ძებნის რეზულტატი:
შს მინისტრს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 18 ივლისს მოუსმენენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.
რა დოკუმენტები სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას
მსოფლიოში ყველა მოგზაურს, სხვა ქვეყანაში წასასვლელად რიგ საბუთებთან ერთად, საზღვარზე ერთი დამატებითი დოკუმენტის წარდგენა მაინც უწევს. კოვიდრეგულაციების ფონზე, საჭირო დოკუმენტების სიის მოცულობა კოვიდუსაფრთხო ქვეყნის სტატუსსა და თავად ქვეყნების მიერ ამოქმედებულ შეზღუდვებზეა დამოკიდებული. მაგალითად, საქართველოში საჰაერო გზით შემოსული ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული, ვალდებულია, წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინასწარი რეგისტრაცია და PCR ტესტის წარდგენა საჭირო არ არის. რაც შეეხება, სახმელეთო და საზღვაო გზას, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ის ვაქცინის ორივე დოზით არის აცრილი. ამასთან, ვალდებულია წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი. რეგისტრაცია კი არც ამ შემთხვევაშია საჭირო. გამონაკლისი ვრცელდება ინდოეთიდან მომავალ პირებზე, ასევე, მათზე, ვისაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი, საკუთარი ხარჯით. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის COVID19-ის პანდემიის პირობებში სხვა ქვეყნებში გამგზავრების წესებს, Europetime-მა რამდენიმე ქვეყნის სია შეკრიბა და გთავაზობთ ამ ჩამონათვალს. აშშ-ში ავიარეისით მიმავალი ყველა მგზავრი (ვაქცინირებული, არავაქცინირებული) ვალდებულია, წარადგინოს COVID19-ის ტესტის ნეგატიური პასუხი, იმისათვის, რომ ავიაკომპანიამ მგზავრი დაუშვას რეისზე. ტესტის პასუხი არ უნდა აჭარბებდეს მგზავრობამდე 72 საათს (3 დღეს). მისაღებია, როგორც PCR, ისე ანტიგენ ტესტი. საერთაშორისო მგზავრობიდან აშშ-ში დაბრუნებულზე, რეკომენდებულია 7-14 დღით სახლში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. სტუდენტებზე გამონაკლისი მოქმედებს და შენგენის ევროპის ზონიდან, ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან, ჩინეთიდან (ან თუ ბლო 14 დღე იმყოფებოდნენ ამ ქვეყნებში) აშშ-ში შესვლა შეუძლიათ. ყველასთვის სავალდებულოა მგზავრობამდე 72 საათით ადრე ჩასტარებული PCR ტესტს ნეგატიური პასუხის წარდგენა. კოვიდტესტის წარდგენის გარდა სხვა დამატებითი ვალდებულება განსაზღვრული არ არის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას, თუ ბოლო 14 დღის იმყოფებოდნენ იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, ირანსა და სამხრეთ აფრიკაში. შენგენის ზონიდან აშშ-ში შესვლისას, არსებობს გამონაკლისებიც. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ეს მითითებები ეხება COVID19-ის ვაქცინებს, რომლებიც ამჟამად ავტორიზებულია გადაუდებელი გამოყენებისათვის აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ: Pfizer-BioNTech-ი, Moderna და Johnson & Johnson-ი (J&J). ამასთან, ეს მითითებები ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს ვაქცინებზე, რომლებსაც გადაუდებელი გამოყენების ნება დართო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (მაგალითად, AstraZeneca/Oxford). ავსტრიაში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი, რომელიც ბოლო 48 საათში გაიკეთა, ვირუსის გადატანიდან 6 თვის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაექვემდებაროს 10-დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას, რომლის დასრულება შესაძლებელია 5 დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდტესტის წარდგენით. 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია არ ეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე). ავსტრიის რესპუბლიკაში შესასვლელად დაშვებულია WHO-ს მიერ რეკომენდებული შემდეგი ვაქცინები - Pfizer-ი, Moderna, AstraZeneca, Johnon&Johnson-ი, Sinopharm-ი, Sinovac-ი. ბელგიის სამეფოში შესასვლელად კოვიდვაქცინირებულთათვის განსხავებული წესი არ მოქმედებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელგიას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები დაკეტილი აქვს. ვაქცინის გარეშე ბელგიის სამეფოს ტერიტორიაზე საქართველოდან გამგზავრება ამ ეტაპზე შეზღუდულია. შეზღუდვები არ ვრცელდება ბელგიის მოქალაქეებზე, ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე, მესაზღვრეებზე, დოპლომატებზე, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ასევე ამ ორგანიზაციების მიერ მოწვეულ პირებზე, მეზღვაურებზე, ტრანზიტული მგზავრებზე, ოჯახური მიზნებიდან გამომდინარე მგზავრებზე და ასევე, ჰუმანიტარული მიზნებით მიმავალ პირებზე. 12 წელს გადაცილებულ ყველა მგზავრმა, რომელიც მიემგზავრება საქართველოდან, უნდა იქონიოს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PSR ტესტის უარყოფითი პასუხი. სავალდებულო კარანტინი ბელგიაში შეადგენს 7 დღეს (პირველ და მე-7 დღეს სავალდებულოა PCR ტესტირება), მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან მიმავალი პირისთვის - მეათე დღეს. ვაქცინირებულთათვის განსხავებული წესი არ მოქმედებს გაერთიანებულ სამეფოში შემსვლელთათვისაც. საქართველო ე. წ. „ყვითელ“ სიაშია, რაც ითვალისწინებს ბრიტანეთის საზღვარზე COVID19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას, ქვეყანაში ადგილსამყოფელის თაობაზე ფორმის წინასწარ შევსებას, 10-დღიან თვითიზოლაციას და შემოსვლიდან მე-2 და მე-8 დღეს ტესტის ჩატარებას. გერმანია PCR/სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის. აეროპორტში PCR/სწრაფი ტესტის ჩატარება არ ხორციელდება. იზოლაცია/კარანტინი სავალდებულო არ არის. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი მიმდინარე წლის 25 ივნისიდან შეუძლია, ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტული მიზნითაც, გერმანიაში გამგზავრება. ვაქცინაციის ბოლო დოზის ჩატარებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. კოვიდვაქცინირებულს ნებისმიერი მიზნით შეუძლია გერმანიაში შესვლა, გარდა ე.წ. მუტაციური ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან შემოსული პირებისა. დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Johnson&Johnson-ი. იტალია ვაქცინირებულთათვის განსხავებული წესი არ მოქმედებს. აცრის გარეშე შესვლის პირობები კი ასეთია: საქართველოს მოქალაქის იტალიაში ტურისტული მიზნით მგზავრობა არ არის დაშვებული. საქართველო იმყოფება E კატეგორიის სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან იტალიაში მიმავალი მგზავრი, დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ვერ შევა იტალიის ტერიტორიაზე. დასაბუთებული მიზეზი შეიძლება იყოს: სამუშაო; მკურნალობა ან სწავლა; გადაუდებელი აუცილებლობა; სამშობლოში ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. (იტალიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი). ისრაელი ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა. ისრაელში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ისრაელმა დღეიდან, 16 ივლისიდან, ქვეყანაში შემსვლელი ყველა მგზავრისთვის, ვაქცინირებულების და კოვიდგადატანილების ჩათვლით, 24-საათიანი თვითიზოლაციის წესი შემოიღო. ეს დრო შეიძლება შემცირდეს, თუ ისინი უფრო ადრე მიიღებენ კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს. კვიპროსი საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სრულად არის აცრილი, შეუძლია კვიპროსის რესპუბლიკაში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება. ვაქცინირებულებს კვიპროსში შესასვლელად არ ესაჭიროებათ PCR ტესტის წარდგენა, თუმცა შერჩევითობის საფუძველზე, შესაძლებელია ლარნაკის აეროპორტში სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდეს Covid-19-ტესტი. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID19 ბარათი, QR კოდით). Johnson&Johnson-ით აცრიდან მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული. სხვა ვაქცინების აცრიდან კი მეორე დღესვეა შესაძლებელი კვიპროსის რესპუბლიკაში გამგზავრება. კვიპროსი აღიარებს Pfizer-ს, AstraZeneca-ს, Moderna-ს, Johnson &Johnson-ს Sputnik V-ს, Sinopharm-ს. საბერძნეთი ამ ეტაპზე, უცხოელთა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეზღუდულია. ნებისმიერი, განურჩევლად მოქალაქეობისა, რომელსაც ნება აქვს დართული საბერძნეთში შესვლაზე, უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს: უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული გამგზავრებამდე არანაკლებს 14 დღისა. საბერძნეთში აღიარებულია Pfizer-BioTech-ი AstraZeneca, Moderna, Johnson &Johnson-ი, Sinopharm-ი, Sinovac-ი, Sputnik-ი, Novavax-ი. პოლონეთი საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, შეუძლია გაემგზავროს პოლონეთის რესპუბლიკაში ნებისმიერი მიზნით. პოლონეთში შესვლისათვის დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech-ი, AstraZeneca, Moderna, Johnson&Johnson-ი. ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით. 12 წლამდე პირი თავისუფლდება კარანტინის ვალდებულებისგან, თუ მშობელი წარადგენს აცრის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. ლიეტუვა საქართველოს მოქალაქეს თვითიზოლაციის გარეშე შესვლა შეუძლია, თუ ჩატარებული აქვს ვაქცინაციის სრული კურსი, ევროპის მედიცინის სააგენტოს მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინით: Pfizer-ი, Johnson&Johnson-ი, Moderna, AstraZeneca. სავალდებულოა უკანასკნელ 48 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებიდან არ გასულა 14 დღე. შვედეთი კოვიდვაქცინირებულთათვის განსხვავებული წესი არ მოქმედებს. შვედეთის სამეფოში შესვლა მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის არის დასაშვები. საზღვრის კვეთამდე მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელ 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR, LAMP, TMA ან ანტიგენის ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი. საზღვრის კვეთის შემდგომ, მოქალაქე უნდა გადავიდეს 8-დღიან თვითიზოლაციაში. ნიდერლანდების სამეფო საქართველო მაღალი რისკის ქვეყანების სიაშია. ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლა შეუძლია საქართველოდან მიმავალ პირსაც, რომელიც ფლობს ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ე.წ COVID-19 ბარათს, QR კოდით). აღიარებული ვაქცინებია: Pfizer/BioNTech (Comirnaty), Astra Zeneca EU (Vaxzevria), Johnson&Johnson-ი, Moderna, AstraZeneca, Sinopharm-ი, Sinovac-ი. ნიდერლანდების სამეფოში კოვიდვაქცინის გარეშე გამგზავრება მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის არის დასაშვები. საფრანგეთი საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით. ასევე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 48 საათში ჩატარებული ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის პასუხები. აღიარებულია Pfizer-ი, Moderna, AstraZeneca, Johnson&Johnson-ი. მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს 2 კვირა მაინც. რაც შეეხება, ერთი დოზით აცრას, Johnson&Johnson-ით, ამ შემთხვევაში 4 კვირა უნდა იყოს გასული. 11 წლამდელებზე ტესტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება. ესპანეთი საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული, ესპანეთში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება შეუძლია. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით. ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე, (Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა). ესპანეთი იღებს შემდეგი ვაქცინით აცრილებს: Pfizer-ი, AstraZeneca, Moderna, Johnson&Johnson-ი, Sinopharm-ი, Sinovac-ი. შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში გამგზავრება შეუძლიათ, საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული დოზის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-ი, AstraZeneca, Moderna, Johnson&Johnson-ი, Sinopharm-ი, Sinovac-ი. უკრაინა უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მოგზაურობა დასაშვებია ნებისმიერი მიზნით. საზღვარზე მოქალაქემ უნდა წარადგინოს: დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სრულად აცრას ჯანმოს მიერ საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვის დაშვებული ვაქცინებით. თურქეთი საქართველოს მოქალაქეს თურქეთში გამგზავრება ნებისმიერი მიზნით შეუძლია. სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენა: ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე); ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი; გამგზავრებამდე უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტი ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი. აზერბაიჯანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კერძო ან საქმიანი ვიზიტით საჰაერო გზით მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ვაქცინაციის სრული კურსი, ესაჭიროებათ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ნებართვა. აღიარებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Johnson&Johnson-ი, Sinopharm-ი, Sinovac-ი, და Sputnik V. საზღვრის კვეთისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, კოვიდპასპორტი ან გამოჯანმრთელების ცნობა. სომხეთი საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული, სომხეთის რესპუბლიკაში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება შეუძლია, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით. დაშვებულია ნებისმიერი ვაქცინია. ვაქცინის ბოლო დოზის ჩატარებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. კოვიდუსაფრთხო ქვეყნების განახლებულ სიაში სომხეთის გარდა, აზერბაიჯანი და უკრაინაც მოხვდნენ. ცნობისთვის, პირველი ივლისის მონაცემებით, ევროკავშირმა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალს 11 ქვეყანა დაამატა, თუმცა მათ შორის საქართველო არ არის. საქართველოში ვაქცინაცია შემდეგი ვაქცინებით მიმდინარეობს: Pfizer-ი, Astrazeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი.
მარინა კალირაუნდი: მივესალმები ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, მოქალაქეების უკანონო გატაცებები და დაკავებები უნდა შეწყდეს
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებას ეხმაურება. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთთან უკანონო დაკავებები და ბორდერიზაცია უნდა შეწყდეს. „მივესალმები ზაზა გახელაძის გათავისუფლებას და ვაფასებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფასილიტაციას მის გათავისუფლებაში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრები და დისკუსიები არის უპირველესი მნიშვნელობის. „ბორდერიზაციის“ შეუკავებელი პროცესი, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს მოქალაქეების უკანონო გატაცებები და დაკავებები უნდა შეწყდეს!“, – წერს კალიურანდი Twitter-ზე. ცნობისთვის, გუშინ, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ შეიწყალა.
რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Galactic-ი კოსმოსში გასაფრენად ორ ბილეთს ათამაშებს
Usatoday-ის ცნობით, Virgin Galactic-ის დამფუძნებელი, რიჩარდ ბრენსონი პირველი კოსმოსური ფრენისდან კვირას დაბრუნდა. კოსმოსური ფრენების კომპანია აპირებს კოსმოსში გასაფრენი ბილეთების ასობით ათას დოლარად გაყიდვას, მაგრამ ის ინახავს ორ ბილეთს, რომელიც გათამაშების გამარჯვეულს გადაეცემა. როგორც საქველმოქმედო პლატფორმა Omaze წერს, Virgin Galactic-ი კოსმოსში გასაფრენად ორ ბილეთს ათამაშებს. გათამაშება 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება და მას მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება, რომელსაც ორივე ბილეთი შეხვდება. მისი ვინაობა სავარაუდოდ 29 სექტემბერს გახდება ცნობილი. კოსმოსში ფრენა კი 2022 წლის დასაწყისშია დაგეგმილი. გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ მსურველებს 10-დან 100 დოლარამდე დონაციის გაკეთება შეუძლიათ. შეგროვილი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება და ამავდროულად მონაწილეთა გამარჯვების შანსებს გაზრდის. რიჩარდ ბრენსონი პირველი მილიარდელია, რომელმაც კოსმოსში საკუთარი წარმოების რაკეტით იმოგზაურა
თამარ გაბუნია: უკვე მიდის მსჯელობა ვაქცინის მესამე, „ბუსტერი“ დოზის თაობაზე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მიდის მსჯელობა ვაქცინის მესამე დოზის, ანუ ე.წ. ბუსტერის თაობაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ თუ ვაქცინაციის პროცესი ეფექტური იქნება, მომავალ წელს დანაზოგი მოსალოდნელია ტესტირების ნაწილში. „სამომავლოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაციის პროგრამის საშუალებით, ტესტირების პროგრამის აუცილებლობა ეტაპობრივად შემცირდება. ის ძირითადი ჯგუფები, რომელსაც საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება ტესტირებისთვის, ბიზნესჯგუფებზე მაქვს საუბარი, აცრის შემთხვევაში უკვე აღარ საჭიროებს სისტემურ ტესტირებას. ეს იქნება დანაზოგი თანხა, რაც დარჩება ბიუჯეტში, ან სხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული ჯანდაცვის სექტორში. მომავალ წელს გარკვეულწილად დანაზოგი მოსალოდნელია ტესტირების ნაწილში, თუ ვაქცინაციის პროცესი ეფექტური იქენება, მაგრამ მომავალ წელსაც, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული რესურსის მობილიზება ვაქცინაციისთვის. უკვე მიდის მსჯელობა მესამე „ბუსტერი“ დოზის თაობაზე, ასევე წელს ჩვენ 60%-იანი სამიზნე გვაქვს დასმული, თუმცა 60% არ ნიშნავს, რომ დანარჩენი 40% არ უნდა აიცრას. მომავალ წელსაც უნდა გავრცელდეს ვაქცინაციის პროგრამა“, -აღნიშნავს გაბუნია.
ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკური ზრდა შეინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით
„პანდემიით გამოწვეული რეცესიული 2020 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. აპრილის თვემ პრაქტიკულად შეცვალა გარემო და უპრეცედენტო, 45 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მთლიანობაში, ეკონომიკური ზრდა შეინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით“, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიის განხილვა მიმდინარეობს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სწორედ ეკონომიკური ზრდა გახდა ძირითადი საფუძველი იმისა, რომ მთავრობამ ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია წარადგინა პარლამენტში. მისივე თქმით, ეს არის ვერსია, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია. „ის, რომ ეკონომიკა იზრდება, ჩანს ექსპორტის ზრდაში, ბოლო თვეებია მკვეთრად იზრდება დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა, გაზრდილია ფულადი გზავნილები. სწორედ მთლიანი შიდა მიმართულების დაგეგმვაზე მაღალი ტემპით ზრდა გახდა ძირითადი საფუძველი, რითაც მთავრობამ, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კორექტირებული ვერსია და ბიუჯეტის ცვლილებები წარმოადგინა პარლამენტში. მაისში ზრდამ 25,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის 5 თვეში კუმულატიური ზრდა 11,5 პროცენტია. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის 3,4 პროცენტი დამატებით და აღწევს 7,7 პროცენტს. ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება 7,6 პროცენტიდან 6,9 პროცენტამდე, იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი ბევრად ნაკლები იქნება და ჩემი სურვილია ეს 6, 5 პროცენტამდე ჩამოვიდეს, სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 პროცენტამდე, 5, 4 პროცენტით. ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1 მილიარდ 175 მლნ ლარით, გადასახდელები იზრდება 1მილიონ 114 ლარით და ბიუჯეტის ასიგნებები აღწევს თითქმის 19,5 მილიარდ ლარს ანუ 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 19,5 მილიარდი ლარი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომას, სადაც 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ, იმ უწყებების და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან, სადაც საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა. ბიუჯეტში ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე დასამტკიცებლად 23 ივლისს გავა.
ირაკლი კოვზანაძე: რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის რისკებია?
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, ბიუჯეტის სხდომაზე ქვეყანაში 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ახლავს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მდგენელიც. როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, საინვესტიციო გარემოს მოფრთხულება სჭირდება. "მე ვფიქრობ, რომ 5 და 6 ივლისს განვითარებული მოვლენები არ არის მხოლოდ პოლიტიკური, რომ ამ საკითხს ახლავს ეკონომიკური მდგენელიც. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადის რთულ პერიოდს, ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა და ასეთ ვითარებაში, მე ვფიქრობ, უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს საინვესტიციო გარემოს. ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო, გარკვეულწილად, ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება. ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღებით უნდა მოვეპყროთ უცხოელებს. რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის რისკები იქნება? რომელი უცხოელი ჩამოვა, თუ აქ უცხოელებს სცემენ? ამიტომ, რომელ ბიზნესკონტექსტზე უნდა იყოს საუბარი, თუ სტაბილურობის და დაცულობის განცდა არ იქნა", - განაცხადა კოვზანაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომას, სადაც 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ, იმ უწყებების და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან, სადაც საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა.
შსს-თან მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ჟურნალისტები საგამოძიებო უწყებასთან რამდენიმე მოთხოვნით შეიკრიბნენ. მედიის წარმომადგენლები ლექსო ლაშქარავასა და სხვა ჟურნალისტებზე ძალადობაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას ითხოვენ და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში 300-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია ჰოსპიტალიზებული
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 300-მდე ინფიცირებული ბავშვია კლინიკებში მოთავსებული. მისივე განმარტებით, გრძელდება პედიატრიული საწოლების მობილიზება და არცერთი ბავშვი არ დარჩება კლინიკის მიღმა. მან მშობლების სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში განაცხადა. ,,ჩვენ ვაცხადებთ მაქსიმალურ მზაობას იმისათვის, რომ აგვისტოში, როდესაც ჩვენ ველოდებით ალფა შტამის დელტა შტამით სრულად ჩანაცვლებას, გვქონდეს ინფრასტრუქტურული მზაობა და ასევე პერსონალის კუთხითაც, მობილიზებულია ჯანდაცვის სისტემა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალდებულებაა და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თითოეულ ბავშვს, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ინფექციის მატარებლად, ჰქონდეს შესაძლებლობა, ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს ის საჭირო მკურნალობა, რომელიც პაციენტისთვის იქნება საჭირო. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში 300-მდე ბავშვია მოთავსებული. ჩვენ განვაგრძობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არცერთი ბავშვი არ დარჩება ჰოსპიტალური საწოლის გარეშე. მნიშვნელოვანია ასევე მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღება ბავშვების იმ ღონისძიებებში ჩართულობაზე, სადაც შეიძლება ბავშვი დაინფიცირდეს. დღესდღეობით კვლავ რჩება მნიშვნელოვან ღონისძიებად სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება იმისთვის, რომ ბავშვები დავიცვათ კოვიდისგან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, რეგიონებში ბავშვთა საწოლებზე არანაირი დეფიციტი არ არის. „დეფიციტი შეინიშნებოდა თბილისში, ვინაიდან აქ უფრო მეტად არის გავრცელებული ინფექცია და ამ მიმართულებით სამინისტრომ განახორციელა არაერთი ქმედება, რომ დეფიციტი არ შეიქმნას და პაციენტები მივიღოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
პენიტენციური სამსახური 28 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური 28 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბრალდებული ბ.თ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სსკ-ის 137- ე მუხლის საფუძველზე (გაუპატიურება) 2021 წლის 5 მაისს მოთავსდა. შემოსვლისას დადგენილი წესით ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და დაუდგინდა დიაგონიზი არტერიული ჰიპერტენზია. მიეცა შესაბამისი დანიშნულება და მუდმივად იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. 2021 წლის 30 ვინისს დაწესებულების ექიმთან დააფიქსირა ძლიერი თავის ტკივილი, გონების კარგვა, რის შემდგომაც გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა -T/A-200/120mmHg, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის (სავარაუდო) გამო გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ. კლინიკაში ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებისა და ნევროლოგის კონსულტაციის საფუძველზე, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის ინფარქტი, დაუზუსტებელი. მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, უტარდებოდა დანიშნული მკურნალობა, ინტენსიური მონიტორული მეთვალყურეობა. ნეიროქირურგის საკონტროლო კონსულტაციის შედეგად საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. ოპერაციის შემდეგ ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, ჰემოდინამიკური პარამეტრები არასტაბილური. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 2021 წლის 14 ილისს დაფიქსირდა ბრადიარითმია, რომელიც მალევე გადავიდა ასისტოლიაში. დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია პროტოკოლის სრული დაცვით, თუმცა გულის მექანიკური ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - აღნიშნულია განცხადებაში. 28 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა საავადმყოფოში გარდაიცვალა
კვლევა: Covid19-ის მსუბუქი ფორმის შემდეგ, ორგანიზმში ანტისხეულები შესაძლოა, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს
სტოკჰოლმის დანდერიდის საავადმყოფოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული შვედის მეცნიერების კვლევის თანახმად, Covid19-ის მსუბუქი ფორმის შემდეგ, ორგანიზმში ანტისხეულები შესაძლოა, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. როგორც ცნობილია, კვლევის თანახმად, ანტისხეულები უკავშირდება, როგორც ვირუსის თავდაპირველ ვარიანტს, ასევე ბევრ ახალ შტამს, მათ შორის „ალფა“ და „დელტა“ ვარიანტებს. 2020 წლის გაზაფხულზე, დანდერიდის საავადმყოფოს 2 000-ზე მეტი თანამშრომლის ნიმუშები შეგროვდა, რა დროსაც დაახლოებით 19 პროცენტს ანტისხეულები აღმოაჩნდა. ასევე, შეგროვდა 100-ზე მეტი სტაციონარული პაციენტის ნიმუშები. კვლევა ერთი წლის შემდეგ დასრულდა. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ვისაც 2020 წლის გაზაფხულზე მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, 80 პროცენტს ანტისხეულები ერთი წლის შემდეგაც აქვთ.
ესტონეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო სარკისებრი პასუხი სანქტ-პეტერბურგიდან ესტონეთის კონსულის, მარტ ლატტის გაძევებაზე. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ივლისს, იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის მოქალაქისგან დახურული ტიპის ინფორმაციას იღებდა. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და თქვა, რომ მან ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს. ოფიციალურმა ტალინმა აღნიშნულს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პროვოკაცია უწოდა.
გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას
გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აცხადებს, რომ ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. ექსპერტთა შეფასებით, 2021 წლის იანვრის შემდეგ, ძირითადად ძალადობის გამო, კიდევ 270 000 ავღნანელი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. დევნილთა საერთო რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა“, – განაცხადეს UNHCR-ში. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ავღანეთის მოსახლეობის 65 პროცენტი ქალი და ბავშვია, ამიტომ მომავალი კრიზისის პირობებში ისინი ყველაზე მეტად დაუცველები იქნებიან. გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 29 პროცენტით არის გაზრდილი. გაერო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ავღანეთის მოსახლეობა იძულებულია გადალახოს კოლოსალური სირთულეები ქვეყანაში მიმდინარე ხანგრძლივი კონფლიქტის გამო და ამ სირთულეებს კიდევ უფრო აუარესებს განმეორებადი ბუნებრივი კატაკლიზმები და სიღარიბე.
ჯანმო: ევროპული სტანდარტების მიხედვით, საქართველოში კვლავ დაბალია საჯარო დანახარჯები ჯანდაცვაზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ჯიბიდან გადახდა გულისხმობს ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯს ნებისმიერ სამედიცინო სერვისსა თუ პროდუქტზე. ,,საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს დაინერგა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვით მოცული მოსახლეობის წილი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი საჯარო დანახარჯები ჯანდაცვაზე, შეამცირა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები და გაზარდა სერვისებით სარგებლობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვინც მანამდე არ იყო მოცული. ამდენად საჭირო ინვესტიციის და ჯანდაცვის მომსახურებაზეწვდომის საგრძნობი გაუმჯობესების მიუხედავად, ევროპული სტანდარტების მიხედვით, კვლავ დაბალია საჯარო დანახარჯები ჯანდაცვაზე. შედეგად, ჯანმრთელობაზე მიმდინარე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი (48% 2018 წელს) კვლავ აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (30%). კვლევის თანახმად, 2013 წლიდან 2018 წლამდე, ჯიბიდან გადახდები გაიზარდა ოჯახების დანახარჯების 7%-იდან 9%-მდე, რაც მიანიშნებს, რომ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის გაზრდასთან ერთად გაიზარდა შინამეურნეობების ჯიბიდან გადახდები. 2018 წელს,შინამეურნეობების დაახლოებით 7%-მა განიცადა გამაღატაკებელი დანახარჯები ჯანდაცვაზე, ხოლო 17%-მა გასწია კატასტროფული დანახარჯები ჯანდაცვაზე. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია ევროპული რეგიონის მასშტაბით. ჯიბიდან გადახდების (69% 2018 წელს) ყველაზე დიდი წილი რეგულარულად მოდის მედიკამენტებზე, მას მოსდევს სტაციონარული (14%), და ამბულატორიული მომსახურება (11%). შინამეურნეობებს შორის ჯიბიდან გადახდილი დანახარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი განსხვავებებია. 2018 წელს,ამბულატორიული მედიკამენტების წილმა ჯიბიდან გადახდების 90% შეადგინა უღატაკეს შინამეურნეობებში კატასტროფული დანახარჯებით, ყველაზე შეძლებულ შინამეურნეობებში კი -24%.მართალია, ამბულატორიული მედიკამენტების წილი იკლებს შინამეურნეობის მოხმარების ზრდასთან ერთად, სტაციონარულ,ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე დანახარჯების წილი იზრდება შინამეურნეობის მოხმარებასთან ერთად. დროთა განმავლობაში, გაიზარდა მედიკამენტების წილი, რაც განპირობებულია ერთ სულზე მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების სწრაფი ზრდით, მოხმარების ყველა კვინტილში 2012-დან 2016 წლამდე პერიოდში. საქართველოში ჯანდაცვაზე გამაღატაკებელი და კატასტროფული დანახარჯების შედარებით მაღალი რაოდენობის შემთხვევები ასახავს მთელ რიგ ფაქტორებს. • ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მთლიან შიდაპროდუქტში დაბალია: მართალია, უკანასკნელ წლებშიმნიშვნელოვნად შემცირდა ჯანდაცვაზე მიმდინარე ხარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი - რაც აღსანიშნავი მიღწევაა და ასახავს საჭირო საჯარო ინვესტიციას ჯანმრთელობაში, ჯიბიდან გადახდები ჯერ ისევ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების ერთადერთი უმსხვილესი წყაროა. • მოცვის დარჩენილი ხარვეზები, რაც დაკავშირებულია მოცვის პოლიტიკის დიზაინის სუსტ მხარეებთან, მათ შორისაა, სტაციონარული და გადაუდებელი მომსახურებისათვის,პირველად ჯანდაცვასთან შედარებით, მეტი პრიორიტეტულობის მინიჭება; ამბულატორიული მედიკამენტების შეზღუდული მოცვა; მოსარგებლეთა მიერ თანაგადახდის კომპლექსურისისტემა, რომელიც არ არის გამჭვირვალე და პროგნოზირებადი; სახელმწიფოს მიერ დაფინანსების ზედა ზღვრის არსებობა, და თანაგადახდის ზედა ზღვრის არ არსებობა; ის, რომ ხელმოკლე ადამიანები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არ თავისუფლდებიან ამბულატორიული მედიკამენტების ხარჯის თანაგადახდისაგან; სხვაობის დარიცხვა (balance billing) ჯანდაცვის მომსახურების პროვაიდერების მიერ; და ბიუროკრატიული პროცედურები. • მომსახურების ფასების ძლიერი რეგულირების და სერვისის მოცულობის კონტროლის მექანიზმების არ არსებობა, ასევე,საქმიანობაზე დაფუძნებული გადახდები საავადმყოფოებისათვის,წაახალისებს საჭიროზე მეტი მოცულობით მკურნალობას და უფრო ძვირადღირებული სერვისების გამოყენებას, რაც იწვევს დანახარჯების გადატანას შინამეურნეობებზე. • პროვაიდერისათვის ძლიერი სტიმული, გაზარდონ შემოსავლები,ბრენდული მედიკამენტებისა და იმ სერვისების დანიშვნით,რომლებიც არ იფარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით • პირველადი ჯანდაცვისადმი ნდობის ნაკლებობა, რაც ზრდის ჯიბიდან გადახდებს, როდესაც ადამიანები მიმართავენ თვითმკურნალობას ან არ მიმართავენ რეფერირების სისტემებს და პირდაპირ სპეციალისტებს მიმართავენ. საქართველოში ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებელი ასახავს დაბალ სახელმწიფო დანახარჯებს ჯანდაცვაზე. ფინანსური დაცვის გაძლიერებისათვის, აუცილებელია ჯანდაცვის სისტემაში მუდმივი სახელმწიფო ინვესტიცია, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ახალი ინვესტიცია მიმართული უნდა იყოს მოცვის მხრივ არსებული ხარვეზების გამოსწორებისაკენ, პრიორიტეტად უნდა დადგეს ხელმოკლე შინამეურნეობებისათვის და ჯანდაცვის სერვისებით რეგულარულად მოსარგებლე პირებისათვის უკეთესი დაცვის უზრუნველყოფა. მომსახურების ფასების(მათ შორის, მედიკამენტების ფასების) და მოცულობების უკეთ დარეგულირების შედეგად შესაძლებელი გახდება არსებული რესურსის უფრო ეფექტიანად გამოყენება. ნებისმიერი ღონისძიება ფინანსური სტიმულირების შესამცირებლად, რომელიც ადამიანებს სტაციონარული მომსახურებისაკენ უბიძგებს, უნდა განხორციელდეს პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების თანხლებით", - აღნიშნულია ანგარიშში.
ჯანდაცვის მინისტრი: ვაქცინაციის სავალდებულოობა არ განიხილება, თუმცა შეიძლება გადაწყვეტილება შეიცვალოს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციის სავალდებულოობა არ განიხილება, თუმცა გამორიცხული არ არის, ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპზე როგორც მედიკოსების, ისე მოქალაქეების მხრიდან აქტივობა მაღალია. ამის შესახებ მან ტლეკომპანია ,,იმედის" ეთერში განაცხადა. „ვამჩნევთ საკმაოდ მაღალ აქტივობას ვაქცინაციის პროცესში როგორც სამედიცინო პერსონალის მხრიდან, ასევე სხვადასხვა ჯგუფის მოქალაქეებისგან. ჩვენ ჯერ კიდევ დაველოდებით მოქალაქეების აქტივობას, რადგან ეს არის ადამიანების ინდივიდუალური გადაწყვეტილება, გააზრების დონეზე და არ გვაქვს სავალდებულოობის დაწესების სურვილი. ეპიდემიის განვითარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, თუ როგორი იქნება აქტივობა დავაკვირდებით და შეიძლება გადაწყვეტილება შეიცვალოს, მაგრამ ალბათ ამ ეტაპისთვის სავალდებულოობის შემოღება არ დაიგეგმება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
„პირველი არხის“ ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე ემუქრება საფრთხე და თუ ბრალდებულის მიმართ არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, ეს ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას. პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმა თავად ბრალდებული. საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი. პროკურატურამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტზე გიორგი მაღრაძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.
ლგბტიქ პირების უფლებებთან დაკავშირებით, ევროკომისია უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ მოქმედებებს იწყებს
ევროპულმა კომისიამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ, ამ ქვეყნების მთავრობების მიერ ლგბტიქ პირებთან დაკავშირებული დისკრიმინაციული ზომების გამო, სამართლებრივი ზომების მიღება იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. „თანასწორობა და ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემა ევრო-გაერთიანების ძირითადი ფასეულობებია, რომელიც გათვალისწინებულია „ევროკავშირის ხელშეკრულების“ მე-2 მუხლში. ევროპული კომისია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამ ღირებულებების დასაცავად. კომისია უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ იწყებს სამართალდარღვევის შესახებ პროცედურებს, რომლებიც თანასწორობისა და ძირითადი უფლებების დაცვასთანაა დაკავშირებული. ამ ორ წევრ-სახელმწიფოს ორი თვის ვადა აქვს ევროკომისიისთვის პასუხის გასაცემად, მათ წინააღმდეგ წარდგენილი არგუმენტების საპასუხოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისიას შეუძლია, მის მიერ დასაბუთებული დასკვნა გადაუგზავნოს ევროკავშირის სასამართლოს შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 10 ხმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა მხოლოდ კომიტეტის 4-მა წევრმა. კომიტეტმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, 10 ხმით, გია ცაცაშვილის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე, ასევე 10 ხმით, მაია ზარიძის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობზე გია ცაცაშვილთან ერთად წარმოდგენილი იყო ლელა ტალიურის, კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო მაია ზარიძესთან ერთად წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო ერთი წევრი წინააღმდეგი იყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით კანდიდატურების მოსმენის პროცესი საკმაოდ ინტენსიურად წარიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები. „დაისვა არაერთი შეკითხვა კანდიდატურების საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ ხედვებთან დაკავშირებით და კომიტეტმა მხარი დაუჭირა შესაბამის კანდიდატურებს. ეს საკითხი უკვე განიხილება პლენარულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრაზე დადგებიან ასევე ის კანდიდატურებიც, ვისაც კომიტეტის მხრიდან რეკომენდაცია არ გაეწია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: თბილისში ჟურნალისტებზე თავდასხმა შოკისმომგვრელი და მიუღებელია
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, მიუღებელი და შოკისმომგვრელია ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები და აუცილებელია გასამართლდნენ ამ ძალადობის შემოქმედები. ინფორმაციას ,,ამერიკის ხმა" ავრცელებს. "ბოლო პერიოდში, ჟურნალისტებზე თავდასხმა თბილისში შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ამ ძალადობის შემოქმედები უნდა გასამართლდნენ", - აცხადებს სენატორი. სენატორის მოუწოდებს მათი დასჯისკენ „ვინც პასუხისმგებელია ლაშქარავას გარდაცვალებაზე“. "5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ,,ქართული ოცნების ლიდერები" ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ", - ამბობს კარდინი. ცნობისთვის, ,,ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა. 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.
ევროკავშირმა უკრაინა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში დაამატა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროპაში მოგზაურობა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, COVID-19-ის მოგზაურობაზე დაწესებული ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 15 ივლისიდან ეძლევათ. სულ ევროკავშირის მიერ შედგენილ ე.წ. მწვანე სიაში ამჟამად 23 სახელმწიფოა შეყვანილი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია შესასრულებლად სავალდებულო არ გახლავთ და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები უკრაინის მოქალაქეებისთვის დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ.