ძებნის რეზულტატი:
ქაბულის აეროპორტში შიდა ფრენები განახლდა
ქაბულის აეროპორტი კატარის ტექნიკურმა ჯგუფის დახმარებით გაიხსნა. ავღანეთში კატარის ელჩის განცხადებით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკი გარემონტდა და ორი შიდა რეისიც შესრულდა. კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო მუშაობს თურქეთთან და ესაუბრება „თალიბანს“, რათა უზრუნველყოს პოტენციური ტექნიკური დახმარება აეროპორტის ექსპლუატაციაში შესასვლელად. ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია 31 აგვისტოს დასრულდა, როდესაც ქაბულის აეროპორტიდან ქვეყანა აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა გეგმის შესაბამისად დატოვეს, რაც 31 აგვისტომდე პროცესის დასრულებას ითვალისწინებდა და როგორც ეს მანამდე განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი. მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები.
თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი 11 სექტემბრის ტერაქტების სამივე ადგილს ეწვევა
მომდევნო შაბათს, 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 20-წლისთავზე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ეწვევიან სამივე ადგილს, სადაც, 2011 წელს, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. განცხადების თანახმად, ქვეყნის პირველი პირები პატივს მიაგებენ 3 ათასამდე დაღუპულის ხსოვნას. ბაიდენი და მისი მეუღლე ეწვევიან ნიუ-იორკს, სადაც, ტერორისტები, ორი გატაცებული თვითმფრინავით, მსოფლიო მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეეჯახნენ და 2 753 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს. ამასთან პრეზიდენტი ჩავა არლინგტონში, სადაც გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. ბაიდენი ეწვევა სომერსეტ-ქაუნთის ველს პენსილვანიაში - მეოთხე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილს. ცნობისთვის, 2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.
„თალიბანის“ ლიდერი: მოძრაობა ინკლუზიური მთავრობის ფორმირების პროცესშია
„თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი აცხადებს, რომ მოძრაობა ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. ამის შესახებ Aljazeera წერს. „ვარწმუნებ ხალხს, რომ ჩვენ ვცდილობთ მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და მთავრობა იქნება პასუხისმგებელი ყველას წინაშე. უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რადგან ეს აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა ბარადარმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მთავარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რადგან ეს ავღანეთში მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. „თუ შევძლებთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, გადავლახავთ სხვა პრობლემებს და სწორედ აქედან დაიწყება პროგრესი და წინსვლა“, - განაცხადა ბარადარმა. ცნობისთვის, 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. 30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. ამავე თემაზე: სახელმწიფო დეპარტამენტი: „თალიბანმა“ უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, რას ასევე გულისხმობს ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: ავღანეთი გამაფრთხილებელი სიგნალია ევროპის თავდაცვისთვის
Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მეირის განცხადებით, ავღანეთში მომხდარი არეულობის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები ევროკავშირისთვის გამაფრთხილებელ სიგნალად უნდა იქცეს და გაერთიანება უფრო ამბიციური უნდა გახდეს თავდაცვის და გლობალური ლიდერობის მიმართულებით. ლე მეირის თქმით, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ ევროკავშირი უნდა იქცეს ნომერ მესამე სუპერ ძალად მსოფლიოში, რადგან არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ევროპა ვეღარ დაეყრდნობა აშშ-ისგან დაცვას. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი წელს 1,7 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს თავდაცვაში და სხვა ევროპულ ქვეყნებსაც მოუწოდებს, გააკეთონ იგივე. მისი თქმით, ევროპის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ძალად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ისეთ სფეროებში ინვესტიციების ჩადება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კოსმოსური კვლევები, თანამგზავრები და ბიოტექნოლოგიები. ცნობისთვის, 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. 30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.
