ძებნის რეზულტატი:
30 ივლისს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 10-15 წუთით აიკრძალება
30 ივლისს, 09:00 სთ-დან 10-15 წუთით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit – 2021“, რომლის საშტაბო კომპონენტი სენაკში მდებარე მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ტარდება. „საველე სწავლება ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ორფოლოს პოლიგონზე. სწავლების ფარგლებში, აღნიშნულ ლოკაციებზე დაგეგმილია მარათონის ჩატარება და საჭიროა საავტომობილო გზის ჩაკეტვა. კერძოდ, 2021 წლის 30 ივლისს, 09:00 სთ-დან 10-15 წუთით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე ( სენაკი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას Agile Spirit უკვე მეათედ უმასპინძლებს. მრავალეროვნულ სწავლება 5 ლოკაციაზე ჩატარდება. ამავე მიზეზით, 4 აგვისტოს, 09:00 სთ-დან 10-15 წუთით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას კმ1-კმ 5 მონაკვეთზე (ქახალციხე - სოფ. მინაძე) და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე (ქ. ახალციხე) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის დაზიანებაზე, პარლამენტი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს
ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის დაზიანებაზე, სავარაუდოდ სანქციები დაწესდება. ეს საკითხი დღეს პარლამენტში, სპიკერ კახა კუჭავასა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრის შემდეგ დეპუტატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ისაუბრეს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის თანახმად, ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის დაზიანებაზე სანქციები დაწესდება. „ჩვენ განვიხილეთ პარლამენტის სპიკერთან საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა 2-ჯერ, როცა ევროკავშირის დროშა შეურაცხყოფილი და გათელილი იყო. ეს არის სამარცხვინო ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეისათვის არსებობს სასჯელები როცა ქართული სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა ხდება, არსებობს ინიციატივა, საკანონმდებლო საფუძველზე შემოიღონ მსგავსი სანქცია იმ შემთხვევაშიც, თუ მოხდება ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა", - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, განიხილება 1 000 ლარიანი ჯარიმა. მისივე თქმით, იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, შესაძლოა, ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიყენონ. „საუბარია 1000-ლარიან ჯარიმაზე, ჯერ არ არის საბოლოო სახით კანონპროექტი წარმოდგენილი, ასევე შესაძლებელია, იყოს ადმინისტრაციული ჯარიმა მოსამართლის გადაწყვეტილებით. ვფიქრობ, რომ ამგვარი ინიციატივა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვა დროს, როცა სახელმწიფო ვერ დაიცავს სახელმწიფო სიმბოლიკას და მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დროშას სახელმწიფო შენობების წინ, არსებობდეს კონკრეტული ჯარიმა, იქნება ეს ფულადი სახით პირველ შემთხვევაში, თუ განმეორებით შემთხვევაში, მოსამართლის მხრიდან იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა", - განაცხადა აქუბარდიამ. ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია. "ყველა ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებ, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ამ იაფფასიან სვლაში, ვითომ რაღაცა გააკეთეს, მაშინ როცა თანაშემოქმედები არიან, ამ სვლაში, რომელიც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან მხოლოდ ერთი ჯგუფის თავისუფლება არ არსებობს, ყველას თავისუფლება არსებობს ან არ არსებობს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას, დროზე მოეგონ გონს... სიმბოლოების მიმართ პატივისცემა, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის დროშის მიმართ, იმიტომ კი არ უნდა არსებობდეს, რომ ვინმეს დასჯის უნდა ეშინოდეს, არამედ ადამიანებისა და მოქალაქეების არჩევანი უნდა იყოს, რაც არის კიდევაც ასე. ვინც ამას უპირისპირდება, ის არის მავნე და ჩვენთვის უნდა იყოს შერცხვენის და პოლიტიკური და მორალური იზოლაციის მაგალითი, ვგულისხმობ იმას, ვინც თავს დაესხა. როცა ვიწყებთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, მაშინ პუტინისტების და მოძალადეების ლოგიკით ვმოქმედებთ, რომ უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს რომელი სიმბოლო მოგვწონს და რომელი არა, რა არის მართალი და რა არა, მაშინ ამერიკის დროშიც დაზიანებაც დასჯადი უნდა იყოს, რაც ამერიკაშიც არ არის? ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომ დროშა უნდა იცავდეს იმათაც კი, ვინც მას პატივს არ სცემს, იმიტომ, რომ ეგ არის თავისუფლების "მუღამი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, 12 ივლისს, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა, მათ შორის ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის არჩევანს და კონსტიტუციით არის განსაზღვრული". შეგახსნებთ, რომ ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა კახა კუჭავა: დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ
22 ივლისს, Agile Spirit 2021-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო, სენაკი-ლესელიძე და ხაშური-ახალციხე-ვალეს ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება
თავდაცვის სამინისტრო Agile Spirit 2021-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 22 ივლისს, Agile Spirit 2021-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო, სენაკი-ლესელიძე და ხაშური-ახალციხე-ვალეს ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება. "26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) მასპინძლობს, რომელიც წელს უკვე მეათედ ჩატარდება. სწავლების უშუალო აღსრულებამდე მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი, რაც გულისხმობს წვრთნებში მონაწილე ქართველი და პარტნიორი ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაყვანა/გადაადგილებას სწავლების ჩატარების რაიონებში - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში. მრავალეროვნულ სწავლებაში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომლის გადასროლაც სენაკიდან ორფოლოს მიმართულებით ხვალ, 22 ივლისს იგეგმება. ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით დაკომპლექტებული სამხედრო კონვოი სენაკი-ლესელიძე და ხაშური-ახალციხე-ვალეს ავტომაგისტრალზე გადაადგილდება, რის გამოც გზაზე მოძრაობა გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის", - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში. წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას Agile Spirit უკვე მეათედ უმასპინძლებს. მრავალეროვნულ სწავლება 5 ლოკაციაზე ჩატარდება. Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია 30 ივლისს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 10-15 წუთით აიკრძალება
ავიაკომპანია Belavia ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს
4 აგვისტოდან, ავიაკომპანია Belavia ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფრენები შესრულდება 2021 წლის 27 ოქტომბრამდე. "მიმდინარე წლის 4 აგვისტოდან, ავიაკომპანია Belavia მინსკი - ქუთაისი - მინსკის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები შესრულდება მიმდინარე წლის 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა დღეს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.", - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
იტალიის ქალაქ ტარანტოში სროლის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა
იტალიის ქალაქ ტარანტოში სროლის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა ასაკი 18-დან 28 წლამდე მერყეობს. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. სროლა სტუდენტებისთვის გამართულ ღონისძიებაზე მოხდა. ერთმანეთს სტუდენტების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა. მომხდარის მიზეზებს პოლიცია იძიებს.
ქართველი ემიგრანტების Facebook-ის გვერდებზე უნებართვო შეღწევისა და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, 6 ადამიანს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ, ქართველი ემიგრანტების Facebook-ის გვერდებზე უნებართვო შეღწევებისა და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, წინასწარ შეისწავლეს ამერიკის შეერთებეულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველების Facebook-ის გვერდების შესახებ ინფორმაცია, შექმნეს არავერიფიცირებული ონლაინ-კაზინო და ტოტალიზატორების ანგარიშები, გაუწიეს მობილიზება იმ პირებს რომელთა სახელზეც გაკეთდებოდა სწრაფი გზავნილები და დარიცხავდნენ დანაშაულებრივად მოპოვებულ თანხებს. აღნიშნული პირობების შექმნის შემდგომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის Facebook-ის გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს. ბრალდებულები, თაღლითური გზით, 14 დაზარალებულის კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა 5 პირი 20 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. აღსანიშნავია, რომ მეექვსე ბრალდებული, სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად და დაზარალებულ პირთა დასადგენად", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საფრანგეთში მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესასვლელად ვაქცინაცია, უარყოფითი ტესტი ან ჯანმრთელობის ცნობაა საჭირო
საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ფონზე ახალი რეგულაციები მიიღო. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. დღეიდან, კინოთეატრებში, მუზეუმებში, სპორტულ მატჩებსა და სხვა კულტურულ ადგილებში სტუმრობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნეგატიური ტესტის პასუხი ან ვირუსისგან გამოჯანმრთელების ცნობა. როგორც სააგენტო წერს, ეს შეზღუდვები აგვისტოდან გავრცელდება კაფეებში, რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში. სერთიფიცირების სქემა წარმოადგენს სხვადასხვა ახალ ღონისძიებათა ნაწილს, რომელიც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 12 ივლისს გამოაცხადა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სტრატეგია ითვალისწინებს სავალდებულო ვაქცინაციას ჯანდაცვის მუშაკებისთვის 15 სექტემბრიდან.
საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმა, საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. "COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა Comirnaty კონცენტრატი საინექციო დისპერსიისთვის: პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ", - ნათქვამია ბრძანებაში. ამირან გამყრელიძე: 16-17 წლის მოქალაქეების აცრა მალე დაიწყება, მინისტრის ბრძანება უკვე მომზადებულია
აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ვიქტორია ნულანდის განცხადებით, მიღწეული შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას. ნულანდის თქმით, ვაშინგტონი და ბერლინი 21 ივლისს ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ გაზსადენის შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია უარს იტყვის ბოლო წლების პოლიტიკაზე, რომლითაც ვაშინგტონი მილსადენის ეწინააღმდეგებოდა. შეთანხმების ფარგლებში, გერმანია უკრაინას ენერგოსფეროსთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებასა და დიპლომატიურ ძალისხმევაში დაეხმარება. შეთანხმების ფარგლებში, გერმანია და აშშ 1 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებენ უკრაინის "მწვანე ენერგიის" ინფრასტრუქტურაში, რაც განახლებად ენერგიას და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებს გააძლიერებს. გარდა ამისა, გერმანია დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც მხარს დაუჭერს ორმხრივ ენერგეტიკულ პროექტებს უკრაინასთან. როგორც ცნობლია, შეთანხმება ძალაში 2024 წლამდე იქნება.
ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას 30 აგვისტოს შეხვდება
30 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმერ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებს. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი ავრცელებეს. "პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელოდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდომირ ზელენსკის თეთრ სახლში, 2021 წლის 30 აგვისტოს. ვიზიტი დაადასტურებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მაშინ, როცა დონბასსა და ყირიმში, რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე დგას. ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ენერგოუსაფრთხოების საკითხებში და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევას კორუფციის დაძლევისა და ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე, დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმების განხორციელებაში", - ნათვქამია პრესსპიკერის განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა, ვოლოდიმირზელენსკი ვაშინგტონში 7 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრისას მოიწვია.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 07:17 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის სამხრეთ-დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა. ბიძგების სიძლიერემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.
ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ჯონ ბასის კანდიდატურა წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი მენეჯმენტის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ის იყო ელჩი ავღანეთსა და თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და მუშაობდა მაღალ პოზიციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ბასის კანდიდატურასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატებიც დაასახელა. თეთრი სახლის ლიდერმა კანადაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დევიდ ელ კოენის კანდიდატურა დაასახელა. ავსტრიაში კი ვიქტორია რეჯი კენედის კანდიდატურა წარადგინა. ცნობისათვის, ჯონ ბასმა ავღანეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობა 2020 წლის ივნისში დატოვა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა New York Times-ს მაშინ პირად საუბარში უთხრა, რომ ჩვეული მოვლენაა ელჩებისთვის, როდესაც ქაბულში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში მსახურობენ, რადგან ეს სამუშაო დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ელჩი არ გაუთავისუფლებიათ და წასვლა დაგეგმილი იყო. 2014 წლის სექტემბერში ჯონ ბასი თურქეთში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა. ანკარა მან პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების ფონზე დატოვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთსა და ამერიკას შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში სწორედ ბასი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ელჩად აღარ აღიარებდა. თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ჯაშუშობის და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. ჯონ ბასი ხელისუფლებისგან მისი თანამშრომლის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას ითხოვდა. ჯონ ბასი: დღესასწაულებზე ძალიან გვენატრება საქართველო. ყველაზე მეტად კი ჩემი ჩიჩილაკი მენატრება
პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭს ხელახლა უყრიან
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს რიგგარეშე სესიაზე კენჭს დღეს ხელახლა უყრიან. წინა სესიაზე, ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატიდან ვერც გიორგი კალანდარიშვილმა და ვერც გიორგი სატურიანმა დეპუტატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა. კანადარიშვილს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, ხოლო სატურიანს ორმა. საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს და არჩევა თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება 3/5 ანუ 90 ხმა. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისთვის 76 ხმა საკმარისი იქნება. ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე. ცესკოს თავმჯდომარეობის ვერცერთმა კანდიდატმა დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა
საქართველოში კორონავირუსი 2 261 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდეც 2 261 ადამიანს დაუდასტურდა, 1 410 გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 656 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 704 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 952 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 261 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.25% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.78%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 410 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 636 ინფიცირებული ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა - 238, იმერეთი - 173, ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 123, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, კახეთი - 126, მცხეთა-მთიანეთი -50, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 476 საიდანაც: 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 687, აჭარაში - 339, იმერეთში - 569. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 906 პირი, მათ შორის, თბილისში - 439, აჭარაში - 59, იმერეთში -193. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 501 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 901 - თბილისში, 361- აჭარაში. 14 313 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 972 მოქალაქე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 057 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 219, აჭარაში - 2 141, იმერეთში - 1 514.
Reuters-ი: ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დაგეგმილი გამოძიების მეორე ფაზის ჩატარების წინააღმდეგია
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დაგეგმილი გამოძიების მეორე ფაზის ჩატარების წინააღმდეგია. აღნიშნული გამოძიების ჩატარების ინიციატივით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოვიდა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, გამოძიების მეორე ფაზაში იგეგმებოდა ლაბორატორიების აუდიტი და ქალაქ უხანში სასურსათო ბაზრების კვლევა. თუმცა, ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ ჩინეთი ასეთ გეგმას ვერ დათანხმდება, რადგან ეს გამოძიება „საღ აზრს ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერებას“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორაგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ COVID-19-ის წარმოშობის დადგენის მიზნით ჩატარებული გამოძიების პირველმა ფაზამ ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობა ვერ დაადასტურა. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა პანდემიის საწყის ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ წარადგინა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატზე ანგარიში გამოაქვეყნა
სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს საქართველოს საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტშია აღნიშნულია, რომ საქართველო, რომელიც დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე მდებარეობს, არის პატარა, მაგრამ ღია ბაზარი, რომელიც სარგებელს იღებს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმისა და ტრანსპორტირებიდან. ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მგრძნობიარეა გლობალური თუ რეგიონული შოკების მიმართ, საქართველომ 1991 წლიდან გაატარა მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები, რამაც ის მიიყვანა შედარებით კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკამდე. „2005-2019 წლებში ეკონომიკის ზრდის ტემპი საშუალოდ 5%-ს შეადგენდა და საქართველოს რეიტინგი საგრძნობლად გაუმჯობესდა გლობალური ბიზნესის, მმართველობის, კორუფციისა და სხვა ინდექსებში. საქართველო მეშვიდეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2020 წლის ინდექსში, მეთორმეტეა Heritage Foundations 2021 წლის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში, მერვე ადგილზეა ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში და 45-ეა კორუფციის აღქმის ინდექსში. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტსა და ინფლაციაზე და მცურავ გაცვლით კურსზე, თუმცა ამ უკანასკნელზე იმოქმედა რეგიონულმა მოვლენებმა, მათ შორის რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებამ და სხვა საგარეო ფაქტორებმა, როგორიცაა დოლარის გაძლიერება", - აღნიშნულია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია კოვიდპანდემია და მისგან გამოწვეული საკითხები. ანგარიშის მიხედვით, პანდემიამ მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ეროვნულ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე. ,,COVID-19 პანდემიამ შეცვალა წარსული მიღწევები და მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა შიდა ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე. საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%ით შემცირდა, განსაკუთრებით განსაკუთრებული ზარალით ტურიზმის სექტორში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს აქვს მტკიცე მაკროეკონიმიკური ჩარჩო, მიმზიდველი ბიზნეს გარემო და სახელმწიფო ფინანსების მართვის სანდო მექანიზმები, რაც როგორც ნავარაუდევია, ხელს შეუწყობს პოსტკოვიდურ აღდგენას. საქართველოს სახელმწიფოს მართვის მონაცემები, როგორც წესი, აღემატება ევროპისა და ცენტრალური აზიის, ასევე საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მონაცემებს. საქართველოს მთავრობის 2021-2024 წლების პროგრამა ევროპული სახელმწიფო მშენებლობისთვის, რომელიც 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებს, რაც მისცემს საშუალებას ქვეყანას, სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს 2019-2020 წლის ეკონომიკურ პოზიციებს. ის ხაზს უსვამს მთავრობის ვალდებულებას, დაიცვას კერძო საკუთრების უფლება და ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი გარემო, ისეთი, როგორიცაა დაბალი გადასახადები და ასევე დაპირება, ინვესტიციები დააბანდოს ადამიანურ კაპიტალში და მისწრაფება მთელ ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის მისაღწევად. აღნიშნულ პროგრამაში ასევე აღნიშნულია საქართველოს გეოგრაფიული პოტენციალი, როგორც სავაჭრო და ლოჯისტიკური ჰაბისა ახალ აბრეშუმის გზაზე, რომელიც კავკასიის გავლით აკავშირებს აზიასა და ევროპას. „საერთო ჯამში, ბიზნესის და ინვესტიციისთვის გარემო ჯანსაღია. მიუხედავად ამისა, არსებობს მზარდი ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობიადმი, რომელიც განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად, ან დროულად, კომპეტენტურად, ზოგიერთ ასეთ საქმეზე სასამართლო სისტემა წლების განმავლობაში იწელება. სხვა კომპანიები ჩივიან გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესის გამო, მუნიციპალურ დონეზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხარვეზებზე, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობაზე, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის კომერციული კანონების და ასევე კერძო საკუთრების შესახებ დავების მოგვარების დროს გამოვლენის სირთულეებზე. საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ საკითხების გადაჭრაზე და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის. აშშ და საქართველო მუშაობენ ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების მოცულობის გაზრდაზე, რაც უმაღლესი დონის დიალოგის ფარგლებში ხდება აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობის კომისიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფების საშუალებით. აშშ-მა და საქართველომ ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას ხელი 1994 წელს მოაწერეს და საქართველოს უფლება აქვს, ტარიფების გარეშე მოახდინოს ბევრი პროდუქტის ექსპორტი აშშ-ში“, - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშში ხაზგასმულია აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. „საქართველომ მნიშვნელოვანი არასტაბილურობა გამოიარა პოსტსაბჭოთა პერიოდში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1991 წელს იყო სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები, რომელიც რუსეთის საზღვრის გასწვრივ გაღვივდა საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაძაბულობა დასრულდა მოკლე ომით რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. რუსეთი აგრძელებს ამ რეგიონების ოკუპაცია, და ცენტრალური მთავრობას არ აქვს ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიებზე. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობას. დაძაბულობა კვლავაც არსებობს ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ, თუმცა ეს არ ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას საქართველოს სხვა ნაწილებზე, მათ შორის თბილისზე“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ანგარიშში მოხვდა საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან კონტრაქტის შეწყვეტის საკითხიც. აღნიშნულია, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ინვესტორებს და ადგილობრივი ბიზნესის ლიდერებს ამაში ეჭვი შეაქვთ. „ტრანზიტი და ლოგისტიკა პრიორიტეტული სექტორებია, საქართველო ცდილობს, მიიღოს სარგებელი აღმოსავლეთ/დასავლეთის გაზრდილი ვაჭრობიდან. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ ხელი შეუწყო საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივის ზრდას და მთავრობა ვაჭრობის ზრდას შესაბამისი გზების მოძიებით იმედოვნებდა. მთავრობამ ანაკლიის პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან, რომელთა შორის ამერიკული კომპანიაც იყო, 2016 წელს კონტრაქტი დადო, თუმცა 2020 წელს, ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შესახებ კონტრაქტი შეწყვიტა. ინვესტორთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ მთავრობის ქმედებებმა, რომლებიც მიმართული იყო პროექტის წინააღმდეგ, შექმნა ფინანსური სირთულეები და გამოიწვია კონტრაქტის საბოლოო გაწყვეტა. მიუხედავად მთავრობის მიერ მტკიცებისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ერთგულია, ინვესტორები და ადგილობრივი ბიზნესლიდერები ამას ეჭქვეშ აყენებენ. პარალელურად, ლოგისტიკურმა და პორტების მმართველმა კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს ლოგისტიკური კომპანიები დაასრულებენ ორი ახალი ტერმინალის პროექტს და მესამე კი კვლავ მშენებლობის პროცესში იქნება – მულტიმოდალური ტერმინალი ბათუმში, ახალი ტერმინალები და გაზრდილი საცავი ფოთში, ამჟამად ყველაზე დიდი პორტი საქართველოში, რომელიც გეგმავს ღრმაწყლოვანი შესაძლებლობების განვითარებას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
კვლევა: Pfizer-ისა და Astrazeneca-ს ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია
Reuters-ის ინფორმაციით, ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამქვეყნდა, Pfizer-ის ან Astrazeneca-ს ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მაღალ ეფექტურია. როგორც გამოცემა წერს, კვლევის თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ. ალფა ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტურობა 93.7%-ია. ამასთან, Astrazeneca-ს ვაქცინის ორი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, „ალფას“ წინააღმდეგ კი - 74.5%-ით ეფექტურია. ალფა და დელტა ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობაში მხოლოდ მცირე განსხვავებები აღინიშნა”, - განმარტავენ კვლევაში ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერები. მანამდე მათ განაცხადეს, რომ Pfizer-ის ან Astrazeneca-ს ვაქცინები ერთი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მხოლოდ 33%-ით ეფექტურია. ჰანს კლუგე: ჯანმოს მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცებული ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია COVID19-ის არსებული ვარიანტების წინააღმდეგ და დაავადების გართულებისგან იცავს ენტონი ფაუჩი: აშშ-ში ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი დელტა ვარიანტია - ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია
საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ექიმები და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებენ
საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ექიმები და მეცნიერთა ჯგუფი, COVID19-ის პანდემიისა და მასთან ბრძოლის გზებზე საგანგებო მიმართვას ავრცელებენ. ,,პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია და უსაფრთხოების ზომების პირუთვნელი დაცვა. ვაქცინა უსაფრთხოა და გვიცავს სიკვდილისგან და დაავადების მძიმე ფორმებისგან, რაც დასტურდება მინიმუმადე შემცირებული ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის მაჩვენებელით, უკვე გაკეთებული 3.5 მილირდი აცრის მონაცემებით. ყველა ავტორიზებული ვაქცინა ამცირებს დაავადების სირთულეს და სიკვდილობას ყველა შტამის შემთხვევაში. გამოიყენეთ ამჟამად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინა, რომელსაც მიღებული აქვს, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოს ან ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის ავტორიზაცია. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჩინური წარმოების კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინის შემდეგ “ბუსტერად” შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიით წარმოებული ვაქცინის გამოყენება. აცრით ჩვენ ვიცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს და განსაკუთრებით, ბავშვებს და იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის გამო არ შეუძლია აცრა”, — ნათქვამია მიმართვაში. ამასთან, ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია COVID 19-ისა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, რომელიც არ ეფუძნება სანდო მეცნიერულ პუბლიკაციებს, არის დეზინფორმაცია. ,,რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონე, მით უფრო მაღალია ვირუსის მუტაციის ალბათობა და ახალი ვარიანტების და ტალღების წარმოქმნა, რაც ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება, თუკი ვერ შევძლებთ ინფიცირების დონის დაქვეითებას. საქართველოში ვაქცინაციის დონე საგანგაშოდ დაბალია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად. მზად ვართ ყველა შეკითხვაზე გაგცეთ დეტალური და მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი”, — ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: სოფო ბერიძე, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი, საქართველო ეკატერინე ბერიშვილი, ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ–ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი მაია ბუწაშვილი, ნეოლაბი, თბილისი, საქართველო მარინა გვახარია, რეპროდუქციული კლინიკა, სან ჰოზე, კალიფორნია გიორგი (გოგი) გეგელაშვილი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია. ნანა გეგეჭკორი, მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუ–იორკი, აშშ ზურაბ გურული მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკა, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯექსონი, მისისიპი, აშშ ვახტანგ კალოიანი, ნიუ ჰოსპიტალსი, თბილისი, საქართველო გიორგი კამკამიძე, ნეოლაბი, თბილისი, საქართველო ზაზა კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, შვედეთი ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, თბილისი, საქართველო არჩილ მარშანია, STENA Ltd, აბერდინი, დიდი ბრიტანეთი მამუკა მაჩაიძე, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი, ბალტიმორი, აშშ ნინო ნაცვალაძე, შტუტგარტის კლინიკა, გერმანია ზაზა უჯმაჯურიძე, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკა, დანია ანი ქავთარაძე, წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკა, თბილისი, საქართველო ნატალია ქვარცხავა, დუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია თამრიკო ქვარცხავა, Global PV Source, მორისტაუნი, ნიუ ჯერსი, აშშ ლიკა ჭყონია, რეპროარტი, ქართულ–ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, საქართველო ცოტნე ჯავახიშვილი, კალიფორნიის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, სან დიეგო, კალიფორნია, აშშ.
ანდრეს ბრეივიკის თავდასხმიდან, რომელსაც 76 ადამიანთან ერთად, თამთა ლიპარტელიანიც ემსხვერპლა, 10 წელი გავიდა
2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერორიტული აქტი განხორციელდა. მემარჯვენე ექსტრემისტის, ანდერს ბრეივიკის, თავდასხმის შედეგად, 77 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც. ამ დღეს, ოსლოში პირველი ტერორისტული აქტი იყო ავტომანქანაში დამონტაჟებული ყუმბარის აფეთქება, სამთავრობო რაიონში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იენს სტოლტენბერგის ოფისთან. აფეთქებას ემსხპერპლა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავდა (ათი პიროვნება - განსაკუთრებულად მძიმედ). მეორე თავდასხმა განხორციელდა ორი საათის შემდეგ. ამჯერად სამიზნე იყო ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც ეკუთვნის ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის მუშათა ახალგაზრდულ ლიგას და მდებარეობს უტეიას კუნძულზე. პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ცეცხლი გაუხსნა დამსვენებლებს და მოკლა 67 ადამიანი, მათ შორის - პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობრები და ნორვეგიის პრინცესა მეტე-მარიტის ძმა. გარდაცვლილთაგან 76 ნორვეგიის მოქალაქე იყო, ხოლო ერთი, ქუთაისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი. ნორვეგიის პოლიციამ დააპატიმრა ანდერს ბერინგ ბრეივიკი, 32 წლის ნორვეგიელი მემარჯვენე ექსტრემისტი . მას თავდაპირველად წაუყენეს ბრალდება უტეიაზე მომხდარი მოვლენების გამო, მოგვიანებით კი - ოსლოში მომხდარი აფეთქების გამოც. 2012 წლის 24 აგვისტოს, ანდრეს ბრეივიკს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2012 წელს ნეტფილქსმა ნორვეგიის ტერაქტის შესახებ ფილმი გადაიღო. 2012 წლის 22 ივლისს კი ქუთაისში თამთა ლიპარტელიანის სახელობის მემორიალი გაიხსნა. ქუთისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე დაწესდა მისი სახელობის სტიპენდია.
ჯო ბაიდენი: "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შეჩერება შეუძლებელი იყო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა 99%-ით დასრულებულია და მისი განხორციელების შეჩერება შეუძლებელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. "ჩრდილოეთის ნაკადი 2" 99%-ით არის დასრულებული. მოსაზრება, რომ შეიძლებოდა რამის თქმა ან გაკეთება მისი შეჩერების მიზნით, შეუძლებელია. მე ძალიან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ანგელა მერკელთან. გერმანიის მთავრობა ვალდებულებების საკითხზე მუშაობს, რაც იმას ითვალისწინებს, რომ თუ რუსეთი უკრაინას და სხვა ქვეყნებს ზიანს მიაყენებს, გერმანიის ხელისუფლება ამას უპასუხებს", - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ-მა და გერმანიამ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ვიქტორია ნულანდის განცხადებით, მიღწეული შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას. ნულანდის თქმით, ვაშინგტონი და ბერლინი 21 ივლისს ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ გაზსადენის შესახებ. აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს