ძებნის რეზულტატი:
ისრაელის პრემიერი: ისინი, ვინც ვაქცინაზე უარს ამბობენ, ქვეყანას საფრთხის ქვეშ აყენებენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც ვაქცინაზე უარს ამბობენ, ქვეყანას საფრთხის ქვეშ აყენებენ. „თითოეულმა მოქალაქემ, ვისაც სამედიცინო გართულება არ აქვს, ვაქცინაცია უნდა გაიაროს. ისრაელის მილიონამდე მოქალაქე უარს ამბობს ვაქცინაციაზე. ისინი საფრთხის ქვეშ აყენებენ ქვეყანასა და მოსახლეობას“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ნაფტალი ბენეტის თქმით, ვაქცინაციაზე უარის თქმამ ლოკდაუნის დაწესების საჭიროება შეიძლება გამოიწვიოს. „თუ იცნობთ ვინმე ისეთს, ვინც ვაქცინაზე უარს ამბობს, დაარწმუნეთ ის, აუხსენით მას, რომ ამ ნაბიჯით სხვის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ“, - განაცხადა მან.
თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები შეიქმნა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციისთვის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დამატებითი ლოკაციები შეიქმნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს, მხარდამჭერი ცენტრი "კრწანისის" ლაზარეთის შენობაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ. ,,ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციების შექმნა საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე და მოთხოვნების შესაბამისად გადაწყდა, რაც საგრძნობლად ამარტივებს იმუნიზაციის პროცესს. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის ლოკაციებზე თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციასაც უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Pfizer-ით იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ით იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. „რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალის, ასევე ცხელი ხაზის, 15 22-ის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა ერთიანი რიგი დავიცვათ. შემდეგ ისევ შესაძლებელი იქნება ვირტუალური რეგისტრაციაც. მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება, სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 37 დაწესებულება. ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება, რათა რიგი არ შეიქმნას და ყველა მსურველი მოკლე ხანში დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის, რომლებმაც Pfizer-ის პირველი დოზა გაიკეთეს, მალე დაიწყება მეორე დოზისთვის რეგისტრაცია და აღნიშნა, რომ მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ. „ვინც Pfizer-ის პირველი დოზა გასული კვირების განმავლობაში გაიკეთა, მათთვის რეგისტრაცია მალე დაიწყება და ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება, მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ. რაც შეეხება დოზების რაოდენობას, როგორც ხედავთ, ქვეყანაში შეუზღუდავი იქნება, კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ამასთან, მისივე განცხადებით, დღეს ვაქცინაციაზე ყველაზე მაღალი აქტივობა დიდ ქალაქებშია. Pfizer-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობა გაიზრდება. თუ აქამდე მხოლოდ შვიდ დაწესებულებასა და სამ დიდ ქალაქში იყო შესაძლებელი, ახლა Pfizer-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნის მასშტაბით 37 დაწესებულებაში და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რეგიონულ და რაიონულ დონეზეც ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
CNN: ავღანეთში თალიბებმა აშშ-ის არმიის ავღანელი თარჯიმანი მოკლეს
CNN-ის ინფორმაციით, ავღანეთში თალიბებმა აშშ-ის არმიის ავღანელი თარჯიმანი მოკლეს როგორც გამოცემა წერს, სოჰალი პარდისი ქვეყნის დედაქალაქ ქაბულიდან მახლობელ ხოსტის პროვინციაში ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომ მუსლიმური დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის აღსანიშნავად თავისი და წამოეყვანა. ხუთსაათიანი მგზავრობის დროს, უდაბნოს მონაკვეთში სოჰალი პარდისი საკონტროლო გამშვებ პუნქტზე „თალიბანის“ წევრებმა გააჩერეს. მოკლული თარჯიმნის მეგობარი, აბდულჰაქ აიუბი „სიენენთან“ საუბარი ამბობს, რომ თალიბები სოჰალი პარდისს მოკვლით ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის ამერიკელების ჯაშუში და ურწმუნო იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, საგუშაგოსთან მიახლოებისას სოჰალი პარდისმა სიჩქარეს მოუმატა, მაგრამ თალიბებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, თარჯიმანი ავტომობილიდან გადაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთის არმიის მხარდასაჭერად ყანდაარის პროვინციაში „თალიბანის“ პოზიციები დაბომბეს. ექსკლუზივი. ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს
უკრაინელი სამხედროები Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში გემით ჩამოვიდნენ
მრავალეროვნულ სწავლებაში Agile Spirit 2021 მონაწილე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები საზღვაო გზით საქართველოში სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი სადესანტო ხომალდი „იური ოლეფირენკო“ და საპატრულო კატარღა „სტარობილსკი“ დილით ფოთის ნავსადგურში შემოვიდა. უკრაინელი სამხედროების ტრანსპორტირებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზასა და ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე უზრუნველყოფს.საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2021 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება.
