ძებნის რეზულტატი:

პოლიციამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. "საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამავე თემაზე: თბილისში, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

"ქართული ოცნება" "ენმ"-ს ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბში შეჭრაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" ნაციონალურ მოძრაობას ხელვაჩაურის შტაბში შეჭრაში ადანაშაულებს. როგორც დღეს, ბრიფინგზე "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ - მიხეილ ბოლქვაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი - ამირან თედორაძე, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები: მალხაზ თავდგირიძე, მერაბ ვარშალომიძე და ნიკა ნაგერვაძე, აქტივისტებთან და საკუთარ მედიასაშუალებებთან ერთად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ. "გაუგონარია უშუალოდ ის საბაბი, რომელიც ჩვენ ოფისში შესაჭრელად პროვოკატორებმა გამოიყენეს. მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ მიმართავდნენ მსგავს პრაქტიკას შარშანაც, როდესაც ჩვენი ოფისების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. დღეს კი უფრო შორს წავიდნენ და პროვოკაციის მოსაწყობად არა თუ ჩვენი შტაბის ეზოში, უშუალოდ შტაბში შევიდნენ. ვაზუსტებ, რომ საუბარია არა მხოლოდ ტელევიზიების წარმომადგენლებზე, არამედ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე და მათ აქტივზე. ეს არის გაუგონარი თავხედობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უკონტროლო პროცესები გამოიწვიონ და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს. ამასთანავე, ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში, ქარელში „მთავარი არხის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციის კვალდაკვალ, ამ შემთხვევაშიც ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, სადაც, არის მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეები, რომელსაც ზედა მხარეს საერთოდ არ გააჩნია მოაჯირი და საიდანაც, მათ მიერვე პროვოცირებული შესაძლო არეულობის დროს, ადვილად შეიძლება გადავარდნილიყო ადამიანი. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან აპოკალიპტური სურათი, თითქოს „ქართული ოცნების“ ოფისებიდან ხალხს მეორე სართულიდან „ყრიან“. აქვე გაცნობებთ, რომ ყველა ამ მასალას როგორც ვიდეო ასევე ფოტო მასალას მოგაწვდით. აქვე მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი შტაბის წევრებს, რომლებმაც თავი შეიკავეს და არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციას. ჩვენი შტაბების ყველა წევრს მოვუწოდებთ იყვნენ ფხიზლად და ნებისმიერი მცირე პროვოკაციაც კი, ისევე როგორც დღეს, დააფიქსირონ ვიდეო და ფოტოგადაღების მეშვეობით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოსტკოვიდური გართულებებით მსახიობი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა

კორონავირუსის გადატანის შემდგომ გამოწვეული გართულებებით მსახიობი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა. მსახიობი მაყურებელმა ფილმში "უდიპლომო სასიძო" შესრულებული მთავარი როლით გაიცნო. კოტე მგალობლიშვილი კიდევ რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული, თუმცა ყველაზე წარმატებული მისთვის "ბიჭიკოს" პერსონაჟი აღმოჩნდა. კოტე მგალობლიშვილი 1995 დან 2008 წლამდე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ავღანეთის სკოლებში სწავლა მხოლოდ ბიჭებსითვის და კაცი მასწავლებლებისთვის განახლდა

ავღანეთის სკოლებში სასწავლო პროცესი მხოლოს ბიჭი მოსწავლეებისთვის და კაცი მასწავლებლებისთვის განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც ბიჭებს სკოლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, გოგო მოსწავლეები და ქალი მასწავლებლები ნახსენები არ არიან. "ყველა კაცი მასწავლებელი და მოსწავლემ უნდა იაროს თავის საგანმანათლებლო დაწესებულებაში" - ნათქვამია განცხადებაში. მას შემდეგ, რაც გასულ თვეში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაამხო, ისლამისტური ჯგუფი, თალიბანი პირობას დებდა, რომ ამჯერად ქვეყანას არ მართავდა ისე მკაცრად, როგორც წინა მმართველობისას, 1996-2001 წლებში, როცა გოგონებს სკოლაში სიარული აკრძალული ჰქონდათ და ქალებს არ შეეძლოთ მუშაობა და განათლების მიღება.

პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის დეტალებს აქვეყნებს

პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "ნ.კ.-ს ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარებისთვის, ორი პირის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალის წარდგენის თაობაზე და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ ნ.კ.-ს მოკვლა განიზრახეს, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასევე, 2021 წლის 14 სექტემბერს ნ.ბ.-სგან ავტომობილი იქირავეს. 15 სექტემბერს, ა.ჭ. და გ.კ. ვ.ანჯაფარიძის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც პირად საქმეზე ნ.კ. იმყოფებოდა. დანაშაულებრივი განზრახვის, კერძოდ, ნ.კ.-ს ჯგუფურად განზრახ მოკვლის სისრულეში მოყვანის მიზნით, ავტომობილიდან გადასული ა.ჭ. ნ.კ.-ს დაბრუნებას დაელოდა, ხოლო მისი თანამზრახველი გ.კ. დარჩა ავტომობილის საჭესთან. პირადი საქმის დასრულების შემდეგ ნ.კ. დაბრუნდა ავტომობილთან, რა დროსაც მას ზურგის მხრიდან შეიარაღებული ა.ჭ. მიუახლოვდა და განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე ზურგში ესროლა. ნ.კ. თავდამსხმელისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ა.ჭ. დაედევნა და კვლავ განაგრძო სროლა მისი მიმართულებით, რა დროსაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები.სროლის დასრულების შემდეგ, ა.ჭ. გაიქცა და გ.კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, თანამზრახველთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა ნ.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული დაზიანებების შედეგად გ.კ. გარდაიცვალა. ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) დაუსწრებლად წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალის დაზუსტება.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.დანაშაულში მონაწილე პირების - ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს დაკავების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება." - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ე.წ სისხლიან ბანერებს ISFED ცესკო-ში ასაჩივრებს და აუდიტის სამსახურისგან ბანერების დამფინანსებლის გასაჯაროებას ითხოვს

"სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სარჩელით მიმართა. სარჩელი ეხება თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში განთავსებული სისხლიანი ბანერებს, რომელზეც ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახულები. სამართლიანი არჩევნები გეგმავს მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც იმისათვის, რომ უწყება დაინტერესდეს აღნიშნული ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობით. როგორც ISFED-ს სარჩელშია აღნიშნული, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო კოდექსით. "კერძოდ, სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე", - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ოპოზიციონერი ლიდერების და აქტივისტების ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერების გაკვრას "ვისოლ ჯგუფს" უკავშირებს.

ჩინეთის მთავრობამ რეპეტიტორებს სკოლის მოსწავლეების მომზადება აუკრძალა

ჩინეთის მთავრობამ ქვეყანაში რეპეტიტორებს სკოლის მოსწავლეების მომზადება აუკრძალა. Reuters-ის ინფორმაციით, რეპეიტორების სისტემის აკრძალვის ახალი რეგულაციის თანახმად, როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ მოამზადონ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნებში. უცხოური მედიის ცნობით, რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით, მშობლებმა რეპეტიტორის "სახლის დამლაგებელის" სტატუსით დაქირავება დაიწყეს. თუმცა ჩინეთის განათლების სამინისტრო რეგულაციების დარღვევის მკაცრად გაკონტროლებას გეგმავს და აცხადებს, რომ "იატაკქვეშ" გადასულ რეპეტიტორების ინდუსტრიას დააკვირდებიან და "დამრღვევებს" გამოავლენენ. რეგულაციამ უკვე მოახდინა გავლენა ჩინეთში მცხოვრებ ათიათასობით უცხოელზე, მათ შორის აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეებზე, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში ამზადებდნენ. .

დავით ზალკალიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს და ასამბლეის წარმომადგენელს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს, კარი ჰენრიკსენსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, რობერტო მონტელას შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს წარმომადგენლებს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობისათვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უწყობს ხელს ეუთო-ს საპარლამენტო განზომილების მუშაობას. შეხვედრისას დავით ზალკალიანმა ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებასა და საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის, მოსახლეობის უკანონო გატაცების, დაკავებისა და მკვლელობის ფაქტებზე, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებებს და ამ კონტექსტში ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ჩართულობის მნიშვნელობაზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება. მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რელიგიათა საბჭო: ხელისუფლება უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულს

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები მედიაში გავრცელებული საიდუმლო მასალების შესახებ განცხადებას ავრცელებენ და საიდუმლო მოსმენების, თვალთვალისა და პირადი ცხოვრებით შანტაჟის პრაქტიკას გმობენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიით გავრცელებული მასალების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ განსახვავებული რელიგიური ჯგუფებისა და მათი უფლებების დამცველების საქმიანობის შესწავლა მიმდინარეობდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მეშვეობით, თითქოსდა სახელწმიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს რეპუტაციისა და ერთიანობის წინააღმდეგ საქმიანობის გამოვლინების კონტექსტში. "მოვუწოდებთ მედიას დაიცვან ფაილებში მოხსენიებული პირები და განსაკუთრებით არასრულწლოვნები პირადი ცხოვრების გასაჯაროებისგან. რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები და უფლებადამცველები, ყველა ადამიანი, რომელიც უკანონო თვალთვალისა და მოსმენის მსხვერპლი გახდა, თავს საქართველოში ვეღარ იგრძნობს დაცულად და უსაფრთხოდ. გაოგნებულები ვართ მომხდარით და გამოვთქვამთ უკიდურეს პროტესტს გავრცელებული საიდუმლო ფაილებისა და მასში არსებული ინფორმაციის გამო. როგორც მედიის მიერ მოპოვებული მასალებით გახდა ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა უკანონო და ყოვლისმომცველ მოსმენასა და თვალთვალს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობაზე, ყველა რელიგიური ორგანიზაციის ლიდერზე, სასულიერო პირებზე, მრევლზე, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, - მათ შორის არასრულწლოვნებზე, ყველაზე, ვინც მათთან ამა თუ იმ ფორმით იყო დაკავშირებული, განურჩევლად იმისა, რელიგიურ უმცირესობას თუ უმრავლესობას მიეკუთვნებიან ისინი. ამავდროულად, გავრცელებული მასალების მიხედვით, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და რელიგიის თავისუფლების დამცველების წინააღმდეგ შემუშავებული იყო მათი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების მადისკრედიტირებელი საგანგებო ღონისძიებები. გავრცელებული მასალები შეიძლება მეტყველებდეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულს ადამიანის, საკუთარი მოქალაქეების, ყველა რელიგიური გაერთიანების, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული და სეკულარული წყობის წინააღმდეგ", - წერია წერილში. წერილის ავტორები არ გამორიცხავენ სამართლებრივი გზების მოძებნას მომხდარის წინააღმდეგ საბრძოლველად. წერილს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრიქართველ მუსლიმთა კავშირი სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიასახარების რწმენის ეკლესია ხსნის არმია ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა საქართველოს ევანგელისტური ეკლესია დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია აჰმადია მუსლიმები გაერთიანება მეგობართა საზოგადოება - კვაკერებისვედენბორგის რელიგიური საზოგადება

ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ აშშ-სა და სხვა ქვეყნებს სერვერებიდან მონაცემების გამოთხოვნის მიზნით მიმართა

"მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურად ტარდება, – ამის შესახებ დღეს განცხადება საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა. . პროკურატურის ცნობით, მათ უკვე მიმართეს აშშ-სა და სხვა ქვეყნებს სერვერებიდან მონაცემების გამოთხოვის მიზნით. „გამოძიების ფარგლებში, გავრცელებული ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების კანონიერების, ასევე ავთენტურობის დასადგენად მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები და საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები როგორც მონაწილე პირთა იდენტიფიცირების, ასევე აღნიშნული მასალების ავთენტურობის, მასალების შემდგენი და მომპოვებელი პირების დადგენის მიზნით. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მივმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვის და გამოთხოვის მიზნით. გამოძიების ფარგლებში განხორციელდა ინტერნეტსივრცეში ატვირთული ელექტრონული ფაილების გადმოწერა, ასევე, მიმდინარე რეჟიმში ხდება საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. მიმდინარე გამოძიების პროცესში ინტენსიურ რეჟიმში იკითხებიან მოწმეები, მათ შორის იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომელთაც მიიღეს შესაბამისი შეტყობინება ინტერნეტსივრცეში განთავსებული ინფორმაციის თაობაზე, გამოკითხვისას თითოეულ მათგანს შეეთავაზა, გამოძიებას მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. აქვე, მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც ფლობს ინფორმაციას აღნიშნულ მასალებზე ან ფიგურირებს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში, მოგვმართონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ასევე, აღნიშნული მასალა შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, სამსახურებრივი, პროფესიული, კომერციული ან/და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომლის გავრცელებაც წარმოადგენს კანონდარღვევას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან, რათა არ შეილახოს ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 158-ე მუხლის I, II და IV ნაწილებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ენტონი ფაუჩის მესამე დოზის გაკეთება საჭიროდ მიაჩნია

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩი მიიჩნევს რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება სწორი გადაწყვეტილება იქნება და მასობრივ "ბუსტერს" მხარს უჭერს. „კორონავირუსმა სპეციალისტები არაერთხელ შეიყვანა შეცდომაში, ამიტომ, რთულია პროგნოზირება, თუ როდის დასრულდება პანდემია, მაგრამ არის იმედი, რომ ის გაზაფხულისთვის დასრულდება.ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გადავხედავთ, სწორი რეჟიმი მესამე დოზის გაკეთება იქნება“, – აღნიშნა ფაუჩიმ ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, საკითხის შესწავლისას სავსებით შესაძლებელია, რომ ვაქცინირების სწორი რეჟიმი, მინიმუმ მ-რნმ ვაქცინებისთვის (მაგალითად, „ფაიზერისთვის“) ვაქცინირებისას ორი დოზის შუალედი სამიდან ოთხ კვირამდე, ხოლო მესამე დოზის გაკეთების თარიღი რამდენიმე თვეში იყოს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც რჩევებს აძლევს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA), Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. "ბუსტერ" დოზის გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ხანდაზმული მოქალაქეებისთვის დაამტკიცა. თუმცა არ დაამტკიცა მესამე დოზის ფართოდ დანერგვის გეგმა. ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, თუმცა წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმასთან, რომელიც ითვალისწინებდა "ბუსტერ" დოზის თითქმის ყველა ამერიკელისთვის მიცემას, დროის განმავლობაში ვაქცინათა ეფექტიანობის კლების საწინააღმდეგოდ.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კვლავ ქართველი პედაგოგი გახდა

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კვლავ ქართველი პედაგოგი გახდა. 110 ქვეყნის პედაგოგებს შორის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული წელს, თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესსის" მასწავლებელმა მარი ხარიტონაშვილმა მიიღო. გამარჯვებულს ინდოეთში, ქალაქ დელიში, 10 ოქტომბერს დააჯილდოებენ. გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელსაც პედაგოგიკის 24 წლიანი სტაჟი აქვს, წელს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლების ათეულშიც მოხვდა. მარი ხარიტონაშვილი სამი წლის წინ ევროსაბჭოს ორგანიზებით გამართული კონკურსში, საქართველოს საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა.

NCDC ვაქცინაციის ბანერების პოლიტიკური ბანერებით შესაძლო ჩანაცვლების ფაქტს გმობს

"თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს", - აღნიშნული გაცადება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წელიმასმედიის საშუალებებით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა პოლიტიკური შინაარსის ბანერების განთავსება და ეს ფაქტი ზოგიერთმა საინფორმაციო არხმა დაუკავშირა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. "ყველას კარგად მოეხსენება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს", - ნათქვამია განცადებაში.

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძის ბარი დალუქა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 22:00 საათის შემდეგ, „გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს. . როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რეგულაციების მიხედვით, კვების ობიექტების მუშაობა 22:00 საათამდეა დასაშვები, ამიტომ ბარი მთავრობის განკარგულების დარღვევის გამო დააჯარიმეს. შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მაია მიქაიას განაცხადებით, აღნიშნული დაწესებულება ერთხელ უკვე დაჯარიმდა მთავრობის განკარგულების დარღვევისთვის, განმეორებით დარღვევის გამო კი, დაილუქა. „როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის დადგენილების მიხედვით, აკრძალულია გასართობი სოციალური ღონისძიებების ჩატარება. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ლერმონტოვის 9 ნომერში ჩვენ მიერ, შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ ერთხელ უკვე იყო ობიექტი დაჯარიმებული, ასევე განმეორებით გამოვლინდა აღნიშნული და შესაბამისად მოჰყვება ობიექტის დალუქვა“, – განაცხადა მაია მიქაიამ. ლერმონტოვის ქუჩაზე „გირჩი მეტი თავისუფლებამ“ ბარი დღეს რამდენიმე საათის წინ გახსნა. როგორც დღეს პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ადგილზე მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ სხვადასხვა ინფორმაცია მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაზე, ასევე მათთვის სასურველ კითხვებზე მიიღონ პასუხები. „შტაბი გავხსენით ლერმონტოვის 8 ნომერში, რომელიც იმუშავებს ალბათ არჩევნების ჩათვლით. ყოველდღე ვიქნებით, მეც და ლიდერებიც. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოსვლა და გასაუბრება, პრეტენზიების წაყენება, კითხვების დასმა. განსხვავებული იქნება სხვა შტაბებისგან, იქნება მუსიკა, ალკოჰოლი. გამორჩეული კომუნიკაციის გზა გვაქვს არჩეული ამომრჩეველთან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საიდუმლო ფაილებში სამედიცინო, სასტუმრო, სარესტორნო და კაფე-ბარების მფლობელებსა და ხელმძღვანელობაზე თვალთვალის მასალებიც აღმოჩნდა

მედიისთვის ანონიმურად გაგზავნილ საიდუმლო ფაილებში ერთ-ერთი საქაღალდე რესტორნების, კაფე-ბარების, სასტუმროების თანამშრომლებს, დირექტორებს, მფლობელებსა და მეწილეებს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება აქვეყნებს. ინფორმაციას ასევე აქვეყნებს "შაბათის ფორმულა". მათი ინფორმაციით, ჩანაწერებზე დაყრდნობით, დასტურდება, რომ სუსი აკონტროლებს არამარტო სარესტორნო, კაფე-ბარების ქსელების წარმომადგენლებს მფლობელებს, და მეწილეებს, არამედ სამედიცინო სექტორის ხელმძღვანელებს და მფლობელებს. გამოჟონილ ფაილებში იძებნება საქაღალდე სახელწოდებით - კლინიკები. ყველა სამედიცინო დაწესებულების დირექტორი თუ მფლობელი სუს-ის ინტერესშია. სუს-ის ფაილებში გადანახულია მომღერალი გია დავითიანის დოსიე, რომელიც რესტორან კავკაზის დირექტორი იყო. საიდუმლო დოკუმენტებით ირკვევა, რომ მის ობიექტს სუს-ის აგენტები უთვალთვალებდნენ, მომღერლის შესახებ კი ყველაფერი იციან. ფაილებში საქსტატის მთლიანი არქივი და მოქალაქეების პირადი ინფორმაციაც ინახება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები წელიწადში დაახლოებით 25 ათას მოქალაქეს აღწერენ. ეკითხებიან მათი ოჯახის პირად ინფორმაციას, სად მუშაობენ, რას საქმიანობენ, რა შემოსავალი აქვთ, ჰყავთ თუ არა პირადი ავტომობილი, სად სწავლობენ შვილები, აქვთ თუ არა ფსიქიკური პრობლემები. ეს კითხვების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც საქსტატი მოქალაქეებს უსვამს.

კორონავირუსით არქიმანდრიტი შიო გარდაიცვალა

კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად, არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე) 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს. მამა შიო შავნაბადის მონასტერშია დასვენებულია და დღეს 14:00 საათზე ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

გვანცას ბაბლი

ყოვლეკვირეული ბლოგი Europetime-ზე (ზ)ომ(ბ)ი სხვადასხვა აპლიკაცია სულ უფრო მზარდად გამოიყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად, დასახარისხებლად, ტექსტის სათარგმნად... ავტომატურად ნათარგმნ ტექსტებში ბევრ სასაცილო პასაჟს შევხვდებით - მაგალითად, აშშ-ის შტატ ჯორჯიას აპლიკაცია „საქართველოდ“ თარგმნის, ხოლო „საქართველოს“ ინგლისურ დასახელება „ჯორჯიას“ შეცდომაში შეჰყავს აშშ-ის ის მოქალაქეებიც, ვისაც წარმოდგენა არ აქვს ჩვენი ქვეყნის არსებობაზე და ისინიც, ვისაც ინფორმაციის ნაკლებობას ვერ დავაბრალებთ. ყველას გახსოვთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჟურნალისტების მიერ დაშვებული შეცდომები, სადაც ჯორჯიის საარჩევნო პერიპეტიებს თბილისში გადაღებული სურათები ჰქონდა დართული... ერთი რიგითი ამერიკელი ამომრჩეველი კი თვითერში აპროტესტებდა, ჯორჯიაში ამდენი ბიულეტენი როგორ დარიგდა, დავგუგლე და ხუთ მილიონ ადამიანზე ნაკლები ცხოვრობსო... ინფორმაციის უპრეცედენტოდ გაზრდილ ნაკადს და ხელოვნური ინელექტის მზარდად გამოყენებას თან ახლავს ურიცხვი შეცდომა (მისინფორმაცია), რომელიც ხან გაგვაცინებს, ხან დაგვაბნევს და ხან შეცდომაში შეგვიყვანს... გაცილებით დიდი საფრთხეა გამიზნული ინფორმაციული ტყუილი და მანიპულაცია (დეზინფორმაცია), რომლის უკან შესაძლოა, ვიღაცის პოლიტიკური, ფინანსური ან თუნდაც კრიმინალური ინტერესები დგას... ამ ტიპის ინფორმაციული შტურმი ხორციელდება დაგეგმილად, კოორდინირებულად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ცვლის ადამიანების ცნობიერებას, მსოფლმხედველობას, ცხოვრების წესს და გადაწყვეტილებებს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.... დეზინფორმაცია ქმნის ინფორმაციულ ქაოსს, რომლის მსხვერპლიც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს მიუხედავად ასაკისა, სქესისა, რელიგიური მიმდევრობისა თუ განათლებისა, თუმცა დეზინფორმაციული შტურმი ყველაზე მოწყვლად სამიზნედ იმ ჯგუფებს აქცევს, ვინც ცუდად ერკვევა აპლიკაციებსა თუ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებში, ვინც მიჩვეულია „დავარცხნილ“ ინფორმაციას, რომლისაც უპირობოდ სჯერა... კიდევ უფრო დიდი საფრთხეა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადამიანებზე კონტროლისთვის - „ციფრული ტოტალიტარიზმი“... სამოყვარულო დონეზეც კი, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების შესახებ გავიგოთ უამრავი დეტალი - რას ფიქრობს, ვის იცნობს, როგორ გამოიყურება, როგორია მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა, სად მოგზაურობს შვებულების დროს თუ სად გადაადგილდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა აცვია, რას ჭამს, ბინაში რა ფერის ფარდები აქვს... წარმოიდგინეთ, რამდენი ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ სახელმწიფო უშიშროების სტრუქტურებს, ჰაკერებს თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც აპლიკაციების მოხმარების გარკვეული უნარები აქვთ... მახსენდება, როგორ ოროსანი სტუდენტივით ვუსმენდი ლექტორს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი აპლიკაციებით სხვადასხვაგვარი ინფორმაციის მოპოვების დემონსტრირებას ახდენდა... ჩემი ადამიანური, ემოციური რეაქცია ლექციის შემდეგ იყო ის, რომ არ მინდა ამ ინფორმაციას ვფლობდე და ვიაზრებდე... არ მინდა, იმ ლექტორს დავემსგავსო, ვინც პირადი მოხმარებისთვის მხოლოდ პირველი თაობის მობილურ ტელეფონს ხმარობს და უარს ამბობს ტექსტურ შეტყობინებებზე...საფრთხეც არის და კრიმინალიც ინფორმაციის შანტაჟისთვის გამოყენება - ერთი ჯადოსნური დაწკაპუნება რომელიღაც კლავიშზე ვიღაც ანონიმის მიერ, და ჰოპლა, თქვენს პირად ინფორმაციას თუ პირად ცხოვრებას მთელი სამყარო იხილავს... ვინც პანდემიის დროს დაინტერესდა ადამიანების მართვის ტექნოლოგიებით, მინდა გაგახაროთ, რომ ჩიპი ვერც ნემსის წვერზე მოთავსდება და ვერც თხევად წამალში ჩაიმალება... მაგრამ მინდა დაგამწუხროთ, რომ კარგა ხანია, გამარტივდა თქვენი მართვა თქვენივე ნებით, თქვენივე სმარტფონებით და ის, რისიც ასე ეშინია ზოგიერთ თქვენგანს, სინამდვილეში უკვე მოხდა - თქვენ გმართავთ ინფორმაცია და დეზინფორმაცია... ინფორმაციულ საუკუნეში იარაღი ინფორმაციაა და ომისთვის ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი ადამიანები კი ჯარისკაცები, რომლებმაც შესაძლოა, ისე დაანგრიონ საკუთარი თუ სხვისი ცხოვრება, თავადაც ვერ მიხვდნენ რა ჩაიდინეს... ვერ მოგილოცავთ, მაგრამ გამცნობთ, რომ სპეციალური ლიტერატურა „სასარგებლო იდიოტებს“ უწოდებს ინფორმაციულ ომში ჩაბმულ ამ მოხალისეებს...კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ციფრულ სამყაროში, რომელსაც მალე შევეჩვევით და ალღოს ავუღებთ, მანამდე კი შესაძლოა ინფორმაციულ ზომბად ვიქცეთ სხვისი დაზომბების დაუოკებელი წყურვილით... *** ზომბებს, დასავლეთ აფრიკის რწმენა-წარმოდგენებთან აკავშირებენ, რომელმაც მოგვიანებით ჰაიტის ფოლკლორში დაიმკვიდრა ადგილი და მთელ აშშ-ში გავრცელდა. ზომბი გარდაცვლილი ადამიანის სხეულია, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა საიქიოში გადასვლა, ცნობიერებისგან დაცლილი დაეხეტება სააქაოში და გაავებული ცდილობს სხვა ადამიანების თავის მსგავს ზომბად გადაქცევას... ამერიკულ კულტურასა და პოპ-კულტურაში ზომბი მძლავრ სიმბოლოდ იქცა, ხოლო ჰოლივუდის ზომბებით დაინტერესებამ ამ მითოლოგიურ არსებებს მსოფლიო ცნობადობა შესძინა. ზომბების ჰოლივუდური ინტერპრეტაციები XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება, მაგრამ აქტუალური 80-იანი წლებიდან ხდება, ბოლო ათწლეულში კი განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა „მოსიარულე მკვდრების“ დაუსრულებელი სერიალით და მისი რემიქსებით. როდესაც ინტერნეტ და ტელე სივრცეში პირველად გამოჩნდა ეს სერიალი და დიდი პოპულარობა მოიპოვა, გულწრფელად გავოცდი და დამაინტერესა არა იმდენად სერიალმა, არამედ ზომბების მიმართ მზარდმა ინტერესმა... აღმოჩნდა, რომ არც მეტი და არც ნაკლები, ზომბების სიმბოლოს ათასობით სამეცნიერო სტატია თუ მონოგრაფია ეძღვნება და მისით თანაბრად ინტერესდებიან სხვადასხვა დარგის მეცნიერები. სოციოლოგები და ფსიქოლოგები ზომბების პოპულარობას ხშირად აკავშირებენ ადამიანურ შიშებთან და უძლურებასთან ახალი ტიპის გამოწვევების წინაშე (მაგ. ბირთვული საფრთხეები, ამოუცნობი დაავადებები...) ასევე მზარდი ინდივიდუალიზმის ეპოქაში ადამიანის მიერ სხვა ადამიანის შიშს და სამომხმარებლო საზოგადოებების აღმასვლას... მარტივად რომ ვთქვათ, ზომბებთან ომი იქცა იმ ყოვლისმომცველ მეტაფორად, რაც ნებისმიერ კულტურულ თუ სოციალურ პრობლემას შეგვიძლია დავუკავშიროთ... პირადად ჩემთვის, ზომბების მეტაფორა ინფორმაციულ ნიაღვარში ჩაკარგულების თუ ინფორმაციული ნარკოზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების მეტაფორაა... დიახ, დეზინფორმაციის სისტემატური მოხმარება იწვევს ნარკოტიკულ დამოკიდებულებას - ადამიანებს ექმნებათ ინფლუენსერობის ილუზია, რაც ასე ძალიან სურდათ პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში განცდილი მრავალი მარცხისა და ოდესღაც ჩაკლული ამბიციების დასავიწყებლად... საქართველო ნამდვილად იქცა ზომბების საზოგადოებად - გვეცინება ადამიანების სიკვდილზე და გვეტირება ადამიანურ სიკეთეებზე... გვეშინია მითიური საფრთხეების და არ გვაშინებს ხილული საფრთხე... გვძულს ადამიანები, რომლებიც „გააშავა“ დეზინფორმაციამ და ვეთაყვანებით იმათ, ვის დანაშაულებებზეც ინფორმაცია არავინ მოგვაწოდა... გვაღიზიანებს მედია, რომელიც აშუქებს მძიმე რეალობას და არ გვაღიზიანებენ ამ რეალობის შემქმნელები... სააქაოსა და საიქიოს შორის გაჭედილი ზომბების მსგავსად, ერთადერთ ემოციურ მოთხოვნილებად გვრჩება ვიპოვოთ ახალი მსხვერპლი და ზომბად გადავაქციოთ... როგორ გადავრჩეთ ზომბების გარემოცვაში, როგორი მოვიგოთ ომი ზომბებთან? - არ ვიცი, იქნებ სწორედ ამიტომ უყურებს ამდენი ადამიანი ზომბების აპოკალიქსზე სერიალებს, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის მიღება სურს... ან იქნებ ვიცი კიდეც - ნუ მოვცდებით სასარგებლო იდიოტებთან თუ ზომბებთან ჭიდილით - ინფორმაციული საუკუნე გამოვიყენოთ სასარგებლო ინფორმაციისა და განათლების მისაღებად, დავეუფლოთ აპლიკაციებს ქმნადობის და არა დესტრუქციის მიზნით, კარგი საქმეების გასაკეთებლად და რთული საქმეების გასამარტივებლად... *** ნამდვილად კარგი, ძალიან კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის ყველასთვის - თუ განვითარებას და წინსვლას დაისახავთ პირად მიზნად, ზომბები თუ სასარგებლო იდიოტები, ფსევდო მორალისტები თუ ფსევდო ინტელექტუალები, ფსევდო მორწმუნეები თუ ფსევდო პატრიოტები, ფსევდო პროფესიონალები და ფსევდო გულშემატკივარნი ვერასდროს შეძლებენ დაგეწიონ... თუ განვითარებას და წინსვლას დაისახავთ პირად მიზნად, სხვასაც წაადგებით... თუ განვითარებას და წინსვლას დაისახავთ პირად მიზნად, ომი ზომბებთან გადაინაცვლებს იქ, სადაც მისი რეალური ადგილია - ზღაპრებსა და მითოლოგიაში ბავშვების გასართობად...

19 სექტემბერს, საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება

დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. 1921 წლის თებერვალში, ქართველი სამხედრო მფრინავები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ, რა დროსაც, თბილისთან, მოწინააღმდეგეზე რამდენიმე წარმატებული იერიში განახორციელეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც, 1993 წელს, მთავარ სამმართველოდ გადაკეთდა. 1995 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალებს გვარდიის სამმართველოს შვეულმფრენთა საავიაციო პოლკი შეუერთდა. 1998 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები გაერთიანდა და მათ სამხედრო-საჰაერო ძალები ეწოდა. 2010 წლის გაზაფხულზე, სამხედრო-საჰაერო ძალები, საავიაციო ბრიგადის სახით, სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა. დღეისთვის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაშია. 1992 წელს, აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. 1992-1993 წლებში, საქართველოს სამხედრო ავიაცია აქტიურად ჩაერთო აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში რა დროსაც, ქართულმა სუ- 25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა 217, ხოლო შვეულმფრენებმა 360 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აქტიურად მონაწილეობდა, სადაც ქართულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა და შვეულმფრენებმა, მოწინააღმდეგის ქვეით და ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანეს.

Al Jazeera: ჩრდილოეთ კორეა, იონბიონის ბირთვულ ობიექტს აფართოებს

Al Jazeera-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეა, იონბიონის ბირთვულ ობიექტს აფართოებს. წყაროს ცნობით, ფაქტი სატელიტური ფოტოებით დგინდება. მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ანგარიშშის მიხედვით, სატელიტური გამოსახულების კომპანია Maxar-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ქარხნის მიმდებარედ მშენებლობა მიმდინარეობს. უცხოური მედიის ცნობით, ამ გაფართოების შედეგად ჩრდილოეთ კორეა შეძლებს, 25 პროცენტით გაზარდოს ე. წ. „იარაღის პლუტონიუმის“ წარმოება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად.

ბოლო 24 საათში Covid ინფიცირების 1 501 და გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 22 920 ტესტი ჩატარდა და ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1 954 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55% Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 920 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 141 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 779 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 264-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.89%.• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 954 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 559 996. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 541 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა, აჭარა - 101, იმერეთი - 226, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 70, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 181, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 701 საიდანაც:• 5 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 144, აჭარაში - 570, იმერეთში - 1 058.• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 132, იმერეთში - 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 24, იმერეთში - 30.• 1 225 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 - თბილისში, 304 - აჭარაში.• 20 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1.• სულ 6 ოქტომბრიდან - 18 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 157 პირი.• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 501 ადამიანი.