ძებნის რეზულტატი:

ზუგდიდიდან თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, ზუგდიდიდან თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამნისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

საერთაშორისო გამოხმაურება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტის გარშემო

აშშ და დიდი ბრიტანეთი ავსტრალიასთან გაფორმებული უსაფრთხოების ახალი პაქტის გამო, საერთაშორისო კრიტიკის წინაშე არიან. ამ შინაარსის სტატიას BBC ავრცელებს. ბრიტანული მედია წერს, რომ გარიგება ჩინეთთან დაპირისპირების მცდელობად განიხილება. ნაბიჯმა აღაშფოთა საფრანგეთი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ახსენეს ჩინეთი, Aukus-ი ფართოდ განიხილება, როგორც მცდელობა პეკინის გავლენის წინააღმდეგ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში“, - წერს BBC. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოგვიანებით განუცხადა დეპუტატებს, რომ შეთანხმება არ იყო გამიზნული ჩინეთის წინააღმდეგ. იმავდროულად, ვაშინგტონი პარიზთან დაძაბულობის შემცირებას ცდილობს. ვაშინგტონში მყოფმა ფრანგმა დიპლომატებმა საზეიმო აშშ-სა და საფრანგეთის ურთიერთობისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გააუქმეს. „ძალიან უხერხული მომენტია”, - განუცხადა საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში ჟერარ არაუდმა BBC–ს. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა იცოდა, რომ ეს იყო სტრატეგიული კონტრაქტი საფრანგეთისთვის და მისი ეროვნული ინტერესებისთვის და აშშ-მ ეს არ გაითვალისწინა. თავის მხრივ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საფრანგეთს მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავაც მჭიდროდ იმუშავებს პარიზთან. რაც შეეხება თეთრ სახლს, BBC წერს, რომ პრესმდივანი ჯენ ფსაკი მოერიდა საფრანგეთის კრიტიკას. „არსებობს მთელი რიგი პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც მათ სხვა ქვეყნებთან აქვთ და ჩვენ აქ არ მოვიზარებით. ეს არის ნაწილი იმისა, თუ როგორ მუშაობს გლობალური დიპლომატია“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ. კომენტარი გააკეთა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმაც. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვნახეთ ჩინეთისგან ასეთი აფეთქებები ავსტრალიის პოზიციასთან მიმართებით. ჩვენ ვამაყობთ დემოკრატიით ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეზობლების გვერდით ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა უზრუნველვყოთ მუდმივი მშვიდობა და ეს თანამშრომლობა მას უფრო უსაფრთხო რეგიონად აქცევს. ეს არის რეალობა და არცერთ პროპაგანდას არ შეუძლია, უარყოს ეს ფაქტები“, - განაცხადა პიტერ დუტონმა. ამავე თემაზე: საფრანგეთი ჯო ბაიდენს ზურგში დანის ჩარტყმაში ადანაშაულებს, ანალიტიკოსები კი, „მეხის გავარდნაზე“ მიუთითებენ აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს

ნიკა მელიას საპარლამენტო მანდატის საკითხს პარლამენტი პირველივე სხდომაზე განიხილავს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, პარლამენტი პირველივე პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით პლენარული სხდომა დაგეგმილი არ არის და სავარაუდოდ თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ დაინიშნება. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, მხარი უკვე დაუჭირა. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თავად ნიკა მელიას განცხადება გახდა. „სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე. დღეს გაიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, ეს გახლავთ ფორმალური ნაწილი მისი განცხადების განხილვისა. რაც შეეხება სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ვნახავთ როგორი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება. ჯერჯერობით პლენარული სხდომა დაგეგმილი არ არის. რეგლამენტიდან გამომდინარე, პირველივე პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვა მოხდება, რომელიც არჩევნების შემდეგ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით მელიამ თავიდანვე უარი განაცხადა, ამნისტიის გამოყენებაზე. „ისინი 19 აპრილის შეთანხმებას ხელს არ აწერდნენ, რადგან ამნისტიის აღიარება არ უნდოდათ. შემდეგ ხელი მოაწერეს და ამნისტია აღიარეს. შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონს მხარი არ დაუჭირეს და ამით ამნისტია არ აღიარეს. ეს ურთიერთგამომრიცხავი ქმედებებია. ეს საკითხი სრულად მისი და ქართული მართლმსაჯულების გადასაწყვეტია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით, პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

კვლევა: „ბუსტერ" დოზით ვაქცინირებულები ვირუსის გართულებისგან თითქმის 20-ჯერ უფრო მეტად არიან დაცულები

ისრაელში ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებმაც გაიკეთეს COVID-19-ის ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზა, თითქმის 20-ჯერ უფრო მეტად არიან დაცულები ვირუსის გართულებისგან, ხოლო დაინფიცირებისგან 10-ჯერ მეტად. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მკვლევარებსა და ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. კვლევამ, რომელიც გამოაქვეყნა New England Journal of Medicine- მა, აჩვენა, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღებიდან 12 დღის შემდეგ, ინფიცირების შანსი 11.3-ჯერ ნაკლები იყო, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც მესამე დოზა არ მიუღიათ. კვლევის თანახმად, „ბუსტერ" დოზით ვაქცინირებულებში ვირუსის გართულების შანსი 19,5-ჯერ ნაკლებია. ამავე თემაზე: ისრაელი ყველა ვაქცინირებულს ,,ბუსტერ" დოზით აცრას სთავაზობს

მარეგულირებელმა კომისიამ "იმედის" წინააღმდეგ ოპოზიციის საჩივრები დააკმაყოფილა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანებების „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრები დააკმაყოფილა. როგორც Europetime-ს მარეგულირებელი კომისიიდან აცნობეს, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის ტელეკომპანიას ორი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. " „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ტელეკომპანიამ ეთერში სიძულვილის ენის ტირაჟირების მიზეზით არ განათავსა. „ტელეიმედი“ აღნიშნავს, რომ წარდგენილი ვიდეო-რგოლი შეიცავს შეურაცხყოფისა და დაცინვის შემცველ ტექსტს, მისი შინაარსი კი არაეთიკური და არაკეთილსინდისიერია, რაც წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსებაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ტელეკომპანიის განცხადებით მათ ეთერში ვერ განთავსდება ვიდეო-რგოლი, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, აქეზებს და ახალისებს დანაშაულს, ასევე მიმართულია არეულობის და ანტისოციალური ქმედების გამოწვევისაკენ. კომუნიკაციების კომისიამ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტისგანჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლა და დაადგინა, რომ რეკლამების შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში. სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური რეკლამა ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას, რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას, პორნოგრაფიას, უხამსობას, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს. კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომტელეკომპანია „იმედმა“ ორივე შემთხვევაში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანებების საჩივრები და მიიღო გადაწყვეტილება „ტელე იმედის“ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი 12 სექტემბერსაც დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. სასამართლომ გაიზიარა კომუნიკაციების კომისიის პოზიცია და მაუწყებელი 5000 ლარით დააჯარიმა.

როდის შემოვა Jonson & Jonson-ის ვაქცინა საქართველოში

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, Jonson & Jonson-ის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის ბოლოს უნდა შემოვიდეს. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" განაცხადა. "Jonson & Jonson-ის ვაქცინა უნდა შემოვიდეს არაუგვიანესი ოქტომბრის ბოლოს. მაგრამ ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ არამგონია ამან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ვაქცინაციის პროცესზე. სულ 50 000 დოზაზეა საუბარი. ეს არის 50 000 სრულად ვაქცინირებულ ადამიანი, ვინაიდან ამ ვაქცინას გააჩნია დიდი კომფორტი, რაც ერთჯერადად ვაქცინირებას გულისხმობს, ერთჯერადი ვაქცინაცია არის საკმარისი"- აცხადებს ივანე ჩხაიძე. ამავე თემაზე: ივანე ჩხაიძე: გრიპისა და კოვიდვაქცინის ერთ დღეს გაკეთება შესაძლებელია ივანე ჩხაიძე: უმჯობესია, მოსახლოების 80% აიცრას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება

ევროკავშირი ფარული ჩანაწერების შესახებ: ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ

"ევროკავშირი ინფორმირებულია სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდა", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თანაშემწემ პეტერ სტანოს რადიო თავისუფლებას განუცხადა. ბორელის თანაშემწე რადიო თავისუფლებასთან თემის კომენტირებისას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა, სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძალიან მნიშველოვანი საკითხია ვენის კონვენციის ჩარშოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში და ევროკავშირი შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს. „ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში. ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინცინდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით“,- განუცხადა პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებას. ცნობისთვის, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. აღნიშნული მასალების გავრცელების ფაქტზე, 14 სექტემბერს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველსა და სახელმწიფო ინსპექტორს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ ორივე შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა. ცნობისთვის, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ პრეზიდენტს საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. 14 სექტემბერს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კიევი-თბილისის რეისით მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნა 2013 წელს გამოცხადდა. საქართველოს მიერ ძებნილი ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტების აღმოჩენის გამო დააკავეს. დაკავებული უკრაინას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა. 4 წლიანი პროცედურების შემდეგ უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა ქარდავა ხელმეორედ დააკავეს და 13 სექტემბერს უკრაინის სასამართლომ მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მას საქართველოს გარდა, უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის მოქალაქეობის დამატასტურებელი ფიქტიური მოწმობები ჰქონდა, სარგებლობდა ომარ ძანძავას სახელზე გაცემული პასპორტითაც. საქართველოში, მეგის ქარდავას მძიმე ბრალდებები სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა, მათ შორის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად დადგა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა 2012 წელს, ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დატოვა. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, პატიმრების წამების ეპიზოდზე, მეგის ქარდავას 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზეც - მეგის ქარდავა ისევ პატიმარების მიმართ, არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ სცნეს და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგივე სასჯელი მიესაჯა ქარდავას ზუგდიდის პოლიციაში ბელა როგავას დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე. ე.წ. კასრების საქმეში წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მეგის ქარდავას სასჯელი 9 წლით განესაზღვრა. 9 წელი მიესაჯა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებით გარდაცვალების საქმეზეც. თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ, 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მეგის ქარდავა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ორჯერ დაჯილდოვდა, კონსტიტუციური წყობილების დაცვისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს 1500 მოქალაქეს,  კომპენსაცია  დროულად გადაუხადოს

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქართველოს 1500 მოქალაქეს, იმ არამატერიალური ზიანის კომპენსაციისთვის გადაუხადოს, რაც მათ დეპორტაციის შედეგად მიადგათ. რუსეთის ფედერაციას კომპენსაციის გადახდა ევროპულმა სასამართლომ დააკისრა. 14-16 სექტემბერს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების და გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი განსახილველად, სტრასბურგში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოს საქმეც განიხილეს. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრებას, დაკავებას და იქიდან გამოძევებას, 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე. მინისტრების განცხადებით, თანხის გადახდისთვის დაწესებული ბოლო ვადა, 2019 წლის 30 აპრილი უკვე გავიდა, რის გამოც ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ ჯერჯერობით არანაირი თანხა არ არის გადახდილი. „ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხის გადახდა უპირობო მოვალეობაა და მისი გაჭიანურება დაზარალებულებს ართმევს მიღებული ზარალის კომპენსაციის მიღების საშუალებას“, - აცხადებენ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრები ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის ოქტომბრის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში მოქმედებდა ადმინისტრაციული პრაქტიკის ტოლფასი პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრებას, დაკავებას და გაძევებას.

სტრასბურგი საქართველოს ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაკისრებულ ვალდებულებებს შეახსენებს

14-16 სექტემბერს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების და გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის განსახილველად, სტრასბურგში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებული ორი საქმე განიხილა - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" და „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. მერაბიშვილის საქმეზე 2016 წლის 14 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ “საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ, ასევე, გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”. "მინისტრებმა კვლავ სერიოზულ შეშფოთება გამოხატეს ამ დარღვევების გამოძიების არასაკმარისი სისწრაფის და სიზუსტის გამო; აღნიშნეს, რომ გამოძიება უკვე სამი წელია ჭიანურდება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს საქმე პრიორიტეტული გახადოს და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს გამოძიების დამოუკიდებლობა. ამასთან, ამ საქმეში დადგენილი დარღვევების ზოგად მიზეზებთან მიმართებით, მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გააღრმაოს 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული ნაბიჯები და გააგრძელოს საკანონმდებლო რეფორმები, უწინარესად პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ევრო საბჭოს მინისტრები ამ საკითხზე შემდეგ შეხვედრას 2022 წლის მარტში გამართავენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ იმ დროისთვის წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები, ნაბიჯები და მათი აღსრულების დროში გაწერილი გეგმა. „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმე ეხებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ წინასწარი დაკავების პერიოდში, 2012 წლის დეკემბერში და 2013 წლის იანვარში, განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებისას ჩადენილ დარღვევებს. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის ხუთ საქმეზე იყო მსჯავრდებული, მათ შორის, ყველაზე მაღალი სასჯელი პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ჰქონდა მისჯილი. ყოფილ პრემიერს წარდგენილი ჰქონდა შემდეგი ბრალდებები: მითვისება-გაფლანგვა/ამომრჩევლის მოსყიდვა; 26 მაისის მიტინგის დარბევის საქმე; სანდრო გირგვლიანის საქმე; ვალერი გელაშვილის საქმე; “აკურას” ღვინის ქარხნის საქმე; 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებითი განხილვის დროს არ დააკმაყოფილა ვანო მერაბიშვილის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა ისე, რომ აუდიოჩანაწერში არ ჩანს, რომ სასამართლომ რაიმე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ ათავისუფლებს მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობიდან. ამასთან, სტრასბურგმა მეხუთე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”. ამ მუხლთან დაკავშირებით მერაბიშვილი მიუთითებდა, რომ მისი დაპატიმრება და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ჩამოეცილებინათ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, რათა დაესუსტებინათ მისი პარტია და ხელი შეეშალათ მისი მიზნისთვის, რომ ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს. სასამართლოს პალატამ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რაშიც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი ფიგურირებს. ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება, 2020 წლის თებერვალში 6 წლისა და 9-თვის შემდეგ დატოვა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს 1500 მოქალაქეს, კომპენსაცია დროულად გადაუხადოს

პრინცი ფილიპეს ანდერძი 90 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იქნება

უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ედინბურგის ჰერცოგის ანდერძი საიდუმლოდ დარჩება მინიმუმ 90 წლის განმავლობაში, რათა დაცული იყოს დედოფლის "ღირსება და მდგომარეობა". ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, უკვე საუკუნეზე მეტია რაც დადგენილია, რომ სამეფო ოჯახის უფროსი წევრის გარდაცვალების შემდეგ, სასამართლოებს სთხოვენ მათი ანდერძი დალუქონ. რაც იმას ნიშნავს, რომ განსხვავებით სხვა ანდერძებისგან, ის არ იქნება ღია საჯარო შემოწმებისთვის. სასამართლო მოსმენა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 90 წლის შემდეგ გაიმართება კერძო სასამართლო მოსმენა, რომელზეც გადაწყდება, გასაჯაროვდება თუ არა ანდერძი. ანდერძის დალუქვის შესახებ განცხადება სამეფო ოჯახის სასამართლოების ყველაზე უფროსმა მოსამართლემ, ივლისში, პირადად განიხილა. შეგახსენებთ, რომ ედინბურგის ჰერცოგი პრინცი ფილიპი 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისის მერია: იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

თბილისის მერია, მთაწმინდის პანთეონში იაკობ გოგებაშვილის საფლავის და ნეშტის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. მერიის განცხადებით, საფლავის დაზიანება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ გამოუწვევია და გავრცელებული ინფორმაცია, სიცრუეა. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების თაობაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. 2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შექმნილი საიდუმლო დოკუმენტები ანონიმურად გავრცელდა, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს. გავრცელებული მასალებიდან ერთ-ერთში აღწერილია, რომ მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიის მხრიდან ჩატარებული სადრენაჟო სამუშაოებისას იაკობ გოგებაშვილის საფლავი დაზიანდა, ნეშტის ნაწილები კი გაიბნა.

საპატრიარქო მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ა.წ. 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი წლის დღეს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ფიზიკურად შეეხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერებმა, გარკვეული დანაშაულის გამო რამდენიმე თვის წინ საეკლესიო წესით სასჯელდადებულმა სასულიერო პირებმა, რომლებმაც სცადეს, არ შეეშვათ მღვდელმთავარი სასწავლებელში იმ მოტივით, რომ ბოლო დროს გავრცელებული ფაილების მიხედვით, თითქოს მას აქვს ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, რაც უსაფუძვლო, ცრუ ბრალდებაა. საზოგადოებამ მათი სახით იხილა ძალადობის, უტიფრობისა და კადნიერების მაგალითი, რომელიც სჯულის კანონით მკაცრად ისჯება. ამასთან დაკავშირებით და განვითარებულ მოვლენებზეც გვინდა ვთქვათ შემდეგი: გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს. სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთვევაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ. როგორც აცხადებენ, თუ ფაილები არასანქცირებული მოსმენებით არის შექმნილი და თანაც მათში სიმართლე მხოლოდ ნაწილობრივია, მათი გამამყარებელი დოკუმენტური მასალის წარმოდგენის შემთხვევაშიც დიდია ალბათობა იმისა, რომ ფაბრიკაციას ჰქონდეს ადგილი, მითუმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში და იმ დაპირისპირების გათვალისწინებით, რასაც წლებია ეკლესიის წინააღმდეგ ახორციელებენ გარკვეული ძალები. ამიტომაც, ასეთი ჩანაწერების ავთენტურობაც აუცილებლად დასადგენი იქნება. ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ ეკლესიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ტელევიზიები ახდენენ ფარული, არასანქცირებული მოსმენების ტირაჟირებას, რითაც ხელს უწყობენ უსაფუძვლო ეჭვების გაჩენასა და მოსახლეობაში უნდობლობის დათესვას, არ ერიდებიან ადამიანებისთვის დიდი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიყენებას. სატელევიზიო და ინტერნეტსივრცეში ასეთი მასალის გავრცელება, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით, არც ეთიკურია და არც კანონიერი, მიუხედავად იმისა, ავთენტურია თუ არა ფაილები. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მწვავე რეაქცია ჰქონდათ ტელევიზიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მათი მისამართით განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ახლა კი როდესაც თვითონვე ავრცელებენ უკანონო ინფორმაციებს, ამის თაობაზე არ იღებს ხმას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობები... სათანადოდ არ რეაგირებს არც ხელისუფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გაცემა, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება არის დასჯადი; ასევე დასჯადია კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრის გასაჯაროება (მუხლი 157, 1571, 158,159); მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, წესით კარგად უნდა იცოდნენ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, მაინც აგრძელებენ გაურკვეველი წარმომავლობის, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას. ეს არის, როგორც წინა საარჩევნო პროცესში ეკლესიის ჩართვის, ასევე არეულობის გამოწვევისა და ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემების შექმნის მცდელობა. უმნიშვნელოვანესია მომხდარი დანაშაულის დროულად გამოძიება. ეს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსების საქმეა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და გვექნება შესაბამისი რეაგირება მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. საქართველოს და საქართველოს ეკლესიას მრავალი განსაცდელისთვის გაუძლია და, ღვთის წყალობით, ამასაც გადავიტანთ. ჩვენი ხალხი გონიერია და არჩევს, სად არის სიკეთე და სად, - შეფარული ბოროტება. ამასთან, სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს და სხვისთვის ორმოს მთხრელი ხშირად თვითონვე ვარდება მასში. „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”, ამინ!“ - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. 14 სექტემბერს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილს უპასუხა

ამერიკულმა კომპანია Netflix-მა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს უპასუხა. ladbible-ს ცნობით, კომპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ მოჭადრაკის ბრალდებები უსაფუძვლოა. „Netflix-ი უაღრესად დიდ პატივს სცემს ქალბატონ გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და მტკიცედ დავიცავთ თავს სასამართლოში“, - აღნიშნულია განცხადებაში. როგორც ცნობილია, სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit -ის (ლაზიერის გამბიტი) დასკვნით ეპიზოდში გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ის 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე. სერიალში ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს: "ერთადერთი უჩვეულო რამ მის შემთხვევაში, მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს". ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. ისინი სარჩელში წერენ, რომ კომენტატორის ნათქვამი ტყუილია და სექსისტური. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, სულ მცირე, 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.

სალომე ზურაბიშვილი: ყველა ემიგრანტი ჩვენი ქვეყნის პოტენციური ელჩია, თუ გვეცოდინება, როგორ გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ის კავშირი, რომელიც უკვე არსებობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა და სიტყვით მიმართა. ადმინისტაციის ცნობით, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში ნაწილობრივ ონლაინრეჟიმში წარიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტელეხიდის საშუალებით მონაწილეობას იღებდნენ პროგრამებში გამარჯვებული დიასპორის წარმომადგენლები. „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სულ 22 გამარჯვებული გამოავლინა, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში 18 გამარჯვებული, ხოლო „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა დ სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში 22 გამარჯვებული. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დღევანდელ ღონისძიებაში, რომელიც არსებული რეგულაციების გამო მიღებული გადაწყვეტილებით ძალიან შეზღუდულ ფორმატში იმართება, დიასპორის წარმომადგენლები მთელი გულითა და სულით მონაწილეობენ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს პროგრამა, ძალიან დასაფასებელი ინციატივაა. ეს პროგრამა არის ის, რაც გვაერთიანებს, ერთ-ერთი ფორმა, რითაც ვერთიანდებით და მე ვისურვებდი, რომ კიდევ მეტი ინსტრუმენტი გვქონდეს, რომელიც დაახლოებისა და კავშირის საშუალებას მოგვცემს. უცხოეთში მყოფი ჩვენი ემიგრანტები ჩვენი ერთი, ძალიან ძლიერი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს წელი ასევე გამორჩეულია. წელს ერთგვარად აღვნიშნავთ პოლიტიკური ემიგრაციის დაარსებისა და ჩვენი სახელმწიფოს აღიარების 100 წელს, რომელიც საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, რუმინეთსა და ლუქსენბურგში მიმდინარე წელს ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ 26 სექტემბერს, სწორედ საფრანგეთში იქნება საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც სწორედ ქართული ემიგრაციის 100 წლისთავსა და საფრანგეთის მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებას ეძღვნება. ასევე, აღინიშნება ჩვენი ერთ-ერთი წარჩინებული სამხედრო პირის, საფრანგეთის უცხო ლეგიონისთვის ნამდვილი სიმბოლოს, დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარის ხსენების დღე და ასევე მოხდება მისი ბიუსტის გადაცემის ცერემონია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. დაჯილდოების ცერემონიას ორბელიანების სასახლეში ესწრებოდნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ზურაბ ყორღანაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისზე: უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის გახარიას ხელწერა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას შეცდომა უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ერთი იუდა ყველა გუნდშია და ამაში გასაკვირი არაფერია. მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში" ყველა კრიზისი გახარიამ შექმნა, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი ფასი გადაიხადა. პირველ კრიზისად ღარიბაშვილმა "კლუბებში შევარდნა" დაასახელა. "პოლიციელები აცემინა, გამოვარდა და ვიღაცებს ვითომ მერე ბოდიში მოუხადა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში. მისი განცხადებით, მეორე მთავარი კრიზისი პანკისში სპეცრაზმის ჩაყვანაა: "აბსოლუტურად გაუთვლელი, გაუაზრებელი, უგუნური ქმედება. ლამის შუღლი და უბედურება გამოიწვია ფართომასშტაბიანი. აცემინა ჩვენი ბიჭები, ჩვენი გმირები. მერე იყო 20 ივნისი, გავრილოვის ღამე, რომელიც, რა თქმა უნდა, მისი ჩავარდნაა, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო და არ იყო თბილისში. ვის უნდა გაეკონტროლებინა თუ არა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს და კაცს, რომელიც ვიცე-პრემიერი იყო და ყველაფერი მისი კურატორობის ქვეშ იყო. შს მინისტრი იყო, საზღვარს ვინ აკონტროლებს? გამოიყვანა გარეთ დამწყები სპეცრაზმელი... პარლამენტის შენობა ისეა დაცული დღეს, ვისაც აქვს ცოდნა, გამორიცხულია, რომ შეანგრიო და შეხვიდე. მე ეს კითხვა მას დავუსვი, როცა მეორე დღეს ამ კრიზისის შეფასება და გარჩევა იყო. რატომ აცემინა 3 საათის განმავლობაში სპეცრაზმელები აგრესიულ ბრბოს? ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე პარტიის ოფისში ვიყავი და ვკითხულობდი, სად არის წყალი, გაზი? დაუშინეს მერე და უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის მისი ხელწერა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები გაიწვია

საფრანგეთის ელჩი აშშ-ში ფილიპ ეტიენი და საფრანგეთის ელჩი ავსტრალიაში ჟან-პიერ ტებო კონსულტაციებისთვის პარიზში გაიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Lefigaro ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ვაშინგტონს, ლონდონსა და კანბერას შორის სტრატეგიული პარტნიორობის პაქტის გამოცხადებას უკავშირდება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, მან ელჩები კონსულტაციებისთვის პარიზში პრეზიტენტის თხოვნით გაიწვია. "ეს განსაკუთრებული გადაწყვეტილება გამართლებულია ავსტრალიისა და შეერთებული შტატების მიერ 15 სექტემბერს გაკეთებული განცხადებების განსაკუთრებული სიმძიმით. ოკეანის კლასის წყალქვეშა პროექტის მიტოვება, რომელიც ავსტრალიას საფრანგეთთან აკავშირებს 2016 წლიდან და შეერთებულ შტატებთან ახალი პარტნიორობის გამოცხადება, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვულ წყალქვეშა ნავებზე მომავალი თანამშრომლობის კვლევების დაწყებას, წარმოადგენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მიუღებელ ქცევას. , რომლის შედეგებიც აისახება ჩვენს ალიანსებზე, ჩვენს პარტნიორობაზე და ინდო-წყნარი ოკეანის მნიშვნელობაზე ევროპისთვის", - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, აშშ-მ, დიდი ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ხელი მოაწერეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტს, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. აშშ ავსტრალიაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს საფრანგეთი ჯო ბაიდენს ზურგში დანის ჩარტყმაში ადანაშაულებს, ანალიტიკოსები კი, „მეხის გავარდნაზე“ მიუთითებენ

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ არასაპატიმრო სასჯელის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახალი მიდგომა დანერგა. შესაბამისი მემორანდუმები რატი ბრეგაძემ კახეთის რეგიონში ყვარლის, გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებთან გააფორმა. "იუსტიციის სამინისტროს ახლებური მიდგომის შედეგად, მსჯავრდებულები ერთის მხრივ საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შესაბამისი მემორანდუმი, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქთან და მუნიციპალიტეტთან გაფორმდება. მიმდინარე წლის ივლისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა ქუთაისის, ოზურგეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიებთან, რის შედეგადაც, შრომამისჯილთა დასაქმებისთვის ახალი სივრცე გაჩნდა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერი: მთავრობის, სუს-ის და მათ შორის სახელმწიფო დაცვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს დაცული ყოველგვარი რისკებისგან

„მთავრობის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მათ შორის სახელმწიფო დაცვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს დაცული ყოველგვარი რისკებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ვუბრუნდები კითხვას, რატომ უსმენდა მთავრობა, თუ უსმენდა, საპატრიარქოს გარემოცვას; მე არ ვიცი, გასარკვევია, უსმენდა თუ არა რეალურად პატრიარქის გარემოცვას და რა მიზნით, მაგრამ მთავრობის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მათ შორის სახელმწიფო დაცვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს დაცული ყოველგვარი რისკებისგან ამაზე ალბათ ვთანხმდებით. ნებისმიერი მოქალაქე უნდა სთხოვდეს მთავრობას, რომ პატრიარქი იყოს დაცული და მისი გარემოცვა იყოს აბსოლუტურად სრული კონტროლის ქვეშ აყვანილი, რა თქმა უნდა, კანონიერად. მე სარწმუნო ცნობები და ინფორმაცია არ მაქვს, მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამ. ვიყავი რა შინაგან საქმეთა მინისტრი და მათ შორის ვხელმძღვანელობდი უსაფრთხოების სამსახურებს, ვიცი, ეს როგორ ხდება“, - განაცხადა პრემიერმა "რუსთავი2"-ის ეთერში. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. 14 სექტემბერს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამავე თემაზე: პრემიერი: სუს-ი, საიდუმლო სამსახური იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში ახდენდეს ლეგიტიმურ, კანონიერ მოსმენებს