ვარშავის ინსტიტუტის პრეზიდენტი ტომას კიჟევსკი: ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია დაჩქარდეს
Europetime-მა ვარშავის ინსტიტუტის პრეზიდენტი ტომას კიჟევსკი ექსკლუზიურად ჩაწერა. ის მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა დიპლომატად, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკაში. ტომას კიჟევსკის, როგორც ექსპერტის საქმიანობა შემდეგ სფეროებს მოიცავს: ჰიბრიდული ომი და ასიმეტრიული კონფლიქტები, ანტიტერორიზმი და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ტომას კიჟევსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა და Europetime-ს ის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებსა და ასოცირებული ტრიოს, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ესაუბრა. _რა მოლოდინები გაქვთ კონფერენციისგან? ჩვენ გვსურს, რომ ამ კონფერენციის საშუალებით კიდევ უფრო მეტი გავიგოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია საქართველოს უფრო სწრაფად წაიწიოს წინ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და უფრო გაარღმაოს თანამშრომლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან. მე ვფიქრობ, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველო ევროინტეგრაციისკენ ისწრაფვის, თუმცა ამ გზაზე უამრავი გამოწვევა არსებობს. _რა მთავარი გამოწვევებია ეს? მთავარი გამოწვევები ყოველთვის შიდა პოლიტიკას და ინტეგრაციის გზაზე განვითარების შესაძლებლობას უკავშირდება. ამიტომ, ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა ასევე ძირითადი საკითხებია. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უფრო ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა არსებობს სხვა საფრთხეებიც, მათ შორის ჰიბრიდული, თუმცა გარე აქტორების მიმართ მეტი ყურადღების ნაცვლად, უნდა გავაძლიეროთ ინსტიტუციები ქვეყნებს შიგნით, გავაძლიეროთ საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან. _ამ მიზნით აწერენ ხელს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერები დეკლარაციას, როგორ აფასებთ მათ საერთო ამოცანებს? მათი ერთობლივი ძალისხმევა მისასალმებელია. მე ვფიქრობ, რომ სამი ქვეყანა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველაზე მოწინავე ქვეყნები არიან, რომლებმაც ევროინტეგრაციის გზა აირჩიეს. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე არიან. ვაკვირდებით რა ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტს, უნდა დავაჩქაროთ ევროინტეგრაციის ეს პროცესი, რადგან სხვადასხვა პოლიტიკური ცვლილება შეიძლება მოხდეს. ეს ის დროა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს დაახლოების პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო. ვფიქრობ, ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს. ეს უნდა გააკეთოთ ევროკავშირთან თანამშრომლობით. ამავე დროს, ჩემი აზრით, ევროკავშირი და დასავლეთის სხვა ქვეყნები უნდა იყვნენ მეტად მოქნილები, როდესაც საქმე ეხება კულტურული განსხვავებების პატივისცემას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, პოლონეთი და სხვა. დემოკრატიზაციის სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანია და მას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ საქართველოს მსგავს ქვეყნებს, შექმნან დემოკრატიის მხოლოდ ერთი მოდელი ამ გაგებით. ასე რომ, ვფიქრობ, კულტურულ და პოლიტიკურ მიდგომებში განსხვავებები უნდა შენარჩუნდეს და ეს არ უნდა იყოს დაბრკოლება ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ამავე თემაზე: ექსკლუზივი. ტომას პეტრიჩეკი: მივესალმები ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, როცა რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება
უკრაინის ომში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისთვის, ჩეხეთის სასამართლომ ბელარუსის მოქალაქეს 21 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ჩეხეთის რესპუბლიკის სასამართლომ ჩეხეთში მცხოვრებ 41 წლის მამაკაცს, უკრაინის ომში პრორუსი სეპარატისტების მხარეს ბრძოლის გამო, 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლების" ბელარუსის ბიურო ავრცელებს. როგორც ცნობილია, ალექსეი ფადეევს ბრალი ტერორიზმისთვის წაუყენეს. 2020 წლის სექტემბერში ფადეევი რუს სეპარატისტებთან თანამშრომლობაში დამნაშავედ ცნეს და ამისთვის მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს. პროკურორის აზრით, სასჯელი მსუბუქი იყო, ჩეხეთის სასამართლომ მის საქმეს გადახედა, ფადეევს ბრალი ტერორიზმისთვის წაუყენეს და გადაწყდა სეპარატისტთა მხარდამჭერისთვის პატიმრობის ვადის გაზრდა. პროკურორების თქმით, 2014-2016 წლების შუალედში დამნაშავე რეგულარულად მოგზაურობდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ის ერთ-ერთი სეპარატისტული ჯგუფის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ფედეევი ბელარუსის მოქალაქეა, თუმცა ის ჩეხეთში მრავალი წელი ცხოვრობდა.
ჯონ ბასი: დიდი პატივია, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ამერიკელ ხალხს
სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი ჯონ ბასი Facebook-ზე წერს: „დიდი პატივია, ახალი პოზიციიდან გავაგრძელო ამერიკელი ხალხის სამსახური. თუ სენატმა დაადასტურა ჩემი კანდიდატურა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მხარში ამოვუდგე სახელმწიფო დეპარტამენტისა და ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საოცარ პროფესიონალებს, ამერიკელებსა და ადგილობრივ კოლეგებს“, - აღნიშნავს ჯონ ბასი. ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ჯონ ბასის კანდიდატურა წარადგინა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი მენეჯმენტის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ის იყო ელჩი ავღანეთსა და თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და მუშაობდა მაღალ პოზიციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში. ცნობისათვის, ჯონ ბასმა ავღანეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობა 2020 წლის ივნისში დატოვა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა New York Times-ს მაშინ პირად საუბარში უთხრა, რომ ჩვეული მოვლენაა ელჩებისთვის, როდესაც ქაბულში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში მსახურობენ, რადგან ეს სამუშაო დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ელჩი არ გაუთავისუფლებიათ და წასვლა დაგეგმილი იყო. 2014 წლის სექტემბერში ჯონ ბასი თურქეთში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა. ანკარა მან პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების ფონზე დატოვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთსა და ამერიკას შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში სწორედ ბასი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ელჩად აღარ აღიარებდა. თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ჯაშუშობის და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. ჯონ ბასი ხელისუფლებისგან მისი თანამშრომლის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას ითხოვდა.
30 ივლისიდან ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკძალავს
Time of Israel-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, კვიპროსსა და თურქეთში მოგზაურობას უკრძალავს. როგორც გამოცემა, წერს, ეს ქვეყნები იმ ქვეყნების რიგ შეუერთდნენ, სადაც მოგზაურობა აკრძალულია. აღსანიშნავია, რომ ისრაელმა საქართველო ე.წ. ,,წითელ სიაში” 22 ივლისს გადაიყვანა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდითაა გამოწვეული. Newsru.co.il-ი წერს, რომ აკრძალვა 30 ივლისიდან ამოქმედდება. ისრაელის ის ვაქცინირებული მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნდებიან, ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, შეძლებენ საკარანტინო პირობების გარეშე ქვეყანაში შესვლას, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ ვაქცინის ორივე დოზა, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მოხვდებიან 7-დღიან კარანტინში, მეშვიდე დღეს ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში კი, დატოვებენ საკარანტინე სივრცეს. საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება. „ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს. Time of Israel ცნობით, მოგზაურობის კუთხით, ისრაელის მოქალაქეებში განსაკუთრებული პოპულარობით თურქეთი და კვიპროსი სარგებლობენ. ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
პრემიერი: ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა
ყველა მოძალადე დასჯილია, ყველა მოძალადე დაჭერილია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ძალადობის ფაქტები აღკვეთა და მოძალადეები დააკავა. „თქვენი ხელისუფლების დროს სახელმწიფო იყო მოძალადე. თქვენ წარმოადგენთ „ნაცმოძრაობას“. თქვენ ყველანი, სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. ეს არის მთავარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე მიმართა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს: „თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა და აგრესია. თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, წინა ხაზზე, მინდა, პარლამენტში გიხილოთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი“. ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ნახევარი მილიონი Pfizer-ის ვაქცინა ჩამოდის, ამასთან, ქვეყანას აქვს ასევე მილიონ ნახევარი ჩინური ვაქცინა. „მთელი ჩვენი აქცენტი უნდა იყოს განვითარებაზე და ვაქცინაციაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბათუმში რესტორანი „ნეოკა“ თანამშრომლების კოვიდინფიცირების გამო დროებით დაიკეტა
ბათუმში, რესტორანი „ნეოკა“ კორონავირუსით 4 თანამშრომლის დაინფიცირების გამო, დროებით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას რესტორნის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ძვირფასო სტუმრებო, გულდაწყვეტილი გაცნობებთ, რომ ყველა კოვიდ რეგულაციის ზედმიწევნით დაცვის მიუხედავად, ჩვენი გუნდის 4 წევრს დაუდასტურდა COVID-19. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ჩვენი გუნდი გადავიდეს თვითიზოლაციაში. 23 ივლისიდან, დროებით გემშვიდობებით. პირობას გაძლევთ, რომ დავბრუნდებით უფრო ძლიერები, მოტივირებულები და პოზიტიურები… გახსოვდეთ, შტორმის შემდეგ, ცა ოქროსფერია! სიყვარულით და პატივისცემით, ნეოკა!“, - წერია რესტორნის ადმინისტრაციის მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რომან გოცირიძე: კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს, თუმცა ჩვენი კანდიდატიც კარგად თამაშობს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატზე საუბრისას აცხადებს, რომ კახა კალაძე ოპოზიციის კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს. „რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კახა კალაძე არის დამარცხებული“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე. „ნახატებს აჩვენებდა კომპიუტერული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი აშენდებოდა, როგორ ააყვავებდა „ლაგუნა ვერესთან" გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, ეს ნახატები ნახატებად დარჩა, სად არის ხიდი? - 30 წელია ხიდი არ აშენებულა. მხოლოდ „მშვიდობის ხიდი“ აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს. 99 პროცენტი რაც კალაძემ საარჩევნო პროგრამის სახით მოქალაქეებს აჩვენა, არაფერი შესრულებულა. თუ ოთხი წელი არაფერი გაუკეთებია, მომავალი ოთხი წელი ამომრჩეველს რატომ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ გააკეთებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან. „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ნაწილთან ერთად დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს. კანდიდატების წარდგენა 21:00 საათზე მედიის წარმომადგენლების გარეშე გაიმართება. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი კი ელენე ხოშტარია იქნება. თავის მხრივ, „მოქალაქეების“ დეპუტატი ლევან იოსელიანი ოპოზიციონერ კოლეგას ნიკა მელიას ამ არჩევნებზე „ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს“ უწინასწარმეტყველებს. ის აღნიშნავს, რომ თუ ალეკო ელისაშვილი საერთო კანდიდატი იქნებოდა, „ოქროს მედალს“ მიიღებდა. „როგორც ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა„ ვერ ახერხებს ოპოზიციური ხმების შეკრებას, არ აქვს რესურსი, რომ სრული ოპოზიციური ხმების მობილიზება მოახდინოს, ამიტომ ის არ არის სრული ოპოზიციის კანდიდატი, შეიძლება იყოს რამდენიმე პარტიის კანდიდატი და აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ დასჯერდება ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს, ზუსტად ვიცი, ოქროს მედალს ვერ მიიღებს, სხვადახვა საინტერესო ადამიანი აპირებს მონაწილეობას მერობის არჩევნებზე“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა. მოქმედი მერი, კახა კალაძე მეორე ვადით არჩევისთვის იყრის კენჭს. „ქართულმა ოცნებამ“ ის უკვე დაასახელა კანდიდატად და სლოგანიც წარადგინა - „მეტი სიცოხლე ყველა უბანში“. წინა არჩევნებზე მისი სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ იყო.
ეკატერინე ტიკარაძე : Pfizer-ის 250 000 დოზას „სლოტად“ გამოვიტანთ. 20-დღიანი ჯავშნები გაიხსნება
რეგისტრაციის ელექტრონული მოდული განახლდა სრულიად და მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის მომდევნო რეგისტრაციის შეუფერხებლად ჩასატარებლად სამინისტრომ რამდენიმე უწყებასთან ერთად იმუშავა, საიტი გამართა და წინა რეგისტრაციისას არსებული პრობლემები აღმოფხვრა. მინისტრის განცხადებით, საიტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სუსტი წერტილი, რომელიც ვაქცინაციის მართვისას გამოვლინდა. „ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, დღეს, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და რამე შეფერხება არ იქნება. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, დღეს განახლდება რეგისტრაცია Pfizer-ის მეორე დოზებზე და 37 კლინიკაში, სადაც უკვე ჩაიტარეს აცრები, საშუალება ექნებათ 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. თქვენ იცით, რომ Pfizer-ის ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე. მოგმართავთ თხოვნით, რომ Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე. თუმცა, აქ ჩვენ ვაძლევთ მოქალაქეებს მოქნილობას და ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ საშუალება, შეცვალონ მათთვის სასურველი თარიღი და კლინიკა შედარებით მოგვიანებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოქალაქეები, რომლებიც მეორე დოზებზე წინასწარ რეგისტრაციას გაივლიან, უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, კლინიკების ცხელ ხაზს ან 144 3-ს უნდა დაუკავშირდნენ. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სარწმუნოება, რომ არ არის საჭირო პირველივე წუთებში რეგისტრაცია, 250 000 Pfizer-ის დოზა იქნება გამოტანალი სლოტად, გაიხსნება 20-დღიან ჯავშნების შესაძლებლობა. „ამ ეტაპისთვის მხოლოდ Pfizer-ისთვის არის მობილიზებული 108 ბრიგადა. ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც სამუშაო საათები, ასევე ბრიგადები დავამატოთ და სამი დღის განმავლობაში უკვე შეგვიძლია დამატებითი დოზები შევთავაზოთ მოქალაქეებს. დღეს არსებული 108 ბრიგადით გვაქვს საშუალება, რომ 180 000-ზე მეტ ადამინს 20 დღის განმავლობაში შევძლოთ და დავუკმაყოფილთ მოთხოვნა. შემდეგ მხოლოდ თბილისის მაშტაბით დამატებული 50%-იანი ბრიგადების რაოდენობით ჩვენ შეგვიძლია გამტანუნარიანობა გავზარდოთ 211 000-მდე, ხოლო რეგიონების მასშტაბით საჭიროების და გაზრდის შემთხვევაში უკვე 254 000 Pfizer-ის დოზის გამტარობის შესაძლებლობა გვაქვს მხოლოდ 20 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისივე თქმით, შესყიდვებით განხორციელებული Pfizer-ის მოწოდება კომპანიის მხირდან ყოველკვირეული რეჟიმით, უწყევტად გაგრძელდება. შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი. მოქალაქეებს ვაქცინაციის პორტალზე წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური 24 საათის განმავლობაში მიუვათ. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო, პირველ დოზაზე რეგისტრაცია ხვალ დაიწყება. საქართველოში ამერიკის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ვაქცინა 24 ივლისს შემოვა საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი
ამირან გამყრელიძე: დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღე სახლში იყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხახებით, აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს 1-2 გამოსასვლელი დღე მიეცეს „დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იყოს. მაგალითად ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, 2 გამოსასვლელ დღეს ვაძლევთ იმ ადამიანს, რომელიც აიცრება. ჩვენთან დასაქმებულთა 61 პროცენტი აცრილია და აგვისტოს ბოლოსთვის გვინდა, რომ 80-85 პროცენტზე ავიდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გარდა ამისა, მან ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის დაგეგმილ წამახალისებელ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სრულად ვაქცინირებულებისთვის გარკვეული შეღავათები უნდა იყოს. "ვაქცინაციის გააქტიურებისთვის სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის საუბარი, მათ შორის ლატარიაზე. ბევრნაირ წამახალისებელ ღონისძიებაზეა საუბარი. იმუნიზაციის გეგმაშიც გვაქვს ეს დაწერილი და მერე რეკომენდაციებიც წარვადგინეთ საბჭოზე. ორჯერ აცრილთათვის გარკვეული შეღავათები უნდა იყოს - ისინი უფრო მარტივად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის სრული ჩამონათვალი გვაქვს, თუმცა ეს დამოკიდებულია დამსაქმებლებზე. ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები. დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, ამიტომ მათ ვთხოვთ, რომ მეტი წახალისება მისცენ აცრებს. მათ შეიძლება ბევრი რამ მოიფიქრონ ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
პროკურატურამ შვედეთის მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, 3 ადამიანი დააკავა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შვედეთის სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ა.ჩ.-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნა არარეზიდენტი საწარმო, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიში გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში. "ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეშვეობით სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს შვედეთის სამეფოს მოქალაქესთან, რომელსაც წარსულში დაკარგული აქციების დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების აღმოჩენის პროცესში, ჯამში 73 000 ევრო (226 947.5 ლარი) მოტყუებით გადაარიცხინეს ჩეხეთში, ა.ჩ.-ს მიერ დაფუძნებული არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშზე, რომელსაც ა.ჩ., ზ.დ. და თ.წ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა დაანაწევრეს და არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხეს საქართველოში, ა.ჩ.-ს, თ.წ.-ს და მათთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებებით, ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ ჯამში 48 900 ევროს (151 416.9 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. ა.ჩ.-ს, ზ.დ.-ს და თ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კვლევა: ანტისხეულების გამომუშავებისთვის Pfizer-ის ვაქცინის დოზებს შორის რვაკვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტიანია
The Guardian-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევა. როგორც გამოცემა წერს, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ოთხკვირიან შუალედთან შედარებით, დოზებს შორის 10-კვირიანი ინტერვალი ანტისხეულებისა და T-უჯრედების უფრო მაღალ დონეს წარმოქმნის. მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის დოზებს შორის როგორც მოკლე (სამიდან ოთხ კვირამდე), ასევე გრძელი (10-კვირიანი) ინტერვალი ძლიერ ანტისხეულებსა და T- უჯრედების იმუნურ რეაქციებს წარმოქმნის, თუმცა უფრო ხანგრძლივმა ინტერვალმა ანტისხეულების დონისა და T-უჯრედების უფრო მეტი პროპორცია გამოიწვია, რაც მკვლევრების აზრით, ხელს უწყობს იმუნურ მეხსიერებას. აღსანიშნავია, რომ 22 ივლისს სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ცხადყო, რომ Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია. კვლევის შედეგების თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში, ხოლო „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში მისი ეფექტურობა 93.7%-ს შეადგენს.
გაბრიელიუს ლანდბერგისი: "ჩრდილოეთის ნაკადი 2" პუტინის უდიდესი გამარჯვებაა, ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის Nord Stream-2-ის გაზსადენის შესახებ შეთანხმებას შეცდომას უწოდებს. მინისტრის თქმით, გაზსადენის ფუნქციონირების დაწყების პირობა შეიძლება უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანა ან უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების აშკარა პერსპექტივა ყოფილიყო. „ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდება. ამ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობებს ვხედავ, თუ უკრაინას NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას შესთავაზებდნენ ან თუ გაზსადენის გახსნას გამოიყენებდნენ როგორც ბერკეტს, რათა რუსეთისგან უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა მოეთხოვათ", - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი გაზსადენი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის „უზარმაზარი გამარჯვებაა“. „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის შესახებ შეთანხმებას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოეხმაურა. ის მიესალმება მიღწეულ შეთანხმებას. მერკელი არ მიიჩნევს, რომ გაზსადენზე აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმება ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარია. გერმანიის კანცლერის თქმით, აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება არ ცხადყოფს იმას, რომ ბერლინისთვის რუსეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინა და პოლონეთი. ასევე კანცლერმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესდეს, თუკი უკრაინის როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. „მნიშვნელოვანია პროექტზე კომპრომისის გამონახვა. ვფიქრობ, რომ აშშ-ისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება, თუ ძირითადი ამოცანები სწორად განიასაზღვრება, ეს უკრაინისთვისაც კარგი იქნება... რუსულმა მხარემ მითხრა, რომ მათ ენერგიის იარაღად გამოყენება არ სურთ. ჩვენ არ ვართ დაუცველები", - აღნიშნა ანგელა მერკელმა. ცნობისთვის, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ჯო ბაიდენი: "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შეჩერება შეუძლებელი იყო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მოსარგებლეების გარდა, შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები შეძლებენ: 1. საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება, შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან გასულია მინიმუმ 3 თვე. 2. სახელმწიფო პროგრამის “იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები. 3. საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე. 4. საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. 5. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოსახლეობა მოქალაქეობის მიუხედავად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მომუშავე პირები და მათი ოჯახის წევრები. 6. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად. 7. №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე. "პირებმა ვაქცინაციის მიზნით უნდა მიმართონ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ამცრელ დაწესებულებას და წარუდგინონ პირველი მუხლით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
პაატა იმნაძე: ვიდრე შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ ვრცელდებოდა
"ვიდრე შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო გავრცელებული", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტების კითხვას, ეპიდვითარების გათვალისწინებით, უნდა დაწესდეს თუ არა შეზღუდვები, პაატა იმნაძემს უპასუხა რომ "შეზღუდვებმა თავისი ეფექტიანობა აჩვენა". "მე ისიც მახსოვს, მეკითხებოდნენ - "ვირუსი რა, ღამით დადის?", ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა?! ვიდრე შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო გავრცელებული... აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს თავისი აზრი ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის თავდაცვის ალტერნატიული გზა. დღეს, პირველ რიგში, ვაქცინა გვაქვს და არსებული რეგულაციები, მათი დაცვის შემთხვევაში, გვაძლევს საშუალებას, რომ შეზღუდვები აღარ დავაწესოთ", - განაცხადა პაატაა იმნაძემ. მისი თქმით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დროულად უნდა აიცრას და ის რეგულაციები, რაც დღესაც არის, მაგალითად, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, აუცილებლად უნდა დავიცვათ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 460 ადამიანს დაუდასტურდა
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებაა
საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში გარკვეული ცვლილება განხორციელდა. „ამა წლის 17 ივლისიდან საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში გარკვეული ცვლილება განხორციელდა: როგორც მოგეხსენებათ, სანიტარიული მაჩვენებლების მიხედვით, განსაზღვრულია ქვეყნების სამი კატეგორია – „მწვანე ზონის“ ქვეყნები, სადაც არ ფიქსირდება კორონავირუსის აქტიური გავრცელება: ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, შვეიცარია და ვატიკანი, ალბანეთი, ავსტრალია, საუდის არაბეთი, ბოსნია, ბრუნეი, კანადა, სამხრეთ კორეა, შეერთებული შტატები, ჰონგ-კონგი, ისრაელი, იაპონია, კოსოვო, ლიბანი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სინგაპური, ტაივანი, უკრაინა, კომორის კუნძულები და ვანუატუ; „ნარინჯისფერი ზონის“ ქვეყნები, სადაც კოვიდის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და სადაც არ ფიქსირდება ვირუსის განსაკუთრებით მძიმე სახეობები (ქვეყნები, რომლების არც მწვანე ზონაში არიან და არც წითელში). „წითელი ზონის“ ქვეყნები, სადაც ვირუსი და მათ შორის, მისი განსაკუთრებით მძიმე სახეობები აქტიურად ვრცელდება: სამხრეთ აფრიკა, ბაჰრეინი, არგენტინა, ბანგლადეში, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, ინდონეზია, მალდივები, ნეპალი, პაკისტანი, შრი-ლანკა, სურინამი, ურუგვაი, ზამბია, კონგო, მოზამბიკი, ნამიბია, რუსეთი, ავღანეთი, ტუნისი. საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით 2021 წლის 17 ივლისს 00:00 სთ-იდან წამლის ევროპული სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინით („ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრა-ზენეკა“ და „ჯონსონ&ჯონსონი“) სრულად აცრილი მგზავრები, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოემგზავრებოდნენ, საფრანგეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას აღარ ექვემდებარებიან არანაირ შეზღუდვას, მათ შორის, არც პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი წითელი ზონის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას იძლევა. ამასთან, ახალი გადაწყვეტილების შესაბამისად, ვაქცინაცია სრულად ჩატარებულად ითვლება მეორე დოზის გაკეთებიდან შვიდი დღის შემდეგ, ნაცვლად აქამდე არსებული 14 დღისა. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, 17 ივლისს 00:00 საათიდან, საფრანგეთში გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, კვიპროსიდან, ნიდერლანდებიდან და საბერძნეთიდან შესვლის მსურველმა არავაქცინირებულმა მოქალაქეებმა „კოვიდ 19“-ზე ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ. არა-ვაქცინირებული მგზავრებისთვის ძალაში რჩება ქვეყნების მიხედვით აქამდე არსებული რეგულაციები : თუ თქვენ, საფრანგეთში „მწვანე“ ქვეყნიდან მოემგზავრებით და არ გაქვთ გაკეთებული აცრა, კვლავ დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ნეგატიური პასუხი. საფრანგეთიდან „მწვანე“ ქვეყანაში გამგზავრებისას კი, უნდა გაითვალისწინოთ დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციები. იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთში „ნარინჯისფერი“ ქვეყნებიდან მოემგზავრებით და არ გაქვთ ვაქცინა გაკეთებული, საფრანგეთში შემოსვლის იმპერატიულ მიზეზთან ერთად დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი, ასევე 7-დღიანი თვითიზოლაცია. თუ საფრანგეთიდან „ნარინჯისფერ“ ზონაში მიემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ ვაქცინა, ითვალისწინებთ მხოლოდ დანიშნულების ქვეყნის რეგულაციებს. თუ ვაქცინაცია არ გაქვთ ჩატარებული, გამგზავრებისთვის დაგჭირდებათ იმპერატიული მიზეზის მითითება, ასევე დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა. თუ საფრანგეთში მოემგზავრებით „წითელი“ ზონის ქვეყნიდან და არ გაქვთ გაკეთებული ვაქცინა, უნდა წარმოადგინოთ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელი, შესაბამისი იმპერატიული მიზეზი, ასევე, 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი. მოგიწევთ, ასევე 10-დღიანი სავალდებულო კარანტინი“, – აცხადებენ საქართველოს საელჩოში.