პრინცი უილიამი ავღანელ სამხედროსა და მის ოჯახს ავღანეთის დატოვებაში დაეხმარა
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი უილიამი ავღანელ სამხედროსა და მის ოჯახს ქაბულიდან თავის დაღწევაში დაეხმარა. Foxnews-ის ცნობით, კემბრიჯის ჰერცოგი და ავღანელი ოფიცერი სანდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში ერთად სწავლობდნენ და როდესაც პრინცმა შეიტყო, რომ მისი ყოფილი კურსელი ქაბულს ვერ ტოვებდა, უილიამი ავღანეთში მყოფ დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტს დაუკავშირდა. შტაბის ოფიცრების დახმარებით ავღანელმა სამხედრომ და მისმა ათკაციანმა ოჯახმა ქაბულის აეროპორტი ინგლისში მიმავალი სამხედრო თვითმფრინავით დატოვა. ცნობისთვის, ბრიტანულმა სამხედრო ძალებმა ქაბულიდან 15 000 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს. ამავე თემაზე: ავღანეთში ბრიტანეთის ელჩმა ქაბული ბრიტანელი ჯარისკაცების ბოლო თვითმფრინავის გაფრენის შემდეგ დატოვა
საქართველოში კორონავირუსი 2 210 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 74
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 210 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 587 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 025 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 263 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 762 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 210 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 564 837-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.89%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 9.27% ხოლო 7 დღის განმავლობაში- 8.33%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 587 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 514 768. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 806 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 210 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 865 შემთხვევა, აჭარა - 223, იმერეთი - 336, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 99, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164, კახეთი - 225, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 237 საიდანაც: 7 019 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 041, აჭარაში - 826, იმერეთში - 1 090. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 579 , მათ შორის, თბილისში - 699, აჭარაში - 182, იმერეთში - 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში - 244, აჭარაში - 42, იმერეთში - 33. 2 415 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 163 - თბილისში, 769 - აჭარაში. 32 803 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 105 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 102, ხოლო აჭარაში - 3. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 126 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 099 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 452, აჭარაში - 4 836, იმერეთში - 3 943.
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 16.7%
5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 314 014 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 362 608 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.4% სრულად ვაქცინირებულია 475 748 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 16.7% 4 სექტემბერს 22 733 ადამიანი აიცრა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 210 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 587 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
კარლ ჰარცელი დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთს ე.წ. გადაკვეთის პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთს მოუწოდებს, რომ სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან ყველა ე.წ. გადაკვეთის პუნქტი გახსნას. განცხადებას. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ,,დღეს გავიდა ორი წელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ოძისის გადაკვეთის პუნქტის დახურვიდან. ამ პუნქტის დახურვამდე, ყოველდღიურად საშუალოდ 400-მდე გადასვლა ხდებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეეძლო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა და ნათესავებთან შეხვედრა, პენსიების აღება ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების გამოყენება. გარდა ამისა, შეზღუდული იყო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა, ხოლო შეტყობინებები საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის შესახებ კვლავაც გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, ახალგორის რაიონიდან სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადასვლების მარეგულირებელი პროცედურების ბოლოდროინდელი გამარტივება მისასალმებელი მოვლენა იყო. ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიძლება COVID-19-ის ტესტირების გონივრული და ადეკვატური სტრატეგიის განხორციელება და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთის ფედერაციას დაუშვან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 220 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 220 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 220 289 425 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 560 851 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 39 906 803 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 648 118 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
გვანცას ბაბლი
ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე „ბედნიერების დევნა“ შემოაბიჯა შემოდგომამ, ყოველთვის ოდნავ სევდიანმა, მაგრამ ყველაზე ლამაზმა ფერადმა შემოდგომამ. წელს ბუნების ლირიული სევდა გადაფარა ნამდვილმა სევდამ, პანდემიის სევდამ... პანდემია განსხვავებულ რეაქციებს იწვევს ადამიანებში - ზოგიერთი თავს იტყუებს, რომ პანდემია არ არსებობს... ზოგიერთი ცდილობს, იპოვოს დამნაშავე რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროში... ზოგიერთს კი უბრალოდ ძალიან ეშინია იმის, რასაც გარშემო ხედავს... როდესაც დეპრესია გვიტევს, მარტივი ფსიქოლოგიური სავარჯიშოა საკუთარი მომავლის წარმოდგენა ხუთი, ათი, ოცი წლის შემდეგ. მოდით, ვიოცნებოთ საკუთარ მომავალზე. როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ათწლეულების შემდეგ? სად და ვისთან ერთად? მე მოგიყვებით, როგორი ვიქნები ჭაღარა, ჩუსტებიანი ბებო, ან იქნებ ჭაღარა თინეიჯერი ბებო, რომელიც შვილიშვილებთან ერთად მიიპარება ახალგაზრდულ ივენთებზე თუ ჭიქა კოკტეილის დასაგემოვნებლად... ხშირად გვსმენია, რომ მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნამდვილი ცხოვრება პენსიაში გასვლის შემდეგ იწყება - დრო, როდესაც შეგიძლია აიხდინო ყველა ის სურვილი, რისთვისაც ვერასდროს მოიცალე... დაკავდე ჰობით, რომლისთვისაც დრო ვერასდროს გაიმეტე... იმოგზაურო უცხო ქვეყნებში ახალი კულტურებების გასაცნობად... ჩვენ რა გვიშლის ხელს, ვიოცნებოთ ცხოვრების შემოდგომაზე? ალბათ მეტყვით, ღატაკი ქვეყნის ღატაკი შვილები ვართო. დიახ, ასეა, მაგრამ ისიც ყველამ ვიცით, რომ მიზანდასახულ ადამიანებს ოცნება ყოველთვის უხდებათ, იმიტომ რომ ისინი ოცნებებში კი არ ცხოვრობენ, ოცნებების ასრულებისთვის ცხოვრობენ... ჩემი ბედნიერი შემოდგომა ამ ქვეყანას და ამ ქალაქს უკავშირდება - ჩემი „შინ“ უპირველეს ყოვლისა ჩემი დედაქალაქია - ყოველთვის მენატრება თუ სადმე მიწევს გამგზავრება, ყოველთვის მესიზმრება ბავშვობის სახლი ძველ თბილისში, სადაც ფანჯრიდან ნარიყალა და ჭრელა-ჭრულა სახლების სახურავები მოჩანდა... თქვენც ყველას გაქვთ ალბათ თქვენი „შინ“, სადაც ადგილის დედა მუდამ გელოდებათ, სადაც თავი ისევ იმ მორბენალ გოგონად თუ ბიჭუნად წარმოგიდგენიათ... 21-ე საუკუნეში თბილისმა დაიწყო თავისი ტრანსფორმაცია - შეიძინა ცათამბჯენები და მეგაპოლისისთვის დამახასიათებელი სხვა სამკაულები. ბევრს არ მოსწონს, ბევრი ბრაზობს - თავისი ახალგაზრდობის ქალაქი ენატრება. მე მომწონს მეგაპოლისური თბილისი - ალბათ იმიტომ, რომ ცვლილებები და დრაივი მიყვარს... ჭაღარა ბებო (პირადად ჩემთვის, არც ისე შორეული მომავალი) აუცილებლად ვიქნები ჩემს ქალაქში - ვიბოდიალებ მის მიხვეულ-მოხვეულ ძველ ქუჩებში... ვესტუმრები ახალ ქუჩებს, სადაც ცათამბჯენების ოფისებში ჩემზე უფრო ჭკვიანი ახალგაზრდები ჩემთვის გაუგებარ ტექნოლოგიურ სასწაულებზე ისაუბრებენ... შევიჭყიტები უნივერსიტეტებსა და სკოლებში, სადაც სტუდენტები ველოსიპედებით ივლიან და ბავშვები დიდებს გვასწავლიან ჩვენთვის უცხო ახალ უნარებს... ვიამაყებ ქალაქით, სადაც ჰუმანიზმი ჩვენი ყოველდღიური აზროვნების წესი იქნება, ეკოლოგია და ცხოვრების ჯანსაღი წესი კი პრიორიტეტი... საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყველას გვიყვარს სტუმრობა - თუ საყვარელი ადამიანების მოსანახულებლად და თუ ბუნების საოცარი პეიზაჟებისთვის... ყველას გაქვთ ალბათ მეხსიერებაში ის ადგილები, სადაც დაუფიქრებლად წახვიდოდით კიდევ ერთხელ დღესვე, სადაც ასევე „შინ“ გრძნობთ თავს, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ დაბადებულხართ... ჩემთვის კიდევ ერთი „შინ“ ზღვის სანაპიროა, ქაფიანი ტალღებით და ურიცხვი მოგონებებით... ჭაღარა ჩუსტებიანი არა და ჭაღარა ბებო სპორტული ფეხსაცმლით აუცილებლად ჩამოვივლი ყველა იმ სახლს თუ ქუჩას, რომელიც მეხსიერებამ შემოინახა და დავტკბები მათი ახალი, მშვენიერი სიცოცხლით, ახალგაზრდების ჟივილ-ხივილით, რომლებმაც ჯერ არ იციან, ის დღე და ის ადგილი მათ მეხსიერებაში დიდხანს რომ დარჩება... ჩემი ჰობი აუცილებლად გახდება ფოტო-ვიდეო დოკუმენტალისტიკა, პაწია ამბები სამშობლოზე, მის კუთხე-კუნჭულზე - წარსულით, აწმყოთი და მომავლის იმედებით შეზავებული პაწია ამბები... აი, ასეთია, ჩემი ბედნიერი შემოდგომის ვიზუალიზაცია. როგორ სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს ამბებს, შემოვიჭყიტებოდი თქვენი ბაბლის სარკმელებში თქვენი ოცნებების დასანახად... დიახ, პანდემია განსხვავებულ რეაქციებს იწვევს ადამიანებში - თავის მოტყუება, დამნაშავის ძიება თუ უიმედობის განცდა... არადა, ბედნიერი შემოდგომა აუცილებლად დადგება, თუ მისი გვჯერა, თუ მისთვის ვიბრძოლებთ დღეს... ბრძოლა ყველას სხვადასხვა მინდორზე გვაქვს მოსაგები - ვინ საკუთარი ჯანმრთელობისთვის უნდა იბრძოლოს, ვინ საკუთარი იდეებისთვის...დღეს ბევრი ბრძოლა გვაქვს და ყველანი ჯარისკაცები ვართ... *** ტოტალიტარულ და დემოკრატიულ საზოგადოებებს შორის მთავარი სხვაობა არც მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობებია და არც მხოლოდ სიტყვის თავისუფლება. ტოტალიტარულ საზოგადოებაში გაზრდილ მოქალაქეს არ აქვს საკუთარი თავის იმედი, არ აქვს საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლის ჟინი და არც ოცნება აქვს ხშირად საკუთარი... რა შეიძლება ქნას რიგითმა, უბრალო მოქალაქემ, თუ მისი სურვილი არავის ადარდებს და მის ძალისხმევას შედეგი არ მოაქვს? „გლეხი კაცისთვის არავინ არ არის“ - უიმედობის ვერბალური ვიზუალიზაცია. არავინ არასდროს არ იქნება არც გლეხისთვის, არც ფერმერისთვის, არც მასწავლებლისთვის, არც საჯარო მოხელისთვის, არც დიასახლისისთვის... არავინ არასდროს არ იქნება ჩვენთვის საკუთარი თავის გარდა. მე როგორ მესმის საკუთარი თავის იმედზე ყოფნა? მომავლის ოცნებების ვიზუალიზაცია და იმ გადაწყვეტილებების პროტესტი, რომელიც ამ მომავალს არ წაადგება... ადამიანები, რომლებიც ჩვენს გარშემო გადაწყვეტილებებს იღებენ დღეს ჩვენს მაგივრად, ჩვენს მომავალში არ იარსებებენ, მაგრამ იარსებებს მათი გადაწყვეტილებების შედეგი ჩვენს მომავალში... „ქარის დევნა“, „წყლის ნაყვა“ - რამდენი უიმედო ფრაზა გვიტივტივებს თავში. ბედნიერების დევნა არ არის ქარის დევნა, ჩვენი ოცნებების ახდენაა... გინახავთ ოსკაროსანი ფილმი „ბედნიერების დევნა“? ძალიან მიყვარს, აუცილებლად ჩავუჯდები კიდევ ერთხელ ამ კვირა დღეს, რომ უკეთ შევძლო საკუთარი მიზნებისა და ოცნებების ვიზუალიზაცია... თქვენც გირჩევთ, შემომიერთდეთ ვირტუალურ კინოსეანსზე, დარწმუნებული ვარ, დაგეხმარებათ სხვა თვალით შეხედოთ დღეის გადაწყვეტილებებს ხვალის ბედნიერი შემოდგომისთვის... *** ქართველებს თავი ყველაზე პატრიოტი გვგონია, მაგრამ ეს არ არის სიმართლე... ქართველებს თავი ყველაზე ჭკვიანი გვგონია, მაგრამ სადღაც ყველაზე ბოლო ადგილზე მიუჩინეს ადგილი ჩვენს განათლებას საერთაშორისო ინდექსებში ტექსტის გააზრების მიხედვით... სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, კანადელები ერთ-ერთი ის ერია, რომელიც ყველაზე მეტად ამაყობს საკუთარი სახელმწიფოთი... დამეთანხმებით, რომ საამაყო ნამდვილად აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეებს... იმავე გამოკითხვების მიხედვით, კანადელები ყველაზე ნაკლებად აკისრებენ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ საამაყო სახელმწიფოს... იქ სადაც თავად დასდევენ თავის ბედნიერებას, მრავალთა ბედნიერება ქმნის ბედნიერ სახელმწიფოს - სახელმწიფო ხომ ადამიანების კრებულია, საკუთარ მომავალზე მოფიქრალი ადამიანების... კარგი ხალხი ვართ ქართველები, „ჭკვიანი მაგრამ ზარმაცი“ - მოვისროლოთ ეს სიზარმაცე და ვისწავლოთ საკუთარი ბედნიერების დევნა... ვისწავლოთ ვუთხრათ „არა“ იმათ, ვინც მომავლის ოცნებებში არ გამოგვადგება...
ირაკლი ღარიბაშვილი: თბილისიდან ონში ადამიანი 3 საათში ჩამოვა
საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, თბილისიდან ონში ადამიანი 3 საათში ჩამოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 51 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაჯდება. „ჩვენ ახლახან დავათვალიერეთ საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და თბილისიდან ონში ადამიანი 3 საათში ჩამოვა. ეს არის ის რეალური საქმეები, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. ეს არის 51-კილომეტრიანი გზა, რომელიც დაახლოებით 100 მილიონი ლარი ჯდება და ამას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგებით არ ვართ კმაყოფილი და კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ მთავარი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და უმუშევრობის, სიღარიბის დაძლევა, რომ არც ერთი ოჯახი არ იყოს სიღარიბეში და ვიცით, რომ ეს ჯერ კიდევ არის დიდი გამოწვევა. ამიტომაც, მთავრობამ შეიმუშავა კარგად გააზრებული, დეტალური სამოქმედო გეგმა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. დღეს აქ გვესწრება ბატონი ლევან დავითაშვილი. მისი ხელმძღვანელობით შემუშავებულია გრძელვადიანი განვითარების ხედვა, გეგმა, თუ როგორ ავაღორძინოთ, რეალურად ფეხზე დავაყენოთ სოფლის მეურნეობა ყველა რეგიონში. ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში, ჩვენ ვიწყებთ მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას. ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტზე იქნება მორგებული სოფლის მეურნეობის კონკრეტული პროგრამები, რომლებიც განხორციელდება და შექმნის დამატებით დოვლათს და სამუშაო ადგილებს. 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
ლუიზიანაში ქარიშხალ „იდას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
ლუიზიანაში ქარიშხალ „იდას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში მომავალ კვირას, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა. ლუიზიანას გუბერნატორის თქმით, შტატში 718 500 ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „იდა“ მექსიკის ყურის თბილი წყლების თავზე გაძლიერდა. ქარიშხალ „იდას“ მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ქარიშხალი „იდა“ ქარიშხალ „კატრინას“ 16 წლისთავზე გამოჩნდა, რომელმაც მაშინ 1 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამავე თემაზე: აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში წყალდიდობას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქარიშხალი ,,იდას" გამო, ჯო ბაიდენმა ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა
ეთიოპიის შეირაღებული ძალების ცნობით, ტიგრაის რეგიონში 5 600-ზე მეტი აჯანყებული მოკლეს
ეთიოპიის სამხედრო უწყების ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთით ბაზირებული ტიგრაის ძალების 5 600-ზე მეტი აჯანყებული მოკლეს, - ამის შესახებ BBC წერს. სისხლიანი დაპირისპირება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, თუმცა, მთავრობა არ აკონკრეტებს, რა პერიოდს მოიცავს დაღუპულთა აღნიშნული მონაცემები. კორესპონდენტების დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა, მხოლოდ ბოლოდროინდელი შეტაკებების შედეგებზეა საუბარი. ეთიოპიის მთავრობის ცნობით, კიდევ 2 300-მდე ამბოხებულია დაჭრილი, 2 000-მდე კი, ტყვედაა აყვანილი. ეთიოპიის მთავრობა აცხადებს, რომ აჯანყებულები - ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის (TPLF) წევრები ქვეყნის დანგრევას ცდილობენ და რომ მათ მეზობელ რეგიონებში - ამჰარასა და აფარში შეჭრა სცადეს. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე დაპირისპირებას უკვე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით ადგილობრივმა დაკარგა საცხოვრებელი. მოსახლეობა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. უმეტეს შემთხვევაში, მათი თავშესაფარი სუდანია.
ამირან გამყრელიძე: თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-ზე ავიყვანთ, ყოველთვიურად 50-70 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები შემცირებულია, ქვეყანაში ეპიდვითარება ჯერ კიდევ რთული რჩება. დღეს მძიმე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ, 1500-ზე მეტია, ხოლო ხელოვნური ვენტილაცია 400-ზე მეტ პაციენტს ესაჭიროება. თუმცა, ამ ფონზე ამირან გამყრელიძის თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ პირბადის ტარების ნიშნული ქვეყანაში არის შემცირებული და 43%-მდეა ჩამოსული. "ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს მთავარი დამცველი საშუალება - პირბადე, რომ ყველამ, 95%-მა მოსახლეობის ატაროს - პირიქით, მოდის ქვევით, რაც ძალიან ცუდია პროგნოზულად. იმიტომ, რომ თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლებით, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერ აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია რთულია და რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა, რომ ყველამ დავიცვათ ეს რეკომენდაციები - პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და აცრა," - განუცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ს. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 210 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 587 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 314 014 ადამიანმა გაიკეთა.
მონტენეგროში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ნაციონალისტები მონტენეგროში სერბი მიტროპოლიტის დანიშვნას აპროტესტებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მონტენეგროში, ქალაქ ცეტინეში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრანტები მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებული ეკლესიის მიტროპოლიტის ინტრონიზაციას აპროტესტებდნენ. სერბი მიტროპოლიტის ინტრონიზაციის ცერემონია ქალაქ ცეტინეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში უნდა გაიმართოს, სადაც სერბეთის პატრიარქის, პორფირის მისვლაც იგეგმება. რამდენიმე ათასმა ადამიანმა პოდგორიცედან ცეტინეში მიმავალ გზაზე ბარიკადები მოაწყვეს და სერბეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. პოლიციას დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ თვითონაც შეუერთდება საპროტესტო აქციას. მისი თქმით, სერბეთის ეკლესია ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებას და სერბეთისთვის დაქვემდებარებას ცდილობს. მონტენეგროს მოსახლეობის თითქმის მესამედი საკუთარ თავს სერბებად მიიჩნევს და სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარია. ნაციონალისტური მოძრაობები კი, სერბეთის ეკლესიას ბელგრადის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.
ამირან გამყრელიძე: აუცილებელია სტუდენტები იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი უსაფრთხო სკოლის და უნივერსიტეტების კონცეფციაზე საუბრობს და პედაგოგებს, უნივერსიტეტის ლექტორებს და სტუდენტებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, რათა დასწრებული სასწავლო პროცესი განახლდეს. "სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე. ახლა მე განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში - სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში. განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის პირველი 5-7 კლასის ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ეს ონლაინ სწავლა. გაითავისოს თითოეულმა მშობელმა, ყველას ხომ უნდა, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს, აიცრას თითოეული მშობელი," - აცხადებს ამირან გამყრელიძე ,,რუსთავი 2"-თან იტერვიუში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 210 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 587 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 314 014 ადამიანმა გაიკეთა.
ავსტრია და სერბეთი ავღანეთიდან დევნილი მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობენ
Euronews-ის ინფორმაციით, ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ბელგრადში ერთმანეთს შეხვდნენ. ორი ქვეყნის ლიდერებმა ავღანელი ტურისტების მიგრაცია განიხილეს. კურცმა, რომელიც აქამდეც მკაცრი მიდგომით გამოირჩეოდა მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, თქვა, რომ ავღანელი ლტოლვილები მეზობელმა ქვეყნებმა უნდა შეიფარონ. „მიგვაჩნია, რომ ადამიანებზე, რომლებიც ტოვებენ ავღანეთს, უნდა იზრუნონ მეზობელ ქვეყნებში. ამიტომაც ვართ კონტაქტში რეგიონის ქვეყნებთან. ისინი ევროპისკენ არ უნდა გამოემართონ,“- აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა. მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობს ვუჩიჩიც, თუმცა, აღნიშნა, რომ გამონაკლისის სახით, მხოლოდ ავღანური საფეხბურთო კლუბის - 150 ქალისა და გოგოს მიღებაზეა მისი ქვეყანა თანახმა. ამავე თემაზე: ავსტრია ავღანეთიდან დევნილი მოქალაქეების მიღებაზე უარს აცხადებს
მარიამ ქერდიკაშვილმა 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს კანოეს ფედერაციის ინფორმაციით, მარიამ ქერდიკაშვილმა 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. ,,ვულოცავთ მთლიანად საქართველოს ამ დიდ წარმატებას ვულოცავთ მარის და დიდ მადლობას ვუხდით ასეთი ემოციაბისათვის ასევე დიდი მადლობა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბატონ კახაბერ ლომიშვლის და ნაკრების ექიმს ბატონ ზაზა აბესაძეს", - აღნიშნულია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმას ერაყში 10 პოლიციელი ემსხვერპლა
Reuters-ის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმას ერაყში 10 პოლიციელი ემსხვერპლა. გამოცემის ცნობით, ერაყში, ქალაქ ქირქუქის ჩრდილოეთით ადგილობრივ პოლიციასა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად შვიდი ერაყელი პოლიციელი დაიღუპა. ორმხრივი სროლა იყო ქალაქ მოსულშიც, სადაც სამი ერაყელი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. როგორც მედია წერს, მიუხედავად „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებისა, ერაყის სხვადსხვა რაიონში ჯერ კიდევ მოქმედებენ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ხშირად ესხმიან თავს სამთავრობო ძალებს.
Moderna ევროკავშირისგან ე.წ. „ბუსტერ“ დოზისთვის ავტორიზაციას ელის
CNBS-ის ინფორმაციით, კომპანია Moderna ევროკავშირისგან ე.წ. „ბუსტერ“ ანუ გამაძლიერებელი დოზისთვის ავტორიზაციას ელის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციაში მესამე დოზის მიღებაზე საჭირო მონაცემების წარდგენა ამ დროისთვის დასრულებულია. კლინიკური კვლევის მონაცემებმა და დამატებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ Moderna-ს Covid-19 ვაქცინის 50 მიკროგრამი გამაძლიერებელი დოზა ადამიანის ორგანიზმში დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ძლიერი ანტისხეულების რეაგირებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ სრულად აცრილი ადამიანებისთვის Covid-19 ვაქცინების გამაძლიერებელი დოზის გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო.