ძებნის რეზულტატი:
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი: დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ყველა სფეროში მაღალ დონეზეა
საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მხარეებმა გამოთქვეს კმაყოფილება თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმის გაფორმების გამო, რაც მათი შეფასებით, კარგი შესაძლებლობაა, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისთვის. „სასიამოვნოა, რომ დღეს ვიმყოფები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. აზერბაიჯანთან, ჩემი წინა თანამდებობიდან გამომდინარე, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ხშირი კომუნიკაცია მქონდა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი განვახორციელეთ ერთიანი ძალისხმევით და ეს თანამშრომლობა მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ. გუშინ, თბილისისა და ბაქოს დაძმობილების ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობაა, თუმცა, ვფიქრობ, არსებობს დამატებითი რესურსი იმისა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ხალხი ერთმანეთს, გავმართოთ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, როგორც თბილისში, ისე ბაქოში“, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. „აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამ თვალსაზრისით ორი სახელმწიფოს დედაქალაქების დაძმობილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონში დიდ პროექტებს ახორციელებენ, რომლებსაც დიდი სარგებელი მოაქვს, როგორც რეგიონისთვის, ასევე, უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ყველა სფეროში მაღალ დონეზეა და ჩვენი მხრივ, წვლილს შევიტანთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაგაბაროთ ჩემი გულწრფელი მოკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა. ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კახა კალაძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი და "შეჰიდების ხეივანში“ მდებარე მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო. თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა ილჰამ ალიევმა და კახა კალაძემ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძე თავისუფალია
ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ შეიწყალა. ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია. გახელაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას Europetime-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც უდასტურებენ. გახელაძის გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში პრემირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც წერს. ,,ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია!", - წერს Facebook-ზე პრემიერი. თავის მხრივ, ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც ადასტურებენ. შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც ის ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
ეკატერინე ტიკარაძე: „ლოქდაუნის“ სურვილი არ გვაქვს, მაგრამ ამის ფუფუნებას არ გვაძლევს პანდემია
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტია და ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, covid-შეზღუდვების დაწესება გამორიცხული არ არის. ასე უპასუხა მან „რუსთავი 2“-ის ეთერში კითხვას, არის თუ არა შესაძლებელი შემოდგომამდე ანუ აგვისტოში დაწესდეს შეზღუდვები. „შრომის ინსპექცია და ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კერძო სექტორთან იმისათვის, რომ რეგულაციები დაიცვან. ჩვენ დამოკიდებული ვართ ისევ ინფექციის გავრცელებაზე, რის შედეგადაც შეიძლება (შეზღუდვების დაწესებაზე) გადაწყვეტილებები მივიღოთ. ბოლო ერთი კვირაა გვაქვს ორჯერადი ნახტომი, ინფექცია უკვე საკმაოდ გაზრდილია. შემდეგი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება ამ გადაწყვეტილებების მიღებისთვის და იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორის და მოქალაქეების ჩართულობა ამ მიმართულებით მაღალი იქნება, რომ ინფექცია კიდევ უფრო მეტად არ გავრცელდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ტიკარაძის თქმით, აუციელებელია იმ რეგულაციების დაცვა. „ეს რეგულაციები განაპირობებს იმას, დავდგებით თუ არა შემოდგომაზე არჩევანის წინაშე ანუ ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას და გვექნება თუ არა განმეორებითი „ლოქდაუნი“. რა თქმა უნდა, ამის სურვილი არ გვაქვს, თუმცა ამის ფუფუნებას არ გვაძლევს პანდემია და ის რიცხვები, რომელიც დღითიდღე მზარდია, ამ გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძე: საკმაოდ გაიზარდა ბავშვებში ინფექციის გავრცელება, უნდა დავიცვათ ისინი ამ ვირუსისგან
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საკმაოდ გაიზარდა ბავშვებში. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მეტი პედიატრიული საწოლის მობილიზების კუთხით დაწებულია მუშაობა. "საკმაოდ გაიზარდა ბავშვებზე ინფექციის გავრცელება და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა პედიატრიულ საწოლზე. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, რათა მოხდეს მეტი პედიატრიული საწოლის მობილიზება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვები დავიცვათ ამ ვირუსისგან. დღესდღეობით მიმდინარეობს არაერთი მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს პრევენციული ზომები მეტად უფრო ეფექტურად, იმისთვის რომ ბავშვების ინფიცირებისგან მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ", - განაცხადა ტიკარაძემ. რა შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში ბავშვების ვაქცინაცია ივანე ჩხაიძე: კორონავირუსისგან ბავშვების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციით
Pfizer-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია, ხარვეზის აღმოსაფხვრელად IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge-ზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დამატებითი IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ცნობისთვის, დღეს Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 15:00საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვებგვერდზე შეფერხების გამო, რეგისტრაცია რამდენიმე საათით შესაძლებელი არ იყო. რატომ ვერ რეგისტრირდებიან მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაციაზე
ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიკიაკომპანია FlyArystan-მა პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა
ცოტა ხნის წინ, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიკიაკომპანია FlyArystan-მა შიმკენტიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთაინება ავრცელებს. შიმკენტი - მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით არის შესაძლებელი. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილის, ლევან ცხადაძის განცხადებით, ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი სამი მიმართულების მსგავსად მოთხოვნადი იქნება. ,,ყაზახური დაბალბიუტერი ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას აძლიერებს. შიმკენტი - სრულიად ახალი მიმართულება დაემატა დღეიდან ჩვენს აეროპორტს. ავიაკომპანია ჩვენი აეროპორტიდან ყაზახეთის 3 ქალაქის მიმართლებით ფრენებს წარმატებით ახორციელებს. მოთხოვნა აქტაუზე, ნურ-სულთანსა და ატირაუს მიმართულებებზე მზარდია, რის გამოც ავიაკომპანია სამივე მიმართულებებზე თითო სიხშირე დაამატა და უკვე კვირაში 3 სიხშირით ასრულებს რეისებს. 10 აგვისტოდან კი ყაზახეთის დედაქალაქის მიმართულებით ავიაკომპანია მეოთხე სიხშირეს ამატებს. ცენტრალური აზია სრულიად ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთის 4 ახალი მიმართულება კვირაში 11 სიხშირით ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს,-‘’აცხადებს ლევან ცხადაძე. ივლისის თვეში ქუთაისიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით 42 პირდაპირი რეისი შესრულდება. FlyArystan-ი დღეისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან. FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები იყოს შესრულებული, ვიდრე ის თანხა, რომელიც სესხის სახით შეიძლება წელს მიგვეღო
