ძებნის რეზულტატი:

მედია: აშშ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ასობით მილიონ დოზას შეისყიდის, რომ მსოფლიოს ქვეყნებს გაუნაწილოს

შეერთებული შტატები გეგმავს, Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ასობით მილიონი დოზა შეიძინოს, რათა მთელ მსოფლიოს გაუნაწილოს. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით, The Washington Post-ი ავრცელებს. წყაროების ცნობით, შესყიდვის შესახებ გადაწყეტილება მომდევნო კვირის დასაწყისში უნდა გამოცხადდეს, მაშინ, როცა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა გლობალური ვაქცინაციის კამპანიის მნიშვნელობას, როგორც ვირუსის დამარცხების საშუალებას და შეერთებულმა შტატებმა დაგეგმა ვირტუალური COVID-19 სამიტი გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში.

გიორგი გახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა

გიორგი გახარიამ ნარკოტესტის პასუხი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა. თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა", - წერს გიორგი გახარია. პარტია "საქართველოსთვის" ცნობით, ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს., "ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება. დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერი", - ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსი 1 997 ადამიანს დაუდასტურდა, 52 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 039 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 232 პაციენტი, 52 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 071 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 586 PCR ტესტით. 17 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.23%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.02%. ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევიდან 692 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 124, იმერეთი - 292, ქვემო ქართლი - 137, შიდა ქართლი - 154, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 56, სამცხე-ჯავახეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 30. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 197, საიდანაც 5 492 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 163, აჭარაში - 582, იმერეთში - 1 044. მძიმე პაციენტი: 1 264, მათ შორის, თბილისში - 487, აჭარაში - 138, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 345 , მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 27, იმერეთში - 30. 1 241 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 - თბილისში, 321 - აჭარაში. 20 464 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 153 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 479 ადამიანი.

გაერომ ავღანეთში მისია ექვსი თვით გაახანგრძლივა

გაეროს უშიშროების საბჭომ ავღანეთში გაეროს პოლიტიკური მისია (UNAMA), რომელსაც ვადა17 სექტემბერს ამოეწურა, ექვსი თვით გაახანგრძლივა, ამის შესახებ იფნრომაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება 15-წევრიანმა საბჭომ იმიტომ მიიღო, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა შეიმუშაოს, თუ რა ცვლილებების დაგეგმვაა შესაძლებელი "თალიბების" მიერ ქვეყანაზე კონტროლის დამყარების შემდეგ. დოკუმენტში, რომელიც შემუშავებულია ესტონეთისა და ნორვეგიის მიერ, აღნიშნულია, რომ საბჭოს წევრები ხაზს უსვამენ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის ჩამოყალიბების და ქალთა, ბავშვთა და უმცირესობათა უფლებების დაცვის აუცილებლობას. ცნობისთვის, ავღანეთის ახალმა მმართველებმა შექმნეს დროებითი მთავრობა, რომელიც შედგება მხოლოდ "თალიბანის" წევრებისა და თანამოაზრეებისგან და არა ქალებისგან.

„წითელმა ჯვარმა“ 22 ტონა თხევადი ჟანგბადი მიიღო, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცემს

საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოებამ შვეიცარიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით, 22 ტონა თხევადი ჟანგბადი მიიღო, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოება ავრცელებს. მათივე ცნობით, მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის ფონზე და საქართველოში ბოლო პერიოდში Covid-19-ით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში და განსაკუთრებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დღის წესრიგში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა ჟანგბადით მომარაგების საკითხი დადგა. "აღნიშნული საკითხის მოგვარებაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად ჩაერთო და ოპერატიულ რეჟიმში 22 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მოძიება და ტვირთის საქართველოში ტრანსპირტირება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდან ჩართულია მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეუთომ საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. "სამართლებრივი ჩარჩო არსებითად შეიცვალა 2021 წლის 28 ივნისს, 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან წარმოშობილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლასსაარჩევნო კოდექსში ცვლილებებმა შეცვალა საარჩევნო კომისიების შემადგენლობა და დანიშვნის წესი, შემოიღო უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტი ადგილობრივი არჩევნებისთვის, გაახანგრძლივა დავების გადაწყვეტის ვადები, შემოიღო სავალდებულო შემთხვევითობის წესით ხმების ხელახალი დათვლა და დამატებითი ზომები, ამომრჩევლის დაშინებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ", - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ამ ცვლილებებში ნაწილობრივ გათვალისწინებულია ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. "ამ ცვლილებებმა ნაწილობრივ გაითვალისწინა ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თუმცა ODHIR-ის რამდენიმე წინა რეკომენდაცია რჩება გაუთვალისწინებელი, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვასთან, საარჩევნო დავის გადაწყვეტასთან და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ზომებთან დაკავშირებით."- ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე საუბარია პარლამენტის მიერ ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და ორი უპარტიო წევრის არჩევაზეც. "ცესკოს ახალი თავმჯდომარე და ორი უპარტიო წევრი პარლამენტმა 2 აგვისტოს მარტივი უმრავლესობის „ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის“ საშუალებით აირჩია, კვალიფიციური უმრავლესობის მიღწევის სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ODHIR-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას რამდენიმე პირმა ცესკო-ს მიუკერძოებლობის მიმართ ცვალებადი ნდობა გამოხატა და განაცხადა, რომ "ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის" გამოყენება იყო კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამოტოვებული შესაძლებლობა; სხვებმა აღნიშნეს, რომ პლურალისტურმა შემადგენლობამ ხელი შეუწყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომების არსებით განხილვას. დღეისათვის საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა ყველა კანონიერი ვადები და მიმდინარეობს ტექნიკური მზადება",- აღნიშნულია დოკუმენტში. სადამკვირვებლო მისის წევრების დახასიათებით, საარჩევნო გარემო მკვეთრად პოლარიზებულია. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საარჩევნო კამპანია განსაკუთრებით ცნობილია ბეჭდურ და ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელებში. "კონკურენტების უმეტესობას არ გამოუთქვამთ შეშფოთება, მათი კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესახებ, მათ შორის უმცირესობათა ენებზე. ODHIR-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას რამდენიმე გამოკითხული აღწერს პოლიტიკურ ლანდშაფტს, როგორც უაღრესად პოლარიზებულს, ხოლო დისკურსს აგრესიულს, ხშირია ბრალდებები დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ODHIR-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ პოლიტიკური გარემო უპირატესობას მმართველ პარტიას უკანონოდ ანიჭებს, "მათ შორის საარჩევნო შემოწირულობების ხელმისაწვდომობის მხრივ და გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში რიგი სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებამ კიდევ უფრო გაართულა ეს საკითხი". ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს არჩევნების დანიშვნის შემდეგ სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებას, მთავრობა ირწმუნება, რომ პროექტები დაიწყო არჩევნების გამოცხადებამდე. შუალედურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიაგარემო არის მრავალფეროვანი, თუმცა "ძლიერ დამოკიდებული ბიზნეს ან პოლიტიკურ ინტერესებზე და ძირითადად ასახავს პოლარიზაციას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის". „ODHIR-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში ზოგიერთმა შეშფოთება გამოთქვა მედია გარემოს გაუარესების, ჟურნალისტების წინააღმდეგ სავარაუდო დაშინებისა და ძალადობის შემთხვევების გამო. საარჩევნო კოდექსი მოითხოვს მაუწყებლებისგან, უზრუნველყონ კამპანიის სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქება", - ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მუნიციპალურ არჩევნებზე დამკვირვებლად 64 ადგილობრივი და 29 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა. "ODHIR-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში შეშფოთება გამოთქვეს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის პრაქტიკის გამო, რომლითაც ხელოვნურად ზრდიან საარჩევნო უბნებზე თავიანთ წარმომადგენლობას არაპარტიული მოქალაქეების მიერ არჩევნებზე დაკვირვების საფარქვეშ", - აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტში საუბარია ასევე ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით. "ეროვნული უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელი კენჭს იყრის მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატად, ძირითადად უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების, ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ასევე საარჩევნო უბნების პერსონალისთვის ტრენინგებს უმცირესობების ენებზე", - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშში ასევე საუბარია გასაჩივრების წესზე და ხაზგასმულია, რომ ODHIR-ს წინა რეკომენდაციების შესაბამისად, საჩივრების წარდგენის და განხილვის ვადები გაიზარდა. „არჩევნებში მონაწილე კონკურენტებს და დამკვირვებლებს შეუძლიათ, შეიტანონ საჩივრები საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში და პირველად, შესაძლებელია საჩივრების ელექტრონული ფორმით წარდგენა. ზოგიერთი სხვა რეკომენდაცია სრულად არ არის გათვალისწინებული, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცესკოს თავმჯდომარეების უფრო ფართო სამართლებრივი მდგომარეობისა და უფლებამოსილების შესახებ იმისთვის, რომ განიხილონ გარკვეული საჩივრები",- აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშში ასევე წერია, რომ დღეისთვის შეტანილია დაახლოებით 120 საჩივარი, ძირითადად პროცედურულ საკითხებზე, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, კანდიდატთა რეგისტრაციასა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნაზე, თუცა მათი უმეტესობა არ დაკმაყოფილდა. ცნობისთვის, ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 26 აგვისტოს დაიწყო. მისიის ხელმძღვანელი ალბერტ ჯონსონია. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ძირითად გუნდში 12 ექსპერტი იქნება, რომლებიც თბილისში იქნებიან დაფუძნებული. 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას 4 სექტემბრიდან მუშაობს. მოკლევადიანი დამკვირვებლები კი საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვლენ.

მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დასკვნით წვრთნებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, მისი მოადგილე და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური დაესწრნენ. საარტილერიო ქვედანაყოფმა საველე სწავლება ბატალიონის დონის შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებით განახორციელა. საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მიზიდული იყო 34-ე საარტილერიო ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ამავე ბატალიონის ავტოტექნიკა, ჯავშანტექნიკა და შეიარაღება. საველე სწავლების ფარგლებში დაიხვეწა როგორც სამხედროების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, აგრეთვე ბატალიონის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა.

თეთრ სახლში ვაშინგტონიდან საფრანგეთის ელჩის გაწვევის საკითხს გამოემხაურნენ

ვაშინგტონიდან ელჩის გაწვევის შესახებ საფრანგეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას გამო, შეერთებული შტატები მწუხარებას გამოხატავს, ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, აშშ ორ ქვეყანას შორის უთანხმოების მოსაგვარებლად მუშაობას გააგრძელებს. ამავე თემაზე: საფრანგეთის ელჩი აშშ-ში ფილიპ ეტიენი და საფრანგეთის ელჩი ავსტრალიაში ჟან-პიერ ტებო კონსულტაციებისთვის პარიზში გაიწვიეს. აშშ-მ, დიდი ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ხელი მოაწერეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტს, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. აშშ ავსტრალიაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს საფრანგეთი ჯო ბაიდენს ზურგში დანის ჩარტყმაში ადანაშაულებს, ანალიტიკოსები კი, „მეხის გავარდნაზე“ მიუთითებენ

Southwest Airlines-ი თანამშრომლებს აცრის შემთხვევაში დამატებით თანხას გადაუხდის

აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანია Southwest Airlines-ი დამატებით თანხას გადაუხდის თანამშრომლებს თუ აიცრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC-ი წერს, ავიაკომპანიამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად მიიღო, რადგან აშშ -ში ინფექციის მაჩვენებელი იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ თუ ისინი 15 ნოემბრამდე წარადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, 16 საათის ანაზღაურების ოდენობის ბონუსს მიიღებენ. "თუ თქვენ არ ხართ აცრილი და ამის გაკეთება გადაწყვიტეთ, ეს ვადები საკმარისია იმისთვის, რომ ორი დოზით, ან ერთი დოზით მაინც აიცრათ", - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში. BBC-ის ცნობით, აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ცნობით, კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო დიდ კომპანიებსა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისათვის სავალდებულო მომდევნო კვირებში ხდება, რომელიც დაახლოებით 100 მილიონ თანამშრომელს შეეხება.

საქართველოში 689 158 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

18 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 629 582-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 940 424 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.9% სრულად ვაქცინირებულია 689 158 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.1% 17 სექტემბერს აიცრა 19 273 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსი 1 997 ადამიანს დაუდასტურდა, 52 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული რ.ვ. ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, მან უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი ნარკოტიკი, შემდგომი გასაღების მიზნით, ნაძალადევის რაიონში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა და მათი ადგილმდებარეობის ფოტოგადაღება განახორციელა. „სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, რ.ვ.-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული, „ალფა პვპ“- ს შემცველი ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ავსტრალიის პოლიციამ „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო აქციებზე 270-მდე ადამიანი დააკავა

ავსტრალიის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, რომელბიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავსტრალიის პოლიციამ მელბურნში 235, სიდნეიში კი - 32 დემონსტრანტი დააკავა. ვიქტორიას პოლიის განცხადებით, ექვს ოფიცერს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციის თქმით, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ოფიცერი ძირს დააგდეს და ფეხებს ურტყამდნენ. როგორც ცნობილია, მელბურნში აქციაზე დაახლოებით 700 ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ მათ შეკრების საშუალება არ მისცა და ბარიკადები აღმართა. შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ქალაქში გადაადგილება. ცნობისთვის, ავსტრალიაში კორონავირუსის "დელტა"ვარიანტის გავრცელების გამო, მკაცრი შეზღუდვები ივნისის თვიდან მოქმედებს. მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლიდან გასვლა ეკრძალება. დიდ ქალაქებში სამხედროები პატრულირებენ, რომლებიც მოსახლეობის მიერ შეზღუდვების დაცვას აკონტროლებენ.

ელენე ილურიძე მეორე ქართველია, რომელიც აშშ-ის ქალთა სტუდენტურ ლიგაში ითამაშებს

საქართველოს ქალთა საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე, 21 წლის ელენე ილურიძე კარიერას ამერიკის კოლეჯთა ლიგის გუნდში, "ტაილერ პეტრიოტსში" გააგრძელებს. ნატალია ოთხმეზურის შემდეგ, ელენე მეორე ქართველია, რომელიც აშშ-ის ქალთა სტუდენტურ ლიგაში ითამაშებს. ნატალია ოთხმეზურმა კონტრაქტი NCAA-ის პირველი დივიზიონის Southern Utah-ს უნივერსიტეტთან გააფორმა. "ელენე შრომისმოყვარე კალათბურთელია. მოხარულები ვართ იმ მცველის დამატებით, რომელსაც თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია. ელენეს პლუსია მისი საერთაშორისო გამოცდილებაც. ილურიძის შემატებით გუნდის თავდაჯერებულობა აშკარად გაიზრდება”, - განაცხადა ტაილერის მწვრთნელმა, რებეკა ალვიდრესმა. ცნობისთვის, ელენე ილურიძე 178 სმ სიმაღლის კალათბურთელია, რომელსაც როგორც მცველის, ასევე ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის 2017 წელს 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.

„თალიბანმა“ ქალების საქმეთა სამინისტრო ღირსების გავრცელების და მანკიერების აღმოფხვრის სამინისტროთი ჩაანაცვლა

„თალიბანმა“ დახურა ქალების საქმეთა სამინისტრო და შეცვალა იმ დეპარტამენტით, რომელიც ოდესღაც მკაცრ რელიგიურ დოქტრინებს აღასრულებდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობლია, ქალების საქმეთა სამინისტრო ღირსების გავრცელების და მანკიერების აღმოფხვრის სამონისტროდ ჩაანაცვლეს. BBC-ის ცნობით, ქალების საქმეთა სამინისტროს შენობაზე აბრა უკვე ჩამოხსნეს და ახალი სამინისტროს აბრით შეცვალეს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ შენობის გარეთ ქალთა სამინისტროს თანამშრომლები თალიბანისგან სამსახურში დაბრუნების უფლებას ითხოვდნენ. BBC-ი წერს, რომ სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების სამინისტრო 1990-იან წლებში, ავღანეთში „თალიბების“ მმართველობის პერიოდში, მკაცრ ისლამურ წესებს და ქალებზე მკაცრ შეზღუდვებს ახორციელებდა. „თალიბანის“ წარმომადგენლების თქმით, ამ უწყების არსებობა მნიშვნელოვანია. "მთავარი მიზანია ისლამის მსახურება. ამიტომ, სათნოებისა და მანკიერების სამინისტრო აუცილებელია", - განაცხადა ერთ-ერთმა წევრმა, მუჰამედ იუსუფმა.

ფარული ჩანაწერების საქმეზე ინგა გრიგოლია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ე.წ.ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც ჟურნალისტებს გრიგოლიამ განუმარტა, პროკურატურაში მისი მისვლის მიზანია, გაარკვიოს, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. "რადგან ამ დოზით კონტროლდება საზოგადოების ყველა აქტიური წევრის საუბარი, მიმოწერა, რადგან ამ დოზით ხდება მათი მიყურადება, ეს არის პირდაპირი გზა ურთიერთდაპირისპირებისკენ. ჩემი აზრით ეს სანახაობა დადგა ხელისუფლებამ, სხვას, როგორც გავარკვიე, არ ხელეწიფება წვდომა ჰქონდეს ამ ტიპის ფაილებზე," - აცხადებს ინგა გრიგოლია, რომელიც პროკურატურაში ადვოკატ ლევან მახარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ფარული ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა მოცემული, ინტერნეტში აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებული 15 პირიდან 12-ს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებული 15 პირიდან 12-ს პატიმრობა შეუფარდა, 3 კი აღკვეთის გარეშე დატოვა. მოსამართლე ალექსანდე იაშვილის თქმით, 3 პირის შემთხვევაში პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას ან ალტერნატივად გირაოს 2 000-დან 7 000 ლარამდე სთავაზობდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე ითხოვდა ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიებით სახით გამოყენებული ყოფილიყო სასჯელის უმაღლესი ზომა პატიმრობა, რადგან პროკურორის განმარტებით, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. ამავე თემაზე: პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, მიმართვისა და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალი წარუდგინა შსს-მ გორსა და ხაშურში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, 4 კი პასუხისგებაში მისცა

ამერიკელი ექსპერტები ვაქცინის "ბუსტერი" დოზის მასიურად გაკეთებას ეწინააღმდეგებიან

დამოუკიდებელი ექსპერტები აშშ-ს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავენ, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ ბუსტერი დოზის გაკეთება მასიურად არ დანარგენონ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც რჩევებს აძლევს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA), Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. "ბუსტერ" დოზის გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ხანდაზმული მოქალაქეებისთვის დაამტკიცა. თუმცა არ დაამტკიცა მესამე დოზის ფართოდ დანერგვის გეგმა. ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, თუმცა წინააღდეგობაში მოდის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმასთან, რომელიც ითვალისწინებდა "ბუსტერ" დოზის თითქმის ყველა ამერიკელისთვის მიცემას, დროის განმავლობაში ვაქცინათა ეფექტიანობის კლების საწინააღმდეგოდ. FDA, რომელიც ხშირად ითვალისწინებს ჯგუფის რეკომენდაციებს, ოფიციალურ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომავალ კვირაში მიიღებს. გამაძლიერებელი დოზა უნდა დაამტკიცოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც (CDC), რომელმაც ამ საკითხზე ასევე მომავალ კვირაში უნდა იმსჯელოს. "ბუსტერ" დოზის შესახებ კენჭისყრა ექსპერტების ჯგუფში 16-2 შედეგით დამთავრდა. ექსპერტებმა გამაძლიერებელი დოზის ფართოდ დანერგვის არდამტკიცების მიზეზებად მოიტანეს დამატებითი დოზების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის არსებობა, მათ ასევე დასვეს კითხვა, რამდენად საჭიროა გამაძლიერებელი დოზების მიცემა ყველასათვის და არა კონკრეტული, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ჯგუფებისთვის. იყო შეშფოთება იმაზეც, მესამე დოზები ხომ არ გააძლიერებს იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობას.

ხანძრისგან დაზიანებული პარიზის ღვთსმშობლის ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა

ხანძრის შედეგად დაზარალებული პარიზის ღვთსმშობლის ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა. სპეციალისტები მალე სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ტაძარი 2024 წლისათვის იქნება აღდგენილი და პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე გაიხსნება. გავრცელებული ინფორმაციით, სარესტავრაციო სამუშაოები უახლოეს თვეებში დაიწყება, როდესაც ტენდერით შესაბამისი კომპანია შეირჩევა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 2019 წელს გაჩნდა, რომელმაც სახურავის და 96-მეტრიანი გუმბათის ჩამოქცევა გამოიწვია. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის შიგნით არსებული უნიკალური ფრესკებიც.

ელენე ხოშტარია სუს-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკანონო ფარული მოსმენებისა და თვალთვალის გამო, ის აპირებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს, რომელიც სტრასბურგის სასამართლომდე მივა. ბრიფინგი ელენე ხოშტარიამ და იურისტმა გიგა ლემონჯავამ 18 სექტემბერს გამართეს და მოუწოდეს ყველა პოლიტიკოსს, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ იურისტს "ერთიანი ბრძოლისკენ, რათა შეიქმნას ერთიანი სამართლებრივი ტაქტიკა". ხოშტარიას თქმით, ფარული ჩანაწერების მიხედვით ამ დრომდე გასაჯაროებულ ყველა დოკუმენტში ამბები, რომლებშიც ის არის ნახსენები, ნამდვილად მოხდა, რაც ჩანაწერების ავთენტიკურობის დადასტურებაა. "ანუ ეს არის რეალურად ჩემი ფარული ჩანაწერი, რომელთაგან ყველა უკავშირდება ჩემი და ჩემი გუნდის საპროტესტო საქმიანობას 2019 წლიდან. ეს მოულოდნელი არ არის, თუმცა, ამ თავხედობის ამ მასშტაბით ჩვენება და "ქართული ოცნების" რეაქცია, რომ დიპლომატების, ბაგა-ბაღის მასწავლებლების და დირექტორების ჩაწერა არის ნორმალური, საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან რეაგირებას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ "საქართველოს მოქალაქეები, არცერთ ეტაპზე არ ეგუებიან და არც არასდროს შეეგუებიან ჩაწერებს". "ვაპირებ, ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მეგობარს, საქართველოს მოქალაქეებს, ასეთი ძალიან ბევრია, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მივა სტრასბურგამდე. მე არ მაქვს ილუზია, რომ აქ, საქართველოში, ამ სამართლებრივ ბრძოლას ექნება აზრი, მაგრამ ეს იქნება პროტესტის ძალიან დიდი აქტი. მე მოვისმინე განცხადებები იურისტების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ მიდის ფიქრი გასაჩივრებაზე. ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. გავაკეთოთ პროტესტის კოორდინირებული აქტი, რომელიც წერტილს დაუსვამს საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ბოროტებას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. 14 სექტემბერს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

თენგიზ ცერცვაძე: სიკვდილიანობის შემცირება ერთ-ორ კვირაში დაიწყება

"კოვიდინფიცირებულთა სიკვდილიანობის შემცირება ქვეყანაში ერთ-ორ კვირაში დაიწყება", - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სიკვდილიანობა ქვეყანაში მაშინ შემცირდება, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა 50 პროცენტს გადააჭარბებს. ცერცვაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ ვიყოთ, სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ 5-6 შემთხვევა გვექნებოდა. „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა და არ არის ძალიან დაბალი მაჩვენებლები, ეს არის ძალიან ცოტა. დღეში გვჭირდება 40-50 000 ერთეული აცრა. ვაქცინაციასთან დაკავშირებით კამპანია საკმარისი იყო. უცხოეთშიც არ არის რაიმე განსაკუთრებული კამპანია. სამწუხაროდ, ჩნდება და მიმდინარეობს ანტიკამპანია, მათ შორის ზოგიერთი ცნობილი ექიმისგან. როგორც ჩანს, ეს მოქმედებს და ეს არის იმის მიზეზი, რომ ვაქცინაციის დონე გაიზარდა 30 000-მდე და შემდეგ აღარ გაიზარდა, პირიქით, უკუსვლა გვაქვს, მაგალითად, გუშინ 19 000 იყო. მძიმე შემთხვევები, რეანიმაციაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა და სიკვდილიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული ვაქცინაციის ტემპზე. ჩვენ, რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა ვიყოთ, გვექნებოდა სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ იქნებოდა გარდაცვალების ხუთი-ექვსი შემთხვევა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.