ძებნის რეზულტატი:

გამყრელიძე: პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, ორჯერ ვაქცინირებულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ერთხელ აცრის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ერთ ათეულს აღწევს, ხოლო ორჯერადად აცრილებზე მიმდინარეობს კვლევა. ,,პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი ათეული. ორჯერ აცრილებთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კვლევა, შეიძლება იყოს ერთი, ვერ გეტყვით ჯერჯერობით. ჩვენი მეექვსე ანგარიში ივლისის 20-დან 25-მდე უნდა გამოქვეყნდეს,"- განაცხადა გამყრელიძემ ,,ღამის კურიერის" ეთერში.

ამირან გამყრელიძე: ჯავშნის საიტზე Pfizer-ის 12 000 ვაქცინა იყო და შემოვიდა 120 000-მდე ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, გუშინ Pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაციის დროს შექმნილ პრობლემებსა და საიტის გაუმართაობაზე საუბრობს. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ვაქცინის მოთხოვნილებასა და დოზების რაოდენობას შორის დისბალანსი იყო. "რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეცდომა ნამდვილად არ დაშვებულა. საიტი დღესაც გამართულად მუშაობს, საკითხი ეხებოდა იმას, რომ გუშინ იყო დიდი დისბალანსი მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის. ანუ, იყო ვაქცინა დაახლოებით 12000 დადებული ჯავშნის საიტზე და პირველი წუთებში შემოვიდა, დაახლოებით, როგორც IT სამსახურები სხვადასხვა მხრიდან გვეუბნებიან, იყო დაახლოებით 100-120 000-მდე შემოსვლა,“ - განაცხადა გამყრელიძემ ,,ღამის კურიერის" ეთერში ცნობისთვის, გუშინ, Pfizer-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ოფიციალურად 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტზე შექმნილი შეფერხებების გამო, მოქალაქეებმა რეგისტრაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით შეძლეს.

ჯო ბაიდენი ანგელა მერკელზე: ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენი მეგობრობის გაგრძელებაა

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვედრა იმართება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, მერკელი აშშ-ის „საუკეთესო მეგობარია“. „ჩვენ შევხვდით დიდი შვიდეულის სამიტზე და NATO-ს შეხვედრაზე. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ აშშ-ისა და გერმანიის ურთიერთობები განმტკიცებაზე. ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი დღის წესრიგი. ჯერ პირისპირ გავისაუბრებთ და შემდეგ ჩვენი მთავრობის წევრებიც შემოგვიერთდებიან. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენი მეგობრობის გაგრძელებაა. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება“, – განცხადა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, ანგელა მერკელი ვაშინგტონში ბოლო ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გერმანიაში შემოდგომაზე არჩევნებია დაგეგმილი, რის შედეგადაც გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე მერკელის შემცვლელის ვინაობა გახდება ცნობილი. დღეს ჯო ბაიდენი ანგელა მერკელს შეხვდება

Pfizer-ზე რეგისტრირებული მოქალაქეების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

Pfizer-ზე რეგისტრირებული 12 000 მოქალაქის ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება. დოზები საქართველოს მასშტაბით სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე შვიდ კლინიკაში გადანაწილდა. კლინიკების ხელმძღვანელების განცხადებით, სამედიცინო პუნქტები აცრებისათვის მზად არის. Pfizer-ის დამატებითი დოზები ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა, წლის ბოლომდე, ჯამში, მილიონ 350 000 დოზა.

ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება, კონფერენციებზე, სპორტულ ტურნირებზე რეგულაციები წესდება

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებზე, სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები. გარდა ამისა, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. ასევე, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე. ცვლილებები, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ძალაში 19 ივლისიდან შევა.

სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე

აშშ ღრმადაა შეწუხებული საქართველოს პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის იყო მიღწეული, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ევროკავშირის და აშშ-ის შუამავლობით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმება ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს, შეაჩეროს „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ უზენაეს სასამართლოში, ვიდრე არ იქნება მიღებული „ამბიციური მართლმსაჯულების რეფორმა“ ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესში. ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასმართლოში დანიშვნების შეჩერებისა და ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე. ეს არის ის, რაზეც პოლიტიკურ ლიდერები და მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ. ამის ვერ მიღწევა კიდევ უფრო შეარყევს საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს მართლმსაჯულების მიმართ და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის. 19 აპრილის შეთანხმების არასრულად ამოქმედება ასევე შეასუსტებს ინვესტორების ნდობას და საქართველოს პოლიტიკური თუ სოციალური ინსტიტუტების მდგრადობას. აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღადგინოს მათი ვალდებულება დემოკრატიული პრინციპებისადმი და კანონის უზენაესობისადმი და ამასთან ერთად, გაამყაროს პარტნიორობა აშშ-თან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი: აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცება ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. „აშშ ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებისთვის“, – წერს ბლინკენი Twitter-ზე. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა

ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია ერთად აღუდგებიან წინ რუსეთის აგრესიას

აშშ და გერმანია ერთად აღუდგებიან წინ რუსეთის აგრესიას, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „ჩვენ ერთად ვდგავართ და გავაგრძელებთ NATO-ში ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეების დაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მან მერკელთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, ენერგორესურსები იარაღად გამოიყენოს. მისივე თქმით, ამ საკითხზე ის მერკელთან ვერ თანხმდება. „კარგ მეგობრებსაც აქვთ საკითხები, რომლებზეც ვერ თანხმდებიან“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ აშშ და გერმანია ჩინეთის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ეწინააღმდეგებიან. „ჩვენ ხმას ავიმაღლებთ და დავიცავთ დემოკრატიულ პრინციპებს და ადამიანის უფლებებს, როდესაც ვხედავთ რომ ჩინეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა მუშაობს, რათა ძირი გამოუთხაროს თავისუფალ და ღია საზოგადოებას“, – განაცხადა ბაიდენმა. პრესკონფერენციის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას მოენატრება მერკელის ხილვა სხვადასხვა სამიტზე. როგორც ცნობილია, ანგელა მერკელი ვაშინგტონში ბოლო ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

„ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლ.ბ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე, ვ.ბ.-ს, ხოლო მოქალაქე ნ.ზ.-ს მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვისა და აზრის გამო დევნისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე, დ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ვ.ბ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლ.ბ.-ს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. „ასევე, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე დ.ქ. სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა მოქალაქე ნ.ზ.-ს, რომელიც „ლგბტქი“ თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე დროშით გადაადგილდებოდა. დ.ქ. და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ნ.ზ.-ს დევნიდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მას აყენებდნენ. სამართალდამცველებმა ვ.ბ. 15 ივლისს, ხოლო დ.ქ. 14 ივლისს დააკავეს. ვ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. დ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვისა და აზრის გამო, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. ვ.ბ.-ს და დ.ქ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისა და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

საქართველოს სანაპირო დაცვამ SEA BREEZE 2021 შემაჯამებელი საზღვაო წვრთნებით დაასრულა

საქართველოს სანაპირო დაცვამ მრავალეროვნული სწავლება SEA BREEZE 2021 შემაჯამებელი საზღვაო წვრთნებით დაასრულა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მრავალეროვნული ყოველწლიური სწავლება SEA BREEZE 2021 დასრულდა. სწავლების ბოლო ეტაპზე, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, მონაწილე ქვეყნების მცურავი საშუალებების მონაწილეობით, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების "დიოსკურიისა" და "ოჩამჩირეს" ეკიპაჟებმა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო დანაყოფებთან ერთად ძებნა-გადარჩენის ოპერაციები, საზღვაო სროლები და ტაქტიკური მანევრები განახორციელეს. წვრთნების მიზანი იყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ურთიერთქმედების დახვეწა და ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა. აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 10 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. SEA BREEZE 2021 წელს ყველაზე მასშტაბურად ჩატარდა და მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობდა. მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებში მონაწილეობდნენ. სწავლების თითოეული ელემენტი დაიგეგმა და განხორციელდა ნატოს სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით. შავ ზღვაში დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელშიც NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოც მონაწილეობს

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 653 ადამიანს დაუდასტურდა, 466 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 ინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 800 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 765 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 035 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 653 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 384 387-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.31% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 4.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 466 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 957-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 516 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 155, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 48, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 888 საიდანაც: 4 001 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 457, აჭარაში - 191, იმერეთში - 460. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 780 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 422, აჭარაში - 34, იმერეთში -161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში - 138 აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 1 016 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 268- აჭარაში. 10 871 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 952 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 703 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 877, აჭარაში - 1 182, იმერეთში - 1 086.

გურამ ფალავანდიშვილისა და ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამასთან, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძისა და კონტანტინე მორგოშიას საცხოვრებლებშიც. Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართზე, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში სახელებსა და გვარებს არ აკონკრეტებენ.

,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მახარაძის მეუღლე ლიკა კასრაძე აცხადებს. ,,დაახლოებით, 09:00 იქნებოდა სამართალდამცველები, რომ მოვიდნენ, ჩაატარეს სტანდარტული პროცედურა - ჩხრეკა. მათთვის საინტერესო ნივთები ამოიღეს და წაიღეს. როგორც ვხვდები, გადაიყვანეს პროცედურულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, უნდა გააფორმონ წერილობით დოკუმენტაცია. დაკითხვა არის, თუ რა ტიპის პროცედურა მიმდინარეობს, არ ვიცი. ჩხრეკის პროცედურა 2 საათის გამნავლობაში მიმდინარეობდა", - აცხადებს კასრაძე მედიასთან საუბრისას. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილისა და ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს.

ჩინეთში არავაქცინირებული ოჯახის შვილებს სკოლაში არ დაუშვებენ

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში, მოსწავლეებს სკოლაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ, თუ მათი მთელი ოჯახი კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად აცრილი არ იქნება. ამასთან, ჩინეთის რამდენიმე ქალაქში განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა საავადმყოფოები და სუპერმარკეტები, ასევე მხოლოდ ვაქცინირებულები უნდა დაუშვან. ,,ვინც ჯერ არ არის ვაქცინირებული, უნდა იჩქაროს და აცრა გაიკეთოს, რათა ამან თქვენს ბავშვს სკოლაში დაბრუნებაში ხელი არ შეუშალოს”, - ნათქვამია ქალაქ ბეილიუს განცხადებაში. ჩინეთი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს COVID- ვაქცინაციის მიზანს მიაღწევს, რომელიც მოსახლეობა 64%-ის ვაქცინაციას ითვალისწინებს.

ბელარუსში აქციების ჩასახშობად არმიის გამოყენება დაშვებული იქნება

ბელარუსში აქციების ჩასახშობად არმიის გამოყენება დაშვებული იქნება. შესაბამისი ცვლილება კანონში ალექსანდრ ლუკაშენკომ დაამტკიცა. კანონის მიხედვით, არმიის გამოყენება დაშვებული იქნება კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობისას, შეიარაღებული ამბოხისას და ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტით გამოწვეული არეულობისას. ამავე ცვლილების მიხედვით, ბელარუსში „მასობრივი არეულობის“ შემთხვევაში საგანგებო მდგომაროების გამოცხადება კანონით შესაძლებელი იქნება. კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია მედიასაშუალებების მუშაობის შეჩერება და ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებული აკრედიტაცია იმოქმედებს, ასევე თუ საჭირო გახდება, შესაძლებელია ინტერნეტრესურებთან წვდომაც.

რატომ გაძვირდა პური - საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის განმარტება

„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პური 10 თეთრით გაძვირდა. საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ პროდუქტზე ფასის მომატების მიზეზი ძირითადი ნედლეულის, ფქვილის და დამხმარე მასალების გაძვირებაა. „ძირითადად ეს არის მასობრივი ასორტიმენტი, რომელიც იყო სუბსიდირებაში. იცით, სუბსიდირება დასრულდა მიმდინარე თვის პირველ რიცხვში და კომპანიები ფქვილის ღირებულებიდან გამომდინარე, იძულებული იყვნენ, კორექტირება შეეტანათ ზოგიერთ ასორტიმენტზე. მხედველობაში მაქვს ქვის პური, თეთრი პირველი ხარისხის პურის ფასი დაახლოებით შეცვლილი არის ათი თეთრით. აქვე მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ მოვუმატეთ ათი თეთრი, მაგრამ არ ვარ პასუხისმგებელი, მაღაზიები როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში. იცით, ფასების ლიბერალიზაციაა. ზოგმა შეიძლება ეს ფასი თავისი შეხედულებით ცოტა მეტიც დაადოს, რაც მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არასწორი მოქმედება იქნება მათი მხრიდან. რატომ მოიმატა ათი თეთრით? საქმე ისაა, რომ სუბსიდირებული ფქვილი იყო შეთანხმება, რო,ლის მიხედვითაც მწარმოებელს ერთი ტომარა ფქვილი 53 ლარად მიეწოდებოდა. დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი წისქვილებიდან არის 60-61 და 62 ლარი. აღნიშნული განსხვავება არის წარმოებისთვის აუცილებელი, რომ პურის წარმოების თვითღირებულებაში ჩაჯდეს და მისი რენტაბელობიდან გამომდინარე, ათთეთრიანი სხვაობა ამით არის განპირობებული“, – განაცხადა „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ ,,მთავარში" გამართულ ბრიფინგზე.

კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი ადასტურებს. მისი განცხადებით, ჩვილს კორონავირუსის ალფა (ბრიტანული) შტამი ჰქონდა დადასტურებული და კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ,,სამწუხაროდ, კლინიკაში მოთავსებული პაციენტი, რომელიც ჩვენთან მკურნალობდა ორ კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში, რომელიც ინფიცირებული იყო ბრიტანული შტამით, გარდაიცავალა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სამედიცინო საზოადოება იყო ჩართული, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძნელად ემორჩილებოდა მკურნალობას",- განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში რჩება კიდევ ორი ინფიცირებული ჩვილი, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა. ,,საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და მათი მდგომარეობა წინასწარი პროგნოზირების გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს", - განაცხადა რეხვიაშვილმა. საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შედეგად კი 13 გარდაიცვალა. ბავშვებში კოვიდინფექციის მძიმედ განვითარებისა და ამ დაავადებით გარდაცვალების რისკებზე კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

გურამ ფალავანდიშვილი შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შემდეგ, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები განყოფილებაში დაიბარეს. გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მათ დაკავებას არ აპირებენ და მხოლოდ გამოკითხვისთვის მიდიან. „ ახლა მივდივართ განყოფილებაში. როგორც ვიცი, არ გვაკავებენ, უბრალოდ ჩვენი დაკითხვა უნდათ. ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე, თუ არ იქნება სასამართლოში და ადვოკატის თანხმლებით. გამოვთქვათ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, „თბილისი პრაიდს“ და მედია ტერორისტებს. უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან. შეიძლება, ჩვენც მოვმკვდარიყავით და ყველა მომკვდარიყო. თქვენ ხართ მოძალადეები“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილისა და ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ფილოლოგი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლიტერატურის თეორიტიკოსი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა. რამაზ ჭილაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1977 წლიდან მუშაობდა და პედაგოგიურთან ერთად აქტიურ სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდა. ლიტერატურისა და კრიტიკის სფეროში მას არაერთი აკადემიური ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. 2020 წელს კრებულისთვის „პოეტიკური ჩანაწერები“ იგი გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული წლის საუკეთესო კრიტიკის ნომინაციაში.

კელი დეგნანი: განცხადებები, რაც გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის, საელჩოს და სახელმწიფო მდივნის მიერ, ეს არ არის ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები

,,განცხადებები, რაც გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის, საელჩოსა და სახელმწიფო მდივნის მიერ, ეს არ არის ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები. ეს არის გზავნილი, რომელიც გამოხატავს სტრატეგიული პარტნიორის სერიოზულ შეშფოთებას და არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული განცხადება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით, აშშ მოუწოდებდა პოლიტიკურ ლიდერებს პროცესი შეეჩერებინათ, თუმცა ეს არ მოხდა. ,,სანქციები არის მრავალი ინტრუმენტთაგანი. საელჩომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე სახელმწიფო მდივანმა გააკეთეს განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ იმედგაცრუებულები; რომ მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა, ეს პროცესი დროებით შეჩერებულიყო, ეს ასე არ მოხდა. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის, მმართველმა პარტიამ დადო პირობა, შეთანხმდნენ, რომ ეს პროცესი შეჩერდებოდა, ასე არ მოხდებოდა 19 აპრილის შეთანხმების თანახმად და პარლამენტს ჰქონდა ამისი უფლებამოსილება, შეეჩერებინა ეს პროცესი. განცხადებები, რაც გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის, საელჩოსა და სახელმწიფო მდივნის მიერ, ეს არ არის ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები. ეს არის არის გზავილი, რომელიც გამოხატავს სტრატეგიული პარტნიორის სერიოზულ შეშფოთებას და არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული განცხადება", - განაცხადა კელი დეგნანმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე ენტონი ბლინკენი: აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა