ძებნის რეზულტატი:
რუსეთში ავიაკატასტროფას 19 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, ორძრავიანი, მოკლე მანძილზე საფრენი სატრანსპორტო თვითმფრინავი Let L-410 Turbolet-ი ჩამოვარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრები პარაშუტისტები იყვნენ. შემთხვევა ვოლგისპირეთის ერთეულში, თათრეთში მოხდა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.
ამირან გამყრელიძე: თუ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა დაფიქსირდება, რეგულაციების გამკაცრების საკითხი დადგება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ აცრის მაჩვენებლი არ მოიმატეს, ინფიცირების შემთხვევები სწრაფი ტემპით გაიზრდება და რეგულაციების გამკაცრების საკითხი დადგება. მისი თქმით, სანამ აცრის მაჩვენებელი 60-70%-ს არ მიაღწევს. ეპიდემიას წერტილი არ დაესმევა. „შესაძლოა შემთხვევების რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატოს. ამას მოჰყვება აქტიური შემთხვევების ზრდა, ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა და ყველა ის თანმდევი მოვლენა, რაც ახასიათებს კოვიდვითარების გაუარესებას. აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსიფიცირება. თუ იქნება ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, მერე დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას. თუ ასე გაგრძელდა და ვერ ავწიეთ იმუნიზაციის ყოველდღიური მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, 60%-ზე ვერ გავალთ. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ აცრა აუცილებელია პირველ რიგში იმ ადამიანისთვის, ვინც იცრება, მერე მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის და მის ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანისთვის. ამიტომ ყველა დამსაქმებელს მინდა ვთხოვო, მოიკითხონ როგორია მის დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი. სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, ვერ დაესმება წერტილი ეპიდემიას და ორი-სამი თვის პერიოდულობით სულ გვექნება სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები, რაც როგორც ადამიანურ, ისე ეკონომიკურ დანაკარგს მოიტანს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცესკო საუბნო-საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, საუბნო-საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა. "ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა. აღნიშნული 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლის დეტალურ სტატისტიკას საარჩევნო ადმინისტრაცია საზოგადოებას გააცნობს უახლოეს მომავალში, რაც ასევე ცესკოს ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. 3 საარჩევნო ოლქში: დმანისში, წყალტუბოში და მარტვილში კვორუმი არ შედგა და შესაბამისად აღნიშნული ოლქების 12 უბანზე გადათვლის პროცედურა არ განხორციელდა. 68 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები გადაითვალა, სადაც: წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებზე განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ამასთანავე, არჩევნების შემდგომ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს არჩევნებთან დაკავშირებით; ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით; 9 ოქტომბრის მდგომარეობით შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი აჭარბებდა, 5-ით აღემატებოდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას. შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბრამდე გადათვლილია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოვლენილი 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები (1080 შემაჯამებელი ოქმის მონაცემი). გადათვლების შედეგად, უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საკუთარი ინიციატივით, ასევე, საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. საერთო ჯამში 9 ოქტომბრამდე გადაითვალა 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც ცალკეულ კანდიდატებს თუ სუბიექტებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა. 9 ოქტომბრამდე გადათვლილი ბიულეტენების თაობაზე დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე. ამ დროისთვის ჯამში გადათვლილია 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგი,"- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
აშშ-სა და "თალიბანს" შორის პირველი შეხვედრა შედგა
აშშ-სა და "თალიბანს" შორის პირველი შეხვედრა შედგა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, ოფიციალური პირები შეხვედრას "თალიბანზე" ზეწოლისთვის გამოიყენებენ, რათა ავღანეთში ინკლუზიური მთავრობა შეიქმნას, დაიცვან ქალთა უფლებები და დაუშვან ჰუმანიტარული სააგენტოები. აშშ-ს განცხადებით, შეხვედრა "თალიბანის" აღიარებას არ ნიშნავს. მოლაპარაკებები ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ავღანეთში არსებული ექსტრემისტული დაჯგუფებები და აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაცია. "თალიბანსა" და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დოჰაში გაიმართა. ეს ავღანეთიდან აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის შემდეგ პირველი მოლაპარაკებაა.
გვანცას ბაბლი
„გოგოშკები“ „მამაკაცი თავია და ქალი კისერი, რომელიც მას ატრიალებსო“ - ხშირად ამბობენ ასე მასკულინურ საზოგადოებებში. თავ-კისერ-ფეხისა არაფერი ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის არარსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ქალს არ აქვს როლი ან ფუნქცია საზოგადოებაში. გააჩნია როლს და გააჩნია ფუნქციას... დღევანდელ გოგო-ბიჭებზე გამიჭირდება რაიმეს თქმა, მაგრამ ჩემი თაობის „გოგო-ბიჭებზე“ კი ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი და გასახსენებელი. ჩემს ყმაწვილქალობაში, ბევრი ლამაზი გოგო ოცნებობდა „ავტორიტეტის ცოლობაზე“ - კონკიას კომპლექსის ქართული ვარიანტი... ზოგს აუხდა ნატვრა, ზოგს ვერა... ვინც სურვილები ვერ აიხდინა, შურით და ინტერესით ადევნებდა „წარმატებულების“ ცხოვრებას თვალს - სამზარეულოებში შეყუჟული გოგოების რიტუალური ჭორაობები... ვისაც ეს დრო არ გახსოვთ, ალბათ იკითხავთ, რატომ უნდა უნდოდეს ქალს, საკუთარი ცხოვრება დაუკავშიროს კრიმინალურ ავტორიტეტს, რომლისგანაც ვერავინ დაიცავს - ვერც ოჯახი, ვერც სახელმწიფო... ბრმა რომანტიზმი? ფული და ფუფუნება? - რასაკვირველია, ცოტ-ცოტა ყველაფერი. მაგრამ იყო კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ასპექტი - „ავტორიტეტის“ ცოლს პატივს სცემდნენ მეზობლები, მეგობრები, ნათესავები... „ცოლები“ უსაფრთხოდ გადაადგილდებოდნენ ქუჩებში, სადაც არ იყო სიარული უსაფრთხო... „ცოლებს“ ვერავინ ეტყოდა „წადი ქალო, პატრონი არ გყავსო?“... „ცოლებს“ პატივს სცემდნენ ყველა იმ სახლსა თუ დაწესებულებაში, სადაც უცხო იყო ადამიანის მიმართ პატივისცემა... აღიარება და პატივისცემა ძალადობითა და აგრესიით სავსე საზოგადოებაში, ერთი ადამიანის მორჩილებისა ფასად... აღიარება და პატივისცემა კრიმინალზე თვალის დახუჭვის ფასად... რას იტყვით, მგონი სარფიანი გარიგებაა ეშმაკთან... ესეთ გოგოებს „ეტენებოდნენ“ სხვა გოგოები - ცოტაოდენი „სიკეეთეები“ მათაც შეხვდებოდათ... ესეთ „ცოლებთან“ მეგობრობდნენ ექიმების, მეცნიერების, პარტიული ბოსების ცოლები - ცოტაოდენი უსაფრთხოება მათაც შეხვდებოდათ... და აი ასე, ნელ-ნელა, იქმნებოდა რაღაც კასტა, „ჩიკას დაქალების“ კასტა - „მაღალი“ გემოვნებით, დიდი ამბიციით და ქალური სოლიდარობით თავისი მსგავსი „გოგოშკების“ მიმართ... ალბათ მკითხავთ, რამ გამახსენა ეს ყველაფერი ახალი ამბებით დახუნძლულ მძიმე კვირაში - მათმა სახეებმა გამახსენა, სახეებმა, რომლებმაც დაიჯერეს ყველა ის როლი, რაც თავად შექმნეს საკუთარი თავისთვის წინა ათწლეულებში... სახეებმა, რომლებმაც სიმწიფის ასაკში მათი კასტურობა ექსპერტობის, მენტორობის და ქვეყნის ბედ-იღბალზე მთავარი მოფიქრალის ამბიციად აქციეს... სახეებმა, რომლებმაც ერთის მორჩილებით სხვებზე ზეგავლენის უფლება მოიპოვეს... სახეებმა, რომელიც ეძიებენ ახალ ავტორიტეტებს და ახალ თბილ ადგილებს მათ გარშემო - თავ-კისერ-ფეხის ახალი ამბავი... *** მასლოუს მოთხოვნილებების პირამიდაზე ალბათ ყველას გსმენიათ - ადამიანური მოთხოვნილებების ხუთი საფეხური: ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, უსაფრთხოების მოთხოვნილება, სოციალური მოთხოვნილება, პატივისცემის მოთხოვნილება, თვითგამოხატვის მოთხოვნილება... პირველი ორის გარეშე, ადამიანი ადამიანიც ვერ იქნება... ჩემი აზრით, მესამე საფეხურიც არ არის ადამიანის ადამიანად ყოფნის განმსაზღვრელი - სოციალიზაცია სხვა ძუძუმწოვრებსაც სჭირდებათ ...მეოთხე-მეხუთე საფეხურზე ადამიანი იქცევა პიროვნებად... ერთხელაც, როდესაც მასლოუს მოთხოვნილებების პირამიდის ილუსტრირება დამჭირდა გარკვეულ საკითხზე მსჯელობისთვის, დამსწრე საზოგადოებიდან ყურადღებით მომაპყრო მზერა ერთმა ძალიან საყვარელმა ბიჭმა, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა ცოდნით და აქტიურობით, მაგრამ კეთილი თვალებით და მორიდებული ხასიათით კეთილგანწყობას უდაოდ იწვევდა... საოცრად გამიხარდა მისი დაინტერესება და ჩავეკითხე, რას ფიქრობდა. შეკითხვა მაქვსო, მეოთხე და მეხუთე საფეხური ქალებსაც ეხებათო? ქალის მთავარი ფუნქცია ხომ შვილების ყოლააო... მორიდებულმა და ძალიან საყვარელმა ბიჭმა ადამიანის გაადამიანებამდე საფეხურზე მიგვიჩინა ყველა ქალბატონს ადგილი თავისი საფირმო კეთილი ღიმილით... *** „მამაკაცი თავია და ქალი კისერი, რომელიც მას ატრიალებსო“ - ხშირად ამბობენ ასე მასკულინურ საზოგადოებებში... და ქალიც მთელ თავის რესურსსა და ენერგიას დახარჯავს კისრად გადაქცევაში - კისერი ქმრისთვის, კისერი შვილისთვის, კისერი ბოსისთვის, კისერი კრიმინალური თუ პოლიტიკური ავტორიტეტისთვის... კისრებს სჯერათ, რომ ადამიანური მოთხოვნილებების ბოლო საფეხურებს საზოგადოება თუ არა, ავტორიტეტები მაინც გაიმეტებენ მათთვის... რამდენი კარგი მსჯელობა მომისმენია ჩვენი საზოგადოების სისუსტეებზე... დანაშაულზე, ნეპოტიზმზე, უმოქმედობაზე - ანუ წართმეულ მომავალზე... რამდენჯერ დასმულა კითხვა „გვეშველება რამე?“ ჰოდა ამ საშველის ძიებაში თავ-კისერ-ფეხის ამბავიც არ გამომიტოვოთ, თქვენი ჭირიმე... ამბავი დიდი ბოსების მაქმანებში ჩამალული კისრების შესახებ...
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს უსამძიმრებს
ბათუმში მომხდარი ნგრევისა და მსხვერპლის გამო, სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი მწუხარებას გამოთქვამს. „გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ქალაქ ბათუმში, შენობის ჩამონგრევის გამო, რის შედეგადაც, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - აღნიშნავს სომხეთის პრეზიდენტი. 8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე სამ დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გულისხმობს სამშენებლო წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 3 ბავშვია. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა. 8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჰიმალაის ყველაზე მიუვალ სოფლებში მცხოვრებთ კოვიდვაქცინით ცრიან - შთამბეჭდავი ფოტოები ექიმების მოგზაურობიდან
ჰიმალაის მთებში ინდოეთის სოფელ მალანაში ჩასასვლელად, ექიმთა გუნდმა სამი საათი ფეხით იარა. მათ იქ მცხოვრები 1100 მოსახლე კოვიდვაქცინით უნდა აეცრათ. რთული რელიეფისა და სამსაათიანი ლაშქრობის მიუხედავად ჯანდაცვის მუშაკებისთვის ეს იყო ყველაზე საინტერესო გამოწვევა პანდემიის პერიოდში. მალანა გახდა ინდოეთის პირველი მთაში ჩაკარგული სოფელი, რომლის მოსახლეობაც სრულად იმუნიზირებულია. მას შემდეგ, ჯანდაცვის მუშაკები ყოველდღიურად დადიან ჰიმალაის ყველაზე მიუვალ სოფლებში და მათ უკვე მოახერხეს და 5 მილიონი ზრდასრული ადამიანი აცრეს. თავდაპირველად, იმისათვის, რომ ადამიანები ვაქცინის აუცილებლობაში დაერწმუნებინათ, ადგილობრივი სასულიერო პირები დაიხმარეს. რელიგიური პირის მოწოდების შემდეგ სოფელ მალანაში სამ დღეში შვიდასი ადამიანი აიცრა. ინდოეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ დეკემბრისთვის მინიმუმ ერი დოზით მაინც აცრას მოსახლეობის ორი მესამედი. რათა ქვეყანა ტურისტებისთვის უსაფრთხო იყოს. გთავაზობთ, ფოტორეპორტაჟს, რომელიც მედიცინის მუშაკების მთაში მოგზაურობას აღწერს. მათ საკუთარი ხელით, პატარა, ლურჯი მაცივრებით გადააქვთ მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინა.
ბათუმში მომხდარ ნგრევის ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა. „2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება. პროკურატურამ დაკავებულებს - ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.).პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბრალდების მხარე დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს და აღნიშნული დანაშაულის მიმართ უმკაცრესი რეაგირება ექნება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერგავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო. 8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"აიცერი და მოიგეს" 10 000 ლარიანი გათამაშების მორიგი მფლობელი Sinovac-ით აცრილი ბათუმელი გახდა
Stopcov.lotto.ge-ზე ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის მეოთხე ყოველკვირეული გათამაშების შედეგები გამოქვეყნდა. "აიცერი და მოიგეს" 10 000 ლარიანი გათამაშების მორიგი მფლობელი Sinovac-ით აცრილი ბათუმელი გახდა სამმა ვაქცინირებულმა 5000-5000 ლარი მოიგო, ოთხმა კი 1500-1500 ლარი, ცხრა ადამიანმა - 1000-1000 ლარი. STOPCOVID - ლატარია „აიცერი და მოიგე“ იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით. ლატარია დაიწყო 13 სექტემბერს, ხოლო პირველი გათამაშება 14 სექტემბერს შედგა. 27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება, ხოლო 31 დეკემბერს გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება. გათამაშების დაწყებიდან დღემდე, 4 371 გამარჯვებული გამოვლინდა. მოგებული თანხის ჯამური მაჩვეებელი 660 000 ლარია.
ივანე ჩხაიძე: თუ ინფიცირების მაჩვენებელი მომდევნო კვირაშიც მოიმატებს, მეხუთე ტალღის დასაწყისი იქნება
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების ტენდენცია მომდევნო კვირაშიც გაგრძელდა, მეხუთე ტალღის დასაწყისად ჩაითვლება. "ძალიან საგანგაშოა ეს მატება. ჩვენი პროგნოზით, ეს მატება შესაძლებელია ნოემბერ-დეკემბერში ყოფილიყო მეხუთე ტალღის სახით და ვფიქრობდით, რომ ხელშემწყობი ცივი ამინდები იქნებოდა რესპირაციული ვირუსების გააქტიურების პერიოდი, თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო ამ შემთხვევების მატებამ. შემდეგი კვირა იქნება გადამწყვეტი, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე. ამირან გამყრელიძე: ინფიცირების შემთხვევები იმატებს, თუ არ ავიცერით, ძალიან რთული ნოემბერი გველის ამირან გამყრელიძე: ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება ტვინდემია- გრიპის და კორონას დატყუპება, სამწუხაროდ გვექნება ძალიან რთული ნოემბერი
ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა განვიხილეთ
"ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა განვიხილეთ, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის", - აღნიშნული განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. მთავრობის მეთაური წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა განიხილეს, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის. “სომხეთის რესპუბლიკაში ჩემი ვიზიტის ფარგლებში პროდუქტიული საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება
მე-19 საუკუნის ღია ბარათები - როგორ წარმოედგინათ მომავალი 2000 წელს
1899 წელს, ფრანგი ილუსტრატორების ჯგუფს, რომელსაც ჟან მარკ კოტე ხელმძღვანელობდათ, დაევალა წარმოედგინა როგორი იქნებოდა საფრანგეთი 2000 წელს. ფუტურისტული ფოტოები თავიდან ოთხ ნაწილად - 1899, 1900, 1901 და 1910 წლებში თამბაქოს კოლოფებზე დახატული გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ნახატების მიხედვით ღია ბარათები დამზადდა. როგორც ფოტოებზე ვხედავთ წინასწარმეტყველების ნაწილი ახდა, ბევრი რამ კომიკურად დაემთხვა თანამედროვეობას. ბარათები დაახლოებით 1985 წელს იპოვეს და მისი დაბეჭვდის შემდეგ ფუტურისტულმა სერიამ კიდევ ერთხელ მოიპოვა პოპულარობა. "საჰაერო ბრძოლა" "საჰაერო მეხანძრეები" მტვერსასრუტი აპარატი კვერცხს მომენტალურად გადააქცევდა წიწილად მოსიარულე სახლი ბავშვები სპეციალურ მოწყობილობას დაიმაგრებდნენ თავზე და ინფორმაცია პირდაპირ ტვინში გადაიცემოდათ მომავლის სილამაზის სალონი როლიკებზე მდგარი ხალხი ვიდეო ტელეფონი "დისტანციურად საუბარი" "მომავლის ჯარისკაცები ჯავშნიანი ველოსიპედებით"
ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკის პალატაში, სადაც ოთხი ბავშვი იმყოფებოდა, ჭერი ჩამოიშალა
იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. პაციენტების მშობლებმა პოლიცია გამოიძახეს.მიმდინარეობს გამოძიება. თვითმხილველებმა მომხდარის შესახებ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. "ჩამოვარდა თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია, მომხდარი შენობის დაზიანებაზე არ მიანიშნებს", - წერია განცხადებაში, რომელსაც იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პალატაში თაბაშირ-მუყაოს ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. პაციენტების სხვა პალატაში, მათთვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა კი დაუყოვნებლივ მოხდა. ''ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებსა და მედპერსონალს ინციდენტით გამოწვეული შიშისა და დისკომფორტისთვის. ჰოსპიტლის საინჟინრო სამსახურების მიერ მყისიერად მოხდა ფაქტის შესწავლა. დადგინდა, რომ ჩამოვარდა შეკიდული ჭერის, თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია და მომხდარი არ მიანიშნებს შენობის კონსტრუქციის დაზიანებაზე.
რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც, მათ შორის სააკაშვილის დედა გიული ალასანია. გიული ალასანია შვილის მოსანახულებლად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას ხვალ გეგმავს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადების შემდეგ შეიკრიბნენ, რომლის თანახმად, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ საღებავით წარწერების „თავისუფლება მიშას“, გაკეთებაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, ამან კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.
ჩაქვში, ცენტრალურ მაგისტრალზე ტრაილერი ამოტრიალდა
ჩაქვში, ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანა ამოტრიალდა. თვითმხილველების თქმით, ტრაილერი ორ სატვირთო და ერთ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ უცნობია.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა
კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებული სამი ბრალდებულის საქმეზე, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დილის 09:30-ზე დაიწყო. სასამართლომ დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. პროკურატურა სამი ბრალდებულისთვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა აღნიშნავს, რომ "ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, კედლები, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა." ადვოკატები საყრდენი კედლის მოხსნას უარყოფენ. დაკავებულებს - ბინის მეპატრონესა და ორი მუშას, ბრალად ედებათ სამშენებლო წესების დარღვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ბათუმში მომხდარ ნგრევის ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. "მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. სხვა ბრალდებებთან ეთად მას ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა.
ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი და 1 006 მძიმე პაციენტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 530 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 848 პაციენტი, 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 583 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 602 372, გარდაიცვალა 9 269 პაციენტი. საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და კახეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 334, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 50, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 142, კახეთი - 294, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12. 10 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.25% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.6%. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 23 916, საიდანაც: 4 514 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 467, აჭარაში - 423, იმერეთში - 1 108. 1 006 მძიმე პაციენტია, მათ შორის თბილისში - 323, აჭარაში - 85, იმერეთში - 342. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 257 ადამიანი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 25, იმერეთში - 28. 703 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 - თბილისში, 185 - აჭარაში. 18 699 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 10 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 233 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 19 717 ადამიანი.