ძებნის რეზულტატი:
GDI უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა-დამტკიცების პროცესზე ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ვაკანტურ პოზიციებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული კანდიდატების საპარლამენტო მოსმენების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებით დაკომპლექტებამ, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში არსებობს მნიშნელოვანი კითხვები, ამძიმებს სასამართლო სისტემაში არსებულ ისედაც პრობლემურ სიტუაციას, კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოების ნდობას სისტემის მიმართ და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას ჰქონდეს წვდომა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე. "2021 წლის 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წარდგენილი 9 კანდიდატიდან, 6 მოსამართლე საქართველოს უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესდა. ქვეყნის საერთაშორისო პრატნიორებისა თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და ფაქტიურად ერთპარტიული მხარდაჭერით აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ანგარიშის მიხედვით, “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის - კლანის ინტერესების გატარებად არის შეფასებული, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა საკასაციო ინსტანციის სასამართლოს ლეგიტიმაციის ნაკლებობის პრობლემა. ანგარიშის მიხედვით, მართალია წინამდებარე კონკურსი 2019 წელს ჩატარებულ ანალოგიურ პროცესთან შედარებით გაუმჯობესებული პროცედურისა და წესების საფუძველზე წარიმართა, თუმცა უშუალოდ პროცესში შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებული არანაკლები ხარვეზი გამოვლინდა. თვალშისაცემი იყო ის განსხვავება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მომზადებულ შეფასებასა და საკომიტეტო მოსმენის დროს რეალურად ნაჩვენებ შედეგებს შორის არსებობდა. კანდიდატები, რომელთა პიროვნულ თუ პროფესიულ, ასევე კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, საბჭოს წევრები მაღალ შეფასებას აძლევდნენ, საკომიტეტო მოსმენების დროს ხშირად კარგავდნენ წონასწორობას და მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქცევით გამოირჩეოდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და არასაპარლამენტო ინსტიტუტების ნაწილის უარმა პროცესში მონაწილეობაზე, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კონკურსზე. გარდა იმისა, რომ პრობლემური იყო კრიტიკული კითხვების ნაკლებობა, ფაქტიურად არ გაჟღერებულა კანდიდატთა ღირებულებით სისტემასთან დაკავშირებული შეკითხვები, რაც საზოგადოებას მისცემდა შესაძლებლობას შეექმნა წარმოდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით", - წერს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქსტატი: სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.4 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.4 პროცენტიანი ზრდა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.02 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.74 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 4.8 პროცენტიანი მატება ძირითად ლითონებზე. „გარდა ამისა, ფასების 4.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.42 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია -9.2 პროცენტიანი ფასების კლება ლითონის მადნებზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 18.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 14.61 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (16.5 პროცენტი), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (11.2 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (47.3 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.12 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 30.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.83 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აცხადებენ საქსტატში.
საქსტატი: 4.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.4 პროცენტიანი ზრდა. ფასების ზრდის კონტექსტში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი ელექტრო ენერგიის ტარიფი. "ფასების 4.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.42 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია -9.2 პროცენტიანი ფასების კლება ლითონის მადნებზე“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში. საქსტატი: გასულ წელთან შედარებით, 20.7 %-ით გაზრდილია იმპორტი, ექსპორტი კი 26.0%-ით საქსტატი: სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.4 პროცენტით გაიზარდა
„ალმა“ პოლიტიკურ ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომპანია „ალმა“ პოლიტიკურ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მის შინაარსთან არანაირი შეხება არ აქვს. „ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე განთავსებულმა კონკრეტულმა სარეკლამო ბანერებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, გააჩინა გარკვეული კითხვები ჩვენი კომპანიის მიმართ. საკითხში სრული სიცხადის შეტანის მიზნით ვაცხადებთ შემდეგს: კომპანია „ალმა“ ორ ათეულ წელზე მეტია დამკვეთებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ აწარმოონ სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო კამპანია, იღებს და ანთავსებს სარეკლამო ბანერებს კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ "ალმას" არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. "ალმა" ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ "ალმამ" დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე. ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი", - ნათქვამია „ალმას" განცხადებაში. ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით. მანადე, NCDC-მ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს".
ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს, უმრავლესობა კი რეგლამენტში ჩახედვას ურჩევს
„გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „ლელოს“ ინიციატივას, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ეხება ხელი მოაწერეს. "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნას „ნაციონალური მოძრაობაც“ ხელს მოაწერს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რაც მოხდა, მარტო მედიისა და ჟურნალისტების გასარჩევი არ იყოს. თქვენ უნდა გქონდეთ საშუალება, კვალიფიციური კითხვა-პასუხი მოისმინოთ იმ ადამიანებისგანაც, ვისაც ეს ევალება. ეს ხდება მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტმა უნდა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მოიწვევენ სუს-ის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. სხვა შემთხვევაში, ეს დარჩება კიდევ ერთი ემოციის გამოვლინების საშუალება, კიდევ რამდენიმე დღე ჩვენი საზოგადოება ტელევიზორებთან დაიზაფრება და შედეგი ამას არ ექნება. უნდა მივეჩვიოთ ჩვენ პასუხისმგებლობის დაკისრებას და პასუხისმგებლობაზე მოთხოვნის მექანიზმის შექმნას. ერთადერთი სწორი გზა არის, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან მოვისმინოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც გააჩნია ოპოზიციას და საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ოპოზიციის მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობიდან პასუხობენ. "სჯობს, „ლელომ“ რეგლამენტი კარგად წაიკითხოს, სადაც წერია, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის მეოთხედს აქვს იმ შემთხვევაში, თუ ეს არის სასესიო კვირა, რეგლამენტის შესაბამისად კი, როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სხდომები არ იმართება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარება არავითარი ფუნქციის მატარებელი არ არის.
ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 8000-ზე ნაკლებია
20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 655 040-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 947 477 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.2% სრულად ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.8% 19 სექტემბერს აიცრა 7 720 ადამიანი. კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი 1253 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტი და სუნთქვის აპარატზე მყოფი 320 ადამიანი თამარ გაბუნია: ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს
ფაშინიანი ერდოღანის განცხადებას პასუხობს და შეხვედრის მზაობას გამოთქვამს
სომხეთის პრემიერი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს და მზადყოფნას გამოთქვამს თურქეთთან უმაღლეს დონეზე შეხვედრები გამართონ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივნის განცხადებით, სომხეთი მზადაა, თურქეთთან უმაღლეს დონეზე შეხვედრები გამართოს. განცხადებას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის მთავრობამ აღნიშნული განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებას უპასუხა. ერდოღანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეატყობინა მას ფაშინიანის სურვილი შეხვედრის გამართვის შესახებ. მანე გევორქიანის თქმით, ანკარისა და ერევნის ოფიციალურ პირებს შორის ეფექტური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა, თუმცა ასეთი კონტაქტების დამყარების შემთხვევაში სომხეთი მზადაა თურქეთთან შეხვედრები უმაღლეს დონეზე გამართოს. ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ეროვნული ასამბლეის და მთავრობის კითხვა-პასუხის სესიაზე განაცხადა, რაც რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის სომხეთის მთავრობის მზაობას გამოხატავდა. სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნის გახსნასაც შეეხო და განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომუნიკაციების გახსნის საკითხს, რომლებიც 9 ნოემბრისა და 11 იანვრის შეთანხმებებშია აღწერილი. მისი თქმით დერეფანზე საუბარი ეწინააღმდეგება რეგიონში სტაბილურობის დამყარებას და მტრული ატმოსფეროს დაძლევის ლოგიკას და მიზნად ისახავს სახელმწიფოების და ხალხის იზოლირებას. შეგახსენებთ, რომ სომხეთს და თურქეთს უკვე ერთი საუკუნეა დაძაბული ურთიერთობები აქვთ, რადგან სომხეთი მეზობელ სახელმწიფოს გენოციდში ადანაშაულებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და რეგიონული საკითხების განსახილველად, მოლაპარაკების მაგიდასთან თურქეთის მთავრობის მეთაურს იწვევს.
Pfizer-ის განცხადებით, მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის
კომპანია Pfizer-ის განცხადებით, მათი ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოა და „ძლიერ“ იმუნურ პასუხს წარმოქმნის. ამის შესახებ წამლების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ კომპანია Pfizer/BioNTech-მა ჩატარებული კვლევის შემდეგ განაცხადა. კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა, მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში, ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო. ამ შემთხვევაშიც მოზარდებსა და ზრდასრულებში გვერდით მოვლენებად დასახელდა: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა. როგორც ცნობლია, კვლევაში 2 200-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. კვლევის მონაცემები აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას გადაეცემა. "ჩვენ გვსურს, ვაქცინით უზრუნველვყოთ ამ ახალგაზრდა პოპულაციის დაცვა, მარეგულირებელის ნებართვის პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ "დელტა" ვარიანტის გავრცელებას, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ბავშვებს”, - თქვა Pfizer- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ.
კახა კალაძე სუს-ზე: კანონის ფარგლებში აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც მოსასმენია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება დაიცვას და კანონის ფარგლებში უნდა მოუსმინონ ყველას ვისი მოსმენაც სჭირდებათ. მისი თქმით, უფრო მიზანშეწონილი იქნება ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიებას დაელოდონ. "უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც. ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას და ამის მიხედვით შესაძლებელი იქნება განმარტებებისა და კომენტარის გაკეთება. ობიექტური გამოძიება დაწყებულია, შესაბამისად, დაველოდოთ თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გახდება ცხადი, ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული, რა არის აქედან სიმართლე, რა არის ტყუილი და ა.შ. უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება. მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც“, - განაცხადა კალაძემ.
ცესკომ ე.წ. „სისხლიანი ბანერების" გაკვრაზე მოკვლევა დაიწყო
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ე.წ. "სისხლიან ბანერებზე" მოკვლევა დაიწყო. ბანერების საქმის მოკვლევის მოთხოვნით ცესკო-ში საჩივარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ შეიტანა. "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საჩივარში აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბანერებით, საარჩევნო კოდექსი ირღვევა. "სააგიტაციო მასალა შეიცავს ძალადობის პროპაგანდას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ, ასევე მისი შინაარსიდან გამომდინარე ის საზოგადოებაში აღვიძებს შუღლს და დაპირისპირებას, იწვევს საზოგადოების პოლარიზებას, აგრეთვე, ცალსახაა, რომ აღნიშნული მასალის განთავსება მიზნად ისახავდა საარჩევნო სუბიექტების დისკრედიტაციას", - წერია საჩივარში, რომელიც ცესკო-ში 19 სექტემბერს შევიდა. სარეკლამო კომპანია "ალმას" ბილბორდებზე "სისხლიანი ბანერები" 17 სექტემბრიდან გამოჩნდა. ამ ახალ პლაკატებზე ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული არიან ოპოზიციონერი ლიდერები და ოპოზიციური მედიის "მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე, "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. პლაკატებზე გამოკრული პოლიტიკოსები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურა ჯაფარიძე, გიგა ბოკერია. წელს, წინა წლისგან განსხვავებით, ამ ბილბორდზე მოხვდა ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი გიორგი გახარია. "მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში..." - აცხადებს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე. "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კი "როგორ ჩანს, ეს არის "მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა.
ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მაღალი რანგის შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუისთან, ტოლერანტობის მინისტრთან შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ ნაჰიანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ასევე შეხვდა „აბუ დაბის განვითარების ფონდის“ გენერალურ დირექტორს მუჰამედ საიფ ალ სუვაიდის და Lulu Group International-ის თავმჯდომარე და მმართველ დირექტორს იუსუფ ალის. მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. ხაზი გაესვა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობების განვითარებას და ამ მხრივ დიდი პოტენციალი არსებობს. ნათია თურნავას თქმით, პოსტკოვიდ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და მათი გეოგრაფიის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია. „ ჩვენ ვესტუმრეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც ჩვენი ტრადიციული ინვესტორ -პარტნიორია. წლების განმავლობაში ადგილობრივ ინვესტორებს მილიარდ 100 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული საქართველოში, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, გაცილებით მეტად გავაფართოვოთ გაერთიანებული საამიროების ინვესტორების პროექტები და მათი ინვესტიციები საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ჩემი კოლეგების გარდა, ასევე შევხვდი უმსხვილეს საინვესტიციო ფონდებს, ვინც გამოხატავს მზადყოფნას, შემოვიდეს საქართველოში, გააფართოვოს და ინვესტიცია განახორციელოს ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის განვითარებაში. ეს არის ის სფეროები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის და ასევე, ძალიან მნიშნელოვანია უცხოელი ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ
დღეიდან ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამეს ალ მაზროუეიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ხელი მოვაწერეთ საკმაოდ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ქართველი მეზღვაურების ტრენინგის სერტიფიკატის აღიარებას გულისხმობს და ჩვენი მეზღვაურების დასაქმების არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც კარგი მომზადებით, სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშის ქვეშ მცურავ გემებაზე არიან დასაქმებული და მათზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. დღეიდან ისინი შეძლებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტის, მათი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებასაც“, - განაცხადა ნათია თურნავამ. "არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოირჩევა სოციალური და სამუშაო პირობების თანამედროვე სტანდარტებით, მათ შორის მაღალი ანაზღაურებით. 2020 წლის მონაცემებით, საამიროების დროშის ქვეშ მცურავი ფლოტი 631 გემისგან შედგება, რომელთა საერთო ტევადობა 740 DWT-ს უახლოვდება. საზღვაო განათლებისა და მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს და ქართველი მეზღვაურების რეპუტაცია საერთაშორისო საზღვაო სივრცეში. სწორედ ამ ფაქტორების ზემოქმედებით ყოველწლიურად ფართოვდება მსოფლიო დასაქმების ბაზარი ჩვენი მეზღვაურებისათვის. დღეს მათ უკვე 61 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტზე შეუძლიათ დასაქმება, მათ შორის 18 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამ დროშების ქვეშ მსოფლიო ფლოტის 80%-ზე მეტი დაცურავს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგი გახარია: ჯერ ტესტზე აწყობდნენ პროვოკაციას, მერე ჩემს გარემოცვას ზეწოლით ადასტურებინებდნენ ცილისწამებას
თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტესტის თემა „ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცღონისძიება. მისივე თქმით, ხელისუფლება ჯერ ტესტთან დაკავშირებით აწყობდა პროვოკაციას, შემდეგ, მისი უახლოესი გარემოცვიდან ადამიანებს, ზეწოლით დაადასტურებინებდნენ ამ ცილისწამებას. „მე ხომ ვთქვი, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე გავაგრძელებ მეთქი. მე ვამბობ იმას, რაც დაზუსტებით ვიცი და რა ინფორმაციაც გვაქვს - ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცოპერაცია, სპეცღონისძიება, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით - პირველად ვამბობ ამას: თავიდან იყო ეს მოულოდნელი ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა, ტესტის ჩაბარება, შემდგომ, რა თქმა უნდა - ლოგიკურად იყო გათვლილი, რომ მე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ მქონია, თავისუფლად ავდგებოდი, მივიდოდი და ჩავაბარებდი ტესტს. სწორედ ამიტომ, ღირსეულმა კეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა გაგვაფრთხილეს და გვითხრეს, რომ პროვოკაცია მზადდება ამ ტესტთან დაკავშირებით და შეიკავეთ თავი.“- ამბობს გიორგი გახარია. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ყვება, რომ ამ კამპანიის პარალელურად მისი ახლო გარემოცვის წევრებზე სხვადასხვა სახის მუშაობა მიმდინარეობდა, რომ მათ დაედასტურებინათ ნარკოტესტის კამპანიით დაწყებული ბრალდებები გიორგი გახარიას წინააღმდეგ. „რა თქმა უნდა, მე მივიდოდი, იქ ამ პროვოკაციის შედეგად რაღაცას ამომიგდებდნენ. მეორე მხარს რა მზადდებოდა - ჩემი უახლოესი გარემოცვის წევრებს დიდი ხანია უკვე, რომ ემუშავებიან და დღესაც ემუშავებიან ზეწოლით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით - ზოგს ემუქრებიან, ზოგს მოსყიდვის საშუალებით, ადამიანებზე ზემოქმედებას ცდილობენ იმისთვის, რომ მათ ვითომ დაადასტურებინონ ეს ცილისწამება ჩემთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს. ეს სად და რომელ კაბინეტში დაიგეგმა ზუსტად ვიცით და ვიღაცეებს რომ ჰგონიათ, მხოლოდ სხვა პარტიული ოფისებიდან ჟონავს ინფორმაცია - ყველაზე მეტად ინფორმაცია ჟონავს ორგანიზაცია „ოცნებიდან“.- ამბობს გიორგი გახარია. მისი თქმით, მან ზუსტად იცის, ვისი იდეა იყო და ვინ იღებდა ამაში მონაწილეობას. „მე ვერასდროს ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდნენ - უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანს, რომელმაც პირველად ეს პირველი გაფრთხილება გაგვიკეთა და შემდგომ უკვე მთელი რიგი ხალხი გამოჩნდა ჩემს უახლოეს წრეში, რომელზეც სამართალდამცავები პირდაპირ ზემოქმედებდნენ და აიძულებდნენ ამ ტყუილებში მიეღოთ მონაწილეობა ცილისმწამებლური კამპანიის ასაგორებლად“- ამბობს გახარია. „ამაში მონაწილეობდნენ კონკრეტული პირები, ვინც დაიწყო ეს კამპანია და შემდგომ ის ხალხი, რომელიც დღეს ამას სახელს არქმევს. ეს ტყუილები კი გამომჟღავნდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მაგრამ ასე ინერციულად აგრძელებენ ახლა და გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ.. პირველი ამას პასუხს გასცემენ ჩვენი მოქალაქეები 2 ოქტომბერს და მერე მეც არ დავტოვებ არავის უპასუხოდ.“- განაცხადა გახარიამ.
კახა კალაძე ე.წ სისხლიან ბანერებზე: მე არ მომწონს, ამ ბანერებთან კავშირი არ მაქვს
თბილისის მოქმედი მერის და ხელისუფლების მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ სისხლიან ბანერებთან მას კავშირი არ აქვს. მისივე თქმით მას ეს ბანერები არ მოსწონს. „ჩემსკენ ვერ გამოიშვერენ ხელს, ჩვეულებრივად მათი ბინძური პიარის ნაწილია რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი მეუღლის მიმართ და ამ ადამიანებისგან არაფერი არ მიკვირს და გულწრფელად გულიც არ მწყდება. არიან კონკრეტული ადამიანები, ვინც გამოაკრა ეს ბანერები და შეგიძლიათ მიმართოთ მათ. არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს. დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა - მე არ მომწონს", - განაცხადა კალაძემ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ე.წ. "სისხლიან ბანერებზე" მოკვლევა დაიწყო. ბანერების საქმის მოკვლევის მოთხოვნით ცესკო-ში საჩივარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ შეიტანა. "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საჩივარში აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბანერებით, საარჩევნო კოდექსი ირღვევა. "სააგიტაციო მასალა შეიცავს ძალადობის პროპაგანდას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ, ასევე მისი შინაარსიდან გამომდინარე ის საზოგადოებაში აღვიძებს შუღლს და დაპირისპირებას, იწვევს საზოგადოების პოლარიზებას, აგრეთვე, ცალსახაა, რომ აღნიშნული მასალის განთავსება მიზნად ისახავდა საარჩევნო სუბიექტების დისკრედიტაციას", - წერია საჩივარში, რომელიც ცესკო-ში 19 სექტემბერს შევიდა.
უკრაინაში, NATO-ს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2021“ დაიწყო
უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, NATO-ს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით, ერთობლივი სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2021“ დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 4 000 უკრაინელი და 2 000 უცხოელი ჯარისკაცი მიიღებს. მათივე ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2021“ პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლივ სამხედრო წვრთნებში სულ 12 ქვეყნის სამხედროები ჩაერთვებიან. წვრთნების მიზანია მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა და მზადყოფნის დემონსტრირება. როგორც ცნობილია, „Rapid Trident-2021“-ის მრავალეროვანი ბატალიონის ტაქტიკური წვრთნები პირველად გაიმართება ცოცხალი ცეცხლის თანხლებით. გარდა ამისა, დაგეგმილია უკრაინელი და ამერიკელი მედესანტეების ერთობლივი დაშვება აშშ-ს სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავიდან „Lockheed C-130 Hercules“-დან. როგორც Reuters-ი წერს, უკრაინა, რომელიც 2014 წლიდან ომობს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან, დიდი ხანია ეძებს მჭიდრო ინტეგრაციას დასავლეთის სამხედროებთან იმ იმედით, რომ ერთ დღეს NATO-ში გაწევრიანდება.
კორონავირუსით ახალშობილი ტყუპები დაიღუპნენ
ქუთაისში, „კლინიკა ბომონდის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი ტყუპები გარდაიცვალნენ. ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ვადაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ. კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალშობილებს პნევმონია ჰქონდათ. “ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა”, - განაცხადა “კლინიკა ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ბარათაშვილი. გარდაცვლილი ჩვილების დედა, ასევე კორონავირუსით, ორი კვირის წინ დაიღუპა. ტყუპები დედისგან დაინფიცირდნენ.
რას გულისხმობს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია და როგორ იცავს ის დიპლომატებს
ე.წ. ფარულ ფაილების საქმეს ევროკავშირი მედიაში ინფორმაციის გავრცელებიდან 5 დღის შემდეგ გამოეხმაურა და მას ძალიან სერიოზული საკითხი უწოდა. ამავდროულად განაცხადა, რომ ამ თემას ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში განიხილავს. უფრო კონკრეტულად, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თანაშემწემ პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებასთან განაცხადა: „ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომლებიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში. ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ დროისთვის მეტს ვერ ვიტყვით“. Europetime დაინტერესდა, რას ითვალისწინებს ვენის კონვენცია და რას ნიშნავს ის დიპლომატიურ ურთიერთობებში. როგორც საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე Europetime-თან აცხადებს, ვენის კონვენციით, ყველა დიპლომატიური მისია თავისი თანამშრომლების ჩათვლით დაცულია ადგილსამყოფელი ქვეყნის მხრიდან, ნებისმიერი სამართლებრივი დევნის, შევიწროების, მათ შორის მიყურადებისა და თვალთვალისაგან. „მე არ ვამბობ, რომ ქვეყნები ამას არასდროს აკეთებდნენ, მაგრამ ყველაზე ხშირად, საკუთარ ქვეყანაში დიპლომატიურ მისიებს ავტორიტარულ ქვეყნებში უსმენდნენ, ან ქვეყნებში, სადაც ამ დიპლომატიურ მისიას განიხილავენ მტრული ქვეყნის წარმომადგენლად. ყველა შემთხვევაში, ეს არის გამოვლინება ერთი მხრივ, საერთაშორისო სამართლის დარღვევისა, უპატივცემულობისა და იმ ქვეყნის მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებისა, რომლის დიპლომატიურ წარმომადგენელს უკანონოდ უსმენენ. ეს არის დამაზიანებელი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ოფიციალურად, ეს ურთიერთოები არის პარტნიორული და მეგობრული“. როგორც ცნობილია, ამ საკითხს მხოლოდ ვენის კონვენცია არ არეგულირებს, როგორც რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი Europetime-თან აცხადებს, ყოველ ჯერზე, როდესაც მყარდება დიპლომატიური ურთიერთობა; როდესაც იხსნება უცხო ქვეყნის საელჩო, თითოეული ქვეყანა აძლევს უსაფრთხოების და დიპლომატიური იმუნიტეტის გარანტიებს ახალი საელჩოს გახსნისას შესაბამის ქვეყანას. „თითოეული დიპლომატის, ელჩის აკრედიტაციისას, ქვეყნები ერთმანეთს უდასტურებენ სწორედ ამგვარ პრივილეგიებს, რომ მიმღები ქვეყანა ყველანაირად იცავს უფლებებს და უცხო ქვეყნის დიპლომატის, განსაკუთრებით, ელჩის იმუნიტეტს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მიერ არის დარღვეული. მე არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ თითქოს, გამოვრიცხავ, სხვა ქვეყნები უსმენდნენ დიპლომატებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მეგობრული ქვეყნების მხრიდან ამის გაკეთება სრულიად მიუღებლად ითვლება და თუ ამას აკეთებენ, ისე აკეთებენ, რომ საჯარო განხილვის საგანი არ ხდება. როდესაც საქართველო უსმენს თავისი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, ამით ნეგატიურ მესიჯს გზავნის და მეორე წესი არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში, არ უნდა მოუსმინო, არ უნდა უთვალთვალო და არ უნდა გამოგიჭირონ რომ უსმენ“. რას ნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლის მინიშნება ნაბიჯების გადადგმაზე, გიორგი ბადრიძე აცხადებს, რომ „პირველ რიგში, ეს მიუთითებს უნდობლობის ზრდაზე. „ეს უნდობლობა საქართველოს მიმართ ნელ-ნელა ჩამოყალიბებულია“, - აღნიშნავს დიპლომატი და ამის ერთ-ერთ მაგალითად ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმების გაფორმება მოჰყავს. „ის იმიჯი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, პროევროპული, პროდასავლური კურსის მქონე დემოკრატიის ავად თუ კარგად მშენებელი ქვეყნისა, სამწუხაროდ, დასავლეთში სერიოზულად არის შელახული და ახლა უკვე იქნება საკითხი პირდაპირ აბსოლუტური უნდობლობისა, რადგან როგორც აღმოჩნდა, პარტნიორი ქვეყნების ელჩებსაც უსმენენ და ამ ფაქტს საიდუმლოდ ვერც კი ინახავენ“, - აღნიშნავს გიორგი ბადრიძე. დიპლომატი მოსმენების შესახებ კონკრეტული ქვეყნების მაგალითებსაც იხსენებს: „ყველაზე კარგი მაგალითია, როგორ უსმენდნენ აშშ-ის საელჩოს საბჭოთა კავშირში და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ რუსეთშიც ასე ხდება. მაგალითად, შეერთებული შტატების მთავრობამ მრავალი წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯერ კიდევ 1940-იან წლებში, ამერიკის ელჩისთვის გადაცემული საჩუქარი, ხეზე ამოტვიფრული ღერბი, რომელიც წლების განმავლობაში ეკიდა ელჩის კაბინეტში, წარმოადგენდა მოსასმენ მოწყობილობას და ის დღეს ინახება შეერთებულ შტატებში, შესაბამის მუზეუმში. მეორე მაგალითია, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თითქმის აშენებული საელჩო მთლიანად დაშალა რუსეთში, როდესაც მის სტრუქტურაში აღმოაჩინა, რომ კედლებში იყო ჩამონტაჟებული მოსასმენი მოწყობილობები. ხაზს ვუსვამ, ეს ეხებოდა ცივი ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს, ყოველ შემთხვევაში არამეგობრულ ქვეყნებს“. ცნობისთვის, სახელმწიფოები, ვენის კონვენციის მხარეები აღნიშნავენ, რომ ყველა ქვეყნის ხალხები ოდითგანვე ცნობენ დიპლომატიური აგენტების სტატუსს, მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებსა დაპრინციპებს-სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას, საერთაშორისო მშვიდობისა დაუშიშროების მხარდაჭერას და სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებისათვის ხელშეწყობას; დარწმუნებული არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ საერთაშორისო კონვენციის დადება ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობის განვითარებას მათი სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების განსხვავების მიუხედავად, შეგნებული აქვთ, რომ ასეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა მხრივ გამორჩენის მიზნით, არამედ იმისათვის, რომ ნაყოფიერად აღასრულონ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა, როგორც სახელმწიფოთა წარმომადგენელი ორგანოების ფუნქციები;ადასტურებენ, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნორმები კვლავაც დაარეგულირებენ საკითხებს, რომლებსაც უშუალოდ არ ითვალისწინებს ამ კონვენციის დებულებანი. შეგახსენებთ, 12 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა ე.წ. ფარული მასალები, რომლებიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირების, ჟურნალისტების და ასევე რიგი ქვეყნების ელჩების მოსმენას უკავშირდება. მისი შინაარსი რიგმა პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმაც დაადასტურეს. ავთენტურობა ოფიციალურად დადგენილის არ არის, პროკურატურამ 14 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომ გამოძიება დაიწყო.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მიმართ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რომ მათ დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში არის მტკიცებულებები, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს უკანონოდ იარაღი, დაიქირავეს ავტომობილი და გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც გამოძიებას უკვე ამოღებული აქვს. გამოძიების თანახმად, აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ნაქირავები ავტომანქანით მივიდნენ ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნიკა კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ, ჭელიძემ კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტჯერ გაისრულოა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კავილაძესთან ერთად მიიმალა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, სახაზინო ადვოკატის, დალი ბარბაქაძის თქმით, მისთვის უცნობია ბრალდებულების ადგილსამყოფელი, ასევე უცნობია დატოვეს თუ არა მათ ქვეყანა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნიკა კვარაცხელია თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. პოლიციამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის დეტალებს აქვეყნებს
მეგის ქარდავა: არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას განცხადებით, ხელოვნურად აგორებული კამპანიისა და ვნებათაღელვის ჩასაცხრობად არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადებას ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან აქვეყნებს. როგორც ქარდავა აცხადებს, მხოლოდ გავლენებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში გასცემს ყველა ბრალდებას პასუხს. „წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული იდეოლოგიური დივერსიის საწარმოებლად განხორციელდა ჩემი ექსტრადირება და როგორც ჩემს წინა განცხადებაში აღვნიშნე, ყოველივეს საფუძვლად ედო უკრაინის პრეზიდენტის და პუტინის ოლიგარქის გარიგება: პოლიტიკური პატიმრობიდან ჩვენი ძმების, უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩემი ექსტრადირება არაფორმალური გაცვლის სახით. ამის ფონზე, ლამის „ეროვნული შეთანხმება“ შედგა პუტინის ოლიგარქის და ფსევდო-ოპოზიციის ბანაკიდან ჩემი დისკრედიტირებისათვის სინქრონულად გაკეთებული განცხადებების სახით და ყურადღება გადაიტანეს მიმდინარე კატასტროფული მოვლენებიდან ( ექსტრადირების პიარ-კამპანიის ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო ), რუსული ჰიბრიდული ომით ქართველების ჩუმი გენოციდისგან, გარუსების პოლიტიკისგან, სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლისგან, ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია ინარჩუნებდეს ერთიანობას და მთელს რესურსებს ახმარდეს პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციას, რომლის პირობებშიც თავადვე იდევნებიან პოლიტიკურად პუტინის ოლიგარქისვე მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ, რაზედაც ერთხმად, გამუდმებით, თავგანწირვით ჩივიან ტელე-ეკრანებიდან, რომ საქართველოში მართლმსაჯულება გაუქმებულია, რაც ასეა, მაგრამ არწმუნებენ მოსახლეობას თითქოსდა ჩემთან და ჩემს თანამებროლებთან მიმართებაში აღმოჩნდა პუტინის ოლიგარქის სასამართლო დამოუკიდებელი, ოლიგარქის „პრ-ა-კურატურა“ - პროკურატურა, ხოლო გეგმაზომიერად წარმოებული რუსული პროპაგანდა კი ჭეშმარიტება. ამ უსინდისო ორმაგი სტანდარტის მიზეზი და მიზანი მარტივია, საქართველოს მართავს მოღალატეებისგან, კორუმპირებული პოლიტიკური პროსტიტუტებისგან შემდგარი პოლიტიკური კლასი, რომელიც სხეულით გრძნობს და ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან. ეს პოლიტიკური კლასი გუშინ იგივე პათოსით, რუსული პუტჩით ამხობდა ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას, მონაწილეობა მიიღეს 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციით პუტინის ოლიგარქის ხელდასმაში და დღეს მოსახლეობის „მოკლე მეხსიერებით“ მანიპულირებენ და ჭკვიანური სახით გვიხსნიან რა ბოროტებაა თურმე, პუტინის ოლიგარქის რუსული საოკუპაციო რეჟიმი და ამავდროულად რუსული იდეოლოგიური დივერსიის წარმოებით ერთ სიბრტყეზე აყენებენ ვარდების რევოლუციის რეფორმებს და რეფორმატორებს", - წერს მეგის ქარდავა. მეგის ქარდავა მასთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა და მას კორუმპირებული უწოდა, ხოლო მამუკა ხაზარაძეს "საბჭოთა ადამიანი". "აქვე მინდა გამოვეხმაურო კორუმპირებული გიგი უგულავას, საბჭოთა ადამიან მამუკა ხაზარაძეს და მათი კოლეგების ჩემთან მიმართებაში გაკეთებულ მორალურად გახრწნილ და ცილისმწამებლურ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. პოლიტიკური დევნის პროცესში თქვენთვის წაყენებულ ბრალდებებს მოტივად გასდევს კორუფცია, ანგარება. ჩემს წინააღმდეგ ასევე პოლიტიკური დევნის პროცესში წაყენებული ბრალდებების მოტივი კი იყო და მუდამ იქნება „საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“. უბრალოდ სამარცხვინოა და ისტორიული ღალატია ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლების წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ის ბრალდებები, რომლებიც რუსეთს წმენდს ნამუსს და რომლებიც თუნდაც, თუ დავუშვებთ და ცრუ ბრალდებების პარალელურად შეიცავდეს სიმართლეს, ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ისრაელის სპეცსამსახურების ჩვეული რუტინაა და ამიტომაც აქვს ისრაელს სახელწიფო, ამიტომაც არიან ებრაელები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტი და ერთმანეთის გამტანი ხალხი, ამიტომაც ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას გულით დიდი „პატარა“ ისრაელი მტრული ქვეყნების ალყაში, უბრალოდ არ არსებობს ისრაელის მტრების სასარგებლოდ ებრაელების გადადგმული მოღალატობრივი ნაბიჯები, არ ღალატობენ საკუთარ ჯარისკაცებს, „მოსადის“ ოფიცრებს და უბრალოდ არ ჰყავთ ქვეყნის სათავეში საოკუპაციო რეჟიმი, რასაც არც არასოდეს დაუშვებენ. ხელოვნურად აგორებული კამპანიის/ვნებათაღელვის ჩასაცხრობად ხაზს ვუსვამ, არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ. ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ პოლიტიკურ პროსტიტუტებსა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრებს. პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციის შემდგომ ზემოთხსენებული პოლიტიკური კლასის გავლენებისგან თავისუფალ, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ყველა ბრალდებას გავცემ პასუხს და უკანონო განაჩენების გამომტანი მოსამართლეებისა და ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ ჩემს ოჯახსა და საზოგადოებას, თუ ვისი დავალებით სჩადიოდენ ყოველივე იმ ისტორიულ რუსულ ბოროტებას, რომელიც არამხოლოდ ჩემთან მიმართებაში განახორციელეს, არამედ ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების, ჩვენი თანამემამულეებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - წერს ქარდავა. ამავე თემაზე: საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმება კიევი-თბილისის რეისით მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ადმინისტრაცია ე.წ სისხლიანი ბანერების სკანდალს პასუხობს
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საორგანიზაციო ჯგუფი, პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. "ლელოს" მტკიცებით, ე.წ სისიხლიანი ბანერებით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერები ჩაანაცვლეს. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ განცხადების ვატორების თქმით, სარეკლამო ბილბორდების მფლობელ კომპანია "ალმა"-სთან გაფორმებული კონტრატქის თანახმად, „მათი ბანერები 19 ივნისამდე უნდა განთავსებულიყო. შესაბამისად ბანერების განთავსების ვადა ამოწურული იყო და პოლიტიკური ბანერებით უკანონოდ ჩანაცვლება ვერ მოხდებოდა. " თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ შპს „ალმასთან“, საინფორმაციო სარეკლამო მასალების გარე კონსტრუქციებზე განთავსების მომსახურების შესახებ კონტრაქტი გაფორმდა. რომლის თანახმად, აღნიშნული პროექტის სარეკლამო ბანერები 2021 წლის 20 აპრილიდან, ამავე წლის 19 ივნისამდე უნდა განთავსებულიყო. ამ მიზნით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ორგანიზაცია „ალმასგან“ ყოველთვიურად, 275 კვადრატული მეტრი ფართობის სარეკლამო სივრცეს ქირაობდა. ვინაიდან, 2021 წლის 19 ივნისს, მათ შორის დადებული კონტრაქტი დასრულდა, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერები ჩამოიხსნა და ამაზე პასუხისმგებელი შპს „ალმა“ გახლავთ", - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.