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე გამოეხმაურა ევროკომისიის განცხადებას, მოსამართლეთა დანიშვნისა და საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური ტრანშის თაობაზე. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, "ევროკავშირის ფინანსური ტრანშის არმიღება ნაკლები პრობლემა იქნება ბიუჯეტისთვის, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ თანხის საგრანტო ნაწილი და მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირთან შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაწერილია და სწორად იყოს ეს ვალდებულებები შესრულებული". გიორგი კაკაურიძის თქმით, საუბარია 75 მილიონ ევროზე ჯამურად, საიდანაც დაახლოებით 10 მილიონი გრანტის სახით უნდა ყოფილიყო ჩარიცხული. მისივე თქმით, თანხები გათვალისწინებული იყო წლევანდელ ბიუჯეტში, თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველო ამ ტრანშს ვერ მიიღებს, ბიუჯეტს პრობლემა არ შეექმნება და არც ერთ მიმართულებას ამ მიზეზით დაფინანსება არ შეუმცირდება. „მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ რაც სამუშაო დონზე იყო განხილვები, დიდი რისკი, რომ ეს თანხა არ ჩამოსულიყო, არ იყო. მე ვიცი, რომ პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურები მუშაობდნენ ევროკავშირის შესაბამის ექსპერტებთან, სადაც დეტალურად იხილავდნენ, თუ რა იყო გასაკეთებელი და რა ღონისძიებები გატარდა სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, არ იქნება სასურველი, რომ თანხა არ ჩამოვიდეს, რადგან წლევანდელ ბიუჯეტში გაწერილია ეს თანხა შემოსავლების ნაწილში. თუ რა როგორ იქნება, ამას შეაფასებენ ევროკავშირის ექსპერტები, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა, რა იყო ჩადებული იმ ე.წ. მატრიცაში, რომელსაც მოსდევს უკვე თანხის ჩამორიცხვა და ამის მერე მიიღებს ევროკავშირი გადაწყვეტილებას. ბუფერები იმისთვის არის ბიუჯეტის დეპოზიტებზე, რომ ნაკლები სესხის შემთხვევაშიც, ბიუჯეტის ხარჯებს პრობლემა არ შეექმნას, არც ერთ მიმართულებას დაფინანსება არ მოაკლდება, აქ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები იყოს შესრულებული, ვიდრე ის თანხა, რომელიც სესხის სახით შეიძლება წელს მიგვეღო. ამ თანხის არმიღება ნაკლები პრობლემა იქნება ბიუჯეტისთვის, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ თანხის საგრანტო ნაწილი და მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირთან შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაწერილია და სწორად იყოს ეს ვალდებულებები შესრულებული", - განაცხადა კაკაურიძემ. ევროკომისია მოსამართლეების არჩევაზე: ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს
კახა კუჭავა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე: საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თანმიმდევრული მხარდაჭერით ოკუპაცია მალე დასრულდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება. კახა კუჭავას თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თანმიმდევრული მხარდაჭერით ოკუპაცია მალე დასრულდება. „ერთ წელზე ხანგრძლივი უკანონო პატიმრობის შემდეგ ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდება. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თანმიმდევრული მხარდაჭერით ოკუპაცია მალე დასრულდება, ოკუპაცია დროებითია“, - წერს კახა კუჭავა Twitter-ზე. ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძე თავისუფალია
ზაზა გახელაძე: არ ველოდებოდი გათავისუფლებას
ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მან ერგნეთში ე.წ. საზღვარი გადმოკვეთა. "არ ველოდებოდი გათავისუფლებას, ყოველ შემთხვევაში დღეს. ღმერთის წყალობით, პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, დღეს კარგად ვარ", - განაცხადა ზაზა გახელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. როგორც გახელაძემ აღნიშნა, პატიმრობის შესახებ დეტალურად მომდევნო დღეებში ისაუბრებს. ზაზა გახელაძეს ადგილზე დახვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ერგნეთში იყმოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა. „პირველ რიგში მადლობა ზაზას, ამ გმირ და ვაჟკაცს, ნამდვილად. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის უშუალო ჩართულობით, პრეზიდენტის ჩართულობით, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში, ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მადლობა ჩვენს პატრიარქს, პრეზიდენტს და რა თქმა უნდა, ყველა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის ოჯახს- მის დედას, მამას, მეუღლეს და შვილებს, რომლებიც ელოდებიან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძე თავისუფალია შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა.
დავით ზალკალიანი: მოხარული ვართ, რომ გაჭიანურების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა ზაზა გახელაძის საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყვეტა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზაზა გახელაძის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. ზალკალიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ანალოგიურად, ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყდეს საქართველოს სხვა დაკავებული მოქალაქეების საკითხი. „მივესალმებით ხანგრძლივი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის გათავისუფლების ფაქტს. პირველ რიგში მინდა მივულოცო თავად ზაზას, მის ოჯახს და ახლობლებს, აგრეთვე სრულიად საქართველოს მისი უკანონო ტყვეობიდან დახსნა. მოხარული ვართ, რომ გაჭიანურების მიუხედავად ჩვენი უწყვეტი ძალისხმევის და ინტენსიური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში განხილვა და გადაწყვეტა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესი და მოლაპარაკების ფორმატები, როგორცაა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარეკებები და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები. საკითხის მშვიდობიანი გზით, დიალოგის მეშვეობით გადაწყვეტა შესაძლებელი გახდა სწორედ აღნიშნული ფორმატების გამოყენების შედეგად. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა სტრუქტურა პრემიერის მეთაურობით აქტიურად მუშაობდა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების რაუნდზე, ასევე ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ორმხრივ ფორმატებში პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და საბოლოოდ ხელისუფლების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ჩვენ არ დაგვიშურებია ძალისხმევა და ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ანალოგიურად, ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყდეს საქართველოს დაკავებული მოქალაქეების საკითხი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ზაზა გახელაძე: არ ველოდებოდი გათავისუფლებას ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძე თავისუფალია
იტალიის მთავრობამ ვენეციაში საკრუიზო გემების შესვლა აკრძალა
UNESCO-ს მუქარის შემდეგ, რომ ვენეციას საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანენ, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მთავრობამ ვენეციაში საკრუიზო გემების შესვლა აკრძალა. განკარგულების თანახმად, რომელიც იტალიის მთავრობამ დაამტკიცა, ვენეციაში საკრუიზო გემების შესვლა 1-ლი აგვისტოდან იკრძალება. აღნიშნული გადაწყვეტილება 25,000 ტონაზე მეტი წონის გემებზე გავრცელდება. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და კულტურული ორგანიზაციების ინტერესები ტურიზმის ინდუსტრიის მოთხოვნებს აღემატება. პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის ოფისის განცხადებით, ცვლილებებით დაზარალებული მუშაკები და კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების მიღებას, ათწლეულების განმავლობაში ითხოვდნენ ვენეციელები და გარემოს დამცველები.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის საფრანგეთი თავისუფლების სინონიმია, ჩვენი ევროპული მისწრაფების სიმბოლო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და ფრანგ ხალხს ბასტილიის აღების დღეს ულოცავს. "საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის საფრანგეთი თავისუფლების სინონიმია. მისასალმებელი ქვეყანა და დემოკრატია, ჩვენი ევროპული მისწრაფების სიმბოლო. ჩვენ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. ვულოცავთ ფრანგ ხალხს დღევანდელ დღესასწაულს", - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. 14 ივლისი საფრანგეთის ნაციონალური დღესასწაულია. ის 1880 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს.
Pfizer-ის ვაქცინაზე ყველა ჯავშანი შევსებულია
ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინაზე ყველა ჯავშანი შევსებულია. Pfizer-ის ვაქცინის 28 ათასი დოზა საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ვაქცინაზე რეგისტრაცია 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი გაითიშა და მოგვიანებით ჩაირთო. ჯანდაცვის მინისტრის ეკატრინე ტიკარაძის განცხადებით, საიტზე ხარვეზი მაღალმა მიმართვიანობამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, Pfizer-ით აცრის პროცესი 16 ივლისიდან დაიწყება. Pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
ამირან გამყრელიძე: დამსაქმებლებმა მიკროგეგმა უნდა შეიმუშაონ, რომ დასაქმებულები აიცრან
"აცრა არის ნებაყოფლობითი, ვერავის დავაძალებთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამის მიუხედავად, დამსაქმებლებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა, რათა დასაქმებულები მაქსიმალურად აიცრან. „მოგეხსენებათ, აცრა არის ჩვენთან ნებაყოფლობითი. ეს არ არის ძალდატანებითი და ვერავის დავაძალებთ. დამერწმუნეთ, რომ ეს მოწოდებები და ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს იქით მიმართული, რომ აცრის გარდა ეპიდემიას ვერაფერი დაამთავრებს. მაგალითად გეტყვით, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცრილია დასაქმებულების 61%, ამ თვის ბოლოს უკვე აცრილი იქნება 90%-მდე. ყველა დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა გაითავისოს, მიკროგეგმა შეიმუშაოს და დასაქმებულები აცრას. ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განცხაებით, "ამ ეტაპზე ვაქცინაციის სავალდებულოობა არ განიხილება, რადგან ჯანდაცვის სისტემა მოსახლეობის დამყოლობას ენდობა".
კახა კალაძემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა
დედაქალაქის მერმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. კახა კალაძე ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ბაქოს მერს შეხვდა. გარდა ამისა, ხელი მოეწერა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მემორანდუმს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ვიზიტი იყო. შეხვედრები გვქონდა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. პირველ რიგში, ხელი მოეწერა დაძმობილების დოკუმენტს. 1997 წლიდან თბილისსა და ბაქოს პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა, დაძმობილების შემდეგ კი შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელება, როგორც თბილისში, ასევე ბაქოში. პრეზიდენტთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას, რეგიონში საქართველოსა და აზერბაიჯანის როლსა და მნიშვნელობას. საერთო ჯამში, ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები შეაფასა ბაქოს მერმაც. „ჩვენ გაგვაჩნია მეგობრობისა და თანამშრომლობის ისტორია და ამ ურთიერთობების დიდ პოტენციალი. ხელი მოეწერა მემორანდუმს დაძმობილების შესახებ, მაგრამ ეს უფრო ფორმალური მხარეა, რადგან თბილისსა და ბაქოს შორის ყოველთვის არსებობდა მეგობრული ურთიერთობები. ორივე ქვეყანაში ცხოვრობენ ჩვენი ეთნიკური წარმომადგენლები. საქართველოში აზერბაიჯანელები, აზერბაიჯანში - ქართველები. ჩვენს შორის ყოველთვის მეგობრობა და თანამშრომლობა არსებობდა. ამ ვიზიტმა დიდი ინტერესი გამოიწვია აზერბაიჯანში, რადგან ბატონი კახა კალაძე აქაც პოპულარულია. მე ვიგრძენი, რომ ის პატრიოტია, უყვარს თავისი ხალხი და ერთგულია თავისი ქვეყნის. ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი და მგონია, რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს მისცემს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა ელდარ აზიზოვმა. ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მემორანდუმის 13 ივლისს გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს დედაქალაქების შორის თანამშრომლობის გაძლიერებას კულტურის, ხელოვნების, ტურიზმის, ურბანული დაგეგმარების, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით, ასევე, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: მივესალმებით ზაზა გახელაძის გათავისუფლებას
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმება. როგორცი მისიის განცხადებაში წერია, პოზიტიური შედეგის მისაღწევად ერთწლიანი უწყვეტი მუშაობა მიმდინარეობდა. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შვებით მიესალმება ბატონი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, რაც მოხდა ამ პოზიტიური შედეგის მისაღწევად ერთწლიანი უწყვეტი ძალისხმევის შემდეგ, მათ შორის ცხელი ხაზის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთის ფორმატში ფართო დისკუსიების გზით“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძე თავისუფალია.
ირაკლი კობახიძე 5 ივლისის მოვლენებზე: სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეეძლო რაიმეს აღკვეთა და არ, ან ვერ აღკვეთა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს შეეძლო რაიმე შემთხვევის აღკვეთა და არ, ან ვერ აღკვეთა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, მოახერხა თუ არა ხელისუფლებამ და პოლიციამ 5 ივლისს ჟურნალისტებისა და მოქალაქეების დაცვა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, "ვერ მოხერხდა ძალადობის აღკვეთა, მაგრამ ჰქონდა ამას ობიექტური მიზეზი თუ არა, ამაშია საქმე". "სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეეძლო რაიმეს აღკვეთა და არ, ან ვერ აღკვეთა. როდესაც საუბარია სახელმწიფოს ან პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაზე, პირველ რიგში უნდა გაირკვეს იყო თუ არა აღკვეთადი სამართალდარღვევა და მერე უნდა დავაყენოთ პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ევროკომისიის განცხადებაზე: ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ცალკეული ჩინოვნიკის მიერ არასწორად მიწოდებილი ინფორმაციის შედეგი
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ "ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ცალკეული ჩინოვნიკის მიერ არასწორად მიწოდებილი ინფორმაციის შედეგი". ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მათ ზუსტად შეასრულეს შარლ მიშელის დოკუმენტის პირობები და ამას "სრული პასუხისმგებლობით" აცხადებს. "ის რაც ჩვენ გავაკეთეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში, ზუსტად შეესაბამება იმას, რაზეც ზეპირად შევთანხმდით და წერილობით ავსახეთ შარლ მიშელის დოკუმენტში... რაც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში ყველაფერი ზუსტად ისე შესრულდა, გაკეთდა პაუზა, მივიღეთ კანონი, რომელიც შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. როგორც მიშელის დოკუმენტში ეწერა, გამოცხადდა საბუთების ხელახლა მიღება დამატებითი კანდიდატებისთვის და ამის შემდეგ გაგრძელდა პროცესი. ეს იყო ის, რაც ზეპირად შევთანხმდით, ჩემი მონაწილეობით, და ჩაიწერა ტექსტში. ეს გავაკეთეთ სიტყვასიტყვით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ გააკეთა ევროკავშირმა მაშინ ის განცხადება, რომელიც დღეს გავრცელდა და ეხება მოსამართლეების დანიშვნას და ამ პროცესში პაუზის გაკეთებას, ირაკლი კობახიძის თქმით, "ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ცალკეული ჩინოვნიკის მიერ არასწორად მიწოდებილი ინფორმაციის შედეგი". კობახიძის თქმით, სესხის გამოყოფაზე უარის თქმა უსამართლო გადაწყვეტილება იქნება. "ჩვენ ვიმოქმედეთ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის და შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ჩვენ ვართ პირნათელი, ქართული საზოგადოების, კანონმდებლობის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ასეთ ვითარებაში თუ ვიღაცა სესხს არ გამოგვიყოფს, ეს იქნება აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას და სანქციების დაწესების შესაძლებლობას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მხოლოდ ჟურნალისტის კითხვის პასუხი იყო. "კითხვა იყო დასმული, სადაც სანქციები იყო ნახსენები და ამაზე პასუხად თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა. ეს იყო კონკრეტულ კითხვაზე პასუხი. მარტივად არის აქ საქმე", - განაცხადა კობახიძემ. ევროკომისია მოსამართლეების არჩევაზე: ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით ნედ პრაისი: საქართველოში დემოკრატიისადმი სანდოობა მოითხოვს, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს და წაახალისა ძალადობა
დღეს ჯო ბაიდენი ანგელა მერკელს შეხვდება
დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს თეთრ სახლში უმასპინძლებს. როგორც Cbnc წერს, ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერთან მწვავე საკითხების სერიას განიხილავს. მათივე ცნობით, განხილვის მთავარი თემები რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, ჩინეთთან ურთიერთობები, ავღანეთში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობა, დიდი ხნის სავაჭრო ურთიერთობები და კორონავირუსის პანდემია იქნება. ორივე მხარემ განაცხადა, რომ მათ სურთ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში დაძაბული ურთიერთობების აღდგენა. თუმცა მათი პოზიციები ყველაზე სადავო საკითხებზე კვლავ განსხვავებულია. ანგელა მერკელის კანცლერის რანგში ეს აშშ-ში სავარაუდოდ ბოლო ვიზიტი იქნება.
უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტები ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმდნენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სახელმწიფოთა მეთაურებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ინტერპერსონალური კონტაქტების განვითარების მნიშვნელობა და უკრაინასა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე გადასვლის ხელშეკრულების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ. ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიიმ უკრაინელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტს უკრაინისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების გამო: "ამ ვაქცინებმა მრავალი უკრაინელის სიცოცხლე გადაარჩინა". სახელმწიფოთა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ჩინეთისა და უკრაინის მხრიდან პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა და თანამშრომლობა მეგობრობის გამოხატულებაა. ”ჩინეთი არის უკრაინის ნომერ პირველი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი მსოფლიოში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალის სრულად რეალიზებით, პირველ რიგში სავაჭრო და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროებში ”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ქვეყნის მეთაურმა ცალკე აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, უკრაინასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ზედიზედ მეორე წელია იზრდება. ეს არის პროდუქტიული ორმხრივი თანამშრომლობის მტკიცებულება. საუბრისას მათ დაადასტურეს დაინტერესება ჩინეთში უკრაინის ექსპორტის გაზრდისა და უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალსა და მისი მოცულობების გაზრდის შესაძლებლობაზე. ვოლოდიმირ ზელენსკიიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს "ხიდი ევროპაში" ჩინური ბიზნესისთვის. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი პატივს სცემს უკრაინის ხალხის მიერ არჩეულ დამოუკიდებლობის გზას და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.