ძებნის რეზულტატი:

გაბრიელ ესკობარი: აშშ-ს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება სურს

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, გაბრიელ ესკობარის განცხადებით, აშშ-ს სურს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ხელი შეუწყოს. მისი თქმით, ამერიკა თავის ძალისხმევას მიმართავს ინტეგრაციის პროცესის ამჟამინდელ ნელი ტემპის გამოსაცოცხლებლად. "20 წლის შემდეგ დაბრუნება და იმის აღქმა, რომ ამ ფრონტზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა, ცოტა არ იყოს იმედგამაცრუებელია. ჩვენ გვსურს უფრო სწრაფი ინტეგრაცია ვიხილოთ. საიმისოდ, რომ ინტეგრაცია რეალობად იქცეს, გამოწვევები უნდა გადალახონ როგორც ევროკავშირმა, ისე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა - ჩრდილოეთ მაკედონიამ, ალბანეთმა, სერბეთმა, კოსოვომ, მონტენეგრომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ. თუმცა, ესკობარი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის ჩართულობა "ორივე მხარეს დააბრუნებს ამ გზაზე" - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მან. გაბრიელ ესკობარი სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად, სამხრეთ ცენტრალური ევროპის საკითხებში სექტემბრის თვეში დაინიშნა.

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კვლავ სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთი" ლიდერობს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხმების 70%-ია დათვლილი, საიდანაც ვლადიმერ პუტინის პარტიას "ერთიან რუსეთს" 48% აქვს მიღებული. მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტია 20%-ით, რასაც მოსდევს რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია 7%-ით. არჩევნები რუსეთში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, საარჩევნო დარღვევების შესახებ 700-მდე საჩივარი დაიწერა.

საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური ნიუ-იორკს 20-25 სექტემბერს ეწვევა. 21 სექტემბერს, გაერო-ს 76-ე სესიის გენერალური დებატები ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრი გენერალური დებატების მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა „ქვეყნების გამძლეობის გაზრდა, რათა მოხდეს ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის მდგრადი აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი Covid 19-ის ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეულმა გართულებების გამო, მიტროპოლიტის მდგომარეობა დამძიმდა და ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. "გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო.აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზალკალიანი: გაეროში სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ძირითად აქცენტებს რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებზე გააკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლისას, ძირითად აქცენტებს, რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკაზე და იმ გამოწვევებზე გააკეთებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. "ირაკლი ღარიბაშვილი მაქსიმალურად გამოიყენებს ტრიბუნას იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და ის გამოწვევები, რაც არის განპირობებული ოკუპაციისგან, იყოს განსაკუთრებული აქცენტის ქვეშ. ასევე, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომელიც დაგეგმილია ასევე წელს და გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას. გენერალური ასამბლეა არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს გამოჩენილი იმ პოზიციიდან, რაც ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს და ფუნქციას განაპირობებს”, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. საქართველოს მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ნიუ-იორკს 20-25 სექტემბერს ეწვევა.

ბრიტანეთში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

დღეიდან, დიდ ბრიტანეთში Covid 19-ის საწინააღდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების აცრა შესაძლებელი გახდება. The Guardian-ის ცნობით, აცრის პროცედურები ძირითადად სკოლებში განხორციელდება. ამ გადაწყვეტილების გამო, მთავრობიდან სკოლის ადმინისტრაციებს სპეციალური მითითება მისცეს, მშობლების ან სხვა ჯგუფების მხრიდან სკოლის შენობებთან საპროტესტო აქციების დაგეგმვის შემთხვევაში პოლიციას შეატყობინონ. 12-15 წლის ბავშვების აცრა შოტლანდიასა და უელსში მიმდინარე კვირაში დაიწყება, ჩრდილოეთ ირლანდიაში კი - ოქტომბრიდან.

კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 34 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 534 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ბოლო 24 საათში 12 503 ტესტი ჩატარდა - 5 591 PCR ტესტით და 6 912 კვლევა ანტიგენის ტესტით. ამ დროისთვის 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაშია 1 253 პაციენტი, სუნთქვის აპარატზეა 320 პაციენტი. ბოლო 24 საათში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.29%-ზე ჩამოვიდა. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 662 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში CIVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 926-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7.14% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.91%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 534 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 563 530-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 8 575 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 102, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795, საიდანაც 17 314 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 157 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 20 475 ადამიანი.

1253 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტი და სუნთქვის აპარატზე მყოფი 320 ადამიანი

ამ დროისთვის საქართველოს კლინიკებში1253 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 320 ადამიანი იმყოფება. ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას სულ 5 445 ადამიანი გადის. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 34 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 534 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1253 მძიმე პაციენტიდან თბილისში მკურნალობს 485 პაციენტი, აჭარაში - 144, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 20, იმერეთში - 30. ინფექციის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 595 926 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 563 530, გარდაიცვალა 8 575 პაციენტი.

2021 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, იმპორტიორი კი თურქეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. საექსპორტო ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 421.8 მლნ. აშშ დოლარით, 377.1 მლნ. აშშ დოლარით რუსეთი მეორე ადგილზეა, 347.0 მლნ. აშშ დოლარის ბრუნვით კი აზერბაიჯანია მესამე ადგილზე. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.7 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 26.0%-ით გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით, 20.7 %-ით გაზრდილია იმპორტი 6 072.7 მლნ. აშშ დოლარი.იმპორტის კუთხით ათეულის პირველ სამ ადგილს იგივე ქვეყნები იკავებენ, თუმმცა სხვა მონაცემებით. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 075.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 634.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 519.5 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 517.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 293.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 265.5 მლნ. აშშ დოლარით. ხოლო , უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 547.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 492.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 445.9 მლნ. აშშ დოლარით.

უსაფრთხოების პაქტის გარშემო დაძაბულობის გამო, ბაიდენმა მაკრონთან სატელეფონო საუბარი მოითხოვა

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი პარიზთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ. ავსტრალიასთან უსაფრთხოების ახალი პაქტის გამო, აშიშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის ფრანგულ კოლეგასთან მოლაპარაკებებს ითხოვს. ამასთან დაკავშირებით სტატიას France24 აქვეყნებს. ფრანგული მედიის ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა გაანცხადა, რომ საუბარი უახლოეს დღეებში გაიმართება. „ჩვენ გვჭირდება განმარტებები”, - განაცხადა გაბრიელ ატალამ და აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას ნდობის დარღვევასთან დაკავშირებით. თავდაცვის ალიანსის შექმნამ და ავსტრალიის გადაწყვეტილებამ, გააუქმოს შეთანხმება ფრანგული წყალქვეშა ნავების ყიდვაზე ამერიკული ბირთვული ხომალდების სასარგებლოდ, პარიზში გამოიწვია აღშფოთება, მაკრონმა კანბერასა და ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩები გაიწვია, რაც უპრეცედენტო ნაბიჯია. ასევე წაკითხეთ: საფრანგეთი ჯო ბაიდენს ზურგში დანის ჩარტყმაში ადანაშაულებს, ანალიტიკოსები კი, „მეხის გავარდნაზე“ მიუთითებენ აშშ და დიდი ბრიტანეთი ავსტრალიასთან გაფორმებული უსაფრთხოების ახალი პაქტის გამო, საერთაშორისო კრიტიკის წინაშე არიან. ამ შინაარსის სტატიას BBC ავრცელებს. ბრიტანული მედია წერს, რომ გარიგება ჩინეთთან დაპირისპირების მცდელობად განიხილება. ნაბიჯმა აღაშფოთა საფრანგეთი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. ამავე თემაზე: საერთაშორისო გამოხმაურება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტის გარშემო

საქსტატი: გასულ წელთან შედარებით, 20.7 %-ით გაზრდილია იმპორტი, ექსპორტი კი 26.0%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასულ წელთან შედარებით,ქვეყანაში 20.7 %-ით გაზრდილია იმპორტი, ექსპორტი კი 26.0%-ით. საექსპორტო ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 421.8 მლნ. აშშ დოლარით, 377.1 მლნ. აშშ დოლარით რუსეთი მეორე ადგილზეა, 347.0 მლნ. აშშ დოლარის ბრუნვით კი აზერბაიჯანია მესამე ადგილზე. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.7 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 26.0%-ით გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით, 20.7 %-ით გაზრდილია იმპორტი 6 072.7 მლნ. აშშ დოლარი.იმპორტის კუთხით ათეულის პირველ სამ ადგილს იგივე ქვეყნები იკავებენ, თუმმცა სხვა მონაცემებით. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 075.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 634.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 519.5 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 517.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 293.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 265.5 მლნ. აშშ დოლარით. ხოლო , უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 547.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 492.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 445.9 მლნ. აშშ დოლარით.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი: საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების შესახებ გარიგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ არის

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების 40 მილიარდიანი გარიგების გაუქმებას არ ნანობს. ამის შესახებ SBS News-ი იუწყება. „გასაგებია, რომ მეორე მხარე, რომელიც ამ კონტრაქტში იყო ჩართული, დაზარალებული და იმედგაცრუებულია. მე მესმის ეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხალხი მიხვდება, რომ ავსტრალიის ეროვნული ინტერესები პირველ ადგილზეა“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ავსტრალიამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სუვერენულმა სახელმწიფომ, ყოველთვის უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეროვნული თავდაცვის ინტერესებშია: „და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ ვითარებაში“, - აღნიშნა მორისონმა. თავდაცვის ალიანსის შექმნაზე ავსტრალიის ნაბიჯმა და საფრანგეთთან გარიგების გაუქმებამ აღაშფოთა პარიზი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. როგორც ცნობილია, 2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა. ამავე თემაზე: უსაფრთხოების პაქტის გარშემო დაძაბულობის გამო, ბაიდენმა მაკრონთან სატელეფონო საუბარი მოითხოვა

რუსეთში, უნივერსიტეტზე შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის ქალაქ პერმის უნივერსიტეტზე შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი ამის შესახებ BBC იტყობინება. უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია. რუსეთის ოფიციალური საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ თავდამსხმელი უნივერსიტეტის სტუდენტია. ინციდენტი მოხდა ქალაქში, რომელიც დედაქალაქიდან 1300 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

უინსტონ ჩერჩილის ერთადერთი ქართველი მრჩეველი - ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ქართველი პოლკოვნიკის საიდუმლოებით მოცული ისტორია

როდესაც შემთხვევით კითხულობ ამბავს - უინსტონ ჩერჩილის ქართველი მრჩეველი და დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი მერაბ კვიტაშვილი, ასეთი ისტორიის მიმართ გულგრილი ვერ დარჩები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი როლი თეირანის ისტორიულ კონფერენციაზე და მისი დაპირისპირება ლავრენტი ბერიასთან. ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსების გარდა, მერაბ კვიტაშვილი იყო სამთო ინჟინერი და 1963 წელს რადიო "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის დირექტორი. ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადასახლდა, სადაც ნიკო რაჭველის ფსევდონიმით ცხოვრობდა. ის ასევე იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის "ბედი ქართლისა" კორესპონდენტი. Europetime-ს მერაბ კვიტაშვილის საიდუმლოებით მოცულ და მრავალფეროვან ცხოვრებაზე ისტორიკოსი, ქართული ემიგრაციის ისტორიის მკვლევარი, პროფესორი რუსუდან დაუშვილი ესაუბრა, რომელიც მრავალი წელი მუშაობდა უინსტონ ჩერჩილის ქართველი მრჩევლის ბიოგრაფიის და საქმიანობის კვლევაზე. მერაბ კვიტაშვილის გზა ჩერჩილის პირად გარემოცვამდე მერაბ კვიტაშვილი 1902 წელს დაიბადა. მამამისი, სიმონ კვიტაშვილი იმ დროის ცნობილი ბიზნესმენის, აკაკი ხოშტარიას ნავთობკომპანიის ერთ-ერთი დირექტორი იყო ბაქოში. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ქართველი პოლკოვნიკი სწორედ ბაქოში გაიზარდა. 1918 წელს, თბილისში, ახალ დაფუძნებულ უნივერისტეტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სიმონ კვიტაშვილმა ნავთობ მრეწველობის ბრიტანულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა და მალევე ოჯახთან ერთად ლონდონში, საცხოვრებლად გადავიდა. როგორც ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი გვიამბობს, ინგლისში მათ გვარი შეიცვალეს, კეის გვარით იწერებოდნენ. ინგლისის დელეგაციამ სწორედ ქეის გვარით წარადგინა 1943 წელს, თეირანის ისტორიულ კონფერენციაზე, სადაც ლავრენტი ბერიამ მაშინვე ეჭვი შეიტანა მასში, მიუხედავად დახვეწილი ლონდონური საუბრის მანერისა და ინგლისური ჩაცმულობისა. „როდესაც ინგლისში გადასახლდნენ, მერაბ კვიტაშვილი ოქსფორდის ირუელის კოლეჯში ჩაირიცხა. სწავლის ფულს ინგლისური ფირმა იხდიდა, რომელშიც მამამისი მუშაობდა. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ფირმამ დაფინანსება შეუწყვიტა, ამიტომ მერაბი ბირმინჰემის უნივერსიტეტში გადავიდა და სამთო ტექნოლოგიების ფაკულტეტი დაამთავრა. როგორც სამთო ინჟინერი, ბრიტანეთის იმპერიის დაქვემდებარებაში მყოფ რამდენიმე ქვეყანაში მუშაობდა, სხვადასხვა კონტინენტზე. როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, აფრიკაში, განაში ოქროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. დირექტორის თანამდებობა დატოვა და ბრიტანეთის არმიაში მოხალისედ ჩაირიცხა. 1942 წელს, როდესაც გერმანელები კავკასიას მიუახლოვდნენ, ჩერჩილმა ჩათვალა, რომ საჭირო იყო კავკასიაში ანტიგერმანული განწყობების შექმნა. ამ მიზნით მან თავის ხალხს 76 გვერდიანი კითხვარის შედგენა დაავალა. ეს კითხვარი შესავსებად, საბჭოთა კავშირის მცოდნე პირებს დაურიგდათ. შევსებული ანკეტები გადაარჩიეს და მათი ყურადღება მერაბ კვიტაშვილის ანკეტამ მიიქცია. ქართველი ოფიცრის პასუხებში, ძალიან დაწვრილებით და ძალიან კარგად იყო გაანალიზებული სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი“, - აღნიშნავს მკვლევარი რუსუდან დაუშვილი. მერაბ კვიტაშვილი თავის მემუარებში წერდა: "დიდი ბრიტანეთის სარდლობა საგონებელში ჩავარდა. გასარკვევი გახდა ის პრობლემა, თუ რა მოხდებოდა კავკასიაში გერმანელების ჯარების შემოსვლის შემთხვევაში. დაიწყებოდა პარტიზანული ბრძოლები გერმანიის წინააღმდეგ, როგორც ეს დაიწყო ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთში, თუ კავკასიელები გულთბილად შეხვდებოდნენ გერმანელებს?! ამ საკითხზე ინფორმაციის მოკრების მიზნით დიდი ბრიტანეთის სარდლობამ ინგლისის არმიაში მომსახურე კავკასიური წარმოშობის სამხედრო თანამშრომლებს დაგვირიგა 16 პუნქტისგან შემდგარი ანკეტა. მე დავწერე ვრცელი პასუხი. ჩემი პასუხის მთავარი მიზანი იყო, დამერწმუნებინა დიდი ბრიტანეთის სარდლობა, რომ ჯერ ერთი, კავკასია არ იყო მთლიანი მონოლითი და მეორეც ის, რომ სახელმწიფოებრიობის მატარებელი კავკასიის ერები, კერძოდ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები იმ სახელმწიფოს დაუჭერდნენ მხარს, რომელიც დაასწრებდა ამ ხალხებისათვის რუსების მიერ წართმეული პოლიტიკური თავისუფლების შეთავაზებას. აღვნიშნე, რომ გერმანიის არმიასთან კავკასიელთა და, კერძოდ ქართველების თანამშრომლობა გამოწვეულია არა ფაშიზმისადმი, როგორც იდეოლოგიისადმი მათი სიმპათიით (თუ სიმპათია–ანტიპათიაზე მიდგა საქმე, ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული ტრადიციები გამორიცხავდა ფაშიზმისადმი თანაგრძნობას), არამედ სამშობლოს განთავისუფლების მიზნით" -წერს ჩერჩილის ქართველი მრჩეველი. რუსუდან დაუშვილის თქმით, როგორც აღმოჩნდა, ქართველი ოფიცრის ამ მოსაზრებამ და მისმა პიროვნებამ ბრიტანეთის არმიის სარდლობა, შემდეგ კი პოლიტიკური ელიტაც დააინტერესა. ამას ხელს უწყობდა მერაბ კვიტაშვილის განათლება და გამოცდილება. რამდენიმე ენის სრულყოფილად ცოდნა, სამთო საინჟინრო განათლება, სამხედრო კარიერა. ამიტომ ის დიპლომატიურ სამსახურში მიიწვიეს. 1943 წელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მრჩეველი გახდა საბჭოთა კავშირის საკითხებში და თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩარიცხეს. იმ დროისთვის მას კაპიტნის წოდება ჰქონდა. ვინ გადაარჩინა დიდი ბრიტანეთი დაზვერვის ქართველი პოლკოვნიკი ლავრენტი ბერიას შეკვეთილი თავდასხმებისგან სწორედ მერაბ კვიტაშვილის მემუარებიდან ვიგებთ, რომ თეირანში, ჩერჩილის, რუზველტის და სტალინის შეხვედრაზე, პოლკოვნიკი ნიკოლას კეის სახელით წარადგინეს. პროფესორი რუსუდან დაუშვილი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ქართველი პოლკოვნიკის მემუარებზე დაყრდნობით, ისტორიული კონფერენციის, აქამდე უცნობ დეტალებს გვიამბობს. „მოგეხსენებათ 1943 წლის ნოემბერში, თეირანში სამი დიდი სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბა. ამერიკის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი იოსებ სტალინი. აქ პირველად შედგა საუბარი მათ მოკავშირეობაზე და მერაბი იქ იმყოფებოდა, როგორც ჩერჩილის ადიუტანტი და მხლებელი. იმ შენობაში სადაც დაბინავდა ინგლისის დელეგაცია, პრაქტიკულად ის ხელმძღვანელობდა დაცვას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის თეირანში წაიყვანეს იყო, ის რომ მისი ერთ-ერთი და, თამარი სპარსელ არისტოკრატზე იყო გათხოვილი და კვიტაშვილმა ინგლისურის, ქართულის და რუსულის გარდა, სპარსული ენაც კარგად იცოდა. საბჭოთა კავშირის დელეგაციის დაცვა ძირითადად, ქართველებით იყო დაკომპლექტებული, რადგან ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა სტალინის დაცვას. ბერია ბაქოში დაიბადა, გაიზარდა, ამიტომ კარგად იცნობდა ბაქოელ ქართველებს. მიუხედავად დახვეწილი ლონდონური გამოთქმისა და ინგლისური ტანსაცმლისა, კვიტაშვილს მაშინვე შეამჩნია რაღაც ნაცნობი. მის ეჭვიან თვალებს არ გამოეპარა არაფერი და ქართველ კაპიტანზე ეჭვი მიიტანა. ერთ დღეს, მერაბ კვიტაშვილს მიადგა და პირდაპირ ჰკითხა ვინაობა. მერაბმა წინასწარ დამუშავებული ლეგენდა უამბო, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი ქართველი. ბერია ჩაეძია, სადაური მიქელაძეო. მერაბს აქ შეცდომა მოუვიდა და უთხრა რომ რაჭიდან. ბერია უფრო მეტად დაეჭვდა, რაჭაში მიქელაძეები არ არიანო. მეორე დღეს ისევ მიადგა და დეტალურად მოუყვა ვინ იყო და საიდან. მამის სახელი გვარი, ის რომ მისი ნათესავი მარიამ ორახელაშვილი-მიქელაძე, მაშინდელი განათლების მინისტრის, მამია ორახელაშვილის მეუღლე იყო. ამ ამბის შემდგომ, ბერიას ხალხმა მერაბ კვიტაშვილზე ორჯერ მოაწყო თავდასხმა, ორივეჯერ ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მისი თანხლები პირებიდან ერთი დაიღუპა ერთი კი მძიმედ დაიჭრა. საქმეში ჩერჩილი ჩაერთო და სტალინს კატეგორიულად მოსთხოვა ბერიას თავი დაენებებინა მისი დელეგაციის წევრისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიტანეთის დელეგაცია თეირანს დატოვებდა. რა თქმა უნდა, სტალინმა ბერიას მითითება მისცა თავი დაენებებინა კვიტაშვილისთვის“, - მოუთხრობს Europetime-ს რუსუდან დაუშვილი. მერაბ კვიტაშვილის პარიზული ქორწინება, ამერიკული ცხოვრება და საქმიანობა რუსუდან დაუშვილის ცნობით, ომის შემდეგ მერაბ კვიტაშვილი ლონდონში დაბრუნდა. 1951 წელს პარიზში დაბადებულ რუს ემიგრანტ ირინა კედროვაზე იქორწინა, 1952 წელს კი, მეუღლესთან ერთად ამერიკაში, ნიუ–იორკში გადასახლდა. „ერეკლე ორბელიანმა ის ვაშინგტონში "ამერიკის ხმის" რედაქციაში მიიწვია. იმავე წელს ნიკო რაჭველის ფსევდონიმით, ქართული რედაქციის დირექტორად დანიშნეს. მეტისმეტად დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო, რამდენჯერმე მოუვიდა გულის შეტევა, ამიტომ 1972 წელს პენსიაში გავიდა. ქორწინებაში მას ორი შვილი შეეძინა ელისო და მერი. ელისომ კაროლინის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ ეკონომიკის დოქტორი გახდა, მერიმ ვირჯინიაში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ისინი აშშ ცხოვრობენ. მერაბ კვიტაშვილი 1991 წლის იანვარში გარდაიცვალა “, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარში ისტორიკოსი.

ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს

ვაქცინაციის მაჩვენებელმა იკლო, რასაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საგანგაშოდ მიიჩნევს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის სტიმულირება, რომ გააქტიურდეს ქალაქების მოცვა. 20 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 655 040 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 947 477 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.2% სრულად ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.8% 19 სექტემბერს, აიცრა 7 720 ადამიანი.

ხატია დეკანოიძემ ფარული მიყურადების ფაილებზე პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ სავარაუდოდ, "სუს-იდან გამოჟონილ ფაილებზე" პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი სავარაუდო ფარული მოსმენებისა და მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. დეკანოიძის თქმით, მის შესახებ გამოქვეყნებული ჩანაწერები, მათ შორის, ელჩებთან საუბრების ეპიზოდი, რეალურია, ამიტომ უნდა მოხდეს გამოძიება. "მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისზეც გავიდა ინფორმაცია, რომ უსმენენ, ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს საჩივარი. ჩემი ეპიზოდი იყო ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებთან - მე დღეს შემაქვს საჩივარი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე", - თქვა დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. ანონიმურად გაგზავნილი ფაილებში ინახება ასევე საქაღალდები: კლინიკები, რესტორნები სასტუმროები, კაფე-ბარები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ამ სფეროს წარმომოადგენელთა მიყურადება თვალთვალიც ხდებოდა.

თამარ გაბუნია: ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით

ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის - სოციალური თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოაგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც შეკითხვა დაუსვეს ვაქცინაციის კამპანიასთან დაკავშირებული ბანერის პოლიტიკური ნაწილით ჩანაცვლებაზე. მისი თქმით, ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს. „ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პოზიციას ემხრობიან. ის რომ, ბოლო პერიოდში დიდი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე, გასაგებია ეს ყველაფერი და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, რომ მეტი აქცენტი გაკეთდეს თავად ვაქცინაციის თემებზე. სხვანაირად ვერ დავუბრუნდებით და ავიღებთ იმ ტემპს, რომელიც გვინდა, რომ ვაქცინაციის პროცესში მივიღოთ. როგორ შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს. რა მოხდა, რატომ მოხდა, რამდენად დაირღვა ხელშეკრულების პირობები, ამაზე ორი მხარე იმსჯელებს, შეთანხმდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეს საკითხი უკვე წამოწეული და დაწყებული აქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ გაბუნიამ. ამავე თემაზე: ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს NCDC ვაქცინაციის ბანერების პოლიტიკური ბანერებით შესაძლო ჩანაცვლების ფაქტს გმობს

თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია

„თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „ზოგიერთ რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებელი კარგია; თბილისი ლიდერობს, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე მოცულია. იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე და განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში დაბალი მოცვა და ამ მხრივ ჯანდაცვის სამინისტრო და NCDC გაააქტიურებენ მუშაობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, ვაქცინაციის ტემპი გუშინ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა დრო და წასულიყო ვაქცინაციისთვის, თუმცა ასე არ მოხდა და 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს იმას, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოება თუ ოჯახის ექიმების მეტად აქტიურად ჩართულობით თუ რაიმე სხვა გზით. ამავე თემაზე: ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს

10 000 ლარი ბოლნისში მცხოვრებმა, Sinopharm-ით აცრილმა ადამიანმა მოიგო

ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა. Stopcovid ლატარია "აიცერი და მოიგეს" პირველი 10 000 ლარის მოგებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოგებული, Sinopharm-ის ვაქცინით არის აცრილი. ყოველკვირეულ გათამაშებაში მოქალაქეებმა 5000, 1500 და 1000 ლარი მოიგეს. მოგებულებს "საქართველოს ეროვნული ლატარიის" წარმომადგენლები უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და მოგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ისინი ასევე NCDC - ის ბაზაში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. გათამაშების შედეგების გადამოწმება ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრის სპეციალურ შედეგების გრაფაში შეყვანით. ლატარია "აიცერი და მოიგეს" გათამაშება 14 სექტემბრიდან იმართება და ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია 180 400 ლარი, ხოლო მოგებულია 1137 ადამიანი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ლატარია ჯერ ახალი დაწყებულია და რთული შესაფასებელია, რამდენად წაახალისა ვაქცინაციის პროცესი. ასე უპასუხა მან ვაქცინაციის ლატარიის ეფექტიანობაზე ჟურნალისტის შესაბამის კითხვას. „ჯერ სულ რამდენიმე დღეა, რაც ლატარია მოქმედებს. სხვა ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლატარიას ჰქონდა წამახალისებელი ეფექტი. ბუნებრივია, ლატარია არ არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოქალაქე აცრაზე მიდის, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული, რამაც შეიძლება წაახალისოს ვაქცინაციაში ჩართვისთვის მოქალაქის გადაწყვეტილება.შედეგების შეფასებისთვის ერთი თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ ვნახოთ, რა შედეგი გვაქვს. ლატარია 13 სექტემბვერს დაიწყო და ძალიან ცოტა დროა გასული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა ვაქცინაციაში ჩართული მოქალაქეები ლატარიაში ავტომატურად იღებენ მონაწილეობას. ლატარია ყოველდღიურია და დეკემბრის ბოლოს შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება, სადაც საპრიზო ფონდი 100 ათასი ლარია.

თამარ გაბუნია: ძალიან რეალურია, რომ დეკემბრამდე 60% აიცრას

60% იყო ჩვენი სამიზნე, ბუნებრივია, რაც უფრო მეტი იქნება იმუნური ფენა, მით მეტი იქნება დაცვის ხარისხი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. რამდენად რეალურია, რომ ქვეყანამ მიაღწიოს 60%-იან სამიზნეს, თამარ გაბუნიას თქმით, „დღევანდელი მაჩვენებლით ჩვენ ვართ დაახლოებით ნახევარზე, რადგან 3 მლნ 400 000 აცრა უნდა ჩატარდეს მთლიანად და აქამდე არსებული ტემპი რომ შევინარჩუნოთ, ძალიან რეალურია ის, რომ დეკემბრამდეც მივაღწიოთ ამ მაჩვენებელს. „თუმცა დღეს ვაქცინაციის ტემპის შემცირება საყურადღებოა, ამდენად, მომდევნო დღეებში მოხდება ყველა ზომის აქტივაცია, რათა დავეხმაროთ მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღებაში, ერთი რომ აცრა ჩაიტაროს და მეორე, მნიშვნელოვანია ვაქცინებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. დღეს, მობილური ჯგუფები განაგრძობენ მოძრაობას და ვაქცინაციით მოცვა საკმაოდ აქტიურია და ჩვენ შეგვიძლია, დამატებით, ინდივიდუალური მოთხოვნები განვიხილოთ“, - განცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლომდე 40-45%-ს უნდა მივუახლოვდეთ. ცნობისთვის, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უმჯობესია, მოსახლოების 80% აიცრას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება. ამავე თემაზე: საქართველოს წლის ბოლომდე აქამდე დაანონსებულზე, მოსახლეობის 60%-ზე მეტის აცრა სურს