ძებნის რეზულტატი:

ალექს მუნი: ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და საქართველოს აშშ-სთან მეგობრობისთვის

,,ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და მადლობა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებთან მეგობრობისთვის", - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს კონგრესის დელეგაცის წევრმა ალექს მუნმა წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის მონახულებისას განაცხადა. ,,ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მხარადამჭერ აქტს, რაც კონგრესის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას წარმოადგენს და ამით მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიასა და თავისუფლებას და რა თქმა უნდა ვგმობთ რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მადლობა გადავუხადოთ ქართველ სამხედროებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და მადლობა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებთან მეგობრობისთვის", - განაცხადა სენატორმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრები წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესმენებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. როგორც ცნობილია, დელეგაციის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და მის სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს გაეცნენ. ცნობისთის, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. კონგრესის დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამავე თემაზე: საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ

მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის პირველი მარტიდან გახდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ავრცელებს. პროექტის თანხმად, მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის. „მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის - AM კატეგორიის მართის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის პირველ მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის პირველი მარტიდან სავალდებულო“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს ის არის, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ცვლილებების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციაა, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი იქნება ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა ევროპული ქვეყნების მართვის მოწმობებში.

კახა კალაძემ ნარკოტესტის ჩააბარა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მან ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის გააკეთა. კალაძის განცხადებით, ტესტის "პასუხის მიხედვით, ყველანაირად სუფთაა". "ანალიზები ჩავიტარე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთე. პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, რომ გააკეთოს ანალოგიურად და საზოგადოებას შედეგები წარუდგინოს. მინდა მივმართო სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ უფლება აქვთ გაასაჯაროონ შედეგები და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს", - განაცხადა კახა კალაძემ. ამავე თემაზე: კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია

ალექსანდრე წივწივაძემ 18 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც პორტუგალიაში იმართება, 500 მეტრიანი დისტანცია მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა. როგორც ცნობლია, მეორე ადგილზე რუსი მაქსიმ კარატაევი გავიდა,რომელიც ალექსანდრე წივწივაძეს 0.27 წამით ჩამოჩა, ხოლო მესამე ადგილი მოლდოველმა მიჰაი ჩიჰაიამ დაიკავა. ცნობისთვის, ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონიცაა.

კვლევა: პანდემიის პერიოდში სკოლაში 1,5 მილიარდი ბავშვი არ დადიოდა

Guardian-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციის, Save the Children-ის ცნობით, COVID19-ის პანდემიის გამო, ქვეყნების ერთ მეოთხედში განათლების სისტემა კოლაფსის ზღვარზეა. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, განსაკუთრებით რთული ვითარებაა აფრიკის რეგიონში. კვლევის მიხედვით, პანდემიის პერიოდში სკოლაში 1,5 მილიარდი ბავშვი არ დადიო და, რომელთა ერთ მესამედს ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა, რის გამოც დისტანციურადაც ვერ სწვალობდნენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ახლა მსოფლიო პანდემიასთან ერთად სხვა კრიზისების წინაშეც დგას. მათ შორისაა უკიდურესი სიღარიბე, კლიმატიც ცვლილებები. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ კრიზისების ერთობლიობა აჩენს საფრთხეს, რომ განათლების გარეშე „მთელი თაობა“ დარჩება. კვლევაში ჩამოთვლილია რვა ქვეყანა, სადაც განათლების სისტემა უკიდურესი საფრთხის წინაშეა. მათ შორის არის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიგერია, სომალი და ავღანეთი. ანგარიშის ავტორებმა აღნიშნული დასკვნა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით გამოიტანეს. მათ შორის არის ცალკეულ ქვეყნებში აცრილი ადამიანების რაოდენობა, კლიმატის ცვლილებების კუთხით არსებული რისკები, ფიზიკური თავდასხმების რაოდენობა და სასკოლო ასაკის ბავშვების ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ანგარიშში დასახელებულია კიდევ 40 სახელმწიფო, რომელთა განათლების სისტემას ასევე ემუქრება საფრთხე. მათ შორის მოხვდა იემენი, ბურკინა-ფასო, ინდოეთი, ფილიპინები და ბანგლადეში.

აგვისტოს მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 52%-ით, რეისები რაოდენობა კი 69 %-ით აღდგა

პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აგვისტოს თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 52 % აღდგა. 2021 წლის აგვისტოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 45,922 მგზავრს მოემსახურა. (2019 აგვისტო - 87,969 მგზავრი). მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. აგვისტოს თვეში, აეროპორტში რეისების 69% აღდგა. ( 2021 აგვისტო - 188 რეისი, 2019 აგვისტო - 274 რეისი).საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ოპერირებს. ,,მოცემულ მომენტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამი ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს 19 მიმართულებით, მათ შორის ყაზახეთის 4 და ევროპის 15 მიმართულებით. აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულებული 188 რეისიდან 165 იყო რეგულარული ხოლო 23 ჩარტერული რეისი. 28 სექტემბრიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air დაამატებს კრაკოვის მიმართულებას ქუთაისიდან. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან ბაზარზე დაბრუნების/ახალი მიმართულების დამატების კუთხით. რის შესახებაც ცნობილი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. სექტემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 111 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 52 რეგულარული რეისი შესრულდება.

"დროას" წევრები, შადრევნის შეღებვის გამო, 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

პოლიტიკური პარტია "დროას" წევრები, ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე, მთავრობის ადმინისტრაციასთან შადრევნის წითლად შეღებვის გამო, 5000-5000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ავრცელებს. "უცნობმა რომ ბერლინის კედლის მონუმენტი დააზიანა, ხო გახსოვთ? აღშფოთებების მერე 1000 ლარით დააჯარიმეს. ნათია ლეთოდიანმა რომ შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად, 5000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, მაგრამ თავს კი იმაიმუნებთ მერიავ" - წერს ელენე ხოშტარია Facebook-ის გვერდზე. შეგახსენებთ, რომ "დროას" წევრებმა შადრევანი წითელი საღებავით "TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, პროტესტის ნიშნად შეღებეს.

ადგილობრივ არჩევნებს NDI-ის და IRI-ის საერთაშორისო მისიები შეაფასებენ

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შეფასების გრძელვადიანი, საერთაშორისო, მცირე ზომის მისიის დაწყება დააანონსა. შეფასების მისიას წინ უძღოდა NDI-ის მაღალი დონის შეხვედრების სერია, რომლის მიზანიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. ამასთან, NDI-ის ცნობით, შეხვედრების დროს ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა მხარე დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების პრინციპებს დაიცავს. NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი სამი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი ქართველი თანაშემწეებისგან შედგება. გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო გარემო, გენდერისა და ინკლუზიის საკითხები, აგრეთვე, COVID19-ის გავლენა არჩევნებზე. მომავალი თვეების განმავლობაში, NDI აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესების გაძლიერებაში და რეკომენდაციების შემუშავებისას გრძელვადიანი ანალიტიკოსების მიგნებებს დაეყრდნობა. გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 4 და 5 სექტემბერს ჩამოვიდნენ და საქართველოში კენჭისყრის დღის ჩათვლით დარჩებიან. საქართველოში ყოფნის პერიოდში ისინი სოციალურ დისტანციასა და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ყველა სხვა ზომას დაიცავენ. „NDI-ის საერთაშორისო მცირე ზომის მისია საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების საერთაშორისო მისიას იწყებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტუტიც (IRI). მისიის ფარგლებში, 6 კვირის განმავლობაში, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებთან პარტნიორობით, მოწვეული ექსპერტ/ანალიტიკოსები შეაფასებენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდს. ცნობისთვის, ეუთომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გახსნა. ამავე თემაზე: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის

ეკატერინე ტიკარაძე: სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის უწყება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მხარს უჭერს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ერთერში განაცხადა. "სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას, როგორც ამას მოქალაქეებს დავპირდით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მათ გადაადგილება შეძლონ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხვალ მოვისმენთ შრომითი ინსპქციის მხრიდან იმ ეფექტური ღონისძიებების შესახებ, რომელიც შეიძლება გატარდეს სატრანსპორტო საშუალებებში, რათა იქ არ მოხდეს გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ საწყისს, საკმაოდ ცუდ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით,"- განაცხადა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე იმოქმედებს. ამავე თემაზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

ამირან გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები უმცირესობაში ვართ. პოლიტიკა ეპიდსიტუაციასთან შედარებით მაღლა დადგა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების და რეგულაციების შემსუბუქება ნაადრევად მოხდა. მისივე თქმით, თავის მხრივ მოსახლეობამაც არ დაიცვა რეგულაციები. ამის შესახებ მან ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში განაცხადა. ,,სამწუხაროდ, შეზღუდვები შევამსუბუქეთ იმის გამო, რომ ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი და ადამიანთა ყოფა მძიმე მდგომარეობაში იყო. გეთანხმებით, რომ ნაადრევად მოხდა შემსუბუქება შეზღუდვებისა და გარკვეული რეგულაციების. მეორე მხარე არის თვითონ ჩვენი ქცევა, მოსახლეობის, რომ ჩვენ სამწუხაროდ, არ ვართ კანონმორჩილი ხალხი", - განაცხადა გამყრელიძემ. კითხვაზე არის თუ არა რეგულაციების შემსუბუქება პოლიტიკასთან დაკავშირებული, NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩევნები ეპიდსიტუაციის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. ,,არჩევნები თამაშობს როლს ეპიდსიტუაციის განვითარებაშიან დამძიმებაში. არჩევნები არის დაკავშირებული დიდ მობილობასთან. ამ საკითხზე იმსჯელონ პოლიტიკოსებმა. საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები ჩვენ ვართ უმცირესობაში", - განაცხადა გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძე ამბობს დღეს, პოლიტიკა ეპიდსიტუაციასთან შედარებით მაღლა დადგა. ,,ქვეყანაში ეპიდსიტუაციასთან შედარებით პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა , იმიტომ, რომ შარშან, გაზაფხულზე იყო მეტი სოლიდარობა. დღეს, სამწუხაროდ, კოვიდის თემა არის მთავარი საგუნდაო თემა პოლიტიკურ პარტიებს შორის. მე გუშინაც და რამდენიმე დღის წინათაც მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მათი შეხვედრები დაიწყოს აცრების თემებით იმიტომ, რომ აცრებზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასრულება, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და ის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას", - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, შარშან ჯანდაცვის სისტემას, რომ ათასობით ინფიცირებული ჰყოლდა, სისტემა ვერ გაუძლებდა და ჩამოიშლებოდა. ,,შარშან გაზაფხულზე ჩვენ რომ გვყოლოდა სამი, ოთხი ათასი ინფიცირებული დღეში ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშლებოდა. ჯანდაცვის სისტემას ამას ვერ გაუძლებდა, ერთ კვირაში ჩამოიშლებოდა. მერე დაიქოქა საკმაოდ სერიოზულად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ფუნქციონირების დაწყებას აანონსებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ფუნქციონირებას მალე დაიწყებს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მშენებლობა თითქმის დასრულებულია. მედიაში გავრცელებული ბოლო ცნონებით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ გაზპრომმა უნდა გაყიდოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაზსადენი ევროპის კონკურენციის სტანდარტების შესაბამისად. Frankfurter Allgemeine Zeitung-ი ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია: ევროკომისია მიიჩნევს, რომ გაზპრომმა უნდა გაყიდოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ შეგახსენებთ, რუსულ „გაზპრომს“ გერმანიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სიმძლავრის 100%-ის გამოყენებაზე უარი უთხრა, რის გამოც რუსულმა გაზპრომმა შეიძლება ვერ გამოიყენოს გაზსადენის სიმძლავრის ნახევარზე მეტი. ამის შესახებ გერმანიის სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. დიუსელდორფის უმაღლესმა რაიონულმა სასამართლომ უარყო Nord Stream AG- ის საჩივარი გერმანული მარეგულირებლის წინააღმდეგ და უარი თქვა ევროკავშირის დებულებიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2-თან დაკავშირებული რეგულაციის ამოღებაზე. რუსული გიგანტის Gazprom- ის შვილობილი კომპანია, შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream AG-ი ცდილობდა, გაეპროტესტებინა გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რათა ევროკავშირის ე.წ. საგაზო დირექტივის მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლებულიყო. Nord Stream 2 AG-ი ახლა დამოუკიდებელ ოპერატორად რეგისტრაციას ითოვს. „თუმცა ევროკომისია, რომელიც დაჟინებით მოითხოვს ენერგეტიკული კანონმდებლობის უშუალო დაცვას, მიიჩნევს, რომ გაზპრომს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა მილსადენის გაყიდვისა“, - აცხადებენ გერმანული მედიის წყაროები. დამოუკიდებელ კომპანიად რეგისტრირება გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობას მოითხოვს, რომელმაც უნდა შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა პროექტი საფრთხეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. პრობლემები შეიძლება დაიწყოს, თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, ეკონომიკური და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს პორტფელს „მწვანები“ ჩიბარებენ, რომლებიც მტკიცედ ეწინააღმდეგებიან რუსულ მილსადენს. Forsa-ს უახლესი გამოკითხვის თანახმად, მწვანეებს აქვთ 19%-იანი მხარდაჭერა, ხოლო კანცლერ ანგელა მერკელის მმართველ CDU/CSU ბლოკს - 22%, ის ჩამორჩება გერმანიის სოციალ - დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც 23% პირველად აქვს 15 წლის განმავლობაში. აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს ცნობისთვის, სპეციალური საგაზო დირექტივები, რომელიც ევროკავშირმა 2009 წელს მიიღო, გაზსადენის მფლობელ კომპანიას ავალდებულებს, განაცალკევოს გაზის მომწოდებელი კომპანია და ტრანსპორტირების ოპერატორი, ასევე გაზსადენის სიმძლავრეებზე უზრუნველყოს მესამე მხარის წვდომა და ტრანსპარენტული და დისკრიმინაციული მიდგომისგან თავისუფალი ტარიფები. ამ დირექტივების შესასრულებლად გაზპრომმა გაზსადენის სიმძლავრის მხოლოდ 50% უნდა გამოიყენოს, დანარჩენი სიმძლავრეები მესამე მხარეს უნდა გადასცეს. ახლა კი გაზის მიმწოდებელ Nord Stream AG-ს მოუწევს, იყოს გაზსადენის დამოუკიდებელი გამტარი. შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული „გაზპრომის“, გერმანული Uniper-ისა და Wintershall Dea-ს, ასევე ანგლო-ჰოლანდიური Shell-ის, ავსტრიული OMV- ისა და საფრანგეთში მდებარე Engie-ის ერთობლივი პროექტია.

ეკატერინე ტიკარაძე: დაავადება ნამდვილად უკან იხევს, პროგნოზი არის ძალიან კეთილსაიმედო

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელებამ იკლო, გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ასევე აღინიშნება დადებითობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირებაც. "დაავადება ნამდვილად უკან იხევს. გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური, რისი მოლოდინიც როგორც ეპიდემიოლოგებს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა წარმომადგენელს გვქონდა და შესაბამისად, სწორედ ამ მოლოდინებიდან გამომდინარე იყო წარდგენილი ეს რეკომენდაციები საბჭოზე, რასაც საბჭო საბოლოო ჯამში დაეთანხმა. დღესდღეობით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაკვირდებით კოეფიციენტის მნიშვნელოვან კლებას, რაც სპეციალისტებისთვის აღნიშნავს იმას და მოლოდინს ქმნის, რომ ინფექცია მნიშვნელოვნად უკან დაიხევს. ასევე გვაქვს დადებითობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ასევე ინფექციის გავრცელების უკან დახევაზე მიუთითებს. პროგნოზი არის ძალიან კეთილსაიმედო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შემდეგ საბჭოზე უკვე ვიმსჯელოთ სხვა დამატებითი ეფექტური ღონისძიებების გატარებაზე, იქნება ეს გახსნითი ღონისძიებები თუ დამატებით კიდევ გარკვეული უფრო ეფექტური რეგულაციების დაწესება"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ამავე თემაზე: ეკატერინე ტიკარაძე: სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას საქართველოში კორონავირუსი 1120 ადამიანს დაუდასტურდა, 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში პრემიერის მასპინძლობით იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და კონგრესმენთა საქართველოში ვიზიტი ქვეყნებს შორის მზარდი თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. "საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის" თანასპონსორები არიან, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისთვის. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, არაღიარების პოლიტიკის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ მიზნით, მთავრობა მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში და მზად არის, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მიიღოს. შეხვედრაზე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორად რეგიონში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის, უწყვეტი პროვოკაციების და „ბორდერიზაციის“ კონტექსტში კონგრესმენების ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სამშვიდობო ოპერაციებში. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესის განხორციელებაში. განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობები. აღინიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს აშშ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებისა და გაღრმავების მიზნით. კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).კონგრესმენები კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს წარმოადგენენ. ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული სან-დიეგოში მელორ წიფურია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლია დაესწრნენ", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. ამავე თემაზე: ამერიკელი კონგრესმენები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები ალექს მუნი: ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და საქართველოს აშშ-თან მეგობრობისთვის

კონგრესმენი ალექს მუნი: გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს

ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს, - ამის შესახებ კონგრესმენმა ალექს ქსავიერ მუნმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრად საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად იმყოფება. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაგვაცნო ინფორმაცია გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის, მშვიდობისა და მეზობლების დახმარების კონტექსტში. ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკური რეფორმების შესახებ. საუბრისას შევეხეთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობის, მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს. ეს სრულად გვაქვს გაცნობიერებული და აქ საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად ვართ. გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს“, - აღნიშნა კონგრესმენმა. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა ამერიკელი კონგრესმენები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები ალექს მუნი: ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და საქართველოს აშშ-თან მეგობრობისთვის

UNICEF: პანდემიის პირობებში სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო რაც დაიხურება

"სკოლები ცენტრალურ როლს თამაშობს ბავშვის განვითარების, უსაფრთხოების და კეთილდღეობის საკითხში", - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის ასპექტი, რომელიც ბავშვისთვის აუცილებელია - სწავლა, დაცვა, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და სხვა. პანდემიის პირობებში სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო - რაც დაიხურება", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას AFP ავრცელებს. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - სეზარის გამარჯვებული, კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, "ტოცილიზუმაბის" ე.წ შავ ბაზარზე გაყიდვასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ "ტოცილიზუმაბის" ე.წ. შავ ბაზარზე გაყიდვასთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ კლინიკებში მიმდინარეობს მოკვლევა. "მოკვლევა დაწყებულია ამასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეაგირებაც იქნება. ჯანდაცვის სამინისტრომ გამართა გაფართოებული შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან, სადაც მათ კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ მარტივი კანონდარღვევაა, როცა პაციენტების ახლობლებს ვუბიძგებთ შეიძინონ მედიკამენტები დაახლოებით, 4-ჯერ, ან 5-ჯერ უფრო ძვირად შავ ბაზარზე, რაც ბადებს არასასიკეთო ეჭვს კლინიკების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს ასე არ იყოს, თუმცა არის ერთეული ფაქტები და ამით გამოძიება აუცილებლად დაინტერესდება", - განაცხადა ტიკარაძემ. ჟურნალისტის კითხვას, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი კლინიკების მხრიდან ფინანსურ დაინტერესებას, მინისტრი პასუხობს: "დიახ, სავარაუდოდ. კლინიკებს აქვთ შესაძლებლობა ეს კონკრეტული მედიკამენტი შეიძინონ 1000 ლარად, ხოლო შავ ბაზარზე ის იყიდება 5000 ლარად. ძალიან მაღალია ეჭვია იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიდის ეს 4 000 ლარი". ამავე თემაზე: რა გახდა „ტოცილიზუმაბის“ დეფიციტის მიზეზი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება თამარ გაბუნია: "ტოცილიზუმაბი" პაციენტის ოჯახმა არ უნდა იყიდოს, არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს

საფრანგეთი უცხოელებს საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ ჩატარებული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანაცვლოდ მათი სანიტარული პასპორტი მიიღონ

საფრანგეთი უცხოელებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ ჩატარებული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანაცვლოდ მიიღონ საფრანგეთის მიერ გაცემული QR კოდიანი სანიტარული პასპორტი (pass sanitaire), რომლის წარდგენაც სავალდებულოა საზოგადოებრივ დაწესებულებებში (მუზეუმი, თეატრი, რესტორანი და ა.შ.), საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია უცხოელთათვის, ტურისტებისათვის, ასევე, სტუდენტებისთვის, რომლებიც საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიემგზავრებიან სასწავლებლად. უცხოური კოვიდ სერტიფიკატის ფრანგულ სანიტარულ პასპორტზე (pass sanitaire) გადასაცვლელად, პირმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები: უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის; უნდა იყოს აცრილი ერთ-ერთი შემდეგი ვაქცინით: Pfizer, Moderna, AstraZeneca, Janssen (Johnson&Johnson) და ფლობდეს ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს; ვაქცინის მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს 7 დღე მაინც. Johnson&Johnson-ის შემთხვევაში კი 4 კვირა პირველივე დოზიდან; ვაქცინაციიდან 7 დღის გასვლის შემდეგ, თუ თქვენ გადატანილი გაქვთ Covid-19 და მიღებული გაქვთ ზემოხსენებული რომელიმე ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა; უკვე უნდა იმყოფებოდეს საფრანგეთის ტერიტორიაზე ან მიემგზავრებოდეს საფრანგეთში 2021 წლის 5 სექტემბრამდე. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სტუდენტებზე. სტუდენტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etudiants საფრანგეთის ტერიტორიაზე 5 სექტემბრის შემდეგ შესულ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ეტაპობრივად გამოქვეყნდება. როგორ უნდა მოითხოვოთ კოვიდ სერტიფიკატის გადაცვლა? სერტიფიკატის გადაცვლისათვის უნდა შეივსოს შემდეგი ვებ-გვერდი (სტუდენტების გარდა): https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etrangers საფრანგეთში ჩარიცხული სტუდენტებისათვის: https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etudiants ონლაინ მოთხოვნის გაგზავნისას, აუცილებელია ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება, სადაც პირი მიიღებს ფრანგულ სერტიფიკატს, QR კოდით. დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ამობეჭდილი ფორმით ან მობილურ აპლიკაციაში TousAntiCovid დამატებითა და გააქტიურების გზით. დაუშვებელია ფორმულარის რამდენიმე პირზე ერთად შევსება. ყველა განაცხადი უნდა შეივსოს ცალ-ცალკე. განაცხადის განხილვის ვადა დადგენილი არ არის, რეკომენდირებულია ელექტრონული ფოსტის ხშირად შემოწმება. გასათვალისწინებელია, რომ პასუხი შესაძლოა მოვიდეს ე.წ. spam განყოფილებაში. ფრანგული სანიტარული პასპორტის მოპოვებამდე, საზოგადოებრივ დაწესებულებებზე წვდომა შესაძლებელია ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის გზით.

დავით ზალკალიანი: კონგრესმენთა ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას

კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კონგრესმენთა დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს. „შეხვედრა გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უაღრესად წარმომადგენლობით დელეგაციასთან. ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. ვიზიტის დროც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და სწორდ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. აღინიშნა, რომ საქართველო არის აშშ-ის ყველზე სანდო პარტნიორი რეგიონში და აუცილებელია თანამშრომლობის განვითარება ყველა იმ ძირითადი მიმართულებებით, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, პოლიტიკური სფერო თუ ვაჭრობა და ეკონომიკა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს და მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში. ჩვენი მდგრადობის განვითარებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმ აგრესიისა და ოკუპაციის ფონზე, რაც დაკავშირებულია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ჩვენ რა თქმა უნდა, მივიღეთ რწმუნება, რომ აშშ მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის მხარდაჭერა, რომელიც აშშ-ს ჰქონდა ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში და ის წვლილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა შეიტანა ამ პროცესში. ვისაუბრეთ ასევე რეგიონული გამოწვევების შესახებ და იმ მედიაციის პროცესზე, რომელიც განვითარდა რეგიონში ბოლო პერიოდში, ესკალაციის შემდეგ და იმ მედიაციის როლზე, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება

17-25 სექტემბერს ესპანეთში გაიმართება სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი. იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ა-კლასის კინოფესტივალია, რომელიც 1953 წლიდან იმართება და ყოველწლიურად საავტორო კინოს 200-250 ნამუშევარს სთავაზობს ფესტივალის სტუმრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, წელს სან-სებასტიანის კინოფესტივალზე საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი ინდუსტიული კუთხით. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში, 19-23 სექტემბერს, გაიმართება ღონისძიება FOCUS ON GEORGIA, სადაც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. ფესტივალზე გაემგზავრება 10 ქართველი პროდიუსერი საინტერესო საქმიანი შეხვედრების გასამართად და უცხოელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. FOCUS ON ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კოპროდუქციის ფორუმის ნაწილია. წელს ღონისძიება ხორციელდება სან-სებასტიანის კინოფესტივალისა და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ სან-სებასტიანის კინოფესტივალის ინიციატივა WIP Europa-ს ფარგლებში ქართველი რეჟისორი დავით ფირცხალავა თავისი ფილმის პროექტს წარადგენს სახელწოდებით “დიდი შესვენება”. ფილმს უკვე მიღებული აქვს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება. ცნობისთვის, წელს სან-სებასტიანის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე იქნება ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი.