ძებნის რეზულტატი:

ჯენ ფსაკი: აშშ „თალიბანისთვის“ სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას არ განიხილავს

მოძრაობა „თალიბანისთვის“ სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას არ განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „არავინ უნდა მიიჩნევდეს, რომ ამჟამად ჩვენ „თალიბანისთვის“ სანქციების შემსუბუქებას განვიხილავთ. ეს საკითხი აქტიურად არ განიხილება და ჩვენ ამისკენ არ მივისწრაფით“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 31 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის თითოეული ნაბიჯი დაფუძნებული იქნება არა იმაზე, თუ რას ამბობს „თალიბანის“ ხელმძღვანელობა, არამედ იმაზე, რას აკეთებს თავისი ვალდებულებების შესასრულებლად. ამავე თემაზე: ენტონი ბლინკენი: ავღანეთთან ამერიკის ჩართულობის ახალი თავი დაიწყო, სადაც ვიხელმძღვანელებთ ჩვენი დიპლომატიით

ამირან გამყრელიძე გასცემს რეკომენდაციას, რომ სამედიცინო პერსონალის აცრა სავალდებულო გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გასცემს რეკომენდაციას, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ სამედიცინო პერსონალის აცრა სავალდებულო იყოს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ქვეყანაში ექიმების 67%–ია აცრილი, ხოლო სრულიად სამედიცინო პერსონალში ვაქცინაციის მაჩვენებელი უფრო დაბალია. „ანტივაქსერიზმი არაა პროფესიასთან დაკავშირებული, ის ყველა ჯგუფშია. ბევრი გვიფიქრია და ექიმებს სავალდებულოობა გვაქვს სხვა აცრებთან დაკავშირებით, მაგალითად ჰეპატიტის აცრა სავალდებულოა აგრესიული დისციპლინების სამედიცინო პერსონალში. კანონითაა დადგენილი. ისევე, როგორც წითელას საწინააღმდეგოდ უნდა იყონ აცრილი და ა.შ. სავალდებულოობა იმუნიზაციასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა ყოველთვის. ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ქვეყნებმა შემოიღეს. მე მაგალითად, რეკომენდაციას ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ, ექიმები, სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი. ჩვენთან 82%-ია აცრილი და ყოველ დილა ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, არ ვართ 100% აცრილი. 82% არაა ცუდი მაჩვენებელი, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ – 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ,,ფორმულას" ეთერში. ცნობისთვის, 2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 235 386 ადამიანმა გაიკეთა, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 212 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 017 პაციენტი, 81 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

პოლონეთი და ლატვია რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებულები არიან

პოლონეთი და ლატვია რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებულები არიან. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ინფორმაციით, წვრთნების ნაწილი ბელარუსის დასავლეთ საზღვართან უნდა გაიმართოს, სადაც ამჟამად მიგრანტების გამო რთული ვითარებაა შექმნილი. შეგახსენებთ, რომ პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა ამტკიცებენ, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ მათ საზღვრებთან ათასობით მიგრანტი განზრახ მიიყვანა და ასე ცდილობს ევროკავშირის შანტაჟს. მათივე თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკო ასე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ იქცევა. „რაც ახლა ხდება ბელარუსში არის ჰიბრიდული თავდასხმა ჩვენს საზღვრებზე. სახელმწიფო იტაცებს ადამიანებს, აძლევს მათ ვიზებს და შემდეგ სასაზღვრო რაიონებში გადაჰყავს. ეს სახიფათოა, რადგან ახლოვდება რუსეთის სამხედრო წვრთნები „ზაპად 2021“. მანევრები იგივე ადგილზე ევროკავშირის საზღვრებთან იმართება, - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა. ანალოგიური განცხადება გააკეთა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმაც. ბელარუსში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო მანევრებში ათასობით ბელარუსი სამხედრო მოსამსახურე და ტექნიკაც ჩაერთვება.

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი ამერიკისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი ამერიკისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს. „ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ ვარიანტს. ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებით, მაგრამ ამ მომენტისთვის მას უშუალო საფრთხედ არ მივიჩნევთ“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა. ენტონი ფაუჩის თქმით, აღნიშნულ ვარიანტს მუტაციების ერთობლიობა აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეული ანტისხეულების თავიდან აცილება შეუძლია. „დაიმახსოვრეთ, მაშინაც კი, როდესაც გვაქვს ვარიანტები, რომლებიც ვაქცინების ეფექტურობას ამცირებენ, ვაქცინები კვლავ საკმაოდ ეფექტურია“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება COVID 19-ის ახალ ვარიანტს, რომელსაც ბერძნული ანბანის მე-12 ასოს მიხედვით „მიუ“ ეწოდა. გაერო-ს ორგანიზაციის პანდემიის ყოველკვირეული ბიულეტინის მიხედვით, „მიუ“ მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621 და კლასიფიცირებულია, როგორც „ინტერესის ვარიანტი.“ ამავე თემაზე: ჯანმო COVID19-ის ახალი ვარიანტს აკვირდება

აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

აშშ-ის ოთხ შტატში ქარიშხალი „იდას“ შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა წყალდიდობამ ბოლო ცნობებით 44 ადამიანი იმსხვერპლა, - ამის შესახებ reuters-ი წერს. ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში, პენსილვანიასა და კონექტიკუტში წყალმა ქუჩები, სახლები, მეტროპოლიტენის ხაზები დატბორა და ავტომობილები წაიღო. მეოთხე კატეგორიის ქარიშხალის გამო, ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. BBC-ის ცნობით, ნიუ-იორკის მეტროს თითქმის ყველა ხაზი დაკეტილია და აკრძალულია გადაადგილება. ასევე ნიუ-იორკიდან და ნიუ ჯერსიდან შეჩერებულია შეჩერებულია ფრენები და მატარებლით მგზავრობა. წყალიდიდობის გამო, შტატების გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ცნობისთვის, „იდა“ მექსიკის ყურის თბილი წყლების თავზე გაძლიერდა. ქარიშხალ „იდას“ მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ქარიშხალი „იდა“ ქარიშხალ „კატრინას“ 16 წლისთავზე გამოჩნდა. ამავე თემაზე: ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში წყალდიდობას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქარიშხალი ,,იდას" გამო, ჯო ბაიდენმა ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

სუს–ი ხურვალეთთან ახალი ბანერის აღმართვის შესახებ იუწყება

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართს მიღმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი უკანონოდ აღმართეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, მათ დაუყოვნებლივ გააქტიურეს „ცხელი ხაზი" და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია მიაწოდეს. „უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე", - აცხადებს სუსი.

კახეთში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სეტყვამ კიდევ ერთხელ დააზარალა

ბოლო ერთ კვირაში კახეთი მეორედ დაისეტყვა. ყვარლის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ მოსულმა სეტყვამ ზიანი მიაყენა სოფელ შაქრიანის სასოფლო - სამეურნეო სავარგულებს. ძლიერი ქარმა სოფელ გრემში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე, სეტყვის შედეგად ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულს, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 70 ჰა სასოფლო - სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაზარალებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ 26 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული მოსავლის 90% სოფელ შაქრიანის ფერმერებს, ამ დროისთვის, უკვე ჩაბარებული აქვთ. ამავე თემაზე: კახეთში სეტყვამ ვენახები გაანადგურა დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებს

NASA-მ საჰაერო ტაქსის გამოცდა დაიწყო

აშშ-ის კოსმოსური კვლევების ეროვნული სააგენტომ (NASA-მ) საჰაერო ტაქსის გამოცდა დაიწყო. მოდელი სახელწოდებით Joby ეროვნულმა კომპანია Advanced Air Mobility-მ (ААМ) წარმოადგინა. Joby ორ პილოტსა და ოთხ მგზავრს იტევს, ავითარებს 320 კმ/სთ-მდე სიჩქარეს და ერთჯერადი დატენვისას 240 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია. AMM იმედოვნებს, რომ 2023-2024 წლებისთვის დაიწყება Joby-ს აქტიური გამოყენება ავიაგადაზიდვებში როგორც ტაქსის, ისე სატვირთო ტრანსპორტის სახით. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტესტირებისას უნდა გადაწყდეს, ხმაურის დონეა. ახალი მოდელი, როგორც მწარმოებლები აცხადებენ, საშუალო სტატისტიკურ ვერტმფრენზე 100-ჯერ უფრო ჩუმია. თუმცა ამერიკულ კანონმდებლობაში ამ მხრივ მკაცრი შეზღუდვებია გათვალისწინებული. ტესტირებისას ასევე საჰაერო ტაქსის მართვადობა და უსაფრთხოება შემოწმდება. ტესტებმა უნდა აჩვენოს, კიდევ რა წინაღობები რჩება აშშ-ის ეროვნულ საჰაერო სივრცეში ავიატრანსპორტის ჩასართავად.

რა უნდა ახსოვდეს მშობელს COVID19-ისგან ბავშვის დასაცავად - ჯანმოს განმარტება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს და აფრთხილებს თუ რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ბავშვის COVID19-ისგან დასაცავად: 1. თვალ-ყური ადევნეთ ბავშვის ჯანმრთელობას და არ გაუშვათ სკოლაში თუ მას აქვს COVID19-ის სიმპტომები, მაგალითად სიცხე ან ხველა; 2. ესაუბრეთ ბავშვის COVID19-ის შესახებ აუხსენით, რომ აუცილებელია თავის დაცვა, ვინაიდან ვირუსი კვლავ ჩვენთანაა; 3. მოუწოდეთ დაიცვას ჰიგიენა, როგორც სახლში, ასევე სკოლაში: დაიბანოს/გაისუფთაოს ხელები, იდაყვით ან ხელსახოცით დაიფაროს სახე დახველების ან დაცემინების შემთხვევაში; 4. მოუწოდეთ ხელი ან თავი დაუქნიოს მეგობრებს მისალმების დროს, ჩახუტებისა და კოცნის ნაცვლად; 5. ესაუბრეთ ხალხმრავლობის თავის აცილების მნიშვნელობაზე. მცირე ჯგუფებად თამაშზე და შეძლებისდაგვარად დისტანციის დაცვაზე; 6. მიეცით საშუალება დასვას კითხვები და გამოხატოს ემოციები თქვენთან და მასწავლებლებთან. გახსოვდეთ, რომ ბავშვი შესაძლოა განსხვავებულად რეაგირებდეს სტრესტზე; მოეკიდეთ მოთმინებით და გაგებით; ამავე თემაზე: რა შემთხვევაში აცრიან 12 წელს გადაცილებულ ბავშვებს - განათლების მინისტრის განცხადება 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს

საქართველოში კორონავირუსი კიდევ  3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 86

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 559 943 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 506 486, გარდაიცვალა 7 649 პაციენტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,98 პროცენტს შეადგენს.

ახალ ზელანდიაში ლიკვიდირებულია ტერორისტი, რომელმაც 6 ადამიანი დაჭრა

Associated Press-ის ინფორმაციით, ახალ ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა მოძალადე ექსტრემისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და 6 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა. პრემიერმა მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. მისი თქმით, მამაკაცი, შრი -ლანკის მოქალაქე, ე.წ.ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი იყო. ჯასინდა არდერნის განცხადებით, თავდამსხმელი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა და მისი ლიკვიდაცია თავდასხმის დაწყებიდან 60 წამში განხორციელდა.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 15%-ზე მეტი

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2 სექტემბერს აიცრა 23 518 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია. ცნობისთვის, რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი. გარდაიცვალა 86 ინფიცირებული.

კვლევა: ,,დელტა" შტამის მძიმე განვითარებისგან Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები 100%-ით იცავს

სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ის პრეპრინტში (სამეცნიერო გამოცემა, რომელშიც წინასწარ იბეჭდება სხვა გამოცემისათვის განკუთვნილი მასალები) გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, Sinopharm-ისა და Sinovac-ის კოვიდვაქცინები ეფექტურია კორონავირუსის "დელტა" შტამის წინააღმდეგაც. კვლევაში 10 00-ზე მეტ ადამიანი მონაწილეობდა, რომლის მიხედვითაც ჩინური წარმოების ვაქცინების Sinovac-ისა და Sinopharm-ის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. შედეგად მხოლოდ 19-ს განუვითარდა მძიმედ დაავადება, რომლებიც არ იყვნენ ვაქცინირებულნი. კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინებს აქვს 100% -იანი ეფექტიანობა მძიმე/კრიტიკული დაავადების განვითარების წინააღმდეგ, 70% საშუალო სიმძიმის დაავადების, ხოლო 59%-ით იცავს სიმპტომური დაავადებისგან. ,,კვლევის და ვაქცინაციის მონაცემების გამოყენებით, ჩვენ შევაფასეთ ინაქტივირებული ვაქცინების რეალური ეფექტიანობა პნევმონიისა და მძიმე დაავადებების საწინააღმდეგოდ, გამოწვეული B.1.617.2 ვარიანტით. გავანაწილეთ როგორც არავაქცინირებული, ნაწილობრივ აცრილი (1 დოზა) და სრულად ვაქცინირებული (2 დოზა) ჯგუფები. შევაფასეთ ვაქცინირებული ჯგუფების შედარებითი რისკი (RR) და ვაქცინის ეფექტურობა (VE) არავაქცინირებულ ჯგუფთან მიმართებით", - აღნიშნულია კვლევაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდბარათი აიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდბარათები აიღეს. ინფორმაციას მთავრობის ადმიბისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია მთავრობის მეთაური კოვიდბარათების გაცემის პროცესით დაინტერესდა. აღნიშნული სერვისის დანერგვის დღიდან ამ დრომდე, მხოლოდ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ 25 000 კოვიდბარათია გაცემული. ცნობისთვის, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათების გაცემა 17 აგვისტოდან დაიწყო. ბარათის აღება მოქალაქეებისთვის უფასოა. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი. ბარათზე პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. კოვიდბარათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა, მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.

დავით ზალკალიანმა ნორვეგიელ კოლეგასთან ავღანეთისა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილა

ნორვეგიული მხარის ინიციატივით, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ინე ერიქსენ სორეიდეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, საუბრისას მხარეებმა ავღანეთიდან სამოქალაქო და სამხედრო პირების სასწრაფო ევაკუაციისა და ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული პროცესესის საკითხი განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებასა და გამოწვევებს. ,,სატელეფონო საუბრისას ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც საქართველომ შეიტანა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენების განხორციელებისას. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეასრულა ავღანეთიდან სამოქალაქო და სამხედრო პირების სასწრაფო ევაკუაციისა და ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული პროცესების მართვაში. მინისტრმა სორეიდემ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობა პარტნიორებისთვის ავღანეთში არსებული კრიზისული ვითარების ფონზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ნორვეგიულ მხარეს მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მხარეებმა მიმოიხილეს, ასევე, რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რთული ვითარება და გამოწვევები. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და რეგიონში რუსეთის მზარდი მილიტარიზაციის საკითხზე. აღინიშნა საქართველოს კონსტრუქციული მიდგომა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. ნორვეგიელ კოლეგასთან საუბრისას მინისტრმა რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების მეტი ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა, ასევე, საქართველოში კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვითარებით. დავით ზალკალიანმა ნორვეგიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობისა და ვაქცინაციის პროცესის დადებითი დინამიკის თაობაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე, ქვეყნის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების თაობაზე და გამოხატა იმედი, რომ იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამომავლოდ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული კავშირების სწრაფ აღდგენას. საუბრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა თანამშრომლობისა გაღრმავებისა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე", - აღნიშნულია უწყების მიერ განცხადებაში.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, იოშიჰიდე სუგას განცხადებით, სექტემბრის არჩევნებზე პარტიის ლიდერის კანდიდატად არ წარდგება. ამის შესახებ BBC წერს. სუგას ამ გადაწყვეტილებას წინ მისი რეიტინგის რეკორდულად დაცემა უძღოდა. მოსახლეობა პრემიერს, პანდემიის პირობებში, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის გამო აკრიტიკებდა. „დღევანდელ სამთავრობო სხდომაზე, ბატონმა სუგამ თქვა, რომ მას სურს, ძალისხმევა კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებისკენ მიმართოს და პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს“, - განაცხადა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა. იოშიჰიდე სუგა იაპონიის პრემიერის თანამდებობას 2020 წლის სექტემბრიდან იკავებს. იქამდე, ის მსახურობდა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურ მდივნად (2012-2020 წლებში). ასევე, იკავებდა იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრის თანამდებობას (2006-2007 წლებში).

მედია: ავღანეთის ახალ მთავრობას აბდულ ღანი ბარადარი უხელმძღვანელებს

Reuters-ის ინფორმაციით, „თალიბანში“ განაცხადეს, რომ ავღანეთის ახალ მთავრობას, რომელიც მალე გამოცხადდება, უხელმძღვანელებს ისლამისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც ამჟამად დაჯგუფების პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელია. ახალ მთავრობაში მნიშვნელოვან თანამდებობას ასევე დაიკავებენ „თალიბანის“ დამფუძნებლის მოლა ომარის შვილი, მოჰამედ იაქუბი და მოჰამედ აბას სტანეკზაი. მოძრაობის ყველა ლიდერი ამჟამად ქაბულში იმყოფება, სადაც ახალი მთავრობის გამოცხადების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „თალიბანმა“, რომლებმაც დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს დაიკავა, ავღანეთის მთელს ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, პანჯშირის პროვინციის გარდა, სადაც სამთავრობო ძალების ნაწილები არიან შეკრებილი. ამჟამად დაჯგუფების წევრებსა და სამთავრობო ძალებს შორის პანჯშირის ხეობაში შეტაკებები მიმდინარეობს. ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებაც. პანჯშირის ხეობაში შეკრებილ მეომრებს ავღანეთის მუჯაჰიდთა ფრონტის ყოფილი მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი, აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს.

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 95 პაციენტი მკურნალობს

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 95 პაციენტი მკურნალობს. როგორც ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხად, პაციენტების მდგომარეობა მეტწილად საშუალო სიმძიმისაა. „პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა გვყავს რამდენიმე პაციენტი, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება აღარ სჭირდებათ. ერთ პაციენტს გუშინ მდგომარეობა დაუმძიმდა და ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მორიგეობის განმავლობაში ერთი პაციენტი ბინაზე გაეწერა. გუშინ პაციენტების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ დღეს დილით ორით გაიზარდა“, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა. ცნობისთვის, კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში რამდენიმე საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. პირველი ასეთი ტიპის ჰოსპიტალმა პაციენტები 20 აგვისტოს მიიღო. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.

თამარ გაბუნია: ჰოსპიტალში გადაყვანილი პაციენტების უდიდესი ნაწილი არის აუცრელი, ასეა გარდაცვლილების შემთხვევაშიც

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებით ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანების უდიდესი ნაწილი არის აუცრელი. როგორც გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალ ასაკობრივ ჯგუფში. ,,ჰოსპიტალში მოხვედრილი უდიდესი ნაწილი არის აუცრელი ადამიანები, ანუ მათ ვაქცინაცია არ ჩატარებიათ. ასევეა გარდაცვალების შემთხვევაშიც, უდიდესი ნაწილი არის არავაქცინირებულები. რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, ჩვენ განსხვავებას გასულ ტალღებთან მიმართებაში ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას ვერ ვხედავთ. ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს გადაცილებულ ასაკში, სხვა ასაკობრივ ჯგუფში ერთეულებია გარდაცვალების რიცხვი, მსგავსი იყო გასული ტალღების პერიოდშიც. ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი გარდაცვალებასთან მიმართებაში რაც სახელდება არის დროული მომართვიანობა კლინიკაში, რისთვისაც პირველადი ჯანდაცვის ექიმები აქტიურად მუშაობენ და როგორც კი პირველი საგანგაშო ნიშნები არის სახეზე მაშინვე ხდება პაციენტების გადამისამართება კლინიკაში", - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.