ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი: მიუღებელი და არასწორია, რომ ქვეყანა დამოკიდებული იყოს იმპორტირებულ პროდუქციაზე

მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად და წასახალისებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილის შეფასებით, მიუღებელი და არასწორია, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე. „კარგად მოგვეხსენება, რომ წლების განმავლობაში, მოყოლებული მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და დაინგრა საბჭოთა კავშირი, ასევე დაინგრა და ხშირ შემთხვევაში ჩვენი უგუნური პოლიტიკით და ჩვენი ყოფილი მმართველების უგუნური პოლიტიკით, თავად დაანგრიეს და დაშალეს, ფაბრიკები, საწარმოები, ქარხნები. აუცილებელია ამ ყველაფრის აღდგენა, რომ მეტი დასაქმება მოვახდინოთ ჩვენი მოსახლეობის, მეტი დოვლათი შეიქმნას, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი. არ შეიძლება და მიუღებელია, არასწორია, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე. რა თქმა უნდა, იმპორტიც უნდა იყოს, ყველაფერი, მაგრამ აუცილებელია ჯერ ჩვენს თავს მივხედოთ, ჩვენს მოსახლეობას მივხედოთ და თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი ქვეყანა გავხდეთ, როგორც მინიმუმ სოფლის მეურნეობის პროდუქციით, რისი უდიდესი, უზარმაზარი პოტენციალიც გაგვაჩნია, მართლაც ამ უნიკალურ მხარეში, რომელიც ცნობილია, ცნობილი ვენახებით, ვაზის ჯიშებით, ღვინით. რა თქმა უნდა, განვავითარებთ ტურიზმს და სპეციალურ პროგრამებს წარმოგიდგენთ უახლოეს თვეებში ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის, ეს იქნება კონკრეტულად მორგებული თქვენს მუნიციპალიტეტზე, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას ცაგერის მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, მე ვახსენე სოფლის მეურნეობის პროგრამები და ასევე ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ჩვენს მიერ გადასადგმელი, დამატებითი უფრო ძლიერი ნაბიჯები. იქნება მორგებული სპეციალური პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, პატარა საწარმოების განვითარებას”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირანის პრეზიდენტი: ირანი მზად არის განაახლოს ბირთვული მოლაპარაკება, მაგრამ არა დასავლეთის „ზეწოლის“ ქვეშ

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება მთავრობის დღის წესრიგშია, მაგრამ ის არ უნდა გაიმართოს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან „ზეწოლის“ ქვეშ. როგორც რაისი ამბობს, მოლაპარაკებები ქვეყნის დღის წესრიგში დგას, სანაცვლოდ კი სანქციების გაუქმებას მოითხოვს. პარალელურად დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამს ირანში ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით. გაეროს ბირთვული კონტროლის სააგენტოს ცნობით, ირანს 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის წარმოება შეუძლია. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას აპირებს.

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე 3 სამხედრო ემსხვერპლა

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. შემთხვევა პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მოხდა. პაკისტანის სამხედრო პირის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტი ექვსი კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი მოტოციკლით დაეჯახა სამხედრო მანქანას. თავდასხმას სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა. დაშავებულია 20-ზე მეტი ჯარისკაცი. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თერიკ-ე-თალიბანმა აიღო.

რომის პაპი: ვლოცულობ, რომ ბევრი ქვეყანა მიესალმოს მათ, ვინც ახალ ცხოვრებას ეძებს. დაე, ახალგაზრდა ავღანელებმა მიიღონ განათლება

რომის პაპი ფრანცისკე იმედოვნებს, რომ ავღანელ ლტოლვილებს ბევრი ქვეყანა მიიღებს და ახალგაზრდებს განათლების მიღება შეეძლებათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც პონტიფიკოსმა წმინდა პეტრეს მოედანზე ყოველკვირეული ქადაგებისას განაცხადა, ის ლოცულობს, რომ რაც შეიძლება ბევრმა ქვეყანამ მიიღოს ავღანელი ლტოლვილები. პაპმა ფრანცისკემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ,,თალიბანის" კონტროლის პირობებში ქალებს სასკოლო განათლების მიღების პრობლემა ექმნებათ და აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდა ავღანელებმა მიიღონ განათლება. " ვლოცულობ, რომ ბევრმა ქვეყანამ მიიღოს და დაიცვას ისინი, ვინც ახალ ცხოვრებას ეძებს. ახალგაზრდა ავღანელებმა მიიღონ განათლება, რაც უმნიშვნელოვანესი სიკეთეა კაცობრიობის განვითარებისთვის. დაე, ყველა ავღანელმა, იქნება ის თავის სახლში, გზაში ან სხვა ქვეყნებში, იცხოვროს მშვიდობიან გარემოში და ძმურად მეზობლებთან ერთად", - განაცხადა პაპმა.

ანტონიო გუტერეში: ახლა, ისე, როგორც არასდროს, ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში საერთაშორისო საზოგადოებას ავღანელი ხალხის დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „ახლა, ისე, როგორც არასდროს, ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა და საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობა. ავღანეთისთვის, გავმართავ მაღალი დონის ჰუმანიტარულ კონფერენციას, რათა მხარი დავუჭიროთ დაფინანსების სწრაფ გაფართოებასა და მასზე სრულფასოვან, შეუწღუდავ წვდომას მათთვის, ვისაც ის სჭირდებათ“, - წერს გაეროს გენერალური მდივანი Twitter-ზე. ცნობისთვის, ანტონიო გუტერეშის ინიციატივით, ავღანეთის დასახმარებლად, ჟენევაში, დონორთა საერთაშორისო კონფერენცია 13 სექტემბერს ჩატარდება. ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ავსტრია და სერბეთი, ავღანელი მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობენ. ამავე თემაზე: ანტონიო გუტერეში ავღანეთის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას მოიწვევს

სალვადორში, ზედიზედ ორი ვადით, პრეზიდენტად არჩევა დასაშვები გახდა

სალვადორის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს შეუძლია, მეორე ვადითაც იყაროს კენჭი. ეს გზას გაუხსნის ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ნაიიბ ბუკელეს, 2024 წელს, კიდევ ერთხელ ჩაერთოს საპრეზიდენტო მარათონში, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოსამართლეები, რომელთაც გადაწყვეტილება მიიღეს, მაისში, უმეტესწილად, პრეზიდენტის პარტიის წევრებით დაკომპლექტებულმა ეროვნულმა ასამბლეამ დანიშნა. იქამდე, ასამბლეამ წინამორბედი მოსამართლეები გაათავისუფლა. ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ბუკელეს ავტორიტარულ ტენდენციებში სდებს ბრალს. 40 წლის ბუკელე ქვეყანას 2019 წლიდან, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მართავს. ის ხელისუფლებაში ძალადობისა და პოლიტიკური კორუფციის დაძლევის დაპირებით მოვიდა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ცენტრალური ამერიკის ღარიბ ქვეყანაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: ვმუშაობთ მილიონი დოზა Sinopharm-ის და ორი მილიონი დოზა Pfizer-ის შემოტანაზე

,,ვმუშაობთ მილიონი დოზა Sinopharm-ის და ორი მილიონი დოზა Pfizer-ის შემოტანაზე, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება შემდგომი თვეების განმავლობაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის ამოცანაა, სიტუაცია მართვადი იყოს და არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის გარეშე. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიტუაცია იყოს მართული და ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საკმარისზე მეტი რაოდენობის ვაქცინები შემოგვეტანა. სამ მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ, დღეს ქვეყანაში არის მილიონი დოზა Pfizer-ი, დაახლოებით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა Sinovac-ი და ჩემი დავალებით ვმუშაობთ მილიონი დოზა Sinopharm-ის და ორი მილიონი დოზა Pfizer-ის შემოტანაზე, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება შემდგომი თვეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გამოსავალი ამ სიტუაციაში არის აცრები და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა, რასაც კონკრეტული შედეგებიც მოჰყვა. „ჩვენს თანმიმდევრულ, ეტაპობრივ ეკონომიკის გახსნას მყისიერი შედეგიც მოჰყვა. გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ქვეყანას აქვს 12%-იანი ზრდა პირველი შვიდი თვის განმავლობაში. აპრილში გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში – 25%-იანი, ივნისში – 18%-იანი, ივლისში – თითქმის 10%-იანი. რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას და ამ პროცესს სჭირდება შენარჩუნება. ასევე, ამ განვითარებას სჭირება მშვიდობა და სტაბილურობაც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

111 წლის ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 111 წლის ლეონილა გვაჯავას რესპუბლიკური საავადმყოფოდან 6 სექტემბერს გაწერენ. „ჩვენთან მკურნალობის კურსი თერაპიული მიმართულებით გაიარა, ამჟამად თავს ჯანმრთელად გრძნობს და ხვალ, 14:00 საათზე ვაპირებთ, რომ გავწეროთ. პაციენტი 1910 წელსაა დაბადებული. ის აბსოლუტურად ემორჩილებოდა ექიმების ყველა მითითებას. ძალიან მოტივირებული იყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო და მკურნალობის კურსი სრულად ჩაიტარა. მისი შვილიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაახლოებით 80 წლის არის. ისიც თავს უკეთესად გრძნობს”, - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ლეონილა გვაჯავას, რომელიც წლების წინ, ჩხოროწყუს პირველ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობდა, ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი, ათი შვილთაშვილი და ოთხი შვილთაშვილის შვილი ჰყავს. წყარო - ინტერპრესნიუსი

თბილისიდან ვენის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა

საქართველოს ავიახაზების თბილისი-ვენის რეისს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების” დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თვითმფრინავს, აფრენის დროს ბორბლები არ აეკეცა და ამიტომ უკან დაბრუნდა. კომპანიის განმარტებით, თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაჯდა და რეისი ისევ შესრულდება. ბორტზე დაახლოებით 180 მგზავრი იყო.

Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია განახლდა

Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია ისევ შესაძლებელია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. Sinopharm-ით აცრა შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც. ასევე წაიკითხეთ: კვლევა: ,,დელტა" შტამის მძიმე განვითარებისგან Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები 100%-ით იცავს ცნობისათვის წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია და ვაქცინაციის მოძრავი პუნქტების ჩამონათვალი. ბმულებზე ნახეთ. შეგახსენებთ, Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 27 აგვისტოდან შეიზღუდა.

აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ხვალ საქართველოს ეწვევა

6-9 სექტემბერს საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ სხვადასხვა კომიტეტს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინიტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები, ასევე, მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს. საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან. ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. დელეგაციის შემადგენლობაში ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული სან- დიეგოში მელორ წიფურია.

BBC: „თალიბანს“ ფეხმძიმე პოლიციელის მკვლელობაში ადანაშაულებენ

ავღანეთში „თალიბანის“ ძალებმა პოლიციელი ქალი მოკლეს, ამის შესახებ თვითმხილველებმა BBC- ს განუცხადეს. მედია წერს, რომ ქალი ოჯახის წევრების თვალწინ მოკლეს. ბრიტანული წყარო აღნიშნავს, რომ მკვლელობა ხდება იმ ფონზე, როდესაც ავღანეთში ქალთა წინააღმდეგ რეპრესიები იზრდება. BBC- ს სამმა წყარომ განუცხადა, რომ თალიბებმა ბანუ ნეგარი ქმრისა და შვილების თვალწინ დახვრიტეს. მოწმების თქმით, თავდამსხმელები არაბულად საუბრობდნენ. ბანუ ნეგარი 8 თვის ორსული იყო. ამავე თემაზე: მედია: ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია ქაბულში „თალიბანმა“ ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა

რა სიგნალი მიიღო ხომალდის მეთაურმა თბილისი-ვენის ავიარეისზე - ტექნიკური პრობლემის დეტალები

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია თბილისი-ვენის რეისთან დაკავშირებულ პრობლემას განმარტავს. „ტექნიკური პრობლემა იყო, ბორტზე ხომალდის მეთაურს სიგნალი მიეცა, რომ შასი არ დაიხურა. ხომალდის მეთაურმა თავისი მოვალეობა უმაღლეს დონეზე შეასრულა. რეგულაციების შესაბამისად, როდესაც თვითმფრინავის ავზები სავსეა საავიაციო საწვავით, თვითმფრინავის დასმა აეროპორტში არ შეიძლება. შესაბამისად, მან დახარჯა საავიაციო საწვავი, მიიყვანა საავიაციო საწვავი იმ დონეზე, რომ ეს ყოფილიყო უსაფრთხო თვითმფრინავის დასასმელად. თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა, ხარვეზი აღმოფხვრილია“, - აღნიშნა რომან ბოკერიამ ჟურნალისტებთნ საუბრისას. შეგახსენებთ, თბილისიდან ვენის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების” დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თვითმფრინავს, აფრენის დროს არ აეკეცა და ამიტომ უკან დაბრუნდა. პილოტმა, თემურ თოლომაშვილმა თბილისის აეროპორტში, ტექნიკური პრობლემის შემდეგ თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა. ბორტზე დაახლოებით 180 მგზავრი იყო.

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თვითმფრინავის იძულებით დაშვებაზე განცხადება გაავრცელა

ტექნიკური პრობლემის შემდეგ, თბილისი-ვენის დღევანდელი რეისი - A9 681 შესრულდა. ამის შესახებ განცხადებას ავიაკომოანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს. რეისის დაგვიანებით შესრულების მიზეზი გახდა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც პილოტი იძულებული გახდა, 2 საათის განმავლობაში ეფრინა თბილისის თავზე, რათა დაშვებამდე დაეწვა გარკვეული რაოდენობის საწვავი. „მადლობას ვუხდით ჩვენს მფრინავებს, თემურ თოლომაშვილს და გიორგი გიუნაშვილს, რომლებმაც მოახერხეს 180 მგზავრით სავსე ხომალდის უსაფრთხოდ დასმა თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე! ტექნიკური შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავმა მიიღო მწვანე შუქი და შეძლო გაფრენა ვენაში, მხოლოდ 45 წუთის შემდეგ!კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს პილოტებს და ტექნიკურ გუნდს, გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე: რა სიგნალი მიიღო ხომალდის მეთაურმა თბილისი-ვენის ავიარეისზე - ტექნიკური პრობლემის დეტალები

მეტროსადგურ 300 არაგველთან სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა

მეტროსადგურ 300 არაგველთან სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა და ამოტრიალდა. ადგილზე დახმარების აღმოსაჩენად საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გადმოჰყავთ მათ დაშავებულები. განახლება : ავარიის დროს სულ სამი ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფოს კოვიდინფიცირებული გადაჰყავდა.

მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის ახალი ლიდერის ინაუგურაციას შეტაკებები მოჰყვა

მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის ახალი ლიდერის ინაუგურაცია შეტაკებების ფონზე გაიმართა. მიტროპოლიტი იოანიკოს მეორე, მონასტრამდე პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ ვერტმფრენით მიიყვანეს. სპეცრაზმმა ქალაქ ცეტინიეში (ძველი დედაქალაქი, ქვეყნის კულტურული და ისტორიული ცენტრი) ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. BBC-ის ცნობით, აქციის მონაწილეები ქვებს და ბოთლებს ისროდნენ. მონტენეგრო სერბეთს 2006 წელს გამოეყო, მაგრამ მისი ეკლესია სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია. ზოგიერთი, მათ შორის მონტენეგროს პრეზიდენტი მას სერბეთის გავლენის სიმბოლოდ მიიჩნევს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მილო ჯუკანოვიჩმა პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა, ჩაეშალათ ინაუგურაცია, თუმცა სხვა წყაროები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ღონისძიების გადადებას ითხოვდა. შაბათს, პროტესტის მონაწილეებმა ღონისძიების ბლოკირების მიზნით ბარიკადები მოაწყვეს, კვირას კი დემონსტრაცია გამართეს. პოლიციამ ათზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის პრეზიდენტის მრჩეველი. სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. „მონტენეგრო NATO-ში 2017 წელს გაწევრიანდა, რამაც რუსეთი და სერბეთი გააღიზიანა. ამის შემდეგ ეკლესიას შიდა პოლიტიკურ ბერკეტად იყენებენ. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა იოანიკოს მეორეს ინაუგურაცია მიულოცა და შეაქო მთავრობა ღონისძიების გაგრძელებისათვის. ვუჩიჩმა ბელგრადში TV Prva- ს განუცხადა, რომ სერბეთს აქვს "მხოლოდ უახლოესი და საუკეთესო ურთიერთობა" მონტენეგროსთან. ვუჩიჩი სერბეთის ყოფილი ლიდერის სლობოდან მილოშევიჩის მთავრობის დროინდელი მინისტრია, რომლის ქმედებებმა 90-იან წლებში ხელი შეუწყო ტერმინის „ეთნიკური წმენდის" პოპულარიზაციას. აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება და ყველა მხარეს მოუწოდა დეესკალაციისკენ. მათი თქმით, რელიგიური თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლება უნდა იყოს დაცული“, - წერს Reuters-ი.

ენტონი ფაუჩი: „მიუ“ ვარიანტს აქტიურად ვაკვირდებით

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, COVID-19-ის ახალ, „მიუ“ ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუარონ. ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელი ინფექციონისტის თქმით, „მიუ“ ვარიანტის მუტაციებზე საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება, თუმცა COVID-19-ის ყველა ვარიანტი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. ენტონი ფაუჩის განცხადებით, „მიუ“ ვარიანტზე აშშ-ში აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს. ამავე თემაზე: ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი ამერიკისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმო COVID19-ის ახალი ვარიანტს აკვირდება

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ

საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია. კონგრესის დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ სხვადასხვა კომიტეტს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინიტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები, ასევე, მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს. საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან. ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. დელეგაციის შემადგენლობაში ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული სან- დიეგოში მელორ წიფურია.

პარლამენტი დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს აღნიშნულ ინიციატივაზე პირველი მოსმენით იმსჯელებს. აღნიშნული ცვლილებების ინიცირება შარლ მიშელის დოკუმენტით იყო გათვალისწინებული. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. შესაბამისად, პროექტის მიღებას ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც სჭირდება. კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება, ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესიც.

„თალიბანის“  ინფორმაციით, პანჯშირის ხეობაზე სრული კონტროლი მოიპოვეს

„თალიბანი“ პანჯშირის ხეობაზე სრული კონტროლის მოპოვების შესახებ იუწყება. დაჯგუფების პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, პანჯშირის ხეობაში გამაგრებული აჯანყებული მოწინააღმდეგის ჯარისკაცების ნაწილი ბრძოლაში დამარცხდა, ნაწილი კი გაიქცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „თალიბანის“ განცხადებით, ხეობიდან გაქცეულებს შორის არიან ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ამრულა სალეჰი და წინააღმდეგობის ძალების ლიდერი, აჰმად მასუდი. „ჩვენ სრულ გარანტიას ვაძლევთ პანჯშირის საპატიო ხალხს, რომ ისინი არ იქნებიან დისკრიმინირებული, ისინი ყველა ჩვენი ძმები არიან, ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას და საერთო მიზანს. ამ ბოლოდროინდელი გამარჯვებებითა და ძალისხმევით, ჩვენი ქვეყანა მთლიანად გამოვიდა ომის მორევიდან და ჩვენს ხალხს ექნება მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის ატმოსფეროში“, - ნათქვამია ავღანური დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.