ძებნის რეზულტატი:
ევროპის წამლის სააგენტომ 12-დან 17-წლამდე ასაკის ბავშვებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა
ევროპის წამლის სააგენტომ 12-დან 17-წლამდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna-ს ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ამის სესახებ ინფორმაცია თავას სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნდა. ვაქცინა უკვე ნებადართულია 18 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოყენებისათვის. სააგენტოს ცნობით, ვაქცინის გაკეთება ამ ასაკობრივ ჯგუფში ისეთივე პირობებით არის დაშვებული, როგორც 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ორი დოზა, მკლავის კუნთებში, ოთხი კვირის ინტერვალით.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მე-4 ტალღა დაიწყო
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ ვითარება შეაფასა, მისი განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და გაიკეთონ ვაქცინა. "ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა. ამასთან დაკავშირებით სრული მობილიზაცია უკვე დაწყებული არის ჯანდაცვის სექტორიში. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და საკუთარ გარემოცვას ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 2,460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ირანში წყლის დეფიციტის გამო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა
ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს განაცხადა, რომ წყლის კრიზისი გამო ქუჩაში გამოსულ ირანელებს ვერ დაადანაშაულებს და მოუწოდა მაღალჩინოსნებს, მოაგვარონ ეს პრობლემა. „მადლობა ღმერთს, ყველა სააგენტო, სამთავრობო და არასამთავრობო, მუშაობს წყლის კრიზისის მოსაგვარებლად და ამაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს მთელი სერიოზულობით“, - აღნიშნა ალი ხამენეიმ. საპროტესტო აქციები წყლის დეფიციტის გამო დაიწყო ირანის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც არეულობის დროს ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, შვიდი ადამიანი კი დაიჭრა“, - იტყობინება Reuters-ი პოლიციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომელიც მომხდარში ადანაშაულებს „კონტრ რევოლუციონერებს“. მსხვერპლთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობები ვრცელდება. Amnesty International- მა განაცხადა, რომ მინიმუმ რვა ადამიანია დაღუპული ერთი კვირის განმავლობაში განხორციელებული დარბევის დროს. ორგანიზაციის ხელთ არსებული ცნობები ასევე მიუთითებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს სასიკვდილო იარაღი და ცრემლმდენი გაზი პროტესტის დასაშლელად. ირანში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გვალვაა, რამაც დარტყმა მიაყენა სოფლის მეურნეობას და კაშხლები წყლის გარეშე დატოვა. არაერთ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეფერხდა. ხუზისტანის პროვინციაში დემონსტრაციები 15 ივლისს დაიწყო. ირანის ეკონომიკაზე აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები და COVID-19 პანდემია ახდენს გავლენას. ხელისუფლება აცხადებს, რომ ბევრი ჰიდროელექტროსადგური არ მუშაობს, ელექტროენერგიის მოხმარება კი გაიზარდა ზაფხულის სიცხის გამო.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8000-ზე მეტი ადამიანი აიცრა
23 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 391 781-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 136 734 ადამიანი. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 8 442-მა ადამიანმა გაიკეთა. სპეციალისტების გეგმით, დღეში ამ რიცხვმა 25 000-ს უნდა მიაღწიოს. საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 460 ადამიანს დაუდასტურდა.
აშშ-ის დაზვერვა: დიდია ალბათობა, რომ "ჰავანის სინდრომი" ხელოვნურად იყოს გამოწვეული და პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისროს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) 100-მდე თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები "ჰავანის სინდრომით არიან დაავადებულები", სულ, ამერიკის 200-მდე ოფიციალურ პირს გამოუვლინდა ეს სინდრომი, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა, უილიამ ბარნსიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბარნსიმ ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან (NPR) ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან გააძლიერა მისი სააგენტოს მცდელობები, დაადგინოს სინდრომის გამომწვევი მიზეზები და მასზე პასუხისმგებელი პირები. მისი თქმით, გამოძიებაში მონაწილეობას იღებენ სამედიცინო გუნდის წევრებიც, რომელთა რაოდენობაც მომხდარის შემდეგ სამჯერ გაზარდა. როგორც Reuters-ი წერს, "ჰავანის სინდრომი" უწოდეს დაავადებას, რომელიც თავბრუსხვევით, გულისრევით, თავის ტკივილებითა და მეხსიერების პრობლემებით მიმდინარეობს. სამედიცინო ტერმინი გამოიყენება 2016 წლიდან, როდესაც კუბის დედაქალაქ ჰავანაში მყოფმა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა პირველად განაცხადეს და თან ერთდროულად, ამგვარი სიმპტომების ქონის შესახებ. ბერნსმა აღნიშნა, რომ დეკემბერში აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კოლეგიამ დაადგინა, რომ სარწმუნოა თეორია, რომლის მიხედვითაც სინდრომი შესაძლოა "მართული ენერგიის გამოსხივებას" გამოეწვია. CIA-ის დირექტორის თქმით, "არსებობს დიდი ალბათობა იმისა", რომ ჰავანის სინდრომი ხელოვნურად იყოს გამოწვეული და ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდეს. თუმცა, ბარნსი ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე მას არ სურს საბოლოო დასკვნების გამოტანა. Reuters-ის ცნობით, მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
აშშ პაკისტანს Moderna-ს ვაქცინის 3 მილიონ დოზას უგზავნის
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პაკისტანს, სადაც კორონავირუსის "დელტა" ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები იზრდება, Moderna-ს ვაქცინის 3 მილიონ დოზას გაუგზავნის. როგორც ცნობლია, ვაქცინას პაკისტანში კვირას ჩაიტანენ. აშშ პაკისტანს ვაქცინის მორიგ პარტიას პლატფორმა COVAX-ის საშუალებით აწვდის, რომელიც გაეროსთან ერთად ვაქცინების თანაბრად გადანაწილებაზე მუშაობს. აშშ-მა პაკისტანს პირველი ტრანშით უკვე გაუგზავნა Modera-ს ვაქცინის 2.5 მილიონი დოზა. გავრცელებული ინფორმაციით, აქამდე პაკისტანის ეროვნული ვაქცინაციის კამპანია მეტწილად ჩინურ ვაქცინებს ეყრდნობოდა. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადმინისტრაცია "ამაყობს, რომ შეუძლია ამ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების მიწოდება" პაკისტანელებისთვის. თეთრი სახლი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ვაშინგტონისგან უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინებით დახმარება არცერთ ქვეყანაში არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ან ეკონომიკური წნეხის ბერკეტად. "ჩვენს ვაქცინებს არანაირი ვალდებულება არ ახლავს თან. ამას მხოლოდ ერთადერთი მიზნით ვაკეთებთ, რომ ადამიანთა სიცოცხლე ვიხსნათ" - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში. აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზა მოიცავს 20 მილიონ დოზა - Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს, ასევე AstraZeneca-ს. თეთრი სახლი: აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს საქართველო ამერიკის მთავრობისგან საჩუქრად Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს საქართველოში ამერიკის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ვაქცინა 24 ივლისს შემოვა ევროპის წამლის სააგენტომ 12-დან 17-წლამდე ასაკის ბავშვებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა
ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია წარადგინა
ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას, ნიკა მელიამ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატად მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია დაასახელა. მისი თქმით, ვიცე-მერობის კანდიდატი "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იქნება. ნიკა მელიამ საზოგადოებას ელენე ხოშტარიასთან ერთად მიმართა. წარდგენას არ ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები. "თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას", - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციის კანდიდატებს "ევროპული საქართველოც" უჭერს მხარს, ამის შესახებ გიგა ბოკერიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, ენმ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის არცერთ უბანში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს საერთო კანდიდატებს დაუჭერს. შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ცნობითსვის, ნიკა მელია თბილისის მერობის არჩევნებში მეორედ მონაწილეობს. პირველად მან თვითმართველობის არჩვენებში მონაწილეობა 2014 წელს მიიღო, თუმცა მეორე ტურში დამარცხდა. მაშინ მისი მოწინააღმდეგე დავით ნარმანია იყო.
თურქეთის სანაპიროსთან ჩაიძირა ნავი, რომელსაც 45 მიგრანტი გადაჰყავდა
თურქეთის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა, რომელსაც 45 მიგრანტი გადაჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 37 მიგრანტი გადაარჩინეს, ხოლო 8 მიგრანტის ძებნა გრძელდება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში გემები და ავიაციაა ჩარული. უწყების ინფორმაციით, ტერიტორიაზე ორი სამხედრო-საზღვაო ფრეგატი გაგზავნეს, რომლებიც მიუხედავად ცუდი ამინდისა, სამძებრო სამუშაოებს სამხედრო-საზღვაო თვითმფრინავთან ერთად ასრულებენ.
ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ქვეყნებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოუწოდა, კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. COVID-19- ით ადამიანის ინფიცირების შემთხვევები პირველად ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უხანში, 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჩინეთმა არაერთხელ უარყო თეორიები იმის შესახებ, რომ ვირუსმა მის ერთ - ერთ ლაბორატორიაში გაჟონა. ჩინეთმა მის ტერიტორიაზე მდებარე ლაბორატორიებსა და სავაჭრო ბაზრებში დამატებითი შემოწმების ჩატარებაზე უარი თქვა. ჯანმომ ჩინეთის მთავრობას ამ მიზნით მარტის თვეში დაწყებული კვლევების გაგრძელება შესთავაზა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს შეთავაზება არ მიიღო. "ყველა უნდა ვეცადოთ, გავიგოთ, თუ როგორ მოხვდა ეს პათოგენი ადამიანთა პოპულაციაში. ქვეყნებს ნამდვილად აქვთ პასუხისმგებლობა, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან", - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა, ტარიკ იასარევიჩმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა ჯგუფმა ჩინელ მეცნიერებთან ერთად ოთხი კვირა გაატარა ჩინეთის უჰანსა და მის შემოგარენში. მარტში გამოქვეყნებულ ერთობლივ ანგარიშში მითითებული იყო, რომ ეს ვირუსი ადამიანებში ღამურადან სხვა ცხოველზე გადაცემის შემდეგ გავრცელდა, მაგრამ საჭიროა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, ვირუსის შესახებ კვლევების საფუძვლიან ჩატარებას ხელი შეუშალა გავრცელების პირველ დღეებში მონაცემთა ნაკლებობამ.
ივანე ჩხაიძე: თუ ბარში, კინოთეატრსა და ღამის კლუბში მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებულები დაიშვებიან, ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ახალგაზრდებისთვის
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებების შემოღება რადიკალურად არ შეცვლის ვაქცინაციის ტემპს, მაგრამ ეს გარკვეულწილად ერთგვარი სტიმული იქნება მოსახლეობისთვის. ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ წამახალისებელი ღონიძიებების არსებობა ყოველთვის გამოიღებს შედეგს. „ვერ გეტყვით, გეგმა არის თუ არა შემუშავებული, მაგრამ წამახალისებელი ღონიძიებების პაკეტზე დიდი ხანია, ჯერ კიდევ იქედან არის საუბარი, ვიდრე აცრები დაიწყებოდა. იმუნიზაციის საბჭოს რამდენიმე შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება. მათ შორის, ზოგიერთი ქვეყანა მოსახლეობას სთავაზობს თანხას, სასურსათო ბარათებს და ა.შ. ყველა ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს. ასევე იყო მოსაზრება, რომ ორჯერადად ვაქცინირებულები დაეშვათ ნებისმიერ დახურულ სივრცეში, იქნებოდა ეს რესტორანი, ბიბლიოთეკა, სპორტდარბაზი თუ კინოდარბაზი. ასევე, ზოგიერთმა კომპანიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ვინც აიცრებოდა, მათთვის მიეცათ სასაჩუქრე ბონუს ბარათები მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო მომსახურებისთვის. ბევრი ვარიანტი იყო, თუმცა ამ თემაზე დიდი ხანია, საუბარი არ ყოფილა. ეს არის აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა, თუმცა ახლა არ ვიცი, განიხილება თუ არა ეს საკითხები. მაგალითად, სამედიცინო კორპორაცია EVEX-ს სხდომაზე ჰქონდა წარმოდგენილი სრულად ვაქცინირებულებისთვის 500-ლარიანი სამედიცინო ვაუჩერის შეთავაზება. EVEX-ში ეს დანერგილია და მუშაობს. ასევე იყო მოსაზრება, რომ ექიმებისთვის მიეცათ 2-3 დღიანი დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება. ექთნებისთვის 150 ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ აფთიაქში, კოსმეტიკური საშუალებების შესაძენად. სხვა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა რა გადაწყვიტეს, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. სახელმწიფოს დონეზე მსგავსი ჩამონათვალი შეიძლება იყო განხილული, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მანვე აღნიშნა, რომ ექიმებისთვის დამატებითი 2-3 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება „სერიოზული და კარგი ბონუსი იყო“. „შეიძლება, რომელიმე კლინიკამ, ჰოსპიტალმა ეს ინდივიდუალურად განახორციელა, მაგრამ ცნობილი არ არის", - აცხადებს ივანე ჩხაიძე Europetime-თან. მოახდენს თუ არა წამახალისებელი ღონისძიებების გატარება ვაქცინაციის პროცესზე გავლენას, ივანე ჩხაიძის თქმით, სიტუაცია „რადიკალურად არ შეიცვლება, თუმცა ეს გარკვეულწილად სტიმული იქნება მოსახლეობისთვის. „ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა წავიდა ამ გზით. მაგალითად, აშშ-ში ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის ლატარეაში მილიონი დოლარი თამაშდება. ზოგ შტატში სასურსათო ვაუჩერები იყო. მსგავსი ბევრი ვარიანტი განიხილებოდა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ საქართველომაც დააწესოს ჯილდო. „სახელმწიფოს ვერ დაავალდებულებ. ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა ეს სტიმულირება. მაგრამ წახალისების მექანიზმი რომ უნდა არსებობდეს, მხოლოდ მე არ ვფიქრობ ამას“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე. „თუ არ ვცდები სერბეთში, ყველა ვაქცინირებულისთვის განკუთვნილი იყო 80 ევრო, ზოგ ქვეყანას 30 ევრო ჰქონდა. არ მგონია, რომ ჩვენ იმის რესურსი გვქონდეს, ვაქცინირებულებს ფულადი ჯილდო შევთავაზოთ, მაგრამ რაიმეს მოფიქრება ნამდვილად შესაძლებელია. სამედიცინო სფეროს მხრივ, თუ რომელიმე სამედიცინო კომპანია, ან კერძო კლინიკა 2-3 დღიან ანაზღაურებად შვებულებას მისცემს ორჯერადად ვაქცინირებულ ექიმებს, ნამდვილად კარგი იქნება. ვფიქრობ, ახლა უფრო მეტად იმუშავებს და შედეგის მომტანი იქნება „მწვანე ზონების“ შექმნა, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებები გავხადოთ „მწვანე ზონა“. ასევე, რესტორნები და სასტუმროები. თუ მათი პერსონალის 80%-ზე მეტი იქნება ვაქცინირებული, მაშინ ის იქნება „მწვანე ზონა“. ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ შემიძლია რისკის გარეშე ვისარგებლო ამ სერვისით. შეიძლება, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო და კარგი იქნებოდა. ეს ინდივიდუალურია, სახელმწიფო რამდენად უნდა ჩაერიოს ამაში ვერ გეტყვით, მაგრამ ის რომ, ეს წახალისების მექანიზმი უნდა მუშაობდეს, დარწმუნებული ვარ. ამას სახელმწიფო ვერ გააკეთეს. ინიციატივა კომპანიებმა უნდა გამოიჩინონ, ეს კარგი იქნება კონკურენციის კუთხითაც. ის რომ, „მწვანე რესტორანში“ ვაქცინირებული უნდა შევიდეს თუ არა, ეს მეორე მხარეა. სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს, რომ რესტორანში მარტო ვაქცინირებული შევიდეს. ჩვენთან ჯერჯერობით არ არის. ძალიან ბევრ ქვეყანაში კი ასეა, რადგან რესტორანი არის ყველაზე რისკის შემცველი დაწესებულება. თუ ჩვენ გვექნება ასეთი რეგულაცია, რომ რესტორანში, ბარში, კინოთეატრსა და ღამის კლუბში შევიდეს მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებული, ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ახალგაზრდებისთვის. ამ შემთხვევაში ორივე მხარეა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ერთი - მე უნდა წავიდე რესტორანში, მაგრამ სახელმწიფო არ მიშვებს, რადგან არ ვარ ვაქცინირებული, მეორე- რესტორნის არჩევანი მაქვს და ავირჩევ იმას, რომელიც არის უსაფრთხო", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან. საბანკო პროცენტის შემცირება, დამატებით ანაზღაურებადი შვებულება - რა წამახალისებელი მექანიზმები განიხილება ვაქცინაციისთვის რა შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში ბავშვების ვაქცინაცია ივანე ჩხაიძე: ორჯერ ვაქცინირებულებისთვის კორონავირუსის ინდური ვარიანტი საშიში არ არის ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია
Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია
ამერიკის შეერტებული შტატების მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქინის 500 000 დოზა უკვე საქართველოშია. ვაქცინას აეროპორტში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, პრემიერ-მინისტრი კელი დეგნანი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დახვდნენ. საქართველო ამერიკის მთავრობისგან საჩუქრად Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს
კელი დეგნანი: მოხარული ვართ, გადმოგცეთ სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინები, ჩვენი მეგობრობის ნიშნად. ეს არის ჯო ბაიდენის და ამერიკის მთავრობის საჩუქარი
„მოხარული ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ქართველ ხალხს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინები საჩუქრად გადავცეთ", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისის საერთშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემულ Pfizer-ის ვაქცინის ტვირთს დახვდა. ელჩის თქმით, Pfizer-ის ვაქცინის 500 000 დოზის ჩამოსვლა საქართველოში, არის ამერიკის მთავრობის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვაქცინის გლობალური განაწილების ინიციატივის ფარგლებში. როგორც ცნობილია, Pfizer-ის ვაქცინები დაემატება იმ 27 მილიონი დოლარის დახმარებას, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა უწევს საქართველოს პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად, მათ შორისაა: ვაქცინის შესანახი განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სამი მაცივარი. 26 000 PCR ტესტირების აღჭურვილობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებისთვის. დახმარება რეაგენტებით ვირუსის ახალი შტამების დადგენა-მოკვლევისთვის. ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც 300 პაციენტზე საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს უზრუნველყოფს. ინტერნეტ კომუნიკაცია რეგიონებში ათასზე მეტი კლინიკისთვის, რომელიც სამედიცინო პერსონალის ტრენინგებსა და უახლეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სადეზინფექციო სითხეები, ხელთათმანები, ნიღბები, თერმომეტრები და სხვა მარაგები სკოლებისა და ბაღებისთვის. ,,მოხარული ვარ, რომ ამერიკელი ხალხის სახელით, დავხვდი Covid19-ის საწინააღმდეგო, სიცოცხლის გადამრჩენელი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის ჩამოსვლას. ეს არის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტ ბაიდენისგან და ამერიკის მთავრობისგან, ჩვენი მეგობრობის ნიშნად. ეს იმ 9 მილიონიან დახმარებას ემატება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად. მოხარული ვართ, გადმოგცეთ ეს ვაქცინა, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი. პანდემიის დასაწყისიდანვე, აშშ-მა მხარი დაუჭირა ძალისხმევას საქართველოში, ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით და ახლა შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა, რასაც გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა ნამდვილად შეუძლია – ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. მოვუწოდებ ყველას, ვისაც საქართველოში ვაქცინაცია ეკუთვნის, ისარგებლონ ამ შემთხვევით და აიცრან სწრაფად, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო გზა თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და ამასთან, ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკის აღსადგენად. მე უკვე გავიკეთე Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა და აშშ-ის საელჩოს თითქმის სრული გუნდი უკვე აიცრა Pfizer-ით. გირჩევთ, მოგიწოდებთ, თქვენც აიცრათ“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეერთებული შტატები ქვეყნის შიგნით COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის გაგრძელებასთან ერთად, პანდემიის დასრულებისთვის ძალისხმევას არ იშურებს მსოფლიოს მასშტაბითაც. პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები იქნება ვაქცინების არსენალი მსოფლიოსთვის. შეერთებული შტატები მსოფლიოში პანდემიის დასაძლევად თავისი დემოკრატიის ძალას, ამერიკელი მეცნიერების ინოვაციურობასა და წარმოების შესაძლებლობებს იყენებს. 3 ივნისს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ გაუზიარებდა ვაქცინას პარტნიორ ქვეყანას, საქართველოს, იმ ინიციატივის ფარგლებში, რაც გულისხმობს ამერიკის ვაქცინის მარაგებიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის 80 მილიონი დოზის საჩუქრად გადაცემას გლობალური პანდემიის დასრულების მხარდასაჭერად. ვაქცინა არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთო გლობალური სტრატეგიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც წინ მიუძღვის COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. ეს მოიცავს გადაუდებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხარდაჭერას, ვირუსის გავრცელების შეჩერებასა და მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებას. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს საზოგადოებრივ ჯანდაცვას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC), თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სხვა სააგენტოების მეშვეობით. Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია
ლიეტუვამ საქართველოს Astazeneca-ს ვაქცინის 15 000 დოზა აჩუქა
საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო Astazeneca-ს 15 000 დოზა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა. ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრ სახელმწიფოს - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას გადასცეს. ვაქცინებისთვის ლიეტუვას მთავრობას მადლობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა. ,,ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, Astazeneca-ს 15 000 დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!" - წერია ზალკალიანის მიერ Twitter-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში. საულიუს ვალაინისი საქართველოს წარმატებას უსურვებს ვირუსთან ბრძოლაში ,,მე დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრები ერთმანეთს ყოველთვის უნდა ეხმარებოდნენ. ეს პატარა საჩუქარია, თუმცა ლიეტუვამ ის მთელი გულით გადმოგცათ. სიძლიერე და ერთობა - ერთ დროს ეს წარწერა იყო ლიეტუვურ მონეტებზე. მოდით ვიყოთ ერთად, მოდით ვიყოთ მეგობრები მომავალშიც. ჩვენ საქართველოს წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი საერთო მტრის - ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე Twitter-ზე.
დღეიდან Pfizer-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Pfizer-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს 24 ივლისიდან 12:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, Pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ამასთან, Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. Pfizer-ით ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. Pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია biontech-თან ერთად შექმნა. Pfizer-ით ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შესაძლებელია ნომერზე – 15 22-ს. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ. ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 000 დოზა უკვე საქართველოშია. Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია
ჩინეთმა აშშ-ს რამდენიმე ოფიციალურ წარმომადგენელსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის ბოლო დროინდელი სანქციების საპასუხოდ, ოფიციალურმა პეკინმა რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ წარმომადგენელსა და ამერიკულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. როგორც ცნობილია, სანქცირებულებს შორის, აშშ-ის ვაჭრობის მდივანი უილბურ როსიცაა. 7 სანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის არიან Human Rights Watch-ის დირექტორი ჩინეთში - სოფი რიჩარდსონი და International Republican Institute-ის წარმომადგენელი ადამ კინგი. რამდენიმე დღის წინ, აშშ-მა ჰონგ-კონგის ოფიციალურ პირებს დაუწესა სანქციები. სწორედ ამას უკავშირდება ჩინეთის მოქმედება. „აშშ-ს ბოლოდროინდელი უსაფუძვლო სანქციები მიზნად ისახავს ჰონგ-კონგის ბიზნესგარემოს გაფუჭებას. ამერიკამ სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი ნორმები“, - აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ
მრავალეროვნული სწავლების „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) დაწყებისთვის მზადება გრძელდება. ფოთის პორტში სწავლებაში მონაწილე ამერიკული ტექნიკის მიღების შემდეგ, Agile Spirit 2021-ში მონაწილე ვერტმფრენები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საჰაერო გზით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფომაციით, შავი ქორის ტიპის ვერტმფრენები HH-60 Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად გერმანიიდან, რამშტაინის სამხედრო აეროდრომიდან ჩამოიყვანეს. ვერტმფრენები სწავლების აღსრულების პერიოდში სამედიცინო ევაკუაციის კომპონენტში იქნება ჩართული. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის 1-91-ე საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა კი, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგიდან „ბოინგ 777“-ის ტიპის თვითმფრინავით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოფრინდა. საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა მათი აეროპორტში მიღება და სწავლების რაიონებში - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში გადაადგილების დაგეგმვა და კოორდინაცია უზრუნველყო. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს და 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით იმართება. წვრთნების მიზანს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის Agile Spirit 2021-ისთვის ემზადება აშშ-ის არმია: „მტკიცე სული 2021“ ზრდის ოპერაციულ ურთიერთავსებადობას რეალურ სასწავლო გარემოში
საქართველოში კორონავირუსი 2 617 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 617 ადამიანს დაუდასტურდა, 869 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 394 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 104 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 290 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 617 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 400 698-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.55 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.15 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 869 მოქალაქე, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 371 434-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 665 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა - 236, იმერეთი - 220, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 123, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 111, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 573 საიდანაც: 4 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 780, აჭარაში - 407, იმერეთში - 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 956 პირი, მათ შორის, თბილისში - 455, აჭარაში - 67, იმერეთში -218. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 5, იმერეთში - 11. 1 564 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 861 - თბილისში, 464- აჭარაში. 17 046 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 23 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 651 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 440, აჭარაში - 2 557, იმერეთში - 1 801.
ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს
ASSOCIATED PRESS- ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ავღანეთის ხელისუფლება, რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტრატეგიული მნიშვნელობის ყანდაარში, იერიშზე გადასულ თალიბებს ებრძვის. როგორც აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, საჰაერო დარტყმები გამოხატავს ამერიკის განზრახვას, გააგრძელოს ავღანური ძალების მხარდაჭერა ქვეყნის მიღმა ბაზირებული საბრძოლო თვითმფრინავებით. ეს მინიმუმ იქამდე მოხდება, ვიდრე გეგმის მიხედვით 31 აგვისტოს, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს სრულად არ დატოვებენ. გამოცემის ინფორმაციით, ამერიკას ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთის მახლობლად, სხვადასხვა ტიპის საბრძოლო თვითფრინავები ჰყავს განთავსებული. მათ შორისაა, რეგიონში მდებარე ავიამზიდებზე განლაგებული სამხედრო თვითმფრინავები და სპარსეთის ყურეში განლაგებული ბომბდამშენები. პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბმა ყანდაარის რეგიონში განხორციელებულ საჰაერო დარტყმების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-მ ავღანეთის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად იმოქმედა. "მაგრამ, ამ საჰაერო დარტყმის ტექნიკურ დეტალებში არ შევალ“ - განაცხადა ჯონ კირბიმ. ASSOCIATED PRESS-ი წერს, რომ თავდაცვის უწყების სპიკერის კომენტარის შემდეგ, პენტაგონის სხვა ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად ამერიკამ ორი საჰაერო დარტყმა განახორციელა. დარტყმის მიზანი სამხედრო ტექნიკის განადგურება იყო, მათ შორის საარტილერიო დანადგარისა და ავტომობილის, რომლებიც თალიბებმა ავღანეთის ძალებისგან წაიღეს - აცხადებს ოფიციალური წარმომადგენელი. პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ავღანელი ხალხის მომავალი მათ ხელშია. „ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს აქვს შესაძლებლობა, იბრძოლონ და დაიცვან საკუთარი ქვეყანა. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას, სადაც ეს აუცილებელი იქნება, პრეზიდენტისა და თავდაცვის მდივნის მითითების შესაბამისად“ - განაცხადა მილიმ. ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება. ამ დროისთვის შტატებმა ბაგრამის ავიაბაზა უკვე დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა
"თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს ძალადობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი დააკავა – 1991 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისში, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. „5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 29 პირი, კერძოდ: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 25 პირი; „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი; ერთი პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – აღნიშნავენ შსს-ში.
WHO და ECDC: SARS-COV-2-ის დელტა შტამი ევროპის დიდ ნაწილში დომინირებს, გადაცემის შესამცირებლად საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება
უახლესი მონაცემებით, SARS-COV-2- ის „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ევროპაში სწრაფად ვრცელდება და კონტინენტის უმეტეს ნაწილში უკვე დომინანტური გახდა. WHO-ს ევროპის რეგონული ოფისისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მიერ აღრიცხული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 28 ივნისიდან 11 ივლისამდე დელტა შტამი დომინირებდა ქვეყანათა უმრავლესობაში (19 ქვეყანა) იმ 28 ქვეყნიდან, რომლებმაც აღრიცხეს საკმარისად სრული გენეტიკური სეკვენირების ინფორმაცია. ამ 19 ქვეყნიდან, ადგილობრივად სეკვენირებული ვირუსის იზოლატების საშუალო წილში გამოვლენილი დელტა შტამი შეადგენდა 68,3%. ეს მაჩვენებელი უსწრებს მანამდე დომინანტურ ალფა შტამის მაჩვენებელს (22,3%) რეგიონში. ამჟამინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, მომდევნო თვეებში დელტა შტამი გლობალურად დომინანტი გახდება. იგი უკვე გამოვლენილია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. მისი გავრცელება გაგრძელდება და იგი შეცვლის სხვა შტამების გადაადგილებასაც, იმ შემთხევევაში თუ არ გამოჩნდება ახალი კონკურენტუნარიანი ვირუსი. ჰანს ჰენრი კლუგე, WHO-ს ევროპის რეგონული ოფისის დირექტორი ამბობს: „პანდემიის დასრულებიდან ჯერ კიდევ ძალინ შორს ვართ. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება, რაც დაკავშირებულია დელტა შტამის დაჩქარებული ტემპით გავრცელებასთან. წევრ სახელმწიფოთა მიერ მოსახლეობის ვაქცინაციის გაძლიერებული მცდელობის მიუხედავად, მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული და ისინი ჰოსპიტალიზაციის საფრთხის წინაშე დგანან“,- აცხადებს კლუგე. „ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უნდა ვიყოთ ფრთხილად და შექმნილ სიტუაციას საღი აზრი დავუპირისპიროთ. ეს ნიშნავს რომ შესაძლებლობისთანავე საჭიროა სრულად ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია, ხშირად დავიბანოთ ხელები, თავი ავარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და საჭიროების შემთხვევაში, ვატაროთ პირბადე. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ ზომებით საკუთარ თავსა და ჩვენს გარშემომყოფებს ვიცავთ,“- ამბობს ანდრეა ამონი, ECDC დირექტორი, - „ამ ზომებს, შეგვიძლია „ანტი-ლოქდაუნის“ ზომებიც ვუწოდოთ, რადგან მათი დაცვა ახდენს ვირუსის პრევენციას „ლოქდაუნის“ აუცილებლობის გარეშე". WHO და ECDC მოუწოდებენ პრიორიტეტულ ჯგუფებს: ასაკოვან ადამიანებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და ჯანდაცვის მუშაკებს, ჩაიტარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული კურსი, რათა დაიცვან საკუთარი თავი და მათთან კონტაქტში მყოფი მოწყვლადი ადამიანები მძიმე დაავადებისგან. გარდა ამისა, მკაცრად რეკომენდებულია ვაქინაცია ყველა შესაბამისი ჯგუფისთვის. იქ სადაც „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ვრცელდება, საჭიროა განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები, მათ შორის COVID-19 გადაცემის კონტროლისთვის მოსახლეობის ტესტირებაზე წვდომის გაზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპი ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მაღალი. ევროპაში COVID-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მათ შორის ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და ყოველკვირეულად იზრდება ახალი შემთხვევებიც. გაიზარდა შემთხვევები ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ყველაზე სწრაფად 15-დან 24 წლამდე ასაკში. ამ ასაკობრივ ჯგუფში ბოლო თვის განმავლობაში დაფიქსირდა შემთხვევების ხუთმაგი ზრდა. ჰანს კლუგეს მკაფიო გზავნილი აქვს იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც შეამსუბუქეს საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული შეზღუდვები: „WHO რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, გაზარდონ უფასო ტესტირების ხელმისაწვდომობა, გააფართოონ სეკვენირება, ხელი შეუწყონ კონტაქტების დადასტურებული შემთხვევებისთვის იზოლირებას, გააძლიერონ კონტაქტების ძიება, რათა მოხდეს გადაცემის ჯაჭვის გარღვევა და უზრუნველყონ რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია.” ამ ზაფხულს ვირუსით ინფიცირების რისკის შესამცირებლად გაითვალისწინეთ WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის კამპანიის #უსაფრთხოზაფხული (Summer Sense) რჩევები: მოგზაურობა შეიცავს რისკს. მოგზაურობამ და შეკრებებმა შეიძლება გაზარდოს COVID-19- ით ინფიცირებისა და მისი გავრცელების რისკი. თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე და შეაფასეთ თქვენი რისკები. თქვენი გადაწყვეტილება როლს თამაშობს პანდემიის დასრულებაში. თუ მოგზაურობას და შეკრებას გადაწყვეტთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ: 1. ატარეთ პირბადე, დაიბანეთ ხელები, დაიცავით დისტანცია. 2. გაზომეთ რისკი „კარიდან-კარამდე“: გარეთ გასვლის მომენტიდან შინ დაბრუნებამდე, ყოველ ნაბიჯზე შეაფასეთ რისკი და მიიღეთ შესაბამისი ზომები. დამტკიცებულია, რომ ხელების ხშირი დაბანა, უსაფრთხო დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება ვირუსისაგან გვიცავს. 3. მოგზაურობაზე მეტად ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადგილს, სადაც იმყოფებით. დახურული, იზოლირებული და ხალხმრავალი ადგილები ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე დაგაყენებთ. აირჩიეთ ღია, კარგად გავინიავებული სივრცეები, დაიცავით მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანცია, ატარეთ პირბადე. ბევრ ადგილას შესაძლოა შეუძლებელი იყოს ყველა საფრთხის თავიდან არიდება.