ძებნის რეზულტატი:
მეცნიერებმა საქართველოში აღმოჩენილი, 25000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის, მგლისა და ბიზონის დნმ-ი გაშიფრეს
მენიერებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე საწურბელიას მღვიმეში აღმოჩენილი, 25000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის, მგლისა და ბიზონის დნმ-ი გაშიფრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებეს. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიის, ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევების შედეგად წამყვან სამეცნიერო ჟურნალში „Current Biology“ გამოქვეყნდა სტატია „სედიმენტიდან მიღებული 25,000 წლის წინანდელი დნმ-ი, ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომის სეკვენირებული შკალა. მათივე ცნობით, სტატიაში აღწერილია საწურბლიას მღვიმეში (დას. საქართველო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ბირთვული და მიტოქონდრიალური დნმ-ი, რომელიც გაიშიფრა “shotgun” მეთოდით. "კვლევა ეყრდნობა 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის, წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო, ინტერდისციპლინური ექსპედიციის (ხელმძღვანელი თენგო მეშველიანი) მიერ მოპოვებული მასალის ანალიზების შედეგებს. უძველესი დნმ-ის შესწავლა რთული პროცესია, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ან სრულად ქრება დნმ-ი ან ძნელია მისი გაშიფვრა. მღვიმის მშრალი და ცივი კლიმატი კი კარგ პირობებს ქმნის დნმ-ის შესანარჩუნებლად. მეცნიერების ინტერნაციონალურმა ჯგუფმა გამოიყენა ინოვაციური მეთოდი და შეძლო სეკვენირების შედეგად გამოეყო გარემოს დნმ-ით მდიდარი მასალა. Current Biology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია მღვიმის ნიადაგიდან (აქამდე კვლევები ანთროპოგენულ ან ფაუნისტურ მასალაზე ტარდებოდა) მიღებული დნმ-ის გაშიფვრის შედეგად მიღებული შედეგები, რომელიც აღწერს სამი ძუძუმწოვრის პოპულაციის ისტორიას. ამ ახალმა მეთოდმა დაამტკიცა, რომ ძვლოვანი მასალის/ჩონჩხის არ არსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია გარემოს გენომის მიღება. ანალიზით დამტკიცდა, რომ SAT29 ნიმუში წარმოადგენს ადამიანის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში. შედეგების გადასამოწმებლად მეცნიერებმა შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი აქვს. აღნიშნული კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ, ევრაზიის კონტინენტზე, უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში, ძირითადი მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის გენის მატარებელია. კვლევამ გამოავლინა სავარაუდოდ გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი, ასევე ევროპული ბიზონის გენი, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა. მიღებული შედეგები ახალ მონაცემებს იძლევა გვიან პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) ძუძუმწოვართა სამი სახეობის გენეტიკის ისტორიაში და აღწერს ნიადაგში დნმ-ის სეკვენირების ‘shotgun’ მეთოდის გამოყენების შედეგებს, რომელიც იძლევა ჩვენი წინაპრის შესახებ უფრო ფართო ინფორმაციას და მის ფილოგენეტიკური კავშირების დადგენის შესაძლებლობას. სამხრეთ კავკასიამ, რომელიც კაცობრიობის კულტურათა გზაჯვარედინათაა მიჩნეული, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული გავლენა ძველი მსოფლიოს ისტორიაში", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, საწურბლიას მღვიმე 1975 წელს აღმოაჩინა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ ალ. კალანდაძის ხელმძღვანელობით. 1976, 1985-1988, 1990-1993 წლებში მღვიმეში არქეოლოგიური სამუშაოების კ. კალანდაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ხოლო, 2008-2010 წწ., 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის, წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო, ინტერდისციპლინური ექსპედიცია, თენგო მეშველიანის ხელმძღვანელობით, აწარმოებდა სტაციონარულ გათხრებს. ძეგლზე ფიქსირდება პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) და ჰოლოცენის (ენეოლითური და უფრო გვიანი) ხანის არქეოლოგიური მასალა.
ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტისგან საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მოიპოვეს
რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა მეორედ უყარა კენჭი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს. ამჯერადაც, ვერც ერთმა კანდიდატმა პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 11-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატურამ, გიორგი სანტურიანმა 4 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 11 კი, წინააღმდეგი იყო. ცესკოს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ გია ცაცაშვილის კანდიდატურას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, 10-მა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო მეორე კანდიდატმა, ლელა ტალიურმა 18 ხმა მიიღო, წინააღმდეგი 2 დეპუტატი იყო. ცესკოს წევრობის მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი 18 დეპუტატმა დაუჭირა, 2-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატმა, მაია ზარიძემ 77 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 10 -ის წინააღმდეგ. "იმის გამო, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა კვლავ ვერ მოხდა, კანონმდებლობის თანახმად, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. რადგან ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის ან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩევა მოხდება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით მოხდებოდა, მათი უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნებოდა. ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების პირველი კენჭისყრა რიგგარეშე სესიის 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარდა", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა.
"საქართველოს რკინიგზა" თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ღამის რეისს ამატებს
23 ივლისიდან, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ, ღამის რეისს ამატებს. შესაბამისად, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დღეში ოთხი რეისი შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში. "აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ: სასამართლო რეფორმა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას
სახელმწიფო დეპარტამენტშის ანგარიშში, რომელიც საქართველოში საინვესტიციო გარემოს ეხება, საქართველოს მთავრობის მიერ, ანაკლიის პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან კონტრაქტის შეწყვეტის საკითხიც მოხვდა. როგორც ტექსტშია აღნიშნული, მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ინვესტორებს და ადგილობრივი ბიზნესის ლიდერებს ამაში ეჭვი შეაქვთ. მთავრობამ ანაკლიის პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან, რომელთა შორის ამერიკული კომპანიაც იყო, 2016 წელს კონტრაქტი დადო, თუმცა 2020 წელს, ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შესახებ კონტრაქტი შეწყვიტა. ინვესტორთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ მთავრობის ქმედებებმა, რომლებიც მიმართული იყო პროექტის წინააღმდეგ, შექმნა ფინანსური სირთულეები და გამოიწვია კონტრაქტის საბოლოო გაწყვეტა. მიუხედავად მთავრობის მიერ მტკიცებისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ერთგულია, ინვესტორები და ადგილობრივი ბიზნესლიდერები ამას ეჭქვეშ აყენებენ. პარალელურად, ლოგისტიკურმა და პორტების მმართველმა კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს ლოგისტიკური კომპანიები დაასრულებენ ორი ახალი ტერმინალის პროექტს და მესამე კი, მულტიმოდალური ტერმინალი ბათუმში კვლავ მშენებლობის პროცესში იქნება", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე Europetime-თან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ფილიპ რიკერმა განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. „შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს. ასევე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში „რესპუბლიკელმა“ სენატორმა რობ პორტმანმა ხაზი გაუსვა უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიციის წახალისების მნიშვნელობას საქართველოში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში. „ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთრებით პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა“, - აღნიშნა რობ პორტმანმა Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიში ასევე ამახვილებს ყურადღებას სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორისთვის. „საერთო ჯამში, ბიზნესის და ინვესტიციისთვის გარემო ჯანსაღია. მიუხედავად ამისა, არსებობს მზარდი ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობიადმი, რომელიც განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად, ან დროულად, კომპეტენტურად, ზოგიერთ ასეთ საქმეზე სასამართლო სისტემა წლების განმავლობაში იწელება. სხვა კომპანიები ჩივიან გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესის გამო, მუნიციპალურ დონეზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხარვეზებზე, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობაზე, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის კომერციული კანონების და ასევე კერძო საკუთრების შესახებ დავების მოგვარების დროს გამოვლენის სირთულეებზე“, - აღნიშნულია ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა ასევე ხაზი გაუსვა სასამართლო რეფორმის მნიშვნელობას, რათა ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. სასამართლო სისტემის მიმართ ინვესტორების მხრიდან გამოთქმულ შეშფოთებაზე გაამახვილა ყურადღება Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში „რესპუბლიკელმა“ სენატორმა რობ პორტმანმა. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ განახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს“, - აღნიშნა რობ პორტმანმა. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატზე ანგარიში გამოაქვეყნა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბოლო 24 საათში 8000-ზე მეტი ადამიანი აიცრა
22 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 383 339-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 135 291 ადამიანი. ბოლო 24 საათში, საქართველოში 8 654 ადამიანი აიცრა. სპეციალისტების გეგმით, დღეში ამ რიცხვმა 25 000-ს უნდა მიაღწიოს. საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 261 ადამიანს დაუდასტურდა
დუბაის აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა
დუბაის საერთაშორისო აეროპორტში, დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავი FlyDubai-ისა და ავიაგადამზიდი Gulf Air-ის სამგზავრო თვითმფრინავები ერთმანეთს შეეჯახა. ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. FlyDubai-ის განცხადებით, ერთ-ერთი მისი თვითმფინავი Boeing 737-800 ყირგიზეთში მიფრინავდა, "მცირე ინციდენტის" შედეგად იძულებული გახდა ბილიკზე დაშვებულიყო. კომპანიის თქმით, მგზავრები მოგვიანებით, 6 საათის შემდეგ გაფრინდნენ. "Flydubai ხელისუფლებასთან ერთად ინციდენტს გამოიძიებს", - განაცხადეს საამიროების ავიაკომპანიაში. თავის მხრივ, ბაჰრეინის სამეფოს ეროვნულმა გადამზიდავმა, Gulf Air- მა დაადასტურა, რომ "დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მის ერთ-ერთ თვითმფრინავს მიწაზე ავარია მოუვიდა, მას შემდეგ, რაც სხვა თვითმფრინავი მის უკანა მხარეს შეეხო".
მედია: თურქმენეთში მომხდარი ავარიის შედეგად 30-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა
თურქმენეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დედაქალაქ აშხაბადის მახლობლად, 18 ივლისს მოხდა, როდესაც რამდენიმე სატვირთო მანქანისგან შემდგარი სამხედრო კოლონა დედაქალაქში ბრუნდებოდა. ერთ-ერთ ავტმობილს, სავარაუდოდ, ბეკრევინის პროსპეტზე მუხრუჭებმა უმტყუნეს, წინ მიმავალ მანქანას დაეჯახა და შემდეგ გადაყირავდა. წყაროებმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, თქვეს, რომ ავარიაში დაღუპულთა შორის არიან არმიის მაიორი, კაპიტანი და ლეიტენანტი. მომხდართან დაკავშირებით, არც თავდაცვის სამინისტროს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის ,,ტყვეობაშია“
„ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები და აქედან გამომდინარე შედეგები დამაიმედებელია. თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის ,,ტყვეობაშია“ და დღეს პანდემიის სწორ მართვაზე გადის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის კეთილდღეობა. ამ მიმართულებით კი წვლილი თითოეულმა ჩვენთაგანმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გამოყოფილი თითოეული თეთრის რაციონალური ხარჯვა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკონტროლებთ“, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. თანამომხსენებლის განცხადებით მშპ-ს დაგეგმილზე მაღალი ტემპით ზრდამ მისცა შესაძლებლობა მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს გადაეხედა 2021 წლის ბიუჯეტისათვის და წარმოედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. ირაკლი კოვზანაძემ აქცენტი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის აპრილიდან მკვეთრად გაშლაზე და იმედი გამოთქვა, რომ ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გათვალისწინებით, დინამიური ზრდა გაგრძელდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუჯეტის რამდენიმე პარამეტრზე გაამახვილა ყურადღება: „1.1 მლრდ ლარით (ანუ 6.1%-ით) იზრდება გადასახდელების გეგმური მაჩვენებელი და 19.5 მლრდ ლარს აღწევს. მინდა საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს, რომ კანონპროექტის მიხედვით 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ზრდის (1.1 ლარის) ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 600 მლნ. ლარი, მოდის COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებებზე. სულ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 6 მლრდ. 93 მილიონი ლარი. აი ამხელა რესურსს ხარჯავს მთავრობა მხოლოდ ამ მიმართულებებით“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან და დეპუტატებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს.
კახა კალაძემ ახალი საარჩევნო სლოგანი წარადგინა
„მეტი სიცოხლე ყველა უბანში“ - „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას ახალი საარჩევნო სლოგანი წარადგინა. როგორც კალაძემ ვიდეომიმართვისას აღნშნა, უმთავარი ღირებულება იყო და არის სიცოცხლე. „თქვენ იცით, ბოლო 2 წლის განმავლობაში რა გამოწვევის წინაშე დადგა მსოფლიო, რამაც გვაიძულა დაფიქრება და დღეს უკეთ ვიცით, რამდენად ძვირფასი, რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სირთულეები გადავლახოთ. ამიტომ, ჩვენი სლოგანი ემყარება იმას, რომ გვინდა მეტი საქმის კეთება, მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია, მეტი მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, მეტი საბავშვო ბაღი აშენდეს... შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება „მეტი სიცოხლე ყველა უბანში“! მზად ვარ, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავო, რათა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენი თბილისის ყველა უბანში,“- განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ აქამდე ქალაქის მერის საარჩევნო სლოგანი იყო "სიცოცხლით სავსე ქალაქი". ,,ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დაასახელა
ჯუანშერ ბურჭულაძე: საქართველო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებისა და მოდერნიზების მიზნით, ისრაელის კომპანია "რაფაელთან" შეთანხმებას აქტიურად ახორციელებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას საჰაერო შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წელს სრულდება ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებს უკვე გააჩნია ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტა საცეცხლე მანქანებით. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელთან“ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელება, რაც არსებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზებას ითვალისწინებს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას. ამ მიმართულებით შესყიდვები და ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესი მომავალი 10 წლის განმავლობაში ინტენსიურად განხორციელდება.
საქართველო დამატებითი ჯაველინების პარტიის შეძენას გეგმავს
„ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მიმდინარე წელს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება დამატებით ჯაველინების პარტიის შეძენა. ასევე იგეგმება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას. მინისტრის განმარტებით, შესაძლებლობების შერჩევის პროცესი შესაბამისი სპეციალისტების ჯგუფების ანალიზისა და კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც ეფექტიანი შეიარაღების სისტემების შესყიდვას უზრუნველყოფს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, არსებული საბჭოთა შეიარაღების სისტემების თანამედროვე შეიარაღების სისტემებით ჩანაცვლდება. ჯუანშერ ბურჭულაძე: საქართველო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებისა და მოდერნიზების მიზნით, ისრაელის კომპანია "რაფაელთან" შეთანხმებას აქტიურად ახორციელებს
ჯუანშერ ბურჭულაძე: NATO-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი თავდაცვის ძალებში უკვე დაწყებულია
NATO-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიან გეგმაშია გაწერილი. ამასთან დაკავშირებით საერთო საჯარისო ცენტრში დღეს, თავდაცვის მინისტრმა 2020-2030 წლებში თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმის წარდგენისას გაამახვილა ყურადღება. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, NATO-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი თავდაცვის ძალებში უკვე დაწყებულია და ამის მაგალითი სამხედრო ქვედანაყოფების ნატოს სტანდარტის შაშხანებით აღჭურვაა. მინისტრმა საზოგადოებას NATO-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესში დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. „დელტას ბაზაზე ებრაულ კომპანიასთან ერთად დავიწყებთ აღნიშნული შაშხანების წარმოებას. ასევე, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე NATO-ს სტანდარტების ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩვენი ჯარის აღჭურვის პროცესი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძე: საქართველო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებისა და მოდერნიზების მიზნით, ისრაელის კომპანია "რაფაელთან" შეთანხმებას აქტიურად ახორციელებს საქართველო დამატებითი ჯაველინების პარტიის შეძენას გეგმავს
საქართველო მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით, სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
თავდაცვის უწყების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე, თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაზე საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, თანამედროვე ომში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებია, ასევე, რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარებაა. ყველამ კარგად ვიხილეთ, ამ ტიპის იარაღის მნიშვნელობა რეგიონულ და გლობალურ კონფლიქტებში. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე, მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად“, - განაცხადა მინისტრმა. ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ჯუანსერ ბურწულაძემ მოწვეულ სტუმრებსა და საზოგადოებას მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივ, „დელტას“ ბაზაზე წარმოების დაწყების შესახებ აცნობა: „აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან, „დელტას“ ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, წელს ვგეგმავთ ხელშეკრულების გაფორმებას და მომდევნო წლიდან პროდუქციის გამოშვებას“. თანამედროვე სისტემების შეძენა, დანერგვა და განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პრიორიტეტია. სისტემები მნიშვნელოვნად დაეხმარება თავდაცვის ძალებს სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებაში და გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის წვრთნებში.
"აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო
პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანიამ “აიისა” ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აიისას საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა. კონვენციის მეათე მუხლი გამოხატვის თავისუფლებას ეხება. კომპანიის დამფუძნებლის ანანია გაჩეჩილაძის ინტერესებს სტრასბურგში ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" იცავდა. სასამართლო აღნიშნავს: “სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხევითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.“ ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი“. ცნობისთვის, 2018 წლის 18 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ მიმართ. ოქმის თანახმად ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე, ასევე „აიისა“-ს ბრენდით წარმოებულ პროდუქტზე განთავსდა არაეთიკური რეკლამა, რითაც დაირღვა რეკლამის წარმოების და გავრცელების წესი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის არგუმენტაცია და ი/მ „ანი გაჩეჩილაძე“ ცნო სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლით, რაც გულისხმობს რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევას. ი/მ „ანი გაჩეჩილაძემ“ აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლე მურუსიძემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის დადგენილება. როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არაეთიკური იყო ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე და „აიისა“-ს პროდუქციაზე წარმოდგენილი წარწერები და გამოსახულებები, კერძოდ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა,“ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ძლევაი საკვირველი“ და გამოსახულება - დიდგორის ბრძოლა, პროდუქტზე დატანილი წარწერა „სამეფო კარი თამარში“ და თამარ მეფის გამოსახულება და პროდუქტზე დატანილი ვიზუალი - ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით, რაც სასამართლომ „მაკურთხებელ მარჯვენად“ შერაცხა.
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 85 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის დადებით ტენდენციების გათვალისწინებით, წარმოდგენილ პროექტში ეკონომიკური ზრდის მაჩვნებელი 7,7 %-ს შეადგენს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი ეს პროგნოზი დაადასტურა და მათი განახლებული პროგნოზიც ანალოგიურია“, -აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, დაგეგმილი მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალებას იძლება გაიზარდოს ბიუჯეტის შემოსავლები. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტის გაზრდის სამი ძირითადი მიზანი იყო: დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა და COVID-19-ის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით: დეფიციტი მცირდება 7, 6 დან 6,9%-მდე; სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 %-მდე; ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1 174.9 მლნ ლარით და შეადგენს 17 933.1 მლნ ლარს; ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 498.8 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 114.2 მლნ ლარით. პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა თავდაპირველ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 600 მლნ ლარით. COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი იზრდება 446 მლნ ლარით და შეადგენს 846 მლნ ლარს, მათ შორის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში არსებული გეგმის მიხედვით მოსახლეობის 60%-ის აცრისთვის საჭირო ვაქცინების შესყიდვის ხარჯებისათვის გათვალისწინებულია 150.0 მლნ ლარზე მეტი. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 36.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 642.8 მლნ ლარის ოდენობით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 90.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 2 456.6 მლნ ლარის ოდენობით
დავით ზალკალიანი: საქართველო რჩება რეგიონში ლიდერ, ჩვენი პარტნიორების დასაყრდენ ქვეყნად
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მკაფიოდ ასახავს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტრის თქმით, ანგარიში ადასტურებს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება რეგიონში ლიდერ, დასავლელი პარტნიორების დასაყრდენ ქვეყნად. „მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამ კუთხით გაწეული ძალისხმევისათვის. მოხარული ვართ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. წლების განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საქართველო წარმოადგენს კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკას და ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც ასახულია უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო რეიტინგებშიც. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დადებით შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ არაერთი მიმართულებით გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებსა და პროგრამებს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და მიმზიდველობის გაზრდის მიზნით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას, რომელიც 2021 წლის საინვესტიციო კლიმატს ეხება. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს მდგრადი მაკროეკონომიკური ჩარჩო, მიმზიდველი ბიზნეს გარემო და ძლიერი საჯარო ფინანსური მენეჯმენტის მექანიზმი აქვს, რაც ქვეყანას პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაში დაეხმარება. მინისტრის თქმით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში კიდევ ერთხელ ყურადღებაა გამახვილებული რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე და მკაფიოდ არის ასახული აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. „ანგარიში მკაფიოდ ასახავს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, ადასტურებს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება რეგიონში ლიდერ, დასავლელი პარტნიორების დასაყრდენ ქვეყანად“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატზე ანგარიში გამოაქვეყნა აშშ: სასამართლო რეფორმა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას
ჟურნალისტებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი - „დასაჯეთ მოძალადეები" გადმოფინეს
ჟურნალისტებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი - „დასაჯეთ მოძალადეები" ისევ გადმოფინეს. მათ თან ჰქონდათ გარდაცვლილი კოლეგის, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები, რომლებიც დეპუტატებს აჩვენეს. აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ქმედება ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება "ჩემი თხოვნა იქნება, ჟურნალისტური საქმიანობა ისე განახორციელოთ, როგორც მანამდე ხდებოდა და თქვენი ქმედებებით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას ცდება, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს. მოძალადეებიც აუცილებლად დაისჯებიან, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს - იქნება ეს საგამოძიებო კომისიის თუ სხვა ფორმატში. არსებობს ვიდეო კადრები, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება და ყველა უწყება აუცილებლად ანგარიშვალდებული იქნება მთელი საზოგადოების წინაშე. პარლამენტი ნამდვილად იქნება ის ადგილი, სადაც დაისმევა ყველა კრიტიკული კითხვა თუ რაიმე არ მოგვწონს", - განაცხადა კუჭავამ. მან მედიის მისამართით ასევე განაცხადა, რომ ჟურნალისტებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ და ამის საშუალება ყოველთვის მოეცემათ. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა აღნიშნული ბანერი სხდომათა დარბაზის აივნიდან გასულ კვირასაც, შს მინისტრის მოსმენის დღესაც გადმოჰფინეს, რაც საბოლოოდ, სხდომის დახურვის და ვახტანგ გომელაურის მოსმენის ჩაშლის მიზეზი გახდა.
აშშ-ის მთავრობამ ახალციხის მუნიციპალიტეტს 382,000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის მთავრობამ ადგილობრივ ხელისუფლებას კატასტროფის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად $382,000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, ეს საჩუქარი, რომელიც ექვს გენერატორს, ექვს კარავსა და ექსკავატორ-დამტვირთველს მოიცავს, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია. "გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნული გვარდიისა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და ახალციხეში ჩამოსვლისთვის, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის კარვის გაშლა-გამოყენების დემონსტრირებაში დაგვეხმარნენ", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საპატრიარქო ეკლესიაზე შეტევაზე მიუთითებს და ეკლესიის მსახურთა მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს
„ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხს, რომ არ სურთ მათ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია - ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელთან“, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საპატრიარქოს გაცხადებით, არც კი ახსენებენ, რამდენმა მოძღვარმა გადაარჩინა იგივე ჟურნალისტები 5-6 ივლისს ძალადობისაგან. „დიდი ხანია, საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება; 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ჩვენს მედიასივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო. სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევიან ,,მთავარი არხი,” ,,ტვ-პირველი” და ,,ფორმულა”.., რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ მოწოდებებიც. ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპოდენტს; შემდეგ კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ, რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას. მართალია, გარკვეულ გადაცდომას ერთეული სასულიერო პირის მხრიდან ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და საერთოდ ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება. მაშინ, როდესაც არც კი ახსენებენ, რამდენმა მოძღვარმა გადაარჩინა იგივე ჟურნალისტები 5-6 ივლისს ძალადობისაგან. ამასთან, რა თქმა უნდა, არ ამხელენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ, მათ ფსიქოლოგიურ ძალადობებს, პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს. ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ. ამასთან, ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას. უხეშად ირღვევა რა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, საჯაროდ კვლავ ხდება დემონსტრირება ფსიქოლოგიური ძალადობის და სამოქალაქო მშვიდობისათვის ხელის შეშლის, რაც საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის რატომღაც შეუმჩნეველი რჩება. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც, იმის ნაცვლად, რომ იზრუნოს პროცესების ნორმალიზებისათვის, ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ; მივენდოთ ღმერთს, და მოთმინებით დავძლიოთ გამოწვევები. მათთვის კი, ვისაც საერო კანონმდებლობით სურთ ნაბიჯების გადადგმა, განვუმარტავთ: საქართველოს კანონით, ნებისმიერი მოქალაქე დაცულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და ადევნებისაგან (151 I მუხლი). სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, ისჯება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაც (მუხლი 155-ე). აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია; რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან; მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება. ღმერთმა მოგვცეს დათმენის უნარი და ლოცვის ძალა, ამინ!“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებულ კიდევ ორ ადამიანს პატიმრობა შეეფარდა
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2“-ისა და “ტვ პირველის” ოპერატორებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, უშანგი დათუნაშვილსა და ირაკლი წიგნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გატაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ მიიღო. მოსამართლის განცხადებით, პატიმრობის გადაწყვეტილება დანაშულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის საფუძველზე მიიღო. “ძალადობა მიუღებელია - ორი აზრი არ არსებობს”,- განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ. პატიმრობის შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე პროკურორებმა დააყენეს, დაცვის მხარე კი ითხოვდა, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოეყენებინათ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თაბამშრონლებმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2“-ის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, „ცისფერი გალერეას” მიმდებარედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რაც შეეხება ბრალდებულს “ტვ პირველის” ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში, სამართლადამცველებმა ასევე გუშინ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 5-6 ივლისს აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 27 ადამიანია დაკავებული.