ძებნის რეზულტატი:
საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები
საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია, კონგრესმენებმა პირველი კომენტარები მედიასთან აეროპორტში გააკეთეს. ალექს ქსავიერ მუნის განცხადებით, კონგრესმენები შეშფოთებულნი არიან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით. „ორი წლის წინაც ვიმყოფებოდი საქართველოში, ჩემს კოლეგებთან საუბარში აღვნიშნავდი, რომ მოხარული ვარ ჩემი ვიზიტით გამოვხატავდე აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოსადმი. საქართველო არის აშშ-ის მოკავშირე ქვეყანა და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-სთან“, - განაცხადა კონგრესმენმა. თავის მხრივ, კეროლ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტი ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას, ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათ შორის ვაჭრობის სფეროზე იქნება საუბარი. ,,ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები. აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოს მხარდაჭერა მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ. მნიშვნელოვანია დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, მოუთმენლად ველი, რომ საქართველოში შეხვედრებისას ვისაუბრო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის სფეროში“, - განაცხადა კეროლ მილერმა. თავის მხრივ, რონალდ ესტესის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ისეთ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა. „იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ამ ნაწილში განსაკუთრებით ბევრი მოვლენა ვითარდება, მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის პარტნიორობა, როგორიც საქართველოა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. უნდა აღინიშნოს რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებიც, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოზე“, - განაცხადა კონგრესმენმა. კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა კი განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ,,შესანიშნავი შესაძლებლობაა", გაეცნოს საქართველოს მთავრობის მუშაობას. საქართველომ, ბოლო 20 წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესების კუთხით. „ძალიან მაინტერესებს ამ მიმართულებით როგორ მუშაობს მთავრობა და მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები“, - განაცხადა კონგრესმენმა. ბრაიან სტილის განცხადებით კი, საქართველოში დაგეგმილი შეხვედრებისას ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებს განიხილავენ. „ძალიან მიხარია, რომ აქ, საქართველოში ვიმყოფები. საქართველოსა და აშშ-ს მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვთ. შეხვედრებისას განვიხილავთ ვაჭრობის და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა საკითხებს“, - აღნიშნა ბრაიან სტილმა. ცნობისთვის, კონგრესის დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ჩინეთში გერმანიის ახლად დანიშნული ელჩი გარდაცვლილი იპოვეს
Reuters-ის ინფორმაციით, პეკინში გერმანიის ელჩი 54 წლის იან ჰეკერი გარდაიცვალა. ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, თუმცა გარდაცვალების მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს. იან ჰეკერი ჩინეთში ელჩის მოვალეობის შესრულებას ორი კვირის წინ შეუდგა. დიპლომატი ოჯახთან ერთად პეკინში აგვისტოში ჩავიდა და კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთის მთავრობის მიერ დაწესებული კარანტინიც გაიარა. საინფორმაციო სააგენტოებს გერმანიის საელჩოში უარი უთხრეს ელჩის გარდაცვალების შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებაზე. იან ჰეკერი ჩინეთში ელჩად დანიშვნამდე იკავებდა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩევლის თანამდებობას და როგორც გერმანული სააგენტო dpa წერს, ანგელა მერკელის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.
საქართველოში კორონავირუსი 1120 ადამიანს დაუდასტურდა, 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსი 1120 ადამიანს დაუდასტურდა, 61 კოვდინფიცირებული გარდაივალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 4905 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რა ხდებოდა ბორტზე - თბილისი-ვენის ავიარეისის პილოტი დეტალებზე
35 წელია, რაც მფრინავი ვარ, ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია, - ასე იხსენებს თბილისი-ვენის ავიარეისის პილოტი, თემურ თოლომაშვილი, როდესაც „ჯორჯიან ეარვეისის“ კუთვნილი „ბოინგი“ ტექნიკური პრობლემის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დასვა. თემურ თოლომაშვილის თქმით, ეს არ ყოფილა ავარიული დაშვება, ეს იყო არასტანდარტული სიტუაცია. „აფრენის შემდეგ უნდა აიკეცოს თვლები. მე თავად თვლებს ვერ ვხედავ, არის სიგნალიზაცია, რომელიც მანიშნებს, აიკეცება თუ არა. როცა ავკეცე, იქ მაჩვენა, რომ მარჯვენა თვალი არ აიკეცა. ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელო, სადაც წერია ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ და დავიწყეთ ამის შესრულება. ამას ვაკეთებდით სადღაც 10-15 წუთის განმავლობაში. ამ მომენტისთვის გადავეცით მეთვალყურეებს, რომ არ შეგვიძლია სიმაღლის აღება და ვერც განვაგრძობდით ფრენებს, ვერც დაშვებას განვახორციელებდით. გვინდოდა, თბილისის თავზე რამდენიმე წრე გაგვეკეთებინა, რათა გაგვეგო, რა იყო და როგორ იყო. მოგვცეს ამის უფლება. ეს შევასრულეთ და მერე მივხვდით, რომ ერთი თვალი არ არის აკეცილი. ასეთი დეფექტით თვითმფრინავს არ შეუძლია, განაგრძოს ფრენა დანიშნულების აეროპორტამდე, თვითმფრინავი ამ დროს სისწრაფეს ვერ განავითარებს, საწვავი იმდენი არ მაქვს, რომ მეყოს დანიშნულების ადგილამდე. ამიტომ პროტოკოლით არის მიღებული, უნდა დავბრუნდეთ ან სათადარიგო აეროპორტში, ან იქ, საიდანაც ავფრინდით“, - განაცხადა პილოტმა. თბილისი-ვენის ავიარეისი მის გარეშე გაფრინდა, რადგან ეს პროტოკოლით არის გათვალისწინებული. თემურ თოლომაშვილის თქმით, გუშინ ეკიპაჟის წევრებმა კოორდინირებულად იმოქმედეს. „გუშინ ყველა ვიქცეოდით კოორდინირებულად. არ შემიმჩნევია, რომ ვიღაც დაიბნა, ან რამე. ამ დროს მგზავრებმა უნდა იცოდნენ, რა ხდება. ჩვენ ეს გავაკეთეთ, გამოვუცხადეთ. ზოგს შეეშინდა, ზოგმა ნორმალურად მიიღო. ჩემ გვერდით იყო პირველი ოფიცერი გიორგი გიუნაშვილი, რომელმაც ძალიან კარგად გაართვა თავი ამ სიტუაციას, ძალიან მეხმარებოდა. გუშინ გაფრინდა რეისი ჩემ გარეშე, ეს პროტოკოლის ნაწილია. ამ რეისის განხორციელება მე აღარ შემეძლო - არის სტრესი, სხვადასხვა სიტუაცია, ეს პროტოკოლით არის გათვალისწინებული. სტრესი იმ მომენტში არ მქონია, უფრო მეტი სტრესი იყო, რომ დავჯექით, იმის შემდეგ. უკვე 35 წელია, რაც მფრინავი ვარ, და ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია. უფრო ნავიგაციური სისტემების შეზღუდვა მქონია. ეს არის არასტანდარტული სიტუაცია და არა ავარიული დაშვება. ეს იყო პირველი და იმედია, უკანასკნელი შემთხვევა“, - განაცხადა თემურ თოლომაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ამავე თემაზე: რა სიგნალი მიიღო ხომალდის მეთაურმა თბილისი-ვენის ავიარეისზე - ტექნიკური პრობლემის დეტალები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 480 613 ადამიანი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 16 298-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 326 033 აცრა გაკეთდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით კი, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა 480 613-მდე გაიზარდა, ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 1120 ადამიანს დაუდასტურდა, 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 4905 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ციციშვილის კლინიკაში 15 წლის კოვიდინფიცირებული მოზარდი გარდაიცვალა
თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში 15 წლის კოვიდინფიცირებული მოზარდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Europetime-ს კლინიკაში დაუდასტურეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ მოზარდს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 1120 ადამიანს დაუდასტურდა, 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 84 პაციენტია მოთავსებული
ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს 84 პაციენტი. როგორც ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა, პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია. „სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 84 პაციენტი. მორიგეობის განმავლობაში გაეწერა რვა პაციენტი. მეტწილად პაციენტების მდგომარეობა მაინც არის საშუალო სიმძიმის, თუმცა გვყავს მსუბუქი მიმდინარეობისაც. პაციენტები მეტწილად მოიხმარენ ჟანგბადს. ძირითადად ხანშიშესული პაციენტები არიან. ერთ პირს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა“, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1120 ადამიანს დაუდასტურდა, 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
Bloomberg-ი: AstraZeneca-ს კოვიდვაქცინის ტექნოლოგიამ კიბოს წინააღმდეგ სამკურნალო ვაქცინაში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა
Bloomberg-ის ინფორმაციით, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიამ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტულ ვაქცინაში. როგორც ცნობილია, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინის ავტორები ამავე ტექნოლოგიის გამოყენებით კიბოს სამკურნალო ვაქცინის შექმნას ცდილობენ და ცხოველებზე ჩატარებული კვლევები იმედისმომცემი აღმოჩნდა. ოქსფორდის ჯენერის ინსტიტუტისა და ლუდვიგის კიბოს კვლევების ინსტიტუტის მკვლევრებმა, COVID-19-ის ვაქცინის ტექნოლოგიის გამოყენებით, კიბოს სამკურნალო ორდოზიანი ვაქცინა შექმნეს. ამ ვაქცინის ადამიანებზე ცდების დაწყება წელსვე იგეგმება, რადგან თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა სიმსივნის ზომაში შემცირება და გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესება აჩვენა. „ვაქცინის ამ პლატფორმას აქვს პოტენციალი, რომ რევოლუცია მოახდინოს კიბოს მკურნალობაში“, - განაცხადა ჯენერის ინსტიტუტის დირექტორი ადრიან ჰილი. ცდების ადრეულ ფაზაში ფილტვის კიბოს დიაგნოზის მქონე 80 პაციენტი ჩაერთვება. კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: დიაბეტისა და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მართვაში ალბათ ვაქცინა მოიკიდებს ფეხს
სენატორი ლინდსი გრემი: აშშ დაბრუნდება ავღანეთში
აშშ დაბრუნდება ავღანეთში, როგორც ეს ერაყის და სირიის შემთხვევაში მოხდა, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა BBC–სთან ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელი სენატორის თქმით, ავღანეთში ჯარისკაცების დაბრუნების საფუძველი ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე იქნება. ლინდსი გრემის თქმით, ერაყში ამჟამად ხუთი ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ ძლიერდება და თავს ესხმის ამერიკის, საფრანგეთის და ბრიტანეთის მოქალაქეებს. ამერიკელის სენატორი ინტერვიუში ამბობს, რომ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფო“ გაძლიერდება და შიდა ბრძოლის შედეგად მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყანა დაიშლება, რაც დასავლურ ინტერესებზე თავდასხმისთვის კარგ საფუძველს შექმნის. შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ქაბული აშშ-ს საევაკუაციო მისიის ბოლო თვითმფრინავმა დატოვა, ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიანი მისია დასრულდა.
სახალხო დამცველმა 5 ივლისის მოვლენებზე, ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონისთვის ბრალის წარდგენის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის, ზურაბ მახარაძისა და მღვდლის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. ზურაბ მახარაძისა და დეკანოზი სპირიდონისთვის ბრალის წარდგენის მოთხოვნით მან პროკურატურას უკვე მიმართა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, მოითხოვოს გამოძიების, ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, მე უკვე გამოვიყენე ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მივმართე. დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ასევე, ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა. სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას. საბოლოოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 53 პირი და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ. თუმცა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა კიდევ ერთი წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგინდა, რომ 5 ივლისს, დაახლოებით 14:14 საათზე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მიკროფონით, ხმის გამაძლიერებლების საშუალებით მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ, რითაც გასცდა გამოხატვის თავისუფლებას და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2391 მუხლით აკრძალული ქმედება - ძალადობის მოწოდება, რომელიც ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. სახალხო დამცველი აგრძელებს ინფორმაციის მოპოვებას 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ირგვლივ და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გამოიყენებს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ამავე თემაზე: ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
რა შემთხვევაში ელოდება საქართველო კორონავირუსის ახალ ტალღებს
კორონავირუსის ახალი ტალღების მოლოდინი არამარტო ჩვენ, არამედ, ყველა ქვეყანას აქვს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას და ასევე .არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას, ასევე, რეგულაციების უგულვებელყოფას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, პირველი ამოცანაა, ისეთი სისწრაფით გავრცელება ავიცილოთ თავიდან, რაც გასული, მეოთხე ტალღის დროს გვქონდა. ამ დროს კი, მისი თქმით, მთავარი იქნება რეგულაციების დაცვა, რაც დიდი ხნის განმავლობაში იქნება საჭირო. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია, რადგან არავაქცინირებული ადამიანი დარჩება დარტყმის პირველი სამიზნე. „მზადება მიმდინარეობს. ჩნდება ახალი მედიკამენტები, მივყვებით ამ სიახლეებს და კიდევ ერთი გადაწყვეტა ის იქნება, რომ ეს მედიკამენტები გვქონდეს და მიმდინარეობს მუშაობა ამ კუთხით“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. „400-ზე მეტი პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში და ეს მაჩვენებელი ბოლო პერიოდში გაზრდილია, საყურადღებოა მოზარდების და ორსულების მდგომარეობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მან 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. „იმ ბავშებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, კორონავირუსი განსაკუთრებული რისკია და ასეა ზოგადად ზრდასრულებში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, ბავშვებში ხშირ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო, მძიმე შემთხვევებს კი განსაკუთრებული მართვა სჭირდება. თამარ გაბუნიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტების და პედაგოგების სწრაფი ვაქცინაცია.
12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრის საკითხზე ჯერ ისევ მსჯელობა მიმდინარეობს
მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება მკაფიო პასუხი - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ 12 წელს გადაცილებული ბავშების აცრაზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მიმდინარეობს რიგი ქვეყნების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცნობა. თამარ გაბუნიას თქმით, მაგალითად, რიგ ქვეყნებში მიმდინარეობს ვაქცინაცია, დიდ ბრიტანეთში კი, მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებს ცრიან. ცნობისთვის, აშშ-მ 12 წლიდან მოზარდების აცრა მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ამავე თემაზე: რა შემთხვევაში აცრიან 12 წელს გადაცილებულ ბავშვებს - განათლების მინისტრის განცხადება ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი: პირველ ეტაპზე გარკვეულ რისკჯგუფში მყოფი ბავშვების აცრა აჯობებდა საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე უარს ამბობს კუბამ 18 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო
კვლევა: კრემლის ,,ტროლების“ სამიზნე 16 ქვეყანაში 32 მედიასაშუალება გახდა
კარდიფის უნივერსიტეტის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანია გამოააშკარავეს, რომლის უკან სავარაუდოდ კრემლი დგას. როგორც ცნობილია, სპეციალისტები ამბობენ, რომ „კრემლის ტროლების“ სამიზნე 16 ქვეყანაში 32 მედიასაშუალება გახდა. როგორც ბრიტანული გამოცემა „ივნინგ სტანდარტი“ იუწყება, დასავლური მედიასაშუალებები სისტემატურად ხდებოდნენ მანიპულაციების მსხვერპლი, რომლის მიზანიც კრემლისთვის სასურველი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება იყო. ექსპერტების თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების ვებგვერდზე კომენტარების ველი „კრემლის ტროლების მიერ იყო ოკუპირებული, რომელთა ამოცანაც მანიპულაციების გზით საზოგადოების განწყობის შეცვლა“ იყო. როგორც ცნობილი ხდება, დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნეებს შორის მოხვდნენ გერმანული Spiegel-ი, ბრიტანული Times-ი, ამერიკული Fox news-ი და Washington Post-ი, ფრანგული Le monde და იტალიური La Stampa. სპეციალისტების ცნობით, ეს დეზინფორმაციული კამპანია გამწვავდა 2018 წელს, ხოლო ბოლო ხანებში კრემლის ტროლები ყველაზე ხშირად ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროები გაყვანის შესახებ წერდნენ. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ კარდიფის უნივერსიტეტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაცია დიდი ბრიტანეთის დემოკრატიას ემუქრება.
მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა
მთავრობამ, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. პროგრამას განახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით. ღვინის ეროვნული სააგენტო, მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განახორციელებს, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ. პროგრამით განსაზღვრული მხარდაჭერა ქსელურ სავაჭრო ობიექტებში შესვლის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს, სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებებს, დეგუსტაციებს, გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ მედია კამპანიებს, გაყიდვების ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში რეკლამირებას მოიცავს.
მედია: მუამარ კადაფის ვაჟი თავისუფალია
Al Jazeera-ს ინფორმაციით, ლიბიის ხელისუფლებამ ციხიდან გაათავისუფლა მუამარ კადაფის ვაჟი საადი კადაფი, რომელიც, 2014 წლიდან, ტრიპოლის ციხეში იხდიდა სასჯელს. საიდუმლო წყარო მედიასთან ამბობს, რომ კადაფის გათავისუფლება მრავალმხრივი მოლაპარაკების შედეგია, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები - მათ შორის, პრემიერი აბდულ ჰამიდ დბეიბა და ლიბიის ყოფილი შს მინისტრი ფატი ბაშაღა იყვნენ ჩართულნი. როგორც ცნობილია, გათავისუფლებისთანავე, კადაფი სტამბულში გაემგზავრა. ცნობისთვის, ყოფილ ფეხბურთელს 2011 წელს, აქციების მონაწილეების მიმართ ჩადენილი დანაშაული და 2005 წელს, საფეხბურთო მწვრთნელ ბაშირ ალ რაიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად, თუმცა, 2018 წელს, ეს უკანასკნელი ბრალდება მოეხსნა. 2011 წლის მოვლენების შემდეგ, ის ნიგერში გაიქცა, თუმცა, 2014 წელს, ლიბიაში ექსტრადირების შემდეგ, ადგილობრივ ციხეში აღმოჩნდა.
ზუგდიდში მოძრავი ვაქცინაციის პუნქტი მოეწყო
ზუგდიდში დღეიდან ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი იმუშავებს. ავტობუსი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მოქალაქეებს იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით მოძრავ პუნქტში ვაქცინაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს ზუგდიდში, ინგურქაღალდკომბინატის (იქკ) დასახლებასა და თამარ მეფის ქუჩაზე. მათივე ცნობით, ავტობუსი აღნიშნულ მისამართზე კიდევ ორი დღე დარჩება, შემდეგ კი სხვადასხვა უბანში იმოძრავებს. ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად გაეცნო. გუბერნიაში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ქალაქის ყველა უბანს მოიცავს. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 1120 ადამიანს დაუდასტურდა, 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 16 298-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 326 033 აცრა გაკეთდა.
ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის
Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარები ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა (ევროპის სახალდო პარტიის ჯგუფი, ქრისტიან დემოკრატები) განაცხადა, რომ ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა იგეგმება. მას მოლოდინი აქვს, რომ ეს არჩევნები გამჭვირვალედ ჩაივლის. „ჩვენ ველით, რომ ეს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ეს იყო კიდეც შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს ეს შეთანხმება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არჩევნები მართლაც გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. მმართველმა პარტიამ გასცა დაპირება, რომ თუ ადგილობრივი არჩევნების დროს მიიღებდა 43%-ზე ნაკლებს, დაინიშნებოდა საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მმართველმა პარტიამ შეასრულოს ეს დაპირება. ამგვარად, ადგილობრივი არჩევნები გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ხდება არამხოლოდ როგორც მუნიციპალური არჩევნები, არამედ, როგორც შესაძლო ნაბიჯი გამოსავლისკენ. აქვე აღვნიშნავ, რომ იგეგმება ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა, თუმცა ეს პანდემიაზე დამოკიდებული. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ დამკვირვებლები ჩამოვლენ“, - განუცხადა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროპარლამენტარ, საგარეო კომიტეტის წევრ, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი კი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას. ასევე წაიკითხეთ: ეუთომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გახსნა „ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“, - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები) ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ასევე წაიკითხეთ: ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ
რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაწერეს 111 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
111 წლის ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯამრთელდა და რესპუბლიკური საავადმყოფო ცოტა ხნის წინ დატოვა. "ძალიან კარგად ვგრძნობ თავს" - ამის შესახებ მან კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მედიასთან განაცხადა. შეგახსენებთ, 111 წლის ქალი დაახლოებით 10 დღე გადიოდა მკურნალობას. ის კლინიკაში დიანფიცირებისთანავე შეიყვანეს. პაციენტი ლეონილა გვაჯავა თავის 80 წლის შვილთან გურამ ქვარცხავასთან ერთად კლინიკაში მკურნალობდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღემდე რჩება მისი 80 წლის შვილი. ამავე თემაზე: 111 წლის ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
თამარ გაბუნია „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, გრიპის ვაქცინით აცრის აუცილებლობაზე მიუთითებს
გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში დაწესებული რეგულაციები პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება გრიპის ვირუსის გავრცელების შემთხვევაშიც ეფექტური აღმოჩნდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიპის ვაქცინაცია როგორც გასულ წელს, წელსაც ჩატარდება. „საინტერესო იყოს ის, რომ გასულ წელს გრიპის ეპიდემიას ველოდით, თუმცა როგორც ჩანს პირბადე და სოციალური დისტანცირება ისევე ებრძვის ვირუსს, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის ღონისძიება. შარშან ეს პრობლემა ჩვენთვის ნამდვილად არ დასმულა, თუმცა წელს სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა. „დელტა“ შტამს განსხვავებული ქცევა ახასიათებს და საყურადღებოა გრიპის პრევენციის ღონისძიებების დროული დაწყება. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იმ ჯგუფებშია აუცილებელი, ვინც მაღალი რისკის ქვეშაა. განსაკუთრებით ვაქცინაცია ტარდება ორსულებში, დიაბეტის მქონე პირებში, დიალიზზე მყოფ პაციენტებში და ასევე ყველა იმ ჯგუფებში, ვისაც გრიპის შემდგომი გართულებების მაღალი რისკი აქვს. ეს ჯგუფები შენარჩუნდება და რეკომენდაციაა, რომ ამ მდგომარეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში იქნებოდა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრის საკითხზე ჯერ ისევ მსჯელობა მიმდინარეობს. რა შემთხვევაში ელოდება საქართველო კორონავირუსის ახალ ტალღებს
ამერიკელი კონგრესმენები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
საქართველოში მყოფი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა და სამსახურის წამრმომადგენლებმა კონგრესმენებს დეტალურად გააცნეს ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული მძიმე ვითარება. „ამერიკელ კონგრესმენებს გავაცანით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ოძისის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემო. აღნიშნული ვიზიტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკელი პარტნიორების, კერძოდ აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,-აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. საუბარი, ასევე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებს შეეხო. „ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არ არის მარტო და საქართველოს პარტნიორები მტკიცედ დგანან საქართველოს გვერდში, როგორც სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე კონკრეტული საკითების მოგვარების კუთხით უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სფეროებში,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ. კონგრესმენებმა საოკუპაციო ხაზზე პირადად დასწრებისა და ადგილზე ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა. აქ ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მივესალმები ჩვენს მოწვევას. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და არსებული ვითარების საკუთარი თვალით ნახვა. ერთია წაიკითხო ამის შესახებ და მეორეა, ჩამოხვიდე და იხილო, თუ როგორ გამოიყურება საოკუპაციო ზონა“,- აღნიშნა კონგრესმენმა ბრაიან სტილმა. „მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ვითარების - ოკუპაციის ნახვა და მნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს და ღრმად ვართ შეშფოთებულები იმ აგრესიით, რომელსაც აქ აქვს ადგილი. აქ სულ აშშ-ის ხუთი კონგრესმენი ვიმყოფებით იმის გამოსახატავად, რომ ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და მხარს ვუჭერთ მას,“ - განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნიმ. „ერთია მოისმინო ამის შესახებ, მაგრამ მეორეა, საკუთარი თვალით იხილო და უშუალოდ მოისმინო საქართველოში რუსეთის შემოჭრის საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ. უაღრესად მნიშვნელოვანია რომ აქ ჩამოხვიდე და თავად იხილო ყოველივე,“- განაცხადა კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა „ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დანახვა. მნიშვნელოვანია ვნახოთ რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც მეგობრობა გვაკავშირებს, ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივად მუშაობა“, - აღნიშნა კონგრესმენმა როლანდ ესტესმა. კონგრესმენებმა საქართველო-აშშ-ის მეგობრობაზე და აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება. „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველების უფლებას, იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს, მისი მთავრობისა და დემოკრატიის მეგობარი ქვეყანა,“ - განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა კეროლ მილერმა. ამერიკელმა კონგრესმენებმა წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრები წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ. კონგრესმენებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და მის სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს გაეცნენ. ცნობისთის, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ქართულმა მხარემ აშშ-ის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ამავე თემაზე: ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები ალექს მუნი: ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და საქართველოს აშშ-თან მეგობრობისთვის