ძებნის რეზულტატი:

ელჩი 5-6 ივლისის მოვლენებზე: თუ არ იქნება მკაცრი და მკაფიო მესიჯი ხელისუფლების მხრიდან, ეს გარკვეულწილად წაახალისებს სხვებს ძალადობისკენ

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მკაცრი და მკაფიო მესიჯები უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, თუ არ იქნება ასეთი მკაცრი და მკაფიო მესიჯი ხელისუფლების მხრიდან, ეს გარკვეულწილად წაახალისებს სხვებს ძალადობისკენ. ,,ძალადობა არის მიუღებელი. ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს ძალიან ნათელი, ძლიერი მესიჯი, რომ ის ადამიანები, ვინც რაღაცა კუთხით მონაწილეობდა ამ პროცესებში, იქნება ეს ძალადობაში მონაწილეობა, წახალისება თუ სხვა, პასუხისგებაში მიეცემიან. ამ ყველაფერს ექნება თავისი რეალური შედეგი იმიტომ, რომ თუ არ იქნება ასეთი მკაცრი და მკაფიო მესიჯი ხელისუფლების მხრიდან, ეს გარკვეულწილად წაახალისებს სხვებს ძალადობისკენ. ხელისუფლების ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა დაიცვას მოქალაქეები და მათ მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოხატვა მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში", - განაცხადა ელჩმა. ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.

ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ქრისტინე ფაღავა-ბულეზი ავრცელებს. ცნობისთვის, რეჯებ ჟორნადია წლების განმავლობაში ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ლექციებს კითხულობდა ფრანგული ცივილიზაციის შესახებ.

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვები ძალიან სწრაფად მოიხსნა. სამწუხაროდ, ვიჩქარეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეღუდვების მოხსნა საქართველოში ნაჩქარევად მოხდა. ამის შესახებ მან მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა. თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება. „შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე, ექიმები საბჭოზე ვართ უფრო რადიკალურები ყოველთვის, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ ჯერდება იქ ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ „ოქროს შუალედით“ იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 653 ადამიანს დაუდასტურდა, 466 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 ინფიცირებული გარდაიცვალა.

საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ეწვევიან

საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ვლადიმერ ზელენსკი და მაია სანდუ ეწვევიან. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 19 ივლისს ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ შეხვედრას გამართავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაა დაგეგმილი. როგორც ცნობილია, შარლ მიშელი, ვლადიმერ ზელენსკი და მაია სანდუ 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ. კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის "ასოცირებული ტრიოს" ფარგლებში შეთანხმება. შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა სალომე ზურაბიშვილი: ბატონ მიშელს შევთავაზე, ბათუმის ცნობილი კონფერენცია გადაიქცეს ასოცირების სამიტად

ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ერთჯერადად ვაქცინირებულებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მან მედიისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა. რაც შეეხება სრულად ვაქცინირებულ პირებში გარდაცვალების შემთხვევებს, გამყრელიძის ინფორმაციით, კვლევა ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. „ამ ეტაპზე პირველი აცრის შემდეგ გარდაცვლილია 12 ადამიანი. რაც შეეხება ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევებს, არ მინდა გადაუმოწმებელ საკითხზე ვისაუბრო, მიმდინარეობს კვლევა ერთ შემთხვევაზე და მოგვიანებით დაგიდასტურებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შარლ მიშელი 19 ივლისს სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური ვიზიტების განრიგი გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, შარლ მიშელი ბათუმში, 19 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამავე დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია. განრიგის მიხედვით, საქართველოში ვიზიტამდე, 16 ივლისს, შარლს მიშელი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება. 17-ში პრესასთან ერთად ერთობლივ შეხვედრას გამართავენ. 17 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდება. 18 ივლისს შარლ მიშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება და შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ.

უკრაინას ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავს

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრად "ხალხის მსახურის" დეპუტატი, დენის მონასტირსკი დანიშნა. დენის მონასტირსკი კანდიდატურას 271-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. "მე არ ვპირდები ხალხს ყველა პრობლემის მყისიერად მოგვარებას. ეს შეუძლებელია. მე ვპირდები პროფესიონალურად და პრინციპულად შევასრულო მინისტრის მოვალეობა და მზად ვარ, ღირსეულად ვიმსახურო ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა დენის მონასტირსკმა სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, მისი მთავარი მიზნები ორგანიზებული დანაშაულის და ე.წ. კანონიერი ქურდებთან წინააღმდეგ ბრძოლა, პოლიციას, საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობების დამყარება, საგზაო უსაფრთხოება, ნარკოტიკებთან ბრძოლა და საზღვრების დაცვა იქნება. ცნობისთვის, დენის მონასტირსკი შს მინისტრის თანამდებობაზე არსენ ავაკოვი ჩაანაცვლა. არსენ ავაკოვმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ბათუმში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დღეს მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან. კონკრეტულ მსჯავრდებულთან ან განრიდებულ პირთან გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იქნება შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, ვადა, სამუშაო ადგილი და ა.შ. "დღესვე, იუსტიციის სამინისტრომ ბათუმის მერიისგან მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული პირები, მას შემდეგ რაც ამოწურავენ სასამართლოს მიერ მისჯილ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, უკვე ანაზღაურების სანაცვლოდ შეძლებენ დასაქმებას აღნიშნულ მიმართულებებზე. იუსტიციის სამინისტრომ მსგავსი შინაარსის მემორანდუმი ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან უკვე გააფორმა. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, მსგავსი ტიპის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაგეგმილი. შედეგად, მსჯავრდებულები საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებაში და შესრულებული შრომით აანაზღაურებენ საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს", - ნათქვამია იმფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, ,,ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პარტია ,,ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს. „დღეს გავრცელდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეების არჩევა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა. გვსურს, გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა სახელმწიფო მდივნის მიმართ და პარტიის პოლიტიკურ გუნდთან შეთანხმებით, კიდევ ერთხელ განვმარტოთ საპარლამენტო უმრავლესობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველი. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის გარშემო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პუნქტები ჩვენ – ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა უშუალოდ შევათანხმეთ საერთაშორისო პარტნიორებთან. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, უნდა „დაპაუზებულიყო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი. მოლაპარაკებების წარმოებისას, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმების მიხედვით მოქმედების შემთხვევაში, აზრი აღარ დაეკარგებოდა მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა მიეცემოდა! აღნიშნული ზეპირი შეთანხმება ზედმიწევნით აისახა კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ პოლიტიკური შეთანხმების პირველად პროექტში, რომლის შესაბამისად მოქმედება „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო და საქართველოს პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის წესით 24 მარტს წარუდგინა. შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, როდესაც კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა და პოლიტიკური შეთანხმების პირვანდელი პროექტი გამოაქვეყნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განახორციელებდა. სწორედ ამ დაპირებისა და კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა დაწყებული პროცესი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები აპრილში სამი მოსმენით მიიღო. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის ყველა საკვანძო რეკომენდაციას: დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა; შემოღებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი; შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების ოთხმაგი გასაჩივრების წესი. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, რომელსაც არცერთ ზემოაღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ წარმოუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა. ამ და სხვა მსგავსი გარემოებების თაობაზე „ქართულმა ოცნებამ“ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მივიღეთ თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოგვეწერა ხელი, რათა დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია, დოკუმენტში არსებული უზუსტობები კი აღსრულების პროცესში დაგვეზუსტებინა. ჩვენ პარტნიორების აღნიშნულ თხოვნას ანგარიში გავუწიეთ. სწორედ ამ ზეპირი შეთანხმების შედეგი იყო, მაგალითად, რომ ოთხთვიანი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი საარჩევნო კოდექსში ოთხკვირიანი მექანიზმით შეიცვალა. ამრიგად, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა: ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „დააპაუზა“ გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა. აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებდა ვალდებულებას, ემოქმედა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. აქვე შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 2019 წლის რეკომენდაცია, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ერთი ნახევარი მეცხრე, ხოლო მეორე ნახევარი – მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ უნდა არჩეულიყო. მანამდე, გატარდა ე.წ. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმები, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. გატარდა საკონსტიტუციო რეფორმა და ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლების თავის ახალი რედაქცია, რომელმაც ვენეციის კომისიისგან ასევე მაღალი შეფასება მიიღო. ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს. პოლიტიკური მოლაპარაკებების მსვლელობისას, მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით დეტალურ ინფორმაციას სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული დოკუმენტის დეტალების შესახებ და მათ სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან შეერთების შესახებ. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება. „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან თვისებრივად გარდაქმნა სასამართლო სისტემა. სისტემა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი რგოლი იყო, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების დევნაში, ბიზნესის რეკეტსა და უამრავ სხვა სისტემურ დანაშაულში, დღეს დგას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში. აღნიშნული ფუნდამენტური პროგრესი გამოხატულია როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ისე მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებით. თუმცა, გვესმის, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მუდმივ განმტკიცებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა სასამართლო რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ამ ამოცანას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ამოცანაა. შეგახსენებთ, რომ აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის გაგრძელება არის არა მხოლოდ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების, არამედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილიც. მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს. დასასრულს, მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, სახელმწიფო დეპარტამენტს და პირადად ენტონი ბლინკენს საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი და მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე ენტონი ბლინკენი: აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

16 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 334 199-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 126 171 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში ვაქცინა 9 397-მა ადამიანმა გაიკეთა.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე საჰაერო მიმართულებებისა და ფრენის სიხშირეები იზრდება

საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები განაგრძობენ ახალი მიმართულებების დამატებას და არსებულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდას. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაგადამყვანების მიერ წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგში შემდეგი ცვლილებებია: • ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა დაიწყო მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელება თბილისი - დამამი - თბილისი საჰაერო ხაზზე. ფრენები შესრულდება 12 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს და შაბათს; • ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი (ეგეოსის ავიახაზები), მიმდინარე წლის 29 ივლისიდან 26 აგვისტომდე, ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით - ყოველ ხუთშაბათს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ფრენები შესრულდება კვირაში 4 სიხშირით; • ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე, სტამბოლი - ბათუმი - სტამბოლის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით. დამატებითი რეისი განხორციელდება ყოველ შაბათს (სულ კვირაში 5 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში); • ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე წელს შემოვიდა, დაამატა ახალა რეგულარული მიმართულება. შიმკენტი - ქუთაისი - შიმკენტის საჰაერო ხაზზე ფრენები სრულდება 14 ივლისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და კვირას. ამასთან ავიაკომპანიამ დაამატა სიხშირეები არსებულ საჰაერო ხაზებზე. კერძოდ, 1 სიხშირით გაიზარდა ოპერირება ატირაუ - ქუთაისი - ატირაუს მიმართულებით, 12 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში (სულ, კვირაში 3 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში), ხოლო 10 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე, ნურსულთანი - ქუთაისი - ნურსულთანის საჰაერო ხაზზე დაემატება კვირაში 1 სიხშირე (სულ კვირაში 4 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში); • არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia მიმდინარე წლის 17-24 ივლისის პერიოდში გეგმავს 12 დამატებითი რეისის შესრულებას შარჯა - თბილისი - შარჯას მიმართულებით; • კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი ამატებს 3 სიხშირეს დოჰა - თბილისი - დოჰას საჰაერო ხაზზე 15 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში. ჯამში, დედაქალაქებს შორის ფრენა კვირაში 10 სიხშირით შესრულდება; • ისრაელის სახელმწიფოს ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ი ამატებს სიხშირეს თელ ავივი - ბათუმი - თელ ავივის საჰაერო ხაზზე. დამატებითი ფრენა შესრულდება 20 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს (სულ, 7 სიხშირით კვირაში); • არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 24 ივლისამდე, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე გეგმავს 11 დამატებითი რეგულარული ფრენის შესრულებას; • ავიაკომპანია Jordan Aviation-ი გეგმავს მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ამანი - თბილისი - ამანის საჰაერო ხაზზე. ფრენები შესრულდება 16 ივლისიდან 31 აგვისტომდე - ყოველ ორშაბათს და პარასკევს; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს მოთხოვნილი მიმართულებებით / სიხშირეებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭათ. "გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, ისრაელმა საქართველო თურქეთთან, ბრიტანეთთან და კვიპროსთან ერთად, იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ მოქალაქეებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ynet.co.il-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, მომავალი კვირის პარასკევიდან ისრაელი საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს ესპანეთთან და ყირგიზეთთან. ამჟამად ისრაელს ფრენები უკვე შეჩერებული აქვს არგენტინასთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ინდოეთთან, მექსიკასთან, რუსეთთან, ბელორუსიასთან და უზბეკეთთან. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, შემდეგი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ყველა მოგზაურს მოუწევს სრული იზოლაციის გავლა და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა: არაბთა გაერთიანებული საემიროები, სეიშელის კუნძულები, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა - რიკა. ამასთან მომავალი პარასკევიდან, აღნიშნულ სიას შემდეგი ქვეყნები დაემატება: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმა, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბია.

მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ აშშ-ის და ევროკავშირის პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს - ლაშა დარსალია

„მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ ამერიკის და ევროკავშირის პარტნიორებს, საქართველოს, უკრაინას და ყველა სხვა პარტნიორს. ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს პარტნიორების ურთიერთობებს რუსეთთან. მივესალმებით იმას, რომ საქართველოს, ისევე როგორ სხვა პარტნიორების საკითხები, დღის წესრიგში მაღალ დონეზეა. საქართველოსთვის რეგიონულ პროცესებში ნებისმიერ ფორმატებში მონაწილეობა, სადაც არის რუსეთის ფედერაცია, წარმოუდგენელია, ვიდრე კონფლიქტების გადაწყვეტა არ მოხდება“, - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე, დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად ცოტა ხნის წინ შექმნილი სამთავრობო კომისიის მიზნებზე, რეგიონში გეოპოლიტიკური გარემოს შეცვლასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. _რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, უკანონო პატიმრები ტყვეობაში არიან. მათგან ერთ-ერთი, ზაზა გახელაძე ოკუპანტების მიერ გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ გათავისუფლდა. ვრცელდება ცნობები, რომ მისი გაცვლა მოხდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია? მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის პროცესები საკმაოდ რთულია. ადრეც გვქონდა წარმატებული შემთხვევები, როდესაც დავაბრუნეთ ჩვენი მოქალაქეები. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაიწელა. მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საკითხების ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაწყვეტა მოხდეს, რადგან მისი პოლიტიზება კიდევ უფრო ართულებს ხოლმე ასეთი ნაბიჯების გადადგმას. კიდევ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს დარჩენილი და ამაზე მუშაობა გრძელდება. დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვიდრე არ დასრულდება ყველა ეს პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ფორმატები, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები და ყველა მექანიზმი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა, ეს არის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ხოლმე პროცესის წარმატებით დასრულებას. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მთავარია საკითხის ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაჭრა. _დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად, ცოტა ხნის წინ, სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიის პირველი საინაუგურაციო სხდომა კი რამდენიმე საათის წინ გაიმართა. რაზე გამახვილდა ყურადღება პირველ შეკრებაზე და უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ მიზნებსა და ამოცანებზეც. მოგეხსენებათ, სამთავრობო კომისია არის შექმნილი ამ მიმართულებით. დღეს იყო პირველი შეხვედრა და პრაქტიკულად, დღეს დაიწყო პროცესი. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანაა კომისიის წინაშე. მე ვიტყოდი, საკმაოდ ამბიციური ამოცანებია. პირველ რიგში, ეს არის უწყებათაშორისი პროცესის წარმართვა და მეორე მხრივ, ერთიანი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბება. აქ იგულისხმება ის, რომ არამარტო სახელმწიფო უწყებების, არამედ საზოგადოების ერთიანი ხედვა ჩამოყალიბდეს ამ მიმართულებით. საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და მერამდენე ათეული წელია, ეს საკითხი საქართველოს წინაშე დგას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე იყოს საერთო ეროვნული კონსენსუსი და ყველა აქტორი, ვინც მეტ-ნაკლებად ჩართულია ამ საკითხში, კომისიის მიერ მოიაზრება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და როგორღაც შევძლოთ ერთიანი ეროვნული ხედვის ჩამოყალიბება ამ საკითხებზე. _როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის განხორციელება? მოიაზრება ექვსთვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მეტ-ნაკლებად საერთო ხედვაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოვიაზრებთ ყველა აქტორთან, არამარტო სახელმწიფო აქტორთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან, Think-Tank-ებთან ჩართულობას სხვადასხვა პროცესის ფარგლებში, რომ ერთიანი აზრი ჩამოყალიბდეს. დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი, რადგან ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პრეროგატივა. მასზე უნდა არსებობდეს საერთო ეროვნული კონსენსუსი თავად საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ ყველა დაინტერესებული ჯგუფი, ვინც არის ჩართული პროცესებში, იყოს ამ პროცესის ნაწილი. _ამის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებული ერთობლივი განცხადების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ. როგორ უყურებთ ამ საკითხს და აქვს თუ არა რაიმე კავშირი იმ სტრატეგიასთან, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ? პირდაპირი ბმა არ არსებობს ამ ორ საკითხს შორის. რაც შეეხება პარტნიორების სტრატეგიას, მთავარია, რომ მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ ამერიკის და ევროკავშირის პარტნიორებს, საქართველოს, უკრაინას და ყველა სხვა პარტნიორს, და რომ ჩვენი საკითხები იქნება მაღალ დონეზე საერთაშორისო დღის წესრიგში. საქართველოსთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვა ქვეყნისადმი ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც გულისხმობს ჩვენი პარტნიორების და რუსეთის ურთიერთობებს, ჩვენთვის ამ მხრივ მნიშვნელოვანია და მივესალმებით იმ საკითხს, რომ საქართველოს, ისევე როგორ სხვა პარტნიორების საკითხები, დღის წესრიგში მაღალ დონეზე არის შენარჩუნებული. _რეგიონში ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სადაც გეოპოლიტიკურად შეცვლილი ვითარება მივიღეთ, საქართველოს როლი პარტნიორების დიდი ძალისხმევით საკმაოდ პოზიტიურად გამოიკვეთა. აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოებიდან მადლობა მიიღო ქვეყანამ მისი მედიატორობით განხორციელებული შედეგისთვის. რას გვეტყოდით ამ როლზე და ამ პროცესებზე უფრო მეტს? მით უფრო, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ამერიკელი სენატორების ვიზიტი თბილისში და ასევე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ვიზიტი რეგიონის ქვეყნებში. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, ჩვენს რეგიონში, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური გარემოც კი შეიცვალა. საკმაოდ რთული პროცესები განვითარდა. ეს ხდებოდა ჩვენს რეგიონში და თავისთავად, გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზეც. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პოზიციონირება, მოგეხსენებათ, სხვადასხვა აქტორის მიერ სხვადასხვა ფორმატზე იყო საუბარი. ცალსახად, ხაზი შეიძლება გაესვას, რომ საქართველოსთვის რეგიონულ პროცესებში ნებისმიერ ფორმატებში მონაწილეობა, სადაც არის რუსეთის ფედერაცია, წარმოუდგენელია, ვიდრე კონფლიქტების გადაწყვეტა არ მოხდება. რაც შეეხება თვითონ ფორმატებს, საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ ჩვენთვის მთავარია რეგიონული თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მოგეხსენებათ, ჩვენ, ორივე მეზობელთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს, აზერბაიჯანთან გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები, სომხეთთან გვაქვს საკმაოდ კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეს არის საფუძველი რეგიონული თანამშრომლობისთვის. სწორედ ამას ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის არსებული სამშვიდობო პროცესების პარალელური პროცესი. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ დაძაბულობის შემცირებას მთლიანად რეგიონში და ჩვენს მეზობლებს შორის, რაც დადებითად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესებზე რეგიონში. შესაბამისად, აქედანაც გამომდინარეობდა საქართველოს ინიციატივები, მათ შორის წარმატებული შემთხვევა, რომელიც თქვენც ახსენეთ, როდესაც საქართველოს შუამავლობით, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, უშუალოდ პრემიერ-მინისიტრის ჩართულობით მოხერხდა გარკვეული შედეგის მიღწევა და 15 ტყვის გათავისუფლება, მეორე მხრივ, აზერბაიჯანისთვის დანაღმული ველების რუკების გადაცემა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უსაფრთხოების გარემო ადგილზე. ეს ერთ-ერთი მაგალითია, მომავალში კი მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ნებისმიერ პროცესს, რომელიც ჩვენს მეზობლებს შორის დაძაბულობას შეამცირებს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რადგანაც დაძაბულობის შემცირება მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას იწვევს და აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ფორმატი, სადაც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჩვენი პარტნიორები. ამიტომ, როდესაც ფორმატებზეა საუბარი, საქართველო მხოლოდ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს განიხილავს უშუალოდ ბაქოსთან და ერევანთან. თუ თანამშრომლობაზეა საუბარი, საქართველო რა თქმა უნდა, ამ კუთხით განაგრძობს თანამშრომლობას ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან, პირველ რიგში, აშშ-სთან და ევროკავშირთან.

აშშ-ის საზღვაო სპეცრაზმში პირველად გაწევრიანდა ქალი

აშშ-ის საზღვაო ძალების ისტორიაში პირველად, ქალმა მეზღვაურმა წარმატებით დაასრულა საზღვაო სპეცრაზმის სწავლების კურსი. ნათქვამია აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას Cbsnews-ი ავრცელებს. ქალი იყო ერთ-ერთი იმ 17 კანდიდატიდან, ვინც წარმატებით დაასრულა 37-კვირიანი ინტენსიური „შეფასებისა და შერჩევის“ კურსი, რომ გახდარიყო საზღვაო სპეცრაზმის ეკიპაჟის წევრი (SWCC). გავრცელებული ინფორმაციით, მან საბრძოლო ნავის ოპერატორის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა. მის სახელს უსაფრთხოების მიზნით არ ასახელებენ. როგორც ცნობლია, საზღვაო სპეცრაზმში გაწევრიანებას 18 ქალი ცდილობდა, აქედან 14-მა ტესტი ვერ ჩააბარა. სამი პრეტენდენტი ჯერ კიდევ ატესტაციისთვის მომზადების სტადიაზეა. როგორც საზღვაო ძალებმა განაცხადეს, ეკიპაჟის კანდიდატთა მხოლოდ 35% ახერხებს კურსის დასრულებას.

საპატრიარქო სვეტიცხოველში რუსულად გალობასა და მსახურებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ კადრებს, რომელზეც აღბეჭდილია სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს რუსულ ენაზე შესრულებული გალობა და მსახურების ფრაგმენტები და განცხადებას ავრცელებს. „ინტერნეტსივრცეში ვრცელდება კადრები, რომელზეც აღბეჭდილია სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს შესრულებული რუსულენოვანი გალობა და მსახურების ფრაგმენტები. დაინტერესებული ჟურნალისტები ითხოვენ ახსნას. განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ სვეტიცხოველში წირვა რუსულად აღსრულდა.

ავღანეთში Reuters-ის ჟურნალისტი მოკლეს

ავღანეთის სამხედრო ძალებსა და თალიბანის დაპირისპირების დროს, Reuters-ის ჟურნალისტი, დანიშ სიდიკი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი მაშინ მოკლეს, როდესაც ის პაკისტანის საზღვართან ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და თალიბებს შორის შეტაკებებს აშუქებდა. სადიკიმ ავღანეთში მიმდინარე პროცესების გაშუქება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. იქამდე, ჟურნალისტმა ხელმძღვანელებს აცნობა, რომ მკლავში იყო დაჭრილი, თუმცა, ამის შემდეგ, თალიბების შეტევა განმეორდა. „დანიში იყო გამორჩეული ჟურნალისტი, ერთგული მეუღლე და მამა და ჩვენი საყვარელი კოლეგა. ამ საშინელ დროს ჩვენ ფიქრებით მის ოჯახთან ვართ“, - ნათქვამია Reuters-ის პრეზიდენტის, მაიკლ ფრიდენბერგისა და მთავარი რედაქტორის ალესანდრა გალონის განცხადებაში. დანიშ სიდიქი 2010 წლიდან იყო Reuters ფოტოგრაფთა გუნდის წევრი. მან 2018 წელს პულიცერის პრემია მიიღო როჰინჯა მიგრანტების კრიზისის გაშუქებისთვის.

ამირან გამყრელიძე: 16-17 წლის მოქალაქეების აცრა მალე დაიწყება, მინისტრის ბრძანება უკვე მომზადებულია

16-17 წლის მოქალაქეების აცრა მალე დაიწყება, მინისტრის ბრძანება უკვე მომზადებულია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა. ' როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 16 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია Pfizer-ით იგეგმება. „იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირაში ეს ბრძანება გამოქვეყნდება. შესაბამისად, როცა Pfizer-ის მეორე და მესამე პარტია შემოვა, უკვე 16 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე თავს იკავებენ 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაციისგან. „რაც შეეხება 12-15 წლის მოზარდებს, ამაზე ხშირად ისმის კითხვა. ჯერ თავს ვიკავებთ. იცით, რომ ამ ასაკში ჯერ მხოლოდ კანადა, აშშ, ინგლისი, იტალია და ჯამში, რამდენიმე ქვეყანა ცრის, თავიანთი მარეგულირებლების გადაწყვეტილებით. თუმცა, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან ევროპის წამლის სააგენტო არ აღიარებს ამას, ჩვენ თავს შევიკავებთ. რაც შეეხება ბავშვების ინფიცირების წილს, 18 წლამდე მოქალაქეების წინ საერთო ინფიცირების მაჩვენებელში 17-18%-ია. ინფიცირებულებიდან რამდენია ჰოსპიტალიზებული ვერ გეტყვით. თუმცა, ჰოსპიტალიზაცია იზრდება იმის გამო, რომ ეს შტამები უფრო აგრესიული მიმდინარეობისაა, განსაკუთრებით „დელტა“ შტამი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე, 120 ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე, 120 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანს კი ეძებენ - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, გერმანიაში, სადაც ახლა დაღუპულთა რიცხვი 100-ს აღემატება, კანცლერმა ანგელა მერკელმა მოსახლეობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. მან სტიქიის შედეგებს კატასტროფული უწოდა და დაზარალებულთა დახმარების პირობა დადო. წყალდიდობის გამო, აირვაილარის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. რამდენიმე ქალაქი გარესამყაროს მოწყდა. მინიმუმ 20 ადამიანი გარდაიცვალა ბელგიაში. დაზარალებულია ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და შვეიცარია. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა. ”ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით საბოლოო შედეგებს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა, რაც ოდესმე მინახავს ჩვენს ქვეყანას”, - თქვა მან.

ბელგიაში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადდა

ბელგიის ფედერალურმა მთავრობამ 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა. რაც ბოლო დღეებში, ქვეყნის სამხრეთით მომხდარი წყალდიდობის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ მომენტებს გადის. ჩვენი აზრები დაზარალებულებთან და მათ ახლობლებთან არის. მთელი ქვეყანა თანაუგრძნობს მათ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. დე კროოს თქმით, აბსოლუტური პრიორიტეტი ახლა სამაშველო სამუშაოებია. ”ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით საბოლოო შედეგებს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა, რაც ოდესმე მინახავს ჩვენს ქვეყანას”, - თქვა მან. როგორც ცნობილია, ბელგიაში, წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ვადის გასვლის გამო, ლიეტუვაში Moderna-ს ვაქცინები გაანადგურეს

ვადის გასვლის გამო, ლიეტუვაში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna-ს ვაქცინის 5 000 დოზა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას Delfi.lt ავრცელებს. ვილნიუსის ვაქცინაციის ცენტრის ხელმძღვანელის კიპრას კრასაუსკასის თქმით, "ისინი დიდ ძალისხმევას ეწევიან, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად მოხერხებული იყოს - მომავალ კვირაში ვილნიუსში სპეციალური მობილური ავტობუსები იმოძრავებენ". ვაქცინაციის ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვა მწარმოებლების ვაქცინის განადგურება. მისი თქმით, ვაქცინაციის მსურველთა ნაკლებობის გამო ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტების ნაწილი ვაქცინას არ იღებს. "თუ არაფერი გამოგვივა და გაკვალული გზით ვივლით, შესაძლოა, უნდა დავგეგმოთ და ვაჩუქოთ ვაქცინა რომელიმე ქვეყანას", - განაცხადა კრასაუსკასმა.