ძებნის რეზულტატი:
პრემიერი: რა ვაქცინებიც სურს მოსახლეობას, ისინი უნდა შემოვიტანოთ
როგორც ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები მეუბნებიან, Astrazeneca ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია, რა ვაქცინებიც სურს ჩვენს მოსახლეობას ის უნდა შემოვიტანოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ადასტურებს თუ არა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ უარი თქვა AstraZeneca-ს 50 000 დოზაზე, რომელიც ლატვიას უნდა გადმოეცა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ ამ მომენტისთვის საკმარისზე მეტი ვაქცინები შემოიტანა. "ჩვენ, მთავრობამ მოვახერხეთ და შემოვიტანეთ ამ მომენტისთვის საკმარისზე მეტი ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინა გვაქვს საქართველოში - Pfizer-ი, დღეის მდგომარეობით გვაქვს კიდევ მილიონი დოზა, Sinovac-ი, რომელიც ანალოგიურია, როგორიცაა Sinopharm-ი, კიდევ დამატებით 1 მილიონი Sinopharm-ი მაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ კიდევ 2 მილიონ Pfizer-ზე. როგორც ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები მეუბნებიან, Astrazeneca ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ ამ დროს გვეთქვა უარი, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული, მაგრამ როცა 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი სუვერენული არჩევანია, რა ვაქცინებიც ჩვენს მოსახლეობას უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ", - განაცხადა პრემიერმა.
ნიკა მელია: ჩემთვის არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა, პირველ ტურში მე გავიმარჯვებ
გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური თვალსაზრისით მდგომარეობა გაუუარესა. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. „ჩემთვის არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა. დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ უჭირს „ქართულ ოცნებას“. მე არ გამოვრიცხავ, რომ თბილისში მეორე ტური იქნება, მაგრამ პირველ ტურში შედეგობრივად მე გავიმარჯვებ. ვინ იქნება მეორე და მესამე ადგილზე, ეს კალაძესა და გახარიას შორის გადაწყდება. შესაძლოა, პირველივე ტურში თბილისის არჩევნების ბედი ვერ გადაწყდეს, მაგრამ შედეგობრივად, მგონია, რომ მე, საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვიქნები პირველ ადგილზე. გახარიას და კალაძის ურთიერთობებში ხელების ფათური ნამდვილად არ მინდა. გუშინდელი მეგობრები და გუშინწინდელი თანამებრძოლები არიან. ძალიან უხერხულია ჩემი აზრით, როდესაც ერთი მხრიდან ვაკვირდებით წარმოუდგენელ საარაკო თავდასხმებს მეორეზე, არადა, გუშინწინ ერთმანეთს აქებდნენ, გვერდიდან არ შორდებოდნენ და რომ გეკითხათ, საქართველოს მასზე უკეთესი მოქალაქე ამ ქვეყანაში არ არსებობდა. ახლა ტალახს ესვრიან ერთმანეთს. არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ უჭირს „ქართულ ოცნებას“, ეს კვლევებიდანაც ჩანს. ვინ იქნება მეორე და მესამე ადგილზე, რა თქმა უნდა, ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად კალაძესა და ბატონ გახარიაზე. მათ პრაქტიკულად ერთი ამომრჩეველი ჰყავთ. ერთი რამ ძალიან საწყენია, რომ გუშინდელი მეგობრები ერთმანეთს არ ინდობენ, ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. ვფიქრობ, ამას საზოგადოება სწორად შეაფასებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ. კახაბერ ქემოკლიძე თბილისის მერისა და ყოფილი პრემიერის შეხვედრაზე: კარგია, რომ ეს სტანდარტი დაწესდა
კარლ ჰარცელი: დემოკრატიული რეფორმების გზამკვლევზე ხელმოწერა და შესაძლოა, მასთან დაბრუნებაც არასდროს არის გვიან
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც ელჩი აღნიშნავს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. „მოგეხსენებათ, რომ დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის მედიაციით შედგა. მან დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის სახელით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარლამენტარების ჩათვლით და თავი არავის შეუკავებია. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად, პარლამენტის 150 არჩეული წევრიდან 147-მა სხვადასხვა ეტაპზე მხარი დაუჭირა შეთანხმებასა და მის შინაარსს, თუმცა, სხვადასხვა დროს. ჩემი აზრით, ხელმოწერა იმისა, რაც, პირველ რიგში, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან. და, შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან. მტკიცედ მჯერა, რომ ეს რეფორმები სარგებელს საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუტანს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც ამ რეფორმების განხორციელების ერთგულია“, - აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი. შეგახსენებთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა. პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერას ფარსს უწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გამორიცხულია „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას დაუბრუნდეს.
დომინიკ რააბი: დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს „თალიბანს“ უახლოეს მომავალში
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, ბრიტანეთი არ აღიარებს „თალიბანს“ უახლოეს მომავალში, თუმცა ხედავს პირდაპირი ჩართულობის საჭიროებას. ამის შესახებ მან ყატარში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ახლა უნდა ადაპტირდეს ავღანეთში შექმნილ ახალ რეალობასთან და ამჟამად ქვეყნისთვის პრიორიტეტია დიდ ბრიტანეთში დარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანა. „ვფიქრობ, არსებობს მნიშვნელოვანი ფარგლები ჩართულობისა და დიალოგისთვის, რათა შემოწმდეს „თალიბანის“ მიერ უკვე მოცემული დაპირებები“, - განაცხადა დომინიკ რააბმა. დომინიკ რააბის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთიდან 17 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ტერაქტს 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი. მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები. ამავე თემაზე: ავღანეთში ბრიტანეთის ელჩმა ქაბული ბრიტანელი ჯარისკაცების ბოლო თვითმფრინავის გაფრენის შემდეგ დატოვა
პრეზიდენტი: ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარი გაუგებარი ნაბიჯია
„ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარი საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია და ეკონომიკური არგუმენტი ანალიზს ვერ უძლებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ხაზგასმით დაიწყო, რასაც მისი თქმით, ელოდებიან მოქალაქეები და პარტნიორები. „დღეს 2 სექტემბერია და ზუსტად ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე! არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი არის და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები სიძულვილის ენის, ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, დემოკრატიულ, კონკურეტულ და სამართლიან გარემოში! ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები! აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი პოლოტიკური თუ ეკონომიკური სირთულე, რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, თუ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება. ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით, ან რამე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება, ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა - ანალიზს ვერ უძლებს! როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი (ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის) სესხი. გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა. ვიდრე ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია! ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება! ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით - არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა! მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც. დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარ ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია, და ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არა თუ ესმის, კიდევაც იზიარებს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში, ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე ვიდრე აქამდე. როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“ და ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა! ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში: მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუსფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმეტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა, სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა; მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. ჩემი პოზიცია უცვლელია: მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის, რასაც ვიცავ მუდმივად პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. პრემიერი: ჩვენს პარტნიორებს კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი დამატებითი სესხის აღებაზე და ყველა კითხვა მოიხსნება მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.
Wizz Air-მა თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახადა
Deutche Welle-ს ინფორმაციით, კომპანია Wizz Air-მა თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახადა და არის ერთ-ერთი პირველი ევროპული ავიაკომპანია, რომელმაც COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თანამშრომლებზე სავალდებულო გახადა. გამოცემა წერს, რომ ახალი წესი ვრცელდება როგორც Wizz Air-ის პილოტებზე, ასევე ბორტგამცილებლებზე და პირველი დეკემბრიდან ავიაკომპანიაში მხოლოდ ვაქცინირებულ თანამშრომლებს ექნებათ მუშაობის უფლება. როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული სამედიცინო მიზეზების გამო თანამშრომლებს ვაქცინაციის ჩატარება არ შეეძლებათ, მათ რეგულარულად უნდა ჩაიტარონ PCR კვლევები და ანტიგენის ტესტების პასუხები წარადგინონ. ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მგზავრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაა. ,,Wizz Air- ში ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მგზავრებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ეკიპაჟი და მგზავრები COVID-19– ის რისკების შემსუბუქებით და ვაქცინები ამაში სასიცოცხლო როლს თამაშობენ”, - განაცხადა ჯოზეფ ვარდიმ, Wizz Air Group - ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
რა შედეგი აჩვენა ტაილანდში Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების შერევამ
ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, Sinovac-AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაცია მოქალაქეებისთვის უსაფრთხოა და ის ანტისხეულების დონეს ზრდის. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ცნობით, Sinovac-AstraZeneca კომბინაციამ იმუნიტეტი იმავე დონეზე გამოიმუშავა, როგორც AstraZeneca-ს ორი დოზით აცრის შემთხვევაში, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინაცია შეიძლება უფრო სწრაფად დასრულდეს დოზებს შორის უფრო მცირე ინტერვალის გამო. ეს გადაწყვეტილემა ტაილანდმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ჩატარებული წინასწარი კვლევების საფუძველზე, Sinovac-ით ორი დოზით აცრის შემდეგ, გრძელვადიან დაცვაზე ეჭვები გაჩნდა. ასევე წაკიკითხეთ: ტაილანდმა რობოტექნიკა შექმნა, რომელსაც ფლაკონიდან Astrazeneca-ს ვაქცინის 12 დოზის ოთხ წუთში ამოღება შეუძლია „ეს ფორმულა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღი და ის უსაფრთხოა. გთხოვთ, ნუ იტყვით იმას, რაც უსაფუძვლო შეშფოთებას გამოიწვევს", - განაცხადა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირმა სუპაკიტ შირილაკმა პრესკონფერენციაზე. ქვეყანა ვაქცინაციისთვის უმეტესად ამ ფორმულის გამოყენებას გეგმავს. ტაილანდი ივლისში გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჩინური და დასავლეთში განვითარებული ვაქცინების კომბინაცია აირჩია ვაქცინაციისთვის, რადგან კორონავირუსის გავრცელება და სიკვდილიანობა გაიზარდა. ამასთან, ქვეყანა ვაქცინის მარაგების პრობლემას განიცდიდა. ჯერჯერობით, სრულად ვაქცინირებულია ტაილანდის მოსახლეობის 13%. მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
დიმიტრი პესკოვი: რუსეთის საზღვრებთან NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლო მიახლოება რუსეთს აიძულებს, მიიღოს საპასუხო ზომები
რუსეთის საზღვრებთან NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლო მიახლოება რუსეთს აიძულებს, მიიღოს საპასუხო ზომები, ქვეყნის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოთქვამს მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების სურვილს, "რომელსაც უკრაინის მოსახლეობის ნახევარი მაინც არ უჭერს მხარს, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით". ამავე დროს, "ვაშინგტონი საკმაოდ პოზიტიურად რეაგირებს უკრაინის ევროატლანტიკურ განწყობაზე",- დასძინა მან. "ეს არის ჩვენთვის პოტენციურად ძალიან საშიში, რადგან NATO ამგვარად გააგრძელებს ჩვენი საზღვრისკენ თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის შემოყვანას. ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს გარკვეული კონტრ ზომების მიღებას, რათა მოხდეს სიტუაციის დაბალანსება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების 100%-ით უზრუნველყოფა", - განაცხადა პესკოვმა. პესკოვის განცხადებით, ანტირუსული რიტორიკა, რომელიც ზელენსკიმ გაავრცელა შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, მიგვითითებს იმაზე, რომ "უკრაინულ-ამერიკული მეგობრობის მთავარი ამოცანა რუსეთის წინააღმდეგ მეგობრობაა". ამავე თემაზე: აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებით, რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა ენტონი ბლინკენი: აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა ისე ძლიერია, როგორც არასდროს
კახა კუჭავა: ინგლისელებმა პირველი ჩოგბურთის კორტი ჭიათურაში ააშენეს
პარლამენტის თავმჯდომარე ჭიათურაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას ქალაქს „ბევრ საინტერესო პროექტს“ დაჰპირდა. კახა კუჭავას განცხადებით, გარემოს დაცვისა პრობლემის მოგვარებაში პარლამენტი აქტიურად ჩაერთვება. „ბევრმა არ იცის, რომ პირველი ჩოგბურთის კორტი სწორედ ჭიათურაში ააშენეს ევროპელებმა, ინგლისელებმა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ესაა ის, რითაც უნდა ვიამაყოთ. პირველ რიგში რასაც ჭიათურა საჭიროებს, არის უფრო მეტი ხელშეწყობა, რომელიც ნამდვილად იქნება. როდესაც ჭიათურაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი, რაც გვახსენდება, არის ის წარმოება, სამთო-მოპოვებითი სამუშაო, რომელიც აქ მიმდინარეობს და საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩვენ გვჭირდება გასუფთავებული მდინარე „ყვირილა“, გაწმენდილი სანაპიროები, რეკულტივაცია, რომელიც აუცილებელია დიდი მასშტაბით დაიწყოს, რადგან ის მიტოვებული საბადოები და თუნდაც ახალი მოპოვებები, რომელიც მიმდინარეობს, მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტით. გპირდებით, რომ პარლამენტი ნამდვილად იქნება ამ კუთხით ბოლომდე ჩართული, რომ გააკონტროლოს და ერთხელ და საბოლოოდ, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები ჭიათურაში აღმოიფხვრას რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ვნახეთ ახალი საწარმო, კომპანიამ საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა, თუმცა, როგორც ვატყობთ, ეს ვერ შველის პრობლემის სრულად გადაჭრას. აუცილებელია ის ძველი საწარმოები ან მთლიანად გადაიარაღდეს ან დამატებით ახალი გაკეთდეს, რომ ის, რაც წარმოადგენს დაბინძურების წყაროს, ბოლომდე იქნას აღმოფხვრილი. დარწმუნებული ვარ, ცენტრალური ხელისუფლებიდან იქნება სრული მხარდაჭერა. აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებთ. ერთ-ერთი მთავარი პოტენციალი, რომელიც ჩემი აზრით გაჩნია ჭიათურას, არის ტურიზმი. უნიკალურია ამ ქალაქის განლაგება ამ კანიონში და ამ ხეობაში, რომლის ბადალი მსოფლიოში ალბათ რამდენიმე თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ-არ შეიძლება ეს პოტენციალი სრულად არ გამოვიყენოთ. ვიცი, რომ ბევრი ქართველი და უცხოელი ტურისტი ჩამოდის და თუ ჩვენ აქ შესაბამის ინფრასტრუქტურას და დამატებით შესაძლებლობებს შევქმნით, რომ მათ მიიღონ ყველა სერვისი, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი იქნება წარმატება არ მხოლოდ ამ რეგიონისთვის და ამ ქალაქისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცესკომ და შსს-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინგანა საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მემორანდუმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის კომპეტენციის ფარგლებში მოხდება ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა. გარდა ამისა, მემორანდუმი ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო. "შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, ბოლო წლებია, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება. მემორანდუმის მიზანი არის კოორდინირებული მუშაობა და არჩევნების უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი პირველად 2016 წელს მოაწერეს. მას შემდეგ მსგავსი დოკუმენტი ყველა საერთო არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება და აღნიშნულის საფუძველზე მხარეები არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივ ღონისძიებებსა და სასწავლო პროგრამებს ახორციელებენ. ამავე თემაზე: არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო პროცესში სტუდენტები ჩაერთვებიან
ვიქტორია ნულანდმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში რიგი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს როლზე ისაუბრა
ქაბულიდან ევაკუაციის პროცესში დახმარებისთვის აშშ-მ რიგ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მადლობა გადაუხადა. შესაბამისი განცხადებით, პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა. ასევე წაიკითხეთ: აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის ვიქტორია ნულანდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავღანეთიდან 123 000 ადამიანი, მათ შორის ამერიკის 6 000 მოქალაქეა გაყვანილი. „უზომოდ მადლიერნი ვართ ქვეყნების უზარმაზარი ქსელის, რომელმაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია ევაკუაციის პროცესში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს: ბაჰრეინს, დანიას, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საქართველოს, უნგრეთს, იტალიას, კოსოვოს, ქუვეითს, პაკისტანს, კატარს, ესპანეთს, შვეიცარიას, თურქეთს, უკრაინას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვებს, მათ, ვინც ხელი შეუწყო ამერიკელების და სხვა ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. ასევე წაიკითხეთ: ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა ვიქტორია ნულანდი საქართველოზე, რუსეთზე, უკრაინასა და NATO-ზე
აშშ-მ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 45 მილიონი დოლარი გამოუყო
აშშ-მ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 45 მილიონი დოლარი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „აშშ უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 45 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს დახმარება ჩვენს პარტნიორებს საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭირონ 3.4 მილიონ უკრაინელს, ვისაც ეს დახმარება სჭირდება“, - წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას პირველ სექტემბერს შეხვდა. ამავე თემაზე: აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სფეროსთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებით, რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა ენტონი ბლინკენი: აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა ისე ძლიერია, როგორც არასდროს აშშ-მა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში ორი დოკუმენტი გაფორმდა
ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში წყალდიდობას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
BBC-ის ინფორმაციით, წყალდიდობას აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში 14 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სარდაფერი. გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია, რომ წყალმა მეტროს სადგურებიც დატბორა. BBC-ის ცნობით, ნიუ-იორკის მეტროს თითქმის ყველა ხაზი დაკეტილია და აკრძალულია გადაადგილება. ასევე ნიუ-იორკიდან და ნიუ ჯერსიდან შეჩერებულია შეჩერებულია ფრენები და მატარებლით მგზავრობა. წყალიდიდობის გამო, შტატების გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
ევროკავშირში სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის საკითხზე მსჯელობენ
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა დამოუკიდებელი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის ინიციატივა განიხილეს. BBC-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალები კრიზისებზე პასუხის გაცემას აშშ-ისგან დამოუკიდებლად მოახდენენ. სლოვენიაში გამართული შეხვედრის შემდეგ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მეტი ევროპული თავდაცვის საჭიროება არასდროს ყოფილა ასეთი მკაფიო. სლოვენიის თავდაცვის მინისტრმა, მათეი ტონინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალები შესაძლოა, 5 000-დან 20 000 ჯარისკაცამდე დაკომპლექტდეს.
ჯანმოს დირექტორი: ვაქცინის მესამე დოზა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო
Euronews-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების ნაცვლად, ვაქცინების ღარიბი ქვეყნებისთვის მიწოდების მომხრეა. ამის შესახებ ჯანმოში კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც საფრანგეთმა 65 წლიდან მოქალაქეებს ,,ბუსტერ" დოზით ვაქცინაცია შესთავაზა. ის მიესალმება იმუნიტეტის გაძლიერებას, თუმცა მიაჩნია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპი ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამოა შენარჩუნებული. გებრეიესუსის თქმითვე, ამ მომენტისთვის სრულად ვაქცინირებული, ჯანმრთელი ადამიანებისთვის მესამე დოზის გაკეთება აუცილებლობას არ წარმოადგენს და ვაქცინები შენახულ უნდა იქნას იმ ჯგუფებისთვის, სადაც ავადობა და სიკვდილიანობა მაღალია. „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო, როდესაც მძიმე დაავადებისა და სიკვდილის წინააღმდეგ იმუნიტეტის შემცირების მტკიცებულება არსებობს. მაგალითად, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელთა რეაქცია საწყის დოზებზე საკმარისი არ იყო, ან უკვე აღარ წარმოექმნებათ ანტისხეულები. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენება ჯანმრთელ ადამიანებში, რომლებიც სრულად არიან აცრილნი“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს. როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი განმარტავს, ისინი ჯანმოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. „ ბავშვების აცრას განვიხილავთ, მაგრამ არა 12 წლის ქვემოთ. ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს. გვაქვს შიდა კონსულტაციებიც, განვიხილავთ ბევრი ქვეყნის მაგალითს და ვფიქრობთ ამაზე. გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, არჩევითად ანუ სელექტიურად, სკოლებში დაიწყება სწავლა იქ, სადაც გვექნება ინფექციის გავრცელებისა და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა. შესაბამისად, ასევე აიცრებიან პედაგოგები და ადმინისტრაციული პერსონალი. ეს ორი კომპონენტი იქნება აუცილებელი, რომ სკოლებში სწავლა დაიწყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში. ცნობისთვის, 2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 235 386 ადამიანმა გაიკეთა, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 212 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 017 პაციენტი, 81 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამავე თემაზე: რა შემთხვევაში აცრიან 12 წელს გადაცილებულ ბავშვებს - განათლების მინისტრის განცხადება საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე გადაწყვეტილებას მომდევნო კვირების განმავლობაში მიიღებს
ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის მომზადებას იწყებს
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელის, ლუკ დევინის განცხადებით, ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის მომზადებას იწყებს. „ლუკაშენკოს რეჟიმის ბოლო ქმედებები, კერძოდ, მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია, საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. ეს არ შეცვლის ჩვენს მტკიცე განწყობას და არ გააუქმებს სანქციების დაწესებას. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, სანქციებს მოიცავს. სანქციების მეხუთე პაკეტზე მუშაობა ახლა იწყება“, - აღნიშნა ლუკ დევინმა. ცნობისთვის, მანამდე ევროკავშირმა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და საპროტესტო აქციების ჩახშობის გამო პერსონალური სანქციების ოთხი პაკეტი დაამტკიცა. სანქციების შეეხო 166 პირსა და 15 ორგანიზაციას. გარდა ამისა, 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა ამავე თემაზე: ევროკავშირი ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება
ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენლის პოზიციაზე ჯეიმს აპატურაი ესპანელმა დიპლომატმა შეცვალა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა პირიზი დაინიშნა. ინფორმაციას NATO-ში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. ხავიერ კოლომინამ დიპლომატიური სამსახური 2001 წელს დაიწყო. 2001-2002 წლებში იყო ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ორგანიზაციების ხელმძღვანელი. 2017-2021 წლებში, NATO-ში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. მანამდე კი, სხვადასხვა დროს მუშაობდა პოლიტიკური განყოფილების უფროსის პოზიციაზე ესპანეთის საელჩოში, ტოკიოში, ასევე, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე. ასევე მუშაობდა გაეორში ესპანეთის მისიაში (პირველი მდივანი), სირიაში ესპანეთის ელჩის მოადგილედ (2006-2008). ხავიერ კოლომინამ ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელმაც უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებზე NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციაზე გადაინაცვლა. კერძოდ, აპატურაის პოზიცია ტერორიზმთან ბრძოლის, ჰიბრიდეული საფრთხეებისა და უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების გავლენას მოიცავს. ჯეიმს აპატურაი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში საქართველოს ბოლოს ივლისში სტუმრობდა. ის პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
40-წლიანი პაუზის შემდეგ, ABBA ახალ ალბომს გამოუშვებს
40-წლიანი პაუზის შემდეგ, შვედური მუსიკალური ჯგუფი ABBA ახალ ალბომს გამოუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. ABBA-ს წევრმა, ბენი ანდერსონმა განაცხადა, რომ ახალი ალბომი ნოემბერში გამოვა და იგი 10 კომპოზიციისგან შედგება. 2018 წელს ჯგუფის ოთხმა წევრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ახალი ნამუშევრების გამოშვებას გეგმავდნენ, თუმცა სიმღერის პრემიერა გადაიდო. მუსიკალური ჯგუფი ცნობილია ისეთი სიმღერებით, როგორიცაა Mamma Mia, Dancing Queen და Take A Chance On Me. ABBA-ს ბოლო სტუდიური ალბომი 1982 წელს გამოვიდა.
ჯიმ რიში: მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და დადგენილ პირობებზე, კითხვებს აჩენს
აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის წევრი ჯიმ რიში ეხმაურება საქართველოს მთავრობის ნაბიჯს, უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს. "მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად", - აცხადებს სენატორი რიში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. სენატორი აცხადებს, რომ ორივე პარტიამ უკეთესი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად უნდა იმუშაოს: "ორივე პარტიამ უნდა დაიცვას 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და იმუშაოს საქართველოში უფრო მშვიდობიანი და თანამშრომლობითი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, მათ შორის 2 ოქტომბერს, სუფთა და სამათლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებით", - აცხადებს რიში. ამასთან, ჯიმ რიშის თქმით, დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე: "კარგია, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება", - აცხადებს რიში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს. ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა ერთის მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდა“ და მეორე მხრივ, საგარეო ვალის შემცირების სურვილი. საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ საქართვლომ დახმარების პირობა ვერ შეასრულა. ევროკავშირი დახმარების პირობად საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას ასახელებდა, მათ შორის - სასამართლო რეფორმის. ამავე თემაზე: კარლ ჰარცელი: დემოკრატიული რეფორმების გზამკვლევზე ხელმოწერა და შესაძლოა, მასთან დაბრუნებაც არასდროს არის გვიან კელი დეგნანი: ჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება პანდემიისა და უმუშევრობის მიუხედავად მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ანდრიუს კუბილიუსი: მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ ტრანშს ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები