ძებნის რეზულტატი:
დავით ზალკალიანი ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფთს შეხვდა, რომლის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან სტილი (ვისკონსინი), კელი არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონ ესტესი (კანზასი). ამის შესაებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრისას განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და დინამიური თანამშრომლობ ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მათივე ცნობით, დელეგაციაში შემავალი კონგრესმენების უმრავლესობა 2021 წლის თებერვალში წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორია. „ვიზიტი საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით იმართება. მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, აშშ-ის კონგრესის განსაკუთრებული როლი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში და შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები. დავით ზალკალიანმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში კონგრესმენების ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული გარემოს ფონზე და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში თანასპონსორობის გამო, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერას და თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე, მადლიერებით აღინიშნა აშშ-ის თანმიმდევრული მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში. დავით ზალკალიანმა შეხვედრისას კონგრესმენებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მცოცავი ანექსიისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის საქმეში. კონგრესმენებმა, რომელთაც ვიზიტის ფარგლებში უკვე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაესვა აშშ-ის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანი როლი ავღანეთში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესში. თავის მხრივ, კონგრესმენებმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატეს საქართველოს წვლილისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში . კონგრესმენებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წახალისების კუთხით. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, განაგრძონ მუშაობა აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით. კონგრესმენების ვიზიტის ფარგლებშია, ასევე, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინიტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინიტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან. შეხვედრები, ასევე, გაიმართება საქართველოს პარლამენტში",- აღნიშნულია ინფორმაციაში. ამავე თემაზე: საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები კონგრესმენი ალექს მუნი: გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა ამერიკელი კონგრესმენები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
თურქეთში კორონავირუსის "მიუ" შტამის 2 შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში კორონავირუსის "მიუ" შტამის 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთში კორონავირუსის დელტა და დელტა+ შტამები ცირკულირებს. მისი თქმით, თურქეთი აკვირდება სიტუაციას და ამ დროისთვის ახალი ზომების მიღება არ განიხილება. ცნობისთვის, "მიუ" შტამი პირველად კოლუმბიაში 2021 წლის იანვარში დაფიქსირდა. ეს შტამი ჯერჯერობით 39 ქვეყანაში არის დაფიქსირებული და ბოლო დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კლასიფიცირებულია როგორც "ინტერესის ვარიანტი". ამავე თემაზე: ჯანმო COVID19-ის ახალი ვარიანტს აკვირდება ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი ამერიკისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს ენტონი ფაუჩი: „მიუ“ ვარიანტს აქტიურად ვაკვირდებით
დონბასის კრიზისზე მოლაპარაკებებში აშშ ჩაერთვება - უკრაინის ვიცე-პრემიერი
შეერთებული შტატები დონბასის კრიზისის დარეგულირების პროცესში მონაწილეობას მიიღებს, განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინმა. მანვე აღნიშნა, რომ ახლა მოლაპარაკებები გაიმართება არამხოლოდ ნორმანდიის ფორმატში, არამედ უფრო ფართო ფორმატში, რომელშიც შეერთებულ შტატებიც მიიღებს მონაწილეობას. „არ შემიძლია დეტალებზე საუბარი, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებული შტატები ხედავს თავის მთავარ როლს დონბასში კონფლიქტის მოგვარებასა და ყირიმის დაბრუნების საკითხში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს თვეებში არაერთი ვიზიტი შედგება. იქნება დისკუსია საგარეო საქმეთა მინისტრების, უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე “, - განაცხადა სტეფანიშინმა უკრაინული არხის ეთერში. მისი თქმით, შეერთებული შტატები მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესებში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სფეროსთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო პირველ სექტემბერს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფოს შესახებ გამოაცხადა. აშშ აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. უკრაინელი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრა უკრაინა-ამერიკის ურთიერთობებში გარღვევა იყო. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლპოდიმირ ზელენსკიმ აპრილში განაცხადა, რომ დონბასის კრიზისზე მოლაპარაკებებში აშშ-ის, კანადის და დიდი ბრიტანეთის ჩართვა სურს. მისი თქმით, არსებობს ორი ვარიანტი, პირველი გულისხმობს მინსკის ფორმატის შეცვლას, ან ჩასწორებას. მეორე კი, სხვა ფორმატის განხილვის შესაძლებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, მინსკის პროტოკოლს, რომლის მიზანიც დონბასში ომის დასრულება, ხელი 2014 წელს მოაწერეს უკრაინამ, რუსეთმა, ეუთომ და უკრაინის სეპარატისტულმა რეგიონებმა, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ.
გვინეაში სამხედრო გადატრიალება რუსი მაგნატის ოლეგ დერიპასკას „ალუმინის იმპერიას“ საფრთხეს უქმნის
გვინეაში სამხედრო გადატრიალება რუსი მაგნატის ოლეგ დერიპასკას „ალუმინის იმპერიისთვის“ შესაძლოა, მტკივნეული დარტყმის მიზეზი გახდეს. ალუმინის უმსხვილესმა მწარმოებელმა Русал-მა შესაძლოა, მისი პროდუქციის მესამედი დაკარგოს, რადგან ის გვინეიდან მარაგდება. განუცხადა წყარომ „რია ნოვოსტის“. გვინეა, სადაც მოსახლეობის 43% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბოქსიტის რეზერვებით, რაც მსოფლიო წარმოების 20%-ს უზრუნველყოფს, ნედლი მასალის 45%-ს კი რუსულ კომპანიას აწვდის. ”პრაქტიკულად არ არსებობს სხვა წყარო, რომელიც ანაზღაურებს ამ დანაკარგებს, რადგან რუსეთში არ არის ბოქსიტის ახალი საბადოები", - განუცხადა წყარომ რია ნოვოსტის. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო RBC წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კონაკრის პორტში (გვინეის დედაქალაქი), „რუსალისთვის“გადაზიდვები 5 სექტემბრიდან უკვე შეჩერებულია. გვინეაში განვითარებული მოვლენების გამო, ალუმინის ღირებულებამ 2008 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია (ტონაზე 2,761 ათასი დოლარი). ცნობისთვის, გვინეაში შეიარაღებულებმა სამხედრო გადატრიალების დაწყების შესახებ განაცხადეს და ქვეყნის პრეზიდენტი ალფა კონდე დააპატიმრეს. სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ გადატრიალებას არმიის ელიტური დანაყოფი უწევს ორგანიზებას, რომელსაც ყოფილი ფრანგი ლეგიონერი, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი მამადი დუმბოია ხელმძღვანელობს. BBC-ის ცნობით, სამხედროების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს „შერიგებისა და განვითარების ეროვნულ კომიტეტს“ უწოდებს, აცხადებს, რომ გვინეის კონსტიტუცია გაუქმებულია და ახალი, უფრო ყოვლისმომცველი კონსტიტუციისთვის კონსულტაციები იწყება. სამხედროების ნაწილმა სატელევიზიო მიმართვისას ქვეყნის პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა. ამბოხებული სამხედროების განცხადებით, გადატრიალების მიზეზი ყოვლისმომცველი კორუფცია, არასწორი მართვა და სიღარიბეა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხვალ ეწვევა
8-9 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს. ამავე თემაზე: საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა
პირველკლასელები საკლასო ოთახებში სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების სამინისტრო აცხადებს. „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რაც შეეხება კერძო სკოლებს, მათ აქვთ არჩევანის საშუალება, სურვილის შემთხვევაში, პირველკლასელთა სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში დაიწყონ, 4 ოქტომბრიდან კი იმოქმედებენ საჯარო სკოლებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. მსგავსი წესი გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზეც. „საკოორდინაციო საბჭო შემდეგ გადაწყვეტილებაზე 4 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით იმსჯელებს. ასევე, 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წინა სემესტრის მსგავსად ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მოქნილ სისტემას შესთავაზებს სასკოლო საზოგადოებას. კერძოდ, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის. ცხადია, ეს გადაწყვეტილება ვრცელდება პირველკლასელებზეც“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში. ამავე თემაზე: ოქტომბრის დასაწყისში მაღალმთიანი რაიონებისა და სოფლების დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება
პარლამენტმა კოვიდრეგულაციების დამრღვევებისთვის ამნისტია დაამტკიცა
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტები, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” პროექტი მიზნად ისახავს 2021 წლის 23 ივნისამდე ჩადენილ ყველა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისა და სახდელისგან პირების გათავისუფლებას, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას მოიცავს. რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ პროექტს, ის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამავე თემაზე: კოვიდრეგულაციების დამრღვევებს ამნისტია შეეხებათ
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
126 ხმით, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისთვის დაწესებული პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხამდე მცირდება. ასევე ცვლილებების მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი; საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი უნდა ყოფილიყო ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ამჟამად ანულირებულია, ასევე გათვალისწინებული იყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, თუმცა რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტიდან, გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ ძალას არ სურს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებზე პოლიტიკური კონტროლის შემცირება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საქართველომ $286 მლნ-ის სარეზერვო აქტივები მიიღო
საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საქართველომ $286 მლნ-ის სარეზერვო აქტივები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. „Covid-19 - ის პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ფინანსური გამოწვევების წინაშე დააყენა. წევრი ქვეყნების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისა და კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) მიმდინარე წელს ნასესხობის სპეციალური უფლების (SDR - Special Drawing Rights) განაწილების ახალი წესი დაამტკიცა და ქვეყნებს შორის 650 მლრდ აშშ დოლარის (დაახლოებით 456 მლრდ SDR) ოდენობის გადანაწილება გააკეთა. SDR - ის აღნიშნული განაწილება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შევიდა ძალაში. 650 მლრდ აშშ დოლარიდან დაახლოებით 275 მლრდ აშშ დოლარი (დაახლოებით 193 მლრდ SDR) განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის დაბალშემოსავლიან ქვეყნებში განთავსდა. ამ განაწილებაში საქართველოს 202 მლნ SDR ერგო, რაც დაახლოებით 286 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტია და დღეს გამოქვეყნებულ საქართველოს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვების სტატისტიკაშიც აისახა. ეს ოპერაცია ზრდის ქვეყნის მთლიან საერთაშორისო რეზერვებს და, შესაბამისად, კრიზისის წინააღმდეგ ფინანსურად უფრო მდგრადს ხდის. SDR - ის ფლობა ქვეყანას საშუალებას აძლევს საერთაშორისო რეზერვების შესავსებად უფრო ძვირადღირებული საშინაო ან საგარეო ვალის აღება შეამციროს. ამავე დროს, SDR ქვეყნის უპირობო ვალდებულებაა. ის საგადასახდელო ბალანსის აქტივებში აღირიცხება, ერთი მხრივ, როგორც სარეზერვო აქტივი, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც გრძელვადიანი ვალდებულება. SDR - ის აღნიშნული განაწილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წევრი ქვეყნებისთვის, მიმდინარე პანდემიური ვითარების და გლობალური კრიზისის დაძლევის პროცესში, გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დასტურია. ასეთი განაწილებები მსოფლიოს ფინანსურ სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტან მოვლენებად განიხილება. წინა მსგავსი განაწილება 2009 წელს მოხდა, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნებისთვის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად 250 მლრდ აშშ დოლარის ექვივალენტი SDR განათავსა. განაწილების ამ რაუნდის დროს, საქართველომ 144 მლნ SDR (225.5 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი) მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მესამე წარუმატებლობა ამ ორი თვის განმავლობაში
დღეს, პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებას ავრცელებს. „დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა რიგ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შემდეგ იყო წარდგენილი. სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით. ცვლილება შეეხებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს, რომელიც მიზნად ისახავდა მარტივი უმრავლესობის კვალიფიციურ უმრავლესობამდე გაზრდას დანიშვნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის რისკის შესამცირებლად. ეს იყო კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ხარისხის გაზრდას. პრინციპები, რომლებიც ამ ცვლილებას საფუძვლად ედო, ვენეციის კომისიის დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რეკომენდაციას ასახავდა. „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ, რომ მან 28 ივლისს საჯაროდ აიღო განახლებული ვალდებულება იმისა, რომ სასამართლო რეფორმების განახორციელება და ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიიღება მაინც მოხდებოდა. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, ისევე როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ დანიშვნებს, ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“. წინა კვირას, ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების არგადახდის კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ამრიგად, საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით დღევანდელ ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში გარანტიების გაძლიერებას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად. ვიმეორებთ - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. ამავე თემაზე: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
რა ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრისას ოპოზიციის ლიდერებმა კონგრესმენებს
საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ „ევროპული საქართველოს“, „ლელოსა„ და „დროას“ ლიდერები. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა პრობლემას, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდს, მედიას, რუსეთს. „იყო საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ქვეყნის ბედისთვის, პირველ რიგში ეს არჩევნები ეხება ამ ქვეყნის კურსს, გავაგრძელებთ დასავლეთისკენ სვლას თუ დავბრუნდებით რუსეთის წიაღში, ყველა პრობლემაზე იყო საუბარი, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. მედიასთან დაკავშირებით, ძალაუფლებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აინტერესებდათ რუსეთთან მიმართებით ქვეყანას ახლა რა მდგომარეობა აქვს და რა განსხვავებაა არსებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, განსახილველ საკითხებში იყო 5 ივლისის მოვლენები, მედიაზე ზეწოლა, საქართველოს პროდასავლური კურსის საფრთხის ქვეშ არსებობა, ამერიკული და დასავლური დახმარების ფეხქვეშ გათელვა. „ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ოქტომბრის რეფერენდუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლის მიუხედავად, 43% არსად გამქრალა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა რუსეთის გავლენის ზრდის თემაზე გაამახვილა ყურადღება. „მთავარი საკითხი კონგრესმენების ამ დელეგაციასთან იყო მაინც რუსეთის გავლენის ზრდა და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს რუსეთის მეტ გავლენას. 5 ივლისის მოვლენები, როდესაც რუსეთთან ღიად დაკავშირებულ ექსტრემისტებს უბოძა დაუსჯელობის გარანტია ღარიბაშვილმა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის დე ფაქტო, მნიშვნელოვანი ეროზია. ბევრნაირად შეიძლება ამ გავლენის გაზომვა. ამ კონგრესმენებს წინა პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ ჰქონიათ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმგვარად წარმოჩენა რეალობისა, რომელიც მათთვის უფრო გასაგებად წარმოაჩენდა მთელ კონტექსტს, რომ საით მიექანება, საით მიათრევს „ქართული ოცნება“ საქართველოს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა. თავის მხრივ, „დროას" ლიდერი აცხადებს, რომ საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ ძლიერდება რუსეთის გავლენა საქართველოში. „ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე რაც არის არჩევნებთან დაკავშირებული, სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებული, დემოკრატიასთან დაკავშირებული და საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე, თუ როგორ ძლიერდება აქ რუსეთის გავლენა. მათ დიდი ინტერესი აქვთ, თუ საით მიდის საქართველო", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საუბარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემაზე. „ავუხსენით, რომ ქვეყანა დგას გზის გასაყარზე, რომ დასავლეთის ვექტორს ექმნება პრობლემა. ასევე ავუხსენით ის მძიმე მდგომარეობა, რაც უცხოურ პირდაპირ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ ამერიკული კომპანიების შესახებ, რომლებიც ანაკლიის პროექტში იყვნენ ინვესტირებულები და შესაბამისად, მათი ინვესტიცის ექსპროპირება მოხდა. ისინი დაინტერსდნენ ამ საკითხით და გაყვებიან ამ თემას. დარწმუნებული ვარ, პესრონალური სანქციები ამოქმედდება მათ მიმართ, ვინც ჩვენი ქვეყნის წინსვლას შეუშალა ხელი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, კონგრესმენები საქართველოში 9 სექტემბრამდე დარჩებიან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). ამავე თემაზე: საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან
უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს დღეს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა დაუსწრელად მიუსაჯა. დავით კეზერაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა. პროკურატურა ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას. კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ პირველ და მეორე ინსტანციაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წვრთნები ნამდვილად ჩატარდა და სასამართლომ გადაწყვეტილება კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დავით კეზერაშვილი მისი და ტელეკომპანია „ფორმულას” დაშინების მცდელობად აფასებს და ამი ორგანიზატორად ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებს. აქვე აღნიშნავს, რომ ევროსასამართლოს მიმართავს. „თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს - მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს. ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემს მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში“, - აცხადებს დავით კეზერაშვილი გავრცელებულ განცხადებაში. 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ პერიოდში გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო.
ამერიკის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მმართველი პარტიის კიდევ ერთი გატეხილი პირობა
დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა. ამ შინაარსის განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „პარლამენტის მიერ მოთხოვნილი ანგარიშით დანიშვნის პროცესში შემოთავაზებულ ცვლილებას რეკომენდაციას უწევდა ვენეციის კომისია - სამართლის ექსპერტთა საერთაშორისო ორგანო, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ექსპერტები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ, რომელმაც ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“, ვალდებულება აიღო, განეხორციელებინა ეს ცვლილება, რათა გაზრდილიყო საზოგადოების ნდობა მთავარი პროკურორის მიმართ და უზრუნველეყო პოლიტიკური ზეგავლენისგან მისი დამოუკიდებლობა. მხედველობაში ვიღებთ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელთა განცხადებებს, რომ მათ ვერ შეძლეს, მხარი დაეჭირათ მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რათა შეენარჩუნებინათ მმართველი პარტიის მხარდაჭერა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, სრულად პროპორციულ არჩევნებთან, ორპროცენტიან ბარიერსა და ფრაქციებთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ უარი, მხარი დაეჭირა მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის, ეწინააღმდეგება პარტიის მიერ 28 ივლისს განმეორებით გაცხადებულ ნებას, გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელსაც არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის პირობებში საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, ბიზნესდავები მიკერძოებულად არ გადაწყდება და პოლიტიკური ოპონენტები არ გახდებიან არასამართლიანი დევნის სამიზნენი. პროკურატურასა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომლებს უფლება უნდა ჰქონდეთ, დაიცვან კანონი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესის რეფორმირებას ახდენდა ამ მიზნის განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, რომ განაახლებდნენ ძალისხმევას და ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე. მათ უნდა შეასრულონ თავიანთი პირობა და განახორციელონ სასამართლო რეფორმის წინა ტალღების ყოვლისმომცველი, მრავალპარტიული შეფასება და შეიმუშავონ მართლმსაჯულების სისტემის გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები. ეს რეფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ისეთი მიუკერძოებელი, პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. ამავე თემაზე: კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მესამე წარუმატებლობა ამ ორი თვის განმავლობაში პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
ჯანმოს ექსპერტი: მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით, პლატოს მივაღწიეთ
„მსოფლიომ კორონავირუსის გავრცელების კუთხით პლატოს მიაღწია, თუმცა პლატოს ინტენსივობა მაღალია“, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვემ ონლაინ კონფერენციაზე. მისი თქმით, ყოველკვირეულად ვლინდება დაინფიცირების ინფიცირების 4.4-4.5 მილიონი შემთხვევა და 72-78 ათასი გარდაცვალების ფაქტი. მარია ვან კერკჰოვეს განცხადებით, პლატოს მიუხედავად, ზოგიერთ რეგიონში განსხვავებული ვითარებაა. მისივე ინფორმაციით, ბოლო 7 დღეში, აშშ-ში ინფექციის გავრცელების დონე 12 პროცენტით გაიზარდა. მარია ვან კერკჰოვემ განმარტა, რომ ვაქცინაციამ ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეამცირა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ასევე უნდა აღინიშნოს დაავადების ადრეული დადგენის ფაქტები, რაც მკურნალობას უწყობს ხელს“, - აღნიშნა მარია ვან კერკჰოვემ. ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის თანახმად, მსოფლიოში სულ კოვიდინფექციის 221,543,937 შემთხვევაა აღრიცხული. 4,581,396 გარდაიცვალა. ადმინისტრირებულია 5,517,167,771 ვაქცინა.
რატომ დაფიქსირდა დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში უზუსტობა - განმარტება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1 965 ადამიანს დაუდასტურდა, 50 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია განთავსდა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე Stopcov.ge-ზე. თუმცა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დღევანდელი მაჩვენებელი არ ასახავს რეალურ ციფრებს. NCDC-ის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, გუშინ იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე და შესაბამისად, ყველა შედეგი არ არის ატვირთული პორტალზე. საქართველოში კორონავირუსი 1 965 ადამიანს დაუდასტურდა, 50 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა „ბოლო 3 კვირის განმავლობაში არის ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მხრივ ქვეყანაში. მართალია, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ ეს გრძელდება. ჩვენი პროგნოზით, დღეს ველოდებოდით და უნდა ყოფილიყო კლება წინა სამშაბათთან შედარებით. დაახლოებით კვირის განმავლობაში ჩვენ კლება გვაქვს 700-800-900 შემთხვევით. წინა კვირას ჩვენ გვქონდა 4700-ის ფარგლებში შემთხვევა და დღეს ველოდებოდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო 3500-3700-ის ფარგლებში, მაგრამ არის 1965. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს ჩვენ რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციის და კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს და ამის გამო არის, რომ ყველა შედეგი გუშინდელი არ არის ატვირთული პორტალზე. ეს შედეგები დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ, როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა. ნეტავ ვცდებოდე და თუ ეს მართალია და 1965 შემთხვევა გვაქვს დღეს რეალურად, ეს ნიშნავს, რომ უფრო სწრაფი ტემპით მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ. კარგია, რომ დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 7%-ის ფარგლებში. ბოლო 7 და 14 დღის განმავლობაში ის ჩამოსცილდა 9%-ს. ანუ ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უმჯობესდება. სიკვდილიანობას რაც შეეხება, აქაც გარკვეულად შემცირების ტენდენცია გამოჩნდა, რაც ძალინ კარგია, თუმცა საავადმყოფოებში რჩება 1500- მდე მძიმე პაციენტი, მათ შორის 400-მდე ხელოვნურ ვენტილაციაზე" , - განცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 17.1% სრულად ვაქცინირებულია.
„თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა
„თალიბანმა“ ავღანეთის დროებითი მთავრობა შექმნა და ქვეყნის სახელწოდებად „ისლამური საამირო“ გამოაცხადა. დროებით მთავრობას მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი მოლა ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს, რომელიც გაეროს მიერ შავ სიაშია შეყვანილი. თალიბანმა შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა სარაჯუდინ ჰაქანი, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ძებნილთა სიაშია. „თალიბანმა“ ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამავე თემაზე: ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას? კონდოლიზა რაისი: ავღანელ ხალხს არ აურჩევია „თალიბანი“. ისინი იბრძოდნენ და დაიღუპნენ ჩვენ გვერდით ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა
დავით კეზერაშვილის განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
პროკურატურამ დავით კეზერაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა. „უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის 2018 წლის 21 ივნისის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისათვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დ.კ. დამნაშავედ ცნო. დადგინდა, რომ 2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დ.კ.-მ, მასთან დაკავშირებული პირის - მისი მეგობრის ო.შ.-ს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. მანვე, სიტყვიერად დაავალა, მასთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ა. ნ.-ს, კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება. ეს დავალება შესრულდა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნების უხეში დარღვევით, კერძოდ, მან, იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შეთავაზებული მომსახურეობის საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სათანადო დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად და საბანკო და სხვა სახის გარანტიების მოთხოვნის გარეშე, ასევე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის არარსებობის მიუხედავად, იმავე დღეს, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით, საიდანაც, დ.კ.-ს დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მხრიდან სანაცვლოდ შესასრულებული ვალდებულება - სამხედრო წვრთნების ჩატარება - საერთოდ არ განხორციელებულა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.კ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ეს სასჯელი, 2012 წლის 29 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა და საბოლოოდ დ.კ.-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ა.ნ.-ს, რომელიც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში. საზოგადოებას ასევე ვაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დანაშაულებრივად გაფლანგული, საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხული თანხების მოძიების, უკანონოდ დაუფლებული თანხების საბოლოო მესაკუთრეების დადგენისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეთა გამოვლენის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში. უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კახა კუჭავასთან შეხვედრაზე ადგილობრივი არჩევნების საკითხს შეეხო
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მარგარეტა ცედერფელტი მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. კახა კუჭავა ავსტრიაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოსა და ასამბლეას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „პრეზიდენტი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ აირჩიეს, ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმდინარე საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის. საუბარი შეეხო არამხოლოდ რეფორმებს და ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების გეგმებს, არამედ არჩევნებსაც, რომელსაც ოქტომბერში ჩავატარებთ, ასევე, ოდირის წარმომადგენლობას, რომელიც დაესწრება არჩევნებს და ანგარიშებს მოამზადებს. მათთვის საინტერესო იყო, მოესმინათ რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რომელიც საარჩევნო კოდექსში უკვე ავსახეთ და მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ პოზიტიური სიგნალი იმ კუთხით, რომ ამას მხარი დაუჭირა არამხოლოდ მმართველმა პარტიამ, არამედ შემუშავდა და მიღებულია ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით. ეს მათთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
დღეს საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.
მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა და საქართველოში დაბრუნდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ოჯახის წევრები და სპორტსმენები დახვდნენ. ცნობისთვის, ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში Milpark Hostpitals-ში მკურნალობს. ამავე თემაზე: მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა გაუმჯობესდა მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა