ძებნის რეზულტატი:

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „გილოცავთ ამ დღეს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს. თქვენი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, განვითარების, სტაბილური გარემოს ჩამოყალიბების პროცესში. თქვენი რთული, მაღალი რისკის შემცველი პროფესიული მოვალეობის შესრულება საამაყოა და პატივსაცემი. ვისურვებ, თქვენთან ერთად, ღირსეულად გადაგველახოს ყველა ის დაბრკოლება, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება. თითოეულ თქვენგანს წარმატებას ვუსურვებ საქართველოს კეთილდღეობისთვის გადადგმულ თითოეულ ნაბიჯსა თუ დასახული მიზნის განხორციელებაში. ნაბიჯ-ნაბიჯ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია“, - წერს მთავრობის მეთაური.

რუსეთში სამდღიანი საპარლამენტო არჩევნები დღეს დასრულდება

დღეს, რუსეთში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის ბოლო დღეადასკვნითი დღეა. ხმის მიცემის პროცედურა 17 სექტემბერს დაიწყო. კენჭისყრაში სულ 14 პარტია მონაწილეობს. ჯამში მოქალაქეები 450 დეპუტატს ირჩევენ. როგორც რუსთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, გასული ორი დღის განმავლობაში ამომრჩეველთა აქტივობამ 31,51%-ი შეადგინა. მათივე ცნობით, ხმის მიცემის დროს ცესკო-მ სულ 137 დარღვევა დააფიქსირა. მათ შორის საუბარია ხმის მიცემის იძულებაზე. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთის მთავრობის მიერ გამკაცრებული კანონმდებლობისა და ოპოზიციონერების დიდი ნაწილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლისა თუ ადმინისტრაციული საქმეების გამო, კრემლის ოპონენტების ერთი ნაწილი არჩევნებზე არ დაარეგისტრირეს, ხოლო სხვებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და სამშობლო დატოვეს. აღსანიშნავია, რომ პირველად 1990-იან წლებიდან რუსეთში მიმდინარე არჩევნებს არ აკვირდება ეუთო-ს მისია.

1255 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 330 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 1255 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 330 იმყოფება. , 1 255 მძიმე პაციენტიდან თბილისში მკურნალობს 485 პაციენტი, აჭარაში - 132, იმერეთში - 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 24, იმერეთში - 30. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 595 264 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 559 996, გარდაიცვალა 8 541 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

კაპიტოლიუმზე შტურმის მხარდამჭერთა აქციაზე, პოლიციამ რამდენიმე პირს იარაღი აღმოუჩინა

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა აქციაზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის. აქციაზე ცივი იარაღი აღმოაჩნდა ასევე ერთ-ერთ მონაწილეს. აქციის მონაწილეები, 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე დაკავებულ პირებს უცხადებდნენ მხარდაჭერას. ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, დაკავებულია კიდევ ორი აქტივისტი, რომელთა ავტომობილიც სამართალდამცავებმა გააჩერეს, რადგან ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობა ჰქონდათ დარღვეული. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები პოლიტპატიმრები არიან. დემონსტრაციაზე შეკრების ნებართვა არაუმეტეს 700-მდე პირს ჰქონდა, თუმცა უცხოური მედიის ცნობით სულ 500-მდე ადამიანი შეიკრიბა, აქედან 200-მდე მომიტინგე იყო, დანარჩენები კი მედიის წარმომადგენლები და პოლიციელები. დემონსტრაციის გამო, ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. აქციაზე მობილიზებული იყო 100 ეროვნული გვარდიელი. 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. ისინი 2020 წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. არეულობას მოჰყვა მსხვერპლიც. მოგვიანებით, პოლიციამ შტურმში მონაწილე პირების დიდი ნაწილი, 535 ადამიანი სხვადასხვა ბრალდებით დააკავა.

ფილტვების 18 ქულიანი დაზიანებით, 8 წლის ბავშვი ციციშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

Covid-19-ით ინფიცირების შედეგად, ფილტვების 18 ქულიანი დაზიანებით, 8 წლის ბავშვი ციციშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ადასტურებს. მისივე თქმით, ბოლო დღეებში კოვიდინფიცირებულთა მომართვიანობა შემცირებულია და ამჟამად მათ კლინიკაში მხოლოდ 119 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება. "გუშინ გადმოიყვანეს ერთ-ერთი კლინიკიდან კიდევ მძიმე ბავშვი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს და ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება. 8 წლის არის ეს ბავშვი. რეანიმაციაში ამ წუთში 4 ადგილია, დანარჩენი დაკავებულია. 21 პაციენტი წევს," - განაცხადა მაია ჩხაიძემ. შეგახსენებთ, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 1 501 და 43 გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა

ენტონი ფაუჩი: არის იმედი, რომ კორონა ვირუსის პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება

"არის იმედი, რომ კორონა ვირუსის პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება", - ამის შესახებ, აშშ-ს მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ფაუჩი მიიჩნევს რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება სწორი გადაწყვეტილება იქნება და მასობრივ "ბუსტერს" მხარს უჭერს. „კორონავირუსმა სპეციალისტები არაერთხელ შეიყვანა შეცდომაში, ამიტომ, რთულია პროგნოზირება, თუ როდის დასრულდება პანდემია, მაგრამ არის იმედი, რომ ის გაზაფხულისთვის დასრულდება. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გადავხედავთ, სწორი რეჟიმი მესამე დოზის გაკეთება იქნება. აღნიშნა ფაუჩიმ ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, საკითხის შესწავლისას სავსებით შესაძლებელია, რომ ვაქცინირების სწორი რეჟიმი, მინიმუმ მ-რნმ ვაქცინებისთვის (მაგალითად, „ფაიზერისთვის“) ვაქცინირებისას ორი დოზის შუალედი სამიდან ოთხ კვირამდე, ხოლო მესამე დოზის გაკეთების თარიღი რამდენიმე თვეში იყოს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც რჩევებს აძლევს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA), Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. "ბუსტერ" დოზის გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ხანდაზმული მოქალაქეებისთვის დაამტკიცა. თუმცა არ დაამტკიცა მესამე დოზის ფართოდ დანერგვის გეგმა. ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, თუმცა წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმასთან, რომელიც ითვალისწინებდა "ბუსტერ" დოზის თითქმის ყველა ამერიკელისთვის მიცემას, დროის განმავლობაში ვაქცინათა ეფექტიანობის კლების საწინააღმდეგოდ.

ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ აცრების მაჩვენებელი გაიზრდება

"მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ბოლოო დღეებში ეს მაჩვენებელი იკლებს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ია, რაც ძალიან სამწუხაროა. „ბოლო სამი დღეა იკლებს აცრების მაჩვენებელი, რაც ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი არ უმჯობესდება, 47 %-ზე იყო ასული და ბოლო მონაცემებით, ისევ 43 %-ია. თუ ჩვენ ვერ ავწიეთ პირბადის ტარების მაჩვენებელი, თუ ვერ ავწიეთ აცრების მაჩვენებელი, სამწუხაროდ ისევ ამ მაღალ ციფრებზე დავრჩებით. მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, იოლი თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი““, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში, ამ დროისთვის, ზრდასრული მოსახლეობის 24,6%-ია სრულად ვაქცინირებული. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 945 291 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1%-ია.

SpaceX-ის მიერ კოსმოსში გაგზავნილი სამოქალაქო პირები დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

SpaceX-ის კიდევ ერთი კოსმოსური ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. ოთხი არაპროფესიონალი ასტრონავტი, რომლებიც SpaceX Inspiration4-ის მისიით კოსმოსში გაემგზავრნენ, დედამიწაზეუსაფრთხოდ დაბრუნდნენ. კოსმოსში მოგზაურები ფლორიდის ნაპირთან, ატლანტის ოკეანეში დაეშვნენ. კოსმოსში მათი მოგზაურობა SpaceX-ის კაფსულით 3 დღეს გაგრძელდა. მთელი მოგზაურობა სრულად ავტომატიზებული იყო. სამდღიან კოსმოსურ მისიას Inspiration 4-ს საქველმოქმედო მიზანი ჰქონდა - 200 მილიონის შეგროვება მემფისში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოსთვის. ბავშვობაში, ამ კლინიკაში კიბოსგან განკურნეს ეკიპაჟის წევრი ჰეილი არსენო. კოსმოსური აპარატი იმყოფებოდა დედამიწის ზედაპირიდან 575 კილომეტრის და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტიდან 150 კილომეტრის სიმაღლეზე.

საფრანგეთი დიდი ბრიტანეთიდან ელჩის გამოწვევას არ აპირებს

„ჩვენ გავიწვიეთ ჩვენი ელჩები ვაშინგტონისა და კანბერადან სიტუაციის ანალიზისთვის. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ამის აუცილებლობა არ არსებობს", - ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა. მისი თქმით, მათ იციან დიდი ბრიტანეთის მუდმივი ოპორტიუნიზმის შესახებ. ამიტომ ელჩის გაწვევა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ და ავსტრალია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მომხდარმა საფრთხის ქვეშ დააყენა ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციაც. "პარიზსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაში კრიზისია", - ასე შეაფასა ჟან-ივ ლე დრიანმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებული უსაფრთხოების პაქტი, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია აშშ-ისგან ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიას მიიღებს. შედეგად კი კანბერა გაწყვეტს 37 მილიარდ დოლარად შეფასებულ კონტრაქტს პარიზთან. ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის აღნიშნულმა ნაბიჯმა გაართულა პარიზის ურთიერთობები ნატო-სთან. „კითხვის ნიშნის ქვეშ დგება აშშ-თან კავშირის სიმტკიცე. თუ ვსაუბრობთ ნამდვილ ალიანსზე, მაშინ ამ ალიანსის წევრები ერთმანეთს ესაუბრებიან, პატივისცემით ეკიდებიან ერთმანეთს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა“, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონი და ავსტრალია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედება მიუღებელია. ჟან-ივ ლე დრიანის ინფორმაციით, პარიზში ვაშინგტონის, ლონდონისა და კანბერას შეთანხმების შესახებ მის გაფორმებამდე ერთი საათით ადრე შეიტყვეს. მისივე თქმით, მომხდარის გათვალისწინებით, ნატო-ს 2022 წელს მადრიდში დაგეგმილ სამიტზე სტრატეგიის გადახედვა მოუწევს. ხოლო საფრანგეთი 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის რანგში პრიორიტეტულ საკითხად ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებას დააყენებს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეპარქიიდა განკვეთა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ 6 სასულიერო პირი მონაზონთა და სასულიერო პირთა დასიდან განკვეთა. ​​აღნიშნული სასულიერო პირები ის ადამიანები არიან, რომლებიც მეუფე სტეფანესთან ბოლო რამდენიმე თვეა დაპირისპირებაში იყვნენ. მეუფე სტეფანემ მათ საეკლესიო სამოსის ტარება აუკრძალა და ეპარქიის დასატოვებლად გარკვეული ვადა მისცა. ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები არიან: ტარიელ გვილავა (ყოფილი მონაზონი დანიელი) ნასყიდა ღუდუშაური (ყოფილი ბერ-დიაკონი პეტრე); მიხეილ მდივანი (ყოფილი მონაზონი ათინოგენი); თამაზ ხულუხია (ყოფილი მონაზონი ამბროსი); ბაჩუკი ხელაია (ყოფილი მონაზონი დავითი); ბათა-ავთანდილ გვილავა (ყოფილი მონაზონი ბასილი); მარკოზ წულაია (ყოფილი მონაზონი მარკოზი). ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, არღვევდნენ საეკლესიო კანონებს.

ალექსეი ნავალნის მოკავშირეები „იუთუბსა“ და „ტელეგრამს“ ცენზურაში ადანაშაულებენ

ალექსეი ნავალნის მოკავშირეები „იუთუბსა“ და „ტელეგრამს“ ცენზურაში ადანაშაულებენ. ბრალდების მიზეზი მათი საარჩევნო რეკომენდაციების შესახებ გავრცელებული მასალების დაბლოკვა გახდა. მანამდე ნავალნის გუნდის მიერ ამავე მიზნით შექმნილი მობილური ტელეფონის აპლიკაცია წაშალა „გუგლმა“ და „ეფლმა“. ამის გამო რუსი ოპოზიციონერის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ინტერნეტ გიგანტები რუსეთის ხელისუფლების ზეწოლას დაყვნენ. ნავალნის თანამებრძოლებმა სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებზე გაავრცელეს იმ კანდიდატების სია, რომელთაც მოქალაქეებმა უნდა მისცენ ხმა, თუმცა „იუთუბმა“ და „ტელეგრამმა“ აღნიშნული დოკუმენტები და ვიდეოები დაბლოკა. საუბარია ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ხმის მიცემის ე.წ. ჭკვიანურ მეთოდზე, რომლის მიხედვითაც ნავალნი და მისი გუნდი მოუწოდებს მოქალაქეებს, ხმა მისცენ კონკრეტულ კანდიდატებს. მათი მტკიცებით, ეს მეთოდი არის ერთადერთი გამოსავალი, რომლითაც რუსეთის მმართველი პარტიისთვის წინააღმდეგობის გაწევა არის შესაძლებელი. „ტელეგრამის“ დამფუძნებელის, პაველ დუროვის განცხადებით, რუსეთში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხმის მიცემის დროს აგიტაცია აკრძალულია. ამიტომ "ტელეგრამმა" ნავალნის გუნდის მიერ გავრცელებული კანდიდატების სია დაბლოკა. ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა „ტელეგრამის“ გადაწყვეტილებას „ცენზურა“ უწოდა.

დიდი ბრიტანეთი: ბირთვული წყალქვეშა ნავების ფლოტის გარდა, დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის დანერგვა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, თავისუფლებას დაცვა სჭირდება, სწორედ ამიტომ ლონდონი უსაფრთხოების სფეროში მტკიცე ურთიერთობებს ავითარებს მთელ მსოფლიოში“. აღნიშნული განცხადებით დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთის ბრალდებებს უპასუხა. როგორც ლიზ ტრასი აცხადებს, ავსტრალიასთან და აშშ-თან გაფორმებული უსაფრთხოების პაქტის ფარგლებში ბირთვული წყალქვეშა ნავების ფლოტის შექმნის გარდა, დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის აქტიურად დანერგვა. „ეს აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი მიისწრაფვის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას შეუწყოს ხელი“, – წერს ტრასი „სანდეი ტელეგრაფში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, ავსტრალიის მთავრობა „პირველ ადგილზე აყენებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს“. „საფრანგეთი ინფორმირებული იყო კანბერას ეჭვების შესახებ, რომ პარიზისგან კონვენციური წყალქვეშა ნავების შეძენის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, ავსტრალიის ეროვნულ ინტერესებს აღარ შეესაბამებოდა“, - განაცხადა მორისონმა. როგორც ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ბირთვული წყალქვეშა ნავის ბიუჯეტი გადამეტებული იყო და ამასთან საფრანგეთთან გაფორმებული კონტრაქტის ვადები გაჭიანურდა. "ავსტრალიას სურს მომავალაშიც განაგრძოს მჭიდრო თანამშომლობა საფრანგეთთან", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ და ავსტრალია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მომხდარმა საფრთხის ქვეშ დააყენა ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციაც. "პარიზსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაში კრიზისია", - ასე შეაფასა ჟან-ივ ლე დრიანმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებული უსაფრთხოების პაქტი, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია აშშ-ისგან ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიას მიიღებს. შედეგად კი კანბერა გაწყვეტს 37 მილიარდ დოლარად შეფასებულ კონტრაქტს პარიზთან. დრიანის თქმით, მომხდარის გათვალისწინებით, ნატო-ს 2022 წელს მადრიდში დაგეგმილ სამიტზე სტრატეგიის გადახედვა მოუწევს. ხოლო საფრანგეთი 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის რანგში პრიორიტეტულ საკითხად ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებას დააყენებს. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიასთან 37 მილიარდიანი კონტრაქტის ჩაშლის შემდეგ, საფრანგეთმა ვაშინგტონიდან და კანბერადან ელჩები გამოიწვია. თუმცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთიდან ელჩის გაწვევას არ გეგმავენ.

პატრიარქის თანამოსაყდრე: ადამიანებს ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, შეუძლიათ, ყველაფერი მართონ

"ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, ძალაუფლებას, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ წარმატებას, რომ შეუძლიათ, ყველაფერი, მთელი სამყარო მართონ", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიოს (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ადამიანები ვფიქრობთ, რომ ჩვენია ყველაფერი, ჩვენ ვფლობთ, ჩვენ ვართ ბატონ-პარონნი და გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ მუშაკები ვართ, ღმერთის მიერ დადგენილი მუშაკები, როგორც სახლის დროებითი მმართველები. "რაც უნდა დიდ თანამდებობას მიაღწიოს ადამიანმა, საეროს თუ საეკლესიოს, არ აქვს მნიშვნელობა, იგი მაინც არის მუშაკი, ღვთისგან დადგენილი და არა ბატონ-პატრონი", - აღნიშნა მიტროპოლიტმა. პატრიარქის თაამოსაყდრემ ქადაგება ბოროტ მევენახეებზე იგავით დაიწყო. "უფალი იესო ქრისტე ამ იგავს ეტყვის ისრაელის მთავრებსა და მღვდელმთავრებს. ყველა იგავს აქვს ხოლმე არაერთი განმარტების შრე. ამ იგავის განმარტების პირველი შრე, რა თქმა უნდა, ეს არის ისრაელის ისტორია, მაგრამ ეს არ ეხება მარტო ებრაელ ერს, არამედ ყველა ხალხს, საერთოდ, კაცობრიობას და ყოველ ადამიანს. ეს არის იგავი ღმერთის წინაშე ჩვენს უმადურობაზე იმ სიყვარულის, იმ სასწაულებისა და სიკეთის სანაცვლოდ, რომელთაც უფალი გვიკეთებს ჩვენ და გაუკეთებია ჩვენს გულქვაობაზე, ჩვენს უგრძნობლობაზე, ჩვენს უმადურობაზე, რასაც ჩვენ ვიჩენთ, იმიტომ რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ჩვენს თავზე, ვიდრე იმაზე, თუ რა უხარია, რა სურს ღმერთს და კიდევ უფრო ნაკლებად ვფიქრობთ მოყვასზე. ჩვენც ასე ვფიქრობთ, რომ ჩვენია ყველაფერი, ჩვენ ვფლობთ, ჩვენ ვართ ბატონ-პარონნი და გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ მუშაკები ვართ, ღმერთის მიერ დადგენილი მუშაკები, როგორც სახლის დროებითი მმართველები. რაც უნდა დიდ თანამდებობას მიაღწიოს ადამიანმა, საეროს თუ საეკლესიოს, არ აქვს მნიშვნელობა, იგი მაინც არის მუშაკი, ღვთისგან დადგენილი და არა ბატონ-პატრონი", - დასძინა ადაგებისას პატრიარქის თანამოსაყდრემ.

საპატრიარქოს წარმომადგენლების პოზიცია ფარული ჩანაწერების საქმეზე

მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მედიასთან, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ისაუბრეს. „საპატრიარქომ გააკეთა ოფიციალური განცხადება. პოზიცია გამოატულია. ველოდებით გამოძიებას“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მედიასთან გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ასევე ისაუბრა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა. მისი თქმით, ახლა მთავარი კითხვაა, ვინ იყო ამ ყველაფრით დაინტერესებული, რადგან მომხდარი არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე. „პირველ რიგში შესაბამისმა სამსახურმა უნდა გაარკვიოს, ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება“. ეს სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ. მე დავიბადე გასულ საუკუნეში, ეს იყო ტოტალიტარული სისტემა, ავტორიტარიზმი. იქ ჩვენ ვიცოდით, რომ ისმინება ყველაფერი და თავისთავად ცხადია, ადამიანები სახლებში, გარკვეულ თემაზე, რომელიც ვიღაცის ინტერესის საგანი შეიძლება, გამხდარიყო, ჩურჩულებდნენ ხოლმე. სამწუხაროდ, მსგავსი რამ დღესაც შეინიშნება. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე, რადგან ამან შეიძლება, ადამიანებში გამოიწვიოს უფრო მეტი უნდობლობის, დაპირისპირების გაჩენა. დიდი მკითხაობა არ სჭირდება, რა შეიძლება, ამან მოიტანოს, ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი სახელმწიფოს ჩამონგრევა ვინმე ჩვენგანის ინტერესში იყოს, მაგრამ ვიცით, არის ასეთი ძალები, გარეთაც, შიგნითაც. უშუალოდ ვინ იყო ამით დაინტერესებული და ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება, ალბათ, პირველ რიგში უნდა გაარკვიოს შესაბამისმა სამსახურმა. იმედი მაქვს, ამ თემებზე პარლამენტში იმსჯელებენ და შესაბამის დასკვნასაც გააცნობენ საზოგადოებას. ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს. მეორე მომენტია უკვე, მოსმენებს რა მიზანი აქვს, სჩადის თუ არა ვინმე დანაშაულებრივ ქმედებას. ამაზეც კი ჩვენთანაც არსებობს კანონმდებლობა, რომ საჭიროა შესაბამისი ორგანოს, სასამართლოს ნებართვა და თუ ჩვენი სასამართლო განიხილავს ჩვენს ყველა მოქალაქეს პოტენციურ დამნაშავედ, ესეიგი, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. იმედი მაქვს, უკეთეს შემთხვევაში, ეს ჩვენთვის სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ, რა თქმა უნდა, თუ გადავიტანეთ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ზემოქმედების გარეშე“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს ეჭვი შეაქვს გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობაში და Word-ის ფაილებში ჩაყრილ აბსურდულ ტექსტებს უწოდებს. "არის თუ არა არავინ არ იცის, რატომ ლაპარაკობთ სუსის ჩანაწერებზე, როდესაც ამ რაღაცეებს არ აქვს წარმომავლობა და არ არის დამტკიცებული. რაღაცეებს მეუბნებით, რომ ვიჭორაოთ. მე იმას არ აღვიქვამ როგორც ფაქტობრივ მასალას... რაღაცა Word-ის ფაილებში ჩაყრილი და გამოაცხადეს ვიღაცეებმა, რომ ეს არის სუსის ჩანაწერები.ეკლესიაც ითხოვს ამ საკითხის გამოძიებას. მე რაღაცა არარსებული ორგანიზაციის არარსებულ თანამშრომელთან მაქვს რაღაცა დაბრალებული და რა უნდა ვილაპარაკო," - განაცხადა მეუფე სტეფანემ. ქადაგების დასრულების შემდეგ, მედიაში გავრცელებული ფარულ ჩანაწერების საკითხზე კომენტარი გააკეთა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა იოვანემ (მჭედლიშვილი). მისი თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადასტუროს. თუ ეს დადასტურდა, არის საშინელება და მიუღებელი. "სუსი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. გამოდის, რომ ეკლესია, რომელმაც ქვეყანა 2000 წელი ატარა, ყველაზე დიდი საფრთხეა? არ ვიცი, ეს ერთმანეთში ვერ ჯდება. ამაში მზაკვრობა - სიმართლესთან ერთად, არის ტყუილებიც და ტყუილების სიმართლესთან შეზავება სწორ პასუხს ვერ მოგვცემს. თუ ეს ყველაფერი აუთენტიკური და ნამდვილია და მე დავარღვიე კანონი, პასუხი უნდა ვაგო. მე ჩემს თავზე ვამბობ. სხვაზე რა ვთქვა?“, - ამბობს სასულიერო პირი. მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც, სასულიერო პირებიც ფიგურირებენ. გავრცელებული მასალის აუთენტიკურობა ჯერ დადასტურებული არაა. მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც, სასულიერო პირებიც ფიგურირებენ. გავრცელებული მასალის აუთენტიკურობა ჯერ დადასტურებული არაა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღზე გამავალი დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია

ყარაბაღის რეგიონზე გამავალი ზანგეზურის დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საპასუხოდ განაცხადა. ერდოღანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეატყობინა მას ფაშინიანის სურვილი ამ შეხვედრის გამართვაზე. „ამისთვის სომხეთმა პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას. თუ ეს შეხვედრა გაიმართება, მაშინ თურქეთს შეუძლია დიპლომატიური კავშირების დამყარება“, – დაამატა ერდოღანმა. „მე მაფიქრებს ის, რომ ერთის მხრივ ფაშინიანი ეწინააღმდეგება ზანგეზურის დერეფნის გახსნას და მეორეს მხრივ მას ჩემთან შეხვედრა სურს. თუ მას სურს შეხვდეს ერდოღანს, მანამდე გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. შეხვედრის საკითხი ჩვენთვის დახურული არ არის“, – აღნიშნა თურქმა ლიდერმა. თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში პრობლემები აღმოიფხვრება.

„თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაზა ხატიაშვილი გახდა

„თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი იქნება. კოალიცია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ თბილისის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს წარადგინა. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებშირაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, პარტიამ კანდიდატი ექვს რაიონში წარადგინა: ჩუღურეთი – გიორგი ელყანიშვილი; სამგორი – ლალი ფერაძე; ვაკე – შოთა რატიანი; მთაწმინდა – ლევან პაპაშვილი; საბურთალო – ფრიდონ სიხუაშვილი და ნაძალადევი – კახა კუკავა. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის ერთადერთი არხი, რომელმაც ბოიკოტი არ გამოუცხადა „თავისუფალ საქართველოს“ და აშუქებს ყველა საარჩევნო კამპანიას. ჩვენი გუნდი არის არასისტემური, განსხვავებული, რის გამოც სამთავრობო არხებმა, „იმედმა“ და „მაესტრომ“, ასევე ოპოზიციურმა არხებმა, „მთავარმა“ და „ტვ პირველმა“ გამოუცხადეს ჩვენს ყველა ღონისძიებას ბოიკოტი. წარვადგინეთ თბილისის მერის პოსტზე ზაზა ხატიაშვილი. ის არის ერთადერთი კანდიდატი, რომლის პოზიციები ემთხვეოდა ქართული საზოგადოების პოზიციებს, იქნებოდა ეს ნამახვანჰესის მშენებლობა, ლგბტ პრაიდი თუ იძულებითი ვაქცინაცია. დანარჩენ კანდიდატებს არავის ვერჩი, მაგრამ მათ რამე პროგრამული განსხვავება არ აქვთ, უბრალოდ ყველას უნდა მერობა. თუ უნდათ რეალური ცვლილებები, მერი, რომელიც ხალხის მხარეს იქნება ნებისმიერი კრიზისის დროს, ზაზა ხატიაშვილი იქნება საუკეთესო“,- განაცხადა პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ.

თელავის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილმა მეწყერმა ქართველ მესაზღვრეებს გზა ჩაუხერგა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა კავკასიონის ქედისკენ მესაზღვრეების სასაზღვრო ზოლამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩახერგა. მეწყერის მიზეზი 17- 18 სექტემბერს უხვი ნალექი მოსვლა გახდა, რის გამოც რამდენიმე ათასი კუბური მეტრი მიწა ჩამოიშალა. „ველოდებით წყლის დონის დაკლებას , რის შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია შესაბამის სამუშაოებს ოპერატიულად დაიწყებს. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია”- განაცხადა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

ირაკლი კობახიძე: საია-ს სარჩელი და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები თანხვედრაშია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელის უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებია. კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ იმ ჯგუფების ამგვარი ქმედებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებენ, ჩრდილს აყენებს არასამთავრობო ორგანიზაციის ინსტიტუტს, რომელიც მათივე კვლევებით, ქართულ საზოგადოებაში ისედაც ყველაზე დაბალი ნდობით სარგებლობს. "არეულობის სცენარის ხელშემწყობი ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას ენჯეოების მიმართ და მათ ნებისმიერ სიტყვას უკარგავს ფასს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი იმ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც 2 კვირაში მუნიციპალური არჩევნები ტარდება. ყველას გვახსოვს, რომ რევოლუციური სცენარის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს ანალოგიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი სახელით შეიტანა. მაშინ ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის აბსურდული სარჩელი არ დააკმაყოფილა და რევოლუციური სცენარიც ჩაიშალა. შემაშფოთებელია, რომ ის, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება. შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს. როდესაც სამი თვის წინ, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ კანონზე არც კანონის მიღების პროცესში და არც მისი მიღებიდან სამი თვის განმავლობაში არაფერს ამბობ და შემდეგ ამ კანონს ყველაზე აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აპროტესტებ, ეს ფაქტი სარჩელის უკან მდგარ უაღრესად მანკიერ პოლიტიკურ მოტივზე ბუნებრივია, თავისთავად მეტყველებს. . მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენება იმ საბაბით, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ზედმიწევნით გათანაბრებული არ არის, სრული ნონსენსია. ამაში დასარწმუნებლად დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის ზედაპირული გაცნობაც კი იქნებოდა საკმარისი. თუმცა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ პრაქტიკით ვერ, ან რაც უფრო სავარაუდოა, არ დაინტერესდა. ამგვარი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ნაციონალურ მოძრაობას 2 ოქტომბრის არჩევნებში რაიმე წარმატების მიღწევის ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვს. ამ ფონზე, ისინი ერთადერთ გამოსავალს ხელოვნური პრობლემების შექმნასა და ვითარების არევაში ხედავენ. თუმცა, მათი ეს მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის ბრალდებას უპასუხა საია-მ. საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არჩევნებამდე შეტანა გადაწყვიტა იმის გამო, რომ სწორედაც არჩევნების შედეგებზე არ ყოფილიყო მიბმული ჩვენი სარჩელი, არ გამხდარიყო სპეკულაციის თემა, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ მოეწონა არჩევნების შედეგი და ამის გამო შევიტანეთ სარჩელი, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ ჰქონდა, სარჩელს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეიტანდნენ, თუ ერთი თვით ადრე. ამასთან, ნიკოლოზ სიმონიშვილი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევნებზე გავლენა არ ექნება.

საია: ხელისუფლების ბრალდებები არასამთავრობო სექტორის გაშავებას ემსახურება

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საია-ს სარჩელთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. როგორც სიმონიშვილი აცხადებს, ბრალდებები არასამთავრობო სექტორის გაშავებას ემსახურება. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ ჰქონდა, სარჩელს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეიტანდნენ, თუ ერთი თვით ადრე. ამასთან, ნიკოლოზ სიმონიშვილი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევნებზე გავლენა არ ექნება. "ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მოხდეს არასამთავრობო სექტორის გაშავება და პოლარიზების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება იმისთვის, რომ ჩვენს დასკვნებს, რომელსაც ძალიან მაღალი სანდოობა აქვს, რაიმე ფორმით ცდილობენ ძალა დაუკარგონ, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა. მცდარია ის ინფორმაცია თითქოს ჩვენ საკანონმდებლო პროცესში ვიყავით ჩართულები, რომლის დროსაც ის ჩანაწერები გაჩნდა, რომელსაც ჩვენ ვაპროტესტებთ. ეს ჩანაწერი პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით მესამე მოსმენაზე გაჩნდა," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საარჩევნო კანონთან დაკავშირებით საიას საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში დაადანაშაულა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. აღნიშნული სარჩელით საია ითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას.

თბილისში 20 წლის ლუკა ხეცურიანს ეძებენ, ოჯახი მედიას დახმარებას სთხოვს

თბილისში 20 წლის ლუკა ხეცურიანს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ, საღამოს საათებში, ბეჟანიშვილის ქუჩიდან გაუჩინარდა. ხეცურიანის ახლობლები საზოგადოებას და მედიას დახმარებას სთხოვენ. ოჯახის განცხადების საფუძველზე, პოლიციამ სამძებრო სამუშაოები უკვე დაიწყო. თუ ფლობთ ინფორმაციას აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, დარეკეთ აღნიშნულ ნომერზე: 571088309; 591 22 75 62.