ძებნის რეზულტატი:
მედია: ავღანელი თარჯიმანი, რომელმაც 13 წლის წინ ბაიდენი გადაარჩინა, აშშ-ის პრეზიდენტს ავღანეთიდან გაყვანას სთხოვს
The Wall Street Journal-ის ცნობით, ავღანელი თარჯიმანი, რომელმაც 13 წლის წინ ბაიდენი და კიდევ ორი სენატორი გადაარჩინა, ახლა აშშ-ის პრეზიდენტს ავღანეთიდან გაყვანას სთხოვს. "ბატონო პრეზიდენტო, გადამარჩინეთ მე და ჩემი ოჯახი. არ დაგავიწყდეთ აქ“, - მიმართავს ავღანელი თარჯიმანი მოჰამედი ჯო ბაიდენს. უსაფრთხოების მიზნით, თარჯიმანი მის სრულ სახელს არ ამბობს. გამოცემის ცნობით, ახლა თარჯიმანი, მისი მეუღლე და ოთხი შვილი "თალიბანს" ემალება. თეთრი სახლის პრესპიკერმა ჯან ფსაკიმ თარჯომანს გაწეული სამსახურითვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აშშ ავღანელ თარჯიმანს ევაკუაციაში დაეხმარება. "ჩვენ გამოგიყვანთ ავღანეთიდან და თქვენს მიერ გაწეულ სამსახურსაც დავაფასებთ", - განაცხადა ფსაკიმ მას შემდეგ, რაც The Wall Street Journal-ის ჟურნალისტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე მოჰამედის მიმართვა წაიკითხა.
Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატის პაციენტებზე გამოცდა დაიწყო
Pfizer- მა დაიწყო Covid-19-ის პერორალური ანტივირუსული პრეპარატის დოზირების გამოცდა, კლინიკური კვლევების შუა და გვიან სტადიაზე. პრეპარატი განკუთნილია არაჰოსპიტალიზირებული, სიმპტომური პაციენებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კომპანია მუშაობს ანტივირუსული აბის PF-07321332-ის შემუშავებაზე, რომელიც მიიღება დაავადების ადრეულ ეტაპზე. პრეპარატის გამოცდაში მონაწილეობს 1,140 მოხალისე, რომელიც ამ პრეპარატთან ერთად ღებულობს რიტონავირის დაბალ დოზას. კვლევების ამ ფაზაში უნდა შეფასდეს მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება "რიტონავირთან" კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კორონავირუსი და ინფექციის გართულების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. პრეპარატი PF-07321332 შექმნილია იმისათვის, რომ ძირითადი ფერმენტის აქტივობა დაბლოკოს, რომელიც კორონავირუსის რეპლიკაციისთვისაა საჭირო. Pfizer- მა ივლისში განაცხა რომ თუკი PF-07321332 ტესტირება წარმატებული იქნება, იგი მეოთხე კვარტალში შეიტანს განაცხადს რათა მიიღოს ავტორიზაცია ამ პრეპარატის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისათვის.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ევროკავშირში გასაგზავნად წერილს ამზადებს და მისგან განმარტებას ითხოვს
"ქართული ოცნების" წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირში გასაგზავნად დოკუმენტს ამზადებს და ითხოვს პასუხებს, კონკრეტულად რომელი პუნქტი არ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ. ამის შესახებ სამხარაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ბრიუსელში საქართველოს საელჩო უკვე აქტიურადაა კომუნიკაციაში ჩართული. როგორც ნიკოლოზ სამხარეძემ აღნიშნა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ არ დააკონკრეტა, კერძოდ, რა ვერ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმების ოთხი პუნქტიდან. "ბრიუსელში ჩვენი საელჩო უკვე აქტიურადაა კომუნიკაციაში, ჩვენ მომზადებული გვაქვს უკვე დოკუმენტი, რომელიც ნათლად ასახავს თითოეული ამ პუნქტის შესრულების პროცესს და ეს დოკუმენტი დაეგზავნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა საელჩოს და იქნება ამაზე კომუნიკაცია უშუალოდ ბრიუსელში. ამის შემდეგ გვინდა მოვისმინოთ პასუხები, კონკრეტულად რა არ შესრულდა. არ შეიძლება ზედაპირული განცხადებების გაკეთება, ყველაფერში უნდა იყოს კონკრეტიკა, როდესაც საქმე ეხება კრიტერიუმებს, რომელიც უნდა შესრულდეს. ეს არის ძალიან მარტივი, როდესაც არის სამოქმედო გეგმა, იქ რაღაცა ან შესრულდა, ან არ შესრულდა. ჩვენ გვაინტერესებს რომელი პუნქტი არ შევასრულეთ 22 სექტემბრის შეთანხმების ევროკავშირთან", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ამავე თემაზე: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა ანდრიუს კუბილიუსი: ევროკავშირის სესხზე უარის თქმა დიდი შეცდომაა, ეს უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება
კახა კალაძე: შევხვდი გახარიას, მან მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატობას, ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო
თბილის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერს და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს შეხვდა. კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აუდიენცია მერიაში შედგა. "შეხვედრა შედგა გიორგი გახარიასთან. შეხვედრა იყო რამდენჯერმე. იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავის კანდიდატურის დაყენებას, ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით. თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევენ თავის სახელს, დაველოდოთ 2 ოქტომბერს.. მე კანდიდატებს არ ვაფასებ... პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და ამ მხარდაჭერას დავაბრუნებ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს", - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, "იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. "იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გიორგი გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ამის შემდგომ მისწერა არაერთგზის. გახარია ურეკავდა კახა კალაძეს გუშინდელი დღის განმავლობაში და წერდა თუ დაუკავშირდა, რომ სადაც უნდა, იქ შეხვდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და დღეს შედგა ასეთი შეხვედრა გახარიასა და კახა კალაძეს შორის. ერთადერთი თემა საუბრის იყო ის, რომ გახარია აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, რომ კახა კალაძეს ეს ტელევიზიით გაეგო, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო და ყველა შემთხვევაში მოიგებდა არჩევნებს პირველ ტურში". გიორგი გახარია ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ შუამავლის საშუალებით მერობის კანდიდატობაზე უარის თქმის შემთხვევაში "ფინანსური მხარდაჭერა" მოითხოვა "ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპონენტების დისკრედიტაცია მოახდინონ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
"ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს. ამის შესახებ სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. მერობის კანდიდატის თქმით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ. „საქართველოს ევროპული არჩევანი არამხოლოდ ჩვენი თაობის, არამედ საქართველოს ისტორიულად განსაზღვრული არჩევანია! და მეტიც - ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი - ეს ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია! ჩვენ არ მივილტვით ევროპისაკენ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ სიმდიდრეა, განვითარებული ეკონომიკაა, ყველაზე სრულყოფილი განათლება და ჯანდაცვის სისტემაა, არც მხოლოდ იმიტომ მივილტვით, რომ ახალგაზრდებს დასავლეთში ყველაზე მეტი პერსპექტივა აქვთ თავის ნიჭისა და უნარების გამოსავლენად და არც მხოლოდ იმიტომ, რომ ხნიერი ადამიანები ყველაზე უკეთ არიან იქ დაცულები! საქმე იმაშია, რომ ჩვენ თავად ვიყავით და ვართ დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და სვლა ევროპისაკენ ჩვენთვის სახლში დაბრუნებაა! ჩვენი კულტურა, ჩვენი ხელოვნება, ჩვენი მწერლობა - ევროპული მრავალფეროვნების ერთ-ერთი განუყოფელი და უნიკალური ფერია", - განაცხადა ნიკა მელიამ.
კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა. საკრებულოს წევრობის კანდიდატების სია ასეთია: 1.ლევან ჟორჟოლიანი. 2. ოთარ გრიგოლია, 3 თინათინ ნიბლოშვილია, 4. გიორგი ჩაკვეტაძე, 5.ნიკო კახეთელიძე, 6. ნინო ვარდოსანიძე, 7. აკაკი ალადაშვილი, 8. გიორგი ახვლედიანი, 9. ნინო რუხაძე, 10. ლევან აბაშიძე, 11 გურამ ოქროპირიძე, 12. ანა კაკაბაძე, 13, ვლადიმერ ბოჟაძე, 14 ალექსანდრე ხუჯაძე, 15 მარიამ ზაქარიაშვილი, 16 ლევან დავითაშვილი, 17. შალვა ოგბაიძე, 18. ნათია მოდებაძეა, 19. ლევან არველაძე, 20. არჩილ გორდულაძე, 21. ანა კილაძე, 22. გიგა ბრეგვაძე, 23. თათია ჩახვაშვილი, 24. ვიტალი ონიანი, 25. მარიამ გელაშვილი.
პრემიერი: 2024 წელს საქართველო ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე უარის თქმა, ევროკავშირის წევრობაზე, ინტეგრაციასა და ზოგადად ამ კურსზე უარის თქმას არ ნიშნავს. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2024 წელს საქართველო ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. "კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას, სწორედაც რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გახდა შეუქცევადი ევროკავშირთან ინტეგრაცია. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, როცა პირველ ჯერზე ვიყავი პრემიერი, მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ყველაფერი ეს გახდა ხელშესახები ჩვენი მთავრობის დროს. იგივე NATO-სთან მიმართებით ხელშესახები ინტეგრაცია და ყველა ერთხმად აღიარებს და საქართველო და ქართული ჯარი დღეს არის მზად, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა. თუმცა, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია NATO-ს წევრი ქვეყნების საერთო გადაწყვეტილებაზე. ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა და განისაზღვრა საგარეო პოლიტიკის კურსი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კითხვა არ არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ დააბნიონ მოსახლეობა, მათ შორის ჩვენი მეგობრებიც ევროპაში, ამ მანიპულაციებით და ტყუილებით, დამახინჯებული ფაქტებით ცდილობენ მოსახლეობის და ჩვენი მეგობრების შეცდომაში შეყვანას. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ერთი - ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცედ სვლას ევროკავშირისკენ. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ საქართველო ღირსეულად წარდგება და 2024 წელს ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და გავაგრძელებთ სტრატეგიულ მოთმინებასა და მზადყოფნას იმისთვის, რომ ერთ დღეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახისა და ნატოს წევრი", - განაცხადა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ევროკავშირში გასაგზავნად წერილს ამზადებს და მისგან განმარტებას ითხოვს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა ანდრიუს კუბილიუსი: ევროკავშირის სესხზე უარის თქმა დიდი შეცდომაა, ეს უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება
66 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი "დიდი ჯონი" აუქციონზე გაიყიდება
ოქტომბერში, პარიზის აუქციონის სახლი დინოზავრის ტრიცერატოპების ყველაზე ცნობილი ნიმუშის გაყიდვას შეეცდება, რომელიც ცნობილია როგორც "დიდი ჯონი", ამის შესახებ ინფორმაციას Frace24 ავრცელებს. ტრიცერატოპსი დინოზავრთა შორის ყველაზე გამორჩეულია თავზე არსებული სამი რქის გამო - ერთი ცხვირზე და ორი შუბლზე. "დიდი ჯონის" სიგრძე 8 მეტრია. ჩონჩხი 2014 წელს შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს. კვლევების შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის 66 მილიონი წლის წინანდელია. ის პარიზის აუქციონის სახლში 18 ოქტომბერს გამოჩნდება, ხოლო 21 ოქტომვერს აუქციონი გაიმართება. როგორც France24 წერს, სავარაუდოა, რომ ჩონჩი გაიყიდება 1,2-1,5 მილიონ ევროდ (1,4-1,8 მილიონი დოლარი), თუმცა დინოზავრის აუქციონის გაყიდვები წარსულში ძალიან არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, ჩონჩხი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შემთხვევით იპოვა, თავისივე სახელი, ჯონი დაარქვა და მუზეუმს მიჰყიდა.
ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა
ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში შევიდა, - ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანიმ Twitter-ზე დაწერა. "დღეს ძალაში შევიდა ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ეს არის ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალი წარმატებული თავის დასაწყისი და წინგადადგმული ნაბიჯი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ", - წერს ბუიარ ოსმანი. შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“. ამავე თემაზე: საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ჩრდილოეთ მაკედონიაში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტისას ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო ქალაქ სკოპიეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა სალომე ზურაბიშვილი: ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ში წარმატებული ინტეგრაციის კუთხით შთამაგონებელი მაგალითია საქართველოსათვის საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება
ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო
თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის დაწყების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება. "რუსეთის აგრესიის ფონზე, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ ასევე მხარს უჭერს უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლია აშშ -ს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, როდესაც ის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის კუთხით წინ მიიწევს", - განაცხადა ბაიდენმა შეხვედრის დაწყებისას. როგორც ცნობილია, შეხვედრამდე აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე.
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული კ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან სამქეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ნაცნობს - 1954 წელს დაბადებულ ვ.ვ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამავე თემაზე: განმუხურში, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ვლადიმერ ვახანია მოკლეს.
ენტონი ბლინკენი: აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა ისე ძლიერია, როგორც არასდროს
აშშ-უკრაინის პარტნიორობა ისე ძლიერია, როგორც არასდროს - ამ სიტყვებით აღწერს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრას თეთრ სახლში, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის ნათელ და აყვავებულ მომავალს. "მე შევაქე უკრაინა დახმარებისთვის, რომელიც მან გასწია ავღანეთიდან რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დროს", - აღნიშნა ბლინკენმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ბლინკენმა ზელენსკისთან განიხილა რუსულ აგრესიაზე საპასუხო ნაბიჯები, რეფორმების ძალისხმევა და აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრასთან დაკავშირებული გეგმები. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე დაწერა, რომ პრიორიტეტული საკითხია უსაფრთხოება, განსაკუთრებით დონბასსა და ოკუპირებულ ყირიმში, შავი ზღვის რეგიონში და ენერგოუსაფრთხოება უკრაინასა და ევროკავშირში.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის Twitter გვერდი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ იტყობინება. "უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირველ შეხვედრაზე, მე კვლავ დავაფიქსირე შეერთებული შტატების მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის ტერიტორიული მთლიანიბისა და სუვერენიტეტის მიმართ", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის ტექსტში. მისივე თქმით, განსახილველ საკითხები მოიცავდა ენერგოუსაფრთხოებას და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს.
აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებით, რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს
სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებით, ეს ქვეყნები განაგრძობენ მუშაობას, რათა რუსეთს აგრესიისთვის პასუხი აგებინონ. „დაუშვებელია, რომ 21-ე საუკუნეში სახელმწიფოებმა საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ. რუსეთმა დაარღვია ეს საბაზისო წესი უკრაინასთან. სუვერენულ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ და საკუთარი კავშირები აირჩიონ. აშშ უკრაინასთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი აგრესიისთვის. აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია“, - ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, გარე ჩარევის გარეშე აირჩიოს საგარეო პოლიტიკური კურსი, ამ კონტექსტში აშშ მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებას. შეგახსენებთ, თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა.
აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სფეროსთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო
აშშ-მ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რაც უკრაინისთვის „ჯაველინის“ სისტემის ჯავშანტექნიკის და სხვა სასიკვდილო და არასასიკვდილო აღჭურვილობის გადაცემას გულისხმობს. ეს შეთანხმება აშშ უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისადმი წინააღმდეგობას ენერგეტიკული დიპლომატიისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განაგრძობენ, რადგან ეს ენერგოპროექტი ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველია. ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ბაიდენს, რის შემდეგაც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ეს დახმარება ამოქმედებულია. მანამდე ზელენსკიმ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი, როდესაც თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა.
ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 73 ბავშვი გაიტაცეს
ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შტატ ზამფარაში მომხდარი თავდასხმისას, შეიარაღებულმა პირებმა 73 მოსწავლე გაიტაცეს, ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა. მათივე ინფორმაციით, გატაცებული მოსწავლეების გადასარჩენად პოლიციამ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე დაიწყო. როგორც ცნობილია, მომხდარის გამო, ხელისუფლებამ დახურა ზამფარას შტატის ყველა დაწყებითი და საშუალო სკოლა. UNICEF-ის ცნობით, დეკემბრიდან ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე სკოლებიდან 1000 -ზე მეტი მოსწავლეა გატაცებული. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა საბოლოოდ გაათავისუფლეს, ზოგი დაიღუპა, დაახლოებით 200-მდე მოსწავლე კი მძევლად დარჩა.
რომის პაპის განცხადებით, ვატიკანი ავღანეთში დიპლომატიურ მისიას შეასრულებს
რომის პაპმა ფრანცისკემ დასავლეთი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "აქ ყველა მოვლენა არ იყო გათვალისწინებული", რაც გულისხმობდა დასავლეთის წასვლის შემდგომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც პაპმა განაცხადა, მას არ სურს „განსაჯოს“, მაგრამ „რა თქმა უნდა, ბევრი ტყუილი ითქვა, ალბათ, ახალი ხელისუფლების ("თალიბანის") მხრიდან. მე ვამბობ მოტყუებას ან ბევრ გულუბრყვილო ქმედებას”. პაპის თქმით, ვატიკანის სახელმწიფო სამდივნო შეასრულებს დიპლომატიურ მისიას ავღანეთში, რათა თავიდან აიცილოს სამოქალაქო პირების მიმართ შემდგომი ძალადობა. ამავე თემაზე: ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაცია უაღრესად წარმატებული იყო
არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო პროცესში სტუდენტები ჩაერთვებიან
2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო პროცესში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტები იღებენ ვალდებულებას, რომ არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების შედეგად არსებული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტ სივრცეში განთავსების უზრუნველყოფის მიზნით, ცესკოს მიაწოდებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სტუდენტების/კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციას. ამასთან დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისათვის მხარეები ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებითაც ითანამშრომლებენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს. "არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდგომ დადგა. საქართველოს ორგანულ კანონზე "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" დაყრდნობით ცესკომ უკვე მიიღო დადგენილება, რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. გადაღებული ვიდეომასალა ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება. სწორედ ამ პროცესის ტექნიკურად განხორციელებაში იქნებიან ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები", - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე გაეცანით: ცესკო ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიის დანერგვას რამდენიმე უბანზე განიხილავს ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს
კვლევა: კოვიდვაქცინა დაავადების ხანგრძლივობის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს
ლონდონის King's College-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ორჯერ აცრა არა მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავს ადამიანს, არამედ, დაინფიცირების შემთხვევაში, დაავადების ხანგრძლივობის რისკს, არავაქცინირებულებთან შედარებით, 50%-ით ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, ბევრი ადამიანი, ვინც ინფიცირდება კორონავირუსით, ოთხი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგიერთ მათგანს აქვს სიმპტომები, რომლებიც რამდენიმე კვირა, ან თვე გრძელდება, ეს ფაქცი ცნობილია, როგორც "ხანგრძლივი კორონავირუსი". მკვლევარები, რომელთა ნაშრომი გამოქვეყნდა The Lancet Infectious Diseases-ში, ამბობენ, აშკარაა, რომ ვაქცინაცია გადაარჩენს სიცოცხლეს და ხელს უშლის სერიოზულ დაავადებების წარმოქმნას, მაგრამ ვაქცინების გავლენა გრძელვადიანი დაავადებების განვითარებაზე ნაკლებად იყო გარკვეული. კვლევის ფარგლებში მეცნიერები 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით ათასობით არავაქცინირებული და ვაქცინირებული ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ. ისინი აკვირდებოდნენ 1.2 მილიონზე მეტ ზრდასრულ ადამიანს, რომლებმაც გაიკეთეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა და 971 504 ადამიანს, რომელმაც ვაქცინის ორი დოზა გაკეთა. მათი მტკიცებით, ვაქცინის ორი დოზით აცრილების მხოლოდ 0.2% -მა (2,370 შემთხვევა) განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდნენ. ამასთან, კვლევის ფარგლებში განაგრძეს დაკვირვება 592 სრულად ვაქცინირებულ პირზე, რომელიც დაინფიცირდა და აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი კოვიდი (როდესაც დაავადება კოვიდტესტის დადებითი პასუხის მიღებიდან 28 დღის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება) 31-ს ანუ 5%-ს განუვითარდა. კვლევის თანახმად, არავაქცინირებულთა ჯგუფში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11% იყო. ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა დღემდე 42.9 მილიონამდე ადამიანს აქვს გაკეთებული.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3212 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 81
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3212 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5017 პაციენტი, 81 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 556 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 502 534, გარდაიცვალა 7 563 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 40 435, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 24 334, PCR ტესტით - 16 101. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,94%, ბოლო 14 დღის - 9,85%, ბოლო 7 დღის - 9,13% ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევიდან 1 206 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 295, იმერეთი - 453, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 231, გურია - 64, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 255, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 46 786, 7 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 137, აჭარაში - 933, იმერეთში - 1 128. მძიმე პაციენტი: 1 608, მათ შორის, თბილისში - 686, აჭარაში - 192, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში - 229, აჭარაში - 37, იმერეთში - 34. 2 680 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 226- თბილისში, 892 - აჭარაში. 36 763 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 2. სულ 6 ოქტომბრიდან - 1 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 124 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 579 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 878 პირი, აჭარაში - 5 464, იმერეთში - 3 865.