ძებნის რეზულტატი:

ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოვიდსაავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ ტეტოვოს კოვიდსაავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. საავადმყოფოში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. დაშავებული სამედიცინო პერსონალი და პაციენტები დედაქალაქ სკოპიეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრის ზორან ზაევის განცხადებით, ხანძარს წინ უსწრებდა აფეთქება, მაგრამ მიზეზი ჯერ კიდევ გამოუძიებელია. "მე ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახებსა და ახლობლებს და ვუსურვებ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას", - განაცხადა ზაევმა. როგორც Euronews-ი წერს, მაკედონიაში, სრულადვაქცინირებულია მოსახლეობის 30% -ზე ნაკლები. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწორედ ქალაქ ტეტოვოში იყო ყველაზე მეტი ჰოსპიტალიზებული და გარდაცვლილი. ამასთანავე, ქალაქის მაცხოვრებლების მხოლოდ 19% იყო აცრილი ივლისში, რის საფუძველზეც ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აგვისტოში ამან გამოიწვია დიდი ზეწოლა საავადმყოფოებზე.

მაშველებმა მწვერვალ "უშბაზე" გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა მწვერვალ "უშბაზე" გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, სამძებრო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენიც იყო ჩართული. ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და შესაბამისი პროცედურები ტარდება. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება მესტიაში, მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საძიებო ოპერაციის ფარგლებში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამავე თემაზე: უშბაზე დაკარგულ უცხოელ ტურისტებს ეძებენ

საქართველოში კორონავირუსი 2 455 ადამიანს დაუდასტურდა, 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 455 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი, 58 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 572 948 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 531 764, გარდაიცვალა 8 035 ინფიცირებული.

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და დამულის უფლებას იყენებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, სოფიო გოგლიძემ, მურსაკულოვთან პირველი შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. "ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს, ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარსდგენია, არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ რას გვედავება გამოძიება", - განაცხადა ადვოკატმა მისი თქმით, მურსაკულოვი შანაე ბრუკს არ იცნობდა. "საერთოდ არ უნახავს, საერთოდ არ იცნობდა", - განაცხადა ადვოკატმა. როგორც ცნობილია, შანაი ბრუკი 30 ივლისს დაიკარგა. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ შანაე ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი 31 ივლისს იპოვეს. ამავე თემაზე: ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ავღანელ ხალხს ბოდიშს უხდის

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, რომელიც ავღანეთში "თალიბანის" შესვლის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა, Twitter-ზე განცხადებას ავრცლებს და ავღანელ ხალხს ბოდიშს უხდის. მისი თქმით, ქვეყნიდან წასვლა იყო ერთადერთი გზა მოქალაქეების გადასარჩენად. ღანის თქმით, მისი განზრახვა ხალხის მიტოვება არ ყოფილა. "ქაბულის დატოვება ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მჯეროდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა იარაღის გაჩუმებისა და ქაბულის 6 მილიონი მაცხოვრებლის გადასარჩენად. ჩემი ცხოვრების 20 წელი მივუძღვენი იმას, რომ დავხმარებოდი ავღანელ ხალხს, აეშენებინათ დემოკრატიული, წარმატებული, სუვერენული სახელმწიფო - ჩემი განზრახვა არასდროს ყოფილა, რომ მიმეტოვებინა ხალხი ან ეს ხედვა", - აცხადებს ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი. აშრაფ ღანი უარყოფს, რომ მან ქაბული დიდი ქონებით დატოვა, რომელიც ბიუჯეტიდან იყო აღებული. ის კორუფციის საკითხსაც შეეხო. "კორუფცია არის ჭირი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში ასუსტებდა. კორუფციასთან ბრძოლის მცდელობები ჩემი პრეზიდენტობის დროს ფოკუსის ცენტრში იყო. მე მემკვიდრეობით მერგო მონსტრი, რომელიც მარტივად და მალე ვერ დამარცხდებოდა", - აცხადებს ღანი. მან მწუხარება გამოთქვა, რომ ავღანეთში მისი ისტორიაც წინამორბედების მსგავსად, სტაბილურობის უზრუნველყოფის გარეშე დასრულდა. "სამწუხაროა, რომ ჩემი ტომი, ჩემი წინამორბედების მსგავსი ტრაგედიით დასრულდა - სტაბილურობისა და აღორძინების გარანტიის გარეშე. ბოდიშს ვუხდი ავღანელ ხალხს, რომ სხვანაირად ვერ დავასრულე. ჩემი თავდადება ავღანელი ხალხის მიმართ არასდროს დაკნინებულა და სიცოცხლის ბოლომდე გამიძღვება". - აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი. ამავე თემაზე: აშრაფ ღანი: პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ ავღანეთის პრეზიდენტის ადგილსამყოფელი გაირკვა ,,შემოუერთდით წინააღმდეგობას" - ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოვალეობის ლეგიტიმური შემსრულებელია

საქართველო პორტუგალიაში პირდაპირი ფრენების დაწყებაზე TAP Air Portugal-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

საქართველოს პორტუგალიასთან პირდაპირი ავიარეისების დაწყება სურს. მოლაპარაკებები პორტუგალიის ეროვნულ ავიაკომპანია TAP Air Portugal-სთან მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობლია, მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანიის TAP Air Portugal პრეზიდენტს შეხვდა. "დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე. საქართველოს ავიაციის სექტორის შტამბეჭდავი აღდგენის ტემპი და ტურიზმის სექტორის უდიდესი პოტენციალი - პოზიტიურ მოლოდინების გვიქმნის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე", - წერს მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ზე.

"თალიბანმა" ავღანეთში მათთან შეუთანხმებელი საპროტესტო აქციების გამართვა და ლოზუნგების გამოყენება აკრძალა

The Guardian-ის ცნობით, რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" საპროტესტო აქციებზე კონტროლი გაამკაცრა და აკრძალა ნებისმიერი დემონსტრაციის ჩატარება, ან სლოგანის გამოყენება, რომელიც მათთან არ იქნება შეთანხმებული. როგორც გამოცემა წერს, ახალი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პირველ განკარგულებაში, "თალიბანი " მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი საპროტესტო აქციის გამართვამდე ოფიციალური ნებართვა უნდა მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამას "მკაცრი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება". განკარგულების თანახმად, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, აქციის გამართვამდე არაუგვიანეს 24 საათისა, იუსტიციის სამინისტროს უნდა შეატყობინონ საპროტესტო აქციის მიზეზის, მისი ადგილისა და დროის, ასევე ლოზუნგების შესახებ, რომელთა გამოყენებასაც აპირებენ. ამავე თემაზე: "თალიბანმა" ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა ქაბულში საპროტესტო აქციაზე სროლის ხმა ისმის

დაავადების მქონე მოზარდების აცრა საქართველოში შესაძლოა, ჯანმოს რეკომენდაციამდე დაიწყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაავადების მქონე მოზარდების აცრა საქართველოში შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციამდე დაიწყოს. მისივე თემით, მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ იმსჯელა ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ. "ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირასა და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით - ერთი არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 16 წლიდან მოგეხსენებათ ჩვენც ვიწყებთ აცრებს და მეორე არის ბრიტანული რეკომენდაციები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, რომლებსაც აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვაქცინაცია. ჩვენ ვისჯელებთ ამაზე მომდევნო კვირაში, შესაძლებელია ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ, უკვე შეიქმნა პრეცედენტები იმისი, რომ გარკვეული პრობლემების მატარებელი მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, WHO-ს რეკომენდაციები ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუმცა გამომდინარე პრობლემის აქტუალობიდან და იქიდან, თუ რაოდენ დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექცია, იმ მოზარდებში, ვისაც აქვთ რაიმე თანხმლები დაავადება, შეიძლება ამ ჯგუფთან მიმართებით შეიძლება უფრო ადრე იყოს გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა გაბუნიამ. ამავე თემაზე: თამარ გაბუნია: მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ რა შემთხვევაში აცრიან 12 წელს გადაცილებულ ბავშვებს - განათლების მინისტრის განცხადება ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი: პირველ ეტაპზე გარკვეულ რისკჯგუფში მყოფი ბავშვების აცრა აჯობებდა საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე უარს ამბობს

თამარ გაბუნია ვაქცინაციის პროცესის გაუმჯობესებისთვის ბიზნესს დასაქმებულების წახალისებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესში პირველ დოზებზე რეგისტრირების მაჩვენებელი შემცირებულია, რაც მისი შეფასებით, დაუშვებელია. ჟურნალისტების კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს, გაბუნია აცხადებს, რომ სახელმწიფომ ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ ბიზნეს სექტორიდანაც რაიმე წამახალისებელი სტიმულები წამოვა. "პირველ რიგში, ისევ და ისევ საპრომოციო და საგანმანათლებლო კამპანიაა საჭირო, რომ ვაქცინაციის სარგებლის შესახებ ყველამ ბევრი ვისაუბროთ. მეორე - დამატებითი სტიმულები მნიშნელოვანია და როგორც იცით, მომდევნო კვირიდან აცრილი პირებისთვის ლატარიის გათამაშება იგეგმება. ვფიქრობ, გარკვეული სტიმული მოსახლეობისთვის ესეც იქნება. მაგალითისთვის, გუშინ ჩატარდა 27 000 აცრა, დღეს - 24 000-ია. ვაქცინაციის რაოდენობა არც ერთ შემთხვევაში კლებადი არ უნდა იყოს. იმისთვის რომ დღიურად 35-40 ათას აცრამდე მივიდეთ, მხოლოდ მატების ტენდენცია გვჭირდება. ვნახოთ, დამატებითი სტიმულები და ქცევის წამახალისებელი ღონისძიებები რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება. თუ კიდევ დამატებით დაგვჭირდება მობილიზება, დამატებით უნდა ჩავერთოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია საყოველთაო მობილიზება და სამოქალაქო საზოგადოების თანაბარი ჩართულობა... კარგი იქნება ბიზნეს სექტორიდანაც თუ რაიმე წამახალისებელი სტიმულები წამოვა, რაც ვფიქრობ, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეების მოზიდვის მაჩვენებელს გააქტიურებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამავე თემაზე: საქართველოში კორონავირუსი 2 455 ადამიანს დაუდასტურდა, 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა საქართველოში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება როგორ უნდა ჩაერთონ ვაქცინირებულები ლატარიის გათამაშემაში

თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ს ეწვევა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეერთებულ შტატებს 19-22 სექტემბერს ეწვევა. ვიზიტის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

თამარ გაბუნია: შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება 60 წელს გადაცილებულებისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას

"შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს გადაცილებული ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ 60 წელს გადაცილებულებშია. მისი თქმით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ტემპი დაბალია. "დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი 60 წელს გადაცილებულებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც ამ ასაკობრივ ჯგუფშია. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წელს გადაცილებულებში, რომ რეალურად ჰოსპიტალური დატვირთვისა და ლეტალური გამოსავლების კუთხით შემსუბუქება ვიგრძნოთ. ამდენად, მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება არის პრიორიტეტი, ამაზე იმსჯელა გუშინ საკოორდინაციო საბჭომ და ვაქცინაციის საბჭომ. პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს იქნება მეტად მიმართული 60 წელს გადაცილებულებისთვის. შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუანია განცხადებით, კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ. "კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და სარისკო ქცევის პირობებში მოლოდინი არის, რომ შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღაც იყოს, რისთვისაც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. ეს არ იქნება მოკლე მომავალში, მაგრამ მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღებს. ეს უფრო მოსალოდნელია ახალი წლის შემდეგ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ ამავე თემაზე: პენსიონერების ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის, სხვადასხვა ფინანსურად წამახალისებელ ღონისძიებაზე იმსჯელებენ ჯანდაცვის მინისტრი: ჰოსპიტალში 60 წელს გადაციელებულების 67% ხვდება, საიდანაც ძალიან მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი

ისრაელის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანა კოვიდვაქცინის მეოთხე დოზისთვის უნდა მოემზადოს

ისრაელის ქალაქ ცფათის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შესაძლოა, კოვიდვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენება გახდეს საჭირო. სალმან ზარკას განცხადებით, ქვეყანა ამისთვის უნდა მოემზადოს, თუმცა როდის უნდა დაიწყოს მეოთხე დოზით აცრა, სპეციალისტს არ დაუკონკრეტებია. ისრაელში ამჟამად, კოვიდვაქცინის მესამე, გამაძლიერებელ დოზას აქტიურად იყენებენ. ასევე წაიკითხეთ: ისრაელი ყველა ვაქცინირებულს ,,ბუსტერ" დოზით აცრას სთავაზობს როგორც სალმან ზარკამ ისრაელის საზოგადოებრივ რადიოს განუცხადა, იქედან გამომდინარე, რომ ვირუსი ჯერ არსად წასულა, ისრაელი კოვიდვაქცინის მეოთხე დოზისთვის უნდა მოემზადოს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა

9 სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღეა. თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით „არმი ჰოლში“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. "თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების თანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღე მიულოცა, სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 25 ან მეტი წლის ნამსახურების მქონე თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. დღესვე, ჯუანშერ ბურჭულაძემ 20 დან 25 წლამდე ნამსახურების მქონე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელით დააჯილდოვა. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, 1991 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. დოკუმენტის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანა დოლიძე შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე დღეს შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება 30 აგვისტოს მის სოციალურ ქსელზე განხორციელებულ კიბერშეტევას. ანა დოლიძის თქმით, ის უნდობლობას უცხადებს გენერალურ პროკურატურას და დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. "30 აგვისტოს იყო ჩემი სოციალური ქსელის გატეხვის მცდელობა. იყო არაერთი მცდელობა, მთელი დღის განმავლობაში. ამაზე შევიტანე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეს დამიბარეს გამოკითხვაზე. უნდობლობას ვუცხადებ შსს-ს, როგორც წინა ოთხ შემთხვევაზე, ამ შეთხვევაზეც ტყუილად მოვალ. უნდა გადავცე ჩემი პირადი ნივთები და ტელეფონი და შედეგი იქნება ნულოვანი", - აცხადებს ანა დოლიძე.

ალჟირში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 30 ადამიანი დააკავეს

ალჟირში, ტყის ხანძრების გაჩენაში მონაწილეობისთვის 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის სეპარატისტული ჯგუფის 7 წევრი, რომელიც მთავრობამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ალჟირის ხელისუფლება ცეცხლის კერების განზრახ გაჩენაში ადანაშაულებს დაჯგუფებას, რომელიც კაბილიის რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეა. ამ ჯგუფის მხარდაჭერა გახადა მიზეზი, რის გამოც ალჟირმა გასული თვის ბოლოს მაროკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ცნობისთვის, ალჟირში გასულ თვეში ტყის ხანძრების შედეგად სულ მცირე 65 ადამიანი დაიღუპა. ამავე თემაზე: ალჟირში ტყის ხანძრებისგან დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, მათ შორის 28 სამხედრო მოსამსახურეა

ქარიშხალ „იდას“ დროს დატბორილი ავტომობილები შესაძლოა, მანქანების ბაზრობაზე შეგხვდეთ - CNBC-ის სიუჟეტი

წყალდიდობისას დაზიანებული მანქანები შესაძლოა, ავტომობილების ბაზრობაზე შეგხვდეთ. როგორ ავიცილოთ თავიდან მათი ყიდვა? ამ შინაარსის სიუჟეტი ამერიკულმა მედიამ მოამზადა, რითაც მედია ქარიშხალ „იდას“ შედეგებს აღწერს. CNBC იუწყება, რომ ათასობით მეორადი ავტომობილი, რომელიც ახლა გაყიდვაშია, სავარაუდოდ, სწორედ ქარიშხალ „იდას“ დროს დაიტბორა. ზოგიერთი მათგანი გაიყიდება დაზიანების გამჟღავნების გარეშე, იქნება ეს კერძო გამყიდველი თუ არაკეთილსინდისიერი დილერი. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა „სამწუხაროდ, დიდი ქარიშხლების ან წყალდიდობის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ თაღლითები ცდილობენ მომხმარებლების მოტყუებას წყალდიდობის შედეგად დაზიანებული მანქანების გაყიდვით“, - ამბობს ტული ლემანი, ეროვნული სადაზღვევო სამსახურის საზოგადოებრივ საქმეთა მენეჯერი. ექსპერტების შეფასებით, თაღლითური სქემის რისკებს ზრდის მეორად მანქანებზე მაღალი მოთხოვნა, რაც ქმნის შესაძლებლობას, არაკეთილსინდისიერებმა მყიდველების გარიგების სურვილით ისარგებლონ. „ძირითადად, როდესაც სადაზღვევო კომპანიას დატბორილ მანქანასთან დაკავშირებული პრეტენზიით მიმართვენ, შეკეთება ავტომობილის ღირებულებაზე ძვირი ჯდება. მყიდველებმა ყოველთვის უნდა შეამოწმონ მეორადი ავტომობილი, რათა დარწმუნდნენ, რომ იციან რას ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, როდის ან სად ყიდულობენ მას. დატბორილი მანქანები ხშირად იყიდება იმ ადგილებში, სადაც ისინი თავდაპირველად დაზიანდა“, - აღნიშნავს CNBC სიუჟეტში.

საქართველოში 536 394 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 405 877-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 869 483 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.4% სრულად ვაქცინირებულია 536 394 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 18.8% 8 სექტემბერს აიცრა 24 670 ადამიანი. ამავე თემაზე: საქართველოში კორონავირუსი 2 455 ადამიანს დაუდასტურდა, 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

მედია: ბრიუსელში, რესტორნებსა და ბარებში შესასვლელად კოვიდპასპორტი იქნება საჭირო

ბრიუსელში რესტორნებში, ბარებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში შესასვლელად კოვიდპასპორტი იქნება საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს ამჯამად ბელგიის დედაქალაქში რესტორანში შესვლის მსურველებისთვის ერთადერთი ძირითადი ვალდებულება ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვაა. როგორც Euronews-ი წერს, იმის გამო, რომ ბელგიის დედაქალაქში ვაქცინაციის მაჩვენებლები დანარჩენი ქვეყანების მაჩვენებელს 52% -ით ჩამორჩება (ორმაგი დოზით აცრილების რაოდენობა), მთავრობა განიხილავს საშვების დაწესებას. აღნიშნული დაწყვეტილების გამო, ბრიუსელში სარესტორნო სექტორი შეშფოთებულია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნებში, ბარებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში შესასვლელად კოვიდპასპორტის წარდგენა პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. ამასთანავე, გარდა რესტორნებისა და ბარებისა, კოვიდპასპორტის წარდება საჭირო იქნება სხვა საჯარო დაწესებულებებში შესასვლელადაც.

ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი 4 ფერწერული ტილო საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი 4 ფერწერული ტილო წარმოადგინა და მათი საქართველოში დაბრუნების შესახებ განაცხადა. ეს ფერწერული ტილოებია: ირაკლი სუთიძის ''ნატურმორტი'', თენგიზ ცხონდიას ''ქართლი'', ომარ კაჭკაჭიშვილის ''ადრეული გაზაფხული'' და გურამ ნავროზაშვილის ''აღორძინება''. როგორც ცნობილია, მოცემული ფერწერული ტილოები 2010 წელს ეროვნული გალერეის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდიდან გაიტანეს საქართველოს საელჩოში ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც ნამუშევრები წლების განმავლობაში იყო გამოფენილი. თეა წულუკიანის ინიციატივითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით მოცემული ნამუშევრები საქართველოში დაბრუნდა და დღეს გადაეცა ეროვნული გალერეას. ამ პროცესში მხარდაჭერისთვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ელჩს ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილს. შეგახსენებთ, თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას სამი თვის წინ უკვე დაუბრუნდა კულტურის სამინისტროში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო - ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“).

თბილისის მერობა სულ 16 კანდიდატს სურს

Europetime-მა დედაქალაქის მერობის კანდიდატთა სია მოიძია. ამ დროისთვის თბილისს მერობის 16 კანდიდატი ჰყავს. აქედან 4, ქალია. მათ შორის არიან: ანა ბიბილაშვილი - „ლელო“ ანა დოლიძე - „საარჩევნო სუბიექტი „ანა დოლიძე - ხალხისთვის”. თამარ კეკენაძე - „მესამე ძალა“. ქალ კანდიდატებს შორის ასევე არის ქეთევან ნაკაშიძე - „მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის“. თბილისის მერობისთვის განაცხადი ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიხეილ ქუმსიშვილმაც გააკეთა. ის აღნიშნავს, რომ ერთადერთი კანდიდატია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა. 2021 წლის არჩევნებზე დარეგისტრირდა ნიგერიელი რიჩარდ ოგბუნუჯუც. „მოვდივარ პოლიტიკაში იმიტომ რომ ხალხს უჭირს“, - განაცხადა და ქალაქის მერობის სურვილი გამოთქვა ნიგერიული ტომის მეფემ, რომელიც 25 წელია, საქართველოში ცხოვრობს. მეორე ვადით გეგმავს თბილისის მართვას მოქმედი მერი კახა კალაძე. ის დედაქალაქი მერი 51.3%-ით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა. მეორე პოზიციაზე 17.49%-ით მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყო, შემდეგი კი - 16.53%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი. წლევანდელ არჩევნებზე ამ ოპოზიციური პარტიიდან კალაძის მეტოქე ნიკა მელიაა, მმართველი პარტიის კანდიდატის მეტოქეებს შორის არის, მისი ყოფილი თანაგუნდელი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია. ასევე წაიკითხეთ: გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის მოწოდებას პასუხობს ნიკა მელია: რომელი ტესტიც უნდა, ის ტესტი გავიაროთ, მათ შორის, დემოკრატიული, ნარკოტესტი და IQ ტესტი ცნობისთვის, ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული სიის მიხედვით, მერობის კანდიდატების სრული სია ასეთია: ანა დოლიძე - „საარჩევნო სუბიექტი „ანა დოლიძე - ხალხისთვის” გიორგი გაჩეჩილაძე - „საარჩევნო სუბიექტი „გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია“ არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ თეიმურაზ ბობოხიძე - „მამული“ ევგენი ღვინიაშვილი - „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ გიორგი ლომია - „დავით თარხან-მოურავი, ირმაინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გიორგი ლაღიძე - „გიორგი ლაღიძე-მომავალი საქართველო“ ანა ბიბილაშვილი - „ლელო“ გიორგი გახარია - „საქართველოსთვის“ მიხეილ ქუმსიშვილი - „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ნიკანორ მელია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” : თამარ კეკენაძე - „მესამე ძალა“ გიორგი ქუთათელაძე - „საქართველო“ კახა კალაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ზაზა ხატიაშვილი - „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა) ქეთევან ნაკაშიძე - „მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის“ თბილისი მერს 2006 წლიდან ირჩევს. მანამდე მას პრეზიდენტი ნიშნავდა, 2006 წელს კი მერი საკრებულომ აირჩია. გასული 30 წლის განმავლობაში, თბილისის მერის მოვალეობას ქალი, ერთხელ, 2013 წელს, რამდენიმე თვით ასრულებდა და ის სევდია უგრეხელიძე იყო.