ძებნის რეზულტატი:
Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია
pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. ამერიკულ-გერმანული წარმოების pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია“, - აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში. უცნობია, ამ ვქცინის რა დოზა მიიღო ქვეყანამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველო ეტაპობრივად მიიღებს სულ მილიონ დოზას. ამასთან, უწყების ცნობით, pfizer-ზე“ რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი, 16 ივლისიდან დაიწყება. „pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი, 16 ივლისიდან დაიწყება. pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია Biontech-თან ერთად შექმნა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე Pfizer-ითა და Astrazeneca-თი ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით Sinoparm-ით და Sinovac-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. pfizer-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3. „pfizer-თან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ევროკომისია მოსამართლეების არჩევაზე: ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო განცხადებას ავრცელებს. ,,ორშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით. დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.ამიტომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია. ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში", - აღნიშნულია განცხადებაში. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა კელი დეგნანი: უკიდურესად იმედგაცრუებული ვიყავით, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების დამტკიცება დაიწყო ჰარცელი: უზენაესის მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნებზე: საჭიროა დაპაუზება, მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ
ივანე ჩხაიძე: ორჯერ ვაქცინირებულებისთვის კორონავირუსის ინდური ვარიანტი საშიში არ არის
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო ორ კვირაში თითქმის გაორმაგდა ინფიცირებულთა რაოდენობა. „ის რომ, უნიღბოდ სიარული არ არის დასჯადი, არ ნიშნავს, რომ ნიღაბი არ უნდა ვატაროთ. ის რომ, სახელმწიფო არ გვავალდებულებს გავიკეთოთ ნიღაბი, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ნიღაბი არ უნდა გავიკეთოთ და ნებისმიერ სივრცეში, ღია იქნება თუ დახურული, ნიღბის გარეშე ვიყოთ. ნიღბის ტარება, დისტანცია, ხელების დაბანა - ეს რეკომენდაციები, რაც აქამდე გვქონდა, არავის გაუუქმებია. ვალდებულება და რეკომენდაციის გაუქმება სრულიად სხვადასხვაა. მეორე, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ჩვენი ციფრები დიდი ოპტიმიზმით არ გამოირჩევა. ორჯერ ვაქცინირებული ადამიანებისთვის კორონავირუსის ინდური ვარიანტი საშიში არ არის, ისევე როგორ სხვა ტიპის ვარიანტები. ყველა ქვეყანა ინდური ვარიანტის შეჩერებისთვის ეფექტურ საშუალებად, ნიღბის ტარების შემდეგ, ვაქცინაციას განიხილავს. ჩვენ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება შეიძლება განვიხილოთ ნიღბის ტარების ერთადერთ საპირწონედ", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. კითხვაზე, არის თუ არა რისკი იმისა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს, ივანე ჩხაიძემ უპასუხა, რომ ამის ალბათობა არსებობს. „ასეთი პრეცედენტი არსებობს. ბევრმა ქვეყანამ, რომლებმაც გააუქმეს ნიღბის ტარება და შემდგომში დაუფიქსირდათ შემთხვევების მატება, ისევ დააბრუნეს ნიღბის ტარების ვალდებულება. შესაბამისად, ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ივანე ჩხაიძე კორონავირუსის შემთხვევების მატებას სამი ფაქტორით ხსნის ივანე ჩხაიძე: არის იმის ალბათობა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 392 ადამიანს დაუდასტურდა, 531 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 392 ადამიანს დაუდასტურდა, 531 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 559 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 254 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 305 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 381 336-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.68 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.1% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.46%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 769 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 361 327-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 492 მოქალაქე ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 988 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 121, ქვემო ქართლი - 95, შიდა ქართლი - 55, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 122, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 491 საიდანაც: 3 753 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 297, აჭარაში - 183, იმერეთში - 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 721 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 380, აჭარაში - 38, იმერეთში -151. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში - 126 აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 952 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 705 - თბილისში, 242- აჭარაში. 9 786 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 943 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 467 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 315, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 062.
საქართველოში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ-ში, სოფელ სამებასთან იყო „დღეს, თბილისის დროით 11:04 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ბოლო ერთ კვირაში მიწისძვრაა დაახლოებით მეცხრედ დაფიქსირდა.
5 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, კიდევ ერთი მოძალადე ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი ადამიანი - 1992 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა - გ.მ.-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები",- აღნიშნულია განცხადებაში.
ილჰამ ალიევმა და კახა კალაძემ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაე ხაზი გაესვა თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მნიშვნელობას, რომლის მემორანდუმს გუშინ მოეწერა ხელი. გამოითქვა იმედი, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ქალაქის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. „მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის აქამდეც ყოველთვის ძმური და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. აზერბაიჯანი პირადად ჩემთვის არის მეგობარი ქვეყანა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქს ენერგეტიკის მინისტრის რანგშიც ხშირად ვსტუმრობდი და როგორც ვხედავ, ის დღითიდღე ლამაზდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი მასპინძლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მნიშვნელობაზე და აღნიშნა კახა კალაძის პირადი წვლილი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში. „მოგესალმებით აზერბაიჯანში. ვიცი, რომ გუშინ ხელი მოაწერეთ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას ბაქოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა ძმური ურთიერთობები და ამჯერად, ჩვენი დედაქალაქების დაძმობილება ჩვენი ძმობის ბუნებრივი გაგრძელებაა. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაციის ასაკი 16 წლამდე დაიწევს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკი 18-დან 16 წლამდე დაიწევს. ამის შესახებ მან NCDC-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ Pfizer-ზე ასაკი დაიწევს 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირის განმავლობაში მინისტრის ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ. საქართველოში Pfizer-ის ვაქცინები შემოვიდა. რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს 15:00 საათიდან შეეძლებათ. Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია
ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზაა შემოსული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანამ ამ ეტაპისთვის Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო, ვაქცინის დარჩენილი პარტიები კი საქართველოში ეტაპობრივად შემოვა. გამყრელიძე განმარტავს, რომ 28 000 დოზა ორად გაიყოფა და მეორე ნაწილი პირველადი დოზით აცრილ მოქალაქეებს შეენახებათ. „გუშინ გვიან ღამით ქვეყანაში შემოვიდა Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია Pfizer-ს შორის ბილატერალური ხელშეკრულების შედეგად მივიღეთ. დღეს სამი საათიდან დაიწყება ჯავშნების გაკეთება Pfizer-ზე, 16 ივლისიდან კი აცრები. ეს არის პირველი პარტია მილიონდოზიანი ხელშეკრულებისა, ხოლო მეორე ან მესამე პარტია თანდათანობით უკვე ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს. წლის განმავლობაში ამ ხელშეკრულებით Pfizer-ის მილიონამდე დოზა უნდა გვქონდეს. მოგეხსეენებათ, დამატებით Pfizer იქნა გამოყოფილი აშშ-ის მხრიდან დონაციის ფარგლებში, რომლის კონტრაქტის დაზუსტებაც სწორედ ამ დღეებში მიმდინარებს. მალე გახდება ცნობილი, ჩვენი ქვეყნა ამ ვაქცინების რამდენ დოზას და როდის მიღებს აშშ-სგან. ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე განცხადებით, ივლის-აგვისტოში დამატებით, Pfizer-ის 500-600 ათასი დოზა შემოვა ქვეყანაში. ,,Pfizer-თან ხელშეკრულებით ასე, რომ ყოველკვირეულად გარკვეული დოზები შემოვა. მომავალ კვირაში კიდევ დამატებით დაახლოებით, ამ მოცულობის ვაქცინა უნდა შემოვიდეს. ივლის-აგვისტოში ჩვენ გვექნება Pfizer-ის 500-600 ათასი დოზა. დანარჩენის შემოტანა თანდათან გაგრძელდება და სადღაც, ოქტომბრის ჩათვლით ქვეყანაში მილიონზე მეტი Pfizer-ის დოზა უნდა იყოს შემოტანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია
ამირან გამყრელიძე: ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენციაა. მისივე თქმით, ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ყველა ბავშვს „დელტა" შტამი არ აქვს. „ზოგადად, ტენდენცია გვაქვს ბავშვებში ინფიცირების ზრდის და ეს ეტყობა ჰოსპიტალური დატვირთვის მაჩვენებლებს, ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, რომ ყველა ავიცრათ, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ. ზრდის ტენდენცია არის, თუმცა ყველას "დელტა" შტამი არ აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 13 ივლისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ორი-სამი დღის განმავლობაში განვახორციელეთ პედიატრიული საწოლების მობილიზება, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს“.
Reuters-ი: ქაბულის აეროპორტში ჯარის დატოვებასთან დაკავშირებით, თალიბანი თურქეთს აფრთხილებს
Reuters-ის ინფორმაციით, თალიბანმა თურქეთი გააფრთხილა, რომ მათ მიერ ქაბულის აეროპორტში ჯარის დატოვებას შედეგები მოჰყვება. "ავღანეთის ისლამური საამირო გმობს ამ უღირს გადაწყვეტილებას. თუკი თურქი ოფიციალური პირები საკუთარ გადაწყვეტილებას არ გადაიფიქრებენ და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას განაგრძობენ, ისლამური საამირო მათ შეებრძოლება". – აცხადებს დაჯგუფება თალიბანი. პარალელურად, აშშ-სა და თურქეთს შორის ქაბულის აეროპორტში ჯარის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობს. "მივესალმებით თურქეთის მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანასა და აქ უსაფრთხო გარემოზე მუშაობაში". – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა და დაამატა, რომ ქაბულის აეროპორტთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის შეთანხმებები გრძელდებოდა. ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება. ამ დროისთვის შტატებმა ბაგრამის ავიაბაზა უკვე დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. ავღანეთი უკვე დატოვეს დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის სამხედროებმა.
ავიაკომპანია Lufthansa ბორტზე მგზავრებისადმი მისასალმებელ სიტყვას აუქმებს
,,ქალბატონებო და ბატონებო მოგესალმებით ბორტზე", - ავიაკომპანია Lufthansa-ს მგზავრებმა ეს სიტყვები შესაძლოა ვეღარ მოისმინონ. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ავიაკომპანია მიიჩნევს, რომ მსგავსი მისალმება გენდერული ნიშნით არ არის გამართლებული. მისასალმებელი სიტყვა, სავარაუდოდ, შემდეგნაირად ჩანაცვლდება - ,,ძვირფასო მგზავრებო" ან ,,მოგესალმებით ბორტზე". გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია, თუ როდის გააუქმებენ Lufthansa და მისი შვილობილი კომპანიები მგზავრების მისასალმებელი სიტყვის ამ ფორმას. ნეიტრალური ფორმით მისალმების ვალდებულება Lufthansa-ს შვილობილ კომპანიებს - Eurowings-ს , შვეიცარიის, ავსტრიისა და ბრიუსელის ავიახაზებსაც შეეხებათ. ყველა ეკიპაჟს მოეთხოვება, რომ გენდერულად ნეიტრალური ფრაზები გამოიყენონ მგზავრებთან მისასალმებლად.
ამირან გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორიაში ,,დელტა" შტამის 79 შემთხვევაა დადასტურებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ბრიტანულ შტამთან ერთად "დელტა" შტამიც ცირკულირებს. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში „დელტა" შტამის 79 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არსებული გათვლებით, „დელტა" შტამი 20%-ზე მეტად ცირკულირებს. „ეს მაჩვენებელი გაიზრდება და წინ ვერ აღვუდგებით, რადგან ტენდენცია ასეთია, რომ ბრიტანულ შტამს სწორედ „დელტა" შტამი ანაცვლებს, რომელიც ხასიათდება მეტი გადამდებობით, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Pfizer-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ ხერხდება - საიტი გათიშულია
Pfizer-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ ხერხდება. საიტი booking.moh.gov.ge, სადაც რეგისტრაცია მიმდინარეობს, გათიშულია. რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. Pfizer-ის ვაქცინის 28 ათასი დოზა საქართველოში დღეს ჩამოვიდა. Pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
რა შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში ბავშვების ვაქცინაცია
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას განმარტავს, რა შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია. ,,ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება დადგება დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გვექნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე ინფორმაცია და არა მხოლოდ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე", - ამბობს ჩხაიძე. ცნობისთვის, დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკი 18-დან 16 წლამდე დაიწევს. „ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ Pfizer-ზე ასაკი დაიწევს 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირის განმავლობაში მინისტრის ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენციაა. „ზოგადად, ტენდენცია გვაქვს ბავშვებში ინფიცირების ზრდის და ეს ეტყობა ჰოსპიტალური დატვირთვის მაჩვენებლებს, ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, რომ ყველა ავიცრათ, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ. ზრდის ტენდენცია არის, თუმცა ყველას "დელტა" შტამი არ აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ივანე ჩხაიძე: კორონავირუსისგან ბავშვების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციით
თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა
რამდენად მზადაა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რომ უზრუნველყოს მშვიდობა და გაუმკლავდეს „თალიბანს“, ეს საკითხი ექსპერტების განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე წარიმართა. ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europetime-თან აცხადებს, რომ იდეალური მზადყოფნისგან შორსაა ის მდგომარეობა, რაც დღეს ავღანეთშია, მაგრამ ოდესღაც ქვეყანამ საკუთას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. „ამდენი წლის განმავლობაში, მეკავშირეებმა, ვგულისხმობ როგორც NATO-ს, ასევე ალიანსის პარტნიორ სახელმწიფოებს, ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადეს როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური რესურსი იმისთვის, რომ ავღანეთს საკუთარი უსაფრთხოება თავად ემართა. როდესაც ISAF-ის მისია დასრულდა და აქტიური მხარდაჭერის მისიაში გადავიდა, ამის არსი ზუსტად ის იყო, რომ საკუთარი უსაფრთხოება თავად ავღანურმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ. ამისთვის საკმაოდ აქტიური წვრთნებიც ჩატარდა და დიდი რესურსიც დაიხარჯა. რამდენად სწორად გამოიყენებს ამას ავღანეთი, ეს სერიოზული გამოწვევაა მისი სახელმწიფოებრიობისა და მომავლისთვის, ისევე როგორც, ჩვენთვის, ყველასთვის, რადგან ნამდვილად არავის ინტერესშია, რომ ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მეკავშირეები კვლავაც სერიოზულ დახმარებას გაუწევენ ავღანეთს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს დადგა ის ეტაპი, როდესაც ქვეყანამ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა აიღოს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან. თავის მხრივ, პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და დირექტორს კორნელი კაკაჩიას ავღანეთის მთავრობის შესაძლებლობებში, რომ ის „თალიბანის“ შეტევებისგან თავს დაიცავს, ეჭვი ეპარება. ექსპერტს ამის თქმის საფუძველს გავრცელებული ცნობები აძლევს. „გავრცელებული ცნობები ეჭვქვეშ აყენებს ავღანეთის მთავრობის შესაძლებლობებს, რომ ის „თალიბანის“ შეტევებისგან თავს დაიცავს. „თალიბანი“ უკვე აკონტროლებს ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ტაჯიკეთის საზღვარს და როგორც ექსპერტები ამბობენ, სამთავრობო ჯარების მდგრადობაც არ არის მაღალი. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ყრიან იარაღს და „თალიბანის“ მხარეს გადადიან. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შეიძლება, ეს რეჟიმი ჩამოიშალოს და მივიღოთ ის ვითარება, რაც იყო 20 წლის წინ, როდესაც „თალიბანი“ მართავდა ქვეყანას. უამრავი შეკითხვა ისმის, რა მიზანი ჰქონდა მისიას. მიზანი გასაგებია აშშ-სთვის და დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომ „ალ-ქაიდა“ არ ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანას შეღავათი არ ექნება, თუ იგივე რეჟიმი დაბრუნდა და ასეთ შემთხვევაში არ ვიცით, როგორი ურთიერთობა ექნება მას ისლამურ სამყაროსთან, მეზობლებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ეს სერიოზული გამოწვევაა. გუშინწინ, მოსკოვში ჩავიდნენ „თალიბანის“ ლიდერები და განაცხადეს: „ჩვენი რეჟიმის მოსვლა საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთოებას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის“. ასე ამბობენ, მაგრამ რეალურად რა იქნება, ეს არის საინტერესო“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია Europetime-თან. ხომ არ გაიზრდება რუსული გავლენები ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ესპერტები თანხმდებიან, რომ ეს გავლენა ისედაც მაღალია, თუმცა რუსეთი ამ გავლენის გაფართოებას შეეცდება. თენგიზ ფხალაძე: ცენტრალური აზიის ქვეყნებზე რუსეთის გავლენა ისედაც დიდია, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნების უმრავლესობა ევრაზიული კავშირის წევრია, აქ უფრო სხვა საფრთხეა, იმ შემთხვევაში, თუ ავღანეთი სათანადოდ ვერ გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რაზეც ვსაუბრობდით, ამან შეიძლება, სხვა ტიპის პრობლემები შექმნას, უპირველეს ყოვლისა, საუბარი მაქვს ტერორიზმის და ექსტრემიზმის გადმოდინებაზე და ეს არის სერიოზული საზრუნავი. რუსეთის გავლენები საკმაოდ დიდია ცენტრალურ აზიაში, ბუნებრივია, რუსეთი შეეცდება, რომ ეს ყველაფერი გაზარდოს და გააფართოოს. მაგრამ მთავარი პრობლემა, რაც ავღანეთიდან შეიძლება, წამოვიდეს, ისაა, რომ თუ ავღანეთის დღევანდელი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება უსაფრთხოების გამოწვევებს, ამან შეიძლება გადმოდინება გამოიწვიოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე. რა თქმა უნდა, ეს წინასწარ იყო განსაზღვრული, ამაზე მუშაობდა NATO-ც და ავღანეთის ხელისუფლებაც. აქ ყველაზე მთავარი, რაც ყველა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ პარტნიორები შეიძლება დაგეხმარონ შენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პროცესის მართვა უნდა იყოს შენს ხელში. ამისთვის უნდა იყოს სახელმწიფო მზად. ეს არის ავღანეთის სახელმწიფოს დღევანდელი გამოცდა და ვნახოთ, რამდენად შეძლებს ის ამ გამოცდის ჩაბარებას. კორნელი კაკაჩია: ცენტრალური აზიის ქვეყნებზე რუსეთის გავლენა ისედაც დიდია, განსაკუთრებით ტაჯიკეთზე და ტაჯიკეთი ვერც და არც ახერხებდა, გაეკონტროლებინა საზღვარი და ამიტომაც იყო იქ რუსეთის ნაწილი. ახლა საუბარია დამატებით ძალებზე, რაც ბუნებრივია, გააძლიერებს რუსეთის პოზიციას, რადგან თუ რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხე რეალური გახდა, შეიძლება, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ავღანეთს ესაზღვრებიან, რუსეთს მიმართონ, რადგან უზბეკეთშიც იყო რადიკალური ელემენტები, რომლებიც უზბეკეთს 10-15 წლის წინ უქმნიდნენ პრობლემებს და რომლებიც ავღანეთში NATO-ს ეგიდით მისიის პირობებში განეიტრალებულები იყვნენ. ახლა კი, თუ კავშირები აღადგინეს „თალიბანთან“, რომელიც მათი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, ამან შესაძლოა, გარკვეული დესტაბილიზაციის ელემენტი შემოიტანოს რეგიონში, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყნები დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას და რუსეთისგან ითხოვონ დახმარება. როგორ აისახება შექმნილი ვითარება ჩვენს რეგიონზე, მით უფრო, რომ ჩვენი სატრანზიტო დერეფნები მიბმულია ცენტრალურ აზიიდან მომავალ ტვირთზე, ექსპერტები რიგ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ავღანეთში მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე მიუთითებენ. თენგიზ ფხალაძე: ავღანეთი ჩართულია ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ პროექტში, რომელსაც ჰქვია „ლაპის ლაზული“ და რომელიც სწორედ ავღანეთიდან იწყება. თავისთავად ცხადია, რომ ამ პროექტის მომავალი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ხელისუფლება იქნება ავღანეთში. თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ქვეყანა, მაშინ „ლაპის ლაზულზე“ ლაპარაკი წარმოუდგენელი იქნება. ავღანეთის მომავალი დაკავშირებულია ამ პროექტების განვითარებასთან, რეგიონულ თანამშრომლობასთან და თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერზე აისახება. ამიტომ ვამბობ, ეს არის გამოწვევა როგორც ავღანეთისათვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩვენ, როდესაც ვსაუბროთ ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანზე, რომელიც ჩვენთან გადის, ამის შემადგენელია ის პროექტები, რომლებშიც ავღანეთი მონაწილეობს და თუ ის იქნება იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, თავისთავად ცხადია, რომ ეს ამ დერეფნის მიზიდულობას და შესაძლებლობებს გაზრდის, მაგრამ ამისთვის თავად ავღანეთში უნდა იყოს დაცული მშვიდობა, უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტები და ქვეყანა ვითარდებოდეს, როგორც ნორმალური სახელმწიფო. თავისთავად ცხადია, თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, მაშინ „თალიბანთან“, ტერორისტულ თუ ნახევრად ტერორისტულ რეჟიმთან არავინ დაიწყებს საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. (ინფორმაციისთვის: საქართველომ „ლაპის ლაზულის“ სატრანზიტო დერეფნის შეთანხმებას 2017 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი. მაშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, კერძოდ, ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგებას) „ლაპის ლაზულის“ პროექტის მიხედვით, ავღანეთიდან ტვირთები რკინიგზით და საავტომობილო გზით კასპიის ზღვაზე თურქმენეთის და აზერბაიჯანის პორტებს უკავშირდება, საქართველოში შავ ზღვაზე ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით კი ტვირთების გადაზიდვა ევროპის მიმართულებით ხდება. „ლაპის ლაზულის“ მარშრუტით ავღანეთიდან წამოსულმა პირველმა ტვირთმა საქართველოს საზღვარი 2018 წლის დეკემბერში გადმოკვეთა კორნელი კაკაჩია: ჩვენს რეგიონზე საუბარი რთულია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არც რუსეთისთვის არის კარგი იმიტომ, რომ თუ „თალიბანი“ მოვიდა ხელისუფლებაში და რადიკალური პოლიტიკის გატარება დაიწყო, ამან შესაძლოა, გამოაცოცხლოს რადიკალური ელემენტები ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს არის გარკვეული გამოწვევა რუსეთისთვის. თუ „თალიბანი“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ და გარკვეული კოორდინაცია მეზობელ ქვეყნებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოხდეს ინფორმაციის გაზიარება, რადგან მარტო საქართველო ვერ გაუმკლავდება ნარკოტრაფიკის საშიშროებას. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა, თუნდაც ინტერპოლის და სხვა ორგანიზაციების ეგიდით. ასევე მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა, რომლებიც ასევე იგივე გამოწვევის წინაშე არიან. ცნობისთვის, აშშ-ის არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა ავღანეთში, ოსტინ მილერმა თანამდებობა დატოვა. ქაბულში, მისი გაცილების ცერემონიალიც გაიმართა. მედია წერს, რომ ამ ნაბიჯით აშშ ავღანეთში 20-წლიანი ომის დასასრულს მიუახლოვდა. ეს ფაქტი „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე“ მოხდა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, განაცხადა, ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას შეცდომად მიიჩნევს. მანამდე მან Fox News-ს განუცხადა, რომ ამის გაკეთება აუცილებელი არ არის და „ღრმად შეშფოთებულია“, რადგან რეგიონში აშშ-ის ყოფნის გარეშე ვაკუუმი შეიქმნება. გარდა ამისა, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთი საკითხია ჯარების გაყვანა ავღანეთიდან, თუმცა შესაძლო შედეგებისგან თავი შორს არ უნდა დავიჭიროთ. „ეს რთული გადაწყვეტილებაა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ე.წ. გადაუჭრელ პრობლემას (Wicked Problem). პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს ავღანეთი და მე ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა უნდა ფოკუსირდეს ორ უზარმაზარ შესაძლო შედეგზე: პირველი, ავღანეთის მთავრობის პოტენციური კოლაფსი და თალიბანის მიერ ავღანეთის კონტროლი, ცივი ომის შესაძლო განახლებით“, - განაცხადა ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა. ის ასევე ხედავს საფრთხეს ტერორისტული დაჯგუფებების შესაძლო გააქტიურების, განსაკუთრებით კი, ალ-ქაიდას და „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) გამოყოფს. კლინტონის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბუშის ადმინისტაციაც ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას, ისაა, რომ „თალიბანს“ არასდროს ჰქონია სურვილი, თავისი თავი „ალ-ქაიდასგან“ განცალკევებულად წარმოედგინა. შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ მშვიდობის უზრუნველყოფა, რადგან თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით. ამასთან, ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რის გაკეთებას აპირებენ და რა ტიპის სახელმწიფოდ სურთ ჩამოყალიბება. ამავე თემაზე: საქართველო-NATO ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ Reuters-ი: ქაბულის აეროპორტში ჯარის დატოვებასთან დაკავშირებით, თალიბანი თურქეთს აფრთხილებს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი რეგიონებშიც იმუშავებს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი თბილისის შემდეგ რეგიონებშიც იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცენტრის ოფისი იუსტიციის მინისტრმა დღეს ქუთაისში გახსნა. რატი ბრეგაძე ცენტრის თანამშრომლებსაც შეხვდა. "რეფერირების ცენტრი, რომლის ძირითადი ფუნქცია კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებთან მუშაობა, მათი რესოციალიზაცია და დანაშაულის პრევენციაა, დღემდე მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებდა. ქუთაისის შემდეგ ოფისის გახსნა ბათუმშიც იგეგმება. რეგიონებში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისების ამოქმედება აქ მცხოვრები რთული ქცევის ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრი ერთადერთი ორგანოა საქართველოში, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან კომპლექსურად და ინდივიდუალურად მუშაობს; ეხმარება მათ, დაძლიონ ქცევითი სირთულეები და შემდგომში თავიდან აირიდონ კანონთან კონფლიქტი. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ის არასრულწლოვნები არიან, რომელთაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი –14 წელი – ჯერ არ შესრულებიათ. ცენტრში მიმართვის შემდეგ სხვადასხვა სპეციალისტისაგან შემდგარი ჯგუფები აფასებენ ბავშვის ქცევას და ადგენენ მისი სოციალიზაციის ინდივიდუალურ პროგრამას – რთავენ არასრულწლოვანს სპეციალურად მისთვის შემუშავებულ სხვადასხვა აქტივობაში და აწვდიან მას საჭირო მომსახურებას. რეგიონებში ასეთი სერვისის ხელმისაწვდომობა უფრო მეტ არასრულწლოვანს დაეხმარება რეაბილიტაციასა და არსებული პრობლემების დაძლევაში. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი თბილისში 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში მისი მომსახურებით 105-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. დღეიდან რეფერირების ცენტრის სერვისებს არასრულწლოვნები ქუთაისში, სულ მალე კი, ბათუმშიც მიიღებენ. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საფრანგეთის ელჩი: მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებების ცენტრალური ადგილის შეხსენება იმ დროს, როცა ქართულ საზოგადოებაში დიდი დებატებია
საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში დემოკრატიის უზრუნველსაყოფად ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელობაზე საუბრობს. „დღეს ჩვენი ეროვნული დღესასწაულია, ყოველ 14 ივლისს აღვნიშნავთ ბასტილიის აღების დღეს, საფრანგეთის რევოლუციის დაწყებას. ეს ღირშესანიშნავი თარიღი განასახიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის ხელშეწყობას ჩვენს დიპლომატიურ საქმინობაში. მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებების ცენტრალური ადგილის შეხსენება იმ დროს, როცა ქართულ საზოგადოებაში დიდი დებატებია; იმ დროს, როცა ურყევია ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ საქართველოს, გააგრძელოს ევროპულ ქვეყნად ძირეული გარდაქმნის პროცესი, იმ დროს, როცა ეს სურვილი გამოიხატება საქართველოს მიმართ ისეთ მხარდაჭერაში, რომელიც განკუთვნილია ჩვენი უახლოესი პარტნიორებისთვის როგორც უსაფრთხოების, ისე განვითარების სფეროში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რაოდენ არსებითია ჩვენთვის ფუნდამენტური უფლებები დემოკრატიის უზრუნველსაყოფად. მიხვდებით, რომ, დღეს, განსაკუთრებით ვგულისხმობ პრესის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ასევე სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. წელს, ასევე აღვნიშნავთ საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდის ასი წლისთავს. 1921 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკა დაიპყრეს და ნოე ჟორდანიას მთავრობამ თავი საფრანგეთს შეაფარა. იმედი მქონდა, რომ წლევანდელ ეროვნულ დღესასწაულს ვიზეიმებდით გამოფენის გახსნით, სადაც ხელოვანები და ისტორიკოსები მოყვებოდნენ იმ დიდი ოჯახებზე, რომლებიც საფრანგეთსა და საქართველოს აახლოებენ, ჩვენი ორი ქვეყნის ამ ძალიან მჭიდრო ისტორიულ კავშირებზე. ბოლო დღეებში ჯანდაცვის კრიზისის გაუარესებამ გვაიძულა, გადაგვედო ეს ღონისძიება. შესაძლებლობა გვექნება, რომ ამ ლამაზი ისტორიის შესახებ საზაფხულო შვებულების შემდეგ მოგიყვეთ. საფრანგეთსა და საქართველოს ფრანგული ენაც აერთიანებს და სახელდობრ, მისი სწავლება ამ ქვეყანაში. რამდენიმე თვის წინ, ყველა ქართულ სკოლაში დავიწყეთ ახალი, უფრო სახალისო, უფრო თანამედროვე სახელმძღვანელოების გამოყენება. ეს არის საქართველოში ფრანგულის სწავლების მხარდაჭერის ახალი ძალისხმევის დასაწყისი, რომელიც თან ახლავს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის გაფართოებას და საქართველოში ფრანგული ინვესტიციების გავრცელებას. ეს ძალისხმევაც გაგრძელდება. იმედი მქონდა, რომ ფრანგულის ყველა მასწავლებელს შევკრებდი, რომ 14 ივლისი ერთად გვეზეიმა. აქაც, შესაძლებლობა გვექნება, ეს მნიშვნელოვანი ფაქტი ახალ სასწავლო წელს აღვნიშნოთ“. ბასტილიის აღების დღე - საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული 1880 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს.
რატომ ვერ რეგისტრირდებიან მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაციაზე
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ შეფერხდა Pfizer-ით ვაქვცინაციაზე რეგისტრაცია. როგორც მან ,,კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მიმართვიანობით. მისი თქმით, IT სამსახური მუშაობს ხარვეზის აღმოფხვრაზე. ,,შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში, ეს უნდა დავადასტუროთ და პირველ რიგში, მე კვლავ მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო. შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა როგორც ჩვენთვის სხვადასხვა სამსახურებიდან მოწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე ეს დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეული არის მაღალი მომართვიანობით და ჩვენი მოქალაქეების დიდი ინტერესებიდან ვაქცინაციის პროცესზე. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი აღმოფხვრა დროულად. ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არის მივლენილი ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდება ამ ხარვეზის არმოფხვრა. თუმცა პარალელურად მინდა ჩვენი მოქალაქეებიდავამშვიდო იმ მიმართულებით, რომ დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა არ არის საბოლოო რაოდენობა, შესყიდვა განხორციელებულია, გადარიცხულია სრული თანხა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, Pfizer-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ ხერხდება. საიტი booking.moh.gov.ge, სადაც რეგისტრაცია მიმდინარეობს, გათიშულია.
ალექსანდრე ლუკაშენკო: რუსეთის წინაშე ვალდებულებებს გადავიხდით, რადაც უნდა დაგვიჯდეს
ბელორუსი შეასრულებს თავის ვალდებულებებს რუსეთის მიერ გაცემულ სესხებზე, რაც არ უნდა იყოს მათი ღირებულება, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. "დიახ, ფინანსურად ყოველთვის გვიჭირდა, გესმით რატომაც. აქ მხარდაჭერა ძალიან სერიოზული იყო რუსეთის მხრიდან. მაგრამ ჩვენ წმინდად ვცდილობთ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები გაცემულ სესხებზე და შევასრულებთ მათ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს ", - განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსის ეკონომიკა ძალიან სერიოზულად არის დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკასთან. "ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკა ძალიან სერიოზულად არის დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკასთან. ჩვენ რუსეთთან მრავალი წლის ურთიერთობა გვაკავშირებს. ისევე არ წავედით, როგორც სხვა რესპუბლიკები, განსაკუთრებით ჩვენი სამხრეთ რესპუბლიკა (უკრაინა - რედ.). ჩვენ არ ვწყვეტთ კავშირებს", - განაცხადა ლუკაშენკომ. მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი სანქცია - შესაძლებლობებაა. კერძოდ, როგორც რესპუბლიკის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც რუსეთი სანქციების ქვეშ მოექცა, მან განახორციელა "მყარი იმპორტის ჩანაცვლება", განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში. "ახლა ეს უკვე ჩანს ორი ან სამი წლის შემდეგ. ეს აშკარა ფაქტია", - თქვა ლუკაშენკამ.