ძებნის რეზულტატი:

კახა კალაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავალოდ დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. "საუბარი შეეხო დედაქალაქში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სატრანსპორტო რეფორმას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, თბილისის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო წინასაარჩევნო გარემო და კახა კალაძის, როგორც თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის სამომავალო გეგმები. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისი საარჩევნო კამპანია მხოლოდ პოზიტიური და საქმეზე ორიენტირებულია. მისივე თქმით, თბილისის მოსახლეობის მხარდაჭერა, რომელსაც მუდმივად გრძნობს, ასევე, ის მასშტაბური და ძალიან საჭირო პროექტები, რაც დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა, აძლევს პირველივე ტურში გამარჯვების მყარ იმედს. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი "თალიბანთან" ითანამშრომლებს, თუმცა ეს "თალიბანის" ახალ მთავრობად აღიარებას არ ნიშნავს

ევროკავშირი მზად არის ითანამშრომლოს "თალიბანის" ახალ მთავრობასთან, მაგრამ ისლამისტურმა ჯგუფმა უნდა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, მათ შორის ქალების უფლებებს და არ მისცეს ავღანეთს უფლება, გახდეს ტერორიზმის საფუძველი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "ავღანეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად, ჩვენ მოგვიწევს ავღანეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთობა, რაც არ ნიშნავს "თალიბანის" მთავრობის აღიარებას. ეს ოპერატიული ჩართულობაა", - განაცხადა ბორელმა სლოვენიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას. მისი თქმით, ეს ჩართულობა გაიზრდება ავღანეთის ახალი მთავრობის ქმედებების მიხედვით. ბორელმა აღნიშნა, რომ ახალმა მთავრობამ ხელი უნდა შეუშალოს ქვეყანას, რომ ისევ არ იქცეს შეიარაღებული დაჯგუფებები სანაშენე ადგილად, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ის პატივს უნდა სცემდეს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და მედიის თავისუფლებას და სხვა პოლიტიკურ ძალებთან უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები გარდამავალ მთავრობასთან დაკავშირებით. ამავე თემაზე: მედია: ავღანეთის ახალ მთავრობას აბდულ ღანი ბარადარი უხელმძღვანელებს

სინგაპურში შექმნეს რობოტი, რომელიც მასაჟს აკეთებს

სინგაპურში, სტარტაპ AiTreat-მა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი შექმა, რომელიც ხალხს ტრადიციულ ჩინური მასაჟს უკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, რობოტს EMMA (რაც ნიშნავს "Expert Manipulative Massage Automation") დაარქვეს. რობოტი სენსორებისა და 3D ხედვის საშუალებით ზომავს კუნთების დაჭიმულობას. EMMA განსაზღვრავს წნევის შემსუბუქების წერტილებს და პაციენტებს ტკივილის შესამსუბუქებელ მასაჟებს უკეთებს. "ტრადიციული ჩინური მედიცინის პრინციპი არის პერსონალიზებული მკურნალობა", - აცხადებს AiTreat-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და დასძენს, რომ EMMA არის "ძალიან მოქნილი და მორგებული". აღინიშნება, რომ რობოტის "ხელები" თბება 38-40 გრადუსამდე ტემპერატურაზე და ისინი იმდენად რბილია, რომ განსხვავება რეალურ მასაჟისტსა და რობოტს შორის, ძნელად შესამჩნევია.

კვლევა: ჰაერის დაბინძურებას ბავშვებში სიმსუქნისა და ასთმის გამოწვევა შეუძლია

ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის ზემოქმედებამ, შეიძლება, ბავშვებში სიმსუქნე გამოიწვიოს და ისინი ასთმის უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენოს, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალ კვლევაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. კვლევის თანახმად, მსუქან ბავშვებში ასთმის გაჩენის რისკი 79% -ით იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში სიმსუქნის მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, "ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი", ნათქვამია განცხადებაში. "ფილტვების მოვლის ფონდისა" და Pulmocare Research and Education-ის მიერ ჩატარებული კვლევა პირველია ინდოეთში, რომელმაც დაამყარა კავშირი ჭარბი წონის ბავშვებს, ასთმასა და ჰაერის დაბინძურებას შორის. ექსპერტები დიდი ხანია ამბობენ, რომ ბინძური ჰაერის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დაავადებები, განსაკუთრებით ბავშვებში. "ფილტვების მოვლის ფონდმა" შეისწავლა 3 157 მოსწავლე, 12 სკოლიდან. მათგან ნაწილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქში - დელიში ცხოვრობს, ნაწილი კი, შედარებით სუფთა ჰაერის მქონე კოტაიამსა და მაისურუში. აღმოჩნდა, რომ დელიში მცხოვრები ბავშვების 39.8%-ს ჭარბი წონა აწუხებდა, მაშინ, როცა დანარჩენ ორ ქალაქში ეს მაჩვენებელი 16.4% იყო. ამავე კვლევის თანახმად, დელიში მცხოვრებ მოსწავლეებში ბევრად მეტადაა გავრცელებული ასთმისა და ალერგიის სიმპტომები. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ დელის სკოლის მოსწავლეებს აქვთ ასთმისა და ალერგიის სიმპტომების "მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელი". "როდესაც ადამიანი სუნთქავს დაბინძურებულ ჰაერს, ეს არღვევს ენდოკრინულ სისტემას და იწვევს სიმსუქნეს", - უთხრა დოქტორმა სალვიმ BBC-ს.

ვიოლა ფონ კრამონი: ოქტომბრის არჩევნების შედეგი და შემდგომი მოვლენები დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას

Europetime-მა ევროპარლამენტარ, საგარეო კომიტეტის წევრ, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გერმანელი პოლიტიკოსი (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები) ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი საქართველოს ვიზიტით ბოლოს ივლისში, მას შემდეგ ეწვია, რაც მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ გამოაცხადა. Europetime ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. _ბოლო დროის განვითარებები რას ნიშნავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში და საერთოდ, რაზე მიუთითებს? ვფიქრობ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ნამდვილად ყოფილა უკეთესი პერიოდებიც. სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ ძლიერ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, ევროკავშირისადმი საზოგადოების მხარდაჭერა შეაფერხოს. ევროპარლამენტში ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. მსგავსი დეზინფორმაციის კამპანიები უკრაინასა და მოლდოვაშიც მიმდინარეობს და კვალს რუსეთამდე მივყავართ. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, უკან გაეწვია ევროკავშირისა და პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელშიც ამდენი ენერგია ჩავდეთ, კიდევ უფრო დააზარალა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები. ევროკავშირი ნდობას, როგორც სტაბილური პარტნიორობის საფუძველს განიხილავს და დაპირებების გატეხვა ამ ნდობას სერიოზულად არღვევს. _როგორ აფასებთ აშშ-ის პოლიტიკას რეგიონის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ? ევროკავშირი და აშშ ერთსა და იმავე ღირებულებებს და ინტერესებს იზიარებენ, ეს განსაკუთრებით იგრძნობა საქართველოში. ჩვენ ასევე გვაქვს საერთო მიზნები: მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, გავაძლიეროთ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია. ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა თავიანთი უდიდესი ძალისხმევით მოამზადეს საფუძველი 19 აპრილის შეთანხმებისთვის. შეთანხმება კვლავ ძალაშია „ქართული ოცნების“ ხელმოწერით თუ მის გარეშე. რაც შეეხება რეგიონს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, უახლესი ფაზის განმავლობაში, ევროკავშირი და აშშ დიდწილად არ მონაწილეობდნენ პროცესებში. სამწუხაროდ, ამ ფაქტმა რუსეთს საშუალება მისცა, გაეძლიერებინა თავისი პოზიციები კავკასიაში. სამწუხაროდ, ასეთი განვითარება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს კიდევ უფრო ართულებს. _რა შეგიძლიათ გვითხრათ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე? მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია. მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას. ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები

ქაბულში, ავღანელმა ქალებმა დასაქმებისა და განათლების უფლებების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

ავღანელმა ქალებმა ქაბულში, პრეზიდენტის სასახლესთან, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები დასაქმებისა და განათლების უფლებებს მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" აიღო კონტროლი ავღანეთზე, ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვისთვის აქცია რამდენჯერმა გამართეს. ცნობისთვის, 15 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული დაიკავა. ადამიანის უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ ავღანელი ქალების უფლებები სერიოზულად შეიზღუდება. ამავე თემაზე: მედია: ავღანეთის ახალ მთავრობას აბდულ ღანი ბარადარი უხელმძღვანელებს ქაბულში, ავღანელმა ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვისთვის აქცია გამართეს

შესაძლოა, იტალიაში კოვიდვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო გახდეს

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლოა, ყველასთვის სავალდებულო გახდეს, ვისაც აცრის ჩატარება ასაკობრივად უწევს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თვის ბოლოდან იგეგმება ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზების გაკეთება რისკჯგუფებში შემავალი მოაქალაქეებისთვის. ამასთანავე, მთავრობამ უკვე დააწესა სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგელებისთვის, თუ მათ სურთ ანაზღაურება, თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროპის ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანო ვაქცინებს სრულ ავტორიზაციას მიანიჭებს, ვაქცინაცია შესაძლოა, ყველასთვის სავალდებულო გახდეს. ამჟამად ევროპის წამლის სააგენტოს გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია ოთხი ვაქცინისთვის აქვს მინიჭებული. პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ თვის ბოლოსთვის, 12 წლის და მეტი ასაკის იტალიელები 80% სრულად ვაქცინირებული იქნება. ამჟამად ეს მონაცემი 70.5%-ს შეადგენს. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს, გააფართოოს ე.წ. მწვანე საშვის მოქმედება, რომელსაც ამჟამად სრულად აცრილი პირები შორ მანძილებზე მოგზაურობისა და გასართობ აქტივობებში ჩასართავად იყნებენ. დოკუმენტი ასევე სავალდებულოა სკოლების პერსონალისთვისაც. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გასულ კვირას ისინი განიხილავდნენ სქემის გაფართოებას ყველასთვის, ვინც მუშაობს საჯარო სამსახურში ან სუპერმარკეტში. ახალმა გადაწყვეტილებებმა იტალიელების ნაწილის პროტესტი გამოწვია, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ირღვევა.

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე უარს ამბობს

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. უწყების განცხადებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ყველაზე მაღალი რისკის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ, რომლებსაც თანხმლები დაავადებები აქვთ, მათ შორის გულის, ფილტვის, თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები და ნევროლოგიური დაავადებები. ვინაიდან ბავშვები დაბალი რისკის ქვეშ არიან, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ვაქცინაცია მხოლოდ "უმნიშვნელო სარგებელს" მოიტანს და, შესაბამისად, "არასაკმარისი" მტკიცებულება არსებობს ამ ასაკობრივ ჯგუფში მასობრივი ვაქცინაციის შესთავაზებლად. როგორც BBC წერს, ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო Pfizer-ის ვაქცინის უკიდურესად იშვიათ გვერდით მოვლენაზე, რაც იწვევს გულის ანთებას. ამავე თემაზე: საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს

სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის შესახებ ქალ ლიდერთა ერთობლივ მოწოდებას შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ქალ ლიდერთა ერთობლივ მოწოდებას, ავღანეთში ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვისა და გაძლიერების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მოწოდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სლოვაკეთის პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვასა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრის, კატრინ იაკობსდოტირის ინიციატივაა. ,,ჩვენ, ლიდერ ქალებს, გვინდა დავარწმუნოთ ავღანელი ქალები და გოგონები, რომ ყურადღებით დავაკვირდებით მათ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გავაგრძელებთ მათი უფლებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერას“, - ნათქვამია ქალი ლიდერების მოწოდებაში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, დიდი ყურადღება გაამახვილონ იმ ადამიანების მდგომარეობასა და უფლებებზე, ვინც ამჟამად ავღანეთში ყველაზე დაუცველია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოწოდებას შეუერთდა დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ესტონეთის პრემიერ-მინისტი კაია კალასი, ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, საბერძნეთის პრეზიდენტი ეკატერინი საკელაროპულუ, ლიეტუვის პარემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდენი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი.

საქართველოს პრეზიდენტს 24 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 24 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს: პარაგვაის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სეფერინო ვალდეს პერალტამ, სომალის ფედერალური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯამა აბდულაჰი მოჰამედიმ, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ოლე ეგბერგ მიკელსენიმ, ზიმბაბვეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მიეტანი ჩაუკემ, გვატემალის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ხაირო დავიდ ესტრადა ბარიოსიმ, ალბანეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კასტრიოტ რობომ, ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მოისეს მბა ნჩამამ, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბილალ ჰაიმ, მალტის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯორჯ ა. საიდ-ზამიტიმ, სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აცა იოვანოვიჩიმ, მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დრაგიცა პონორაციმ, კამბოჯას სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კიმ ჰენგ მეასიმ, ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმასაქართველოში კირსტი ნარინენიმ, ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარტინა ფინიმ, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მოსუდ მანანიმ, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სამი ასემ ღოშემ, მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შიეხ სიდ’აჰმედ ელ ბეკაიე ჰამადიმ, ბოსნია და ჰერცეგოვინას საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ადის ალაგიჩიმ, პორტუგალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჟაიმ ვან ზელერ ლეიტაომ, ბურკინა ფასოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბრაჰიმა სერემ, ანგოლას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჟოზე გონსალვეს მარტინს პატრისიომ, უზბეკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბახრომ აშრაფხანოვიმ, ფილიპინების რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარია ელენა პალო ალგაბრემ, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შინა ფატაი ალეგემ. "რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გახარია: კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვის მოვიდაო, ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი

"კალაძეს უთქვამს, "ვერ გავიგე რა უნდოდაო, რისთვის მოვიდაო", სამწუხაროდ, ეს ნათქვამი მაძლევს მე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ, ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ "TV პირველის" ეთერში განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, კალაძესთან შეხვედრით მას უნდოდა პატივი ეცა იმ წლებისთვის, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ და ეს მისთვის "ღირებულებების და ფასეულობების თემაა". "მე დღისით, მზისით, დაახლოებით 11 საათზე მივედი ღიად, მერიაში, 21-ე სართულზე კალაძესთან მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, გამეფრთხილებინა, რომ დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის. ეს იყო და ეს, ამის იქით საერთოდ არაფერი არ ყოფილა...ჩემთვის ეს იყო უბრალოდ პატივისცემა იმ წლების თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა. ეს ჩემი პრინციპია, ეს ჩემი ფასეულობები იყო და მე ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი" ,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ჟურნალისტის კითხვას, ჩააყენა თუ არა საქმის კურსში კახა კალაძე მაშინ, როდესაც პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა, გახარიამ უპასუხა: "პრემიერობიდან რომ წავედი, კალაძე საქმის კურსში არ ჩამიყენებია და არც უნდა ჩამეყენებინა, თუმცა პრემიერობიდან რომ წავედი, სწორედ იგივე პრინციპით, იგივე ფასეულობით გავაკეთე ის ზარი, რომელიც გავაკეთე ბიძინა ივანიშვილთან. სწორედ იმიტომ, რომ არ მინდოდა მასაც ტელევიზორიდან გაეგო ჩემი გადადგომის შესახებ". "ეს მხოლოდ ფასეულობების თემაა. ზოგიერთს ეს არ ესმის. მე არ მინახავს, უბრალოდ, შეიძლება, ვცდები, მაგრამ ძაან გული დამწყდა, თუ ეს სიმართლეა, თურმე კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვსი მოვიდა, რა უნდოდაო. ეს ნათქვამი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ალბათ მართლა შევცდი და ტყუილად მივედი", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ამავე თემაზე: კახა კალაძე: შევხვდი გახარიას, მან მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატობას, ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო კახაბერ ქემოკლიძე თბილისის მერისა და ყოფილი პრემიერის შეხვედრაზე: კარგია, რომ ეს სტანდარტი დაწესდა

ენტონი ბლინკენი: "თალიბანმა" უნდა შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ხაზი გაუსვა ბაიდენის ადმინისტრაციის მოლოდინს, რომ ავღანეთში "თალიბანის" მეთაურობით ჩამოყალიბებული ნებისმიერი მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედებს. როგორც ბლინკენ აღნიშნა, ასეთი ვალდებულებები მოიცავს მოგზაურობის თავისუფლების უზრუნველყოფას, ტერორიზმთან ბრძოლას, ქალთა და უმცირესობათა უფლებების პატივისცემასა და ანგარიშსწორების არდაშვებას. "ჩვენ ვუყურებთ რა ქმედებებს, რა პოლიტიკას ახორციელებს ავღანეთის ახალი მთავრობა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა ბლინკენმა. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს მოლოდინი, რომ ნებისმიერ მთავრობას, რომელიც ახლა ჩამოყალიბდება, "რეალური ინკლუზიურობა" ექნება. საბოლოო ჯამში, მოლოდინი არის ისეთი მთავრობის ხილვა, რომელიც შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

BBC: ინგლისში, შინაური ცხოველების გატაცება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

BBC-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც პანდემიისას, "ლოკდაუნის" დროს, მკვეთრად გაიზარდა შინაური ცხოველების ქურდობა, ინგლისში, შინაური ცხოველების გატაცება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. როგორც გამოცემა წერს, შინაური ცხოველის ქურდობა ახლა მფლობელის ქონების დაკარგვად ითვლება. თუმცა, პარლამენტარებს სურთ კანონით განსაზღვრონ ემოციური დისტრესი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს შინაური ცხოველის დაკარგვამ. გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს დაახლოებით 2 000 ძაღლი მოიპარეს. ანგარიშის თანახმად, პოლიციის მიერ დაფიქსირებული ცხოველების ქურდობის ათი შემთხვევიდან შვიდ შემთხვევაში ძაღლები გაუჩინარდნენ. ახალ კანონმდებლობაში სასჯელის სიმძიმე ჯერ არ არის ცნობილი. საქველმოქმედო ორგანიზაცია Dogs Trust- ის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის პირველი მასშტაბური ჩაკეტვის დროს, ძაღლების ხუთი ყველაზე ძვირფასი ჯიშის ღირებულება "მნიშვნელოვნად" გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში 89%-ით.

ბაიდენის ადმინისტრაციამ 65,3 მილიარდი დოლარის გეგმა წარადგინა, რომელიც პანდემიებისთვის მზადყოფნას ითვალისწინებს

ბაიდენის ადმინისტრაციამ 65,3 მილიარდი დოლარის ოდენობის გეგმა წარადგინა, რომელიც მიზნად მომავალი პანდემიებისთვის აშშ-ის მზადყოფნის სტრატეგიის გაუმჯობესებას ისახავს, რადგან ქვეყანა მზად არის ნებისმიერი მომავალი ბიოლოგიური საფრთხისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას TheHill-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლი 7-10 წლის განმავლობაში 65.3 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რათა ქვეყანამ "სწრაფად და ეფექტურად" მოახდინოს რეაგირება მომავალ ეპიდემიებსა და პანდემიებზე. ერიკ ლენდერმა, თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პოლიტიკის ოფისის (OSTP), განუცხადა ჟურნალისტებს, რომ "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" 15 -დან 20 მილიარდი დოლარით დაიწყოს ეს პროგრამა, რათა ამ „ძალისხმევას ბიძგი მიეცეს“. მისი თქმით, იმის გონივრული ალბათობა არსებობს, რომ კიდევ ერთი სერიოზული პანდემია შეიძლება მოხდეს, შესაძლოა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. "ხუთი წლის შემდეგ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები ინფექციური დაავადებების შესაჩერებლად, სანამ ისინი გახდებიან გლობალური პანდემიები, როგორიცაა COVID-19,"-თქვა მან და დასძინა: "არსებობს გონივრული ალბათობა იმისა, რომ კიდევ ერთი სერიოზული პანდემია, რომელიც შეიძლება იყოს COVID-19- ზე უარესი, მალე მოხდეს, შესაძლოა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. მომავალი პანდემია, სავარაუდოდ, არსებითად განსხვავდება COVID-19-ისგან. ასე რომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვირუსული საფრთხეების გამკლავებისთვის".

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 684 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 83

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2684 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 695 პაციენტი, 83 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 562 627 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 509 181, გარდაიცვალა 7732 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 308 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელ: 3 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.60%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 080, აჭარა - 212, იმერეთი - 262, ქვემო ქართლი - 224, შიდა ქართლი - 198, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 238, კახეთი - 232, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 45 688, საიდანაც: 7 061 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 068, აჭარაში - 856, იმერეთში - 1 088. მძიმე პაციენტი: 1 575, მათ შორის, თბილისში - 699, აჭარაში - 182, იმერეთში - 337. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 400 , მათგან თბილისში - 239, აჭარაში - 42, იმერეთში - 37. 2 453 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 - თბილისში, 791 - აჭარაში. 36 174 ინფიცირებული მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 99, ხოლო აჭარაში - 3. სულ 6 ოქტომბრიდან - 3 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 126 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 046 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 437 პირი, აჭარაში - 5 144, იმერეთში - 3 847.

NATO რუსეთს სამხედრო წვრთნების ჩატარებისას მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ღიად ისაუბროს "Zapad-2021"-ის სამხედრო წვრთნებისა და ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ, რადგან პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში მოსკოვის განზრახვებთან დაკავშირებით განგაში იზრდება. სტოლტენბერგის თქმით, "დასავლეთის" სახელწოდებით ცნობილი წინა სამხედრო წვრთნების ჩატარებისას, რომელიც NATO-ს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან მიმდინარეობდა, დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა, რუსეთი განგებ ზრდიდა წვრთნებში მონაწილე ტექნიკისა და სამხედროების რაოდენობას. "რაც ჩვენ ადრე ვნახეთ არის ის, რომ წვრთნებში მონაწილე ჯარების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება გამოცხადებულ რიცხვებს", - თქვა სტოლტენბერგმა და მოუწოდა მოსკოვს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რაც განსაზღვრულია ვენის დოკუმენტით (საერთაშორისო ხელშეკრულება ევროპაში სამხედრო წვრთნების შესახებ) "რუსეთი უნდა მოიქცეს პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გზით",- განაცხადა სტოლტენბერგმა. გავრცელებული ინფორმაციით, სწავლების ძირითადი ეტაპი 10 სექტემბერს დაიწყება. მასში რუსეთისა და ბალარუსის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. NATO-ს ინფორმაციით, რუსეთი 60-დან 70 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის ჩართვას გეგმავს წვრთნებში. რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ წვრთნებში 12 700 სამხედრო იღებს მონაწილეობას.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 454 486 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 670-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ჯამში 1 285 061 აცრა გაკეთდა. 1 დოზით ვაქცინირებულია 831 256 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.1% სრულად ვაქცინირებულია 454 486 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 15.9%

ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა

Deutsche Welle-ს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს, 8 სექტემბერს გერმანიას ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენი ავღანეთში არსებულ სიტუაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასთან და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. გერმანიაში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი შეხვდება ევაკუირებულ ავღანელებს და ასევე მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაში, რომელში 20-ზე მეტი ქვეყნის მინისტრები მონაწილეობენ. გერმანიაში ჩასვლამდე, სახელმწიფო მდივანი 5 სექტემბერს ყატარში ჩავა, სადაც გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობას შეხვდება.

ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში ხანძარია

ყვარელში, ე.წ ჩაგურგურას ხეობაში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი ის, თუ რა ტერიტორიაა დამწვარი. ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი უშლის ხელს.

ინსპექტორის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის კანონიერების შემოწმების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. უწყება მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავოს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე პირთა თვითნებური დარეგისტრირებისგან. "2021 წლის 3 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტით და ამავე ფაქტზე მოქალაქეთა მომართვით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრი დაარეგისტრირა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში - https://booking.moh.gov.ge/, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზის გაკეთების მიზნით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა სუბიექტის რეგისტრაციის პროცესის კანონიერების შემოწმება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავოს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ზემოაღნიშნულ სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე პირთა თვითნებური დარეგისტრირებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა პირთა უფლებების დარღვევა და ხელი არ შეეშალოს ვაქცინაციის პროცესის ადმინისტრირებას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, 3 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოვიდბარათი აიღო. "მთავარმა არხმა" კი საქართველოს პრემიერი ვაქცინის მეორე დოზაზე იმის საილუსტრაციოდ დაარეგისტრირა, რომ ეჩვენებინა, მას არ ჰქონდა კორონავირუსის მეორე აცრა გაკეთებული და შესაბამისად, კოვიდპასორტის აღების უფლება. ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდბარათი აიღო