახან რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ძალების განთავსებით გააფართოვა მისი რეგიონულ-სამხედრო წარმომადგენლობა. დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან საქართველოს თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეები ცდილობდნენ, შეექმნათ ფუნქციური დემოკრატია. ამ პროექტში აშშ შეუცვლელ მოკავშირედ იქცა, რამაც საქართველო აქცია, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სიტყვებით რომ ვთქვათ „მანათობელ ქალაქად გორაკზე“ რომელმაც გადალახა სახელმწიფოებრიობის მარცხი და წარმატებით შეებრძოლა კორუფციის საბჭოთა მემკვიდრეობას. ქართველები აშშ-სთან მეგობრობას ცალმხრივად არ იღებენ. მათი 90%-ზე მეტი აფასებს იმას, რომ აშშ-სა და საქართველოს ჯარისკაცები ამაყად მსახურობენ ამერიკულ მისიებში ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ ვაფასებთ ამერიკის მხრიდან ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გვჯერა, რომ აშშ-ს რეგიონალური და გლობალური ინტერესების გათვალისწინებით, ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის, მთავარი ნაბიჯები იქნება შემდეგი: განთავსდეს ამერიკული შეიარაღებული ძალების მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში. ამგვარი პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს მოკავშირე ძალების (ევროკავშირი/აშშ) როტაციას, ასევე საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ამერიკელებისა და მოკავშირე ძალებისთვის შეუფერხებელი ოპერირება შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამავე დროს, აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში აღმოფხვრის მყისიერ საფრთხეებს და საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ნატოს წევრობასთან. ამავე დროს, საქართველოს შესაძლებლობები შეიტანოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში კიდევ უფრო გაიზრდება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან ერთად. ამ თვალსაზრისით ჩვენ მივესალმებით აშშ-ს მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის საკითხში. მადლიერები ვართ აშშ-ის მნიშვნელოვანი და მდგრადი მხარდაჭერისთვის წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველო-აშშ-ის ალიანსის გაძლიერების პროცესს, მათ შორის, აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოშ, რაც საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას წაადგება“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: ზვიად აძინბა, იაეკა აკობია, ირაკლი ალასანია, ირინა არაბიძე, ფიქრია ასანიშვილი, გიორგი ასტამაძე, ნატო ბოჩიაშვილი, გიორგი ბადრიძე, ზურაბ ბატიაშვილი, ზაზა ბიბილეიშვილი, ლევან ბოძაშვილი, ეთო ბუზიაშვილი, მიხეილ დარჩიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ჯაბა დევდარიანი, პაატა გაფრინდაშვილი, კახა გოგოლაშვილი, გიორგი გოგუაძე, თორნიკე გორდაძე, გიორგი გვალია, შოთა ღვინერია, გია ჯაფარიძე, თედო ჯორბენაძე, ნინო კალანდაძე, ნოდარ ხარშილაძე, თინა ხიდაშელი, ბექა კობახიძე, ბათუ ქუთელია, ხათუნა ლაგაზიძე, ეკა მეტრეველი, გრიგოლ მგალობლიშვილი, ხათუნა მშვიდობაძე, გიორგი მუჩაიძე, სოფო პეტრიაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, თენგიხ ფხალაძე, მირიან ფოხაძე, ირაკლი ფორჩხიძე, დავით რაქვიაშვილი, გიორგი რუხაძე, თორნიკე შარაშენიძე, ვასილ სიხარულიძე, თორნიკე თურმანიძე, გელა ვასაძე, თემურ იაკობაშვილი.
ბრიტანეთში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის III ეტაპი დაიწყო
კომპანია Johnson & Johnson-მა დღეიდან ბრიტანეთში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ეტაპი დაიწყო. ვაქცინა კომპანიის ქვესტრუქტურის - Janssen Pharmaceutical Companies-ის მიერაა შემუშავებული. შემდგომში მესამე ეტაპის კვლევები კიდევ 5 ქვეყანაში ჩატარდება და 1 წელს გაგრძელდება. ჯამში ვაქცინას 30 000 ადამიანზე გამოცდიან. უშუალოდ ბრიტანეთში კლინიკურ გამოცდაში 6 000 მოხალისე იქნება ჩართული. სწორედ III ეტაპით განისაზღვრება ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება. პირველ ორ ეტაპზე Johnson & Johnson-ის ვაქცინამ იმუნური პასუხის გამომუშავება და ორგანიზმის მიერ მისი კარგად გადატანა აჩვენა. ოქტომბრის შუა რიცხვებში Johnson & Johnson-მა ვაქცინის გამოცდა დროებით შეაჩერა, მიზეზი ერთ-ერთი მოხალისეს “გაურკვეველი” დაავადება იყო. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს იყო “ნებისმიერი კლინიკური კვლევის მოსალოდნელი ნაწილი”. კვლევების წარმატებით დასრულებისა და ვაქცინის რეგისტრაციის შემთხვევაში Johnson & Johnson წელიწადში 1 მლრდ დოზის წარმოებას გეგმავს. ეს რიგით მესამე კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება, რომლის გამოცდა ბრიტანეთში წარმოებს. ამ დროისთვის უკვე იკვლევენ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს ერთობლივ ვაქცინას, ასევე ამერიკული კომპანია Novavax-ის პროდუქტს.
საფრანგეთმა კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადალახა
საფრანგეთმა კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადალახა, შემთხვევების შემცირებას კი ლოკდაუნს უკავშირებს. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა. წერს CNN. „ბოლო 10 დღის განმავლობაში, Covid-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა, ხოლო პოზიტიურობის მაჩვენებელი იკლებს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეპიდემიის პიკი გადავლახეთ. კვლავ ვაკონტროლებთ ეპიდემიას“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 1 981 827 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 44 548 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.