ძებნის რეზულტატი:
დავით ზალკალიანი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. მინისტრმა ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა. მინისტრთან ერთად აიცრა, მისი მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი. დღესვე Pfizer-ის ვაქცინით აიცრენ დიპლომატები – ყაზახეთის ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, იაპონიის ელჩის მოადგილე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენელი/ოფისის ხელმძღვანელი კაუპო კანდი.
ღარიბაშვილი: ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება უპასუხისმგებლო აქციების შედეგია
ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგებას პრემიერ-მინისტრი „უპასუხისმგებლო აქციებს“ უკავშირებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოეკიდნონ აქტივობას და ნებისმიერ შეკრებას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს. „ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს; ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის გზა; ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეპიდემია ეფექტიანად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეპიდემია ეფექტიანად. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც „ლოკდაუნი“, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკითვის, ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც, რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ და განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა დაუჯეროს მეცნიერებას და არა Facebook-ზე და სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას. „ამიტომ, მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა Facebook-ის და სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ ათას დეზინფორმაციას და ტყუილს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ჩემი სურვილია, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ მინდა, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რათა მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაიტარონ აცრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 264 ადამიანს დაუდასტურდა, 1 665 გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ადამ კინზინგერი სპეციალური კომიტეტის მუშაობაში ჩაერთვება, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს გამოიძიებს
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სპეციალურ კომიტეტში შეიყვანა, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს გამოიძიებს. კონგრესმენმა განაცხადა, რომ სიმართლის დასადგენად და დამნაშავეების დასასჯელად გულმოდგინედ იმუშავებს. გამოძიება, რომელიც 27 ივლისს უნდა დაიწყოს, პოლიციის ოფიცრებს მოუსმენს და მოწმეების გამოძახების, ასევე დოკუმენტების მოთხოვნის უფლება ექნება. ნენსი პელოსის განცხადებით, გამოძიების მიზანი სიმართლის დადგენა და იმის უზრუნველყოფაა, რომ მსგავსი თავდასხმა აღარასდროს გამეორდეს. მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსიმ ორი რესპუბლიკელი, ჯიმ ჯორდანი და ჯიმ ბენქსი კომიტეტში არ შეიყვანა, რესპუბლიკელების ხელმძღვანელობამ გამოძიებას ბოიკოტი გამოუცხადა. პელოსი ამბობს, ადამ კინზინგერი გამოძიებას „უდიდეს პატრიოტიზმს“ შესძენს. კინზინგერი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკით არის ცნობილი. ადამ კინზინგერმა ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.
კოვიდრეგულაციების დამრღვევებს სულ 76 მლნ ლარამდე გადაუხდელი ჯარიმა ჩამოეწერებათ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დამრღვევებისთვის ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განცხადებით, მთვარობის ინიციატივით, დაახლოებით 245 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება 76 მილიონ ლარამდე გადაუხდელი ჯარიმა. მათ ვინც 2021 წლის 23 ივნისამდე დაარღვია იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, პირბადის ტარების წესის და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, იქნება ეს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირები, თუ სისხლის სამართლის წესით უკვე აღძრული საქმეები, ყველას ამნისტია შეეხება. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისგან - ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და ითვლება ნასამართლობის არმქონედ. პრემიერმა ღარიბაშვილმა 24 ივნისს განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციების დამრღვევები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.
ირაკლი ღარიბაშვილი: პირველ 6 თვეში გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, წელს არც ერთი ლარი სესხი არ აგვიღია
„პირველ 6 თვეში გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ წელს არც ერთი ლარი სესხი არ აგვიღია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამან საშუალება მისცა მთავრობას, მილიარდზე მეტით გაეზარდა ბიუჯეტი. „ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში. 45%-იანი აპრილში, 25%-იანი მაისში, 18%-იანს ველოდებით ივნისის თვეში. 12% ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. უფრო მეტიც, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ მილიარდზე მეტით გაგვეზარდა ბიუჯეტი. ბატონმა ფინანსთა მინისტრმა წარადგინა უკვე კორექტირებული ბიუჯეტი. ამან მოგვცა საშულება, რომ დავაფინანსოთ არაერთი პროგრამა ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილი: ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება უპასუხისმგებლო აქციების შედეგია
ენტონი ფაუჩი: მოსახლეობის დაუცველ ჯგუფებს, სავარაუდოდ, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება დასჭირდებათ
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მოსახლეობის დაუცველ ჯგუფებს, სავარაუდოდ, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება დასჭირდებათ. „მონაცემებს უნდა გადავხედოთ. ისრაელისა და Pfizer-ისგან მიღებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ დაცულობის მაჩვენებელი, შესაძლოა, შემცირდა. როდესაც ყველაზე დაუცველი ადამიანების ჯგუფი გვყავს, კერძოდ, ადამიანები, რომლებსას ჩახშობილი იმუნური სისტემა აქვთ, გამაძლიერებელი დოზა შეიძლება გახდეს საჭირო“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.
საქსტატი: თბილისში უძრავი ქონება 10.1%–ით გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.1%– შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 8.9%–ით არის გაზრდილი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით -1.3%–იანი ფასების კლება დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში. ამავე პერიოდში, ფასები 2.2%–ით გაიზარდა კერძო სახლების სეგმენტში. 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – კერძო სახლებზე 17.9%–ით, ხოლო ბინებზე – 7.5%–ით.
საპარლამენტო არჩევნებზე ხარვეზები პანდემიურ და სტრესულ გარემოს, რიგ შემთხვევებში კი გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება - კომისიის დასკვნა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცნობილია. „საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია“, - განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ 2 თვე ნახევრის განმავლობაში 16 სამუშაო შეხვედრაზე, კომისიაში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული 38 ადამიანი გამოკითხა და 22 სხვადასხვა უწყებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გამოითხოვეს. „საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, რომლებსაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები, ამომრჩევლის გამოხატულ თავისუფალ ნებას, სრულად ასახავს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შემაჯამებელი სხდომა გამართა. კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომისიის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა და შემდგომი პროცედურები განმარტა. მისი განცხადებით, კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომას წარედგინება, რომლის შემდგომაც ეს დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურებით წარიმართება. კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, მთავარი პროკურატურისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მომზადდა. რეკომენდაციების ნაწილი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საკითხებსაც შეეხება. გივი მიქანაძემ კომისიის წევრებს პარლამენტის დადგენილების 8-გვერდიანი პროექტი გააცნო. დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, ძირითადად, პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება. ამასთან, გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე“. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიამ, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის შემადგენლობით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები და პარლამენტის დადგენილების პროექტი მოამზადეს. ამავე თემაზე: ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო უბნების გადათვლა დაიწყო.
ტუნისის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა და პარლამენტის მუშაობა შეაჩერა
ტუნისის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა და პარლამენტის მუშაობა შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები უძღვის წინ. ტუნისის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობას თავად უხელმძღვანელებს. BBC-ის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მთავრობის ქმედებები მიუღებელია. ტუნისის პარლამენტის სპიკერი მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის წინააღმდეგ გადატრიალებად აფასებს.
აშშ ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად ავიადარტყმებს განაგრძობს
აშშ ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად ავია დარტყმებს განაგრძობს. ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „შეერთებულმა შტატებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაზარდა საჰაერო თავდასხმების სიხშირე ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა უახლოეს კვირებში, თუ თალიბები განაგრძობენ შეტევებს“. მისივე თქმით, "აშშ ავღანეთის საჰაერო ძალების ლოგისტიკურ მხარდაჭერას 31 აგვისტოს შემდეგაც განაგრძობს", - ანუ მას შემდეგაც, რაც ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია დასრულდება. როგორც გენერალმა აღნიშნა, ავღანეთის მთავრობას წინ რთული დღეები ელის. „თალიბები ცდილობენ შექმნან განცდა, რომ მათი სამხედრო კამპანია გარდაუვალია. ეს მცდარი განცდაა. "თალიბანის" გამარჯვება გარდაუვალი არ არის", - განაცხადა მაკკენზიმ. ბოლო პერიოდში ყანდაჰარისა და ჰელმანდის პროვინციებში აშშ-ის სამხედროებმა „თალიბანის" სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. მოგვიანებით, მომხდარს „თალიბანმა“ „ბარბაროსული თავდასხმები" უწოდა და დაიმუქრა, რომ აღნიშნულს „შედეგები მოჰყვება“. ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა
კანონპროექტით, ევროკავშირის, NATO-ს ან პარტნიორი ქვეყნების დროშის დაზიანება 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს
კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირის, NATO-ს ან პარტნიორი ქვეყნების დროშის დაზიანება 1000 ლარიან ჯარიმას, განმეორებითი ქმედება კი 2000 ლარიან ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. პარლამენტის ბიუროზე იმსჯელეს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, ასევე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, მის წინ ან შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ამას წინ უძღოდა, პარლამენტთან ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა. ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის დაზიანებაზე, პარლამენტი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა კახა კუჭავა: დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ
„მტკიცე სული 2021“, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობენ, დღეს დაიწყო
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეიდან დაიწყო. საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე NATO-ს წევრი 12 და 3 პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა. მან აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნებით კიდევ უფრო გაღრმავდება მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები. მინისტრის თქმით, ეს ზრდის NATO-ს ყოფნას საქართველოში და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. Agile Spirit 2021-ის გახსნას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები და წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ. Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე გაიშლება. წვრთნები NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ უკრაინელი სამხედროები Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში გემით ჩამოვიდნენ საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის Agile Spirit 2021-ისთვის ემზადება
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შვიდმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა სამმა დეპუტატმა, რვა კი წინააღმდეგი იყო. კანონის მიხედვით, ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, 76 დეპუტატი. ასეთ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 6-თვიანი იქნება. დღეს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების არჩევას მესამედ შეეცდება
დეპუტატის მიერ კოლეგის შეურაცხყოფაზე შესაძლოა სანქციები დაწესდეს
ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე დეპუტატის მიერ კოლეგის შეურაცხყოფაზე სანქციის დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის წევრს ასეთი ქმედების გამო სხდომათა დარბაზში შესვლა უნდა აეკრძალოს. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ქუჩაში ხატია დეკანოიძეზე მომხდარი თავდასხმა იმის გაგრძელდება იყო, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდებოდა. "როცა ადამიანებმა დაინახეს, რომ ხატიას კოლეგები თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს, მათაც იგივე გააკეთეს. როგორც გაიგდეს ფეხქვეშ გიორგი ვაშაძე ხუთმა კაცმა... ამის შეფასება არც ერთი კოლეგისგან არ მინახავს. კოლეგაზე ხელის მოქნევა, დედის გინება იმდაგვარად დასჯადი უნდა იყოს, რომ ამის ჩამდენი ბიუროს ოთახში და პარლამენტის დარბაზში აღარ უნდა შემოდიოდეს. შემოვიდეს ასეთი სანქცია! ჩვენ ადამიანებს თავშეკავების, მიტევების და შერიგების მაგალითს უნდა ვაძლევდეთ, მაგრამ ვაძლევთ აგრესიის, თავდასხმის, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობის მაგალითს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ჯაფარიძის ინიციატივას მხარი დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ. "აგვისტო საკმარისი დროა, რომ კანონპროექტი მომზადდეს. კარგია, რომ აქამდე ნელ-ნელა მივდივართ. მისი მიღების წინააღმდეგი არავინ იქნება", - განაცხადა კუჭავამ.
ამერიკელი პოლკოვნიკი: Aigile Spirit 2021-ის მიზანია, სამხედროების უკეთესად მომზადება, რათა ნებისმიერ კრიზისს სათანადოდ უპასუხონ
Aigile Spirit 2021-ის ხელმძღვანელმა აშშ-ის მხრიდან, პოლკოვნიკმა კრის მარშალმა განაცხადა, რომ სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) რეგიონში ორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დაიწყო, თუმცა დღეს უკვე მრავალეროვნული სწავლება გახდა. ამის შესახებ მან სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, წვრთნების გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, სწავლების მიზანია, მონაწილე სამხედროების უკეთესად მომზადება, რათა ნებისმიერ კრიზისს სათანადო პასუხი გასცენ. ,,Aigile Spirit 2021-ი უკვე მეათედ ტარდება. სწავლება, რომელიც რეგიონში ორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დაიწყო, დღეს ეს უკვე მრავალეროვნული სწავლება გახდა. ახლა მასში 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, რომელთა ერთობლივი ჩართვით იზრდება მათი მზადყოფნა და ურთიერთთავსებადობა. სწავლების საშტაბო კომპონენტი II ბრიგადაში იმართება, ხოლო ბატალიონის დონის სწავლებები, საბრძოლო სროლებით - საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე. სწავლება ჩვენს პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებულია წვრთნების განვითარებაზე, რომლის დროსაც ერთმანეთს პრაქტიკას ვუზიარებთ. იზრდება ურთიერთთავსებადობა ჩვენი შეიარაღების ქვედანაყოფებისა და სხვადასხვა თვალსაზრისით ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი, უკეთესად მომზადებული სამხედროა, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს ნებისმიერ კრიზისს", - განაცხადა მარშალმა. „მტკიცე სული 2021“, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობენ, დღეს დაიწყო
იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენცია ძალაში შევიდა
იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებული ტექსტი ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალმა ტექსტმა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის მანამდე მოქმედი 1986 წლის საგადასახადო შეთანხმება ჩაანაცვლა. „აღსანიშნავია, რომ „საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის გაფორმება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებში, ვინაიდან ახალმა ტექსტმა ჩაანაცვლა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის მანამდე მოქმედი 1986 წლის საგადასახადო შეთანხმება. ახალი კონვენცია ეფუძნება შემოსავლებსა და კაპიტალზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამ დროისთვის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 7 ივნლისს, საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
გიორგი სანაიას მკვლელობიდან 20 წელი გავიდა
დღეს ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 20 წელი გავიდა. ჟურნალისტი და გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი, 26 წლის გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს. გამოძიებამ მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა და პასუხისგებაში გრიგოლ ხურცილავა მისცა. მისმა მკვლელობამ ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2003 წლის 9 ივლისს სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო 32 წლის გრიგოლ ხურცილავა და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2004 წლის დეკემბერში საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სანაიას მეუღლის ხათუნა ჩხაიძის მოთხოვნა, რომელიც მკვლელობის საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვდა. ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან 2013 წელს გათავისუფლდა.
პოლიციამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავა
სამართალდამცავებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, ნუგზარ წურწუმია და ნიკა ყორშია ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. გარდა სპორტსმენებისა, სამართალდამცავებმა დააკავეს კიდევ ორი პირი. მათ პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით ედავებიან. ნუგზარ წურწუმიასა და ნიკა ყორშიას 3-3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, დანარჩენი ორი პირის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა ხობში ერთ-ერთ სუპეარკეტთან მოხდა, სადაც დაკავებული პირები პოლიციას არ დაემორჩილნენ.
ვაქცინაცია შესაძლოა, რეგისტრაციის გარეშეც გახდეს შესაძლებელი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო კვირიდან, ვაქცინაცია, სავარაუდოდ, რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი. "გეგმა გვაქვს და ვფიქრობთ, როცა რეგისტრაციის პირველი ნაკადი დასრულდება ანუ მომდენო კვირიდან გაიხსნას ადგილზე მისვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც აქტივობა შედარებით დაბალია და კლინიკებს შეუძლიათ, მიიღონ რეგისტრაციის გარეშე მისული მოქალაქეები; ასე რომ, ეს მექანიზმიც გააქტიურდება. დოზები ნამდვილად საკმარისია იმისთვის, რომ მიწოდების პრობლემა არ შეიქმნას და ასევე, ველოდებით დამატებით დოზებს მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ყოველდღიურად, სხვადასხვა ლოტით Pfizer-ის ვაქცინა დაემატება რეგისტრაციას, თუმცა მოქალაქეებმა პორტალი უნდა აკონტროლონ, რათა ვაქცინაციაზე დარეგისტრირდნენ. "მაგალითად, დღეისთვის 10 ათასი დოზა ვაქცინის გამოტანა იყო დაგეგმილი, შეიძლება უკვე გამოვიდა კიდეც, ზუსტად ვერ გეტყვით" - განაცხადა თამარ გაბუნიამ. კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 264-ს შეადგენს, გუშინდელთან შედარებით ნაკლები ტესტი ჩატარდა
კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა
კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიას დაემატა. ამის შესახებ ინფორმაცია იუნესკოს გვერდზე ვრცელდება. კოლხეთის ეკოსისტემა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში 2007 წლის 24 ოქტომბრიდანაა შეტანილი. „კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიას დაემატა. „ბრავო!“, – წერია იუნესკოს გვერდზე.